მთავარი,სიახლეები

„სტუდენტი ვარ, მაგრამ დამაჯარიმეს“ – რას ჰყვებიან ავტობუსის მგზავრები და კონტროლიორები

24.10.2022 • 3866
„სტუდენტი ვარ, მაგრამ დამაჯარიმეს“ – რას ჰყვებიან ავტობუსის მგზავრები და კონტროლიორები

მუნიციპალური ტრანსპორტის, კერძოდ, ავტობუსის მგზავრები ვალიდატორების გაუმართაობაზე ჩივიან. ისინი ამბობენ, რომ მათ მიერ გატარებულ ბარათებს ვალიდატორი ხშირად არ კითხულობს, რის გამოც კონტროლიორები მათ დაუმსახურებლად აჯარიმებენ.

იგივე პრობლემა ექმნებათ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ანუ იმ კატეგორიას, ვისაც უფლება აქვს, უფასოდ იმგზავროს. ერთ-ერთი ბავშვის მშობლის განმარტებით, მისი შვილი ავტობუსში ყოველ ჯერზე ატარებდა ბარათს, მაგრამ ვალიდატორი არ კითხულობდა და ეკრანზე ჩნდებოდა წარწერა – „უცნობი ბარათი“. როგორც მშობელი ამბობს, ეს კონტროლიორმაც შეამჩნია, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც დააჯარიმა მოზარდი და შუა გზაში ავტობუსიდანაც ჩამოსვა.

მშობელს აინტერესებს, როგორ შეძლებს მოსწავლე ჯარიმის გადახდას და/ან რატომ უნდა გადაიხადოს ეს ჯარიმა, როცა უფლება აქვს უფასოდ იმგზავროს?

იმავე ისტორიას ჰყვება „ბათუმელებთან“ სოფო ხოზრევანიძეც, რომელიც სტუდენტია. სოფო გვიყვება, რომ რამდენიმე დღის წინ ავტობუსში ჩვეულებრივად გაატარა ბარათი, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, პროგრამაში არ აისახა: – ავტობუსის ვალიდატორმა დააფიქსირა, რომ ბარათი გავატარე. მგზავრებმაც დაინახეს, რადგან მელოდებოდნენ, სანამ ბარათს ვატარებდიო.

სოფოს თქმით, კონტროლიორის შესამოწმებელმა მოწყობილობამ, სხვა მგზავრების ბარათებისგან განსხვავებით, მის ბარათზე გატარება არ დააფიქსირა.

„აპარატი აფიქსირებდა, რომ ბოლოს ბარათი ერთი დღის წინ მქონდა გამოყენებული. ვუხსნიდი კონტროლიორს, რომ დარწმუნებული ვარ, გავატარე ბარათი-მეთქი. სხვა მგზავრებიც ეუბნებოდნენ, რომ გატარებული მქონდა, მაგრამ კონტროლიორი მაინც არ იჯერებდა – სწრაფად ჩამოდიო, ბარათი არ მომცა და იძულებული ვიყავი, გავყოლოდი.

ვითხოვდი ავტობუსის კამერების ნახვას, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ბარათი გავატარე, ან ვალიდატორს აქვს ხარვეზი, ან თქვენი ხელსაწყოს პრობლემაა-მეთქი“, – გვიყვება სოფო.

მისი თქმით, კონტროლიორი ავტობუსიდან ჩასვლის შემდეგ პოლიციის გამოძახებით დაემუქრა: „მინდოდა გამოეძახებინა პოლიცია, მაგრამ არ იძახებდა, აჭიანურებდა. ვაგვიანებდი უნივერსიტეტში. ბოლოს დამიწერა ჯარიმა და წამოვედი. ცხელ ხაზზეც ვერ დავრეკე, არ ვიცოდი სად უნდა დამერეკა. ვთხოვე, სტუდენტი ვარ, ბარათსაც ეტყობა, რომ სტუდენტი ვარ და როცა გადაამოწმებთ, თვითონაც ნახავთ-მეთქი. მაინც დამაჯარიმა“.

როგორც სოფო ამბობს, ამ ამბის გამო ძალიან ინერვიულა, რადგან თავი არაკომფორტულად იგრძნო და დაინტერესდა მსგავსი შემთხვევები სხვებსაც ხომ არ ჰქონდათ.

„ბევრმა სტუდენტმა დამიდასტურა, რომ თავადაც ჰქონიათ იგივე შემთხვევები. კონტროლიორები ადიან ავტობუსში, თუ ვინმეს იცნობენ, არც კი აინტერესებთ, გაატარა თუ არა ბარათი. ბარათის არ ქონის მიუხედავადაც არაფერს  ეუბნებიან.

მე შევხვედრივარ, როგორ დატოვეს ავტობუსში რუსი ტურისტები კონტროლიორებმა, მიუხედავად იმისა, რომ ბარათი არ ჰქონდათ. [მგზავრებმა] რუსულად უთხრეს, რომ არ ჰქონდათ ბარათი და ავტობუსიდან კონტროლიორი ისე ჩავიდა, თითქოს არაფერი“, – ამბობს სოფო.

„ბათუმელები“ ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორს, ლევან ლაზარიაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ბათუმის ავტოტრანსპორტის სამსახურისთვის აქამდე არც ერთხელ მიუმართავთ მოქალაქეებს, რომ ტერმინალები შეიძლება ბარათებს არ კითხულობდეს.

„პირველად მესმის, სიმართლე გითხრათ, არავის არ მოუმართავს და არც პირად საუბრებში უთქვამს ვინმეს, რომ გადახდის პრობლემა აქვთ [ავტობუსებში]. თუ ვინმე მოგვმართავს, რეაგირება გვექნება კონკრეტულად იმ ავტობუსში, სადაც ჰქონდა მსგავსი შემთხვევა, მაგრამ არავის მოუმართავს ჩვენთვის“, – გვითხრა ლევან ლაზარიაშვილმა.

„ბათუმელები“ რამდენიმე კონტროლიორსაც ესაუბრა. მათი თქმით, რადგან კოვიდ პანდემიის დროს, თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არ მოწმდებოდა სამგზავრო ბილეთები, მგზავრების დიდი ნაწილი გადაუხდელად მგზავრობას შეეჩვია და კონტროლიორების დაბრუნებას ვეღარ ეგუებიან.

კონტროლიორ ირმა ბასილაძის თქმით, ერთ ავტობუსს დღეში მინიმუმ 500 მგზავრი მაინც უნდა გადაჰყავდეს, მაგრამ, როცა არ მუშაობდნენ, ვალიდატორზე მხოლოდ 20-30 ადამიანის გადაადგილება ფიქსირდებოდა.

„ყველაზე დიდ პრობლემას ის აჩენს, რომ ყველას, ვინც არის შშმ პირი, პენსიონერი, სტუდენტი, მოსწავლე, „უფასო ბარათები“ აქვს და მათ ჰგონიათ, რომ რადგან უფასოდ მგზავრობენ, ბარათის დაფიქსირება საჭირო აღარ არის. ამ შემთხვევაში [მათი ტრანსპორტირების საფასურს] ყველა დაფიქსირებულ [გადაადგილებაზე] სახელმწიფო იხდის, არა? სახელმწიფომ დააკანონა ის, რომ ეს „უფასო ბარათი“ აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს. თუ სახელმწიფომ მათ მისცეს ისეთი დოკუმენტს, რომ ბარათის გატარება არ იქნება სავალდებულო. წარმომიდგენს იმ საბუთს და მორჩა…  „მე მაინც უფასო ბარათი მაქვს და არ ვატარებ“ – ეს არის ძირითადი პრობლემა, რაზეც ვუწერთ მოქალაქეებს ჯარიმებს“, – გვითხრა ირმა ბასილაძემ.

კონტროლიორის თქმით, ხშირად აჯარიმებენ უცხოელ მგზავრებსაც: „ადამიანი დღეს თუ ჩამოვიდა, ვხედავთ, რომ ჩანთებითაა და ვერ გარკვეულა ჯერ, ბევრჯერ გაგვიტარებია, გვითქვამს, რომ შეიძინოს ბარათი და ვაკვალიანებთ, როგორ შეძლებს ამას. ველურები არ ვართ, ვეცეთ, გინდა თუ არა უნდა დაგაჯარიმოთო“.

ირმას თქმით, ბევრჯერ მიუღიათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც – „ადამიანი მეუბნება, არ მინდოდა, არ გავატარე და ვნახოთ, რას იზამთო. ამ შემთხვევაში პოლიციას ვიძახებთ და ის ახდენს რეაგირებას“.

როგორც ირმასგან ვიგებთ, პოლიციის გამოძახება კვირის განმავლობაში ხან ერთხელ, ხან საერთოდ არ სჭირდებათ და თავად ახერხებენ მგზავრების უკმაყოფილებას გაუმკლავდნენ.

ირმა და ლუდმილა დოგარი ერთ გაჩერებაზე დგანან მგზავრების შესამოწმებლად. ლუდმილა ამბობს, რომ არიან მგზავრები, რომლებიც ტრანსპორტირების საფასურის გადაუხდელობის გამო პასუხისმგებლობას იღებენ და როცა ჯარიმას წერს კონტროლიორი, აგრესიას არ ავლენენ. მაგრამ, ძირითადად, მგზავრები აგრესიულები არიან ჯარიმის დაწერის დროს.

„ჩვენ ვცდილობთ მგზავრთან კონფლიქტში არ შევიდეთ, ძალიან არ გაგვიგრძელდეს კომუნიკაცია მათთან. რა თქმა უნდა, თუ მგზავრს არ აქვს გადახდილი საფასური, აუცილებელია დაჯარიმდეს.

ვალიდატორები ყველა ავტობუსში მოწესრიგებულია. თუ ავტობუსში ზის 15 კაცი და ყველას აქვს დაფიქსირებული გადახდა და ერთი მგზავრი გეუბნება, რომ გავატარე და არ გატარდა, თქვენ როგორ ფიქრობთ, მართალია ის მგზავრი? მე ვფიქრობ, რომ არა. სადაც 15-მა და 50-მა კაცმა დააფიქსირა გადახდა, რა თქმა უნდა, მასაც უნდა მოეხერხებინა. ამიტომ ეს არ არის გასამართლებელი საბუთი, რომ მივადე [ბარათი] და არ გატარდა“, – გვითხრა ლუდმილამ.

ლუდმილას თქმით, ჯერ არ ჰქონიათ შემთხვევა, მგზავრს კამერის ჩანაწერის ნახვა მოენდომებინა, მაგრამ მგზავრს უფლება აქვს, სატრანსპორტო სამსახურში მივიდეს და იქ მოითხოვს ვიდეოჩანაწერის ჩვენება. „თუ ჩათვლიან საჭიროდ, აჩვენებენ. ჩვენ არ ვეხებით კამერებს“.

კონტროლიორების კონტექსტში მგზავრები კიდევ ერთ პრობლემაზე მიუთითებენ – ავტობუსი გაჩერებაზე იქამდე იცდის, ვიდრე კონტროლიორები ყველა მგზავრის ბარათს არ შეამოწმებენ. ამ დროს შეიძლება გაჩერებაზე სხვა ავტობუსიც ჩამოდგეს. სწორედ ამ წესის გამო, ავტობუსს და შესაბამისად, მგზავრებსაც, რომელსაც კონტროლიორები ამოწმებენ, დიდხანს უწევთ ერთ ადგილზე დგომა.

„ავდივართ ავტობუსში და ვამოწმებთ იქვე. სხვადასხვა გაჩერებამდე ავტობუსს არ მივყვებით“, – ამას ადასტურებენ კონტროლიორებიც.

„ბათუმელებთან“ საუბრისას კონტროლიორებმა აღნიშნეს ისიც, რომ ჭორია, თითქოს, ხელფასზე ბონუსები ერიცხებათ იმის მიხედვით, თუ რამდენ მგზავრს დააჯარიმებენ: „არანაირი ბონუსი ჩვენ ჯარიმების დაწერაში არ გვაქვს“.

____

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/348496/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: