მთავარი,სიახლეები

ცოლ-ქმარი ხელვაჩაურიდან, რომლებსაც 15 წელია ვარდებისა და გერბერების სათბურები აქვთ

20.04.2022 • 7424
ცოლ-ქმარი ხელვაჩაურიდან, რომლებსაც 15 წელია ვარდებისა და გერბერების სათბურები აქვთ

ცოლ-ქმარი, ბიძინა და მადონა ბეჟანიძეები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში დაახლოებით 15 წელია ვარდებს და გერბერებს უვლიან.

ბიძინა ბეჟანიძე გვიყვება, რომ ეს საქმე ოჯახმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მეზობლად სხვების მოწყობილ სათბურებს დააკვირდნენ და იფიქრეს, რომ ყვავილების გამრავლება შესაძლოა მათთვის მომგებიანი ყოფილიყო. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში არც ერთხელ არ უფიქრიათ მეყვავილეობისთვის თავის დანებება, რადგან იყო დრო, როცა ვარდებისა და გერბერებისგან აღებული ფული ერთადერთი სარჩო იყო ოჯახისთვის.

ცოლ-ქმრის თქმით, ჯერ 5 ძირი ვარდი ჰქონდათ, შემდეგ 10 და თანდათან ზრდიდნენ ნარგავების რაოდენობას. მადონა ამბობს, რომ ყვავილები ყოველთვის ძალიან უყვარდა და სანამ ყვავილების სათბური ექნებოდა, იქამდე ეზოს ყვავილებს უვლიდა.

მისი თქმით, მცენარეების მოვლა შრომატევადი საქმეა და მუდმივ ყურადღებას ითხოვს. სჭირდება გამარგვლა, სასუქები, შეწამვლა და ა.შ.

მადონა ბეჟანიძე გერბერების სათბურში

საწყის ეტაპზე, რჩევებს, თუ როგორ მოევლოთ ყვავილებისთვის, ცოლ-ქმარი ამ საქმეში უკვე გამოცდილი ნათესავებისგან იღებდნენ. პირველად ვარდის 200 ნერგიც მათი დახმარებით შეიძინეს და მალევე პირველი სათბურიც გააკეთეს.

„პირველი სათბურის შემდეგ 130 კვადრატულ მეტრზე გერბერებისთვის მოვაწყვე სათბური, ამას მოჰყვა სხვა სათბურებიც.  მოგვიანებით, იქ, სადაც ეს სათბურები გვქონდა, ავტობანი გაიყვანეს, სათბურების სრულად დაშლა და სხვაგან გადატანა მოგვიხდა. ყველა ნერგი გადავრგეთ ახალ სათბურებში“, – ამბობს ბიძინა ბეჟანიძე.

ახლა ოჯახს ოთხი სათბური აქვს. ბიძინა გვიყვება, რომ პირველი სათბური ხის მასალით ააწყო, მაგრამ შემდეგ  რკინის ბოძებს იყენებდა, რამაც ხარჯი გაზარდა, ამიტომ ოჯახის სათბურის მოსაწყობ ფულს წინასწარ აგროვებდა ხოლმე.

ბეჟანიძეების ოჯახი ახლა 2000-მდე ძირ ყვავილს უვლის. ვარდებს ისინი საკუთარი ძალებით, თვითონ აკალმებდნენ.

მათ უკვე დაიწყეს გაზაფხულის სამუშაოები. ნერგები გამზადებული აქვთ და როგორც მადონა ამბობს, აღდგომის შემდეგ აპირებენ დარგვას.

მადონა ამბობს, რომ წელს ცივმა ზამთარმა მცენარეებზე ცუდად იმოქმედა: „თოვლმა ვარდის ბევრი ძირი გაახმო და მათი შევსება გახდა საჭირო. გაგვიფუჭდა სხვა ყვავილებიც, მათი ნაწილი უკვე გადავრგე, დანარჩენსაც მალე მოვაწესრიგებ“.

ბიძინას თქმით, ამ ხნის განმავლობაში ბევრ სხვადასხვა ჯიშის ვარდთან ჰქონდათ შეხება და ხელვაჩაურის ნიადაგისთვის ყველაზე შესაფერი ვარდი სომხური ჯიშისაა, რომელიც მოჭრიდან 20-25 დღის შემდეგაც ისე გამოიყურება, როგორც მოჭრისას. მისი თქმით, სხვა ჯიშის და ფერის ვარდებიც აქვთ ცოტ-ცოტა, მაგრამ სხვა ჯიშის ვარდები თავს დიდხანს ვერ ინახავენ.

ბიძინა ბეჟანიძე პანდემიისგან გამოწვეულ ზარალზეც გვიყვება:

„პანდემიის გამო ორი წელი ყვავილებს ვყრიდით. წარმოიდგინეთ, დაახლოებით, 10 000 ცალი გერბერი და 5 000 ვარდი გადავყარეთ.  ყველაფერი დახურული იყო და ვერ ვასაღებდით. ამაოდ გავწიეთ ფიზიკური შრომა და შევიძინეთ შხამ-ქიმიკატები“.

ბიძინას თქმით, ვარდებისა და გერბერების მოვლაში ყველაზე პრობლემური შხამ-ქიმიკატების ხარისხია. მისი თქმით, შხამ-ქიმიკატები, რომელიც მაღაზიაში იყიდება, არ არის ეფექტური.

„რამდენიმე წელია თეთრი ბუზი ვერ მოვკალი, რომელიც ჭამს ყვავილს და არ აძლევს განვითარების საშუალებას. ასევე, სასუქების პრობლემაა. აღმოსავლეთ საქართველოში სასუქი გაცილებით იაფი ღირს და ხარისხიანია ვიდრე ჩვენთან. დასავლეთში სასუქები არ ვარგა.

ბოლოს 2 კილო სასუქში 67 ლარი გადავიხადე. ეს ართულებს საქმეს. რაც უფრო კარგ სასუქს შეიტან, უფრო კარგ მოსავალს მოგცემს მიწაც“, – ამბობს ბიძინა.

ბიძინა ბეჟანიძე გერბერების სათბურში

ცოლ-ქმარს დაახლოებით 10 დღის წინ ძლიერმა ქარმა პოლიეთინი დაუზიანა, რომლითაც სათბურები ჰქონდათ შეფუთული და იძულებული გახდნენ გამოეცვალათ. როგორც ისინი ამბობენ, ვარდს – შეუძლია გაუძლოს, მაგრამ გერბერი ვერ ეგუება სიცივეს.

მცენარეების რეალიზებას მადონა სწევს და ოჯახის მანქანით ბათუმში, ბაზარში აბარებს. მისი თქმით, ერთი ცალი ვარდისა და გერბერის ფასი 50 თეთრიდან იწყება და ზომის მიხედვით იზრდება.

ბეჟანიძეებს ბევრი სამომავლო გეგმა აქვთ. ოჯახს ახლა 4 სხვადასხვა სათბური აქვს. მადონას სურს, რომ თანამედროვე სტანდარტების სათბური ჰქონდეთ და საკუთარი ძალებით გაკეთებული სათბურების გაერთიანება შეძლონ.

„ბევრი გეგმა გვაქვს, მაგრამ არ ვიცით, როგორ განვახორციელებთ. მარწყვის და სალათის ფურცლების წარმოებაც მინდა დავიწყოთ, რადგან მუდმივად მოთხოვნადი პროდუქტებია.

მცენარეების ისევ გამრავლებას  არ ვფიქრობ, რადგან გასაღება რთული იქნება“, – ამბობს ბიძინა.

ბიძინა 56 წლისაა, მადონა 47 წლის. ცოლ-ქმარს უქმეებზე მცენარეების მოვლაში შვილები ეხმარებიან. ოჯახს ციტრუსის ბაღი და მოცვის პლანტაციაც აქვთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: