საქართველოში ლუდის მოხმარებამ 2025 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 141.0 მილიონი ლიტრი შეადგინა.
ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების შესახებ კვლევას თიბისი კაპიტალი აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად, ერთის მხრივ შემცირდა ადგილობრივი ლუდის წარმოება, მეორეს მხრივ კი მზარდია ლუდის საშუალო ფასი ერთ ლიტრზე, რაც მწარმოებლების შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს.
„ლუდის მწარმოებლების ბრუნვამ 2025 წელს 636 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2019-2025 წლებში 12.1%-იან საშუალო წლიურ ზრდის ტემპს შეესაბამება,“- ნათქვამია კვლევაში.
ადგილობრივი ლუდის წარმოების შემცირებასთან ერთად, იზრდება იმპორტირებული ლუდის პოპულარობა ადგილობრივ მომხმარებელს შორის.
2025 წელს იმპორტირებული ლუდის წილმა ლუდის მთლიანი მოხმარების 16% შეადგინა.

ლუდის მოხმარების სტატისტიკა 2020-2025 წყარო: TBC კაპიტალი
„საქართველოში ასევე მნიშვნელოვნადაა განვითარებული უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრია და 2025 წელს ქვეყანაში 474 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელი იწარმოა, ხოლო წარმოების ღირებულებამ თითქმის 1.0 მილიარდი ლარი შეადგინა. სექტორი სულ უფრო მეტად ექსპორტზე ორიენტირებული ხდება – 2025 წელს ექსპორტის მოცულობამ 162 მილიონ ლიტრს მიაღწია და ბოლო წლებში დაფიქსირებული ზრდის ტენდენცია გააგრძელა,“ – ნათქვამია თიბისი კაპიტალის კვლევაში.



