მთავარი,სიახლეები

რას ცვლის აზერბაიჯანის გააქტიურება კავკასიაში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

25.10.2022 • 1251
რას ცვლის აზერბაიჯანის გააქტიურება კავკასიაში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ჩვენს მეზობლებს ყველას ჰყავს მოკავშირე, ფორმალურად მაინც… საქართველო, ფაქტობრივად, იზოლაციაშია რეგიონულად,“ – აღნიშნა პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ, რომელსაც თურქეთისა და აზერბაიჯანის კავკასიის რეგიონში გააქტიურებაზე ვესაუბრეთ, კონკრეტულად კი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტზე.

რა გამოჩნდა ალიევის ოფიციალური განცხადებების მიღმა?

„პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მთავარ რისკს ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას უკავშირებს, რომელიც ისევ ანტიდასავლური რიტორიკითაა დაკავებული, პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებისა და რეალური რეფორმების გატარების ნაცვლად.

კორნელი კაკაჩიას აზრით, უსაფრთხოების კუთხით საფრთხეს კავკასიის რეგიონში დასუსტებული რუსეთიც ქმნის.

„ბათუმელები“ კორნელი კაკაჩიას სწორედ ამ თემებზე ესაუბრა.

  • ბატონო კორნელი, თქვენ რა გზავნილი დაინახეთ ალიევის ვიზიტის დროს ოფიციალურ განცხადებებს მიღმა? 

ბუნებრივია, აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საჭირო იყო ურთიერთობების განმტკიცება. ბოლო პერიოდში, ამ თანამშრომლობას გარკვეულწილად აკლდა შინაარსი და ვიზიტის მიზანი იყო საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობისთვის მიეცათ ახალი შინაარსი, მით უმეტეს, ახალი რეალობის გათვალისწინებით, რაც რეგიონში შეიქმნა მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ.

ცნობილია, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულად დაინტერესებულია აზერბაიჯანის გაზით. მოილაპარაკეს კიდეც, რომ აზერბაიჯანი უნდა გახდეს ალტერნატიული მიმწოდებელი, აზერბაიჯანმა უნდა გაზარდოს გაზის წარმოება. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, საქართველოს ტერიტორიას გაივლის. შესაბამისად, ორივე მხარე ამ პროცესში დაინტერესებულია, რომ მეტი შემოსავალი დარჩეთ. მეორე მხრივ, ეს ასევე აძლიერებს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას.

ენერგოდამოუკიდებლობის გარდა გამოიკვეთა სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია – როგორც ცნობილია, შუა აზიის გავლით განიხილება ალტერნატიული მიწოდების მარშრუტი, რაც ზრდის საქართველოს რკინიგზის დატვირთვას. აზერბაიჯანი, როგორც გამტარი სახელმწიფო, დაინტერესებულია, რომ გაიზარდოს ტვირთბრუნვა, რაც მოუტანს მოგებას როგორც აზერბაიჯანს, ისე საქართველოს.

გარდა ამისა, საქართველო განიხილება, როგორც სამშვიდობო პლატფორმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. რამდენიმე თვის წინ იყო საქართველოში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ანუ საქართველო ასრულებს შუამავლის როლს და არის სურვილი, რომ გაგრძელდეს ეს ფორმატი. საუბარია ასევე იმაზე, რომ შესაძლოა სომხეთთან ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობა გაჩნდეს, თუ ის დროულად მოაწერს ხელს აზერბაიჯანთან ხელშეკრულებას აზერბაიჯანის პირობებით.

კორნელი კაკაჩია

  • რამდენად არის იმის შანსი, რომ სომხეთი ამ პროცესში დაშორდეს რუსულ ორბიტას? 

ეს არ იქნება ადვილი, რადგან სომხეთში საზოგადოების დიდი ნაწილიც პრორუსულადაა განწყობილი, სჯერათ, რომ კონფლიქტის გასაღები რუსეთის ხელშია.

სომხეთს არ აქვს გასასვლელი ზღვაზე და არ შეუძლია გაბედული ნაბიჯები გადადგას, მოწყვლადია და ალტერნატიულ საგარეო პოლიტიკას რამდენად შეძლებს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ცდილობს ზედმეტი დამოკიდებულება რუსეთთან შეამციროს. რამდენად გამოუვა ეს, სხვა საკითხია.

  • როგორ ცვლის ამ მოცემულობას თურქეთის გააქტიურება? ეთანხმებით ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილის პოზიციას, რომ ალიევის ვიზიტი სინამდვილეში აჩვენებდა აზერბაიჯანის კავკასიის რეგიონში, როგორც ლიდერის და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორის გააქტიურებას? 

თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემი შემდგარია, სადაც საქართველო მოიაზრება, როგორც მესამე, პარტნიორი ქვეყანა, თუმცა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის უფრო სხვა სახის პარტნიორობა არსებობს. იქ მუშაობს ფორმულა: ერთი ერი, ორი სახელმწიფო.

ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში თურქეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში გაძლიერდა, განსაკუთრებით ყარაბაღის ომის ფონზე, როცა გამოჩნდა, რომ მოსკოვმა სომხეთი ფაქტობრივად მიატოვა. გასათვალისწინებელია, რომ შეტევები იყო უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე და ამ დროს სომხეთს ვერც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ დაეხმარა, არც კი შეიმჩნიეს ეს კონფლიქტი.

სომხეთმა დაინახა ისიც, რომ თურქეთ-რუსეთის პოზიციები სამხრეთ კავკასიაში ბევრი თვალსაზრისით დაუახლოვდა კიდეც ერთმანეთს და ეს იწვნიეს საკუთარ თავზე. თურქეთი და აზერბაიჯანი ერთად ახლა დგამენ იმ ნაბიჯებს, რასაც სხვა დროს ვერ გადადგამდნენ, ხოლო მოსკოვი ამ ეტაპზე მათ წინააღმდეგობას ვერ უწევს.

  • ამასობაში, ჩვენი პოზიციები რამდენად ძლიერდება ან სუსტდება უსაფრთხოების კუთხით? 

საქართველო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან ჩვენს მეზობლებს ყველას ჰყავს მოკავშირე, ფორმალურად მაინც. მაგალითად, აზერბაიჯანს ჰყავს თურქეთი, სომხეთს რუსეთი ჰყავს ფორმალურად, საქართველო კი ნატო-ს წევრიც არ არის და განსაკუთრებით მოწყვლადია.

საჭიროა ჩვენი ურთიერთობების განვითარება ნატოსთან, ევროკავშირთან, დასავლელ პარტნიორებთან, ამ დროს კი ვხედავთ ანტიდასავლურ რიტორიკას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს მოწყვლადობას აძლიერებს ასეთი ტიპის რიტორიკა, რომელიც აუცხოებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან.

ეს არის სწორედ ის, რის მოსმენაც მოსკოვს სურს: რაც უფრო გაუცხოებული იქნება საქართველო პარტნიორებისგან, ეს მეტ შანს აძლევს რუსეთს, მეტი გავლენა ჰქონდეს საქართველოზე.

  • რა შეიძლება გაეკეთებინა ხელისუფლებას ამ დროს იგივე კავკასიის რეგიონში პარტნიორობის გაძლიერების კუთხით? 

უმთავრესი შანსი იყო ევროკავშირთან დაახლოება, კანდიდატის სტატუსი უნდა მიგვეღო. საქართველო მაქსიმალურად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მისი მოკავშირეები შემოიყვანოს და გააძლიეროს ამ რეგიონში.

თურქეთთანაც კონკრეტული ხედვის შემუშავებაა საჭირო, პარტნიორობის გაძლიერება და ახალი ეტაპი. ჩვენი რეალობა ყოველდღიურად იცვლება. ომი რომ დაიწყოს, თურქეთმა თეორიულად უნდა შეძლოს იმ როლის შესრულება, რასაც, მაგალითად, პოლონეთი აკეთებს უკრაინისთვის. მოინდომებს თუ არა ამას თურქეთი, ეს გასარკვევია, რადგან არ არის ცხადი, რამდენად არის ჩვენი ურთიერთობები ამ დონეზე სტრატეგიული, რომ სამხედრო ძალითაც დაგვეხმაროს თურქეთი.

ვხედავთ, რომ ვითარდება საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ვაჭრობის თვალსაზრისით, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ამ კუთხით ახალი ნაბიჯი არ გადადგმულა.

  • რა იცვლება კავკასიის რეგიონში პოლიტიკურად, თუ თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემმა გააქტიურება შეძლო? 

საქართველო ფაქტობრივად იზოლაციაშია რეგიონალურად, ამიტომაც არის განსაკუთრებულად საჭირო დასავლეთის შემოყვანა რეგიონში, რომ დაიძლიოს რუსეთის, თურქეთის და ირანის ამბიციები. იგივე ნატოს ეგიდით თურქეთთან შესაძლებელია ბევრი რამის ერთად გაკეთება, თუ იქნება ამის სურვილი.

რეგიონი იცვლება და ჩვენც უნდა შევცვალოთ მიდგომები.

რუსეთის დასუსტება ერთი შეხედვით კარგია, თუმცა სინამდვილეში სუსტი რუსეთიც შეიძლება იყოს მეზობლებისთვის საფრთხე. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ბევრი მოვლენა, რამაც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება გააუარესოს უსაფრთხოების გარემო საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის.

ამ მოცემულობაში აზერბაიჯანმა მოახერხა თურქეთთან ინტერესების თანხვედრა ისე, რომ მისი ინტერესებიც არ დაზარალებულიყო, ვხედავთ, რომ მას ეს გამოუვიდა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, არ ვიცი.

  • რამდენად შესაძლებელია აზერბაიჯანის გააქტიურებამ შეამციროს ინტერესი საქართველოს მიმართ იმის გათვალისწინებით, რომ დემოკრატიული რეფორმების კუთხით აქამდე საქართველო ითვლებოდა ფლაგმანად? 

გარკვეულწილად ეს არის გამოწვევა. მართალია, აზერბაიჯანი არ ითვლება რეგიონში დემოკრატიის ფლაგმანად, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს დასავლეთის პრაგმატული ხედვები ენერგორესურსების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე პრიორიტეტი ეს არის.

საქართველოს ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანი იყო ბოლო ათწლეულებში. თუ საქართველოში გაგრძელდება ისევ ეს პოლარიზება, შიდა პოლიტიკური დაპირისპირება და ქვეყანა განაგრძობს უკუსვლას დემოკრატიზაციის კუთხით, რა თქმა უნდა, ეს ინტერესი დასავლეთის მხრიდან დაიკლებს, ხოლო თუ პოლიტიკური ელიტა მოახერხებს შექმნას ფუნქციონირებადი პოლიტიკური სისტემა, რომელიც რეფორმებზე იქნება ორიენტირებული და ევროკავშირთან დაახლოებაზე, ის კვლავაც გახდება რეგიონული ლიდერი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: