2026 წლის ზაფხულს აჭარაში, შავი ზღვის საკურორტო სანაპიროებზე მინიმუმ სამი შემთხვევა მოხდა, როდესაც სლავური წარმოშობის კაცები პლაჟზე სრულად გაშიშვლდნენ.
ერთ შემთხვევაში პლაჟზე მყოფმა ქალმა აიძულა კაცს ჩაცმა პოლიციის გამოძახების მუქარით, მეორე შემთხვევაში პოლიცია გამოიძახეს, მესამე შემთხვევა 26 აგვისტოს მოხდა გონიოში.
კაცს, რომელიც პლაჟზე სველი საცურაო კოსტუმის გამოცვლისას გაშიშვლდა, გონიოელმა მოზარდებმა – ბიჭებმა ჯერ სიტყვიერად აგინეს, შემდეგ კი მის მანქანას ქვები დაუშინეს.
ვიდეოს სოციალურ ქსელში რუსულენოვანი მომხმარებლების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.
„ეს რა სიველურეა“, „ჯოგი“ – წერდნენ ვიდეოს კომენტარებში.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა პლაჟზე გაშიშვლება ძუძუთი კვებას შეადარა – „პლაჟზე ტანსაცმლის გამოცვლა – ქვის სროლა, ძუძუთი კვება საჯარო ადგილას – რა გმირობაა“, – დაწერა ირონიულად მან.
ასევე კომენტარების ნაწილი შეეხებოდა აჭარის რეგიონის თავისებურებას, წერდნენ, რომ აჭარა მუსლიმური რეგიონია და ღრმად კონსერვატორული.
„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, სინამდვილეში, რატომაა მიუღებელი პლაჟზე სიშიშვლე, როგორია საქართველოს კანონმდებლობა ამ მიმართულებით და როგორია საზოგადოებაში დამკვიდრებული დაუწერელი წესები საჯარო ადგილებში მოქცევის შესახებ.
საქართველოში პლაჟზე გაშიშვლება დასჯადია.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება.
კერძოდ, საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობა, რომელიც იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას – იქნება ეს სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება ან საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
მსგავსი საქციელისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 100-დან 200 ლარამდეა.
ოფიციალურად, საქართველოში ნუდისტური პლაჟი არ გვაქვს.
შესაბამისად, კანონმდებლობითაა განსაზღვრული, როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე შავიზღვისპირეთის პლაჟებზე.

მამაკაცი პლაჟზე შიშვლად ირუჯებოდა, რის გამოც მოქალაქემ პოლიცია გამოიძახა
რატომ არის სიშიშვლე მისაღები კერძო სივრცეში, ნუდისტურ პლაჟზე, მაგრამ მიუღებელი ქალაქის ჩვეულებრივ პლაჟზე – ვკითხეთ ანთროპოლოგ თამთა ხალვაშს.
„პლაჟი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საჯარო სივრცეა, რადგან აქ სხეულის გამოჩენის ჩვეულებრივი საზღვრები ფართოვდება, მაგრამ მთლიანად არ ქრება.
არსებობს დაუწერელი წესები იმის შესახებ, რამდენად შეიძლება გაშიშვლება, რამდენად ახლოს ვიმყოფებით ერთმანეთთან და რა ითვლება მისაღებად.
ნუდისტური პლაჟების არსებობაც სწორედ ამას გვაჩვენებს, სიშიშვლეს დაუშვებლად რომელიმე რელიგია ან კულტურა კი არ აქცევს, არამედ კონკრეტული სივრცე და იქ არსებული სოციალური შეთანხმება, რომელიც კონტექსტზეა დამოკიდებული,“ – უთხრა თამთა ხალვაშმა „ბათუმელებს“.
მას რუსუელნოვან ტელეგრამ არხებზე მიმდინარე დისკუსიის შესახებაც ვკითხეთ, სადაც სიშიშვლის მიუღებლობას რელიგიური კონსერვატიზმით ან „ნაკლებ განვითარებულობით“ ხსნიან.
„ეს დისკუსია რუსულ ტელეგრამ არხებზე ძალიან ჰგავს კავკასიის შესახებ არსებულ რუსულ კოლონიურ წარმოდგენებს.
ეს წარმოდგენა ყოველთვის ასეთი იყო, რომ რუსეთის იმპერია კავკასიას უფრო ჩამორჩენილ სივრცედ წარმოაჩენდა და მას ძირითადად, „აღმოსავლურ“, „მუსლიმურ“, ან „ტრადიციულ“ ადგილად მონიშნავდა, ხოლო რუსეთს უფრო „ცივილიზებულად“, „განვითარებულად“ და „უნივერსალურად“.
თუ ამ იმპერიულ დაყოფას მივუსადაგებთ რუსულ ტელეგრამ არხების დისკუსიას, გამოდის, რომ ამ ლოგიკით, თითქოს არსებობს უფრო განვითარებული, თანამედროვე საზოგადოებები, რომლებმაც შიშველი სხეულის სირცხვილი უკვე „გადალახეს“ და უფრო ტრადიციული საზოგადოებები, სადაც ადამიანს შიშველი სხეულის ჯერ კიდევ რცხვენია, რადგან მას ისლამი, ქრისტიანული კონსერვატიზმი ან ტრადიცია ზღუდავს. ანუ სიშიშვლის მიმართ უსირცხვილო დამოკიდებულება ცივილიზებულობის ნიშანია ამ დისკუსიის მიხედვით, მოკრძალება და უხერხულობა კი, ჩამორჩენილობა.
ასეთია კოლონიური მზერის ლოგიკა. მაგრამ ცხადია, ეს ლოგიკა საფუძველშივე მცდარია.
პირველ რიგში იმიტომ, რომ არ არსებობს რაღაც უნივერსალური, „გათავისუფლებული“ სხეული, რომელმაც კულტურული თუ რელიგიური შეზღუდვები გადალახა. სხეული ყოველთვის სოციალური სხეულია და სიშიშვლის აღქმა ისეთ საზოგადოებებშიც კი, სადაც სიშიშვლე დასაშვებია საჯარო სივრცეში, ყოველთვის კონტექსტზეა დამოკიდებული.
რუსულ ბანიაში ან ნუდისტურ პლიაჟზე სრული სიშიშვლე შეიძლება ჩვეულებრივი ამბავი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთში შიშველი სხეული ნებისმიერ საჯარო სივრცეში ერთნაირად მისაღებია,“ – ამბობს თამთა ხალვაში.
- როგორია ევროპული პლაჟების პრაქტიკა
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება კვიპროსში დასვენებაა.
კვიპროსის პლაჟებზე სიშიშვლე კანონიერად დაშვებულად არ ითვლება. ასევე, არ არსებობს ოფიციალური ნუდისტური პლაჟები.
კიდევ ერთი პოპულარული მიმართულებაა ესპანეთი. ესპანეთში სამოქალაქო, საჯარო პლაჟების გარდა არსებობს ნუდისტური პლაჟებიც.
მაგრამ არანუდისტურ პლაჟებზე ქცევის წესებს განსაზღვრავს ცალკეული მუნიციპალიტეტი.
იმ შემთხვევაში, თუკი მუნიციპალიტეტის წესებით საჯარო სივრცეში სიშიშვლე აკრძალულია, დამრღვევი პირი შესაძლოა დაჯარიმდეს.
მაგალითად, ბარსელონაში მოქმედებს საჯარო სივრცეში თანაცხოვრების წესები, რომელი წესების დაცვაც სავალდებულოა.
2026 წლის 15 თებერვლიდან ბარსელონას მუნიციპალიტეტმა აკრძალა ქუჩაში წელზემოთ შიშველი სიარული. თუ საჯარო სივრცეში პირი ტორსის დაუფარავად გაივლის, მას შესაძლოა 120 ევროდან 300 ევრომდე ჯარიმა დაეკისროს.

რაც შეეხება იტალიას. იტალიაშიც, ესპანეთის მსგავსად არსებობს ნუდისტური პლაჟები და იქ შიშვლად ყოფნა დაშვებულია.
მაგრამ საჯარო, არანუდისტურ პლაჟებზე სრული სიშიშვლე შეიძლება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად ჩაითვალოს.
გამომდინარე იქიდან, რომ იტალიის ზღვისპირა ქალაქების უმეტესობა ტურისტულად დატვირთულია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტი ინდივიდუალურად ცდილობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.
იტალიის ჩრდილოეთში, კომოს ტბის ნაპირას მდებარე მეთევზეთა სოფელ ვარენას მერიამ იმ ტურისტებისთვის, ვინც სოფლის ქუჩებში წელსზემოთ შიშველი, ან პლაჟისათვის განკუთვნილი ჩაცმულობით გაივლის, 200 ევრომდე ჯარიმა დააწესა.






