საქართველოდან მოსკოვის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი ავარიაში მოხვდა. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა.
დაშავებულთა შორის 10 ბავშვია. წინასწარი ინფორმაციით ავტობუსში 43 ადამიანი იმყოფებოდა.
რუსული მედიის ცნობით, საავადმყოფოდან დაშავებული ხუთი ბავშვი უკვე გაწერეს, ხოლო ხუთი ისევ ჰოსპიტალიზებულია. აქედან ორი, შვიდ წლამდე ასაკის ბავშვი რეანიმაციაშია მოთავსებული.
შემთხვევა სტავროპოლის მხარეში, სოფელ ინოზემცევოსთან, კავკაზის ფედერალური გზატკეცილის მესამე კილომეტრზე მოხდა.
საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი „სეტრას“ მარკის ავტობუსი წინ მიმავალ „კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანას შეეჯახა, გადაბრუნდა და თხრილში ჩავარდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


