მთავარი,სიახლეები

„რუსეთი ღრმა ალყის გაკეთებას და უკრაინული დაჯგუფების განადგურებას ვერ შეძლებს“ – ინტერვიუ

19.04.2022 • 11806
„რუსეთი ღრმა ალყის გაკეთებას და უკრაინული დაჯგუფების განადგურებას ვერ შეძლებს“ – ინტერვიუ

„რუსეთი ღრმა, შემოვლითი ალყის გაკეთებას და უკრაინული დაჯგუფების განადგურებას ვერ შეძლებს,“ – ასეთია გადამდგარი გენერლის პროგნოზი რუსეთის აგრესიის მეორე ფაზაზე უკრაინაში. ვახტანგ კაპანაძე „ბათუმელებთან“ 9 აპრილს ინტერვიუში ამბობდა, რომ 10 დღეში რუსეთი მორიგ შეტევას დაიწყებდა. დღეს, 19 აპრილს, უკრაინაში რუსეთმა ომის ახალი ფაზა დაიწყო.

გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, დაახლოებით ორ კვირა-ნახევარში რუსეთს ისევ დასჭირდება პაუზა, როცა უკვე დანაკარგების გადახედვის მიხედვით მოუწევს პუტინს შეფასება: დნეპრის მარცხენა სანაპიროს სრული ოკუპაცია მოახდინოს, თუ მხოლოდ ოკუპირებული დონბასი დაიცვას ყირიმთან ერთად.

სამხედრო ექსპერტი შენიშნავს, ახლა დრო უკრაინის სასარგებლოდ მუშაობსო და უკრაინამ შესაძლოა კონტრშეტევა შეძლოს.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ვახტანგ კაპანაძე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ის ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, როგორც ვარაუდობდით, რუსეთმა მორიგი შეტევა დაიწყო დონბასის მიმართულებით. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს სრული კონტროლის მოპოვებას დონეცკი-ლუგანსკიზე. თქვენი დაკვირვებით, რა ტაქტიკით მოქმედებს რუსეთი ამჯერად? 

ამჯერად რუსეთი იყენებს მეთოდური შეტევის ტაქტიკას. ის ცდილობს მაქსიმალური საცეცხლე მომზადება გამოიყენოს, „გადამწვარი მიწის“ პრინციპით მოქმედებს და შესულია უკრაინის ფორტიფიკაციული თავდაცვის ზონაში, თუმცა რუსეთის შეტევას ჯერ არ აქვს მიღებული ოპერატიული მოქმედების სახე და ის მხოლოდ ტაქტიკურია, ლოკალურ მიმართულებებზე მუშაობს.

  • რას გულისხმობს „ოპერატიული მოქმედება“ და „გადამწვარი მიწის“ პრინციპი? 

გახსოვთ, როგორი იყო სწრაფი, კოლონებით შეტევა, ე.წ. ბლიცკრიგი ომის პირველ ფაზაში. ახლა რუსები ცდილობენ, რომ ძალები დაზოგონ და ახორციელებენ საცეცხლე ზემოქმედებას მაქსიმალურად, მაგრამ მეთოდურად. ისინი ასევე ცდილობენ მეთოდურად გადაადგილებას – ფართო ფრონტზე დაიწყეს შეტევა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ოპერატიულ სივრცეზე გარღვევები, ალყები და ასე შემდეგ. როგორც ვხედავთ, მხოლოდ ტაქტიკურ დონეზე ხდება შეტევა და ადგილობრივი მნიშვნელობის მიმართულებებზე.

„გადამწვარი მიწის“ პრინციპი კი, გულისხმობს მაქსიმალურ საცეცხლე დარტყმებს, რომ მოწინააღმდეგე მაქსიმალურად დაასუსტო დიდი ხნით საცეცხლე ზემოქმედებით კონკრეტული მიმართულებით. ეს არის დიდი დროის განმავლობაში თითქმის ყველა საცეცხლე საშუალებიდან გარკვეული რაიონის დამუშავება მაქსიმალური ნგრევის გამოწვევით. ეს ეხება ფორტიფიკაციულ ნაგებობას, საველე ფორტიფიკაციულ ნაგებობას, დასახლებულ პუნქტს და ასე შემდეგ.

  • ამ ეტაპზე ჩანს, რომ უკრაინა რუსეთის შეტევებს იგერიებს. რამდენად არის შესაძლებლობა, რომ რუსეთმა ალყა შეკრას უკრაინის აღმოსავლეთით იზიუმის და გულიაპოლის გავლით? 

რაც წინა ინტერვიუში აღვწერე, ეს მიმართულება ისევ ძალაში რჩება, რუსების განლაგებაც იზიუმის პლაცდარმზე ამას აჩვენებს, რომ ღრმა შემოვლის განხორციელება სურთ. რუსებმა აიღეს კიდეც იზიუმის მიმართულებით რამდენიმე დასახლებული პუნქტი, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ გავიდნენ სლავიანსკის, ასევე, კრამატორსკის ზურგში. მოგეხსენებათ, რომ სლავიანსკი და კრამატორსკი არის უკრაინის აღმოსავლეთით თავდაცვის ძირითადი კვანძი, მათ შორის, მთა კარაჩუმი, რომელიც იმ ტერიტორიაზე გაბატონებულ სიმაღლეს წარმოადგენს. ეს მთა ახლა კარგად გამოყენებულია უკრაინის მხრიდან ცეცხლის მართვისა და თვალთვალისთვის.

ამ ეტაპზე რუსებმა უკვე გაიარეს კრემენნოე, რაც იზიუმის სამხრეთი ნაწილია და ძალიან ახლოსაა დონეცკი-ლუგანსკის საზღვრის გადაკვეთასთან. ისინი ახლა მიიწევენ უშუალოდ საზღვრის გადაკვეთისკენ, ლუგანსკი-დონეცკს შორის, მაგრამ აქ ბევრი არხია და წყლიანი წინაღობა, ასევე ტყიანი მონაკვეთები, რაც რუსებს წინსვლას ურთულებს.

ჯერჯერობით რუსები ცდილობენ წავიდნენ პაპასნოეს და ლიმანის მიმართულებით და ნაწილ-ნაწილ, პატარ-პატარა ტერიტორიებზე მცირე ალყები გააკეთონ, ანუ პატარა დაჯგუფების იზოლირებით ცდილობს რუსები უკრაინას ჩამოაცილოს ეს რაიონები და ეს პატარ-პატარა დაჯგუფებები გაანადგუროს.

  • რა მასშტაბის ნგრევაა ამჯერად მოსალოდნელი, მაგალითად, ხარკოვს შესაძლოა იგივე ელოდეს, რაც მარიუპოლში უკვე მოხდა? 

ამ ეტაპზე საუბარი არაა ხარკოვზე. ხარკოვზე ხდება მხოლოდ საცეცხლე დარტყმები, რომ დამატებით იქიდან უკრაინელების კონტრშეტევა არ განხორციელდეს. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ხარკოვზე შეტევა არ იქნება.

ზოგადად, ეს რაიონი ისეთია, რომ ურბანიზებულია სრულად, მაგრამ დიდი ქალაქები ნაკლებად არის, 90 პროცენტი სოფლებია, რომლებიც ერთმანეთში გადადის. ამავე დროს, უკრაინელები აგებდნენ თავდაცვით ზღუდეებს ბოლო 8 წელია. ასევე, მას შემდეგ, რაც ამ ომში გამოიყო ოპერატიული პაუზა, ნათელი გახდა, რომ ყურადღება გადავიდოდა ლუგანსკი-დონეცკის მიმართულებაზე და უკრაინელებმა დაიწყეს უფრო მეტად დონბასის თავდაცვისთვის მომზადება.

  • თქვენი ინფორმაციით, რამდენად მოახერხა უკრაინამ გაძლიერება სამხედრო აღჭურვილობის კუთხით? 

ტექნიკა, რაც მათ დასავლეთისგან მიიღეს, როგორც ვხედავთ, მაქსიმალურად შეამცირა რუსული თვითმფრინავების მოქმედება უკრაინის სიღრმეზე. როგორც ხედავთ, რუსები ძირითადად რაკეტებით ახორციელებენ დარტყმებს და ჩანს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებები საკმაოდ ეფექტურად მოქმედებენ.

საგულისხმოა, რომ რაკეტებს გარანტირებულად ვერავინ გაანადგურებს. ისრაელის „რკინის ფარდაც“ ვერ ახერხებს ყველა რაკეტის ჩამოგდებას, მაგრამ მაქსიმალურად შემცირებულია ეს ზემოქმედება უკრაინისთვის. შესაბამისად, ბატონობა ჰაერში რუსების აღარაა, უპირატესობაც კი, მინიმალურამდეა დასული.

  • რა ხდება ამ დროს, რომ განგვიმარტოთ, როგორ ხდება სარაკეტო თავდასხმის თავიდან აცილება? 

გამოიყენება ისეთივე მფრინავი ობიექტი, როგორიც თვითმფრინავია, ოღონდ სხვა პარამეტრები აქვს. ის ახერხებს რაკეტის გაყოლას, „გაცილებას“ ვეძახით და რაკეტის დაზიანებას. აღმოჩენა ხდება, როგორც წესი, შორ მანძილზე, მაგალითად, 300 კილომეტრზე და დაზიანება შეუძლია დაახლოებით 200 კილომეტრ მანძილზე.

თუმცა არის შემთხვევები, როცა რაკეტას ანადგურებენ, მაგრამ მისი ნამსხვრევები ვარდება დასახლებულ პუნქტში, რაც იწვევს ცეცხლს, დაზიანებას, ადამიანების დაღუპვას.

არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ის, რომ აქტიური ფაზის დაწყებამდე რუსებმა დაიწყეს სარკინიგზო კვანძების დაბომბვა, რომ ლოჯისტიკა გაურთულონ უკრაინელებს. მოგეხსენებათ: დონბასის მიმართულებაზე უკრაინას უფრო გრძელი ხაზები სჭირდება, რუსებს იქვე აქვთ ყველაფერი ამ შემთხვევაში.

  • მოახერხა რუსეთმა ლოჯისტიკური სირთულე შეუქმნეს უკრაინას? ომის პირველ ეტაპზე გამოჩნდა, რომ რუსულ არმიას ჰქონდა ეს სირთულე – ვერ აწვდიდნენ დროულად საწვავს, საკვებს და ასე შემდეგ. 

ლოჯისტიკა უკრაინელებს გაურთულეს, კი, თუმცა ვერ შეუწყვიტეს. თუ დააკვირდებით რუკას, მარტივად დასანახია, რომ აქ არის ორი ზღვის წყალშემკრები: შავი ზღვის და აზოვის ზღვის, რაც ნიშნავს, რომ ჩრდილოეთიდან მომავალი წყალუხვი  მდინარეები ჩაედინებიან შავ ზღვაში ან აზოვის ზღვაში. ეს მდინარეები პერპენდიკულარულად ყოფს უკრაინას დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ბევრ ხიდზეა დამოკიდებული ეს ლოჯისტიკური მიწოდების უწყვეტობა, ამიტომაც ახორციელებენ დარტყმებს ხიდებზე, რომ ხიდები გამოიყვანონ წყობიდან.

უკრაინელები ცდილობენ, რუსებივით რკინიგზაზე, მაგალითად, გრძელ მანძილზე კი არ გადაადგილდნენ, არამედ დასახლებული პუნქტიდან დასახლებულ პუნქტამდე მივიდნენ, მათ ნახტომისებური გადაადგილება აქვთ.

  • მარიუპოლში „აზოვის პოლკი“ რამდენად შეძლებს, თქვენი აზრით, ალყის გარღვევას? 

მარიუპოლი აღებულია. საუბარია მხოლოდ „აზოვსტალის“ ქარხანაზე, სადაც ადამიანები არიან თავმოყრილი. აზოვის პოლკი არის ეროვნული გვარდიის მე-12 ოპერატიული ბრიგადის შემადგენლობაში და ეძახიან „აზოვის დაჯგუფებას“. ის ვიდეო, რაც დაიდო, რომ აზოველები გადავიდნენ კონტრშეტევაზე, რეალურად იყო უკრაინული დაჯგუფების რეიდი, როცა მოახერხეს და გაანადგურეს მცირე ზომის მანქანების კოლონა, სადაც იყვნენ რუსი სამხედროები. ეს არ არის ალყის გარღვევა. ალყის გარღვევა რომ მოახერხონ უკრაინელებმა, მათ უნდა გაიარონ დაახლოებით 70 კილომეტრი და მიაღწიონ უახლოეს უკრაინულ დანაყოფთან, რომელიც არის მარიუპოლამდე. წარმოიდგინეთ, ეს „აზოვსტალის“ ქარხანა არის ზღვის სანაპიროზე, მარიუპოლის უკიდურესი სამხრეთით და მთელი ქალაქი უნდა გაიარონ ფაქტობრივად, რომ ალყა გაარღვიონ… რა გითხრათ, ნულოვანი ალბათობაა იმისა, რომ ეს შესაძლებელია. მით უმეტეს, როცა საჰაერო მხარდაჭერა არ აქვს უკრაინას და ჯავშანტექნიკაც იმ რაოდენობას, რომ დარტყმითი ოპერაცია განახორციელოს, ანუ გარღვევა.

„აზოვი“ რომ გარღვევას ახერხებდეს, არ იქნებოდა რუსების მხრიდან ეს შეთავაზება დანებებაზე, ასევე რამდენიმე დღის წინ „აზოვის“ მეთაურმა მიმართა მსოფლიო საზოგადოებას, რომ უზრუნველყონ მწვანე დერეფნის მოწყობა მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყვანად. მოგეხსენებათ, ქარხანაში არიან ქალები და ბავშვებიც, მათ შორის, ამ სამხედრო დაჯგუფების ოჯახის წევრები.

  • რუსეთს არ ეწურება შეიარაღების მარაგი? ასევე საინტერესოა, არსენალიდან ყველა იარაღი გამოიყენა რუსეთმა უკრაინაში? 

არსებობს 9-ტონიანი ბომბები, რაც ჯერ არ გამოუყენებია რუსეთს. გამოიყენეს 3 – ტონიანი ბომბები, T- 22 -ის უმართავი ბომბდამშენებიც ასევე… მარიუპოლში დიდი აფეთქება რაც იყო, სამტონიანი ჩამოაგდეს, ასევე იყოს ცეცხლგამჩენი, რადგან იქ სიღრმითი ცეცხლის კვამლი გამოდიოდა, ანუ ქარხნის მიწისქვეშა სიცარიელეებშიც გაჩნდა ცეცხლი, ჯამური სიგრძე 23 კილომეტრს აღემატება.

რაც შეხება იარაღის მარაგს – შესაძლოა, ეს ტექნიკა მოძველებულია და ხარისხი არ ვარგა, მაგრამ რაოდენობრივად ტექნიკა რუსებს აქვთ. ახალ T-72-ს ვერ გააკეთებენ, რადგან მოდიფიცირებულ ვარიანტს, რასაც აკეთებდნენ რუსები ბოლო წლებში, ჰქონდა ფრანგული ლაზერული მანძილმზომი და ინფრაწითელი სამიზნე, ეს იყო ფრანგული წარმოების და ახლა აღარ მიეწოდება.

რუსებს პრობლემები აქვთ რაკეტების წარმოებაშიც, ვინაიდან ელექტრონული შიგთავსი შედიოდა უცხოეთიდან. ძირითადად აქვთ დიდი რაოდენობით უმართავი ბომბები, ასევე წინა თაობის ფრთოსანი რაკეტები და სახმელეთო რაკეტები.

  • ახლა, როცა უკრაინას გაცილებით უკეთესი სამხედრო აღჭურვილობა აქვს, კიდევ რა ფაქტორებზეა დამოკიდებული უკრაინის წარმატება? 

ამ ეტაპზე უკრაინის კონკრეტული ამოცანაა: არ დაუშვას უკრაინული დაჯგუფების ალყაში მოქცევა, გამოფიტოს რუსეთი ამ შეტევაში და გადაიყვანოს თავდაცვის მდგომარეობაში.

  • თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ: შეძლებს ამას უკრაინა?  

კი, გარკვეულწილად მოახერხებს ამას უკრაინა, სრულად ვერა, რაღაც ტერიტორიაზე რუსეთი დაიკავებს, შეიძლება დონბასის საზღვარზე გავიდეს, მაგრამ ის, რომ ალყაში მოაქციოს და მერე ალყიდან გაანადგუროს, ეს ვერ უნდა მოახერხოს… ჩემი აზრით, რუსეთი დიდი შემოვლით ალყას ვერ მოახერხებს.

დაახლოებით ორკვირანახევარში ეს გამოჩნდება. ჩემი აზრით, რუსებს არ ეყოფა პოტენციალი, რომ ამაზე მეტი ხნით შეტევითი ოპერაცია განახორციელოს. ორკვირანახევარში გამოჩნდება რა დონეზე მივა, სადამდე გავა რუსეთი.

მოლაპარაკების მაგიდა გამორიცხულია, ერთადერთი შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება, თუმცა ომში მეორე ადგილი არ არსებობს. პუტინისთვის და ზელენსკისთვის, ორივესთვის, პოლიტიკური დასასრული იქნება, თუ რომელიმე იტყვის, რომ ყირიმი დათმეს, ან დონეცკი-ლუგანსკი.

  • მხოლოდ რუსული არმიის დიდი დანაკარგები შეაჩერებს რუსეთს, ისევ ასეა? 

ორი სცენარი განვიხილოთ: ერთი, რომ რუსებმა მოახერხონ ალყის შეკვრა, მაგრამ, შემდეგ ამ უკრაინული დაჯგუფების განადგურებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, რასაც მარიუპოლის მაგალითიც აჩვენებს.

მეორე სცენარია, რომ რუსები ვერ ახორციელებენ ალყის შეკვრას, თუმცა ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადიან, დონეცკიზე შესაძლოა გავიდნენ, შესაძლოა – ვერა, და ეცდებიან დაკავებული ტერიტორიის დაცვა განაგრძონ, ვინაიდან ვფიქრობ, რომ შეტევის გაგრძელებისთვის პოტენციალი აღარ ეყოფათ.

მოკლედ, ორკვირა-ნახევრის შემდეგ მათ ყველა ვარიანტში დასჭირდებათ ისევ პაუზა. თუ პირველ სცენარს განახორციელებენ, დადგება საკითხი დნეპრისპირეთის მიმართულებით შეტევის განხორციელებაზე, ანუ ოდესის ჩრდილოეთით, რადგან ეს მათთვის სასიცოცხლოა – თუ ვეღარ მოახერხებენ დნეპრისპირეთის მომარაგებას, ის დაუბრუნდება მოლდოვას. რუსეთი ალყის შეკვრის და დაჯგუფების განადგურების შემთხვევაში, რუსეთი ასევე დაუბრუნდება ხარკოვს და მის აღებას ეცდება თავიდან. ამ შემთხვევაში დნეპრის მარცხენა სანაპიროს ოკუპაციას მოახდენს ის მთლიანად.

მეორე სცენარის შემთხვევაში კი, რაც მე უფრო რეალური მგონია, რუსეთი ვერ მოახერხებს ალყის შეკვრას და ეცდება მხოლოდ ამ დრომდე დაკავებული ტერიტორიების დაცვას.

ვფიქრობ მაინც, რომ რუსეთს ექნება მეორე ფაზის ეტაპზეც გარკვეული სახის წარმატება, მაგრამ არა იმ მნიშვნელობის, რაც მას ჰქონდა თავის ოპერატიულ ამოცანებში. რუსეთი ღრმა შემოვლითი ალყის გაკეთებას და უკრაინული დაჯგუფების განადგურებას ვერ შეძლებს.

  • ანუ მეორე სცენარის შემთხვევაში გააჩნია უკრაინა რამდენად შეძლებს კონტრშეტევას და ოკუპანტებისგან ქვეყნის გათავისუფლებას?  

ახლა დრო უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს – რაც დრო გადის, უკრაინის მისდის თანამედროვე შეიარაღება. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: ცეცხლის მართვის საბჭოთა კავშირისდროინდელი და ნატოს სტანდარტი განსხვავებულია, ეს გადამზადება უნდა მოახერხოს უკრაინამ. უკრაინა მიიღებს დარტყმით შესაძლებლობებსაც, ჯავშანტექნიკას, ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და ასე შემდეგ. უკრაინამ უნდა შეძლოს შეტევა. სხვა შემთხვევაში უკრაინა ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: