განათლება,მთავარი,სიახლეები

როდის განახლდება სწავლა სოფელ სამების სკოლაში, რომლის ტერიტორიაც დაიმეწყრა

20.10.2022
როდის განახლდება სწავლა სოფელ სამების სკოლაში, რომლის ტერიტორიაც დაიმეწყრა

ქობულეთში, ზედა სამების სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით ორი კვირის წინ დაიმეწყრა. როგორც სკოლის დირექტორმა მზემზე კახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მეწყერმა შემაკავებელი კედელი გაარღვია და საშიშროება შეუქმნა სკოლის საძირკველს. „მეწყერი პირდაპირ მოსულია სკოლის საძირკვლამდე,“ – ამბობს დირექტორი.

სკოლაში 67 მოსწავლე სწავლობს.

დირექტორის თქმით, მოსწავლეები მეოთხე დღეა სწავლას მეზობელი სოფლის სკოლაში აგრძელებენ. „მანამდე ხან ონლაინსწავლებაზე ვიყავით, შემდეგ მეწყერმა იმატა და როცა დარწმუნდნენ, რომ აქ ბავშვების გაჩერება არ შეიძლებოდა, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გადავსულიყავით სხვა სკოლაში,“ – გვითხრა მზემზე კახიძემ.

სკოლა, სადაც ბავშვებს ამჟამად სწავლობენ, სოფლიდან შვიდი კილომეტრითაა დაშორებული.

დირექტორის თქმით, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ტრანსპორტი ემსახურება.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლისთვის ოთხი სამარშრუტო ტაქსია გამოყოფილი, „აქედან სამი ორ რეისს აკეთებს“.

როდის განახლდება სამების სკოლაში სასწავლო პროცესი და მიმდინარეობს თუ არა მეწყრული პროცესების შესწავლა? – ვკითხეთ სამინისტროს.

მათი თქმით, სკოლის მიმდებარე ტერიტორია გეოლოგიის სამსახურმა შეისწავლა. „ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები, მათ შორის დამატებითი ჯებირებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობა,“ – აცხადებენ სამინისტროში.

უწყების თქმით, პროექტი უკვე მზადაა და სამუშაოები მალე დაიწყება.

„სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კი, ტერიტორიას ხელახლა შეამოწმებენ გეოლოგები,“ – აღნიშნეს განათლების სამინისტროში.

მათ ასევე ვკითხეთ, იდგა თუ არა მეწყრის საშიშროება 2020 წელს, როცა სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარეს? – სამინისტროში გვიპასუხეს, რომ რეაბილიტაციის პერიოდში მეწყრის საშიშროება არ იყო.

როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, სკოლაში სასწავლო პროცესის განახლებაზე საუბარი ჯერ ადრეა. „ძალიან სერიოზული მდგომარეობაა, ახლა შემოდგომაა და წვიმს, წინ ზამთარია და  არავინ იცის, როდის იქნება შესაძლებელი სკოლაში სწავლის განახლება“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: