კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 21 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა.

stopcov.ge-ის მონაცემებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 626 კვლევა ტესტით, მათ შორის, 23 733 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 893 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 223 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 114 შემთხვევა, აჭარაში – 7, იმერეთში – 26ქვემო ქართლში – 10, შიდა ქართლში – 16გურიაში – 11სამეგრელო – ზემო სვანეთში – 8, კახეთში – 16მცხეთა-მთიანეთში -11, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.

ვიტალი კიმი ღამის შეტევაზე: „მივეჩვიეთ ამ დარტყმებს, გაურკვევლის შიში აღარ გვაქვს“

„ვიცით, რაც ხდება და როგორც ხდება, ვხედავთ და არ გვეშინია“, – ამბობს ნიკოლაევის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი, რომელიც ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში წუხანდელი შეტევის შედეგებზე ჰყვება.

რუსეთის სამხედრო ძალები ნიკოლაევზე საჰაერო და საარტილერიო თავდასხმებს განაგრძობენ. ჯერ კიდევ გუშინ ქალაქის მერი, ალექსნადრ სენკევიჩი მოუწოდებდა მოქალაქეებს, თავშესაფრებში დარჩენილიყვნენ.

ვიტალი კიმის ინფორმაციით, წუხანდელი თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.

„ხშირად მეკითხებიან უცნაური მედიები, როგორ ხართ, ხალხის განწყობა როგორია? ვერასდროს ვპოულობდი სიტყვებს ამის ასახსნელად, მაგრამ ვეცდები ავხსნა ისე, როგორც ეს მე მესმის. გახსოვთ, როდესაც პირველი ცნობები გაჩნდა კორონავირუსზე? ორი ადამიანი დაავადდა და მთელი ქვეყანა ნიღბებში დადიოდა, ანტისეპტიკებით, ტანსაცმელს დეზინფექციას უტარებენ, რომ დაგეხველებინა, შეიძლებოდა ვინმეს მოეკალი.

ასე იყო პირველ დღეებში, მერე, ერთი და ორი წლის შემდეგ, როცა ამბობდნენ, რომ პანდემიის პიკია, ჩვენები უკვე ასე იყვნენ – მე უკვე გადავიტანე, აღარ მეშინია. დაახლოებით ასეა, არ ვამბობ, რომ ეს კარგია ან ცუდი, მაგრამ დაახლოებით ასე ვუყურებთ იმ სიტუაციას, რომელშიც ვართ. მივეჩვიეთ ამ დარტყმებს, გაურკვევლის შიში აღარ გვაქვს, რადგან უკვე ვხედავთ, ვიცით, რაც ხდება და როგორც ხდება და არ გვეშინია.

და კიდევ, ამბობენ, რომ რუსეთში ორი უბედურებაა – სულელები და გზები. მთავარი უბედურება კი ისაა, როდესაც გზას სულელი გასწავლის“, – ამბობს ვიტალი კიმი ვიდეომიმართვაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ოფისიდან კომპიუტერი მოიპარეს

„ოფისი დღეს დილით გაქურდული დაგვხვდა,“ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიშა ბოლქვაძე. მისი თქმით, პარტიის ხელვაჩაურის ოფისის ფანჯარა სპეციალური ხელსაწყოებით გახსნეს და მხოლოდ კომპიუტერი წაიღეს.

„მაგიდაზე იყო მცირე ოდენობის ფულიც, რაზეც ხელი არ უხლიათ. დიდი ალბათობით, ინტერესი იყო კომპიუტერზე, რადგან იქ ინახება ჩვენი მონაცემები… ეს არის „ქურდული ოცნების“ მიერ წახალისებული, ქურდული იმიტომ, რომ მათ წაახალისეს ქურდბაცაცები“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.

მიშა ბოლქვაძემ უკვე მიმართა პოლიციას.

შს სამინისტროს პრესცენტრში ჯერ ვერ გვითხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება.

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 21 000 ადამიანი
  • ტანკი – 829 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 118 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 393 ერთეული
  • MLRS – 136 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 67 ერთეული
  • თვითმფრინავი – 172 ერთეული
  • ვერტმფრენი – 151 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 508 ერთეული
  • გემი/ნავი – 8 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 166
  • სპეციალური აღჭურვილობა – 27
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 140 თვითმფრინავი
  • 106 ვერტმფრენი
  • 511 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 410 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 254 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 262 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 046 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 259 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„არ დავმალავ, რომ ძალიან ფარისევლურად და ყალბად ჩანს ამ სიტუაციაში ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ მოწოდებებიო“ – თქვა გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე, სავარაუდოდ, განწირულია, რადგან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები იგივეა, რაც მოლაპარაკებები „ნიანგთან, რომელსაც შენი ფეხი უკვე ყბაში აქვს მოქცეული“:

[yellow_box]ჯონსონი პუტინზე: როგორ უნდა ელაპარაკო ნიანგს, რომელსაც შენი ფეხი ყბაში აქვს მოქცეული[/yellow_box]
აზოვის პოლკის ერთ-ერთი ლიდერი სვიატოსლავ პალამარი „ტელეგრამში“ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ასახელებს იმ პირობებს, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, უკრაინული ძალები დატოვებენ აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანას, სადაც ისინი ამჟამად იმყოფებიან.

მისი განცხადებით, უკრაინული ძალები:

  • არ თანხმდებიან დანებებაზე;
  • გარდაცვლილების სხეულების, დაჭრილებისა და იარაღის დატოვებაზე;
  • მზად არიან მესამე ქვეყანაში გადასასვლელად, ან მესამე ქვეყნის ჩარევით მარიუპოლის დასატოვებლად.

ამავე თემაზე:

„აზოვსტალი“ – მარიუპოლის უკანასკნელი ციხესიმაგრე

„ბასკოს“ შენობის დემონტაჟი დაიწყო, აქ „ორბი“ 170 მეტრი სიმაღლის ორ თაუერს ააშენებს

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობის დემონტაჟი დაიწყო.

ეს შენობა და მიმდებარე ტერიტორია აჭარის მთავრობამ 2020 წელს აუქციონზე „ორბი ჯგუფი ბათუმს“იმ პირობით მიყიდა, რომ აქ კომპანია მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს. პარალელურად, კომპანიას „ბასკოს“ შენობის დანგრევის უფლებაც აქვს.

სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობის დემონტაჟი დაიწყო / 21.04.2022
„ორბი“ აქ 170 მეტრი სიმაღლის ორი შენობის აშენებას გეგმავს. ახალი შენობები „ორბი სითისა“ და ფიროსმანის ქუჩას შორის აშენდება და სიმაღლეში „ორბი სითის“ [უკვე აშენებულ ორ და ერთ მშენებარე] შენობებს გაუტოლდება. შესაბამისად, ამ კვარტალში საბოლოოდ 5 თაუერი იქნება.

170 მეტრი სიმაღლის შენობები, თითოეული 55-სართულიანი იქნება და ისინი შარტავასა და ხახუტაიშვილის ქუჩების გასწვრივ აშენდება.

ბათუმის სასპორტო სკოლა, რომელსაც მუხრან ვახტანგაძის სახელი 2021 წლის დეკემბერში მიანიჭეს, ლეონიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ სპორტკომპლექსის შენობაში გადავა.

ბათუმის სპორტკომპლექსი ლეონიძის ქუჩაზე

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლა [„ბასკოს“ შენობა] და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთი 2020 წლის ივლისში ელექტრონულ აუქციონზე 19,5 მილიონ ლარად იყიდა „ორბი ჯგუფი ბათუმმა“. 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონება პირობიან აუქციონზე 19 მილიონ ლარად ჰქონდა გამოტანილი, ბიჯი 500 ათასი ლარი იყო. ქონება სწორედ ერთი ბიჯით გაიყიდა.

ამავე თემაზე:

„ორბი“ სასპორტო სკოლასთან კიდევ 2 თაუერს ააშენებს – სიმაღლე 170 მეტრი იქნება

ჯონსონი პუტინზე: როგორ უნდა ელაპარაკო ნიანგს, რომელსაც შენი ფეხი ყბაში აქვს მოქცეული

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე, სავარაუდოდ, განწირულია, რადგან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები იგივეა, რაც მოლაპარაკებები „ნიანგთან, რომელსაც შენი ფეხი უკვე ყბაში აქვს მოქცეული“.

რუსეთის სამხედრო აგრესიაზე უკრაინაში ბრიტანეთის პრემიერმა ინდოეთში გაფრენის წინ ისაუბრა. ბორის ჯონსონის კომენტარს საერთაშორისო მედია ავრცელებს.

როგორც ბრიტანეთის პრემიერმა ჟურნალისტებს უთხრა, პუტინი, სავარაუდოდ, მხოლოდ მაშინ მოისურვებს უკრაინასთან რეალურ მოლაპარაკებებს, როდესაც შეეძლება, ეს მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან აწარმოოს.

„ძალიან რთული გასაგებია, რანაირად შეიძლება უკრაინელებმა აწარმოონ მოლაპარაკებები პუტინთან ახლა, როდესაც ცხადზე ცხადია, რომ მას არანაირი კეთილსინდისიერება არ გააჩნია. მისი სტრატეგია ნათელია და იმაში მდგომარეობს, რომ ჩაყლაპოს და დაიპყროს უკრაინის რაც შეიძლება დიდი ნაწილი, მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან დაიწყოს ან კიდევ ერთხელ სცადოს კიევის აღება.

უკრაინის პრეზიდენტს სურს, – თუ მე სწორად გავიგე, მე მასთან ხშირად და ბევრს ვლაპარაკობ, – რომ რუსეთის ძალები განდევნოს მათი ახლანდელი პოზიციებიდან დონეცკსა და ლუგანსკში. ეს საკმაოდ მაქსიმალისტური პოზიციაა, თუმცა ყირიმის საკითხზე ისინი ასეთი მაქსიმალისტები არ არიან.

რანაირად შეიძლება ელაპარაკო ნიანგს, რომელსაც ყბაში უკვე მოქცეული აქვს შენი ფეხი? აი, ამ სირთულეს აწყდებიან უკრაინელები. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ არსებული სტრატეგია, გავაგრძელოთ მათთვის იარაღის მიწოდება“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ბრიტანეთის პრემიერი ინდოეთში ამ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე სალაპარაკოდ გაემგზავრა. ბორის ჯონსონი, ასევე, აპირებს, სთხოვოს თავის ინდოელ კოლეგას, უარი თქვას ნეიტრალიტეტზე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

მთავარი ფოტო: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი

რუსეთი აღდგომის დღეებში ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს – უკრაინული მედია

რუსეთმა უარით უპასუხა გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივას უკრაინაში 4-დღიანი „სააღდგომო ჰუმანიტარული პაუზის“ შესახებ.

ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ გაეროში უკრაინის წარმომადგენელზე, სერგეი კისლიცაზე დაყრდნობით ავრცელებს. „მოსკოვის ფიურერმა პოზიცია უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააჟღერა“, – წერს კისლიცა ტვიტერზე და რუსეთის წარმომადგენლის გამოსვლის ჩანაწერს აქვეყნებს.

„არ დავმალავ, რომ ძალიან ფარისევლურად და ყალბად ჩანს ამ სიტუაციაში ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ მოწოდებები. ეს რეალურად არის მცდელობა, მისცენ კიეველ ნაციონალისტებსა და რადიკალებს ამოსუნთქვის საშუალება, რომ გადაჯგუფება მოახერხონ, მიიღონ დრონების ახალი პარტია, მოაწყონ ახალი პროვოკაციები და გაავრცელონ ახალი ყალბი ამბები რუსი სამხედროები შესახებ“, – ისმის ჩანაწერში.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში 19 აპრილს გამოვიდა ინიციატივით, დაწესებულიყო 4-დღიანი სააღდგომო ჰუმანიტარული პაუზა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა. ინიციატივას მხარი დაუჭირა უკრაინამაც.

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლტმა ეპიფანემ მრევლს მოუწოდა, სააღდგომო ლიტურგიას პირდაპირი ეთერით ადევნონ თვალი. მოწოდება განსაკუთრებით ეხება უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრებ მორწმუნეებს, რადგან მიტროპოლიტის თქმით, ბოლო დღეებში ვრცელდება ხმები სააღდგომო ლიტურგიის დროს დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ, ამიტომ ეკლესია სასულიერო პირებსაც და მრევლსაც სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„უნდა გვესმოდეს, რომ წელს აღდგომას ომის პირობებში ვხვდებით, ამიტომ ყველას მოგვეთხოვება სიბრძნე და პასუხისმგებლობა“, – თქვა მიტროპოლიტმა ეპიფანემ 20 აპრილს გამართული ტელემარათონის დროს.

მთავარი ფოტო: რუსეთის შეიარაღებული ძალები, მაკარივი, უკრაინა/EPA

ცოლ-ქმარი ხელვაჩაურიდან, რომლებსაც 15 წელია ვარდებისა და გერბერების სათბურები აქვთ

ცოლ-ქმარი, ბიძინა და მადონა ბეჟანიძეები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში დაახლოებით 15 წელია ვარდებს და გერბერებს უვლიან.

ბიძინა ბეჟანიძე გვიყვება, რომ ეს საქმე ოჯახმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მეზობლად სხვების მოწყობილ სათბურებს დააკვირდნენ და იფიქრეს, რომ ყვავილების გამრავლება შესაძლოა მათთვის მომგებიანი ყოფილიყო. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში არც ერთხელ არ უფიქრიათ მეყვავილეობისთვის თავის დანებება, რადგან იყო დრო, როცა ვარდებისა და გერბერებისგან აღებული ფული ერთადერთი სარჩო იყო ოჯახისთვის.

ცოლ-ქმრის თქმით, ჯერ 5 ძირი ვარდი ჰქონდათ, შემდეგ 10 და თანდათან ზრდიდნენ ნარგავების რაოდენობას. მადონა ამბობს, რომ ყვავილები ყოველთვის ძალიან უყვარდა და სანამ ყვავილების სათბური ექნებოდა, იქამდე ეზოს ყვავილებს უვლიდა.

მისი თქმით, მცენარეების მოვლა შრომატევადი საქმეა და მუდმივ ყურადღებას ითხოვს. სჭირდება გამარგვლა, სასუქები, შეწამვლა და ა.შ.

მადონა ბეჟანიძე გერბერების სათბურში

საწყის ეტაპზე, რჩევებს, თუ როგორ მოევლოთ ყვავილებისთვის, ცოლ-ქმარი ამ საქმეში უკვე გამოცდილი ნათესავებისგან იღებდნენ. პირველად ვარდის 200 ნერგიც მათი დახმარებით შეიძინეს და მალევე პირველი სათბურიც გააკეთეს.

„პირველი სათბურის შემდეგ 130 კვადრატულ მეტრზე გერბერებისთვის მოვაწყვე სათბური, ამას მოჰყვა სხვა სათბურებიც.  მოგვიანებით, იქ, სადაც ეს სათბურები გვქონდა, ავტობანი გაიყვანეს, სათბურების სრულად დაშლა და სხვაგან გადატანა მოგვიხდა. ყველა ნერგი გადავრგეთ ახალ სათბურებში“, – ამბობს ბიძინა ბეჟანიძე.

ახლა ოჯახს ოთხი სათბური აქვს. ბიძინა გვიყვება, რომ პირველი სათბური ხის მასალით ააწყო, მაგრამ შემდეგ  რკინის ბოძებს იყენებდა, რამაც ხარჯი გაზარდა, ამიტომ ოჯახის სათბურის მოსაწყობ ფულს წინასწარ აგროვებდა ხოლმე.

ბეჟანიძეების ოჯახი ახლა 2000-მდე ძირ ყვავილს უვლის. ვარდებს ისინი საკუთარი ძალებით, თვითონ აკალმებდნენ.

მათ უკვე დაიწყეს გაზაფხულის სამუშაოები. ნერგები გამზადებული აქვთ და როგორც მადონა ამბობს, აღდგომის შემდეგ აპირებენ დარგვას.

მადონა ამბობს, რომ წელს ცივმა ზამთარმა მცენარეებზე ცუდად იმოქმედა: „თოვლმა ვარდის ბევრი ძირი გაახმო და მათი შევსება გახდა საჭირო. გაგვიფუჭდა სხვა ყვავილებიც, მათი ნაწილი უკვე გადავრგე, დანარჩენსაც მალე მოვაწესრიგებ“.

ბიძინას თქმით, ამ ხნის განმავლობაში ბევრ სხვადასხვა ჯიშის ვარდთან ჰქონდათ შეხება და ხელვაჩაურის ნიადაგისთვის ყველაზე შესაფერი ვარდი სომხური ჯიშისაა, რომელიც მოჭრიდან 20-25 დღის შემდეგაც ისე გამოიყურება, როგორც მოჭრისას. მისი თქმით, სხვა ჯიშის და ფერის ვარდებიც აქვთ ცოტ-ცოტა, მაგრამ სხვა ჯიშის ვარდები თავს დიდხანს ვერ ინახავენ.

ბიძინა ბეჟანიძე პანდემიისგან გამოწვეულ ზარალზეც გვიყვება:

„პანდემიის გამო ორი წელი ყვავილებს ვყრიდით. წარმოიდგინეთ, დაახლოებით, 10 000 ცალი გერბერი და 5 000 ვარდი გადავყარეთ.  ყველაფერი დახურული იყო და ვერ ვასაღებდით. ამაოდ გავწიეთ ფიზიკური შრომა და შევიძინეთ შხამ-ქიმიკატები“.

ბიძინას თქმით, ვარდებისა და გერბერების მოვლაში ყველაზე პრობლემური შხამ-ქიმიკატების ხარისხია. მისი თქმით, შხამ-ქიმიკატები, რომელიც მაღაზიაში იყიდება, არ არის ეფექტური.

„რამდენიმე წელია თეთრი ბუზი ვერ მოვკალი, რომელიც ჭამს ყვავილს და არ აძლევს განვითარების საშუალებას. ასევე, სასუქების პრობლემაა. აღმოსავლეთ საქართველოში სასუქი გაცილებით იაფი ღირს და ხარისხიანია ვიდრე ჩვენთან. დასავლეთში სასუქები არ ვარგა.

ბოლოს 2 კილო სასუქში 67 ლარი გადავიხადე. ეს ართულებს საქმეს. რაც უფრო კარგ სასუქს შეიტან, უფრო კარგ მოსავალს მოგცემს მიწაც“, – ამბობს ბიძინა.

ბიძინა ბეჟანიძე გერბერების სათბურში

ცოლ-ქმარს დაახლოებით 10 დღის წინ ძლიერმა ქარმა პოლიეთინი დაუზიანა, რომლითაც სათბურები ჰქონდათ შეფუთული და იძულებული გახდნენ გამოეცვალათ. როგორც ისინი ამბობენ, ვარდს – შეუძლია გაუძლოს, მაგრამ გერბერი ვერ ეგუება სიცივეს.

მცენარეების რეალიზებას მადონა სწევს და ოჯახის მანქანით ბათუმში, ბაზარში აბარებს. მისი თქმით, ერთი ცალი ვარდისა და გერბერის ფასი 50 თეთრიდან იწყება და ზომის მიხედვით იზრდება.

ბეჟანიძეებს ბევრი სამომავლო გეგმა აქვთ. ოჯახს ახლა 4 სხვადასხვა სათბური აქვს. მადონას სურს, რომ თანამედროვე სტანდარტების სათბური ჰქონდეთ და საკუთარი ძალებით გაკეთებული სათბურების გაერთიანება შეძლონ.

„ბევრი გეგმა გვაქვს, მაგრამ არ ვიცით, როგორ განვახორციელებთ. მარწყვის და სალათის ფურცლების წარმოებაც მინდა დავიწყოთ, რადგან მუდმივად მოთხოვნადი პროდუქტებია.

მცენარეების ისევ გამრავლებას  არ ვფიქრობ, რადგან გასაღება რთული იქნება“, – ამბობს ბიძინა.

ბიძინა 56 წლისაა, მადონა 47 წლის. ცოლ-ქმარს უქმეებზე მცენარეების მოვლაში შვილები ეხმარებიან. ოჯახს ციტრუსის ბაღი და მოცვის პლანტაციაც აქვთ.

„ვფიქრობდი, ამ სარდაფიდან ვერ გავალთ. ეს ჩემი საფლავია“ – მარიას ისტორია მარიუპოლიდან

17 წლის მარია ვდოვიჩენკო მშობლებთან ერთად მარიუპოლში ცხოვრობდა მშობლებთან და დასთან ერთად. ომის დაწყების შემდეგ ოჯახი ჯერ სარდაფში იმალებოდა, შემდეგ კი მარიუპოლი დატოვეს და რუსეთის ე.წ. ფილტრაციის ბანაკში აღმოჩნდნენ. მარიას ისტორია უკრაინულმა გამოცემამ, hromadske-მ გამოაქვეყნა.

  • „ომი დაიწყო, მივდივართ!“ 

24 თებერვალს, 3:50 საათზე დედამ პირველი აფეთქებების ხმა გაიგონა, ჩემი და ჩემი უმცროსი დის ოთახში შემოვიდა და და ხმამაღლა თქვა: „ომი დაიწყო. ვემზადებით და მივდივართ!“

სად ვემზადებით? როგორ? ჩანთაში სწრაფად ჩავყარეთ თბილი ტანსაცმელი და საჭმელი, რაც გვქონდა. ვფიქრობდით, რომ წასვლას შევძლებდით, მაგრამ ქალაქი დაკეტეს.

დაიწყო ნამდვილი კოშმარი. ხალხი სახლებიდან გამორბოდა, ცდილობდნენ ყველაფერი ეყიდათ, ფული მოეხსნათ, ავტომანქანაში ბენზინი ჩაესხათ. ირგვლივ კი აფეთქებების ხმა ისმოდა.

დღის 12 საათზე ჩვენი სახლი შეზანზარდა. რომელ სარდაფში გავიქცეთ? დავრეკე ОСМД-ში [კორპუსის ამხანაგობა უკრაინაში], ვიკითხე, სად დავმალულიყავით. მიპასუხეს, რომ ჩვენი სახლის სარდაფი არ გამოდგებოდა.

იმ დროს ჯერ ისევ მუშაობდა კომუნიკაციები. წყლის და საკვების მარაგი შედარებით მცირე გვქონდა, რადგან ვფიქრობდით, რომ ეს 3-4 დღე გაგრძელდებოდა.

  • რა არის აბაზანა ჩვეულებრივ „ხრუშოვკაში“?

ომის დაწყებიდან 2 დღე გავიდა და კავშირი, წყალი და შუქი უკვე აღარ იყო. აღარ იყო გაზიც. მივხვდით, რომ სიტუაცია მძიმეა.

მარიუპოლს მთელი ამ დროის განმავლობაში ჭურვებს ესროდნენ. ქალაქის მარცხენა სანაპირო ინგრეოდა, ყველაფერი გრგვინავდა.

გადავწყვიტეთ აბაზანაში დავმალულიყავით. იყო დღეები, როცა უკვე ვიცოდით რა დროს დაგვბომბავდნენ. როგორც კი ხმაური და აფეთქების ხმა გვესმოდა, იმწამსვე აბაზანაში გავრბოდით. თანდათან დავიღალეთ. ქრებოდა იმედი, რომ ყველაფერი დასრულდებოდა, რომ გადაგვარჩენდნენ.

ერთხელ, დილით, რიცხვი აღარ მახსოვს, ოთახში ვიწექით. გავიგონეთ, რომ რაღაც ჩამოვარდა გვერდით ოთახში.

ვიწექით და ვფიქრობდით – „არა, ეს სადღაც შორსაა“. არ გვჯეროდა.

სახლი შეირხა. სწრაფად ჩავიკეტეთ აბაზანაში. ჯერ ისეთი სიჩუმე იყო, თითქოს რაღაც ჩამოვარდა, მერე კი აფეთქების ტალღა იყო, ბეტონი და ავეჯის ნამსხვრევები დაფრინავდა, ყველგან ყვიროდნენ.

  • „ხალხი მზად იყო ერთმანეთი მოეკლათ ერთი ყლუპი წყლისთვის“

სახლიდან გამოღწევა მოვახერხეთ, მამამ გვითხრა სწრაფად გვევლო პირველივე შემხვედრ სარდაფამდე.

ირგვლივ ყინული, დამსხვრეული მინები, სროლის ხმა… ჩვენ კი გავრბოდით და ვფიქრობდით: ოღონდ კიბე ვნახოთ სარდაფისკენ მიმავალი, ოღონდ ჩავიდეთ სარდაფში, ოღონდ ბეტონმა არ გაგვჭყლიტოს.

ჩემმა დამ პირველივე სარდაფთან მიირბინა, მას მივყევით. დავიწყეთ კაკუნი და გავიგონე, რომ შიგნით ხალხი ჩურჩულებდა. ბოლოს და ბოლოს ვიღაც კაცმა გაგვიღო კარი და გვითხრა, რომ არ შეეძლოთ ჩვენი შეშვება, რადგან სარდაფში უკვე ბევრი ხალხი იყო და საკმარისი ადგილი არ იყო. მამამ არ მოუსმინა, მოიშორა და შევედით.

სარდაფში 20 ადამიანი იყო, ჩვენი მეზობლები. ჩვენ შემოგვყვა კიდევ ერთი ოჯახი, 5 თვის ბავშვით.

სარდაფში ბევრი საშინელება ვნახეთ. ხალხს საჭმელი უთავდებოდა, ცხოველებად გადაიქცნენ. ადამიანები მზად იყვნენ ერთმანეთი მოეკლათ ერთი ყლუპი წყლისთვის.

საჭმლის მოსამზადებლად არაფერი იყო, ყინულს და თოვლს ვადნობდით და წყალს ისე ვსვამდით.

ხალხი საშინელი საფრთხის წინაშე იყო გარეთ გასვლის დროს, მოფრინავდა ნამსხვრევები, ბეტონის ნატეხები და ქვები.

ერთხელ ჩვენი სარდაფის კართან ნაღმი დავარდა. იმხელა ორმო გაჩნდა, თითქოს ვიღაცამ ღრმად ამოთხარა. სახლმა უკვე ნგრევა დაიწყო, გვეშინოდა, რომ ეს ადგილი ჩვენი საფლავი გახდებოდა.

დაბომბილი მარიუპოლი. ფოტო: აზოვის პოლკი
  • „იმ სარდაფში მხოლოდ ჩვენი იმედი და ლოცვა იყო“ 

დედაჩემს უკვე 6 წელია პოლინეიროპათია სჭირს. ეს ნერვული სისტემის დაზიანებაა. სტრესის ფონზე მან სიარული შეწყვიტა, ორჯერ გაუჩერდა გული. აფთიაქები არ მუშაობდა, წამალი უკვე აღარ გვქონდა. სასწრაფო დახმარების განყოფილება, რომელიც ჩვენი სახლის წინ იყო, დაანგრიეს.

მამაჩემი უწევდა რეანიმაციას დედას, როგორც შეეძლო – ხელოვნური სუნთქვით, გულის მასაჟით. ტაბლეტების ძებნა სროლის ფონზე გვიწევდა. არ შეგვეძლო დედის დაკარგვა. იმ სარდაფში მხოლოდ ჩვენი იმედი და ლოცვა იყო, მხოლოდ ეს.

სარდაფში ყოფნის მეათე დღეს ერთი ნატეხი პური დაგვრჩა. ჩემი მუჭისხელა იყო. ოთხჯერ გავიყავით. ჩემი ნაწილის ჭამა ვერ შევძელი, რადგან უკვე დიდხანს ვშიმშილობდით. ეს პურის ნატეხი ჩემთან ძალიან დიდხანს იყო. ვერ ვჭამდი, მეშინოდა, რომ ყველაფერი ამოიწურებოდა და პურის ეს ნატეხიც კი არ მექნებოდა.

ხალხი ჩხუბობდა, ვინ გაეგდოთ სარდაფიდან, რომ ერთი მჭამელით ნაკლები ყოფილიყო. იქ არ იყო სიკეთე, მხოლოდ სიბნელე და უკვე ვგრძნობდით სიკვდილის სუნს.

ასე გავიდა 12 დღე.

  • „აქედან ვერ გავალთ. ეს ჩემი საფლავია“ 

ჩვეულებრივ სროლა იწყებოდა გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე. შემდეგ იყო მცირე შესვენება და 10 საათიდან ისევ. მაგრამ იმ დღეს ყველა გაგვაღვიძა უჩვეულო ხმაურმა ღამის 2 საათზე. ვიწექით და დაძინებას ვცდილობდით. ისეთი ხმა იყო, თითქოს ვწევარ და ჩემს გვერდით ოთხი მატარებელი მოდის, ყველა მხრიდან.

ჩვეულებრივ, როცა ისროდნენ, ბავშვი ტიროდა, ვიღაც ლოცვას იწყებდა. იმ დღეს ყველა ჩუმად იყო.

უცებ მიწამ ზანზარი დაიწყო, თითქოს ყველაფერი ჩვენკენ მოფრინავდა. ჭერიდან ბათქაში და აგურები ცვიოდა.

ვიწექი და ვფიქრობდი: „აქედან ვერ გავალთ. ეს ჩემი საფლავია“. არ შემეძლო არც ლოცვა, არც იმედი. „ეს დასრულდება, არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს“ – ვუმეორებდი საკუთარ თავს.

იმ მომენტში დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვკვდებოდი, და მოვკვდებოდი არა მხოლოდ მე. ჩემთან ერთად, ერთ საბანზე იწვა ჩემი ოჯახი.

მაინც გადავწყვიტე მელოცა. ღმერთს ვთხოვდი სწრაფად მოვმკვდარიყავი და ჩემი ოჯახის წევრების სიკვდილი და ტანჯვა არ მენახა.

არაფერი გვქონდა. არც ძალა, არც იმედი… ყველას გვესმოდა: თუ ჭურვი მოგვხვდება, აქედან ვერ გავალთ. ასე მოხდა მეზობელ შენობაში, იქიდან ვერავინ გამოიყვანეს. ოკუპანტი ჯარისკაცები ამის საშუალებას არ იძლეოდნენ, ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო.

  • „ან შიმშილით მოვკვდებით, ან დავიმარხებით, ან უბრალოდ მოგვკლავენ“

აქამდე ვერ ვხვდები, როგორ გადიოდა დღეები. გატანჯული, მშიერი, დაღლილი ვიყავით. ერთხელ მამამ თქვა: „ან შიმშილით მოვკვდებით, ან დავიმარხებით, ან უბრალოდ მოგვკლავენ“. რუსი ჯარისკაცები სარდაფებში დადიოდნენ, ამოწმებდნენ, ისროდნენ ბომბებს. ჩვენთანაც აკაკუნებდნენ, მაგრამ არ ვპასუხობდით.

ერთ დღეს მეზობლებისგან გავიგეთ, რომ შესაძლებელია წასვლა მელეკინოში. მამას ძველი, ნამსხვრევებისგან დაზიანებული „ჟიგული“ ჰყავდა. ისიც კი არ ვიცოდით, დაიქოქებოდა თუ არა მანქანა, მაგრამ დაიძრა. მივდიოდით გრადების სროლის ქვეშ, ერთი მიზანი გვქონდა – გადარჩენა, ამ ჯოჯოხეთიდან გაღწევა.

თითქმის მივაღწიეთ მელეკინომდე, იქ ДНР-ის [დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა] პოსტი იყო. ვხვდებოდით, რომ უკან დაბრუნება არ შეგვეძლო, წინ წასვლა არ გვინდოდა – იქ თუ არ მოგვკლეს, აქ მოგვკლავენ. მტრისათვის არაფერი ვართ, მხოლოდ სამიზნე.

ბლოკპოსტზე შეგვაჩერეს, რეგისტრაციის ადგილი გვკითხეს. „მარიუპოლი? თქვენ მარჯვნივ უნდა წახვიდეთ“. სად „მარჯვნივ“, არ ვიცოდით. იქიდან გაგვიშვეს უფრო შორს. თანდათან იქმნებოდა დიდი კოლონა მანქანებისა და ფეხით მომავალი ადამიანებისგან.

ДНР-ებმა გვითხრეს ქვემოთ წავსულიყავით. დავიძარით, ისინი კი მანქანებისა და ადამიანებისკენ ისროდნენ.

  • „მთელი ჩვენი ფულით ორი პურის ყიდვა შევძელით“

იალტაში ჩავედით [დონეცკის ოლქი], სადაც 10 დღე ძველ პანსიონატში ვიმალებოდით. საჭმელი არ გვქონდა, წყალს ახლო მდებარე ჭიდან ვიღებდით. ძალიან ცოტა ფული გვქონდა დარჩენილი.

იალტაში მაშინ ДНР-ის ხელმძღვანელობას ცვლიდნენ და ცდილობდნენ თავი კარგად წარმოეჩინათ. გვთავაზობდნენ მათთან მისვლას, სახელისა და გვარის დასახელებას, რომ ჰუმანიტარული დახმარება მოეცათ. ადამიანები მიდიოდნენ, რომ გადარჩენილიყვნენ, შიმშილისგან არ მომკვდარიყვნენ. მაგრამ არავითარ ულუფას იქ არ აძლევდნენ, ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდნენ ადგილობრივები, რომლებიც ამ დახმარებას ბაზარში კოსმიურ ფასად ჰყიდდნენ.

იალტაში რამდენიმე მაღაზიაც მუშაობდა, სადაც რუსეთიდან შეჰქონდათ პროდუქტები. ფასები მაღალი იყო, რიგები – უზარმაზარი. იმ ფულით, რაც ჩვენ გვქონდა, მხოლოდ ორი პურის ყიდვა შევძელით.

ჯერ კიდევ მაშინ იალტაში „დენაციონალიზაცია“ ხდებოდა: ჯარისკაცები სახლებში დადიოდნენ და, როგორც თვითონ ამბობდნენ, „ნაციონალისტებს“ და „ფაშისტებს“ ეძებდნენ. ადამიანები უცნობი მიმართულებით მიჰყავდათ, ვიღაცას კლავდნენ.

  • „შიმშილი, სიცივე და გაყინვის შიში“

იალტაში დაბრუნდა  შიმშილი, სიცივე და გაყინვის შიში. ყველაფერი, რაც ჩვენ გვქონდა, იყო ცეცხლი, წყალი, ჩაი და ორი პური. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა წავსულიყავით.

ასე მოვხვდით მანგუშში, ფილტრაციის ბანაკში. ორი ბანაკი იყო, ერთი იმ ხალხისთვის, რომლებიც ფეხით მოდიოდნენ. ისინი შეიძლებოდა ფილტრაციის ბანაკში თვეზე მეტხანს გაეჩერებინათ, უზარმაზარი რიგი იყო. ადამიანები გადარჩენას და გაქცევას ცდილობდნენ.

და იყო კიდევ ერთი ბანაკი, მათთვის, ვინც მანქანით იყო.

ბანაკი რაღაც დასახლების მსგავსი არ არის, ეს უბრალოდ ავტომანქანების კოლონაა. ჩვენს წინ რიგში 500 მანქანა იყო, ჩვენს უკან – კიდევ 1000.

მანქანიდან გადმოსვლას, საკვების და წყლის მოძებნას, ტუალეტში წასვლას, კრძალავდნენ. ყველგან ჯარისკაცები იყვნენ იარაღით, გვამოწმებდნენ, გვემუქრებოდნენ, თვალს გვადევნებდნენ, რომ ადგილზე ვყოფილიყავით.

ჩვენს რიგს ორი დღე-ღამე ველოდით მანქანაში.

  • „ფილტრაცია 14 წლის ასაკიდან ხდება“ 

ფილტრაციის ბანაკი ასეა მოწყობილი – მათ ბლოგპოსტი აქვთ. იქ შედის მანქანა, სადაც ამოწმებენ ყველა ჯიბეს, მანქანის უჯრებს, საბარგულს, ყველა ჩანთას. ხალხს უმოწმებენ ტანსაცმელს. კაცებს ქუჩაში, მანქანასთან ხდიან. ეძებენ ტატუირებას, რაღაც ნიშნებს, ერთი სიტყვით – „ნაციონალისტებს“.

ისეც ხდებოდა, რომ მანქანის ყველა მგზავრი ვერ გადიოდა ფილტრაციას. შეიძლება მამა ან დედა წაეყვანათ, მანქანას კი გზა უნდა გაეგრძელებინა. ხალხი იბნეოდა. ჯარისკაცებს ჰქონდათ იარაღი, მათ კი არაფერი.

ჩვენი რიგი საღამოს 11 საათზე მოვიდა, იმ დღეს ჩვენი მანქანა ბოლო იყო. შეგვიშვეს, გაგვჩხრიკეს. დედა უკვე ვერ დადიოდა ავადმყოფობის გამო. მას და ჩემს დას მისცეს ნებართვა არ გადმოსულიყვნენ, თქვეს, რომ „ფილტრაცია 14 წლიდან ხდება“.

მე და მამა გადმოვედით. მანქანიდან 200 მეტრში ორ ოთახად გაყოფილი ჯიხური იყო. ქუჩაში გატანჯული ხალხი იდგა, ტანსაცმელი არ ჰქონდათ, ქუჩაში ყინვა იყო. მაშინ ისე გამეყინა ფეხები, რომ თითებს ვეღარ ვგრძნობდი.

ისინი უბრალოდ დადიოდნენ, ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, განიხილავდნენ გაწამებულ ქალებს.

მესმოდა მათი საუბარი:

„ისინი, ვინც ვერ გაიარეს, სად წაიყვანე?“ – ეკითხებოდა ერთი მეორეს.

„ვესროლე. 10 ადამიანი, შეიძლება უფრო მეტიც იყო. არ ვითვლი, მომწყინდა“.

ერთი კაცი, რომელმაც ფილტრაცია გაიარა, გაფართოებული, შეშინებული თვალებით გამოვიდა. ცახცახებდა. ამბობდა, რომ სასტიკად დაჰკითხეს და სცემეს. მისი ცოლი არ გამოუშვეს.

  • „ისინი ცდილობენ იპოვონ ადამიანები, რომელთაც უყვართ თავიანთი ქვეყანა და ნორმალური ცხოვრება სურთ“

შემდეგ ჩვენი რიგი იყო. მე ცალკე ოთახში წავედი, მამა – ცალკე.

თითის ანაბეჭდები ამიღეს, დოკუმენტები დაასკანერეს, ტელეფონი შეამოწმეს. პროვოკაციულ კითხვებს მისვამდნენ, ხელისუფლებაზე, უკრაინაზე, ჩემს პოზიციაზე. ცდილობდნენ ეპოვათ ადამიანები, რომელთაც უყვართ თავისი სამშობლო, ნორმალურად ცხოვრება უნდათ. ხალხს დასცინოდნენ, ამცირებდნენ, შეეძლოთ ცემა.

ჩემი პასპორტი აიღეს, ნახეს, რომ 17 წლის ვიყავი. მათ არ მოვეწონე. როგორც ჩანს, ზედმეტად ახალგაზრდად გამოვიყურებოდი, ისინი სწორედ ახალგაზრდა გოგოებს ეძებდნენ.

იქიდან გამომაგდეს. მანქანამდე შეიარაღებული ჯარისკაცი გამომყვა.

ის ხელს მკრავდა, რადგან თითქოს ნელა მივდიოდი. დავეცი, მუხლი ვიტკინე, მაგრამ ვხვდებოდი: თუ ახლა არ ავდგები და მანქანისკენ არ გავიქცევი, უკან ვერ დავბრუნდები. გავიქეცი.

დედამ დამინახა. პანიკა დაეწყო: „მამას რა მოუვიდა? არ მოვიდა? უკვე მოკლეს? აწამებენ?“ მე კი არაფრის თქმა არ შემეძლო. ვიჯექი და არ ვიცოდი რა იქნებოდა შემდეგ.

მამა 40 წუთის შემდეგ დაბრუნდა. ვხედავდით, როგორ გამოაგდეს ხელის კვრით. გამოვიდა და დაეცა. ადგომას ცდილობდა და ისევ ეცემოდა. მაგრამ მაინც მოვიდა მანქანამდე.

  • „ფილტრაციაზე“ ცემის გამო მამამ მხედველობა დაკარგა 

მამამ გაზს დააჭირა და დავიძარით. ბერდიანსკისკენ პირდაპირი გზა არ იყო: ხიდი ააფეთქეს, ამიტომ შემოვლით, სოფლების გავლით მივდიოდით. ვხედავდით ცხედრებს, დამტვრეულ ტექნიკას.

უკვე გზაზე მამას დაეწყო მხედველობის პრობლემები – ის ვერ ხედავდა.

ბერდიანსკში მანქანაში გვეძინა. იქ მამამ გვიამბო, რა მოხდა ფილტრაციის დროს.

დოკუმენტები მასაც მოსთხოვეს, თითის ანაბეჭდები აიღეს, გახადეს, გაჩხრიკეს. დაჰკითხეს, მორალურ ზეწოლას ახდენდნენ. ჯერ ხელს ჰკრავდნენ. როცა ნახეს, რომ ცარიელი ტელეფონი ჰქონდა, დაიწყო შეკითხვები: „რატომაა ტელეფონი ცარიელი? რას მალავ? არ გვჯერა შენი!“ და თავში ჩაარტყეს.

მამას არ ახსოვს ვინ დაარტყა და რით. იხსენებს, როგორ გამოფხიზლდა უკვე ქუჩაში. ამ ცემის გამო მამამ მხედველობა დაკარგა, ჩვენ კი გზა უნდა გაგვეგრძელებინა.

ბერდიანსკიდან ზაპოროჟიემდე 27 ბლოკპოსტი იყო და ყველგან ამოწმებდნენ დოკუმენტებს, მანქანას, გვეკითხებოდნენ, გავიარეთ თუ არა ფილტრაცია. ხალხს ართმევდნენ საჭმელს, თბილ ტანსაცმელს, სთხოვდნენ სიგარეტს, ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზეც კი ეკითხებოდნენ.

ჩვენ მივდიოდით, გვერდით კი იბრძოდნენ. რაღაც შევარდა მანქანის ქვეშ, აფეთქდა, მანქანა შეხტა. მამამ გვითხრა, არ შეგვშინებოდა, შესაძლოა ეს პეტარდი იყო. მაგრამ ჩვენ ვხვდებოდით, რომ ომში არ არის პეტარდები.

გზა რთული იყო. ვხედავდით დანგრეულ სახლებს, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებს შუა გზაში, ტანკებს Z  ნიშნით ეზოებში, დამწვარ ცხედრებს, დამტვრეულ მანქანებს. ჩვენს ირგვლივ ტყეს ცეცხლი ეკიდა.

  • „ნუ გეშინიათ. ეს უკრაინაა“ 

გარიჟრაჟზე ორეხოვომდე მივაღწიეთ, ზაპოროჟიეში. ჩვენს წინ, გზაზე ქვის ლოდები იყო. შემდეგ ჩვენს წინ უკრაინის დროშა დავინახეთ.

ჯერ შეგვეშინდა: ნუთუ პროვოკაციაა? კიდევ ერთი გამოცდა უნდა ჩავაბაროთ?

გაგვაჩერეს. გვეუბნებიან: „გამარჯობა! გთხოვთ, გვაჩვენეთ საბუთები“.

ვაჩვენეთ, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს პროვოკაცია იყო.

„ნუ გეშინიათ, ეს უკრაინაა“ – გვითხრეს მათ.

ტირილი დავიწყეთ. არ გვჯეროდა, რომ დაცულები ვართ, რომ ჩვენი მიწა ვიპოვეთ.

შემდეგ ზაპოროჟიეს ლტოლვილთა დახმარების ცენტრში წავედით. დედას სამედიცინო დახმარება გაუწიეს, რადგან მაშინ ის ჯერ კიდევ ვერ დადიოდა. მამა ძალიან ცუდად იყო, ვერ ხედავდა. მე და ჩემი და ფსიქოლოგიურად გატეხილი ვიყავით.

მოხალისეები დნეპრამდე ჩასვლაში დაგვეხმარნენ.

ქალაქში მამა ორმა ექიმმა გამოიკვლია. დაასკვნეს, რომ ტრავმა აქვს კონტუზიის შედეგად. ერთ თვალში მთლიანად დაკარგა მხედველობა, მეორე თვალით ისე ხედავს, თითქოს ცელოფნის პარკიდან იყურება.

კარგი სამედიცინო დახმარების მისაღებად მოხალისეებმა ლვოვში გაგვიშვეს. აქ მამა კიდევ ერთხელ გამოიკვლიეს. გვითხრეს, რომ ხანგრძლივი, რთული და ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება. შესაძლოა საზღვარგარეთ წასვლა გახდეს საჭირო.

„ჩვენ არ შეგვიძლია მამის დაკარგვა. მან ჩვენ გადაგვარჩინა, ახლა ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას“ – დასძინა ჩვენი საუბრის დასასრულს მარიას დედამ, ნატალია სერგეევნამ.

___________________

მარიუპოლის სარდაფში დაიღუპა ქალი – ის ბავშვობაში სარდაფში დამალვით გადაურჩა ნაცისტებს

„10 წლის ასაკში ვანდა სემიონოვნა ობიედკოვა გერმანელებს გადაურჩა – მარიუპოლის სარდაფში დამალვით. 81 წლის შემდეგ კი, ამავე ქალაქის სარდაფში დაიღუპა, როგორც რუსებისგან დამალული ომის მსხვერპლი“ – ფოტოს ამ წარწერით დღეს, 20 აპრილს, აუშვიცის მუზეუმის გვერდი აქვეყნებს.

91 წლის ვანდა სემიონოვნა მარიუპოლის გაყინულ სარდაფში 4 აპრილს გარდაიცვალა.

ვანდა დაიბადა 1930 წლის 8 დეკემბერს მარიუპოლში. 1941 წელს 10 წლის იყო, როცა ნაცისტებს გადაურჩა. მაშინ გერმანელები შევიდნენ მარიუპოლში და ებრაელების დევნა დაიწყეს. ნაცისტებმა ვანდას სახლს მიაკითხეს, მაგრამ გოგომ თავს სარდაფში დამალვით უშველა. ნაცისტებმა ვანდას დედა, მარია მინდელი წაიყვანეს სახლიდან.

ამის შესახებ ებრაელთა საერთაშორისო სათემო გამოცემა Chabad-ი წერს ვანდა სემიონოვნას შვილის, ლარისა ობიედკოვას მონათხრობზე დაყრდნობით.

„დედას ასეთი სიკვდილი არ დაუმსახურებია. მხოლოდ ამას ამბობდა სიკვდილი წინ: რატომ ხდება ეს ყველაფერიო“, – ამბობს გამოცემა Chabad-თან ვანდა სემიონოვნას შვილი, ლარისა ობიედკოვა, რომელმაც მოახერხა და ოჯახთან ერთად მარიუპოლიდან უსაფრთხო ადგილას გააღწია.

ლარისა ობიედკოვამ და მისმა მეუღლემ, ვანდა სემიონოვნა სროლების დროს დაკრძალეს მარიუპოლის საზოგადოებრივ პარკში, აზოვის ზღვასთან ახლოს.

საკუთარ ცხოვრებასა და ჰოლოკოსტის გამოცდილებაზე ვანდა სემიონოვნა ობიედკოვამ დაწვრილებით უამბო ფონდ USC Shoah-ს 1998 წელს: 10 წლის ვანდა სემიონოვნა მოგვიანებით მაინც დაიჭირეს ნაცისტებმა, თუმცა მისი ოჯახის მეგობრებმა გერმანელები დაარწმუნეს, რომ გოგო ბერძენი იყო. ვანდას მამამ, რომელიც არ იყო ებრაელი და გადარჩა, მოახერხა და გოგო საავადმყოფოში მოათავსა, სადაც ის 1943 წლამდე, მარიუპოლის გათავისუფლებამდე დარჩა.

„სახლში გვქონდა ვიდეოკასეტაც, სადაც დედას ინტერვიუ იყო ჩაწერილი. დედაჩემი იდიშის სახელმძღვანელოს სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა, მაგრამ ის ჩვენს სახლთან ერთად დაიწვა. დედას ძალიან უყვარდა მარიუპოლი, მას არასდროს უნდოდა ქალაქიდან სადმე წასვლა“, – ამბობს სემიონოვნას შვილი Chabad-თან.

ვანდა სემიონოვნა 1954 წელს დაქორწინდა, მარიუპოლი ამ დროს საბჭოთა ქალაქი იყო და ჟდანოვი ერქვა, ქალმა მთელი ცხოვრება აქ გაატარა. ცხოვრების ბოლო წლები კი შვილთან, ლარისასთან ერთად ცხოვრობდა.

როცა მარტის დასაწყისში მარიუპოლს თავს დაესხნენ რუსი ოკუპანტები და ქალაქი დაბომბეს, ოჯახი მეზობელი მაღაზიის სარდაფს აფარებდა თავს, საჭირო დახმარებას სარდაფში მათ ადგილობრივი სინაგოგის წარმომადგენლები აწვდიდნენ.

„არ იყო წყალი, შუქი და გათბობა. აუტანლად ციოდა. დედა ვერ მოძრაობდა და ვუვლიდი. ცხოველებივით ვცხოვრობდით“, – იხსენებს გარდაცვლილი ხანდაზმულის შვილი.

მისივე მონათხრობის მიხედვით, გარდა იმისა, რომ ციდან ბომბები ცვიოდა, ორმა სნაიპერმა უახლოეს წყალთან დაიკავა ადგილი და წყლის მოსატანად წასვლა სიცოცხლის გარისკვას უტოლდებოდა.

„ყოველ ჯერზე, როცა ბომბები ცვიოდა, მთელი შენობა ირყეოდა. დედაჩემი სულ ამბობდა, რომ მსგავსი რამ მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ ენახა“, – ამბობს Chabad-თან საუბრისას ვანდა სემიონოვნა.

უკრაინამ ხარკოვში 200 მილიონი დოლარის საბრძოლო მასალების საწყობი აღმოაჩინა – ვიდეო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხარკოვის რეგიონში აღმოჩენილია საიდუმლო საწყობი, სადაც 200 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა და სამხედრო აღჭურვილობა ინახებოდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ მთელი ეს ტექნიკა უკვე გადაეცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

წინასწარი მონაცემებით, იქ არსებული დეტალები განკუთვნილი იყო რუსეთის ფედერაციის განადგურებული ტექნიკისთვის, რომლის შეკეთებას რუსი სამხედროები შეტევის დროს აპირებდნენ.

„უკრაინელი დამცველების წინააღმდეგობის შედეგად, ხარკოვს ვერ მოერია ოკუპანტი. უკრაინის უშიშროების სამსახურის ძალისხმევით, იარაღის მთელი პარტია გამოყენებული იქნება ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად”, – წერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

ჩხრეკისას უწყებამ ამოიღო და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გადასცა 60 სრული სატანკო ძრავა, ასევე დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები და კომპონენტები.

გარდა ამისა, ცალკე ნაგებობებში აღმოაჩინეს 26 მართვადი რაკეტა «воздух-воздух».

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ამ საწყობში არსებული აღჭურვილობა ადრე იყო მოპარული სამხედრო არსენალებიდან. უკრაინაზე თავდასხმის წინა დღეს კი საწყობის მფლობელები აპირებდნენ საოკუპაციო ძალებთან თანამშრომლობას და მტრის საჭიროებების მიხედვით, მათი აღჭურვილობით უზრუნველყოფას.

უწყების ცნობით, დამნაშავე პირების ვინაობა დადგენილია, ტარდება ზომები მათ დასაკავებლად.

„ხშირად, ექიმის კაბინეტამდეც კი ვერ ვაღწევ“ – რატომ არ მიუწვდებათ შშმ ქალებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელი

რეგიონში მცხოვრებ შშმ ქალებს, არაადაპტირებული გარემოს გამო სამედიცინო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ. ყველაზე რთულ მდგომარეობაში ეტლით მოსარგებლე შშმ ქალები არიან, რადგან ისინი ხშირად ექიმის კაბინეტამდეც კი ვერ აღწევენ.

42 წლის ეკა ქაჯაია ეტლით მოსარგებლეა. ის თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, გლდანში ცხოვრობს. შვილი ოთხი წლის წინ გააჩინა და გვიყვება იმის შესახებ, თუ რამდენად სტრესული იყო მისთვის სამედიცინო გამოკვლევებზე ექიმთან სიარული არაადაპტირებული გარემოს გამო.

როცა ორსულად ვიყავი, ვერ ვსარგებლობდი გინეკოლოგიური სავარძლით, ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ვერ შევდიოდი ეტლით კაბინეტში, ექიმის ოთახშიც კი შეუძლებელი იყო შესვლა. ჩემს მეუღლეს ავყავდი ხოლმე ხელში და ისე შევყავდი გამოკვლევებზე“-გვეუბნება ეკა.  

მას შემდეგ, რაც ეკას მეუღლე გარდაიცვალა, მისი ცხოვრება ბევრად გართულდა. იმის გამო, რომ მას ექიმთან გამყოლი არ ჰყავს, გეგმიური გამოკვლევების ჩატარებასაც კი ვეღარ ახერხებს.

„ხშირად, ექიმის კაბინეტამდეც კი ვერ ვაღწევ, რადგან კაბინეტები პატარაა და ეტლი არ შედის. აქ გლდანში, საერთოდ არ არის ადაპტირებული კლინიკა. „ევექსის“ კლინიკაში მინდოდა მისვლა, მაგრამ მომსახურება მეორე სართულზეა, ეტლი ლიფტში ვერ შედის, ძალიან პატარაა. თბილისში რომც წავიდე, ექიმამდე მისვლას მაინც ვერ მოვახერხებ, მეუღლე აღარ მყავს რომ ხელში ამიყვანოს, ვის უნდა ვთხოვო დახმარება?

ჩიყვიც მაქვს, მჭირდება გეგმიური გამოკვლევები, ანალიზები, მაგრამ ვერ ვიკეთებ. ფაქტობრივად, არაადაპტირებული გარემოს გამო ვერ ვიღებ სამედიცინო მომსახურებას“-გვეუბნება ეკა ქაჯაია.

ეკას აზრით, თითქმის არცერთი  სამედიცინო დაწესებულება არ გრძნობს პასუხისმგებლობას შშმ ადამიანების მიმართ. „როცა ვეკითხები, „რატომ არ გაქვთ ადაპტირებული კლინიკა?“ ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი აქვთ, – „რა გითხრათ, არ გაგვიკეთეს…“

ეკა ქაჯაია

არაადაპტირებული გარემოს გამო, ეკა ქაჯაია ვერც კიბოს სკრინინგის პროგრამებით სარგებლობს. „მეუბნებიან, რომ ვერც დამეხმარებიან სამედიცინო კაბინეტში შესვლაში, ამიტომ იძულებული ვარ უარი ვთქვა სკრინინგის პროგრამით სარგებლობაზე, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ტელევიზორში მესმის ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ შშმ პირებისთვის გაუმჯობესდა გარემო, მაგრამ ფაქტია, რომ ცარიელი სიტყვებია, რეალობა კი ბევრად რთული.

აფთიაქში ვერ შეხვალ, პანდუსი არ არის, ტროტუარზე ვერ გაივლი, ყველგან მანქანა დგას, ვერც სხვა შენობებში შედიხარ ეტლით, რადგან ყველგან არც არის პანდუსი და სადაც არის, იქაც მანქანებითაა ჩახერგილი, სულ ჩხუბი  მიწევს რომ გაათავისუფლონ შესასვლელი.

როგორც შშმ პირს, პენსიის გარდა ისედაც სხვა ვერაფრით მეხმარება სახელმწიფო, რადგან ფაქტობრივად ყველა გამოკვლევაში თანხის გადახდა მიწევს და არც მედიკამენტების შეძენისას მაქვს შეღავათი. ამას რომ თავი დავანებოთ, კლინიკაში მისვლა და ექიმის ნახვა იმდენად პრობლემურია, რომ ფაქტობრივად სამედიცინო სერვისების გარეშე ვრჩები“- გვეუბნება ეკა.

ბოლო წლებია ეკა იუსტიციის სახლში, რეგისტრატორად მუშაობს, სველი წერტილები არც ამ შენობაშია ადაპტირებული, ამიტომ მუშაობა სახლიდან უწევს.

ადაპტირებული სამედიცინო კაბინეტების პრობლემაზე საუბრობს დეა ერემაშვილიც. დეა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ კონსულტანტი და შშმ ქალია, რომელსაც ასევე არ მიუწვდება ხელი არაერთ სამედიცინო სერვისებზე. მას როგორც საკუთარი, ასევე სხვა შშმ ქალების უფლებებისთვისაც უწევს ბრძოლა.

„ყველაზე დიდ პრობლემად რჩება ის, რომ შშმ ქალებს არ შეუძლიათ ადაპტირებული გინეკოლოგიური კაბინეტებით სარგებლობა.

დეა ერემაშვილი

აჭარაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან როცა გვაქვს ხოლმე კონსულტაციები, ყოველთვის ვაყენებთ ამ საკითხს. აქამდე გვეუბნებოდნენ, როცა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაიხსნება და აღიჭურვება, იქ გავითვალისწინებთ ადაპტირებულ გინეკოლოგიურ კაბინეტსო.

თუმცა კოვიდის გამო რესპუბლიკური ნაადრევად გაიხსნა, აღჭურვითაც აღჭურვეს, მაგრამ ადაპტირებული სერვისი მაინც არ არის გათვალისწინებული“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო პასუხისმგებლობას ძირითადად პროვაიდერებს აკისრებს, თუმცა სახელმწიფოს შშმ პირთა კონვენციით ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს ხელმისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი და სახელმწიფო შესყიდვების დროს, სატენდერო პირობებში უნდა მიუთითოს, რომ გამარჯვებული კომპანია ვალდებულია შექმნას ადაპტირებული გარემო შშმ ქალებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ჩვენ პროვაიდერებზე ზეწოლას ვერ მოვახდენთო. ქალთა მოძრაობის ინიციატივა იყო, რომ სწორედ სახელმწიფომ დაავალდებულოს პროვაიდერი კლინიკები, უზრუნველყონ ადაპტირებული სამედიცინო მომსახურება, რადგან როცა პროვაიდერად რეგისტრირდებიან, წესით, უნდა იცოდნენ რა არის საერთაშორისო სტანდარტი.

2022 წელია უკვე და საქართველოში, უნივერსალურ ადაპტირებულ გინეკოლოგიურ სავარძელს ვერც ერთ კლინიკაში ვერ ნახავთ. თუნდაც  თბილისში.

კლინიკები სიძვირეს იმიზეზებენ, მაგრამ ვფიქრობ, ვერ აღიქვამენ ჩვენს საჭიროებებს. ალბათ ფიქრობენ, რომ ამდენი შშმ ქალი არ მოვა.

ჩვენ ვითხოვთ არა უბრალოდ ადაპტირებულ შესასვლელს კლინიკაში, არამედ უნივერსალური სერვისის დანერგვას. ეს ადაპტირებული გინეკოლოგიური სავარძელი არა მარტო შშმ ქალებს სჭირდებათ, სხვა პაციენტებსაც გამოადგებათ, იგივე ასაკოვან ქალებსაც“, – ამბობს დეა.

„ბათუმელები“ ესაუბრა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა შშმ ქალებმა რომელიმე კლინიკაში მიიღონ ადაპტირებული გინეკოლოგიური მომსახურება? სამინისტროში გვითხრეს, რომ მათი ინფორმაციით, ადაპტირებული გარემო აქვს კლინიკა „მედინას“ და ბათუმის სამშობიარო სახლს.

ეს ინფორმაცია დეა ერემაშვილმა „ბათუმელების“ თანდასწრებით გადაამოწმა. მაგალითად, „მედინას“ ცხელ ხაზზე მას უპასუხეს, რომ უნივერსალური გინეკოლოგიური სავარძელი არ აქვთ. ბათუმის სამშობიარო სახლში კი ცხელ ხაზზე არავინ უპასუხა. „თუმცა მე ვიყავი ამ სამშობიაროში და ვიცი რომ უნივერსალური ადაპტირებული სავარძელი არ აქვთ“-გვეუბნება დეა.

გარდა იმისა, რომ კლინიკებში არ არის ადაპტირებული გინეკოლოგიური სავარძლები, შშმ ქალები აწყდებიან ექიმების დაბალ ცნობიერებასაც და ხშირად შშმ ქალებს დაორსულობის გამო საყვედურობენ.

„პირველი, რასაც გეუბნებიან, არის – რატომ გარისკე დაორსულება? გაგიჭირდება შვილის გაჩენა. თითქმის ყველა შშმ ორსულ ქალს უწევს ბრძოლა, რაღაცის მტკიცება, ჩემი ჩათვლით. მესმის, რომ სტერეოტიპული აზროვნება ზოგადად საზოგადოების პრობლემაა, მაგრამ ექიმთან როცა მიდის შშმ ადამიანი, თავი დაცულად უნდა იგრძნოს.

დეა ერემაშვილიც საუბრობს კიბოს სკრინინგის პროგრამაზე, რომლითაც შშმ ქალები ასევე ვერ სარგებლობენ.

„საქართველოში, 2020 წლის მონაცემებით, დაახლოებით 47 ათასი შშმ ქალი ცხოვრობს. ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლია 25-იდან 60 წლამდე ქალს, რომ ჩაიტაროს საშვილოსნოს და ძუძუს სკრინინგი, რათა სიმსივნის არსებობის შემთხვევაში დროულად მოხდეს დიაგნოსტირება.

ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ სადაც უფასო სკრინინგ პროგრამები ხორციელდება, იქ არსად არ აქვთ ადაპტირებული არც გინეკოლოგიური სავარძელი და არც გარემო, რომ მობილობის შეზღუდვის მქონე შშმ ქალებმა პროგრამით ისარგებლონ.

მე პირადად, თუ არ დავეყრდენი რაიმეს, ისე არ შემიძლია დიდხანს დავდგე და ისე ჩავიტარო სკრინინგი. ამავე დროს, სახელმწიფო ჩემი სკრინინგისთვის იხდის თანხას, მაგრამ მე ვერ ვსარგებლობ ამ სერვისით“-ამბობს დეა.

არაადაპტირებული გარემო სტრესული და ხშირად ღირსებისშემლახავია სმენის არმქონე ქალებისთვის და გოგონებისთვისაც. მათაც სჭირდებათ ინფორმაცია სქესობრივ ცხოვრებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და კონტრაცეფციაზე. სმენისარმქონე ქალებს კი სურდო თარჯიმანს ვერცერთი სამედიცინო დაწესებულება ვერ სთავაზობს.

პალინა ჯაღათაშვილი

ამის გამო ხშირად გვიხდება ახლობლების, ოჯახის წევრების ჩართვა. იქნებ არ უნდა ქალს რომ ოჯახის წევრი გაიყოლოს ექიმთან. ყველამ ვიცით, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია, ამიტომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს ჩვენთვის ჟესტური ენის თარჯიმანი კლინიკებში.

დღეს ეს უფლება სმენისარმქონე ქალებს და გოგონებს წართმეული გვაქვს, რადგან მესამე პიროვნების ჩართვა ექიმთან კომუნიკაციის დროს, არღვევს ჩემს უფლება, რადგან არ გვინდა რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იცოდეს სხვამაც. ამის გამო, ბევრი ქალი უარს ამბობს ექიმთან მისვლაზე“- გვეუბნება პალინა.

სამედიცინო სერვისების ხელმიუწვდომლობაზე საუბრობს 37 წლის თამო დოლიძეც. მას მობილობის შეზღუდვა აქვს და შესაბამისად, მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ადაპტირებული გარემო.

„გინეკოლოგიური მომსახურების მიღება ძალიან რთულია, რადგან სავარძელი ძალიან მაღალია და მიჭირს სარგებლობა. მჭირდება სხვა ადამიანის დახმარება.

ხშირად ექიმებიც არ ითვალისიწინებენ  შშმ ადამიანის მდგომარეობას და გეუბნებიან, „რა ვქნა ქალბატონო, სხვანაირად ვერ გავაკეთებ“. ამის გამო კამათიც მქონია ექიმთან. ვეუბნებოდი, როგორმე დამეხმარეთ მეთქი. 

ძალიან კარგი იქნება თუ კლინიკებში ერთი ოთახი მაინც იქნება ადაპტირებული. სველ წერტილებზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. მე ძალიან მიჭირდა სარგებლობა, წარმოიდგინეთ, ეტლიანი ადამიანი, ის საერთოდ ვერ გამოიყენებს“-ამბობს თამო.

არაადაპტირებული გინეკოლოგიური კაბინეტებისა და გინეკოლოგიური სავარძლების პრობლემაზე საუბრობს სახალხო დამცველიც. 2022 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, გინეკოლოგიური კაბინეტები და სავარძლები არ არის მისადაგებული ეტლით მოსარგებლე ქალთა საჭიროებებზე, რაც შეუძლებელს ხდის სათანადო გინეკოლოგიურ შემოწმებას.

„შშმ ქალები ხშირად მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ღირსების შეულახავად მიიღონ გინეკოლოგის მომსახურება“-წერს ომბუდსმენი.

მისივე შეფასებით, სამშობიარო სახლში არსებული მდგომარეობა და შშმ ქალების საჭიროებებზე მორგებული მომსახურების არარსებობა, „ხშირად დაკავშირებულია გაუსაძლის ტკივილთან და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდებოდა“-წერს სახალხო დამცველი ანგარიშში.

ომბუდსმენი წერს, რომ პრობლემა იწყება სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის მომენტიდან, „რადგან პანდუსი სტანდარტების გარეშე იყო დამონტაჟებული, ეტლით მოსარგებლე შშმ ქალი კი დამოუკიდებლად ვერ ახერხებდა მის გამოყენებას.

იმ შემთხვევაში, თუ შიგნით ვინმე შეიყვანდა, (შშმ ქალს) შიდა პერიმეტრის არაადაპტირებულობის გამო, ვერც აქ ახერხებდა გადაადგილებას, ვერ სარგებლობდა სველი წერტილებით.

[საპირფარეშოზე არაფერს ვამბობ, თან ისე ხშირად მჭირდებოდა მოშარდვა, ისედაც ამის პრობლემა გვაქვს,

შეკავება გვიჭირს და ამ დროს მითუმეტეს. მრცხვენოდა ძალიან, ერთხელ ტაქსიში ვერ ჩავჯექი, რომ დამისველდა, რადგან არ იყო საპირფარეშო] – ეუბნება ერთ-ერთი შშმ ქალი სახალხო დამცველს, რაც შეტანილია ანგარიშში. 

ომბუდსმენის ამავე ანგარიშში წერია, რომ ფიზიკური გარემოს მისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ორსული შშმ ქალი ხშირად ვერ ახერხებდა ექიმთან დროულად ვიზიტს, „რის გამოც ერთმა ნაყოფმა გაზრდა შეწყვიტა“. 

ომბუდსმენი ამგარიშში ყურადღებას ამახვილების შშმ ქალების მიმართ ექიმების მხრიდან დისკრიმინაციულ და სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზეც.

მაგალითად, ბათუმის ბიუჯეტში 45 ათასი ლარია გათვალისწინებული იმისთვის, რომ გენდერული თანასწორობის კუთხით ცნობიერება აამაღლონ.

„იქნებ დაინტერესდნენ ეს ადამიანები და რეალურად იზრუნონ ამაზე, თუნდაც ექიმებთან და კლინიკებთან იმუშაონ, რომ იცოდნენ, შშმ ქალებსაც გვაქვს თანასწორ გარემოში ცხოვრების და თანასწორი სამედიცინო სერვისების მიღების უფლება“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

დეა დედათა და ბავშვთა თავშესაფრებზეც აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ხშირად არც ეს თავშესაფრებია ადაპტირებული. „მაგალითად, ბათუმში კარგი თავშესაფარია, მაგრამ მეოთხე სართულზეა. რომ დასჭირდეს, ეტლით მოსარგებლე ქალი ვერ ისარგებლებს.

საქართველო რიგი საერთაშორისო დოკუმენტების ხელმომწერია, რომელიც განამტკიცებს ქალთა და გოგონათა უფლებას ხელი მიუწვდებოდეთ ხარისხიან ჯანდაცვის მომსახურებაზე, ყოველგვარი ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე.

შესაბამისად, საქართველო იღებს ვალდებულებას შეასრულოს საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტური პრინციპები.

მიუხედავად ამისა, დღემდე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება როგორც გარემოს ასევე კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან.

„აზოვსტალი“ – მარიუპოლის უკანასკნელი ციხესიმაგრე

ევროპის ეს ერთ-ერთი უდიდესი მეტალურგიული ქარხანა, რომელიც საპორტო ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკის დასაყრდენი იყო, ახლა უკრაინის სამხედრო დასაყრდენად იქცა – 11 ათას კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ტერიტორია, თავისი მიწისქვეშა გვირაბებით, ათასობით უკრაინელი სამხედროს და მშვიდობიანი მოქალაქის თავშესაფარია.

მოსკოვმა „აზოვსტალში“ გამაგრებულ სამხედროებს ულტიმატუმი არაერთხელ წაუყენა, თუმცა მარიუპოლის ალყაში მყოფი დამცველები დანებებაზე უარს ამბობენ. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის ავიაცია გამუდმებით ბომბავს არა მხოლოდ ქარხნის ტერიტორიას, არამედ მის გარშემო არსებულ დასახლებებსაც.

„აზოვსტალიდან“ დღეს მსოფლიო ლიდერებსაც მიმართეს. ვიდეომიმართვაში, რომელიც 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაურმა, სერგეი ვოლინამ გაავრცელა, ის უკრაინელი სამხედროებისთვის, დაჭრილებისთვის და მათთან ერთად მყოფი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო დერეფანს ითხოვს.

ბევრად ადრე, ვიდრე რკინისა და ფოლადის საუკუნოვანი ქარხანა, მარიუპოლის მთავარ ციხესიმაგრედ იქცეოდა, „აზოვსტალი“ წელიწადში 4 მილიონ ტონა ნედლ ფოლადს უშვებდა და ათასობით ადამიანისთვის სამუშაო ადგილებს ქმნიდა.

„აზოვსტალი“ – ქალაქი ქალაქში

1933 წლის 12 აგვისტოს, 6 საათსა და 19 წუთზე, ქარხანამ თავისი პირველი ფოლადი გამოუშვა. „აზოვსტალის“ მშენებლობას საბჭოთა ხელისუფლებამ საფუძველი 1930 წელს ჩაუყარა. ადგილი ზღვაზე მოხერხებული გასასვლელის გამო შეარჩიეს და ქარხანასთან ერთად პორტის მშენებლობაც დაიწყეს.

თუმცა საბჭოთა მეტალურგიის გიგანტი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების კონტროლქვეშ მოექცა. 1943 წელს, როდესაც ნაცისტური გერმანიის ჯარებმა ოკუპირებული მარიუპოლი დატოვეს, „აზოვსტალი“ მთლიანად განადგურებული იყო.

ქარხანა თავიდან ააშენეს. 1954 წელს წარმოება განახლდა და მალე „აზოვსტალი“ მეტალურგიული პროდუქციის წარმოებაში ევროპის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

კომპლექსის საერთო ფართობი დაახლოებით 11 კვადრატული კილომეტრია – ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ქალაქ ბოროდიანკის ფართობი და 25-ჯერ მეტი, ვიდრე ვატიკანის.

„აზოვსტალს“ ერთ მხარეს მდინარე კალმიუსი ესაზღვრება, მეორე მხარეს კი – აზოვის ზღვა. ქარხანას თავისი სატვირთო პორტი აქვს, ხოლო მისი საკომუნიკაციო სისტემები და თავშესაფრები ჯერ კიდევ საბჭოთა დროსაა მოწყობილი.

ფოტო: დაბომბილი მარიუპოლი, სქრინი დრონის კადრიდან

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს თქმით, ასეთი თავშესაფრები გათვლილია იმაზე, რომ საავიაციო შეტევებს გაუძლოს: „ეს თავშესაფრები უძლებს დაახლოებით 500-კილოგრამიან და ტონამდე წონის ბომბებს, მაგრამ რუსების ხუთტონიან ბომბებს ნამდვილად ვეღარ გაუძლებს“.

„ქალაქის ქვეშ, ფაქტობრივად, მეორე ქალაქია“, – უთხრა კრემლის მედიასაშუალებას, „რია ნოვოსტს“ იან გაგინმა, დონეცკის სეპარატისტული სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა. მისი თქმით, იქაურობა ისეა დაგეგმარებული და აშენებული, რომ დაბომბვებსა და ბლოკადებს გაუძლოს: – „აზოვსტალის“ შიდა საკომუნიკაციო სისტემა ძალიან სწყალობს მის დამცველებს მაშინაც კი, როდესაც მოწინააღმდეგე მათ რიცხოვნობით ბევრად აღემატება“.

მარიანა ბუდიერინი, ჰარვარდის კენედის სკოლის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის ექსპერტი, რომელიც უკრაინიდანაა, Washington Post-თან საუბარში ამბობს, რომ მარიუპოლში არსებული სიტუაცია, ერთი შეხედვით, სრულიად „უიმედოდ“ გამოიყურებოდა.

„ეს იყო სავარაუდოდ ტაქტიკური და თავდაცვითი უპირატესობა ქალაქის დამცველებისთვის, რომ თავის უკანასკნელ საყრდენად ეს უზარმაზარი ინდუსტრიული საწარმო ექციათ. ის ციხესიმაგრესავითაა“.

რატომ არის „აზოვსტალი“ ასე მნიშვნელოვანი რუსეთისთვის

საერთაშორისო მედია წერს, რომ რუსეთისთვის მარიუპოლი მთავარი საპორტო ქალაქი და სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით სტრატეგიული ადგილია.

გავლენიანი ამერიკული გამოცემა Washington Post-ის მიხედვით, – „მას შემდეგ, რაც ომის პირველ დღეებში რუსეთმა კიევის აღება ვერ შეძლო, გადაწყვიტა ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში კიდევ უფრო დიდი ტერიტორიები დაეპყრო. მარიუპოლი ერთ-ერთი უმსხვილესი დასახლებაა, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშ არაა, მისი დაკავება მოსკოვს საშუალებას მისცემს შექმნას „ხიდი“, რომელიც მის მიერვე დაპყრობილ ყირიმთან დააკავშირებს“.

„უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებში რუსეთის შეიარაღებული ძალები დონეცკის სეპარატისტულ სახალხო რესპუბლიკასთან ერთად მარიუპოლის აღებას ცდილობენ. ქალაქი, რომელსაც ნახევარმილიონიანი მოსახლეობა ჰყავს, არამხოლოდ მნიშვნელოვანი პორტია აზოვის ზღვაში, არამედ მას განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს“, – წერს BBC-ი.

ფოტო: “აზოვსტალი” სატელიტიდან/Reuters

ჯერ კიდევ 2014 წლის მაისსა და ივნისში, უკრაინის მიერ სეპარატისტების წინააღმდეგ დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, უკრაინის არმიამ და მოხალისეების ბატალიონებმა ქალაქი დაიბრუნეს. ამ დროიდან მარიუპოლი, მისი ორი მეტალურგიული გიგანტით, „ილიჩის კომბინატი“ და „აზოვსტალი“, ასევე საავტომობილო ქარხნით, „აზოვმაში“, მშვიდობიანი ცხოვრებით ცხოვრობდა და ვითარდებოდა.

რუსებმა მარიუპოლს ალყა მარტის დასაწყისშივე შემოარტყეს და მისი საზღვაო მისასვლელები დაბლოკეს. ქალაქს იცავენ: აზოვის ბატალიონი, 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა, მესაზღვრეები, პოლიციელები და უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები.

გამუდმებული შეტევებით რუსეთის არმიამ უკრაინის სამხედრო ძალები თითქმის ყველა სტრატეგიული ადგილიდან განდევნა, მათ შორის, პორტიდან და „ილიჩის“ ქარხნიდან. რუსეთის თავდასხმებმა ქალაქი თითქმის მთლიანად მიწასთან გაასწორა. BBC-ი უკრაინის ხელისუფლების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ დაბომბვების შედეგად განადგურებულია ინფრასტრუქტურის თითქმის 90 %, დაღუპულია დაახლოებით 20 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე.

აზოვსტალი“ უკრაინაა

1996 წელს „აზოვსტალი“ შეუერთდა კომპანია „მეტინსვესტს“, რომლის მფლობელიც უკრაინელი ბიზნესმენი რინატ ახმეტოვია, უკრაინის უმდიდრესი კაცი, რომლის ქონებაც Forbes-ის ვერსიით 7.6 მილიარდი დოლარია. ის უკრაინის პარლამენტში პრორუსული რეგიონების პარტიის დეპუტატი იყო.

ახმეტოვი 2014 წელსაც სეპარატისტების წინააღმდეგ გამოვიდა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ კი, ვოლოდიმირ ზელენსკისთან წარსული უთანხმოების მიუხედავად, ღიად დაუჭირა მხარი პრეზიდენტს და პირობა დადო, რომ დანგრეულ მარიუპოლს აღადგენს.

ფოტო: რინატ ახმეტოვი/The Times

2019 წელს „აზოვსტალი“ და „ილიჩი“, რომელიც ასევე „მეტინსვესტს“ ეკუთვნის, GMK ცენტრის მონაცემებით, უკრაინის მეტალურგიული პროდუქციის ერთ მესამედს აწარმოებდნენ.

რუსმა სამხედროებმა შედარებით პატარ „ილიჩზე“ კონტროლი ჯერ კიდევ წინა კვირაში მოიპოვეს, თუმცა მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ქარხანა „არასოდეს იმუშავებს რუსული ოკუპაციის ქვეშ“ და რომ რუსეთის ქმედება მარიუპოლში არის „ინდუსტრიის მიზანმიმართული განადგურება“.

მარტის შუა რიცხვებში „აზოვსტალი“, ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ, პირველად გაჩერდა. ენვერ ცქიტიშვილი, ქარხნის გენერალური დირექტორი, თავის ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ გაჩერდა, თუმცა მხოლოდ დროებით:

„ჩვენ დავიბრუნებთ ქალაქს, აღვადგენთ წარმოებას და ავაღორძინებთ მას. ის იმუშავებს და მოუტანს დიდებას უკრაინას, ისე როგორც მანამდე, რადგან მარიუპოლი უკრაინაა, „აზოვსტალი“ უკრაინაა.“

ფოტო: ენვერ ცქიტიშვილი/Metinvest

მთავარი ფოტო: “აზოვსტალი”, სააგენტო Unian.net

დროებითი ოკუპაციაც კი არ იქნება – პოდოლიაკი

„უკრაინამ უკვე შეიმუშავა სამხრეთის ყველა დასახლებული პუნქტის დეოკუპაციის სტრატეგია“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადა.

„ეჭვიც კი არ უნდა შეგვეპაროს, რომ სახელმწიფოს შემუშავებული აქვს სამხრეთ უკრაინის ყველა ქალაქისა და სოფლის დეოკუპაციის სტრატეგია. ჯერ ერთი, ჯარი. მოკლედ და გასაგებად. და მეორე – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის 90%-ზე მეტი ღიად აფიქსირებს თავის პროუკრაინულ პოზიციას. ამიტომაც, არ იქნება არავითარი გაყინული კონფლიქტი, დროებითი ოკუპაციაც კი არ იქნება, არ იქნება არანაირი ყალბი ხერსონის სახალხო რესპუბლიკა ან რამე ამდაგვარი. იქნება მხოლოდ ხერსონის რეგიონი უკრაინაში“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა ასევე თქვა, რომ დაპყრობილი ტერიტორიების მოსახლეობა აქტიურად უშლის ხელს ოკუპანტის მცდელობას, გამართოს „ფსევდორეფერენდუმები“. „უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ, რათა აჩვენონ, რომ ამ ტერიტორიებზე დემონური „რუსული სამყაროს“ არსებობა შეუძლებელია“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა. – „ახლა „თვითონ რუს ბარბაროსებსაც“ ესმით, რომ მათ არავინ ელოდა ჩვენს მიწაზე“.

პოდოლიაკმა დღეს ასევე ისაუბრა მობილიზაციაზე, რასაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გეგმავს. მისი თქმით, ყირიმში, დონეცკისა და ლუგანსკის ზოგიერთ რაიონში კაცების მობილიზებით ოკუპანტები გენოფონდს ანადგურებენ.

მისივე თქმით კი, ხერსონის ან ზაპოროჟიის რაიონებში მობილიზაციის მოწყობა შეუძლებელია, რადგან რუსებისადმი ლოიალობა ამ დასახლებულ პუნქტებში არ არსებობს:

„ხალხი აიღებს იარაღს და გადავა უკრაინის ჯარის მხარეს – ეს აშკარაა… მათ [რუსებს] ჯერ კიდევ ბევრი ბურიატი ჰყავთ, აქ მათი ჩამოყვანა ისევ შეუძლიათ. ისინი ხომ იქ ადამიანებად არ ითვლებიან“.

5 მილიონამდე უკრაინის მოქალაქე ომის გამო ლტოლვილად იქცა

უკრაინაში მიმდინარე თითქმის ორთვიანმა სრულმასშტაბიანმა ომმა გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, რის გამოც ხალხი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები უსაფრთხო თავშესაფრისა და დახმარების საძიებლად.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, ომის პირველ ხუთ კვირაში უკრაინიდან 5 მილიონამდე ლტოლვილმა გადაკვეთა საზღვრები მეზობელ ქვეყნებში და კიდევ ბევრი იძულებული გახდა მიეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი და ქვეყნის შიგნით გადაადგილებულიყო.

გაეროს უახლესი მონაცემებით, უკრაინიდან გაქცეულია 4,980,589 ლტოლვილი.

გაერო ამ ქვეყნებში ჩასვლის სტატისტიკას ადგენს სხვადასხვა წყაროდან, ძირითადად, ოფიციალური სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან მიწოდებული მონაცემებით.

უკრაინის მოსაზღვრე შენგენის ქვეყნებში (უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) უკრაინელი ლტოლვილების ჩასვლის მონაცემები ასახავს მხოლოდ ამ ქვეყანაში საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ გაერო ვარაუდობს, რომ უკრაინელების დიდი ნაწილი ამ ქვეყნებიდან კიდევ სხვა ქვეყნებში გადავიდა.

უკრაინიდან წასულებს შორის არიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე უკრაინის მოქალაქეებიც.

გაეროს ცნობით, 18-დან 23 თებერვლამდე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან რუსეთის ფედერაციაში 105 000 ადამიანი გადავიდა.

_____________________

ფოტოზე: უკრაინელი ლტოლვილი ბავშვი პოლონეთში, 2022 წლის 9 აპრილი. ფოტო: EPA-EFE/Darek Delmanowicz POLAND OUT

ნორვეგია უკრაინას 100-მდე სარაკეტო სისტემას ჩუქნის

ნორვეგია უკრაინას 100-მდე სარაკეტო სისტემას გადასცემს.

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა, რომ ეს არის ფრანგული წარმოების Mistral-ის მცირე რადიუსის სარაკეტო სისტემები, რომლებიც დიდ სარგებელს მოუტანს უკრაინას.

მინისტრმა დასძინა, რომ ნორვეგიამ უკრაინას უკვე გაუგზავნა 4000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და დამცავი სამხედრო აღჭურვილობა.

ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულებისთვის შესაძლოა ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნას – ვერეშუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, მიღწეული შეთანხმებით, დღეს, 2022 წლის 20 აპრილს,  14:00 საათიდან ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გაიხსნას მარიუპოლიდან ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების ევაკუაციისთვის.

„მარიუპოლში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარებიდან გამომდინარე, მთელ ჩვენს ძალებს სწორედ ამისკენ მივმართავთ.

მოვახერხეთ წინასწარი შეთანხმება ჰუმანიტარულ დერეფანზე ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის.

შეკრება მარიუპოლში დღეს, 20 აპრილს, 14:00 საათიდან, ტაგანროგისა და ტაგანროგის 130-ე დივიზიის ქუჩების კვეთაზე.

კოლონა იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: მარიუპოლი-მანგუში-ბერდიანსკი-ტოკმაკი-ორიხოვი-ზაპოროჟიე.

იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება ძალიან რთულია, დერეფნის უზრუნველყოფის დროს შეიძლება მოხდეს ცვლილებები, ამიტომ გთხოვთ, თვალი ადევნოთ შესაბამის ოფიციალურ შეტყობინებებს.

ჩვენ ყველა ძალას ვიხმართ, რომ ყველაფერმა ისე ჩაიაროს, როგორც საჭიროა“, – წერს ვიცე-პრემიერი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

დღეს 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, სერგეი ვოლინამ თავის ვიდეომიმართვაში მსოფლიო ლიდერებს მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენა სთხოვა.  

___

მთავარი ფოტო: „აზოვსტალის“ ტერიტორიას აზოვის პოლკის ჯარისკაცებთან ერთად თავს აფარებენ ქალები და ბავშვები, სამოქალაქო პირები. ასევე არიან დაჭრილებიც.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 აპრილის 21 საათიდან 21 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი 
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 22 აპრილს, ღამით, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, მომდევნო 2 დღეს, 23-24 აპრილს კი, უნალექო ამინდი იქნება.

_______________

ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

სკოლაში 1 პედაგოგი 6 საგანს მასწავლიდა – ქართული ფილოლოგიის სტუდენტი აზერბაიჯანული თემიდან

„მყავს დედა და ერთი კატა. სულ ესაა ჩვენი ოჯახი. ჩემს მარტოხელა დედას არ ჰქონდა ისეთი შემოსავალი, განათლება მოეცა ჩემთვის, ამიტომ ბავშვობიდან ვქსოვ, სამაჯურებს, ხელნაკეთებს ვამზადებ და ვყიდი. მცირე შემოსავალს, რაც ამ საქმით მაქვს, განათლებას ვახმარ. ჩემი კლასიდან მხოლოდ მე მივიღე განათლება. ქართული ფილოლოგიის მესამე კურსზე ვსწავლობ.

ერთხელ მე და დედა კახეთში მარწყვის ბაღში ვმუშაობდით, ვკრეფდით და გვიხდიდნენ. ეს ჩვენი დამატებითი შემოსავალია გაზაფხულობით. ბაღის მეპატრონე კაცმა ცოლს გასძახა, რომ ყავა მოემზადებინა ჩვენთვის. „აზერები“ არიან, მიჩვეულები არიან ეგენი მონურად შრომასო, ქალმა უპასუხა.

ძალიან ცუდად გავხდი, მივედი ამ ქალთან და ვუთხარი: ჩემი ბრალი არ არის მდიდარი მამა რომ არ მყავს, ან საერთოდ რომ არ მყავს მამა და გვიწევს მე და დედას ჩემი განათლებისთვის მარწყვი ვკრიფოთ-მეთქი. ვუთხარი, რომ ქართულიც მესმოდა კარგად და ყველაფერი რომ გავიგონე, რაც თქვა. მერე გამომკითხა, სად ვსწავლობდი, რას ვსწავლობდი და დაამატა: რაღაცნაირი ხალხი გყავთ, ელემენტარული რამეები არ იციანო“, – ეს 21 წლის სტუდენტის, ფერი ისმაილოვას მონათხრობია. ფერი ლაგოდეხის სოფელ უზუნთალაში ცხოვრობს და ონლაინ სწავლობს ქართული ფილოლოგიის მესამე კურსზე.

  • „სკოლაში ერთი მასწავლებელი 6 საგანს მასწავლიდა, ასეთი მოსწავლეობა მქონდა“

ფერი ჰყვება სოფელზე, სადაც თარჯიმნობას უწევს ყველას, ვისაც სჭირდება, ცხრაკლასიან სკოლაზე, სადაც ერთი მასწავლებელი ასწავლიდა 6 საგანს: ბუნებას, ისტორიას, ქართულს, მათემატიკას, ხელოვნებას და სპორტს.

„მე რომ მოსწავლე ვიყავი, არ იყვნენ მაშინ ჩვენს სკოლაში საკმარისად მასწავლებლები და რა ექნათ? მერე ქართული ენის მასწავლებელი ჩამოვიდა და ქართულის სწავლება მან გადაიბარა. რუსულის მასწავლებელმა კი შეითავსა მათემატიკის გაკვეთილების ჩატარება. ასეთი იყო ჩემი მოსწავლეობა. მერე ძალიან მოვინდომე, ქართულზე კერძოდ ვიარე და უნივერსიტეტშიც ჩავაბარე.

ფერი ისმაილოვა

მე და დედას ჩვენი არაფერი გვაქვს ჩვენივე ხელით გამწვანებული ბაღის გარდა. ეს სახლიც კი არ არის ჩვენი, სადაც ვცხოვრობთ – ბიძაჩემისაა. მაგრამ განათლება მივიღე, კალიმბაზე დაკვრა ვისწავლე და ვსწავლობ ფანდურზე დაკვრას, ეს იყო ჩემი ოცნება და ამისრულდა“ – ამბობს ფერი. როგორც თავად ამბობს, ფერი ერთადერთი ადამიანია თავისი კლასიდან, ვინც სკოლის შემდეგ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო.

  • „დედამ ვერ მიყიდა კომპიუტერი, ერთი ძროხის გაყიდვა იყო ამისთვის საჭირო“

როცა პანდემიაში სწავლის პროცესმა ონლაინრეჟიმზე გადაინაცვლა, ფერის ერთი თვე არც კომპიუტერი ჰქონდა უზუნთალაში, არც ინტერნეტი. ფერის და დედამისს სულ ორი ძროხა ჰყავდა, კომპიუტერის საყიდლად ერთი უნდა გაეყიდათ და მერე უსახსროდ რჩებოდნენ. „ერთი ძროხის ფასი ყოფილა კომპიუტერი“ – ამბობდა ფერის დედა.

„ერთ საღამოს ვნახე, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია TDI-მ  კონკურსი გამოაცხადა, ესე უნდა დამეწერა და თუ გავიმარჯვებდი, პრიზად ლეპტოპი იყო. ცოტა დრო მქონდა, ერთი დღე დასაწერად. დედა მეძახდა, მოდი ფერი, ძროხებია მოსადენი და დამეხმარეო, ვწერდი და ვერ გავაკითხე, გაბრაზდა – ეგონა ტელეფონით ვემესიჯებოდი ვინმეს. კონკურსია დედა, ესეს ვწერ და შეიძლება კომპიუტერი მოვიგო, მაცალე-მეთქი გავძახე, მაგრამ არ დამიჯერა.

ფერი ისმაილოვა დედასთან ერთად

პასუხი დეკემბერში მომივიდა. ციოდა. დედა მეზობლებთან ერთად აცხობდა პურს. ამ დროს ესემესი მომივიდა TDI-დან, კონკურსში გაიმარჯვე და გილოცავთო, არის -მეთქი! ვიყვირე და დედასთან გავიქეცი. ძალიან გაუხარდა“ – გვიყვება ფერი.

მას მერე ფერის დედა ყველას უყვებოდა სოფელში: იცით? ჩემმა შვილმა ერთი ძროხის ფასი კომპიუტერი მოიგო კონკურსშიო.

ოჯახს ძროხის გაყიდვა არ დასჭირდა, მეტიც:  გაყიდვას გადარჩენილ ძროხას ხბოები შეეძინა და გამრავლდა.

  •    „ვქსოვ და ვყიდი, ქართულს ვასწავლი ბავშვებს და ვუვლი ბაღებს“

ფერის სოფლიდან წასვლა იშვიათად უწევს: მხოლოდ მაშინ, როცა საქსოვი ძაფები და ახალი წიგნები შემოაკლდება. ამ დროს ჩადის თბილისში, ორ ან სამ თვეში ერთხელ.

„პირველად რომ ჩავედი დედაქალაქში, ძალიან მრცხვენოდა ხმის ამოღების. მეგონა, თუ ქართულად საუბრისას შეცდომებს დავუშვებდი, კატასტროფა იქნებოდა და შევრცხვებოდი. მერე მივხვდი, რომ ასე არ არის,“ – ამბობს ფერი.

აქვს ინტერნეტმაღაზია „გვირილა“, სადაც ფერის ნაქსოვი და ხელნაკეთები დევს, თუმცა ინტერნეტგაყიდვები მისთის უსარგებლოა: სოფელში ფოსტა არ არის და ლაგოდეხამდე ჩასვლა, იქიდან  ნივთების გაგზავნა არ უღირს. სოფელში  ყველა იცნობს ფერის და უკვეთავენ, რაც სურთ.

ლაგოდეხამდე რომ ჩავიდეს, ფერიმ სოფლიდან ტრასამდე ფეხით კილომეტრზე მეტი უნდა იაროს. ტრასიდან ლაგოდეხამდე ჩასვლა ერთი ადამიანისთვის 4 ლარი ღირს, ოღონდ  მხოლოდ მაშინ დაიძვრება მანქანა, თუ 4 კაცი შეიკრიბება. მარტო თუ წახვალ, ძალიან ძვირია.

ლაგოდეხში არც წიგნების მაღაზიაა. მხოლოდ ერთ აფთიაქში იყიდება წიგნები.

ფერი ისმაილოვა მოსწავლეებთან ერთად

„სახლში ბავშვებს ვასწავლი ქართულს, შვიდი მოსწავლე მყავს. წიგნები მჭირდება. მე და დედას სეზონური ბოსტნეულის სათბურებიც გვაქვს. ბევრი შრომა სჭირდება და ყოველთვის იაფად გვიწევს გაყიდვა. ესაა ჩვენი შემოსავალი.

დედამ ერთ წელს თამბაქო დათესა. მაშინ კარგი ფასი ჰქონდა თითქოს. ვიმუშავეთ, ვაშრეთ, ვჭერით, გავყიდეთ… დავთვალეთ და წაგებაზე გვიმუშავია, ვერაფერი გამოვიმუშავეთ დამატებით,“ – იხსენებს ფერი.

ამბობს, რომ მისი საყვარელი ავტორი ვაჟა-ფშაველაა. პირველი ქართული მოთხრობა, რაც თავიდან ბოლომდე წაიკითხა და გაიგო, „შვლის ნუკრის ნაამბობი“ იყო. ფერის ოთახში ვაჟა-ფშაველას პორტრეტიც ჰკიდია.

„სირცხვილია ამის თქმა, მაგრამ იცით? სკოლის ბიბლიოთეკიდან ვაჟა-ფშაველას ლექსებისა და მოთხრობების წიგნიც მომიპარავს,“ – ამბობს ფერი.

ფერი

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 20 900 ადამიანი
  • ტანკი – 815 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 087 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 391 ერთეული
  • MLRS – 136 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 67 ერთეული
  • თვითმფრინავი – 171 ერთეული
  • ვერტმფრენი – 150 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 504 ერთეული
  • გემი/ნავი – 8 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 165
  • სპეციალური აღჭურვილობა – 27
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 140 თვითმფრინავი
  • 105 ვერტმფრენი
  • 496 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 388 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 253 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 256 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 029 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 232 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა, თავის ვიდეომიმართვაში, მსოფლიო ლიდერებს, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენას სთხოვს:

[yellow_box]„ჩვენ შეიძლება საათებიც კი დათვლილი გვაქვს“ – მიმართვა მსოფლიო ლიდერებს „აზოვსტალიდან“[/yellow_box]

„რუსეთი ღრმა, შემოვლითი ალყის გაკეთებას და უკრაინული დაჯგუფების განადგურებას ვერ შეძლებს,“ – ასეთია გადამდგარი გენერლის პროგნოზი რუსეთის აგრესიის მეორე ფაზაზე უკრაინაში.

ვახტანგ კაპანაძე „ბათუმელებთან“ 9 აპრილს ინტერვიუში ამბობდა, რომ 10 დღეში რუსეთი მორიგ შეტევას დაიწყებდა. 19 აპრილს უკრაინაში რუსეთმა ომის ახალი ფაზა დაიწყო:

„რუსეთი ღრმა ალყის გაკეთებას და უკრაინული დაჯგუფების განადგურებას ვერ შეძლებს“ – ინტერვიუ

„ჩვენ შეიძლება საათებიც კი დათვლილი გვაქვს“ – მიმართვა მსოფლიო ლიდერებს „აზოვსტალიდან“

36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა, თავის ვიდეომიმართვაში მსოფლიო ლიდერებს მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენას სთხოვს.  

სერგეი ვოლინა ჰყვება, რომ ვითარება ძალიან მძიმეა, ქარხანაში უკვე 500-ზე მეტი დაჭრილი და ასობით მშვიდობიანი მოქალაქეა.

„ეს არის მსოფლიოსადმი ჩვენი მიმართვა, რომელიც შესაძლოა უკანასკნელი იყოს. ჩვენ, შეიძლება, დღეები და საათებიც კი გვაქვს დათვლილი. მოწინააღმდეგე ათჯერ მაინც აღემატება ჩვენს ძალებს – ისინი აკონტროლებენ ცას, ფლობენ უპირატესობას არტილერიაში, სამხედრო დაჯგუფებებში, აქვთ მეტი ტექნიკა, ტანკები“, – ამბობს ვოლინა.

36-ე ბრიგადის მეთაური, რომელმაც მანამდე წერილი რომის პაპს გაუგზავნა, მსოფლიო ლიდერებს მიმართავს: „მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ ექსტრადიციის პროცედურები და გაგვიყვანოთ აქედან მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი, ჩვენთან ერთად მყოფი 500 დაჭრილი მებრძოლი და ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები და ბავშვები. გთხოვთ, უზრუნველყავით ჩვენი უსაფრთხოება მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე“.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, სერგეი ვოლინამ მანამდე მარიუპოლის გათავისუფლების ორ ვარიანტზე ისაუბრა: ვოლინას თქმით, პირველი შესაძლოა იყოს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია,  ხოლო მეორე – პოლიტიკური გამოსავალი.

„აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად ვერ შეძლო რუსულმა არმიამ. მათ ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულ სამხედროებსა და სხვა პირებს 17 აპრილამდე დანებებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მასშტაბური ოპერაციით დაემუქრნენ. რუსეთის არმიის ულტიმატუმი უკრაინელმა სამხედროებმა უკუაგდეს.

___

ვრცლად აზოვის პოლიკის შესახებ

არის თუ არა აზოვის პოლკი ნეონაცისტური?

კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 20 აპრილი

20 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა. გასულ დღე-ღამეში კოვიდით არავინ გარდაცვლილა.

დღეს, 20 აპრილს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 232 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარაში – 13, იმერეთში – 39ქვემო ქართლში – 7, შიდა ქართლში – 14გურიაში – 10სამეგრელო – ზემო სვანეთში – 11, კახეთში – 9მცხეთა-მთიანეთში –4, სამცხე-ჯავახეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

stocov.ge-ს მონაცემებით, ჩატარებულია კვლევა ტესტით – 20 385, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 652, PCR ტესტით – 1 733. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 337 პაციენტი.  

ჯონსონმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში მეტ საარტილერიო იარაღს გაგზავნის – reuters

დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ საარტილერიო იარაღს მიაწვდის, რადგანაც ომი რუსეთთან გადავიდა ახალ ფაზაში – განაცხადა დღეს, 19 აპრილს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.  ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„ეს იქნება საარტილერიო კონფლიქტი, მათ [უკრაინელებს] სჭირდებათ არტილერიით მხარდაჭერა და ეს ისაა, რასაც ჩვენ მათ მივაწვდით დამატებით, სხვა მრავალი ფორმით მხარდაჭერასთან ერთად“ – უთხრა ბორის ჯონსონმა კანონმდებლებს თემთა პალატაში.

„ჩვენი უკრაინელი მეგობრები იბრძვიან თავიანთი ერის სიცოცხლისთვის”, – განაცხადა დღეს ჯონსონმა.

19 აპრილს, გამთენიისას, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში, დონბასის ოლქში, ომის ახალი ფაზა დაიწყო.

„ჩვენ ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთმა დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის, რისთვისაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. რუსეთის არმიის დიდი ნაწილი ახლა ამ ბრძოლაზეა მომართული“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

„რუსეთი ღრმა ალყის გაკეთებას და უკრაინული დაჯგუფების განადგურებას ვერ შეძლებს“ – ინტერვიუ

„რუსეთი ღრმა, შემოვლითი ალყის გაკეთებას და უკრაინული დაჯგუფების განადგურებას ვერ შეძლებს,“ – ასეთია გადამდგარი გენერლის პროგნოზი რუსეთის აგრესიის მეორე ფაზაზე უკრაინაში. ვახტანგ კაპანაძე „ბათუმელებთან“ 9 აპრილს ინტერვიუში ამბობდა, რომ 10 დღეში რუსეთი მორიგ შეტევას დაიწყებდა. დღეს, 19 აპრილს, უკრაინაში რუსეთმა ომის ახალი ფაზა დაიწყო.

გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, დაახლოებით ორ კვირა-ნახევარში რუსეთს ისევ დასჭირდება პაუზა, როცა უკვე დანაკარგების გადახედვის მიხედვით მოუწევს პუტინს შეფასება: დნეპრის მარცხენა სანაპიროს სრული ოკუპაცია მოახდინოს, თუ მხოლოდ ოკუპირებული დონბასი დაიცვას ყირიმთან ერთად.

სამხედრო ექსპერტი შენიშნავს, ახლა დრო უკრაინის სასარგებლოდ მუშაობსო და უკრაინამ შესაძლოა კონტრშეტევა შეძლოს.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ვახტანგ კაპანაძე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ის ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, როგორც ვარაუდობდით, რუსეთმა მორიგი შეტევა დაიწყო დონბასის მიმართულებით. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს სრული კონტროლის მოპოვებას დონეცკი-ლუგანსკიზე. თქვენი დაკვირვებით, რა ტაქტიკით მოქმედებს რუსეთი ამჯერად? 

ამჯერად რუსეთი იყენებს მეთოდური შეტევის ტაქტიკას. ის ცდილობს მაქსიმალური საცეცხლე მომზადება გამოიყენოს, „გადამწვარი მიწის“ პრინციპით მოქმედებს და შესულია უკრაინის ფორტიფიკაციული თავდაცვის ზონაში, თუმცა რუსეთის შეტევას ჯერ არ აქვს მიღებული ოპერატიული მოქმედების სახე და ის მხოლოდ ტაქტიკურია, ლოკალურ მიმართულებებზე მუშაობს.

  • რას გულისხმობს „ოპერატიული მოქმედება“ და „გადამწვარი მიწის“ პრინციპი? 

გახსოვთ, როგორი იყო სწრაფი, კოლონებით შეტევა, ე.წ. ბლიცკრიგი ომის პირველ ფაზაში. ახლა რუსები ცდილობენ, რომ ძალები დაზოგონ და ახორციელებენ საცეცხლე ზემოქმედებას მაქსიმალურად, მაგრამ მეთოდურად. ისინი ასევე ცდილობენ მეთოდურად გადაადგილებას – ფართო ფრონტზე დაიწყეს შეტევა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ოპერატიულ სივრცეზე გარღვევები, ალყები და ასე შემდეგ. როგორც ვხედავთ, მხოლოდ ტაქტიკურ დონეზე ხდება შეტევა და ადგილობრივი მნიშვნელობის მიმართულებებზე.

„გადამწვარი მიწის“ პრინციპი კი, გულისხმობს მაქსიმალურ საცეცხლე დარტყმებს, რომ მოწინააღმდეგე მაქსიმალურად დაასუსტო დიდი ხნით საცეცხლე ზემოქმედებით კონკრეტული მიმართულებით. ეს არის დიდი დროის განმავლობაში თითქმის ყველა საცეცხლე საშუალებიდან გარკვეული რაიონის დამუშავება მაქსიმალური ნგრევის გამოწვევით. ეს ეხება ფორტიფიკაციულ ნაგებობას, საველე ფორტიფიკაციულ ნაგებობას, დასახლებულ პუნქტს და ასე შემდეგ.

  • ამ ეტაპზე ჩანს, რომ უკრაინა რუსეთის შეტევებს იგერიებს. რამდენად არის შესაძლებლობა, რომ რუსეთმა ალყა შეკრას უკრაინის აღმოსავლეთით იზიუმის და გულიაპოლის გავლით? 

რაც წინა ინტერვიუში აღვწერე, ეს მიმართულება ისევ ძალაში რჩება, რუსების განლაგებაც იზიუმის პლაცდარმზე ამას აჩვენებს, რომ ღრმა შემოვლის განხორციელება სურთ. რუსებმა აიღეს კიდეც იზიუმის მიმართულებით რამდენიმე დასახლებული პუნქტი, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ გავიდნენ სლავიანსკის, ასევე, კრამატორსკის ზურგში. მოგეხსენებათ, რომ სლავიანსკი და კრამატორსკი არის უკრაინის აღმოსავლეთით თავდაცვის ძირითადი კვანძი, მათ შორის, მთა კარაჩუმი, რომელიც იმ ტერიტორიაზე გაბატონებულ სიმაღლეს წარმოადგენს. ეს მთა ახლა კარგად გამოყენებულია უკრაინის მხრიდან ცეცხლის მართვისა და თვალთვალისთვის.

ამ ეტაპზე რუსებმა უკვე გაიარეს კრემენნოე, რაც იზიუმის სამხრეთი ნაწილია და ძალიან ახლოსაა დონეცკი-ლუგანსკის საზღვრის გადაკვეთასთან. ისინი ახლა მიიწევენ უშუალოდ საზღვრის გადაკვეთისკენ, ლუგანსკი-დონეცკს შორის, მაგრამ აქ ბევრი არხია და წყლიანი წინაღობა, ასევე ტყიანი მონაკვეთები, რაც რუსებს წინსვლას ურთულებს.

ჯერჯერობით რუსები ცდილობენ წავიდნენ პაპასნოეს და ლიმანის მიმართულებით და ნაწილ-ნაწილ, პატარ-პატარა ტერიტორიებზე მცირე ალყები გააკეთონ, ანუ პატარა დაჯგუფების იზოლირებით ცდილობს რუსები უკრაინას ჩამოაცილოს ეს რაიონები და ეს პატარ-პატარა დაჯგუფებები გაანადგუროს.

  • რა მასშტაბის ნგრევაა ამჯერად მოსალოდნელი, მაგალითად, ხარკოვს შესაძლოა იგივე ელოდეს, რაც მარიუპოლში უკვე მოხდა? 

ამ ეტაპზე საუბარი არაა ხარკოვზე. ხარკოვზე ხდება მხოლოდ საცეცხლე დარტყმები, რომ დამატებით იქიდან უკრაინელების კონტრშეტევა არ განხორციელდეს. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ხარკოვზე შეტევა არ იქნება.

ზოგადად, ეს რაიონი ისეთია, რომ ურბანიზებულია სრულად, მაგრამ დიდი ქალაქები ნაკლებად არის, 90 პროცენტი სოფლებია, რომლებიც ერთმანეთში გადადის. ამავე დროს, უკრაინელები აგებდნენ თავდაცვით ზღუდეებს ბოლო 8 წელია. ასევე, მას შემდეგ, რაც ამ ომში გამოიყო ოპერატიული პაუზა, ნათელი გახდა, რომ ყურადღება გადავიდოდა ლუგანსკი-დონეცკის მიმართულებაზე და უკრაინელებმა დაიწყეს უფრო მეტად დონბასის თავდაცვისთვის მომზადება.

  • თქვენი ინფორმაციით, რამდენად მოახერხა უკრაინამ გაძლიერება სამხედრო აღჭურვილობის კუთხით? 

ტექნიკა, რაც მათ დასავლეთისგან მიიღეს, როგორც ვხედავთ, მაქსიმალურად შეამცირა რუსული თვითმფრინავების მოქმედება უკრაინის სიღრმეზე. როგორც ხედავთ, რუსები ძირითადად რაკეტებით ახორციელებენ დარტყმებს და ჩანს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებები საკმაოდ ეფექტურად მოქმედებენ.

საგულისხმოა, რომ რაკეტებს გარანტირებულად ვერავინ გაანადგურებს. ისრაელის „რკინის ფარდაც“ ვერ ახერხებს ყველა რაკეტის ჩამოგდებას, მაგრამ მაქსიმალურად შემცირებულია ეს ზემოქმედება უკრაინისთვის. შესაბამისად, ბატონობა ჰაერში რუსების აღარაა, უპირატესობაც კი, მინიმალურამდეა დასული.

  • რა ხდება ამ დროს, რომ განგვიმარტოთ, როგორ ხდება სარაკეტო თავდასხმის თავიდან აცილება? 

გამოიყენება ისეთივე მფრინავი ობიექტი, როგორიც თვითმფრინავია, ოღონდ სხვა პარამეტრები აქვს. ის ახერხებს რაკეტის გაყოლას, „გაცილებას“ ვეძახით და რაკეტის დაზიანებას. აღმოჩენა ხდება, როგორც წესი, შორ მანძილზე, მაგალითად, 300 კილომეტრზე და დაზიანება შეუძლია დაახლოებით 200 კილომეტრ მანძილზე.

თუმცა არის შემთხვევები, როცა რაკეტას ანადგურებენ, მაგრამ მისი ნამსხვრევები ვარდება დასახლებულ პუნქტში, რაც იწვევს ცეცხლს, დაზიანებას, ადამიანების დაღუპვას.

არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ის, რომ აქტიური ფაზის დაწყებამდე რუსებმა დაიწყეს სარკინიგზო კვანძების დაბომბვა, რომ ლოჯისტიკა გაურთულონ უკრაინელებს. მოგეხსენებათ: დონბასის მიმართულებაზე უკრაინას უფრო გრძელი ხაზები სჭირდება, რუსებს იქვე აქვთ ყველაფერი ამ შემთხვევაში.

  • მოახერხა რუსეთმა ლოჯისტიკური სირთულე შეუქმნეს უკრაინას? ომის პირველ ეტაპზე გამოჩნდა, რომ რუსულ არმიას ჰქონდა ეს სირთულე – ვერ აწვდიდნენ დროულად საწვავს, საკვებს და ასე შემდეგ. 

ლოჯისტიკა უკრაინელებს გაურთულეს, კი, თუმცა ვერ შეუწყვიტეს. თუ დააკვირდებით რუკას, მარტივად დასანახია, რომ აქ არის ორი ზღვის წყალშემკრები: შავი ზღვის და აზოვის ზღვის, რაც ნიშნავს, რომ ჩრდილოეთიდან მომავალი წყალუხვი  მდინარეები ჩაედინებიან შავ ზღვაში ან აზოვის ზღვაში. ეს მდინარეები პერპენდიკულარულად ყოფს უკრაინას დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ბევრ ხიდზეა დამოკიდებული ეს ლოჯისტიკური მიწოდების უწყვეტობა, ამიტომაც ახორციელებენ დარტყმებს ხიდებზე, რომ ხიდები გამოიყვანონ წყობიდან.

უკრაინელები ცდილობენ, რუსებივით რკინიგზაზე, მაგალითად, გრძელ მანძილზე კი არ გადაადგილდნენ, არამედ დასახლებული პუნქტიდან დასახლებულ პუნქტამდე მივიდნენ, მათ ნახტომისებური გადაადგილება აქვთ.

  • მარიუპოლში „აზოვის პოლკი“ რამდენად შეძლებს, თქვენი აზრით, ალყის გარღვევას? 

მარიუპოლი აღებულია. საუბარია მხოლოდ „აზოვსტალის“ ქარხანაზე, სადაც ადამიანები არიან თავმოყრილი. აზოვის პოლკი არის ეროვნული გვარდიის მე-12 ოპერატიული ბრიგადის შემადგენლობაში და ეძახიან „აზოვის დაჯგუფებას“. ის ვიდეო, რაც დაიდო, რომ აზოველები გადავიდნენ კონტრშეტევაზე, რეალურად იყო უკრაინული დაჯგუფების რეიდი, როცა მოახერხეს და გაანადგურეს მცირე ზომის მანქანების კოლონა, სადაც იყვნენ რუსი სამხედროები. ეს არ არის ალყის გარღვევა. ალყის გარღვევა რომ მოახერხონ უკრაინელებმა, მათ უნდა გაიარონ დაახლოებით 70 კილომეტრი და მიაღწიონ უახლოეს უკრაინულ დანაყოფთან, რომელიც არის მარიუპოლამდე. წარმოიდგინეთ, ეს „აზოვსტალის“ ქარხანა არის ზღვის სანაპიროზე, მარიუპოლის უკიდურესი სამხრეთით და მთელი ქალაქი უნდა გაიარონ ფაქტობრივად, რომ ალყა გაარღვიონ… რა გითხრათ, ნულოვანი ალბათობაა იმისა, რომ ეს შესაძლებელია. მით უმეტეს, როცა საჰაერო მხარდაჭერა არ აქვს უკრაინას და ჯავშანტექნიკაც იმ რაოდენობას, რომ დარტყმითი ოპერაცია განახორციელოს, ანუ გარღვევა.

„აზოვი“ რომ გარღვევას ახერხებდეს, არ იქნებოდა რუსების მხრიდან ეს შეთავაზება დანებებაზე, ასევე რამდენიმე დღის წინ „აზოვის“ მეთაურმა მიმართა მსოფლიო საზოგადოებას, რომ უზრუნველყონ მწვანე დერეფნის მოწყობა მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყვანად. მოგეხსენებათ, ქარხანაში არიან ქალები და ბავშვებიც, მათ შორის, ამ სამხედრო დაჯგუფების ოჯახის წევრები.

  • რუსეთს არ ეწურება შეიარაღების მარაგი? ასევე საინტერესოა, არსენალიდან ყველა იარაღი გამოიყენა რუსეთმა უკრაინაში? 

არსებობს 9-ტონიანი ბომბები, რაც ჯერ არ გამოუყენებია რუსეთს. გამოიყენეს 3 – ტონიანი ბომბები, T- 22 -ის უმართავი ბომბდამშენებიც ასევე… მარიუპოლში დიდი აფეთქება რაც იყო, სამტონიანი ჩამოაგდეს, ასევე იყოს ცეცხლგამჩენი, რადგან იქ სიღრმითი ცეცხლის კვამლი გამოდიოდა, ანუ ქარხნის მიწისქვეშა სიცარიელეებშიც გაჩნდა ცეცხლი, ჯამური სიგრძე 23 კილომეტრს აღემატება.

რაც შეხება იარაღის მარაგს – შესაძლოა, ეს ტექნიკა მოძველებულია და ხარისხი არ ვარგა, მაგრამ რაოდენობრივად ტექნიკა რუსებს აქვთ. ახალ T-72-ს ვერ გააკეთებენ, რადგან მოდიფიცირებულ ვარიანტს, რასაც აკეთებდნენ რუსები ბოლო წლებში, ჰქონდა ფრანგული ლაზერული მანძილმზომი და ინფრაწითელი სამიზნე, ეს იყო ფრანგული წარმოების და ახლა აღარ მიეწოდება.

რუსებს პრობლემები აქვთ რაკეტების წარმოებაშიც, ვინაიდან ელექტრონული შიგთავსი შედიოდა უცხოეთიდან. ძირითადად აქვთ დიდი რაოდენობით უმართავი ბომბები, ასევე წინა თაობის ფრთოსანი რაკეტები და სახმელეთო რაკეტები.

  • ახლა, როცა უკრაინას გაცილებით უკეთესი სამხედრო აღჭურვილობა აქვს, კიდევ რა ფაქტორებზეა დამოკიდებული უკრაინის წარმატება? 

ამ ეტაპზე უკრაინის კონკრეტული ამოცანაა: არ დაუშვას უკრაინული დაჯგუფების ალყაში მოქცევა, გამოფიტოს რუსეთი ამ შეტევაში და გადაიყვანოს თავდაცვის მდგომარეობაში.

  • თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ: შეძლებს ამას უკრაინა?  

კი, გარკვეულწილად მოახერხებს ამას უკრაინა, სრულად ვერა, რაღაც ტერიტორიაზე რუსეთი დაიკავებს, შეიძლება დონბასის საზღვარზე გავიდეს, მაგრამ ის, რომ ალყაში მოაქციოს და მერე ალყიდან გაანადგუროს, ეს ვერ უნდა მოახერხოს… ჩემი აზრით, რუსეთი დიდი შემოვლით ალყას ვერ მოახერხებს.

დაახლოებით ორკვირანახევარში ეს გამოჩნდება. ჩემი აზრით, რუსებს არ ეყოფა პოტენციალი, რომ ამაზე მეტი ხნით შეტევითი ოპერაცია განახორციელოს. ორკვირანახევარში გამოჩნდება რა დონეზე მივა, სადამდე გავა რუსეთი.

მოლაპარაკების მაგიდა გამორიცხულია, ერთადერთი შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება, თუმცა ომში მეორე ადგილი არ არსებობს. პუტინისთვის და ზელენსკისთვის, ორივესთვის, პოლიტიკური დასასრული იქნება, თუ რომელიმე იტყვის, რომ ყირიმი დათმეს, ან დონეცკი-ლუგანსკი.

  • მხოლოდ რუსული არმიის დიდი დანაკარგები შეაჩერებს რუსეთს, ისევ ასეა? 

ორი სცენარი განვიხილოთ: ერთი, რომ რუსებმა მოახერხონ ალყის შეკვრა, მაგრამ, შემდეგ ამ უკრაინული დაჯგუფების განადგურებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, რასაც მარიუპოლის მაგალითიც აჩვენებს.

მეორე სცენარია, რომ რუსები ვერ ახორციელებენ ალყის შეკვრას, თუმცა ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადიან, დონეცკიზე შესაძლოა გავიდნენ, შესაძლოა – ვერა, და ეცდებიან დაკავებული ტერიტორიის დაცვა განაგრძონ, ვინაიდან ვფიქრობ, რომ შეტევის გაგრძელებისთვის პოტენციალი აღარ ეყოფათ.

მოკლედ, ორკვირა-ნახევრის შემდეგ მათ ყველა ვარიანტში დასჭირდებათ ისევ პაუზა. თუ პირველ სცენარს განახორციელებენ, დადგება საკითხი დნეპრისპირეთის მიმართულებით შეტევის განხორციელებაზე, ანუ ოდესის ჩრდილოეთით, რადგან ეს მათთვის სასიცოცხლოა – თუ ვეღარ მოახერხებენ დნეპრისპირეთის მომარაგებას, ის დაუბრუნდება მოლდოვას. რუსეთი ალყის შეკვრის და დაჯგუფების განადგურების შემთხვევაში, რუსეთი ასევე დაუბრუნდება ხარკოვს და მის აღებას ეცდება თავიდან. ამ შემთხვევაში დნეპრის მარცხენა სანაპიროს ოკუპაციას მოახდენს ის მთლიანად.

მეორე სცენარის შემთხვევაში კი, რაც მე უფრო რეალური მგონია, რუსეთი ვერ მოახერხებს ალყის შეკვრას და ეცდება მხოლოდ ამ დრომდე დაკავებული ტერიტორიების დაცვას.

ვფიქრობ მაინც, რომ რუსეთს ექნება მეორე ფაზის ეტაპზეც გარკვეული სახის წარმატება, მაგრამ არა იმ მნიშვნელობის, რაც მას ჰქონდა თავის ოპერატიულ ამოცანებში. რუსეთი ღრმა შემოვლითი ალყის გაკეთებას და უკრაინული დაჯგუფების განადგურებას ვერ შეძლებს.

  • ანუ მეორე სცენარის შემთხვევაში გააჩნია უკრაინა რამდენად შეძლებს კონტრშეტევას და ოკუპანტებისგან ქვეყნის გათავისუფლებას?  

ახლა დრო უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს – რაც დრო გადის, უკრაინის მისდის თანამედროვე შეიარაღება. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: ცეცხლის მართვის საბჭოთა კავშირისდროინდელი და ნატოს სტანდარტი განსხვავებულია, ეს გადამზადება უნდა მოახერხოს უკრაინამ. უკრაინა მიიღებს დარტყმით შესაძლებლობებსაც, ჯავშანტექნიკას, ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და ასე შემდეგ. უკრაინამ უნდა შეძლოს შეტევა. სხვა შემთხვევაში უკრაინა ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს.

 

ბათუმის ბიუჯეტი დაკოპირებულია წინა წლების დოკუმენტებიდან – ყოფილი მერის კრიტიკა

„2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტში ზუსტად, სიტყვა-სიტყვით, იგივე შეფასებები და მოლოდინებია დაფიქსირებული, რაც ასახული იყო წინა წლების დოკუმენტებში, მასში ვხვდებით იმავე პრობლემებსა და საკითხებს, რაც წინა წლებშიც ფიქსირდებოდა, მტკიცდებოდა, მაგრამ ვერ სრულდებოდა“, – ასე შეაფასა ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი ყოფილმა მერმა, ჯემალ ანანიძემ.

ის ახლა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თემატური ჯგუფის ხელმძღვანელია.

ჯემალ ანანიძე რამდენიმე წლის წინ თავადაც გეგმავდა ბათუმის ბიუჯეტს, ის ჯერ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ კი ბათუმის მერი.

პარტიამ – „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2022 წლის ბიუჯეტის დეტალური განხილვა მოაწყო.

ამ შეხვედრას 18 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და მოხსენების დასრულების შემდეგ მათ კითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ. წინა წლების ბიუჯეტების დაგეგმვისა და შესრულების კრიტიკას წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგურიც ისმენდა. ამჯერად ის საკრებულოში გახარიას პარტიიდან შევიდა, მას შემდეგ, რაც ნინო ბაციაშვილმა მანდატზე უარი თქვა.

შეხვედრაზე ჯემალ ანანიძემ მიმოიხილა 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ძირითადად ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ის განმარტებით ბარათში მოცემულ ინფორმაციას შეადარა.

მან მაგალითებზე დაყრდნობით თქვა, რომ ბიუჯეტში მოცემული ციფრები და განმარტებები ხშირ შემთხვევაში თანხვედრაში არ არის პროგრამულ ბიუჯეტთან, ტექსტების დიდი ნაწილი კი წინა წლის ბიუჯეტიდან არის დაკოპირებული.

„პროგრამული ბიუჯეტის მომზადების დროს დარღვეულია კავშირი პრიორიტეტების დოკუმენტთან და პროგრამად წარმოდგენილია დაფინანსება, რაზეც არაა საუბარი პრიორიტეტების დოკუმენტში. უგულებელყოფილია ბიუჯეტის მომზადების პრინციპები.“

ჯემალ ანანიძის თქმით, ხშირად არათავსებადია პროგრამულად გაწერილი და ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფორმაციაც. მაგალითად, პროგრამულად გაწერილია 46 მილიონ 583 900 ლარის ასიგნება, ბიუჯეტით კი გათვალისწინებულია 56 562 500 ლარი.

პროგრამულ ბიუჯეტში არ არის ასახული, მაგალითად, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაფინანსება – 2 მილიონ 149 600 ლარი, მერიის დაფინანსება – 5 მილიონ 879 000 ლარი, სარეზერვო ფონდი – 1 მილიონ 850 000 ლარი, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი – 100 000 ლარი.

რამდენიმე მაგალითი, რომელიც ჯემალ ანანიძემ აუდიტორიას წარუდგინა:

  • საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

მუდმივად ერთი და იმავე ქუჩების გადათხრა-რეაბილიტაცია – სამუშაოთა უხარისხოდ შესრულების გამო რეაბილიტაციის დასრულებიდან უმოკლეს ვადაში ბათუმის ქუჩაში ორმოების და დაზიანებების გაჩენა აფერხებდა იმ ადმინისტრაციული ტერიტორიების განვითარებას, სადაც ქუჩების უმრავლესობა საერთოდ არაასფალტირებულია. ეს მუდმივი დისკომფორტია ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების დროსაც.

ჯემალ ანანიძის თქმით, სახეზე გვაქვს ყოველ ახალ ეტაპზე პრობლემის სრულად მოგვარების ოთხწლიანი პროგრამის ბოლო წელზე გადატანის ტენდენცია.

მისი თქმით, მერია შემსრულებელ კომპანიას პასუხისმგებლობას არ აკისრებს საგარანტიო ვალდებულებებით, რომ  შემსრულებლებმა საკუთარი სახსრებით აღმოფხვრან ხარვეზები მომავალში.

გარდა ამისა, ჯემალ ანანიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პროგრამაში გაწერილი მოცულობების შემცირება ბიუჯეტის შეუცვლელად მოქმედი ნორმატიული აქტების უხეშად დარღვევაა:

ქუჩების რეაბილიტაციის საპროგნოზო დინამიკა და ფაქტობრივი მდგომარეობა წლების მიხედვით

აღნიშნული ქუჩები, ფაქტობრივად, დასრულებულია, მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვაფენილით, რომელსაც აქვს ვარგისიანობის ხანგრძლივი პერიოდი, ხოლო ქუჩის მოვლა-შენახვა შესაძლებელია მინიმალური დანახარჯებით.

„იმ ფონზე, როცა ქალაქში ჯერ კიდევ მრავლადაა მოუწესრიგებელი, არაასფალტირებული, არასტანდარტული ქუჩა, აღნიშნული ქუჩების მშენებლობა მუნიციპალიტეტის ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვაა“ – ამბობს ჯემალ ანანიძე.

2021 და 2022 წლების ბიუჯეტები იდენტური ტექსტებით
  • მერია ამტკიცებს, რომ საზოგადოების ინფორმირებულობას ყოველ წელს 10%-ით ზრდის

„საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების“ ქვეპროგრამის საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორია – „გაშუქებული ინფორმაციის მაჩვენებლის გაზრდა წინა წელთან შედარებით -10%-ით“.

წინა წელთან შედარებით ინფორმირებულობის ყოველწლიური 10%-იანი ზრდა გათვალისწინებულია 2018 წლიდან და გრძელდება 2025 წლამდე. მერია ამ პროგრამით აპირებს საინფორმაციო საშუალებების საეთერო ბადის სრულად ათვისებას.

პროგრამის განხორციელების რისკებში დაფიქსირებულია მოსაზრება მისი განხორციელების ხელშემშლელ ფაქტორებზე და იგი ჩამოყალიბებულია, როგორც „გაშუქებული ინფორმაციის სიმცირე, გაშუქებულ ინფორმაციაში შესაძლო ხარვეზები და უზუსტობები“.

ჯემალ ანანიძის შეფასებით, გაუაზრებლად წარმოდგენილი პროგრამის განხორციელების საბოლოო შედეგის ინდიკატორი აბსოლუტურად მოკლებულია რაიმე გათვლას. წარმოდგენილი სახით გაზომვის შემთხვევაში გაუგებარია, რატომ არ შეიძლება უფრო მეტი პროცენტულობით გაიზარდოს ინფორმირებულობა. პროგრამის განხორციელების რისკების შეფასებიდან ირკვევა, რომ თავიდანვე პროგრამა გათვლილია ხარვეზებით განხორციელებაზე.

„ეს ამბავი ჰგავს იმას, როცა წერდნენ, რომ ყოველ წელს საგაზაფხულო სამუშაოებს ორი კვირით ადრე ვიწყებთო. ბოლოს გადათვალეს და გამოვიდა, რომ იანვარში უნდა დაეწყოთ“. 

  • „პრიორიტეტის დასაბუთება“ – მეორდება 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი

სასურველია, პროგრამა, პრიორიტეტის დოკუმენტი მაინც, ასახავდეს არსებულ ვითარებას, შეიცავდეს თუნდაც ბოლო 4 წლის მიღწევებს, ახალ გამოწვევებს, რადგან ზოგადი სურვილების გარდა გამოიკვეთოს მიღწეული და მისაღწევი შედეგები.

პროგრამის აქტუალობა, ამონარიდი პრიორიტეტების დოკუმენტიდან:

„აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური და კომუნალური მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე. მნიშვნელოვანია მისი პირდაპირი კავშირი ქალაქში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებთან. ბათუმის მუნიციპალიტეტის ხედვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სფეროში უკავშირდება ქალაქში ტურიზმის განვითარებას.

ასევე, გარდა ეკონომიკური განვითარებისა, თავის მხრივ, გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურის არსებობა ხელს უწყობს ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას და საცხოვრებელი გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას“- წერია მერიის პრიორიტეტების დოკუმენტში.

ჯემალ ანანიძის თქმით, „პრიორიტეტი მოიცავს შვიდ პროგრამას, რომელთა მიზანი, აღწერა და მოსალოდნელი შედეგი უცვლელადაა გადმოტანილი 2019 წლიდან მოყოლებული ყოველი მომდევნო წლის პროგრამებში.

არ ჩანს პრობლემებისა თუ მიღწევების არეალი, შეუძლებელია დადგინდეს, პრობლემა ეხება მთლიანად ქალაქს, თუ პრობლემები ნაწილობრივ მაინც მოგვარებულია წინა წლების პროგრამების განხორციელებით. „პრიორიტეტის დასაბუთება“ სრულად მეორდება 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტიდან.“

ქართველი მოსწავლე მოლეკულურ ბიოლოგიას აშშ-ში სრული დაფინანსებით ისწავლის

მეთორმეტე კლასის მოსწავლე, ირაკლი მატარაძე აშშ-ში, ვინგეითის უნივერსიტეტში (Wingate University ) სრული, 200 000$-იანი დაფინანსებით ისწავლის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოქიმიის მიმართულებაზე.

ირაკლიმ SAT-ის გამოცდაზე მათემატიკის მოდულში მაქსიმალური ქულა მიიღო – 800 ქულა შესაძლო 800-დან.

„თავიდან ვფიქრობდი, რომელ მიმართულებაზე შემეტანა განაცხადი უნივერსიტეტში, მათემატიკაზე თუ ბიოლოგიაზე. ბოლოს ბიოლოგია ვარჩიე, მერე სხვა არჩევანის წინაშე დავდექი, ბიოლოგიის ერთ – ერთი მიმართულება უნდა ამერჩია: ბიოინჟინერია, სამედიცინო ინჟინერია, ბიოქიმია ან მოლეკულური ბიოლოგია.

არჩევანი მოლეკულურ ბიოლოგიაზე შევაჩერე. ძალიან საინტერესო დარგია, მოლეკულურ დონეზე სწავლობ და აკვირდები უჯრედებში როგორი პროცესები მიდის.

მოლეკულური ბიოლოგიის წვლილი მედიცინაში ძალიან დიდია. ამ მიმართულების განვითარებამ მსოფლიოში შეიძლება მოიტანოს ის შედეგი, რომ ერთ დღესაც განკურნავენ ექიმები იმ დაავადებებს, რაც ახლა არ იკურნება.

გამარტივდება და ხელმისაწვდომი გახდება ის სამედიცინო პროცედურები, რაშიც ახლა ადამიანებს ძალიან  ბევრი ფულისა და დროის ხარჯვა უწევთ“, – ამბობს მე-12 კლასის მოსწავლე.

ირაკლი მატარაძე თბილისში, კომაროვის სკოლაში სწავლობს.

მისი თქმით, სწავლის დაწყებისთანავე ის სტუდენტის სტატუსით იქნება ჩართული კვლევებში.

„მე ჯერ არ მაქვს ინფორმაცია კიდევ რამდენი სტუდენტი ჩაირიცხა მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებაზე სრული, 100% დაფინანსებით ვინგეითის უნივერსიტეტში ჩემს მსგავსად, მაგრამ რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქე ვარ, ჩემთვის გაცილებით რთული იყო 100-პროცენტიანი დაფინანსების მოპოვება, ამერიკელ სტუდენტებთან შედარებით“ – ამბობს ირაკლი.

ირაკლი ამბობს, რომ განაცხადი რამდენიმე უნივერსიტეტში გაგზავნა და 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში, ჩაპელ ჰილშიც, თუმცა არჩევანი ვინგეითის უნივერსიტეტზე შეაჩერა. 

რატომ უნდა დავეხმაროთ ჟურნალისტებს უკრაინაში – #უკრაინულიმედიისთვის

კამპანია მედიის მხარდასაჭერად უკრაინულმა ორგანიზაციებმა ომის პირველი დღეებიდანვე წამოიწყეს და მასში მალევე ჩაერთნენ დასავლეთის გავლენიანი მედიასაშუალებები და ფონდები. მედია ყველა ქვეყანაში ერთიანდება იმისთვის, რომ უკრაინაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა გადაარჩინოს. დღეიდან ამ კამპანიას „ბათუმელები & ნეტგაზეთიც“ უერთდება.

ეს არის უკრაინული მედიის მხარდასაჭერი კამპანია, რომლის მიზანიც ომში მომუშავე ჟურნალისტების დახმარებაა და რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია – მოქალაქეებს, ცალკეულ ჟურნალისტებს, მედიასაშუალებებს, ორგანიზაციებსა თუ ბიზნესკომპანიებს – ყველას, ვისაც თავისუფალი სიტყვისა და ინფორმაციის მნიშვნელობა ესმის და ესმის, თუ რამდენად სასიცოცხლოდ აუცილებელია ის ომის პირობებში.

რატომ სჭირდება უკრაინულ მედიას დახმარება

აგერ, უკვე ორი თვეა, საქართველოს მთავარი ამბებიც უკრაინაში ხდება. ამ ომს მსოფლიოს ყველა მედიასაშუალება აშუქებს, თუმცა მთავარ ინფორმაციას მაინც უკრაინიდან ვიღებთ. ბევრი უკრაინელი ჟურნალისტი, ვინც საკუთარ ქალაქებში დარჩა, სულაც არ ყოფილა ახალი ამბების რეპორტიორი, მით უმეტეს ომის რეპორტიორი. ზოგი მათგანი ონლაინგამოცემის რედაქტორი იყო, ზოგი ციფრული მონაცემების ანალიტიკოსი, ზოგიერთი საერთოდაც მოგზაურობასა თუ კულტურაზე წერდა, თუმცა დღეს ისინი ამბობენ, – „მსოფლიომ უნდა იცოდეს სიმართლე“ და იმ ცნობილი გამონათქვამის საპირისპიროდ, ყოველდღე ამტკიცებენ, რომ ომში სიმართლე ყოველთვის არ კვდება.

სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ და მაინც მუშაობენ, ცდილობენ თავადაც გადარჩნენ და საკუთარი საქმეც გადაარჩინონ. უკრაინულ მედიას დღეს იმაზე ზრუნვაც უწევს, როგორ შეიძინოს აღჭურვილობა, საიდან მოიტანოს მუშაობისთვის აუცილებელი რესურსები, როგორ მოახერხოს და არ გაჩერდეს, მაშინაც კი, როდესაც მისი შემოსავლის ყველა წყარო დახურულია.

ზოგს პერსონალური თავდაცვის აღჭურვილობაც კი არ ჰქონია – ჯავშანჟილეტი და ჩაფხუტი, ზოგს მშობლიური ადგილიდან გაქცევა მოუხდა, ზოგს დამალვა, ზოგიერთს ქვეყნის დატოვება, ზოგს კი უბრალოდ ფინანსური რესურსები არ ჰყოფნის იმისთვის, რომ ომის პირობებში იმუშაოს.

„ამისთვის ბოლომდე მზად ვერავინ იქნებოდა“, – გვეუბნება ზახარ პროციუკი, The Fix Media-ს თანადამფუძნებელი და კამპანიის ერთ-ერთი ინიციატორი, – „არც ისე იოლია, იყო მდგრადი მედია უკრაინაში მშვიდობის დროსაც კი და ასჯერ უფრო რთულია ეს ომის დროს“.

რისთვის გროვდება თანხა

კოალიცია, რომლის მიზანიც უკრაინული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების ფინანსური დახმარებაა, ონლაინგამოცემა The Fix – მა შექმნა. ის ლონდონსა და კიევში ბაზირებული მედიასაშუალებაა და მისი დამფუძნებლებისა და რედაქტორების უმრავლესობა უკრაინელია.

ორგანიზაციამ ამ იდეის გარშემო გამომცემლებისა და მედიაზე მომუშავე ორგანიზაციების გაერთიანება დაიწყო: კამპანიაში ჩაერთნენ Axel Springer, The Guardian, The Local, და სხვა 15-მდე გავლენიანი მედიასაშუალება, რომლებიც უკრაინულ მედიას ეხმარებიან ფინანსურად, აღჭურვილობით თუ საინფორმაციო მხარდაჭერით. ვრცელია კამპანიის მონაწილე საერთაშორისო ფონდებისა და ინსტიტუტების სიაც.

მხარდაჭერა რამდენიმე ეტაპად იყოფა:

გადაუდებელიპერსონალური დაცვის აღჭურვილობა; ტექნიკური მხარდაჭერა (ქლაუდ-სერვერების მიგრაცია, შეტევებისგან თავდაცვა); სასწრაფო და პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა (მიკროგრანტები).

მოკლევადიანი: დახმარება გადაადგილებაში და მუშაობაში, როგორც უკრაინაში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ; დახმარება თანხების მოზიდვასა და საგრანტო პროექტების მომზადებაში.

გრძელვადიანი: 6-12 თვიანი დაფინანსება, რათა საქმიანობის გაგრძელება შეძლონ; ახალ ბიზნეს და საოპერაციო მოდელების შექმნაში დახმარება, თუნდაც ნაწილობრივი მდგრადობის მისაღწევად.

ვის ვეხმარებით

„ბევრი პროექტი დაიხურა, ბევრი ჟურნალისტი უმუშევარია. ბევრი ერთი რეგიონიდან მეორეში გადავიდა. ისინი სადღაც უნდა დასახლდნენ… ვიცნობ რამდენიმე კოლეგას, რომელიც აფეთქებისას მანქანაში ჩახტა და რაც თან ჰქონდა, იმით წავიდა – მეუღლე, შვილები, ძაღლი, კატა და ტელეფონი – სხვა არაფერი“, – გვითხრა ინტერვიუში მაქსიმ ოპანასენკომ, უკრაინული საგამოძიებო მედიის, „ბიჰუს ინფოს“ რედაქტორმა.

„ბიჰუს ინფო“ ერთ-ერთია იმ 12 ეროვნული დონის მედიასაშუალებას შორის, რომლებსაც კოალიცია ეხმარება:

Українська правда უკრაინაში პირველი ციფრული მედიაა. ის 2000 წელს დააარსა ჟურნალისტმა გიორგი ღონღაძემ, რომელიც მთავრობისადმი შეუპოვარი კრიტიკით გამოირჩეოდა და რომელიც, როგორც მოგვიანებით გამოძიებამაც დაადგინა, უკრაინის მაშინდელმა ხელისუფლებამ მოკლა.

„უკრაინსკა პრავდა“ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინმედიაა და 2022 წლის იანვრის მონაცემით, თვეში 38-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს. გამოცემა აერთიანებს ექვს მედიაპროექტს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ევროინტეგრაციაზე, ისტორიასა და ცხოვრების სტილზე. ისტორიულად, რედაქცია ცნობილია უკრაინაში პოლიტიკური კორუფციის გამოძიებით. 2021 წლიდან, „უკრაინსკა პრავდა“ აქტიურად აძლიერებს ვიდეო-გამოძიებების მიმართულებას. გამოცემის გამოძიებების უმრავლესობა უკრაინულ მედიასივრცეში ექსკლუზიურია.

Новое время (nv.ua) უკრაინის წამყვანი ციფრული მედიაა და დღეში მას მილიონ მომხმარებელზე მეტი კითხულობს. გამოცემა აშუქებს უკრაინისა და მსოფლიოს ამბებს სამ ენაზე (უკრაინულად, რუსულად და ინგლისურად). უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, „ნოვოე ვრემია“ უცხოური აუდიტორიისთვის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ხმა გახდა.

LIGA.net დაარსდა 2000 წელს. ის ერთ-ერთი წამყვანი ციფრული მედიაა და აშუქებს ისეთ თემებს, როგორებიცაა უსაფრთხოება, პოლიტიკა, ეკონომიკა და საზოგადოება. 2022 წლის იანვრის მონაცემით, გამოცემის ვებგვერდზე თვეში 13 მილიონი ადამიანი შედის.

Ukrainer 2016 წელს დაარსებული პროექტია, რომელიც საზოგადოებას უკრაინას, მის ხალხს, ხელოვნებას, ისტორიას აცნობს. „უკრაინერი“ კონტენტს 12 ენაზე ქმნის. ის ასევე ყველაზე პოპულარული ვიდეო პლატფორმაა და ჰყავს მოხალისეების რეკორდული რაოდენობა უკრაინასა და მსოფლიოში. „უკრაინერი“ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მედია და კულტურული ორგანიზაციაა. მისი გუნდი ქმნის პატარა ვიდეორგოლებს, ვიდეობლოგებს, სტატიებს როგორც უკრაინელი, ისე უცხოელი აუდიტორიისთვის.

Слідство.Інфо უკრაინის საგამოძიებო ჟურნალისტების სამი მთავარი გუნდიდან ერთ-ერთია. ცნობილია უკრაინის მაღალ ეშელონებში არსებული კორუფციის შესახებ გადაღებული ფილმებით. ომის დაწყების შემდეგ, გამოცემა აქვეყნებს სასარგებლო ინფორმაციას ომში ჩართული რუსების შესახებ.

Hromadske, არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი ტელევიზია”, წამყვანი უკრაინული დამოუკიდებელი მედიაა, რომელიც 2013-2014 წლებში, მაიდანის დროს დაიბადა. იგი შექმნეს ჟურნალისტებმა, რომლებსაც სურდათ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მედიასაშუალება მფლობელის გარეშე. დღეისთვის, „ჰრომადსკეს“ უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს მთელ ქვეყანაში. გამოცემა აშუქებს აქტუალურ ახალ ამბებს უკრაინასა და მსოფლიოში ყოველთვიურად დაახლოებით 5 მილიონი ადამიანისთვის. „ჰრომადსკე“ ცნობილია გამოძიებებით, ადამიანებზე ფოკუსირებული რეპორტაჟებით, ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის გაშუქებით. ახლა, რუსეთის სრულმასშტაბიანი და უპრეცედენტო ომისას, „ჰრომადსკე“ ერთ-ერთი უმთავრესი საინფორმაციო წყაროა.

Дзеркало тижня (Zerkalo Nedeli) დაფუძნდა 1994 წელს, როგორც „ხარისხიანი პრესა“. თავდაპირველად იბეჭდებოდა, თუმცა მოგვიანებით ინტერნეტშიც დაიწყო მუშაობა. გამოცემა უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი დამოუკიდებელი მედიაა. მისი ჟურნალისტები და რედაქტორები მუშაობენ ცხელი წერტილებიდან, მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან და დღეში 200-ზე მეტ ახალ ამბავს და სულ მცირე 20 ანალიტიკურ მასალას ქმნიან უკრაინულ და რუსულ ენებზე.

Бабель  2018 წელს დაარსებული დამოუკიდებელი პოლიტიკური და სოციალური ონლაინმედიაა. დაფუძნების დღიდან, გამოცემას მფლობელობის გამჭვირვალე პოლიტიკა აქვს. საზოგადოდაა ცნობილი „ბაბელის“ სარედაქციო პოლიტიკაც, ხოლო მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტი მას ერთ-ერთ ყველაზე სანდო მედიასაშუალებად მიიჩნევს. „ბაბელის“ რამდენიმე გამოცემამ მიიღო დამოუკიდებელი, „პროფესიული ღირსების“ ჯილდო.

Детектор медіаუკრაინული „უოჩდოგი“ (ქართ. მოდარაჯე ძაღლი), ამავე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაციის ონლაინგამოცემაა. „დეტექტორ მედიის“ მნიშვნელოვანი ამოცანაა უკრაინული მედიასაშუალებების მუშაობის ანალიზი, რათა მათ კონტენტის ხარისხი გაზარდონ და ხელი შეუწყონ მედიაწიგნიერების გაუმჯობესებას მოსახლეობაში. „დეტექტორ მედიის“ სხვა პრიორიტეტული სფეროებია: რეფორმები მედიაში, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნა და გაძლიერება, მედიის დარგში კორუფციის დასრულება, სახელმწიფოსა და მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი და მედიის ინფორმაციის პროპაგანდად ქცევის წინააღმდეგ მუშაობა.

Bihus.Info, ანტიკორუფციული და საინფორმაციო პროექტების ჯგუფი, შეიქმნა 2013 წელს გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდის მიერ, დენის ბიჰუსის ხელმძღვანელობით. „ბიჰუს ინფო“ ცნობილია თავდაცვის სფეროში არსებული კორუფციის გამოძიებით, ე.წ. „მედვედჩუკის ჩანაწერებით“ და საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების გაციფრულებაში შეტანილი წვლილით.

Заборона არის სტარტაპი, რომელიც საუკეთესო ხარისხის ღრმა რეპორტაჟებს აქვეყნებს და ამისთვის თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს იყენებს. უკრაინულ ენაში „ზაბორონა“ ტაბუს ნიშნავს. „ზაბორონაში“ მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანი ამბები ტაბუდადებული არ უნდა იყოს. პლატფორმა 2018 წელს ჩაუშვეს ჟურნალისტებმა კატერინა სერგაცკოვამ და რომან სტეპანოვიჩმა. „ზაბორონა“ დამოუკიდებელი გამოცემაა აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტური ქვეყნების სოციალურ ტრენდებსა და კულტურაზე და სთავაზობს მკითხველს ღრმა რეპორტაჟებსა და მიმდინარე მოვლენების ფართო კონტექსტს.

The Village Україна სამოქალაქო ონლაინგამოცემაა – ყველაფერი კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაზე, გართობაზე, მომსახურებასა და საჭმელზე კიევში. გამოცემის მიზანია, შექმნას კონტენტი, რომელიც ქალაქში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას დაეხმარება.

კოალიციამ საგანგებო ფინანსური დახმარება უკვე გაუწია 60-ზე მეტ რეგიონულ მედიასაშუალებას, ასევე ცალკეულ ჟურნალისტებს.

#უკრაინულიმედიისთვის საქართველოში

„ვეხმარებით უკრაინულ მედიას“ ეს არის გვერდი, რომელზეც კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ კამპანიაზე. მეტიც, გვერდი, საიდანაც ნებისმიერი მსურველი მარტივად შეძლებს გადარიცხოს თანხა, რომელსაც პირდაპირ უკრაინული მედიის მხარდამჭერი კოალიცია მიიღებს. შემოწირულების გაკეთება შესაძლებელია როგორც ბრიტანული პლატფორმა GoFundMe-ს საშუალებით, ისე პირდაპირ საბანკო ანგარიშებზე.

ყველა გადარიცხვა გადამწყვეტია – თქვენი დიდი თუ მცირე შენატანით დაეხმარებით ჟურნალისტებს, გადარჩნენ, იმუშაონ, განაგრძონ ომის გაშუქება და მსოფლიოს მიაწოდონ რეალური ინფორმაცია უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შესახებ.

ამ გვერდზე ჩვენ ასევე თავი მოვუყარეთ კოალიციის პარტნიორი მედიასაშუალებების შესახებ ინფორმაციას, ამ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა ინტერვიუებს, ბლოგებს, წერილებს, ვიდეომიმართვებს. ასევე, ყველა იმ მნიშვნელოვან სტატიასა თუ ახალ ამბავს, რომელიც კი ომში მომუშავე ჟურნალისტებს ეხება.

ინფორმაცია ომში განსაკუთრებით ძვირფასი და მნიშვნელოვანია. რომ არა ადგილობრივი და საერთაშორისო მედია, საზოგადოებას შესაძლოა, ომის ბევრი ამბავი ვერ გაეგო, ან გაეგო წლების დაგვიანებით. ეს ვფიქრობთ, ყველაზე უკეთ ისევ მედიის წარმომადგენლებსა და მედიის მეგობარ ორგანიზაციებს ესმით.

„ბათუმელები & ნეტგაზეთი“ კამპანიაში ჩართვის თხოვნით მიმართავს კოლეგებს, როგორც სატელევიზიო, ისე ონლაინ მედიიდან, სამოქალაქო სექტორს, ბიზნეს კომპანიებს და მოქალაქეებს. მთელი საქართველო ჩართულია უკრაინის მხარდასაჭერ აქციებში სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა, უკრაინული არმიისთვის თანხის გადარიცხვა, საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების დახმარება – თუმცა ისე, როგორც არასდროს, ჩვენი მხარდაჭერა ასევე სჭირდება უკრაინის კიდევ ერთ და ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტს – თავისუფალ მედიას.

მთავარი ფოტო: კარლოს ბარრია/ Reuters. ირპენი, უკრაინა.

აჭარაში მხოლოდ ხულოსა და ქედაში არ აქვთ პროგრამა მარტოხელა დედებისთვის

საქართველოში მარტოხელა მშობლის დასახმარებლად მთავრობას ერთიანი სტრატეგია არ აქვს. თითოეულ მუნიციპალიტეტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება როგორ დაეხმაროს მარტოხელა მშობელს, რომელთა უმრავლესობა მარტოხელა დედაა ან საერთოდ, დაეხმაროს თუ არა.

ეს აჭარის მაგალითზეც ცხადად ჩანს. აჭარის 6 მუნიციპალიტეტიდან მარტოხელა მშობლების მხარდაჭერის პროგრამა 3 მუნიციპალიტეტშია, ერთ მუნიციპალიტეტში მაისიდან ამოქმედდება, 2 მუნიციპალიტეტში კი საერთოდ არ არის. მუნიციპალიტეტებში სხვადასხვაა მარტოხელა მშობლების მხარდაჭერისთვის განკუთვნილი დახმარება და მიდგომაც.

ბათუმის მუნიციპალიტეტში მარტოხელა მშობლების ყოველთვიური დახმარების პროგრამა რამდენიმე წელია მოქმედებს. თავიდან პროგრამა ყოველთვიურად 60 ლარით დახმარებას ითვალისწინებდა, თუმცა  2020 წელს თანხა გაორმაგდა და ახლა ბათუმის მუნიციპალიტეტი მარტოხელა მშობლებზე ყოველთვიურად 120 ლარს გასცემს. მერიის პრესსამსახურის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ბათუმში 295 მარტოხელა მშობელია.

მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც მოქმედებს. პროგრამა 2021 წლიდან ამოქმედდა. აქ მარტოხელა მშობლები ყოველთვიურად  100 ლარს იღებენ. როგორც ქობულეთის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, გასულ წელს პროგრამაში ჩართული იყო 24 მარტოხელა მშობელი, მიმდინარე წელს კი ჩართულია 26.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მარტოხელა მშობლების მხარდაჭერის პროგრამა 2019 წელს ამოქმედდა, აქ დახმარებას მარტოხელა მშობლები არა ყოველთვიურად, არამედ წელიწადში ერთხელ, ყოველი წლის 3 მარტს იღებენ, 1000 ლარის ოდენობით.

„წელს ამ პროგრამით 29 მარტოხელა მშობელმა ისარგებლა და გადაეცათ 1000 ლარი. 3 მარტის შემდეგ 4 მარტოხელა მშობლის განაცხადი მივიღეთ, რომლებსაც ასევე გადაეცემათ ეს თანხა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჯამში 33 მარტოხელა მშობელია“, – გვითხრეს ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახური.

შუახევის მუნიციპალიტეტში 2022 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მარტოხელა მშობლები ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებენ. თუმცა შუახევში მხოლოდ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლებს დაეხმარებიან. მიუხედავად იმისა, რომ შუახევში სულ 8 მარტოხელა მშობელია რეგისტრირებული, დახმარებას მათგან მხოლოდ 4 მიიღებს და არა ყველა.

აჭარაში მხოლოდ ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს არ აქვთ პროგრამა მარტოხელა მშობლების მხარდასაჭერად.

„მსგავსი პროგრამის ამოქმედებაზე ჯერჯერობით საუბარიც არ არის“, – გვითხრეს ქედის მერიის პრესსამსახურში.

„ბათუმელები“ ესაუბრა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“, მზია ბოლქვაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ქედის საკრებულოს   წევრთან ერთად მუშაობს პროგრამის შემუშავებაზე მარტოხელა მშობლებისთვის და უახლოეს მომავალში წარუდგენენ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად.

„ამ პროგრამას შესაძლოა ერთჯერადი სახე ჰქონდეს და არ იყოს ყოველთვიური, რადგან ბიუჯეტი სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე უკვე გათვლილია. გვსურს, ერთჯერადი დახმარების მიღება მაინც შეძლოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ყველა მარტოხელა მშობელმა და წლის განმავლობაში გადანაწილდეს დახმარების გაცემა მათზე პრიორიტეტების მიხედვით. დავუშვათ, შვილის სწავლის დაფინანსება უნდა მარტოხელა მშობელს, ან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, კომუნალურების დაფარვა სჭირდება და ა.შ.“, – ამბობს მზია ბოლქვაძე.

საკრებულოს წევრს მოლოდინი აქვს, რომ ამ ინიციატივას ქედის საკრებულო დაამტკიცებს. მზია ბოლქვაძემ გვითხრა, რომ თავადაც მარტოხელა დედაა და კარგად იცის, თუ რა გზის გავლა უწევთ მარტოხელა მშობლებს.

მარტოხელა მშობლებისთვის პროგრამა არ აქვთ არც ხულოს მუნიციპალიტეტში.

ამ საკითხთან დაკავშირებით ხულოს საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“, ნარგიზ დეკანაძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ხულოს მერიას 20-მდე მარტოხელა მშობლის განცხადება აქვს მიღებული, რომლებიც შესასწავლია, თუმცა განაცხადების უმრავლესობა საცხოვრებლის არქონაზეა.

„ძირითადად საკითხი იდგა, რომ მარტოხელა დედებს, ყველას ერთიანად, საცხოვრისის პრობლემა ჰქონდათ. ამიტომ ჩვენ, როცა ბიუჯეტს განვიხილავდით, მათთვის საცხოვრებელი სახლის აშენების საკითხი დავაყენეთ. ეს ინიციატივა საკრებულოს ჰქონდა. ამას მოვითხოვდი ადრე მეც, ბიუჯეტის განხილვის დროს და პირადად მერის ინიციატივა და სურვილიც იყო ამ სახლის აშენება, თუ ამის შესაძლებლობა იქნება ბიუჯეტის გათვალისწინებით“ – ამბობს ნარგიზ დეკანაძე.

მისი თქმით, ეს საკითხი ბიუჯეტის განხილვის დროს ჩაიწერა შენიშვნებშიც, თუმცა საკითხის ჩასმა ვერ მოხერხდა.

„ჩემი პირადი მოლოდინია, რომ თუ კი თანხა გაჩნდება, ამ ინიციატივის მხარდაჭერა იქნება როგორც საკრებულოსგან, ასევე მერიისგან“, – გვითხრა ნარგიზ დეკანაძემ.

ამ დრომდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მარტოხელა მშობელი არის მარტოხელა დედა/მამა, რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის/დედის მონაცემები.

საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი 4500-მდე ქალს აქვს.

უეფა და დისნეი იწყებს პროექტს საქართველოში ფეხბურთის მოყვარული გოგოებისთვის

ფლეიმეიქერსი უეფასა და დისნეის ერთობლივი პროექტია, რომლის ვარჯიშები დისნიეს ანიმაციების თემატიკითაა შედგენილი და გარკვეული აქტივობების დახმარებით, 5-8 წლამდე გოგონების ფეხბურთში ჩართვას ისახავს მიზნად. სავარჯიშო პროცესში ჩართვა ბავშვებს უფასოდ შეეძლებათ.

საქართველოში „ფლეიმეიქერსის“ ჩასატარებლად მწვრთნელები სპეციალური პროგრამით გადამზადებას, სპორტულ ეკიპირებასა და ელექტრონულ სახელმძღვანელოებს უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. 

აღნიშნული პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 ლოკაციას მოიცავს. ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც კერძო სკოლები, ისე ქალთა კლუბები და საფეხბურთო აკადემიები, ასევე, სფფ-ის პროექტ #WePlayStrong საქართველოს წერტილები.

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, თითოეულ ლოკაციაზე მინიმუმ 10 გოგონას შეუძლია ვარჯიში, რომლებსაც მინიმუმ 2 მწვრთნელი ავარჯიშებს, მათ შორის ერთი ქალი. წლის განმავლობაში ვარჯიშები ორ ეტაპად, შემოდგომასა და გაზაფხულზე ჩატარდება.

დაინტერესების შემთხვევაში უნდა მისწეროთ Women’s Football Georgia-ს პირად შეტყობინებაში.

Playmakersის ლოკაციები საქართველოში: 

დასავლეთ საქართველო: 

  1. ბათუმი – სკოლა „ნიკე“
  2. ბათუმი – „მეგასკოლა“
  3. ბათუმი – ქალთა საფეხბურთო კლუბი „ბათუმი“
  4. ბათუმი – ბაღი „ბემბი ლენდი“
  5. ბათუმი – WPS ბათუმი
  6. ქედა – ქედის სკოლა
  7. ქობულეთი – ხუცუბნის სკოლა
  8. ხონი – ხონის ტექნიკური გიმნაზია
  9. გვიმბალაური – სფფ-ის საფეხბურთო აკადემია
  10. მარტვილი – მარტვილის საფეხბურთო აკადემია
  11. თერჯოლა – WPS თერჯოლა
  12. ზუგდიდი – ქალთა საფეხბურთო კლუბი „ფენიქსი“
  13. ამბროლაური – ქალთა საფეხბურთო კლუბი „რაჭა 2020“
  14. საჩხერე – ქალთა საფეხბურთო კლუბი „ქარიშხალა“
  15. ქუთაისი – ქალთა საფეხბურთო კლუბი „მართვე“

თბილისი

  1. WPS ვარკეთილი
  2. ბაქსვუდის სკოლა 
  3. ქალთა საფეხბურთო კლუბი ნორჩი „დინამო“
  4. ქალთა საფეხბურთო კლუბი „სოხუმის დინამო“
  5. სკოლაგიმნაზია „პირველი“
  6. ლოკომოტივის საფეხბურთო აკადემია
  7. დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემია
  8. სელეროს საფეხბურთო სკოლა
  9. ვიკინგები საფეხბურთო სკოლა
  10. WPS გლდანი
  11. WPS ვაკე
  12. საფეხბურთო კლუბი „კვარტალი“

აღმოსავლეთ საქართველო

    1. ახმეტა – საფეხბურთო კლუბი „ბახტრიონი“
    2. ახალციხე – ქალთა საფეხბურთო კლუბი „ზარზმა“
    3. გორი – ქალთა საფეხბურთო კლუბი „გორი იუნაიტედი“ 

UEFA Playmakers x Disney

„რუს სამხედროებს მოსწონთ, როცა სახალხოდ აუპატიურებენ“ – ფსიქოლოგები ფაქტებზე ჰყვებიან

ომში ყოველთვის იმატებს სქესობრივი დანაშაულების რიცხვი. ჯერჯერობით, შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენი ქალი გააუპატიურეს უკრაინაში: გამოძიება, ოფიციალურად, მხოლოდ რამდენიმე საქმეზე დაიწყო, თუმცა თუ იმ ადამიანების მონაყოლით ვიმსჯელებთ, რომლებიც ლტოლვილებთან და დაზარალებულებთან მუშაობენ, ასეთი ათობით, შეიძლება ასობით შემთხვევაც კი იყოს. გამოცემა „Холод“ ესაუბრა ორ ფსიქოლოგს, რომლებიც ძალადობაგამოვლილ უკრაინელ ქალებს ეხმარებიან.

„ერთმა გოგომ მითხრა, რომ კაცს ვეღარასოდეს შეიყვარებს“

ალექსანდრა კვიტკო, ფსიქოლოგი, მუშაობს უკრაინის სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე:

შავი ზღვის ტელერადიოკომპანიის რედაქტორი ვიყავი ყირიმში. როდესაც ყირიმი დაიპყრეს, კიევში გამოვიქეცი. კიევში გამიჩნდა ტყუპები. იძულებითმა გადასახლებამ და დედობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მაიძულა, ფსიქოლოგისთვის მიმემართა. ერთხელაც, მიმოვიხედე და მივხვდი, რომ სიღრმის ფსიქოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტში ვიმყოფებოდი. ამან მიბიძგა, ფსიქოლოგია მესწავლა. მაგისტრატურა დავამთავრე, შემდეგაც მუდმივად ვიმაღლებდი კვალიფიკაციას სხვადასხვა სპეციალიზაციით – კვებითი ქცევის დარღვევით დაწყებული, მოსაზღვრე პიროვნული აშლილობით დამთავრებული. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა მივიღო, რომ უფრო მეტ ადამიანს დავეხმარო.

8 წელია, ამ საქმეს ვაკეთებ. ამ ხნის განმავლობაში, თითქმის არასდროს ვარ შინ. 24 თებერვალს, როდესაც ცხადი გახდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა მიმეტოვებინა ყველაფერი და ახლა უკვე კიევიდან გავქცეულიყავი, დიდხანს ვეწინააღმდეგებოდი საკუთარ თავს. მეორე გაქცევა პირველზე რთულია, თუმცა განგაშისა და აფეთქების ხმები მაჩქარებდნენ: ორი შვილი მყავს, მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც უნდა მეზრუნა. ზაკარპატიეში გადავედით.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტური კარიერა იძულებით შევწყვიტე და ფსიქოლოგობა გადავწყვიტე, მთელი ეს წლები, იმ სამხედროებთან ვმუშაობდი, რომლებიც დონბასში იბრძოდნენ. ბევრი მათგანი დღესაც ვერ უმკლავდება იმას, რაც გადაიტანა, კიევის უმსხვილეს ფსიქიატრიულ კლინიკაში ვეტერანებისთვის სპეციალური განყოფილებაც კია შექმნილი. ომის ახალ ეტაპს ის გამოარჩევს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში შეუდარებლად მეტი მსხვერპლია.

ჩვენ შევქმენით ცხელი ხაზი, რომელზეც რეკავენ კაცებიც, ქალებიცა და ბავშვებიც. ადრე მხოლოდ ოჯახში ძალადობასთან მიწევდა შეხება – ვიღაც მამამ გააუპატიურა, ვიღაც ბიძამ, ვიღაც მეზობელმა. ადამიანები მოგვმართავდნენ მომხდარიდან 5, 10, ზოგჯერ 20 წლის შემდეგაც კი. ახლა უმრავლესობა ეგრევე მოდის. ზარები დაიწყო ბუჩისა და ირპენის გათავისუფლებისთანავე. ისტორიები, რომლებსაც მე მოგიყვებით, ჯერ ბოლომდე გადამოწმებული არაა.

წუხელ დამირეკა ერთმა გოგომ. ტიროდა, ყვიროდა, რომ დამნაშავეა. ვეუბნები: შენ არცერთ შემთხვევაში არ ხარ დამნაშავე, რა მოხდა? მომიყვა, რომ უნდოდა დედისთვის ყვავილები მიეტანა და ქუჩაში გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ დედა ეუბნებოდა, არ გასულიყო. გავიდა ყვავილების დასაკრეფად და უცებ კაცები გამოჩნდნენ. არაფერი ახსოვს იმის გარდა, რომ ყველგან, მთელ სხეულზე ეხებოდნენ და ხელებს ჰკიდებდნენ. დედამ ის ეზოში გულწასული იპოვა. ჯერ არ ვიცით, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ გოგონა თავს დამნაშავედ გრძნობს იმის გამო, რომ დედისთვის ყვავილების დასაკრეფად გავიდა.

კიდევ, ვმუშაობ 14 წლის გოგოსთან, რომელიც ხუთმა კაცმა გააუპატიურა და ახლა ორსულადაა. ექიმებმა თქვეს, რომ მისი სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, აბორტმა შეიძლება, უშვილობა გამოიწვიოს. ამიტომაც, ალბათ, ბავშვს გააჩენს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ არა თვითონ ჯგუფური გაუპატიურების თემაზე, არამედ ამ გოგოს დამოკიდებულებაზე მომავალი ბავშვის მიმართ. ეს ერთადერთი შემთხვევა არაა. ხშირად აუპატიურებენ 14, 15, 16 წლის გოგონებს – ომის შემდეგ ბევრი ორსული მოზარდი გვეყოლება.

ვმუშაობ 16 წლის გოგოსთან, რომელიც ორსულად იყო და ბავშვი დაკარგა. ის სამმა კაცმა გააუპატიურა. ასევე, 11 წლის ბიჭის დედასთან. ის სკამზე მიაბეს და აყურებინეს, მის შვილს როგორ აუპატიურებდნენ. ამ შემთხვევებზე უკვე ილაპარაკა უკრაინის სახალხო დამცველმა.

ხშირად მეკითხებიან, მაინც რატომ აკეთებენ ამას ასე? ვფიქრობ, ალბათ, იმისთვის, რომ უფრო მეტი სიამოვნება მიიღონ, უფრო დიდი ძალაუფლება იგრძნობ. დედას აყურებინებენ და ეს სადიზმი და სიმახინჯე მათ სიამოვნებას ანიჭებს.

თვითმხილველების გადმოცემით, რუს სამხედროებს უყვართ, როდესაც ვინმეს სახალხოდ აუპატიურებენ. ერთ 20 წლის გოგოს სამი მათგანი პირდაპირ ქუჩაში აუპატიურებდა. სახლიდან გოგონას დედა გამოვარდნილა შვილის დასახმარებლად, თუმცა შვილს დაუყვირია, – „შინ დარჩი, ხელი არ გახლონ, გავუძლებ როგორმე“.

ასეთ დროს, მხოლოდ მსხვერპლი არ იტანჯება, არამედ მოწმეც. თვითმხილველი იტანჯება, რომ ჩარევას, შველას ვერ ახერხებს. ეს ე.წ. გადარჩენილის ტრავმაა – ადამიანებს სძულთ საკუთარი თავი იმის გამო, რომ თვითონ გადარჩნენ, მათი ახლობლები კი ვერა.

გუშინწინ, მართლა ბოლო მომიღო ამ ისტორიამ. ჯგუფურად, მორიგეობით აუპატიურებდნენ ოჯახის ყველაზე უმცროს ქალიშვილს. ის 19 წლისაა, უფროსი და კი 21-ის. უფროსი და დაჩოქილი ეხვეწებოდა სამხედროებს, დის ნაცვლად წაეყვანათ, თუმცა ის რუსმა სამხედრომ გააჩერა და უთხრა, – „არა, შენ უყურებ… და გადაეცი სხვებსაც, რომ ასე მოუვა ნაცისტების ყველა ბოზს“.

უმცროსს უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა. იქ ექიმი არ იყო, ამიტომ დამ დაუმუშავა ჭრილობები და თან ფიქრობდა: რატომ მე არა? უმცროსი, რომელიც გააუპატიურეს, ჯერ ვერც კი ლაპარაკობს – მუდმივად აღებინებს.

ძირითადად ღამით რეკავენ, როდესაც ძალადობაგამოვლილებს საზარელი სიზმრები აღვიძებთ. ესმით აფეთქების ხმა, რომელიც არ არსებობს. იწყებენ ყვირილს. მათი მშობლები ან ახლობლები გვირეკავენ.

ალექსანდრა კვიტკო

რაც ომი დაიწყო, უკრაინაში თითქმის ყველა ფსიქოლოგი უფასოდ მუშაობს. ახლახან შევხვდი ერთ-ერთს, რომელსაც 5 წლის შვილი ჰყავს და საკუთარი თავისთვის და შვილისთვის აღარ აქვს ფული. მკითხა, ხომ არ ვიცოდი ვინმე, ვინც დამლაგებელს ეძებდა.

დონორების პოვნა ძალიან რთულია, თუმცა კოლეგებისგან პროფესიულ დახმარებას ნამდვილად ვიღებთ. ფსიქოლოგები პოლონეთიდან და ისრაელიდან გვეხმარებიან, როგორ უნდა ვიმუშაოთ იმ ადამიანებთან, ვინც ომის დანაშაულები გადაიტანა. მდგომარეობას, რომელშიც ეს პაციენტები იმყოფებიან, ეწოდება „მწვავე სტრესული აშლილობა“, და ჩვენი ამოცანაა, რომ ის პოსტტრავმულ სინდრომში არ გადავიდეს.

აგრესორები, რომლებზეც ძალადობაგამოვლილები ჰყვებიან, ყოველთვის სამხედრო ფორმიანი და ნიღბით ან რამე ნაჭრით სახედაფარული კაცები არიან. თვალების გარდა არაფერი უჩანთ. ეს საზარელია, რადგან როდესაც მოძალადის სახეს ხედავ, იმას მაინც ფიქრობ, რომ შეგიძლია ამოიცნო. როდესაც მოძალადე „უსახოა“, მსხვერპლის ცნობიერებაში, ყოველი კაცი პოტენციურ მოძალადედ იქცევა. ერთმა გოგომ მითხრა, რომ კაცს ვეღარასოდეს შეიყვარებს.

ცხელ ხაზზე ხუთნი ვმუშაობთ: მე მუდმივად, დანარჩენი ოთხი გოგონა კი მორიგეობით. კვირაში დაახლოებით 85 შეტყობინება შემოდის. ორი საათი მძინავს ღამეში და თითქმის ვერაფერს ვჭამ. მთლიანად მავსებს ის ისტორიები, რომლებსაც ვისმენ. როდესაც უკვე გაუსაძლისი ხდება, ფეხით დავდივარ, შვილებს ვეხუტები და ჩემს კატას ვეფერები.

კიევის რაიონის გათავისუფლების შემდეგ ძალიან რთული პერიოდი იყო. უკვე დაიწყო შეტყობინებები ხერსონის რაიონიდან. წარმოდგენაც კი არ მინდა, რა ხდებოდა და ხდება მარიუპოლში. მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ ასეთ ზღვარგადასულ სისასტიკეს, მთელი ჩემი პრაქტიკის განმავლობაში, არ შევხვედრივარ.

ისინი, ვინც ძალადობა გამოიარა ან ძალადობის მოწმე იყო, ჰყვებიან, რომ მოძალადეები, ხმის მიხედვით, ახალგაზრდები არიან, ასე 20-25 წლისანი. პუტინის მმართველობის ასაკის ბიჭები. ვფიქრობ, მათ ჩაუნერგეს, რომ უკრაინელები მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან. ისინი გრძნობენ დაუსჯელობას და ძალაუფლების წყურვილს, მაგრამ რაც მთავარია – რუსეთში ოჯახში ძალადობა დეკრიმინალიზებულია. ნორმალიზებულია.

ჩვენც გვაქვს ამ მხრივ პრობლემები, მაგრამ ჩვენ წინ მივდივართ, „მცემს, ესე იგი ვუყვარვარ“, უკვე აღარ მუშაობს. ამ ადამიანებმა კი სხვა სიყვარული არ იციან, მათთვის სუსტის ცემა, გაუპატიურება – ნორმაა.

„საშინელებები, რასაც ახლა მიყვებიან, მხოლოდ კინოში თუ მინახავს“

ანნა მარუჟენკო, გეშტალტ თერაპევტი, სექსოლოგი:

ომამდე კიევის ცენტრში ვცხოვრობდი. ომის პირველი სამი დღე უარყოფის მდგომარეობაში გავატარე. შემდეგ ჩემი ფანჯრის წინ ტანკებმა ჩაიარეს. წავიყვანე ძაღლი, კატა, ბავშვები, დედა და ვარშავაში წავედი.

თავიდან სესიების უმრავლესობა გადაიდო, რადგან არავინ იცოდა, რა უნდა გვექნა. ვიღაც გზაში იყო, ვიღაც აპირებდა წასვლას, ბევრი მირეკავდა და დახმარებას აქეთ მთავაზობდა. ჩემი პაციენტების დიდ ნაწილს ახლა ძალიან უჭირს, ამიტომ კონსულტაციის ფულს მხოლოდ ისინი იხდიან, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, უმრავლესობისთვის კი ჩემი დახმარება უფასოა.

ჩემი სპეციალიზაცია გეშტალტ თერაპიაა. განსაკუთრებით ბევრს ვმუშაობ სექსუალიზებული ძალადობის შემთხვევებზე. მე თვითონ გამოვიარე ძალადობა, ამიტომაც პაციენტებთან უფრო გახსნილი ვარ: მათ ჩემი გამოცდილების შესახებ ვუყვები. ვუყვები იმასაც, თუ როგორ გადავლახე სტრესი – ასე იწყება ჩვენი საუბრები.

ომამდე, ძირითადად, ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე ვმუშაობდი. ასეთი პაციენტები მაშინ მოდიან ჩემთან, როცა უკვე დიდები არიან. ეს ძალიან სასტიკი შემთხვევებია, თუმცა ის საშინელებები, რასაც ახლა მიყვებიან, მხოლოდ კინოში თუ მინახავს.

ომის კონტექსტში, სიღრმის თერაპია შედარებით ზედაპირულმა მხარდაჭერამ ჩაანაცვლა. ახლა სესიები იწყება შეკითხვით: სად ხართ, როგორ არიან თქვენი ახლობლები, ყველანი უსაფრთხოდ ხართ? – მთავარია გადარჩენა. ვცდილობთ ძილისა და კვების რეჟიმის მოწესრიგებას. საომარი დრო იმით განსხვავდება მშვიდობიანობისგან, რომ შეუძლებელი ხდება, დაუბრუნდე ჩვეულ რუტინას, რომელიც ტრავმის მოსაშუშებლად აუცილებელ და უსაფრთხო კონტექსტს ქმნის. ადამიანები მიემგზავრებიან, იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, გარშემომყოფებს – ეს ისედაც სტრესული კონტექსტია და ძალიან ძნელია, რომ ამ დროს თვითონ ტრავმას ჩაუღრმავდე.

არც ჩემთან და არც ჩემს კოლეგებთან თითქმის არავინ მიდის ასეთი ფორმულირებით – „მე გამაუპატიურეს“. ძალიან ხშირად, ძალადობის მოგონებები რაღაცნაირად მიმალულია და მხოლოდ მას შემდეგ ამოტივტივდება ხოლმე, როდესაც სხვა პრობლემებზე მუშაობას ვიწყებთ.

ახლახან, ორი ძალადობაგამოვლილი პაციენტი მოვიდა ჩემთან, ბუჩიდან და ირპენიდან – ისინი ჩემთვის ჯერჯერობით პირველები არიან. მათ არ სურთ, რომ დეტალებს მოვყვე – ეშინიათ, რომ მათ იცნობენ და მერე ვეღარასოდეს შეძლებენ პირადი ცხოვრების აწყობას. ისინი უკრაინელმა სამხედროებმა იპოვეს და სხეულზე მიყენებული დაზიანებებითა და შემოხეული ტანსაცმლით მიხვდნენ, რომ გააუპატიურეს. ჩემი კონტაქტები მისცეს. გოგოებმა გაბედეს და დამიკავშირდნენ: ერთთან მიმოწერა მაქვს, ის არაა მზად, საკუთარი სახე მაჩვენოს, მეორესთან ვიდეოზარებით ვლაპარაკობ. ისინი სასტიკად დაამცირეს.

მშველის, რომ ახლა უკრაინაში არ ვარ – ასე შემიძლია ცოტა შორიდან შევხედო ყველაფერს და ვიპოვო საკუთარ თავში რესურსი სხვების დასახმარებლად. როდესაც ძალიან მიჭირს, პირად თერაპიას მივმართავ – ჩავეწერე სპეციალურ ჯგუფებში კოლეგებთან ისრაელიდან, საფრანგეთიდან და პოლონეთიდან.  თუკი ადრე ასეთ ჯგუფებში კვირაში ერთხელ დავდიოდი, ახლა მათი მხარდაჭერა თითქმის ყოველდღიურად მჭირდება.

ანნა მარუჟენკო

სქესობრივი დანაშაულის ბევრი მსხვერპლი ფსიქოლოგამდე არც მიდის. მათ ხშირად დანაშაულის გრძნობა ტანჯავთ, სძულთ საკუთარი თავი, საკუთარი სხეული. ეს შეგრძნებები ნაცნობია ჩემთვის – მე თავად გავიარე ყველა ეს ეტაპი, რომ გაუპატიურების შემდეგ საკუთარი თავი მიმეღო. ხანდახან ამით ვიწყებ ლაპარაკს ჩემს პაციენტებთან – შეიძლება ამიტომაც შეძლეს ჩემთან ლაპარაკი გოგოებმა ბუჩიდან და ირპენიდან.

ცოტა ხნის წინ, მომმართეს უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, ხერსონის ოლქთან დაკავშირებით – იქ, თითქოს, შვიდი გოგონა სადღაც ჰყავდათ ჩაკეტილი და აიძულებდნენ, რუსი სამხედროებისთვის „მომსახურება გაეწიათ“.  ჯერჯერობით არცერთ მათგანს არ დაურეკავს ჩემთან და პროფესიული ინსტინქტი მკარნახობს, რომ ალბათ, არც დარეკავენ. ასეთი გამოცდილების ვინმესთვის გაზიარება ძალიან რთულია, ყველა ვერ ახერხებს ამ ნაბიჯის გადადგმას.

ზოგჯერ უკრაინელი სამხედროები მთხოვენ, ფრთხილად გამოვკითხო პაციენტს, როგორ გამოიყურებოდა მოძალადე, რა განსაკუთრებული ნიშნები ჰქონდა, რომ მისი პოვნა შეძლონ. თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება, ადამიანს, რომელმაც ძალადობა და დამცირება გადაიტანა, აიძულო, გაიხსენოს აგრესორი.

რუსი სამხედროების სისასტიკის ხარისხი ძალიან მაღალია. მე ჯანმრთელი ადამიანი ვარ და მათ ადგილას თავის წარმოდგენა მიჭირს. საკუთარ ამოცანას იმაში ვხედავ, რომ ახლა უკრაინელებს დავეხმარო და არა რუსი სამხედროების გონებაში ჩახედვა ვცადო. და მაინც, ამგვარ სისასტიკეს იმით ვხსნი, რომ დაბალი სოციალური განვითარების მქონე ადამიანებს, არ აქვთ ინსტრუმენტები, რომლებიც მათ სასოწარკვეთილების მომენტებში, ამ გრძნობასთან გამკლავებაში დაეხმარებოდა – და ამ დროს ყოველგვარი მხეცობის ჩამდენნი ხდებიან.

მათ უნდებათ, საკუთარი უსუსურობა დაძლიონ იმით, რომ უყურონ, როგორ იტანჯება „ის“, რაღაც ცოცხალი, მათზე სუსტი. დიახაც, „ის“ სქესის გარეშე. მათ საკუთარი თავი სძულთ და ამ სიძულვილს მსხვერპლისკენ მიმართავენ. ცდილობენ, გონებიდან განდევნონ ფიქრები დამცირების, შიშის, უსუსურობის შესახებ და აბსოლუტური დაუსჯელობის პირობებში, ბევრი მათგანი სწორედ ძალადობით ცდილობს, საკუთარ ძალაუფლებაში დარწმუნდეს.

ამ ომში ბევრი ჯგუფური გაუპატიურებაა, ინდივიდუალურ შემთხვევებზე არც კი მსმენია. აქ, რა თქმა უნდა, ასეთი მომენტიცაა – ზოგს ეშინია, რომ თუკი არ შეუერთდება ამხანაგებს და მათსავით მოძალადე არ გახდება, თავად შეიძლება მსხვერპლად იქცეს. მათგან ბევრს ალბათ ფსიქიკური პრობლემებიც აქვს.

სამწუხაროდ, მსოფლიომ საკმარისი ომები ნახა საიმისოდ, რომ ვიცოდეთ, რა ტრავმებს ნიშნავს ეს ომი. საზოგადოება მოექცევა სამკუთხედში – „მსხვერპლი – აგრესორი – მხსნელი“. სამხედროების აგრესია, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ლეგალიზებულია. ომის შემდეგ ამ საკითხზე ბევრი სამუშაო გვექნება, შეიძლება, გახშირდეს ძალადობა ოჯახში.

ისიც მესმის, რომ ბევრ ადამიანს ექნება თვითმხილველის ტრავმა. ადამიანები ამ ტრავმას, დანაშაულის შეგრძნებას, ძალიან დიდხანს ვერ იშორებენ და შესაძლოა, მათაც შეექმნათ სექსთან დაკავშირებული პრობლემები.

ცალკე უზარმაზარი თემაა – ომის ბავშვების მთელი თაობა. ეს ომი ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ყველა ბავშვს რაღაც ფორმით მაინც შეეხო. ჩემი ისრაელელი კოლეგები ხშირად ამბობენ, რომ ზრდასრულებს შედეგებისგან უკვე ვეღარ დავიცავთ, მაგრამ ბავშვებთან მუშაობა შესაძლებელია. მათ უნდა მოვუყვეთ სხეულის საზღვრების, პასუხისმგებლობის საზღვრების შესახებ – ჩვენი საზღვრები ხომ ახლა ყველა მნიშვნელობით დარღვეულია.

მაგრამ მე ვცდილობ პოზიტიურ მომენტებზეც ვილაპარაკო: მობილიზაციაზე და თითოეული ადამიანის პიროვნულ ზრდაზე. 4 წლის ბავშვსაც კი შეიძლება უკვე დავალება მისცე, მაგალითად, მოძებნოს უსაფრთხო ადგილი დასამალად. მოქალაქეთა სოლიდარობის ხარისხი კიდევ ძალიან დიდხანს იქნება ასეთი მაღალი.

___

ავტორი: ეკატერინა ბოდიაგინა

თარგმნა: თამარ რუხაძემ

ფოტო: Reutir.com

ნამთვრალევი გენერლები მიხვდნენ, რომ ნაგავი არმია ჰყავთ – რუსი ბანკირი

რუსი ბიზნესმენი, მილიარდერი, ბანკ Тинькофф-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვი ინსტაგრამზე უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმიანება და წერს, რომ რუსების უმრავლესობა ამ ომის წინააღმდეგია.

„მე ვერ ვხედავ ამ გიჟური ომის ვერც ერთ ბენეფიციარს! იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები და ჯარისკაცები.

სიმთვრალის შემდეგ გაღვიძებული გენერლები მიხვდნენ, რომ ნაგავი არმია ჰყავთ. და როგორ იქნება არმია კარგი, თუკი ქვეყანაში სხვა ყველაფერი ნაგავშია და ჩაფლულია ნეპოტიზმში, ლაქიაობასა და ჩინის პატივისცემაში?

კრემლის ჩინოვნიკები შოკში არიან, რომ ზაფხულში ხმელთაშუა ზღვაზე ვერ წავლენ არა მხოლოდ თვითონ, არამედ მათი შვილებიც. ბიზნესმენები ცდილობენ გადაარჩინონ ქონების ნარჩენები…

რა თქმა უნდა, არიან დებილები, რომლებიც Z-ს ხატავენ, მაგრამ დებილები ნებისმიერ ქვეყანაში 10 პროცენტია. რუსების 90% ამ ომის წინააღმდეგია!

ძვირფასო „კოლექტიურო დასავლეთო“, გთხოვთ, მიეცით ბატონ პუტინს თავისუფალი გასასვლელი, რათა გადაირჩინოს სახე და შეაჩეროს ეს ხოცვა-ჟლეტა. გთხოვთ, იყოთ უფრო რაციონალურები და ჰუმანურები“ – წერს ტინკოვი.

პოსტი ინსტაგრამზე ტინკოვის ვერიფიცირებულ ანგარიშზე გამოქვეყნდა დღეს, 19 აპრილს.

ტინკოვი 24 თებერვლიდან დიდ ბრიტანეთში სანქცირებული რუსი ბიზნესმენების სიაშია.

60 სამხედრო და 16 სამოქალაქო ტყვე დაბრუნდება სახლში – ვერეშუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, 19 აპრილს ოფიციალურმა კიევმა ჯამში 76 უკრაინელი პატიმრის გაცვლა მოახერხა.

ვერეშუკი ტელეგრამზე წერს, რომ ეს ტყვეების მეხუთე გაცვლაა.

„დღეს ჩვენ გავცვალეთ 60 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 10 ოფიცერი. გარდა ამისა, სახლში დაბრუნდება 16 სამოქალაქო პირი.

ეს ტყვეების მეხუთე გაცვლაა. საერთო ჯამში 76 ადამიანი“, – წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი.

მანამდე, ვერეშუკმა განაცხადა, რომ 19 აპრილისთვის ვერც ერთი ჰუმანიტარული დერეფნის შეთანხმება ვერ მოხერხდა. დონბასი ინტენსიურად იბომბება და რუსი სამხედროები უარს აცხადებენ მარიუპოლიდან ბერდიანსკის მიმართულებით სამოქალაქო პირებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე.

როგორც უკრაინის ვიცე-პრემიერი დილით წერდა, უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისთვის ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში.

ბათუმის საკრებულომ გახარიას პარტიაში გადასული თანამშრომელი სამსახურში უნდა აღადგინოს

„სასამართლომ დაადასტურა, რომ პოლიტიკური ნიშნით მოხდა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება და არავითარი სხვა საფუძველი არ არსებობდა,“ – ამბობს გია აბულაძე, ის ბათუმის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი იყო და 2021 წლის 25 მაისს გაათავისუფლეს სამსახურიდან. მანამდე, ორი დღით ადრე, გია აბულაძემ ფეისბუქზე გიორგი გახარიას მხარდამჭერი პოსტი გაავრცელა.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სრულად დააკმაყოფილა გია აბულაძის სასარჩელო მოთხოვნები: გათავისუფლების შესახებ გამოცემული აქტი გაბათილდა, გია აბულაძე სამსახურში უნდა აღადგინონ და განაცდურიც გადაუხადონ. გია აბულაძე თვითმმართველობის არჩევნებში ხულოს მერობის კანდიდატი იყო გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“, დღეს კი, ამავე პარტიის ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

„…არ დავაკონკრეტებ ვინ, მაგრამ პოსტის დადების შემდეგ საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა დამიბარეს და გახარიას მხარდამჭერი პოსტის ფეისბუქში წაშლა მომთხოვეს, თუ არადა, დაწერე მაშინ განცხადება და წადიო. 25 მაისს თავად დაწერეს ბრძანება და ჩამიწერეს, რომ დისციპლინური გადაცდომის გამო გამათავისუფლეს… სასამართლოში განხილვის ეტაპზე გამოჩნდა, რომ არავითარი გადაცდომა არ მქონდა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ გია აბულაძემ.

გია აბულაძე ბათუმის საკრებულოში დაახლოებით 6 წელი მუშაობდა ჯანდაცვის კომისიის აპარატში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

გია აბულაძეს ამ ეტაპზე არ აქვს გადაწყვეტილი, დაბრუნდება თუ არა სამუშაოდ ბათუმის საკრებულოში. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არც ბათუმის საკრებულოს ჩაჰბარებია, სადაც უნდა იმსჯელონ: სამსახურში აღადგინონ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

გია აბულაძის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, მარიამ შაინიძე იცავს.

საბერძნეთმა სანქციების ფარგლებში რუსული ტანკერი დააკავა

საბერძნეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, საბერძნეთმა  კუნძულ ევიასთან დააკავა რუსული ნავთობის ტანკერი,  ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ აქვეყნებს.

რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღებასთან ერთად, მიმდინარე თვის დასაწყისში ევროკავშირმა აკრძალა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების შესვლა ევროკავშირის 27 ქვეყნის პორტებში, გარკვეული გამონაკლისების დაშვებით.

რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი „პეგასი“, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 19 რუსი წევრით,  დააკავეს ევიის სამხრეთ სანაპიროზე, რომელიც მდებარეობს საბერძნეთის მატერიკზე, დედაქალაქ ათენის მახლობლად.

„ტანკერი დაკავებული იქნა ევროკავშირის სანქციების ფარგლებში“, – თქვა სანაოსნოს სამინისტროს წარმომადგენელმა. სანაპირო დაცვის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ გემზე არსებული ნავთობის ტვირთის კონფისკაცია არ მომხდარა.

____

მთავარი ფოტო: რუსეთის დროშის ქვეშ მცირავი ტანკერი

სოფელ ბეღლეთში მოტობლოკი ხევში გადავარდა – დაშავდნენ ბაბუა და შვილიშვილი

დღეს, 19 აპრილს, ხულოში, სოფელ ბეღლეთში, ერთ-ერთი მცხოვრები კუთვნილი მოტობლოკით ხევში გადავარდა. მძიმედ დაშავდა მოტობლოკის მფლობელის შვილიშვილი, დაახლოებით სამი წლის ბავშვი, რომელიც თან ახლდა ბაბუას.

შემთხვევა დილას მოხდა.

როგორც მერის წარმომადგენელმა სოფელ ბეღლეთში გურამ კახაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და ის ამ დროისთვის ბათუმში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

„ბავშვის ბაბუას არ აქვს მძიმე დაზიანებები“, – გვითხრა გურამ კახაძემ.

მისი ინფორმაციით, მოტობლოკი გზას ასცდა და ხევში გადავარდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.

შსს-ს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

მოსთხოვეთ თქვენს მთავრობას იარაღი უკრაინისთვის – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ მსოფლიოში ბევრისთვის ომი უკრაინაში შოუდ იქცა, თუმცა „ყოველი ახალი ეპიზოდი უკრაინის არმიის სისხლით იწერება“.

„ბრძოლა დონბასისთვის, სეზონი II”. მსოფლიოში ბევრისთვის ომი უკრაინაში netflix-ის კიდევ ერთ სატელევიზიო შოუდ იქცა. მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირებით, სხვადასხვა სიუჟეტური ხაზითა და პიკური მომენტებით ახალ ეპიზოდამდე.

„ბეჭდების მბრძანებელი”? “სამეფო კარის თამაშები”? “შავი სარკე” ? მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი: ჩვენ არ გვყავს მსახიობები, ხალხი ნამდვილად კვდება და შოუს წამყვანები ბედნიერი დასასრულის გარანტიებს არ იძლევიან.

ყოველი ახალი ეპიზოდი უკრაინის არმიის სისხლით იწერება. ტელევიზიისგან განსხვავებით, აქ თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბოროტების შეჩერებას. მოსთხოვეთ თქვენს მთავრობას იარაღი უკრაინისთვის + ემბარგო რუსულ ნავთობზე. ევროკავშირმა იცის გამარჯვებისთვის საჭირო რეცეპტი“ – წერს პოდოლიაკი.

Exit mobile version