მთავარი,სიახლეები

„ხშირად, ექიმის კაბინეტამდეც კი ვერ ვაღწევ“ – რატომ არ მიუწვდებათ შშმ ქალებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელი

20.04.2022 • 2088
„ხშირად, ექიმის კაბინეტამდეც კი ვერ ვაღწევ“ – რატომ არ მიუწვდებათ შშმ ქალებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელი

რეგიონში მცხოვრებ შშმ ქალებს, არაადაპტირებული გარემოს გამო სამედიცინო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ. ყველაზე რთულ მდგომარეობაში ეტლით მოსარგებლე შშმ ქალები არიან, რადგან ისინი ხშირად ექიმის კაბინეტამდეც კი ვერ აღწევენ.

42 წლის ეკა ქაჯაია ეტლით მოსარგებლეა. ის თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, გლდანში ცხოვრობს. შვილი ოთხი წლის წინ გააჩინა და გვიყვება იმის შესახებ, თუ რამდენად სტრესული იყო მისთვის სამედიცინო გამოკვლევებზე ექიმთან სიარული არაადაპტირებული გარემოს გამო.

როცა ორსულად ვიყავი, ვერ ვსარგებლობდი გინეკოლოგიური სავარძლით, ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ვერ შევდიოდი ეტლით კაბინეტში, ექიმის ოთახშიც კი შეუძლებელი იყო შესვლა. ჩემს მეუღლეს ავყავდი ხოლმე ხელში და ისე შევყავდი გამოკვლევებზე“-გვეუბნება ეკა.  

მას შემდეგ, რაც ეკას მეუღლე გარდაიცვალა, მისი ცხოვრება ბევრად გართულდა. იმის გამო, რომ მას ექიმთან გამყოლი არ ჰყავს, გეგმიური გამოკვლევების ჩატარებასაც კი ვეღარ ახერხებს.

„ხშირად, ექიმის კაბინეტამდეც კი ვერ ვაღწევ, რადგან კაბინეტები პატარაა და ეტლი არ შედის. აქ გლდანში, საერთოდ არ არის ადაპტირებული კლინიკა. „ევექსის“ კლინიკაში მინდოდა მისვლა, მაგრამ მომსახურება მეორე სართულზეა, ეტლი ლიფტში ვერ შედის, ძალიან პატარაა. თბილისში რომც წავიდე, ექიმამდე მისვლას მაინც ვერ მოვახერხებ, მეუღლე აღარ მყავს რომ ხელში ამიყვანოს, ვის უნდა ვთხოვო დახმარება?

ჩიყვიც მაქვს, მჭირდება გეგმიური გამოკვლევები, ანალიზები, მაგრამ ვერ ვიკეთებ. ფაქტობრივად, არაადაპტირებული გარემოს გამო ვერ ვიღებ სამედიცინო მომსახურებას“-გვეუბნება ეკა ქაჯაია.

ეკას აზრით, თითქმის არცერთი  სამედიცინო დაწესებულება არ გრძნობს პასუხისმგებლობას შშმ ადამიანების მიმართ. „როცა ვეკითხები, „რატომ არ გაქვთ ადაპტირებული კლინიკა?“ ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი აქვთ, – „რა გითხრათ, არ გაგვიკეთეს…“

ეკა ქაჯაია

არაადაპტირებული გარემოს გამო, ეკა ქაჯაია ვერც კიბოს სკრინინგის პროგრამებით სარგებლობს. „მეუბნებიან, რომ ვერც დამეხმარებიან სამედიცინო კაბინეტში შესვლაში, ამიტომ იძულებული ვარ უარი ვთქვა სკრინინგის პროგრამით სარგებლობაზე, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ტელევიზორში მესმის ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ შშმ პირებისთვის გაუმჯობესდა გარემო, მაგრამ ფაქტია, რომ ცარიელი სიტყვებია, რეალობა კი ბევრად რთული.

აფთიაქში ვერ შეხვალ, პანდუსი არ არის, ტროტუარზე ვერ გაივლი, ყველგან მანქანა დგას, ვერც სხვა შენობებში შედიხარ ეტლით, რადგან ყველგან არც არის პანდუსი და სადაც არის, იქაც მანქანებითაა ჩახერგილი, სულ ჩხუბი  მიწევს რომ გაათავისუფლონ შესასვლელი.

როგორც შშმ პირს, პენსიის გარდა ისედაც სხვა ვერაფრით მეხმარება სახელმწიფო, რადგან ფაქტობრივად ყველა გამოკვლევაში თანხის გადახდა მიწევს და არც მედიკამენტების შეძენისას მაქვს შეღავათი. ამას რომ თავი დავანებოთ, კლინიკაში მისვლა და ექიმის ნახვა იმდენად პრობლემურია, რომ ფაქტობრივად სამედიცინო სერვისების გარეშე ვრჩები“- გვეუბნება ეკა.

ბოლო წლებია ეკა იუსტიციის სახლში, რეგისტრატორად მუშაობს, სველი წერტილები არც ამ შენობაშია ადაპტირებული, ამიტომ მუშაობა სახლიდან უწევს.

ადაპტირებული სამედიცინო კაბინეტების პრობლემაზე საუბრობს დეა ერემაშვილიც. დეა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ კონსულტანტი და შშმ ქალია, რომელსაც ასევე არ მიუწვდება ხელი არაერთ სამედიცინო სერვისებზე. მას როგორც საკუთარი, ასევე სხვა შშმ ქალების უფლებებისთვისაც უწევს ბრძოლა.

„ყველაზე დიდ პრობლემად რჩება ის, რომ შშმ ქალებს არ შეუძლიათ ადაპტირებული გინეკოლოგიური კაბინეტებით სარგებლობა.

დეა ერემაშვილი

აჭარაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან როცა გვაქვს ხოლმე კონსულტაციები, ყოველთვის ვაყენებთ ამ საკითხს. აქამდე გვეუბნებოდნენ, როცა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაიხსნება და აღიჭურვება, იქ გავითვალისწინებთ ადაპტირებულ გინეკოლოგიურ კაბინეტსო.

თუმცა კოვიდის გამო რესპუბლიკური ნაადრევად გაიხსნა, აღჭურვითაც აღჭურვეს, მაგრამ ადაპტირებული სერვისი მაინც არ არის გათვალისწინებული“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო პასუხისმგებლობას ძირითადად პროვაიდერებს აკისრებს, თუმცა სახელმწიფოს შშმ პირთა კონვენციით ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს ხელმისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი და სახელმწიფო შესყიდვების დროს, სატენდერო პირობებში უნდა მიუთითოს, რომ გამარჯვებული კომპანია ვალდებულია შექმნას ადაპტირებული გარემო შშმ ქალებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ჩვენ პროვაიდერებზე ზეწოლას ვერ მოვახდენთო. ქალთა მოძრაობის ინიციატივა იყო, რომ სწორედ სახელმწიფომ დაავალდებულოს პროვაიდერი კლინიკები, უზრუნველყონ ადაპტირებული სამედიცინო მომსახურება, რადგან როცა პროვაიდერად რეგისტრირდებიან, წესით, უნდა იცოდნენ რა არის საერთაშორისო სტანდარტი.

2022 წელია უკვე და საქართველოში, უნივერსალურ ადაპტირებულ გინეკოლოგიურ სავარძელს ვერც ერთ კლინიკაში ვერ ნახავთ. თუნდაც  თბილისში.

კლინიკები სიძვირეს იმიზეზებენ, მაგრამ ვფიქრობ, ვერ აღიქვამენ ჩვენს საჭიროებებს. ალბათ ფიქრობენ, რომ ამდენი შშმ ქალი არ მოვა.

ჩვენ ვითხოვთ არა უბრალოდ ადაპტირებულ შესასვლელს კლინიკაში, არამედ უნივერსალური სერვისის დანერგვას. ეს ადაპტირებული გინეკოლოგიური სავარძელი არა მარტო შშმ ქალებს სჭირდებათ, სხვა პაციენტებსაც გამოადგებათ, იგივე ასაკოვან ქალებსაც“, – ამბობს დეა.

„ბათუმელები“ ესაუბრა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა შშმ ქალებმა რომელიმე კლინიკაში მიიღონ ადაპტირებული გინეკოლოგიური მომსახურება? სამინისტროში გვითხრეს, რომ მათი ინფორმაციით, ადაპტირებული გარემო აქვს კლინიკა „მედინას“ და ბათუმის სამშობიარო სახლს.

ეს ინფორმაცია დეა ერემაშვილმა „ბათუმელების“ თანდასწრებით გადაამოწმა. მაგალითად, „მედინას“ ცხელ ხაზზე მას უპასუხეს, რომ უნივერსალური გინეკოლოგიური სავარძელი არ აქვთ. ბათუმის სამშობიარო სახლში კი ცხელ ხაზზე არავინ უპასუხა. „თუმცა მე ვიყავი ამ სამშობიაროში და ვიცი რომ უნივერსალური ადაპტირებული სავარძელი არ აქვთ“-გვეუბნება დეა.

გარდა იმისა, რომ კლინიკებში არ არის ადაპტირებული გინეკოლოგიური სავარძლები, შშმ ქალები აწყდებიან ექიმების დაბალ ცნობიერებასაც და ხშირად შშმ ქალებს დაორსულობის გამო საყვედურობენ.

„პირველი, რასაც გეუბნებიან, არის – რატომ გარისკე დაორსულება? გაგიჭირდება შვილის გაჩენა. თითქმის ყველა შშმ ორსულ ქალს უწევს ბრძოლა, რაღაცის მტკიცება, ჩემი ჩათვლით. მესმის, რომ სტერეოტიპული აზროვნება ზოგადად საზოგადოების პრობლემაა, მაგრამ ექიმთან როცა მიდის შშმ ადამიანი, თავი დაცულად უნდა იგრძნოს.

დეა ერემაშვილიც საუბრობს კიბოს სკრინინგის პროგრამაზე, რომლითაც შშმ ქალები ასევე ვერ სარგებლობენ.

„საქართველოში, 2020 წლის მონაცემებით, დაახლოებით 47 ათასი შშმ ქალი ცხოვრობს. ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლია 25-იდან 60 წლამდე ქალს, რომ ჩაიტაროს საშვილოსნოს და ძუძუს სკრინინგი, რათა სიმსივნის არსებობის შემთხვევაში დროულად მოხდეს დიაგნოსტირება.

ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ სადაც უფასო სკრინინგ პროგრამები ხორციელდება, იქ არსად არ აქვთ ადაპტირებული არც გინეკოლოგიური სავარძელი და არც გარემო, რომ მობილობის შეზღუდვის მქონე შშმ ქალებმა პროგრამით ისარგებლონ.

მე პირადად, თუ არ დავეყრდენი რაიმეს, ისე არ შემიძლია დიდხანს დავდგე და ისე ჩავიტარო სკრინინგი. ამავე დროს, სახელმწიფო ჩემი სკრინინგისთვის იხდის თანხას, მაგრამ მე ვერ ვსარგებლობ ამ სერვისით“-ამბობს დეა.

არაადაპტირებული გარემო სტრესული და ხშირად ღირსებისშემლახავია სმენის არმქონე ქალებისთვის და გოგონებისთვისაც. მათაც სჭირდებათ ინფორმაცია სქესობრივ ცხოვრებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და კონტრაცეფციაზე. სმენისარმქონე ქალებს კი სურდო თარჯიმანს ვერცერთი სამედიცინო დაწესებულება ვერ სთავაზობს.

პალინა ჯაღათაშვილი

ამის გამო ხშირად გვიხდება ახლობლების, ოჯახის წევრების ჩართვა. იქნებ არ უნდა ქალს რომ ოჯახის წევრი გაიყოლოს ექიმთან. ყველამ ვიცით, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია, ამიტომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს ჩვენთვის ჟესტური ენის თარჯიმანი კლინიკებში.

დღეს ეს უფლება სმენისარმქონე ქალებს და გოგონებს წართმეული გვაქვს, რადგან მესამე პიროვნების ჩართვა ექიმთან კომუნიკაციის დროს, არღვევს ჩემს უფლება, რადგან არ გვინდა რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იცოდეს სხვამაც. ამის გამო, ბევრი ქალი უარს ამბობს ექიმთან მისვლაზე“- გვეუბნება პალინა.

სამედიცინო სერვისების ხელმიუწვდომლობაზე საუბრობს 37 წლის თამო დოლიძეც. მას მობილობის შეზღუდვა აქვს და შესაბამისად, მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ადაპტირებული გარემო.

„გინეკოლოგიური მომსახურების მიღება ძალიან რთულია, რადგან სავარძელი ძალიან მაღალია და მიჭირს სარგებლობა. მჭირდება სხვა ადამიანის დახმარება.

ხშირად ექიმებიც არ ითვალისიწინებენ  შშმ ადამიანის მდგომარეობას და გეუბნებიან, „რა ვქნა ქალბატონო, სხვანაირად ვერ გავაკეთებ“. ამის გამო კამათიც მქონია ექიმთან. ვეუბნებოდი, როგორმე დამეხმარეთ მეთქი. 

ძალიან კარგი იქნება თუ კლინიკებში ერთი ოთახი მაინც იქნება ადაპტირებული. სველ წერტილებზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. მე ძალიან მიჭირდა სარგებლობა, წარმოიდგინეთ, ეტლიანი ადამიანი, ის საერთოდ ვერ გამოიყენებს“-ამბობს თამო.

არაადაპტირებული გინეკოლოგიური კაბინეტებისა და გინეკოლოგიური სავარძლების პრობლემაზე საუბრობს სახალხო დამცველიც. 2022 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, გინეკოლოგიური კაბინეტები და სავარძლები არ არის მისადაგებული ეტლით მოსარგებლე ქალთა საჭიროებებზე, რაც შეუძლებელს ხდის სათანადო გინეკოლოგიურ შემოწმებას.

„შშმ ქალები ხშირად მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ღირსების შეულახავად მიიღონ გინეკოლოგის მომსახურება“-წერს ომბუდსმენი.

მისივე შეფასებით, სამშობიარო სახლში არსებული მდგომარეობა და შშმ ქალების საჭიროებებზე მორგებული მომსახურების არარსებობა, „ხშირად დაკავშირებულია გაუსაძლის ტკივილთან და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდებოდა“-წერს სახალხო დამცველი ანგარიშში.

ომბუდსმენი წერს, რომ პრობლემა იწყება სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის მომენტიდან, „რადგან პანდუსი სტანდარტების გარეშე იყო დამონტაჟებული, ეტლით მოსარგებლე შშმ ქალი კი დამოუკიდებლად ვერ ახერხებდა მის გამოყენებას.

იმ შემთხვევაში, თუ შიგნით ვინმე შეიყვანდა, (შშმ ქალს) შიდა პერიმეტრის არაადაპტირებულობის გამო, ვერც აქ ახერხებდა გადაადგილებას, ვერ სარგებლობდა სველი წერტილებით.

[საპირფარეშოზე არაფერს ვამბობ, თან ისე ხშირად მჭირდებოდა მოშარდვა, ისედაც ამის პრობლემა გვაქვს,

შეკავება გვიჭირს და ამ დროს მითუმეტეს. მრცხვენოდა ძალიან, ერთხელ ტაქსიში ვერ ჩავჯექი, რომ დამისველდა, რადგან არ იყო საპირფარეშო] – ეუბნება ერთ-ერთი შშმ ქალი სახალხო დამცველს, რაც შეტანილია ანგარიშში. 

ომბუდსმენის ამავე ანგარიშში წერია, რომ ფიზიკური გარემოს მისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ორსული შშმ ქალი ხშირად ვერ ახერხებდა ექიმთან დროულად ვიზიტს, „რის გამოც ერთმა ნაყოფმა გაზრდა შეწყვიტა“. 

ომბუდსმენი ამგარიშში ყურადღებას ამახვილების შშმ ქალების მიმართ ექიმების მხრიდან დისკრიმინაციულ და სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზეც.

მაგალითად, ბათუმის ბიუჯეტში 45 ათასი ლარია გათვალისწინებული იმისთვის, რომ გენდერული თანასწორობის კუთხით ცნობიერება აამაღლონ.

„იქნებ დაინტერესდნენ ეს ადამიანები და რეალურად იზრუნონ ამაზე, თუნდაც ექიმებთან და კლინიკებთან იმუშაონ, რომ იცოდნენ, შშმ ქალებსაც გვაქვს თანასწორ გარემოში ცხოვრების და თანასწორი სამედიცინო სერვისების მიღების უფლება“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

დეა დედათა და ბავშვთა თავშესაფრებზეც აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ხშირად არც ეს თავშესაფრებია ადაპტირებული. „მაგალითად, ბათუმში კარგი თავშესაფარია, მაგრამ მეოთხე სართულზეა. რომ დასჭირდეს, ეტლით მოსარგებლე ქალი ვერ ისარგებლებს.

საქართველო რიგი საერთაშორისო დოკუმენტების ხელმომწერია, რომელიც განამტკიცებს ქალთა და გოგონათა უფლებას ხელი მიუწვდებოდეთ ხარისხიან ჯანდაცვის მომსახურებაზე, ყოველგვარი ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე.

შესაბამისად, საქართველო იღებს ვალდებულებას შეასრულოს საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტური პრინციპები.

მიუხედავად ამისა, დღემდე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება როგორც გარემოს ასევე კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: