მთავარი,სიახლეები

თხილის ჯოხებით ქსოვის ოსტატი ქედიდან

24.10.2022 • 2380
თხილის ჯოხებით ქსოვის ოსტატი ქედიდან

55 წლის გენადი სურმანიძე ქედაში, სოფელ დოლოგანში ცხოვრობს და ბავშვობიდან გოდრებს, კალათებს, ხილის საკრეფს, მცირე ზომის სუვენირებსა და სხვა ნივთებს ქსოვს ველური თხილის ჯოხებისგან.

გენადის თქმით, თხილის ჯოხებისგან ამა თუ იმ ნივთის მოქსოვა ბავშვობაში მამისა და ბაბუისგან ისწავლა. პირველად დამოუკიდებლად გოდორი 15 წლისამ მოქსოვა და მას შემდეგ არ შეუწყვეტია „ხესთან ურთიერთობა“. მისი თქმით, ახლა ამ საქმეს პრაქტიკულად აღარავინ აკეთებს და ძალიან არ უნდა ეს ხელობა საბოლოოდ მიეცეს დავიწყებას.

გენადი გვიხსნის, თუ როგორ იქსოვება გოდორი. მისი თქმით, საქსოვი მასალის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი ყურადღებით უნდა შეირჩეს. სწორი, საშუალო სიგრძისა და ერთი სისქის თხილის ჯოხებია საჭირო. შემდეგ თხილის ჯოხებს შეშის ღუმლის თავზე ცალ-ცალკე მოთბობა სჭირდება, რომ დარბილდეს და მასალაზე მუშაობა გამარტივდეს, არ გატყდეს. შემთბარ თხილის ჯოხებს შუაზე ხლეჩს, თლის.

„საქსოვად გამზადებული მასალა დიდხანს არ უნდა გააჩერო. ხეს თუ დიდხანს გააჩერებ, გამოხმება და შემდეგ საქსოვად აღარ ივარგებს, მარტივად გატყდება. იქამდე უნდა მოიქსოვო ნივთი, სანამ საქსოვი მასალა ნედლია“, – გვეუბნება გენადი. იხსენებს, რომ 5-6 წლის წინ დასაქმებული იყო და სანამ საქსოვად მოიცლიდა, მასალა უხმებოდა, რის გამოც ძალიან გაუჭირდა ქსოვა. ხშირად უტყდებოდა და უფუჭდებოდა მასალა.

გენადი ყველაზე კარგ სამუშაო მასალად ველური თხილის ხეს ასახელებს.

ქსოვას გენადი გოდრის ძირის მოხაზვისა და ღერძის შეკვრის შემდეგ იწყებს. „თუ სხვა საქმით არ დაკავდები, ერთი გოდრის მოქსოვას 5 დღეში შეძლებ, მაგრამ სხვა საქმე არ უნდა გქონდეს“, – გვიხსნის გენადი. ის, ძირითადად, შემოდგომის მიწურულსა და ზამთარში ქსოვს. როგორც ამბობს, ყველაზე დიდი დრო გოდრის მოქსოვას სჭირდება.

გენადი სურმანიძის მიერ მოქსოვილი ნივთები

„ჩემ ბავშვობაში სოფელში ბევრმა იცოდა ამ საქმის კეთება, ხისგან ქსოვა. ახლა სოფელში 30 ოჯახი ვცხოვრობთ და მხოლოდ მე ვქსოვ. ყველა ჩემთან მოდის, მთხოვენ მოვუქსოვო ესა თუ ის ნივთი, რაც სჭირდებათ. მე ვერ დავდივარ შორს [ჯანმრთელობის პრობლემების გამო], ვუხსნი, როგორი მასალა სჭირდება ქსოვას, მათ თვითონ მოაქვთ და მე ვუქსოვ“, – გვიყვება გენადი.

გენადის თქმით, მზად არის სრულიად უსასყიდლოდ ასწავლოს ეს საქმე სხვებს, მაგრამ ვერავინ დააინტერესა.

„ჩემი აზრით, ეს ხელობა უკვე მიცემულია მივიწყებას. არავის აღარ აინტერესებს, არავის აღარ უნდა აღარც გოდორი და აღარც კალათი.

ახალგაზრდებს სოფელში სულ ვეუბნები ისწავლეთ, კარგი ხელობაა-მეთქი, მაგრამ არ აინტერესებთ. ჩემს შვილებსაც ეზარებათ ამის სწავლა და კეთება“, – გვითხრა გენადიმ.

ოსტატის თქმით, ახლა არც ერთი ნივთის მოქსოვა არ უჭირს, რადგან ამ საქმეში ხელი კარგად აქვს გაწაფული. გენადი ყოველთვის მარტო ქსოვდა, ასეა დღემდე, თუმცა, როგორც ის ამბობს, ოჯახის წევრები ყოველთვის მხარს უჭერენ და არწმუნებენ, რომ ამ საქმის კეთება არ უნდა შეწყვიტოს.

„გულის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ახლა დიდ დროს ვატარებ სახლში და რადგან მეზობლები ხშირად მთხოვენ სხვადასხვა ნივთის მოქსოვას, ვუქსოვ, თავსაც ვირთობ. ეს საქმე განტვირთვაში მეხმარება.

ზამთარში ყოველთვის სახლში ვაკეთებ ხოლმე ამ საქმეს. დავჯდები ფეჩთან, შეშას შევუკეთებ, ვთბები და თან ვქსოვ“, – გვიყვება გენადი.

გენადის სახელოსნო არასდროს ჰქონია, რადგან სახელოსნოს მოწყობას ფინანსები სჭირდება, რასაც მარტო ვერ გასწვდება.

გენადი ბევრ მსურველს სრულიად უფასოდ უქსოვს მისთვის სასურველ ნივთს. ზოგიერთი თავისი სურვილითა და ამ საქმის პატივისცემის ნიშნად ასაჩუქრებს ხისგან ქსოვის ოსტატს, თორემ თავად არასდროს ჰქონია განსაზღვრული რაიმე კონკრეტული საფასური ამა თუ იმ ნივთის მოქსოვისთვის.

 

გენადი სურმანიძის მიერ მოქსოვილი ნივთები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: