ბათუმის კერძო სკოლა „ევრო-2000“-ში გერმანული სექტორი ფუნქციონირებს, რომლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ნაწილი სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში მიდის.
ბოლო მონაცემებით, ამ სკოლის 59 კურსდამთავრებული გერმანიაში წავიდა, მათგან უმრავლესობა იქ დარჩა და საქართველოში აღარ დაბრუნებულა.
„ბათუმელები“ სამ მათგანს ესაუბრა. აქედან ორი სტუდენტია, ერთმა კი საკუთარი კომპანია დააარსა და ამ ეტაპზე დაბრუნებაზე არ ფიქრობს.
სალომე ვაშაყმაძე ხუთი წელია, რაც გერმანიაში ცხოვრობს და ჰამბურგის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობს. ევროპაში წასვლის მიზანი განათლების მიღება იყო, ამავე დროს კი, როგორც სალომემ გვითხრა, მისთვის ეს ერთ-ერთი საშუალება იყო, ყოფილიყო დამოუკიდებელი და საკუთარ მომავალზე თავადვე ეზრუნა.
„აქ სულ სხვა კულტურა, სხვა ტრადიციები და გარემოა, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს თავიდან იბადები.
თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ აქაურობამ შემცვალა და უფრო დამხვეწა ადამიანურად. სტუდენტობამდე რამდენჯერმე ვიყავი ამ ქალაქში ჩამოსული და თავიდანვე შემიყვარდა. ალბათ ისიც, რომ ფსიქოლოგია ამ უნივერსიტეტში კარგად ისწავლება, იყო მიზეზი, რომ აქ წამოსვლა გადავწყვიტე,“ – გვითხრა სალომემ.
მისი თქმით, გერმანიაში სტუდენტობის უპირატესობა ისიცაა, რომ გარემო მთლიანად სტუდენტზეა მორგებული. საერთო საცხოვრებელი იდეალურია და სტუდენტს არ უწევს სტრესულ გარემოში ცხოვრება. სწავლის პარალელურად სალომემ სამუშაოც იშოვა, რომელიც ასევე სტუდენტზეა მორგებული და შესაძლებლობასაც აძლევს, თავი ირჩინოს.
„მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში პირველადი მოხმარების საქონელი შედარებით იაფია, უკრაინაში ომის შემდეგ, როცა ფასების ზრდა დაიწყო, სტუდენტებს 300 ევრო გადაგვიხადეს დახმარების სახით. ასეთ წვრილმანებში კი გრძნობ, რომ რაღაცნაირად გამორჩეულად ეპყრობიან სტუდენტებს.
საქართველოში რასაც ვხედავ, რთულია სტუდენტობა, იმიტომ, რომ გიწევს ბინაზე, საკვებზე ზრუნვა, სწავლის გადასახადის დაფარვა და მძიმე შრომის მიუხედავად, ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებ“.
სალომე გეგმავს, რომ ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მაგისტრატურაში სწავლაც გერმანიაში გააგრძელოს, შემდეგ კი პროფესიული მიმართულებით, ერთწლიანი სტაჟირება გაიაროს.
„ფსიქოთერაპევტობას ვაპირებ, ამიტომ ეს პრაქტიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ – ამბობს სალომე.
მისი აზრით, როცა ადამიანს 18 წლის ასაკში უწევს სხვა ქვეყანაში წასვლა, ცხოვრება, ეჩვევა ახალ გარემოს და კულტურას და შემდეგ სამსახურსაც იწყებს, მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნების შანსები მცირდება.
„გულის სიღრმეში მაინც გინდა, რომ ეს ცოდნა შენს ქვეყანას მოახმარო, მაგრამ შემდეგ ისევ უფროსებისგან გესმის – აქ რა გინდა? მერე შენც ფიქრობ, რომ ამდენი წვალების შემდეგ აღარ გიღირს უკან დაბრუნება და დაბალ ხელფასზე მუშაობა.
„18-19-20 – ეს არის გადამწყვეტი წლები ახალგაზრდისთვის. თუ ამ წლებს სხვა გარემოში გაატარებ, ძნელია შემდეგ უკან მოიხედო. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი პრობლემაა ნეპოტიზმი და თუ ეს არ შეიცვალა, რთული იქნება დაბრუნებაზე ფიქრი.
უსამართლო გარემოში ვერ იქნები დიდხანს ადამიანი, ამიტომ „ხათრით, ყველა უნდა გავატაროთ“ ძახილში, კომპეტენტურ ადამიანებს ვკარგავთ,“ – გვეუბნება სალომე.
მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თავს კარგად გრძნობს ჰამბურგში, სამართლიანი გარემოს არსებობაა: „არასდროს მქონია იმის განცდა, რომ ბარიერი შემიქმნეს ჩემი უცხოელობის გამო და არც უცხოელად გაგრძნობინებენ თავს. არ მაქვს განცდა, რომ დავიკარგები უსამართლო მიზეზების გამო და ეს მომწონს.
შენგან, როგორც სტუდენტისგან, ითხოვენ კრიტიკულ აზროვნებას, ანალიზს, გაძლევენ საკუთარი თავის, უნარების აღმოჩენის შესაძლებლობას და ამისთვის ღირსეულ გარემოს გიქმნიან,“- ამბობს სალომე.
26 წლის გიორგი ლაბაძე გერმანიაში 2016 წელს წავიდა სასწავლებლად. აახენის ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებები შეისწავლა, ცოტა ხნის წინ კი, საკუთარი კომპანია „მარმენიო სოფთი“ დააარსა.
„სპეციფიკური პროფესია მაქვს და არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ვთქვათ, საიდან ვიმუშავებ, მაგრამ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ აქ გავიცანი ამ პროფესიაში მყოფი სხვა ადამიანები, მათ შორის ქართველებიც და გამიჩნდა შანსი, რომ დაგვეარსებინა კომპანია. ახლა გერმანულ ბაზარზე ვმუშაობთ და გვყავს ქართველი დეველოპერები, დამწყები პროგრამისტები საქართველოში,“ – გვითხრა მან.
იყო თუ არა შესაძლებლობა საქართველოში წამოგეწყოთ საქმე? – ვკითხეთ გიორგის. მისი თქმით, საქართველოშიც შეიქმნა პირობები ბოლო პერიოდში ამ პროფესიის განვითარებისთვის, „თუმცა გერმანიაში დიდი ბაზარია და მეტი შანსია, რომ რაღაცას მიაღწიო, სტაბილურობა გქონდეს, რადგან საქართველოდანაც გვაქვს კონტრაქტები და ვიცით, როგორ რთულია გადახდები და შეთანხმებები,“ – ამბობს გიორგი.
მისი თქმით, გერმანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში ბიზნესი თავად ხვდება, რომ სჭირდება ტექნიკური განვითარება და ეძებს შემსრულებელს, საქართველოში კი აქეთ გიწევს ბიზნესის დარწმუნება იმაში, რომ ტექნოლოგიური განვითარება სჭირდება და ამაში თანხა უნდა გადაიხადოს.
„გერმანიაში შენი დროც უფრო მეტად ფასობს, ვიდრე საქართველოში. აქ მყოფი ქართველები ვფიქრობთ მაღალ მიგრაციაზეც საქართველოდან, რადგან ყოველი მეორე გწერს – როგორ წამოვიდე გერმანიაში, თუმცა ბევრი ასევე მეუბნება, რომ არ იცის რა შეიძლება გააკეთოს გერმანიაში, უბრალოდ წამოსვლა უნდა.
გერმანიაში ჩამოსვლა უმიზნოდ, თუ არ იცი რა უნდა გააკეთო, ძალიან რთულია. აზრი არ აქვს ჩამოსვლას, რაღაც მიზანი უნდა გქონდეს, რომ ამ საზოგადოებაშიც ინტეგრაცია მოახდინო, მაგრამ ისეთი მდგომარეობა აქვს ბევრს, ამას ვეღარ იაზრებენ და ცდილობენ ყველაფრის ფასად წამოვიდნენ,“ – გვითხრა გიორგი ლაბაძემ.
მისი თქმით, საქართველოში არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებელია სახელმწიფოც და საზოგადოებაც.
„ის თაობა, რომელიც გერმანიაში ჩემთან ერთად წამოვიდა, ისეთ სფეროებშია დასაქმებული, რომც დაბრუნდეს, მაინც არ ექნება რეალიზების საშუალება, ამიტომ არიან იძულებულნი, რომ ისევ უცხოეთში წამოვიდნენ.
ამიტომ, პირველ რიგში, ახალგაზრდებს ისეთი პერსპექტივა უნდა მივცეთ, რომ დაედგომებოდეთ ქვეყანაში, იმით კი არ ვიამაყოთ, აი, ნახეთ, რამდენი ახალგაზრდა წავიდა უცხოეთში.
თუ არ ვიქნებით ეკონომიკურად სხვაზე ჩამოკიდებული, არ გვექნება იმის განცდა, რომ „ლუზერები“, უმეცრები ვართ და ჩვენც შეგვიძლია რაიმე შევქმნათ, ახალ თაობასაც მოუნდება დაბრუნება,“ – გვეუბნება გიორგი.
გერმანიაში წელს გაემგზავრა სასწავლებლად თამუნა შარაბიძეც. ის ოდერის ფრანკფურტში, European University Viadrina-ში ბიზნესის ადმინისტრირებას ეუფლება.
თამუნა მიიჩნევს, რომ საქართველო იმ შემთხვევაში დაძლევს კრიზისს, თუ ახალგაზრდებს ეცოდინებათ, რა განათლებას იღებენ და რისთვის.
„წარმოიდგინეთ, საქართველოში ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობას წელიწადში 20 ათასამდე სტუდენტი ასრულებს, სად უნდა დასაქმდეს ამდენი ამ სპეციალობის ადამიანი? ამიტომ უწევთ სხვა სფეროებში მუშაობა და ისიც – დაბალ ანაზღაურებაზე.
საქართველოში აქ განათლებამიღებული ახალგაზრდები ვერ ბრუნდებიან იმის გამოც, რომ არ არის განვითარებული მეცნიერება, ტექნოლოგიები, ლაბორატორიები, რომ იმუშაონ შემდეგ, ამიტომ ისევ უცხოეთში რჩებიან,“ – გვეუბნება თამუნა.
მისი აზრით, ცვლილებები სკოლიდან და უნივერსიტეტიდან უნდა დაიწყოს და ლექტორებმა ახალი ცოდნის გადაცემა უნდა შეძლონ.
„მაგალითად, ერთი ლექტორი გვეუბნებოდა, თუ ეს საკითხი ვერ გაიგე, სჯობს, საერთოდ არ გამოხვიდე გამოცდაზე, რადგან, ესე იგი, ეს შენი სფერო არ არისო.
აქ სტუდენტს აძლევენ საშუალებას, აღმოაჩინოს საკუთარი თავი და არ დაკარგოს დრო იმაში, რაც არ არის მისი საქმე. ძიების პროცესში ხელს გიწყობს უნივერსიტეტი, რომ უკეთ გაიგო, რა გინდა ცხოვრებაში,“ – გვეუბნება თამუნა.
მისი თქმით, 30 და 35 წლის კურსელებიც ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები უმაღლესში სწავლას მაშინ აგრძელებენ, როცა ზუსტად იციან, რისი კეთება სურთ რეალურად. „კარგი იქნება, თუ ჩვენთანაც დაინერგება ეს კულტურა და სანამ ადამიანები უმაღლესში ჩააბარებენ, მანამდე უკეთ შეისწავლიან საკუთარ ინტერესებს.“
რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებას, სალომესა და გიორგის მსგავსად, გადაწყვეტილება ჯერ არც თამუნას აქვს მიღებული:
„ჩემი მშობლებიც იმას მეუბნებიან, რომ უნდა მიიღო კარგი განათლება და დაბრუნდე, შენს ქვეყანას რომ გამოადგეო. ნაწილობრივ მეც ვეთანხმები, რადგან თუ არ დავეხმარეთ ჩვენს ქვეყანას, ძალიან უკან წავა საქმე. მაგრამ მეორე მხრივ, სულ ის მესმის – აქ რა უნდა ქნა, 300-ლარიან ხელფასზე უნდა იმუშაო ბანკში? და ეს სკეპტიციზმი მაჩერებს“.
ვესაუბრეთ სკოლა „ევრო-2000“-ის პედაგოგს ირმა დავითაძესაც, რომელიც ამბობს, რომ გერმანიაში სწავლა და ცხოვრება ამჯობინეს მისმა შვილებმაც.
„უფროსი შვილი არ აპირებდა დარჩენას, მაგრამ ახლა უკვე ვეღარ წარმოუდგენია დაბრუნება. მთავარი მიზეზი, როგორც მეუბნება, არის ის, რომ აქ თავს ადამიანად გრძნობო. ძალიან თავაზიანი დამოკიდებულება აქვთ ხალხს ერთმანეთთანო.
არის სხვა პრობლემებიც. მაგალითად, პრაქტიკის გავლა უნდოდა საქართველოში, უნდოდა, აქაურ გარემოსაც გასცნობოდა და ერთ-ერთ კლინიკას ჰამბურგის უნივერსიტეტმა შესთავაზა პარტნიორობა იმის გამო, რომ ამ სტუდენტს გაევლო აქ პრაქტიკა, მაგრამ არ ვიცი, შეშინდნენ თუ რა იყო, არ წამოვიდნენ ამ ურთიერთობაზე.
ამიტომ დაბრუნდა უკან და ისევ გერმანიაში გაიარა პრაქტიკაც“ – გვითხრა ირმა დავითაძემ.
მისი თქმით, თავიდან ყველა ბავშვი ცდილობს გააღწიოს ქვეყნიდან, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც დაბრუნების საჭიროება დაინახა.
„ზოგიერთმა მაგისტრატურაზე აქ გააგრძელა სწავლა, ერთი დასაქმდა. არის ერთი სტუდენტი, რომელიც ბავარიიდან დაბრუნდა, ამბობდა, რომ ვერ შეეგუა იქაურ რუტინას და რიტმს.“- ამბობს ირმა დავითაძე.