ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 171 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 570]
  • ტანკი – 3 602 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 6 966 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 2 653 ერთეული [+15]
  • MLRS – 525 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 277 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 305 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 291 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 235 ერთეული [+19]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 502 ერთეული [+9]
  • სპეცტექნიკა – 287 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 404 თვითმფრინავი
  • 226 ვერტმფრენი
  • 3 612 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 414 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 433 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 074 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 449 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 161 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის შტურმი ბახმუტზე გრძელდება – უკრაინის გენშტაბი

ბათუმის სასამართლოს “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლეს – თვითმხილველები

ბათუმის საქალაქო სასამართლოს “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლეს. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა 27 მარტს, საღამოს, დაახლოებით 8 საათზე მოხდა.

“ბათუმელებს” თვითმხილველებმა უთხრეს, რომ კოქტეილის გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა და ცეცხლი სასამართლოს თანამშრომლებმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მისვლამდე ჩააქრეს.

შსს-ში მომხდარზე ამ ეტაპზე ვერაფერი გვითხრეს.

განახლება: შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის შესაბამისად.

„ერდოღანი არჩევნებზე შესაძლოა ცარიელზე დატოვონ“ – ინტერვიუ თურქოლოგთან

მიწისძვრა და ეკონომიური კრიზისი – ორ ფაქტორს ასახელებს თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე, რომლის გამოც შესაძლოა ერდოღანმა 14 მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები წააგოს.

თურქოლოგი გვესაუბრება, როგორ გამოჩნდა ის, რომ თურქეთი იგივე პრობლემების წინაშეა, რაც იყო 24 წლის წინ – იზმითის მიწისძვრის დროს. მაშინ მიწისძვრა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც ერდოღანი ხელისუფლებაში მოვიდა.

„ქილიჩდაროღლუსთვის მთავარი ფაქტორია ის, რომ ხალხი ერდოღანით დაიღალა, მისი დაპირება ეკონომიკურ სტაბილურობასა და სხვა, მოკრძალებული დაპირებები მნიშვნელოვნად ეჩვენება ხალხს… ერდოღანს კი, ძველი გზავნილები აქვს, რომ მუსლიმური სუპერძალაა, ახლო აღმოსავლეთის ლიდერი…“-  გვიყვება სანდრო ბაკურაძე.

„ბათუმელებმა“ აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო სანდრო, რამდენად რეალური ხდება თურქეთი ერდოღანის მმართველობის გარეშე? გამოკითხვების მიხედვით, ერდოღანის კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს აქვს უპირატესობა.

დღევანდელი პერსპექტივით და გამოკითხვის ერთი ნაწილის მიხედვით, ეს საკმაოდ რეალურია. ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტორმა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ნამდვილად ვერანაირად ვერ გაართვა თავი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლას.

გარდა ამისა, თურქეთი ძალიან სერიოზული ეკონომიკური კრიზისის პირობებშია, რამაც ხელისუფლების ამომრჩევლებზეც სერიოზული გავლენა მოახდინა. რეალურ პერსპექტივას და პოლიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ეკონომიკური კრიზისი გადაილახოს, ხელისუფლება საკუთარ ამომრჩეველსაც ვერ სთავაზობს.

არის სხვა პრობლემებიც: კორუფცია, პოლარიზაცია და სხვა, მაგრამ თურქეთის ისტორიული და პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, მთავარი ფაქტორი პოლიტიკური ცვლილებებისთვის ყოველთვის ეკონომიკური იყო. როგორც ჩანს, ერდოღანის ხელისუფლებაც ვერ გაექცა ამას.

მიწისძვრამ აჩვენა, რომ ნგრევის მთავარი წყარო მიწისძვრის სიძლიერეზე მეტად იყო ის, რომ ყველა წესების დარღვევით მიმდინარეობდა მშენებლობები, ხელისუფლება კი, ამაზე თვალს ხუჭავდა და აცხადებდა ყოველი არჩევნების წინ ე.წ. სამშენებლო ამნისტიას, რომელიც უკანონოდ და ნებისმიერი სტანდარტის გარეშე აშენებულ მშენებლობას ლეგალიზაციას აძლევდა.

ერდოღანის ხელისუფლებამ 20 წლის განმავლობაში გამოაცხადა 9 სამშენებლო ამნისტია. თურქეთის მმართველი პარტია სამშენებლო ბიზნესთან არის ძალიან გადაჯაჭვული, ისაა მისი შემომწირველი, მხარდამჭერი…

  • როცა ერდოღანი ხელისუფლებაში მოვიდა, მაშინაც აქტუალური იყო მიწისძვრა – 1999 წლის იზმითის მიწისძვრას ვგულისხმობ. 

დიახ და 1999 წლის მიწისძვრის შემთხვევაშიც ზოგადი სურათი იგივე იყო.

მიუხედავად მიწისძვრის მასშტაბებისა, ძირითადი მიზეზი ნგრევისა, მაშინაც იყო უხარისხო მშენებლობები, ხოლო ადამიანები, რომლებიც კონტრაქტორები იყვნენ და პირდაპირ კავშირში უხარისხო მშენებლობებთან, მხოლოდ ერთმა კაცმა მოიხადა სასჯელი, უმეტესობის სასამართლო პროცესი გააჭიანურეს და ხანდაზმულობის ვადა გავიდა. რამდენიმე მათგანი დღეს მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატიც კია.

ერდოღანის ხელისუფლება ერთი-ერთში იმეორებს იმას, რასაც 1999 წლის მიწისძვრის დროს აკეთებდა მოქმედი ხელისუფლება, როცა ვერ ართმევდა თავს სიტუაციას.

  • ეს რას აჩვენებს პოლიტიკურად – თურქეთი 24 წლის შემდეგაც იგივე გამოწვევის წინაშეა?

ფაქტობრივად ასე გამოდის. ერდოღანი კი აცხადებდა, რომ ძველი თურქეთი აღარ არსებობს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველა ის პრობლემა, რაც არსებობდა 1999 წელს, არსად არ წასულა. ჩანს, რომ ეს პრობლემები უფრო მეტად გაძლიერდა კიდეც.

იმ პერიოდის კონიუნქტურიდან გამომდინარე, ერდოღანს ევროკავშირის მხარდაჭერა სჭირდებოდა, მანამდე არსებული სამხედრო ისტებლიშმენტის წინააღმდეგ საბრძოლველად და ინვესტიციების მოსაზიდად. ამ პერიოდში, ისლამისტური ტერორიზმის გაძლიერების ეპოქაში, ერდოღანისეული რიტორიკა, რომ ზომიერ ისლამს ქმნიდნენ, მუსლიმი დემოკრატები იყვნენ და ასე შემდეგ, ბევრი მომხრე გაუჩინა დასავლეთში.

მერე უკვე, როცა ქვეყანაში დაგროვდა უკმაყოფილების ტალღა, ერდოღანს ამის საჭიროება უკვე აღარ ჰქონდა.

  • გამოჩნდა, რომ ერდოღანს შეუძლია რეპრესიების გზით სვლა. თქვენი დაკვირვებით, მოახერხებს ერდოღანი რეპრესიებით ძალაუფლების შენარჩუნებას? 

ჩემი აზრით, ერდოღანს ამის რესურსი ფიზიკურად აქვს, მაგრამ ეკონომიკური კრიზისით და მიწისძვრის შედეგებით იმხელა პოლიტიკური კაპიტალი დაკარგა, რომ საჭირო პოლიტიკური კაპიტალი მას შესაძლოა აღარ ჰქონდეს. ერდოღანი გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს ამისთვის.

დღევანდელი თურქეთი მაინც განსხვავდება 20 წლის წინანდელი თურქეთისგან, ეს ურბანიზებული ქვეყანაა და სხვა დინამიკა მუშაობს, ოპოზიციაც უკვე საკმაოდ კარგადაა ორგანიზებული… გაყალბების მიუხედავად, ერდოღანმა შესაძლოა მაინც ვერ მოახერხოს საარჩევნო წარმატების მოპოვება.

გაყალბების შესაძლებლობა ერთგვარად ორლესული მახვილია ახლა ერდოღანისთვის, რომელიც შესაძლოა არ დამთავრდეს ერდოღანის სასარგებლოდ. ვფიქრობ, კონტრპროდუქტიული იქნება ფართომასშტაბიანი გაყალბება. ერდოღანს ძალიან შეცოტავებული აქვს პოლიტიკური კაპიტალი და ამ მოცემულობაში შესაძლოა კონტრპროდუქტიული იყოს ეს ყველაფერი.

  • რა დაჯგუფებებია და მოძრაობა ერდოღანის გარშემო არსებულ კლანებს შორის? 

ერდოღანის პარტიამ დაკარგა უკვე სერიოზული რაოდენობის „სისხლი“, როცა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ახმედ დავითოღლუ გამოეყვნენ. ამას დაემატა ისიც, რომ ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე ტრადიციულმა ელიტებმა სახელისუფლებო პარტია დატოვეს. ტრადიციული ტომების და გავლენიანი ფიგურების ოპოზიციის მხარეს გადასვლა მნიშვნელოვანი ინდიკატორია: თურქეთის პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ეს ძალები ისტორიულად ყოველთვის ხელისუფლებას, ან ყველაზე პერსპექტიულ პარტიებს უჭერდნენ მხარს. მსგავსი ნიშნები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გარკვეული ცვლილებები არის აქ, თუმცა ჯერ რაიმეს ზუსტად თქმა შეუძლებელია.

  • იმის გათვალისწინებით, თუ როგორ შეძლო ერდოღანმა ბოლო წლებში დემოკრატიის საბოლოო დასუსტება – მედია, სასამართლო, რამდენად არსებობს სამართლიანი არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის რესურსი?

ტექნიკურად ამის რესურსი არსებობს, მაგრამ არსებობს არა იმის გამო, რომ ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ამას, ან რაღაც. უბრალოდ, ოპოზიციის გამარჯვების რეალურობის გათვალისწინებით, შესაძლებელია, ბიუროკრატიულმა აპარატებმა შეამჩნიონ, რომ ერდოღანი ვეღარ ახერხებს სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემობრუნებას და გადამწყვეტ მომენტში უარი თქვან მანიპულაციებზე, ერდოღანი ცარიელზე დატოვონ.

  • რის იმედი აქვს ერდოღანს, თქვენი აზრით? 

ერდოღანის გამოსვლებიდან ჩანს, რომ ის არავის არაფერს აღარ ჰპირდება. მისი დაპირებები არის ძალიან ზოგადი და კონტექსტიდან ამოვარდნილიც კი. მმართველი პოლიტიკური ძალის მთავარი იმედი ისევ და ისევ არის ერდოღანის, როგორც პიროვნების კულტი. მმართველი პოლიტიკური ძალა გათვლას აკეთებს ერდოღანის ფიგურასა და მის პირად ავტორიტეტზე, ფიქრობენ, რომ ეს ისევ იმუშავებს. ამის იქეთ სახელისუფლებო რიტორიკაში რეალური დაპირება ფიზიკურად არ არის.

  • რა ჩანს გამოკითხვებში ამ კუთხით – ისევ ძლიერია ერდოღანის კულტი? 

ჩანს ის, რომ მიწისძვრის დროს ერდოღანმა დაახლოებით 5 %-მდე ნდობა დაკარგა. სხვა ინდიკატორებიც აჩვენებს, რომ მათთვის სასარგებლო სიტუაცია არ არის. ამავე დროს ერდოღანის პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად იყენებს ფსევდოოპოზიციურ სახეებს, ცდილობენ აზრის მანიპულირებას ტვიტერის ინფლუენსერების საშუალებით, თუმცა ჩანს, რომ ესეც საკმაოდ პრობლემურია: სოციალურ მედიას ვინც იყენებს, მისი საკმაოდ დიდი ნაწილი ოპოზიციონერია.

  • ვინ არის ქემალ ქილიჩდაროღლუ, რომელიც წინასაარჩევნოდ შექმნილმა უმსხვილესმა ოპოზიციურმა ალიანსმა დაასახელა კანდიდატად? პოლიტოლოგები საუბრობენ იმაზე, რომ ის საუკეთესო კანდიდატია ქურთებისთვის, მაგრამ აღმსარებლობით ალევიტია, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი. ეს ფაქტორი როგორ მუშაობს დღევანდელ თურქეთში?

ქემალ ქილიჩდაროღლუს კანდიდატობა პრობლემური იყო, რადგან მას არ გააჩნდა იგივე ქარიზმა, ასევე მიიჩნევდნენ, რომ ანკარის მერთან შედარებით ცუდი კანდიდატი იქნებოდა, მაგრამ თურქეთის ოპოზიციური ალიანსის არქიტექტორი და ფაქტობრივი ლიდერი ის იყო.

ქემალ ქილიჩდაროღლუ აღმსარებლობით ალევიტია, წარმოშობით ქურთია, თუმცა თავის იდენტობაზე, როგორც წესი, არ საუბრობს. იგი ცდილობს, რომ საკუთარი წარმოშობის თურქმენულ წარმოშობაზე ისაუბროს მიუხედავად იმისა, რომ ის ეკუთვნის ისტორიული დერსიმის რეგიონს, დღევანდელი თუნჯელის პროვინციას.

ის მოიაზრება არა მილიტარისტულ-ნაციონალისტურ, არამედ სოციალ-დემოკრატებთან დაახლოებულ, ზომიერ პოლიტიკოსად, რაც საშუალებას აძლევს, რომ ქურთებისგან აიღოს ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა.

ქილიჩდაროღლუს კანდიდატურას ვინც იწუნებდა, მათი მთავარი არგუმენტი იყო სწორედ რელიგიური ფაქტორი, ისინი თვლიდნენ, რომ თურქი ამომრჩეველი მას ხმას ამ ფაქტორის გამო არ მისცემდა, თუმცა წინასაარჩევნო გამოკითხვებით ჩანს, რომ თურქი ამომრჩეველი საკმაოდ პრაგმატულია. ის კატეგორია, რომელიც, როგორც წესი, ალევიტს არ მისცემდა ხმას, ისედაც ხელისუფლების ამომრჩეველია და მისი ოპოზიციისკენ გადახრა უტოპიის სფეროა. ოპოზიციის პოტენციური ამომრჩევლისთვის კი, ქილიჩდაროღლუს რელიგია პრობლემა არ არის.

აღარ არის ძველი დრო, შეიცვალა, თუმცა ალევიტების მიმართ მაინც სერიოზული დისკრიმინაცია არსებობს, განსაკუთრებით კი, ერდოღანის პერიოდში გაღრმავდა ეს დისკრიმინაცია – არცერთი ალევიტი გუბერნატორი არ არსებობს არცერთ პროვინციაში, არ არიან პოლიციასა და ჯარში, დაზვერვაში, საჯარო სამსახურშიც კი, ალევიტისთვის ბევრად რთულია დასაქმება, ვიდრე სუნიტებისთვის.

ეს დამოკიდებულება ჯერ კიდევ ოსმალთა იმპერიიდან მოდის – ალევიტები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აღიქმებოდნენ. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ისინი საერთოდ მუსლიმებადაც არ აღიქმებოდნენ, ურჯულოებს უწოდებდნენ…

  • ეს ფაქტორი დღეს რატომ შეიძლება აღარ იყოს ანგარიშგასაწევი სუნიტი მორწმუნეებისთვის, რომლებიც უმრავლესობაში არიან? 

დღევანდელი თურქეთი მკვეთრად ურბანიზებული საზოგადოებაა, სადაც განსხვავებული დინამიკა მოქმედებს და უკვე ყველას ჰყავს ალევიტი მეზობელი, ნაცნობი, გადაჯაჭვულია ბევრი რამ…

ამ ქვეყანაში მთავარ პრობლემად უფრო ეკონომიკური კრიზისი გვევლინება და რელიგიური იდენტობა არც ისე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი ყოფილიყო 20 ან 25 წლის წინ.

  • რა ხედვებით ცდილობს ქილიჩდაროღლუ გაპრეზიდენტებას – არსებითად რა იცვლება თურქეთში, თუ ის პრეზიდენტი გახდება? 

იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი ძალიან რთულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციაშია, ის ცდილობს, რომ ძირითად რეალისტური დაპირებები გააკეთოს. მისი მთავარი დაპირებაა სიტუაციის ნორმალიზება და პოლარიზების დასრულება, ასევე, მაგალითად, ერდოღანის გაურკვეველი ეკონომიკური პოლიტიკის სტანდარტული ეკონომიკური პოლიტიკით ჩანაცვლება და ასე შემდეგ.

პოპულიზმის მხრივ კი, ქილიჩდაროღლუ ძირითადად სირიელი დევნილების დაბრუნებას ახსენებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში თურქეთი მოელაპარაკება სირიის ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ანუ ბაშარ ასადს და ასადთან მოლაპარაკებით მოხდება სიტუაციის ნორმალიზება სირიასთან.

ქილიჩდაროღლისთვის მთავარი ფაქტორია ის, რომ ხალხი ერდოღანით დაიღალა, მისი დაპირება ეკონომიკურ სტაბილურობასა და სხვა, მოკრძალებული დაპირებები მნიშვნელოვნად ეჩვენება ხალხს, მათ წარმოადგინეს მანიფესტიც, თუმცა დეტალური გეგმა, რას როგორ აპირებენ, არ წარმოუდგენიათ.

ერდოღანს კი, ძველი გზავნილები აქვს, რომ მუსლიმური სუპერძალაა, ახლო აღმოსავლეთის ლიდერი, მსოფლიო მასშტაბის ლიდერი.

  • რა სახის საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს ქილიჩდაროღლუს და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას?

ჯერჯერობით რაც ჩანს, დასავლეთი ქილიჩდაროღლუს უჭერს მხარს, რუსული მედიიდან კი ჩანს, რომ რუსეთისთვის ოპტიმალური ვარიანტი ერდოღანის დარჩენაა. გარკვეულ საკითხებს ქილიჩდაროღლუ დიდი ალბათობით არ შეცვლის, მაგალითად, ისიც შეეცდება, რომ დააბალანსოს ურთიერთობა დასავლეთს და რუსეთს შორის.

უნდა ველოდოთ უფრო მეტად დაახლოებას დასავლეთთან, თუმცა ისეც არ უნდა გავიგოთ, რომ თურქეთი უცებ ევროკავშირის სტანდარტების მქონე ქვეყნად გადაიქცევა.

  • რა შეიცვლება თურქეთის პოზიციონირებაში, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში?

არა მგონია, საქართველოსთან ურთიერთობაში რამე სერიოზულად შეიცვალოს, რადგანაც კავკასიაში არსებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია და თურქეთის სიტუაციაც სტატიკური. შეიძლება, შეიცვალოს ის, რომ აღარ ჰქონდეთ მხარდაჭერა ერდოღანთან აფილირებულ ფიგურებს, როგორიც იყო, მაგალითად, გალიფ ოზთურქი.

რა ელით მათ, ვინც დაურეგისტრირებელ ავარიულ სახლში ცხოვრობს

ბათუმის მერიას ავარიული სახლების ჩანაცვლების წესში ცვლილება შეაქვს. შესაბამისი განკარგულების პროექტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები მერიამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. ეს წესი ავარიული სახლების ჩანაცვლების პირო­ბებსა და პროცედურას არეგულირებს.

მერიის განმარტებით, ავარიული სახლების პროგრამის ამოქმედების შემდეგ გამოიკვეთა რიგი გარემოებები, რომელთა გადაჭრასაც ავარიული სახლების ჩანაცვლების წესში ცვლილება სჭირდება.

შესაბამისი განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, რთულია იმის გარკვევა, ზუსტად რას გულისხმობს და რა ცვლილებას გეგმავს მერია. ერთადერთი, რაც ირკვევა, არის ის, რომ მერიის შესაბამისმა სამსახურმა პროგრამის ფარგლებში ქირის ოდენობები დააზუსტა ქალაქის უბნების მიხედვით [ამ საკითხზე „ბათუმელები“ მუშაობს და დაზუსტებულ ინფომაციას ხვალ, 28 მარტს, გამოვაქვეყნებთ].

წესის შესაბამისად, ავარიული სახლების ჩანაცვლება განიხილება, თუ შენობა ავარიულია და ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას, შენობა-ნაგებობის ჩანაცვლებაზე არსებობს დაინტერესებული პირების თანხმობა,  ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს სანოტარო წესით.

  • რა მოხდება, თუ ავარიულ სახლში მცხოვრებს ფართობი დარეგისტრირებული არ აქვს?

ახალი წესის მიხედვით, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის, თუ საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს საკუთრება დარეგისტრირებული არ აქვს, ასეთ შემთხვევაში საკითხის განხილვაში აჭარის მთავრობა ჩაერთვება.

მერია განმარტავს:

„ავარიული სახლების ჩანაცვლებისას, როდესაც საცხოვრებელი ფართის მოსარგებლეს ფართი არ აქვს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული და საცხოვრებელი ფართი წარ­მოად­გენს მუნიციპალიტეტის, სახელმწიფოს ან აჭარის საკუთრებას, სანაცვლო საცხოვრებელი ფართები გაიცემა აჭარის მთავრობის ან სახელმწიფო ორგანოების ჩართულობითა და მათი გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი მიმართვის საფუძველზე.“

  • საკუთრების ჩანაცვლება – რას არ დაიანგარიშებს მერია

ახალი წესის მიხედვით, ავარიული სახლის ჩანაცვლებისას, დაინტერესებული პირების საკუთრებაში, გარდა ცალკეული შემთხვევებისა, არ დაიანგარიშებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონებას: ავტოფარეხი, სარდაფი, სხვენის ფართობი, რომელიც არ გამოიყენება სამყოფად.

სხვენის, შენობის ბოლო სართულის გადახურვის ზემოთ, გარე კედლებსა და ქანობიანი ან ბრტყელი სახურავის ფერდების შიდა ზედაპირებს შორის განლაგებული სივრცეს იმ შემთხვევაშიც, თუ მისი საშუალო სიმაღლე იატაკიდან ჭერამდე 1.6 მეტრზე ნაკლებია.

არსებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, პროექტის განმახორციელებლის გადაწყვეტილებით, დაინტერესებული პირის საკუთრებაში შესაძლებელია ჩაითვალოს ამ მუხლის დაურეგისტრირებელი ფართობი ან მისი ნაწილი, თუ იგი კეთილმოწყობილია და ფაქტობრივად გამოიყენება საცხოვრებლად.

  • ჩანაცვლება საბინაო ფონდის გამოყენებით

ავარიული სახლის ჩანაცვლებისას აშენებულ ახალ შენობაში ან მუნიციპალი­ტეტის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდის გამოყენებისას, დაინტერესებულ პირს გადაეცემა არანაკლებ მის საკუთრებაში არსებული  ფართობის ტოლი ფარ­თობი გარემონტებულ მდგომარეობაში [როგორც რეგისტრირებული, ისე დაურეგისტრირე­ბელი ან ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული ანაზომის მიხედვით].

ახალ შენობაში ან მუნიციპალი­ტეტის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონ­დის გამოყენებისას, დაინტერესებულ პირს, საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლე­ბელია გადაეცეს გაზრდილი ფართობი არაუ­მეტეს 15 კვ.მ-სა.

ავარიული სახლის ჩანაცვლების ფარგლებში, დაინტერესებულ მხარესა და მერიას შორის ხელშეკრულების გაფორმებისა და მას შემდეგ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის, ასევე ვალდებულე­ბებისა და უფლების რეგისტრა­ციის საფასურს ანაზღაურებს პროექტის განმახორ­ციელებელი, ანუ მერია.

  • ბინის ქირის კომპენსაცია

წესის მიხედვით, ავარიული სახლების ჩანაცვლების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხ­ვევაში, დაინტერესებული პირები, საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინის ქირის კომპენსაციით ახალი ბინის გადაცემამდე.

სხვა ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართობის გადაცემამდე [თუ მუნიციპა­ლიტეტის საკუთრებაში არსებული ფართობი გაურემონტებელია, არასრულად გარემონტებუ­ლია ან რემონტი არ შეესაბამება ამ განკარგულებით განსაზღვრულ სარემონტო სამუშაოებს და დაინტერესებულ პირს მიეცემა რემონტის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია. ბინის ქირის კომ­პენსაცია გაიცემა:

  • შავი კარ­კასის შემთხვევაში კომპენსაციის ჩარიცხვიდან ექვს თვემდე.
  • არასრული რემონტის შემთხვევაში კომპენსაციის ჩარიცხვიდან ოთხ თვემდე.
  • იმ შემთხვევაში, თუ რემონტი არ შეესაბამება ამ განკარგულებით განსაზღვრულ სარემონტო სამუშაოებს კომპენსაციის ჩარიცხვიდან ორ თვემდე. ამ შემთხვევაში ბინის ქირის კომპენ­საციის თანხა გაიცემა წინასწარ სრული ოდენობით.

დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ყოველთვიური კომპენსაციის სახით ფულადი თანხა გაიცემა, თუ დაინტერესებული პირი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ან დაუ­რე­გისტრირებელ, ფაქტობრივ სარგებლობაში არსებულ ფართობს იყენებს საცხოვრებელი მიზნით. ქირის კომპენსაციის ოდენობა განი­საზღვრება რეგისტრირებული ან ფაქტობრივი აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის ოდენობის შესაბამი­სად.

37,9 მილიონი ლარი ორი სკოლის ახალი კორპუსებისა და სახელოვნებო სკოლისთვის ბათუმში

ბათუმის №14 და №18 საჯარო სკოლების დამატებითი კორპუსების და სახელოვნებო სკოლის მშენებლობაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი 37 944 034 ლარით გამოაცხადა.

შესყიდვა მრავალწლიანია და 2023-2026 წლებს მოიცავს.

სამუშაოები სამივე მისამართზე უნდა დასრულდეს 30 თვეში ხელშეკრულების დადებიდან. თუმცა, „№14 სკოლის ნაწილში სამუშაოების წარმოება უნდა შეჩერდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას, ძირითადად ივლისის თვე, რაზედაც მიმწოდებელს წერილობით ეცნობება. ეს ვადა არ ჩაითვლება მიწოდების ვადაში“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 23 აპრილს დაიწყება და 28 აპრილს დასრულდება.

„ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 37 944 034 ლარის, მათ შორის არაუმეტეს ერთი დასრულებული ხელშეკრულების ან/და ერთი პროექტის ფარგლებში, შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 18 972 017 ლარის ღირებულების, სამოქალაქო დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის სამუშაოები“ – აღნიშნულია ტენდერის მოთხოვნებში.

ანგარიშსწორება განხორციელდება აჭარის ბიუჯეტიდან შემდეგი სავარაუდო განაწილებით:

  • 2023 წელი – 3 000 000 ლარი;
  • 2024 წელი – 17 000 000 ლარი;
  • 2025 წელი – 12 00 000 ლარი;
  • 2026 წელი – დანარჩენი.

ტენდერს თან ახლავს საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც სამუშაოები უნდა შესრულდეს.

პროექტის მიხედვით ბათუმში, ინასარიძის ქ. №11-ში, მე-14 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი სასწავლო და ცეკვის სასწავლო-სარეპეტიციო კორპუსების მშენებლობაა დაგეგმილი.

ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე არსებული ორსართულიანი შენობის იმ ნაწილს, რომელსაც დღეს სახელმწიფო ანსამბლი იყენებს.

ფოტო/რენდერი პროექტიდან

მე-14 სკოლის ახალი სასწავლო კორპუსი სამსართულიანი იქნება და განკუთვნილია მხოლოდ სასწავლო პროცესისათვის, ამ კორპუსის გვერდით კი ცეკვის სასწავლო-სარეპეტიციო კორპუსი ორსართულიანი იქნება – 220 ადგილიანი დარბაზით, სცენით.

  • პროექტის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მე-14 სკოლის დამატებითი კორპუსების მშენებლობის მაქსიმალური ღირებულება ჯამში 12 770 793 ლარია.

დამატებითი კორპუსის, ასევე დამხმარე ნაგებობებისა და სტადიონის მშენებლობაა დაგეგმილი ბათუმში, თამარის დასახლებაში, მე-18 სკოლის ტერიტორიაზეც [გრიშაშვილის ქ. N3].

1. მე-18 სკოლის არსებული შენობა. 2. საპროექტო დამატებითი შენობა. 3. საპროექტო დამხმარე შენობა. 4. საპროექტო საქვაბე. 5. საპროექტო ღია სპორტული მოედანი ტრიბუნებით. 6. საპროექტო სარბენი ბილიკი ქვიშის ორმოთი. ფოტო პროექტიდან

აღნიშნული სკოლის ახალი სასწავლო კორპუსი 600 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

მე-18 სკოლის ახალი კორპუსი / რენდერი პროექტიდან
  • პროექტის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მე-18 სკოლის დამატებითი კორპუსის, სტადიონისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის მაქსიმალური ღირებულება ჯამში 6 240 272 ლარია.

რაც შეეხება სახელოვნებო სკოლას, ის გოროდოკის დასახლებაში, ე.წ. განათლებისა და მეცნიერების ქალაქში [სვიშევსკის ქ. N1] უნდა ააშენონ.

ახალ შენობაში გადაიტანენ ბათუმის 5 სასწავლებელს: მ. ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლას, ვ. ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლას, ნ. კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლას, რ. ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლას და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას.

სახელოვნებო სკოლისთვის ორი შენობა აშენდება. პროექტის მიხედვით, პირველ, სამსართულიან შენობაში განთავსდება სკოლების ისეთი საერთო მოხმარების ობიექტები, როგორიცაა: საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა და სასადილო.

ამასთან, პირველი კორპუსი მთლიანად ეთმობა კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლას, რომელიც მოიცავს საგამოფენო დარბაზს, სივრცეებს ადმინისტრაციისათვის და სხვადასხვა ზომის სახელოსნოებს.

მეორე, 4-სართულიანი კორპუსი კი დანარჩენ სასწავლებლებს დაეთმობა.

სახელოვნებო სკოლა/რენდერი პროექტიდან
  • სახელოვნებო სკოლის მშენებლობისთვის ჯამში 18 932 969 ლარია იმ ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს.

განახლება:37 944 034 ლარით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

სახელოვნებო სკოლის დაპროექტებაზე ტენდერი სამინისტრომ 2019 წლის ნოემბერში გამოაცხადა 365 ათასი ლარით.

ამავე თემაზე: 

გოროდოკში გადაიტანენ ბათუმის ხელოვნების, ბალეტის, სამხატვრო და სამუსიკო სკოლებს

ბათუმში დახვრეტილთა სამარხში ნაპოვნი ნეშტებიდან 3 იდენტიფიცირებულია – რას ჰყვებიან ოჯახში

1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხებში აღმოჩენილი ნეშტების დნმ-ის კვლევის შედეგად სამი უდანაშაულოდ დახვრეტილი ადამიანის ვინაობა გახდა ცნობილი.

სამარხი, რომელშიც აღმოჩენილი ნეშტებიდან 3 ადამიანის ვინაობა დადგინდა, 2021 წლის აგვისტოში გახსნეს, ხელვაჩაურში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე.

ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილთა მე-5 სამარხის შესწავლა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინიციატივით, „საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციის“ დახმარებით და ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით მოხდა. დნმ-ის ერთი ნიმუშის კვლევა დაახლოებით 3 ათასი ლარი ღირს.

ნეშტების სასამართლო ანთროპოლოგიური და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა ერთი წელი გაგრძელდა. 2022 წლის ივლისში კი, აჭარაში უდანაშაულოდ დახვრეტილი 3 მოქალაქის მემკვიდრეებმა გაიგეს, რომ მათი წინაპარი იპოვეს.

ეთერ ბერიძე 69 წლისაა. 2022 წლის ივლისში მის ოჯახში ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი მივიდა და უთხრა, რომ დნმ-ის კვლევის შედეგად მისი მამამთილის, ხასან დიშლიოღლის ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა. „ბათუმელები“ უდანაშაულოდ დახვრეტილი ხასან დიშლიოღლის რძალს, ეთერ ბერიძეს ესაუბრა.

  • ხასან დიშლიოღლის დახვრეტის ამბავი

ხასან დიშლიოღლი ლაზი იყო. სოფელ გონიოში, ზღვასთან ახლოს ცხოვრობდა. ცოლი რუსეთში შეირთო, ანასტასია კუზნეცოვა და საქართველოში ჩამოიყვანა საცხოვრებლად. გონიოში მიწები ჰქონდა, მანდარინის და ლიმონის ბაღით. ორსართულიანი, ლამაზი სახლიც ააშენა მანდარინის ბაღის თავში.

1937 წლის დეკემბერი იდგა, როცა გონიოს ცენტრში მდებარე სოფლის მაღაზიაში კალოშები მიიტანეს. რადგან დიდი მოთხოვნა იყო, რეზინის ფეხსაცმელი დახლიდან მალე გაქრა და საყიდლად მისულ ხასან დიშლიოღლის კალოშები აღარ შეხვდა.

სიტყვები, რომელიც მაღაზიაში სასურველი ნივთის არ დახვედრის გამო ხასან დიშლიოღლიმ წარმოთქვა, მის განაჩენად იქცა.

„რა თქმა უნდა, ცაცხვის ძირში უმუშევრები ზიან და ისინი იყიდდნენო. მაგრამ რას ვჩივი, გადავალ ხვალ ხოფაში და ერთ ვაგონ ლაკის ტუფლებს ჩამოვუტან ჩემს ოჯახს თურქეთიდანო, – უთქვამს გაბრაზებულზე ჩემს მამამთილს. მეორე დღეს სახლი ვინც გადაუხურა, იმ მოხელეებზე ფულის მისაცემად წასულა. გონიოს ციხესთან იარაღიანი სამხედროები შეხვედრიან – ხასან დიშლიოღლის ვეძებთო. მე ვარო უთქვამს.

წაიყვანეს და წაიყვანეს. აღარ მოსულა. ჩემი მეუღლე იტყოდა, რომ სამი დღის მერე დახვრიტესო. არავის არ ჩაუშვია ჩემი მამამთილი. იმ მომენტში მაღაზიაში ყოფილა კომენდანტი დოლიძე. იმას გამოუგზავნია სამხედროები,“ – იხსენებს „ბათუმელებთან“ ხასან დიშლიოღლის ისტორიას მისი რძალი ეთერ ბერიძე.

ოჯახმა გვიან, მაგრამ მაინც გაარკვია, რომ ხასან დიშლიოღლი ე.წ. „ტროიკამ“ გაასამართლა. უდანაშაულო ადამიანი დაპატიმრებიდან სამ დღეში დახვრიტეს ჭოროხისპირას, თავში ერთი ტყვიით. ზუსტად ისე, როგორც ათასობით სხვა ადამიანი საბჭოთა სისხლიანი ტერორის დროს.

ხელვაჩაურში, საერთო სამარხში აღმოჩენილი რეპრესირებულის ისტორია

  • ცხოვრება „ხალხის მტრის“ ოჯახის სტატუსით

ხასან დიშლიოღლის სამი შვილი დარჩა. მესამეს დაბადებას ვერც მოესწრო. მისი ცოლი, ანასტასია კუზნეცოვა, ფეხმძიმედ იყო, როცა ხასანი დააპატიმრეს. სახლი, რომელიც ხასანმა ააშენა, ოჯახს ჩამოართვეს და იქ ჭოროხსგაღმა მდებარე 7 სოფლის საავადმყოფო გახსნეს. ოჯახიდან წაიღეს ყველა ძვირფასი ნივთი, ყველა ფოტო, სადაც ხასანი იყო გამოსახული.

სამ ათეულ წელზე მეტი გონიოში ქირით ცხოვრობდა ხასანის ოჯახი. ანასტასია კუზნეცოვამ შვილებს გვარი გამოუცვალა და თავის გვარზე გადაიყვანა, გადასახლებისა და საბჭოთა ხელისუფლების დევნისგან რომ დაეცვა.

„სოფელს ზურგი არ მიუბრუნებია ოჯახისთვის, მოსახლეობა ეხმარებოდა. ხან სად ცხოვრობდნენ ქირით და ხან სად. მაგრამ მთავრობა ძალიან ავიწროებდა. ტროცკისტის ოჯახი ერქვათ.

ორწლინახევრის იყო ჩემი მეუღლე, როცა მამამისი წაიყვანეს. ერთი სურათიც არ ჰქონდა მისი. რომ დაუხვრეტიათ, მოსულან და ყველაფერი წაუღიათ. ჩემი ქმარი სულ იგონებდა, სადამდეც ვწვდებოდი მამაჩემს, ის ნაწილი მახსოვს მხოლოდ მისიო. მამაჩემის „აზიაცკები“ მახსოვსო. მერე ოჯახის ახლობელმა, ხეირი ახალაძემ მამის ერთი სურათი მოუტანა. ძალიან ცუდად გახდა ჩემი მეუღლე. აი, ზუსტად ასეთი მახსოვს მამაჩემიო“.

ხასან დიშლიოღლის ერთადერთი ფოტო, რომელიც ოჯახმა წლების მერე იპოვა

„დედამთილი სულ ეუბნებოდა თურმე ბავშვებს, მამათქვენი ჭოროხისპირზეა დახვრეტილიო. რა ადგილსაც ამბობდა, იმ ადგილას ამოიღეს ჩემი მამამთილის ნეშტი.

47 წელი ჩემი მეუღლის ცოლი ვიყავი და ამ 47 წლის განმავლობაში ერთი დღე არ ყოფილა ჩვენს ოჯახში, მამა რომ არ ეხსენებინა. ჩემი მეუღლე, იაკობ კუზნეცოვი, სულ ეძებდა მამას. საფლავი მაინც მეცოდინება და გავასვენებ მის ძვლებსო,“ – იხსენებს „ბათუმელებთან“ ეთერ ბერიძე, ხასან დიშლიოღლის რძალი.

  • რეაბილიტაცია და ქონების დაბრუნება

1989 წელს ჩემი მული იყო ჩამოსული კიშინოვიდან. მე და ჩემმა მულმა ერთად დავწერეთ წერილი საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის სახელზე. ჩემს მულს უმაღლესი განათლება აქვს, ახსნა ყველაფერი დეტალურად რა როგორ იყო და დაგვიბრუნეს ქონება. თან მაშინ საბჭოთა კავშირიც მილევაზე იყო.

მალევე მოვიდა პასუხი – სასწრაფოდ დააკმაყოფილეთო. ჩემი მამამთილის სახლი კოლმეურნეობის ბალანსზე იყო. წესით, უსასყიდლოდ უნდა გადმოეცათ, მაგრამ კოლმეურნეობის თავმჯდომარემ, სერგო დუაძემ მოგვყიდა. ყველაფერში ფული გადავიხადეთ. ეგ კი არა, ფარდების სარჭები გვიანგარიშეს ხუთ კაპიკად.

იმდენს მივაღწიეთ, რომ მე და ჩემმა მეუღლემ შვილიშვილები მამამთილის სახლში გავზარდეთ. მაგრამ იაკობს არასდროს უთქვამს „ჩემი სახლი“ – სულ „მამაჩემის სახლს“ იძახდა.

მერე ჩემი მამამთილი გაამართლეს. ტროცკისტის ოჯახის წოდება მოგვიხსნეს.

33 წლის იყო ჩემი მამამთილი, როცა დახვრიტეს. 33 წლის კაცი შეაფასეს 32 მანეთად. 32 მანეთი მისცეს კომპენსაცია ჩემს მეუღლეს მამამისის დახვრეტაში. ასეთ წყობაში ცხოვრობდნენ. 1937 წელი… ეს იყო საშინელი წლები.

მერე იყო და მოვიდა დემოკრატია.

მოვიდა დემოკრატია და ითქვა, ვისაც დაუხვრიტეს ოჯახის წევრები, მათზე კომპენსაცია გაიცემაო. იმდენი იწვალა ჩემმა ქმარმა კომპენსაციაზე. 1800 ლარი მისცეს. ერთი თეთრი სახლში არ მოუტანია. დაარიგა.

დემოკრატიამ 1800 ლარად შეუფასა მამა, იმათ (საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ) 32 მანეთად,“ – ამბობს ეთერ ბერიძე.

  • რეპრესირებულთა ოჯახები უდანაშაულოდ დახვრეტილების ნეშტების მოლოდინში

იაკობ კუზნეცოვი, რომელმაც მთელი ცხოვრება მამის ნეშტისა და სამართლის ძიებაში გაატარა, 2021 წელს გარდაიცვალა. მამის ნეშტის იდენტიფიცირება დახვრეტიდან 85 წლის შემდეგ მოხდა. იაკობ კუზნეცოვი ამ დროს ერთი წლის გარდაცვლილი იყო.

„2021 წლის ივნისში გავასვენე ჩემი მეუღლე. აგვისტოში რუსთავი 2-ის ჟურნალისტები მოვიდნენ ჩვენთან. ჭოროხისპირას საფლავი გაუხსნიათ და იქიდან ამოსვენებული ნეშტების დნმ უნდოდათ შეედარებინათ ნათესავების დნმ-ისთვის. „მედინაში“ დაგვიბარეს, ჩემს მულთანაც ჩავიდნენ კიშინიოვში და იქ აუღეს დნმ-ი. რამდენიმე თვეში მოგვიტანეს საბუთი, რომ 100 %-იანი დამთხვევა იყო.

მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გადის და ჩვენ, ოჯახი ნეშტს ვითხოვთ. ჩემი მეუღლე სულ იმას იძახდა, ნუთუ ჩემს სიცოცხლეში ვერ უნდა ვნახო მამაჩემის ძვლები, რომ მას საფლავი გავუკეთოო.

ვისაც ეხება, ძალიან ვთხოვ – ხომ მომიტანეთ დნმ-ის პასუხი, რომ ჩემი მამამთილის ნეშტი ნაპოვნია. მოგვეცით ის ნეშტი, რომ ჩემი მეუღლის სული მოვასვენო.

ვითხოვთ ოჯახი ნეშტს. თუ რამე გადასახდელი გვაქვს, გადავიხდით, რომ ჩემს მეუღლეს გვერდით მივუწვინო მამამისი, რომლის მარტო „აზიაცკები“ ახსოვდა,“ – ამბობს ეთერ ბერიძე.

  • რას პასუხობს სახელმწიფო რეპრესირებულთა ოჯახებს

1937-1938 წლებში უდანაშაულოდ დახვრეტილთა პირველი მასობრივი სამარხი აჭარაში 2017 წელს გაიხსნა. პირველ სამარხში, რომელიც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ჩართულობითა და ინიციატივით გათხარეს, 150 ადამიანის ნეშტი იპოვეს.

სამარხების გახსნას იღუმენია სიდონია და ეთერ მახარაძე კურირებდნენ. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, იღუმენია სიდონიას პირმა, რომელმაც ანონიმად ისურვა დარჩენა, შეატყობინა, რომ დიდი ტერორის დროს აჭარაში დახვრეტილები ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იყვნენ საერთო საფლავში დასაფლავებულები.

ინფორმაცია ნეშტების აღმოჩენის შესახებ საზოგადოებამ 2019 წლის აპრილში შეიტყო. 2019 წლის 11 აპრილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის #123-ე ბრძანებით შეიქმნა სამთავრობო კომისია.

კომისიაში შევიდნენ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები. ოფიციალური ინფორმაციით, კვლევის პროცესში ჩართულნი არიან რელიგიის საკითხთა სააგენტოს აჭარის წარმომადგენლები, ისტორიკოსები, არქეოლოგები და საკითხით დაინტერესებული პირები.

პირველი ოთხი სამარხიდან ამოსვენებული ნეშტებიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ აიღო დნმ-ის ნიმუშები შემდგომში დნმ კვლევისათვის ბაზის შესაქმნელად. აღებული ნიმუშები შესანახად ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს გადაეცა. კომისიის რეკომენდაციით, დაგეგმილია პირველი ოთხი სამარხიდან ამოსვენებული ნეშტების კვლევის დაწყება ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში [ბაუ]. პროცესში ასევე ჩაერთვება „საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია“.

„ბათუმელებმა“ ოფიციალური ინფორმაცია გამოითხოვა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან. გვაინტერესებდა, რა ბედი ელის რეპრესირებულთა ნეშტებს, სად და როდის დაკრძალავენ მათ.

„ამოსვენებული ნეშტები განთავსებულია ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სარდაფში. დაკრძალვის ადგილი და თარიღი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. საკითხზე კომისია აგრძელებს მუშაობას“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

მილები 3 წლის წინ დამონტაჟდა, გაზს კი არ გვირთავენ – ერგეს მოსახლეობის მიმართვა მთავრობას

ხელვაჩაურის  სოფელ ერგეს მოსახლეობამ ბუნებრივი აირის სისტემის ინდივიდუალური გამრიცხველიანების მოთხოვნით აჭარის მთავრობას და მუნიციპალიტეტს მიმართა.

წერილში, რომელსაც 100 მოქალაქე აწერს ხელს, ადგილობრივები ითხოვენ, რომ ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი დროულად დაიწყოს.

სოფელში გაზის ცენტრალური მილების მონტაჟის პროცესი 2020 წელს დასრულდა, ამის მიუხედავად, მოსახლეობა ბუნებრივი აირით ამ დრომდე ვერ სარგებლობს.

„ბათუმელები“ ერთ-ერთ მოქალაქეს, გოჩა მჟავანაძეს ესაუბრა.

„აქამდე მიზეზი ჰქონდათ, რომ – ვმუშაობთ, ვაკეთებთ. 2020 წელს დაასრულეს სამუშაოები, გაკეთდა, ჩაბარდა, თანხა გადაურიცხეს და ამის შემდეგ ინდივიდუალური გამრიცხველიანება უნდა დაწყებულიყო.

სამუშაოების დამკვეთი არის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია და მანვე ჩაიბარა სამუშაოები. შემდეგ ეს მილები უნდა გადაეცეს სახელმწიფოს ქონების ეროვნულ სააგენტოს, სააგენტომ კი უნდა გადასცეს სოკარს და შემდეგ სოკარმა უნდა გააკეთოს გამრიცხველიანება. აი, ამ ბიუროკრატიაში არიან გაჭედილი.

რა ეტაპზე არიან, ვერ გავარკვიეთ. ბოლოს რომ ვიკითხე, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოზე იყო უკვე გადაცემული, მანდ რა მოხდა, არ ვიცით“ – ამბობს გოჩა მჟავანაძე.

ამ პროცესში მოსახლეობას სამოქალაქო საბჭოების ფარგლებში დახმარებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აუცილებელია, აჭარის მთავრობამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად, შესაბამის უწყებებთან იშუამდგომლოს და ბუნებრივი აირის ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი დროულად დაიწყოს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „სოკარს“ აჭარაში, სადაც გვითხრეს, რომ ინდივიდუალური გამრიცხველიანება მოქალაქის მიერ განცხადების დაწერის შემდეგ დაიწყება.

„ინდივიდუალურად ყველა მოქალაქეს ხომ ვერ შევხვდებოდით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობამ იცის, სოფლის რწმუნებულმა იცის, დეპუტატმა იცის, ჩვენი თანამშრომლებიც გაფრთხილებულნი არიან, რომ 2-3 კაცს სადაც დაინახავენ სოფელში, უთხრან, რომ მოვიდნენ და განაცხადი დაწერონ, დაერთების საფუძველი რომ იყოს“- გვითხრეს „სოკარში“.

ბათუმის №1 სკოლის 15 მოსწავლე კლინიკას დღის ბოლომდე დატოვებს – საზოგადოებრივი ჯანდაცვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილე, ნონა ეფაძე, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში მოწამლულ ბავშვებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მოსწავლეები ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობენ.

მისი თქმით, პირველი სკოლიდან 15 მოსწავლე გადაიყვანეს კლინიკაში, რომლებსაც ინტოქსიკაციის გამოხატული ნიშნები ჰქონდათ, თუმცა ბავშვები ახლა თავს კარგად გრძნობენ და სავარაუდოდ დღის ბოლომდე კლინიკას ყველა ბავშვი დატოვებს.

„15 ბავშვი გადაიყვანა სასწრაფო დახმარებამ იაშვილის ჰოსპიტალში. მათ გამოხატული ჰქონდათ სხვადასხვა ხარისხით ინტოქსიკაციის ნიშნები. შედარებით საყურადღებო იყო რამდენიმე ბავშვი, სხვებს უფრო მსუბუქად ჰქონდათ ეს ნიშნები.

მოსწავლეებს ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა და ახლაც მიმდინარეობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. როგორც მკურნალი ექიმები გვეუბნებიან, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, პროგნოზი კეთილსაიმედოა და დღის ბოლომდე ყველა ბავშვი დატოვებს კლინიკას“ – ამბობს ნონა ეფაძე.

დღეს, 27 მარტს, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, მეშვიდეკლასელ მოსწავლეებსა და ერთ მასწავლებელს ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდათ. პირველადი ვერსიით, კლასში სავარაუდოდ გამოიყენეს სპრეი, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის.

აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მოკვლევა.

_____________

ამ თემაზე:

ბათუმის პირველი საჯარო სკოლიდან რამდენიმე მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს

მარიუპოლში ოკუპანტების პოლიციის უფროსის ავტომანქანა ააფეთქეს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ოკუპანტი ხელისუფლების მიერ დანიშნული პოლიციის უფროსის ავტომანქანა ააფეთქეს. ამის შესახებ რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, აფეთქება დღეს, 27 მარტს, დილას მოხდა. პოლიციის უფროსი ავტომანქანიდან რამდენიმე მეტრში იდგა, როცა ავტომანქანა აფეთქდა. ის გადარჩა, თუმცა ტვინის შერყევა მიიღო.

ქალაქ მარიუპოლის კანონიერმა მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ ავტომანქანა მარიუპოლის წინააღმდეგობის მოძრაობამ ააფეთქა.

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი 2022 წლის გაზაფხულიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ქალაქი, ფაქტობრივად, ნანგრევებად იქცა. უცნობია, რამდენი ადამიანი დაიღუპა მარიუპოლში, რადგან ოკუპირებულ ქალაქში ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.

_______________

ფოტო: „რია ნოვოსწი“

ხალვაშის გამზირზე დაიწყო ხიდის მშენებლობა, რომელზეც ავტობანმა უნდა გაიაროს

დღეს, 27 მარტს, ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში სამუშაოები დაიწყო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე.

იმ ადგილზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, ხალვაშის გამზირი გადაკეტილია და მანქანები იქვე მოწყობილი დროებითი გზით გადაადგილდებიან.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი/27.03.2023 /ფოტო: როინ გუნდაძე/„ბათუმელები“

აქ ხიდის მშენებლობა, რომელზეც ავტობანმა უნდა გაიაროს, დღეს დილით დაიწყო:

ფრიდონ ხალვაშის გამზირი/27.03.2023 /ფოტო: ცაგო კახაბერიძე/„ბათუმელები“

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ხელისუფლების თავდაპირველი გათვლებით 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. ამის შემდეგ მშენებლობის დასრულების თარიღი რამდენჯერმე გადავადდა.

ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, გზების დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ ბათუმის ავტობანის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

ბათუმის პირველი საჯარო სკოლიდან რამდენიმე მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 27 მარტს, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში ერთი მასწავლებელი და ათი მეშვიდეკლასელი მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ინტოქსიკაცია სავარაუდოდ სპრეიმ გამოიწვია, რომელიც კლასში გაუშვეს.

„5-6 ბავშვი და ერთი მასწავლებელია გადაყვანილი. სავარაუდოდ, რომელიღაც ბავშვმა გაუშვა კლასში სპრეი, დაზუსტებით არ ვიცით რა მოხდა, პოლიცია დაადგენს“, – გვითხრა გოჩა დავითაძემ.

მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით გააკეთა კომენტარი სკოლის დირექციამ. მათი ინფორმაციით, შემთხვევა დილის საათებში მოხდა.

„იყო შემთხვევა, როდესაც მასწავლებელს კლასში დაეწყო ხველება, ჩემამდე კლასში ავიდა მანდატური და მასაც დაეწყო ხველება, ბავშვებსაც ჰქონდათ ხველების ნიშნები და პრევენციის მიზნით გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება, მშობლები ინფორმირებული მყავს.

მოსწავლეები გადავიყვანეთ იაშვილის კლინიკაში და ახლა კარგად არიან. ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრიც ჩართულია, გამოვიძახეთ პოლიცია, რადგან დაგვეხმაროს დადგენაში რა მოხდა“- გვითხრა ნატალია მგელაძემ.

მისი თქმით, დაზუსტებით არ შეუძლია იმის თქმა, რა მოხდა კლასში და იყო თუ არა რაიმე სითხე გამოყენებული.

„დანარჩენი ბავშვები კარგად არიან, ჩავაბარეთ მშობლებს. მეორე ცვლასაც დაეწყო სწავლა უკვე და სკოლა ფუნქციონირებს“- თქვა მგელაძემ.

თურქეთის უდიდესი კაშხალის გამო იუსუფელს ტბორავენ

თურქული მედიის ცნობით, თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის გიგანტურ კაშხალში, წყლის დონემ 85 მეტრს მიაღწია.

ქალაქ იუსუფელში ქალაქის ბოლო მაღაზიები უკვე დაკეტეს – ქალაქი თანდათან იტბორება, წყალი მიტოვებული და დანგრეული შენობების პირველ სართულზე შევიდა. დატბორვა პროექტის შესაბამისად ხდება და მის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი.

თურქეთის ყველაზე დიდი და მსოფლიოში სიდიდით მეხუთე წყალსაცავი „იუსუფელი“ გასული წლის ნოემბერში გაიხსნა.

წყალსაცავის კაშხლის სიმაღლე 275 მეტრია, რაც ასსართულიანი შენობის სიმაღლეს შეესაბამება. წყლის საერთო მოცულობა 2 მილიარდ 130 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

წყალსაცავის მშენებლობა ქალაქ ართვინიდან 70 კილომეტრის დაშორებით 2012 წლიდან მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, ახალი ჰესი გამოიმუშავებს 1,9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას, რაც თურქეთს წლიურ შემოსავალს 5 მილიარდ ლირას მოუტანს.

კაშხალი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2023 წლის 29 მაისს დაიწყებს.

იუსუფელი
იუსუფელი
იუსუფელი

 

„შუახევიჰესის“ ხელმძღვანელად პრაშანტ შინდე დაინიშნა

„შუახევიჰესს“ პრაშანტ შინდე უხელმძღვანელებს. პრაშანტი 15-ზე მეტი წელი მუშაობდა წამყვან პოზიციებზე ინდოეთის უმსხვილეს ენერგოკომპანია TATA Power-ში. მას აქვს მრავალმხრივი მუშაობის გამოცდილება განახლებადი ენერგიის ობიექტებზე, როგორიც არის ჰიდრო, მზის და ქარის სადგურები.

თავისი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ის პასუხისმგებელი იყო 100 და მეტი მგვტ სიმძლავრის Tata Power-ის მზის პროექტების მართვაზე ბანგალორში, როგორც საინჟინრო გჯუფის ხელმძღვანელი. მისი როლი გადამწყვეტი იყო მუმბაიში საიმედოობაზე ორიენტირებული მოვლის, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის, IOT და უახლესი ანალიტიკური პლატფორმების ჩამოყალიბებაში 10 გვტ. გენერაციის, გადაცემის და განაწილების ბიზნესისთვის ტატა ფაუერში. ექსპლუატაციისა და რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობდა 300 მგვტ სიმძლავრის ბირას ჰიდროელექტროსადგურზე, რომელსაც ამავდროულად აქვს ტუმბოსაცავი (150 მგვტ), ხოლო თავისი კარიერის საწყის ეტაპზე კომპანია SUZLON-ში ქარის ელექტროსადგურზე.

,,ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგოობიექტის – შუახევიჰესის ხელმძღვანელობა. განახლებადი ენერგიის ობიექტებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების, შიდა წარმოების ზრდის, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისა და დეკარბონიზაციის  პროცესში. შუახევიჰესი ქვეყნის მსხვილ და პატარა ენერგოობიექტებთან ერთად, როგორც დღეს, ასევე მომავალში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის.“ – განაცხადა პრაშანტ შინდემ.

უპილოტო აპარატები საფრთხეა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვა დღეს, 27 მარტს, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ, თავის მოკლე ანალიზში წერს, რომ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში რუსულ ფლოტს ორჯერ დაესხნენ თავს დრონებით და უპილოტო აპარატებით.

2023 წლის 22 მარტს სევასტოპოლში, ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის საზღვაო ბაზაზე იყო სულ მცირე სამი უპილოტო აპარატითა და ერთი დრონით თავდასხმის მცდელობა. ღია წყაროების ცნობით, ერთი უპილოტო აპარატი დამცავი სისტემებით გააჩერეს, დანარჩენი ორი კი – გაანადგურეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმა მოიგერიეს და რუსული გემები არ დაზიანებულა.

„თუმცა 2022 წლის 29 ოქტომბერს დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა ნაღმმტყორცნი – ივან გოლუბეცი და ფრეგატი ადმირალ მაკაროვი“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თავდასხმებს, სავარაუდოდ, არ მიუყენებია ზიანი სამხედრო ობიექტებისთვის, უპილოტო აპარატები, სავარაუდოდ, კვლავ აფერხებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მოქმედებას, – ასკვნის დაზვერვა.

უკრაინული მედიის ცნობით, უპილოტო აპარატები შედიოდა სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც უკრაინას გერმანიამ გადასცა გასული წლის ბოლოს.

„ვისოლ ჯგუფმა” ბათუმში „სმარტის” ახალი მაღაზია გახსნა

ბათუმში, „ვისოლის“ თვითმომსახურების ბენზიგასამართ სადგურზე, 24 მარტს „სმარტის“ 35-ე მაღაზია გაიხსნა.

აქ 25 ადამიანია დასაქმებული და ობიექტი ღიაა 24 საათის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ „სმარტის“ ამ ფილიალშიც, ისევე როგორც ქსელის დანარჩენ სუპერმარკეტებში, ექსკლუზიურად იმპორტირებული პროდუქტების ყველაზე დიდი არჩევანია.

„სმარტის“ ახალი მარკეტის გარდა „ვისოლი“ სასიამოვნო სიახლესაც სთავაზობს მძღოლებს: ლოიალობის პროგრამის ფარგლებში ამ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი, ჯამში, 25-30 თეთრით ნაკლები ღირს ქსელის სხვა ბენზინგასამართი სადგურების ფასებთან შედარებით.

„დიდი შეღავათია ეს მომხმარებლებისთვის, მძღოლებს საქმეს უადვილებს ისიც, რომ ბენზინი, დიზელი, გაზი და სუპერმარკეტი 24/7 ერთ სივრცეშია ხელმისაწვდომი“, – ამბობს გერა კილაძე, „ვისოლის“ საწვავის მუდმივი მომხმარებელი.

გერა კილაძე
გერა კილაძე

ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, #22-ში, მომხმარებლებს „სმარტში“ დახვდებათ აქვე დამზადებული მრავალფეროვანი პურფუნთუშეული, რამდენიმე სხვადასხვა სახის ღვეზელი და „ტრუჩილოს“ ბრენდის იტალიური ყავა. „ტრუჩილო“ საოჯახო იტალიური ბრენდია და საუკეთესო ყავას აწარმოებს სხვადასხვა არომატითა და დამატებითი ინგრედიენტებით.

მომავალი სამი წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით „სმარტის“ კიდევ 30-მდე ახალი სუპერმარკეტის გახსნა იგეგმება. „სმარტის“ უგემრიელესი სენდვიჩები, ღვეზელები, არომატული იტალიური ყავა და უცხოური პროდუქტი მალე მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„სმარტის“ მაღაზიათა ქსელებში მაღალი ხარისხის იმპორტული პროდუქტებია წარმოდგენილი

„ზუსტად ისეთი, როგორსაც ევროპის დიდ ქალაქებში ნახავთ. „სმარტის“ ამ ახალი მარკეტის ირგვლივაა განთავსებული ბენზინგასამართი სადგურები, აქ ნებისმიერი ტიპის საწვავია ხელმისაწვდომი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი მაღაზიათა ქსელის განვითარების პარალელურად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქმდება ჩვენი მოსახლეობა“, – ამბობს „ვისოლ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„სმარტის“ მაღაზიათა ქსელის განვითარება კომპანია „ვისოლ ჯგუფმა“ 2010 წლიდან დაიწყო.

2023 წლის თებერვალში სმარტის მეორე სუპერმარკეტი გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, შავიზღვისპირეთში კი, ბათუმსა და ურეკში, „სმარტის“ უკვე 4 მაღაზიით შეუძლია მომხმარებელს სარგებლობა.

„ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგური ბათუმში
„ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგური ბათუმში

როდის გამოიდარებს ბათუმში – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 მარტის 21 საათიდან 28 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 29-30 მარტს აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 171 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 610]
  • ტანკი – 3 595 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 6 953 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 2 638 ერთეული [+7]
  • MLRS – 523 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 277 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 305 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 291 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 216 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 493 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 285 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 404 თვითმფრინავი
  • 226 ვერტმფრენი
  • 3 600 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 414 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 421 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 074 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 447 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 146 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უპილოტო აპარატები საფრთხეა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის – ბრიტანეთის დაზვერვა

გადავიწვებით, კლასის დამრიგებელს აუცილებელია ჰყავდეს დამხმარე – მასწავლებელი

„არა მარტო ხელფასი უნდა გაიზარდოს, არამედ აუცილებელია, დამრიგებლის მხარდამჭერი მექანიზმი შეიქმნას სკოლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავიწვებით“, – ამბობს ნინა ინაიშვილი, ბათუმის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელი და დამრიგებელი. ის „ბათუმელებთან“ იმ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს, რომლის წინაშეც დღეს სისტემა კლასის დამრიგებლებს აყენებს.

  • ქალბატონო ნინა, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რის წინაშეც დგანან კლასის დამრიგებლები და რა იწვევს ამ პრობლემას?

რვა წელია, რაც სკოლაში ვარ. კერძო სკოლაში მუშაობის დროს, ყოველთვის ვცდილობდი თავი ამერიდებინა დამრიგებლობისთვის, მაგრამ საჯარო სკოლაში, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი და კლასია, საჭირო გახდა ჩემი დამრიგებლობა და ბოლო სამი წელია ვარ დამრიგებელი. ახლა მყავს მეშვიდე კლასი.

შეიძლება ვთქვა, რომ თუ რაიმე მფიტავს და განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე მაყენებს, ეს არის სწორედ დამრიგებლობა.

ზოგჯერ მგონია, უნდა გამომეცადა ალბათ ეს პოზიცია, რომ ბოლომდე გამეაზრებინა, როგორ წირავს სისტემა პროფესიული და პიროვნული გადაწვისთვის თავის მასწავლებელს. აკისრებს მას უდიდეს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ არანაირ დამხმარე მექანიზმს არ სთავაზობს.

  • რა იწვევს ამ გადაწვას?

ჩემი აზრით, დამრიგებლის ადამიანური რესურსის და იმ ვალდებულებების შეუსაბამობა, რაც აქვს.

კლასებში მოსწავლეების რაოდენობა, წესით, არ უნდა აღემატებოდეს 25 მოსწავლეს, მაგრამ გამონაკლისის წესის შემოღების შემდეგ, დაუშვეს 29 მოსწავლე. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, მაგალითად, ბათუმში, ამ გამონაკლისის გამო ყველა კლასში 29 მოსწავლე დაუშვეს. რამდენიმე კლასს ვასწავლი და ყველგან 29 მოსწავლეა.

კლასის დამრიგებლები ვართ საგნის მასწავლებლებიც და დღის განმავლობაში სადღაც 3-5 გაკვეთილს ვატარებთ. მარტივი მისახვედრია, როგორ შინაგან ენერგიას, ემოციებს, გონებრივ თუ ფიზიკურ რესურს ითხოვს დღეში 90-150 მოსწავლესთან მუშაობა და ამ დატვირთვის პარალელურად, დამრიგებლობა არის ურთულესი პასუხისმგებლობა.

სკოლის სახელმძღვანელო დოკუმენტი ეროვნული სასწავლო გეგმაა, სადაც წერია, რომ დამრიგებლის ფუნქცია, სხვა უამრავ ვალდებულებასთან ერთად, არის მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა და ამ შესაძლებლობების განხორციელებისთვის სათანადო პირობების შექმნა.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ დამრიგებელმა მოსწავლეებს საშუალება უნდა მისცეს, მონაწილეობა მიიღონ ლაშქრობებში, ექსკურსიებში, სხვადასხვა აქტივობაში, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მშობელს რეგულარულად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და ასევე, შუამავლები ვართ მასწავლებლებსა და მშობლებს შორის.

როგორ უნდა ამყოფინოს მასწავლებელმა ამდენ პასუხისმგებლობას თავისი ადამიანური რესურსი? ეს ხომ უტოპიაა, არა?

ვიღაც სკეპტიკოსი მოგვისმენს და იტყვის, აი, უქმე დღეები გამოიყენეთ ან სკოლის დასრულების შემდეგი დრო გამოიყენეთ თავისუფალი აქტივობებისთვის, მაგრამ აქაც სხვა სოციალური მწვავე პრობლემა იჩენს თავს, რადგან მასწავლებელთა უმეტესობა, ისევე როგორც მე, რეპეტიტორობით ვართ დაკავებული, რადგან მასწავლებლის ანაზღაურება არ არის საკმარისი ღირსეული ცხოვრებისთვის.

მაშინ, როცა კლასის ხელმძღვანელის დანამატი არის 80 ლარი. ფაქტობრივად, მასწავლებლებს, ვინც კლასის დამრიგებლად ვმუშაობთ, იდეალიზმი და ბავშვის სიყვარული გვასაზრდოებს.

დამრიგებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს სასკოლო გარემოში წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში და ყველამ, ვის შვილსაც გაუვლია გარდამავალი ასაკი, კარგად იცის, როგორ იცვლება მოზარდის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა სქესობრივი მომწიფების დროს.

ამ ასაკში მოზარდებს ძალიან უჭირთ ემოციების მართვა და ხშირად არის კონფლიქტი. აი ამ დროს, რა გააკეთოს ერთმა დამრიგებელმა? როგორ უნდა შეძლოს ამ ხანძრის ჩაქრობა, ამ ვნებათაღელვის მართვა, როცა ის არც ფსიქოლოგია, არც ქცევის თერაპევტი და როგორც უკვე აღვნიშნე, დღეში 150-მდე მოსწავლისთვის უწევს გაკვეთილის ახსნა, მათი შეფასება, მოტივაციისა და ინტერესების შენარჩუნებაზე ზრუნვა და ამ პროცესში არის თითქმის მარტო.

  • თქვენი აზრით, ხელფასის გაზრდა გადაჭრის პრობლემას?

არა მხოლოდ ხელფასის გაზრდა, არამედ დამრიგებლის საქმიანობისთვის გამაძლიერებელი მხარდამჭერი მექანიზმის შექმნაა საჭირო სკოლის ბაზაზე.

ყოველ ჯერზე, როცა მოსწავლეთა პრობლემური ქცევის საჭიროების წინაშე ვდგები, ვხვდები, რომ მჭირდება დამხმარე ადამიანური რესურსი, პროფესიონალი ფსიქოლოგის ჩართულობა. მართალია, სკოლის დირექცია მონიტორინგს ახორციელებს, რთულ შემთხვევებში მანდატურებიც ერთვებიან და უკიდურეს შემთხვევაში ფსიქო-სოციალური სამსახურიც, მაგრამ მაღალკონტინგენტიან სკოლაში ეს არ არის საკმარისი.

ჩემთან, მესამე საჯაროში, 2000-მდე ბავშვი სწავლობს. გვყვავს ერთი დირექტორი, ორი მოადგილე, 3 მანდატური და 2 ფსიქოლოგი, რომლებიც ძირითადად სსმ მოსწავლეებთან მუშაობენ, არ არის საკმარისი ამხელა კონტინგენტიან სკოლაში.

თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს სკოლაში გაჯეტებთან გაზრდილი და ხშირ შემთხვევაში, სიდუხჭირეში გაზრდილი ბავშვები სწავლობენ, რომელთაც უამრავი ტრავმა და სულიერი ჯანყი აქვთ, კიდევ უფრო ცხადი გახდება ჩემი მსჯელობა.

მგონი ანალიტიკური აზროვნება არ არის აუცილებელი გავიაზროთ, რომ სკოლაში სულ ცოტა ათი ფსიქოლოგი მაინც უნდა მუშაობდეს, რომ დამრიგებლებთან ერთად იმუშაონ როგორც კლასის, ასევე კონკრეტული ბავშვის საჭიროებაზე.

ასევე აუცილებელია არაფორმალური განათლების კომპონენტის გაძლიერება, რადგან როცა მოსწავლე წრეებში, კლუბებში, რაღაც აქტივობებში ჩაერთვება, პუბერტაციის პერიოდში დაგროვილ ემოციას ჯანსაღი მიმართულებით დახარჯავს.

იდეალურ შემთხვევაში, კარგი იქნება დამრიგებლები თუ საერთოდ არ იქნებიან საგნის მასწავლებლები და ფსიქოლოგები იმუშავებენ დამრიგებლებად, რომელთა მოვალეობა იქნება სადამრიგებლო კლასების კრიზისების მართვა. ან მასწავლებელს მაინც უნდა ჰყავდეს დამხმარე ასისტენტი ამ მიმართულებით.

  • ეს დაკავშირებულია ახალი კადრების აყვანასთან – აქვთ დღეს სკოლებს ამის რესურსი?

მგონია, რომ პრობლემის სათავე არის ზოგადი განათლების მართვის ცენტრალიზებული მიდგომა.

საქართველოში 2 080 სკოლა ერთნაირი მიდგომებით არ უნდა იმართებოდეს.

  • როცა ახალი სკოლის მოდელი  დანერგეს, ხომ ითქვა, რომ მიზანი იყო სკოლების ინდივიდუალური საჭიროებების დადგენა, არ გეხმარებათ ეს მოდელი?

ახალი სკოლის მოდელი გულისხმობს საგაკვეთილო პროცესების ცვლილებას და არა იმდენად სკოლის მენეჯმენტს.

სამწუხაროდ, მიდგომა ცალკეული საკითხების გადაჭრისას, მაინც ცენტრალიზებულია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ, მასწავლებლები, უნდა გამოვიდეთ კონფორმისტული მდგომარეობიდან და ხმამაღლა უნდა დავიწყოთ იმ სულიერ ტანჯვებზე საუბარი, რაც გვადგება იმის გამო, რომ სისტემას საერთოდ არ ეცოდება დასაქმებული მასწავლებელი.

მარტო ხელფასს ვერ ექნება მნიშვნელობა, რადგან მაინც შეუსაბამობაა, ერთი მასწავლებელი ვერ გაუმკლავდება ამდენ ვალდებულებას.

სისტემა ხომ ამბობს, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომას ვიყენებთ? სინამდვილეში, მაინც განუხორციელებელი დარჩება ეს. ამიტომ, დამრიგებლის დამხმარე რესურსის გამოყოფა იქნება პრობლემის ნაწილობრივ მოგვარება. როცა ვლაპარაკობთ დამრიგებლობაზე, ხელფასის ზრდასთან ერთად უნდა მოვითხოვოთ დამხმარე მექანიზმი – ძალიან ცოდოა მარტოდ დარჩენილი მასწავლებელი.

  • დამრიგებელს რომ ჰყავდეს ფსიქოლოგი ასისტენტად, ეს რამდენად რეალური იქნება?

ეს უფრო რეალურია, რომ რამდენიმე დამრიგებელს ერთი ასისტენტი ჰყავდეს. მანდატურების დეფიციტია სისტემაში, არათუ ფსიქოლოგის და ეს იდეალურ შემთხვევაში იქნება.

  • პედაგოგები ალბათ მსჯელობით ამ ყველაფერზე – რომელი მოდელისკენ იხრებით: ფიქრობთ, რომ ფსიქოლოგებმა უნდა ითავონ დამრიგებლის ფუნქცი,ა თუ მასწავლებლების ასისტენტები გახდნენ?

ალბათ უფრო რეალურია, თუ ასისტენტები იქნებიან, რადგან არ ვიცი, ამდენი კვალიფიციური ფსიქოლოგის აყვანა თუ იქნება შესაძლებელი. ამიტომ ერთი ფსიქოლოგი რამდენიმე დამრიგებელს თუ დაეხმარება, ეს იქნებოდა გამოსავალი.

ყველა ხვდება დღეს არსებულ ფორმატში მუშაობის გაგრძელება არის სულიერი გადაქანცვის, გამოფიტვის წინაპირობა.

ამ პროცესში საკმაოდ რთული თემაა მშობლებთან სწორი კომუნიკაციის საკითხი და რატომ? ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში გვიწერია, რომ სკოლის მიზანია ლიბერალურ-დემოკრატიული ცნობიერების მქონე მოზარდის აღზრდა. სამწუხაროდ, მშობლების გარკვეული ნაწილი მაინც ანგარიშსწორების მომხრეა და შვილს ეუბნება, რომ „თავი არავის დაუხარო“, „თუ დაგარტყეს, დაარტყი“, „ქალივით არ ატირდე“ და ასე შემდეგ. მსგავსი არაჰუმანური მიდგომები მირთულებს საქმეს და მიზნის მიღწევას.

„კაცია და მოხვდება“ – ასე რომ მსჯელობს მშობელი, ძალიან რთულია მასთან მუშაობა.

შარშან ჩემს კლასში ორმა მოსწავლემ იჩხუბა, სცემეს ერთმანეთს და ერთი ისე დაზიანდა, რომ საავადმყოფოში გადავამისამართეთ.

ამის შემდეგ საკმაოდ შრომატევადი იყო ამ ბიჭების მშობლებთან ურთიერთობა, რამდენიმე დღე დავხარჯეთ, რომ ბავშვებს საერთო ენა გამოენახათ, დავნიშნეთ კრება, რომ მაგალითი ყოფილიყო სხვა ბავშვებისა და მშობლებისთვის. კონფლიქტების მართვა ითხოვს უდიდეს შინაგან რესურსს და ფსიქოლოგიურ კომპეტენციასაც.

ხშირად ჩვენი კონფლიქტების მართვაც კი გვიჭირს ადამიანებს, წარმოიდგინეთ, როგორი რთულია არასრულწლოვნებს შორის საერთო ენის გამონახვა. ერთი, რომ მათში უნდა ჩააქრო ხანძარი და შემდეგ ისე დაგეგმო სასწავლო პროცესი, რომ მათ შეძლონ მეგობრობა და უსაფრთხოების საკითხიც დგება ხომ? ვაი თუ რაიმე დაუზიანდეს ბავშვს, ამ დროს ყოველთვის დაძაბული ხარ დამრიგებელი.

  • ტრენინგები ხომ გიტარდებათ მასწავლებლებს. როგორც ვიცი, კონფლიქტების მართვასაც გასწავლიან, არ არის ეს საკმარისი?

ცხადია, მასწავლებელი უნდა იცნობდეს ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს, მაგრამ თუნდაც ამ კომპეტენციას ფლობდე, მხოლოდ შენი რესურსი არ ჰყოფნის კლასის პრობლემების მოგვარებას: ჩართული ხარ სხვადასხვა საქმეში, დარბიხარ კლასიდან კლასში, ხსნი გაკვეთილს, ასწორებ შემაჯამებელს, აფასებ მოსწავლეს, როგორ მოახერხებ, რომ სრულყოფილად შეძლო შენი კომპეტენციების გამოვლენა?

გახსოვთ ალბათ, ვაკის პარკში მოზარდი რომ დაიღუპა, წარმოიდგინეთ, დამრიგებელს სმს-ი რომ არ ჰქონოდა მშობელთან გაგზავნილი და არ მიეწერა, რომ შენი შვილი სკოლაში არ მოსულაო, ციხეში აღმოჩნდებოდა. ეს ღირს 80 ლარად? – ვინმეს რაიმე რომ შეემთხვეს, ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება აუცილებლად.

გარდა ამისა, დღეს სტრესულ გარემოში უწევთ ბავშვებს ცხოვრება, სოციალური ქსელებიდან, ტელევიზიებიდან ისმის სიძულვილის ენა, „ტიკტოკის“ კონტენტი არის უხამსი, ბავშვები მართლა აფორიაქებულნი არიან ამ ყველაფრით და მათ მართლა სჭირდებათ დახმარება.

სამწუხაროდ, მშობლების ნაწილს, სოციალური მდგომარეობის თუ სხვა მიზეზებით, დრო აღარ რჩება ბავშვებისთვის და აქ სკოლამ ხომ უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია?

2022-2030 წლის განათლების სამოქმედო გეგმა წავიკითხე და ამ დოკუმენტში თითქმის ყველა პრობლემა იდენტიფიცირებული აქვს სახელმწიფოს, ხედავს პრობლემებს, მაგრამ არაფერი იცვლება. საერთაშორისო კვლევებში მაინც ბოლო პოზიციებზე ვართ. ფაქტია, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ ფორმალურ განათლებაში.

  • თქვენ რეპეტიტორობა ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, მასწავლებელს რომ არ სჭირდებოდეს კერძოდ მოსწავლეების მომზადება და ჰქონდეს საკმარისი ანაზღაურება, მაშინ თუ შემსუბუქდებოდა ეს ტვირთი?

ეს ალბათ გარკვეულ შედეგს გამოიღებს, მაგრამ მაინც არ იქნება საკმარისი. აუცილებელია პარალელური პროცესების დაწყება.

მაგალითად, აუცილებელია კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება, დამრიგებელი არ უნდა იყოს მასწავლებელი, რომელსაც 25 საათი აქვს სკოლაში. უმნიშვნელოვანესია სკოლების დეცენტრალიზაცია, არაფორმალური და ფორმალური განათლების ინტეგრირება, რომ ბავშვებმა სწორი მიმართულებით დახარჯონ ემოცია, აუცილებელია დამრიგებლის დამხმარე მექანიზმის შემუშავება და ბოლოს – მასწავლებლებმა უარი უნდა თქვან დუმილზე.

ხმამაღლა ისაუბრონ იმ სულიერ ტანჯვაზე, რასაც დაკისრებული პასუხისმგებლობებისა და ადამიანური რესურსების შეუსაბამობა იწვევს.

ბათუმის მერია საბაგიროსთან, პლაჟზე 1790 კვ.მეტრ ნაკვეთს ასხვისებს

ბათუმის მერია გოგებაშვილის ქუჩაზე, საბაგიროსთან, ზღვისპირას არსებული ნაკვეთის, 1790 კვ.მეტრის სარგებლობის წესით გასხვისებას გეგმავს. მერიამ მიწის ნაკვეთის საიჯარო ფასი სამხარაულის ბიუროს მიერ დადგენილი საპრივატიზებო ღირებულების შესაბამისად განსაზღვრა.

სამხარაულის დასკვნის მიხედვით, 1 კვ.მეტრის საპრივატიზებო ფასი აქ 2064 ლარია. მერიამ 1 კვ.მეტრის საიჯარო ფასიც დაადგინა – 105 ლარი.

ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით მერიას განკარგულების პროექტი საკრებულოში აქვს გადაგზავნილი დასამტკიცებლად.

განკარგულების განმარტებით ბარათში არაფერი წერია იმის შესახებ, მიმართა თუ არა ნაკვეთით უკვე დაინტერესებულმა პირმა მერიას.

დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მერიას, ისევე როგორც მთავრობას, კონკრეტული ნაკვეთები გასასხვისებლად აუქციონზე ინტერესის დაფიქსირების შემდეგ გამოაქვს.

მონიშნულია გასასხვისებელი მიწის ნაკვეთი

უკრაინელები ოლიმპიურ თამაშებში რუსების მონაწილეობის აკრძალვას ითხოვენ – აქცია ბათუმში

დღეს, 26 მარტს, ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ რუსი და ბელორუსი სპორტსმენებისთვის პარიზში, 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის აკრძალვას, მათ შორის, ნეიტრალური დროშის ქვეშ.

„უკრაინას ახლა სჭირდება საერთაშორისო საინფორმაციო რეზონანსი, რათა დაიბლოკოს რუსეთისა და ბელორუსის მონაწილეობა 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში,“ – აცხადებენ უკრაინელი აქტივისტები.

საერთაშორისო აქცია სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში ერთდროულად იმართება.

უკრაინელი აქტივისტების მიერ ბათუმში გავრცელებული პოსტერი

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 170 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 660]
  • ტანკი – 3 595 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 6 947 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 2 631 ერთეული [+8]
  • MLRS – 522 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 277 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 305 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 291 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 216 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 486 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 282 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 404 თვითმფრინავი
  • 225 ვერტმფრენი
  • 3 587 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 414 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 415 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 073 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 440 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 126 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„ოცნება“ მზადაა, გააღვივოს რელიგიური შუღლი – რეაქციები პარლამენტში მიკროფონის ჩარტყმაზე

„ვინც მაგი თქვა, ის არის თვითონ აგენტი“ – გვითხრეს ბათუმის ახალ მეჩეთში, სადაც პარასკევის ლოცვაზე შეკრებილმა ადამიანებმა  ტარიელ ნაკაიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ტარიელ ნაკაიძე 20 წელია მუსლიმი თემის ინტერესებს აქტიურად იცავს. ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში, მას 22 მარტს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიკროფონი ჩაარტყეს და აგენტი უწოდეს. კონფლიქტის მეორე დღეს, 23 მარტს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაცია აქვს და კუთხეში დგომა ეკუთვნის.

ახალ მეჩეთში შეკრებილი ადამიანების გზავნილი მკაფიოა: „ოცნებას“ ლოგიკა აღარ ჰყოფნის და მუშტი-კრივზე გადადის, მაგრამ ეს არის არა მხოლოდ მუსლიმი თემის შეურაცხყოფა, არამედ პარლამენტის, ქვეყნის, სახელმწიფოს შეურაცხყოფა.

მლოცველები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ხედავენ, რომ რელიგიური შუღლის გაღვივების მიზანმიმართული ქმედება რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა, ამიტომაც, ტარიელ ნაკაიძე, პირველ რიგში, ამას შენიშნავს: „პატივსაცემია საზოგადოების რეაქცია, რომელმაც ეს საკითხიც სწორად გაიგო და არ გადაზარდა იმ თემაში, რაც საფრთხის შემცველია“.

„…გეუბნებით, რომ ისე უსამართლოდ იქცევიან, სიმართლის წინაშე ლოგიკა აღარ ჰყოფნით და მუშტი-კრივზე გადავიდნენ, ეს არის „ოცნების“ სახე… ეს უკვე ფიზიკური შეხლა-შემოხლის ადგილია და არა პარლამენტი. „ოცნება“ ყველგან მიდის ძალადობით. ეს არის ძალადობა მუსლიმ თემზე და ისეც, ეს არის სიმართლის წინაშე ძალადობა,“ – გვითხრა იოსებ აბაშიძემ, რომელსაც ბათუმის ახალი მეჩეთის ეზოში ვესაუბრეთ, პარასკევის ლოცვის დაწყებამდე.

მუსლიმებს აქვთ სხვა გზავნილებიც: „ახლა ზურგიდან ეპარება ხალხს „ოცნება“ და ისე ურტყამს, ეს კიდევ ერთი მოღალატეობრივი ფაქტია…“, „რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს დღეს ჩვენი ხელისუფლება,“„ვინც დღეს ხელისუფლებაზე ცუდს იტყვის, ყველას აგენტად აღიქვამს ხელისუფლება“, „ყველა ჩვენგანს ჩაგვარტყეს, მეც ჩამარტყეს,“ – გვითხრეს მეჩეთში შეკრებილმა ადამიანებმა.

გუშინ, 24 მარტს, პარასკევის ლოცვის შემდეგ ბათუმის ახალ მეჩეთში მლოცველებს მიმართა იმამმა თამაზ მგელაძემ და ტარიელ ნაკაიძეს სოლიდარობა გამოუცხადა:

„ეს თვე ქართველი მუსლიმებისთვის ძალიან მძიმე ფაქტებით დაიწყო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი კუთხის, ჩვენი ხმის, ჩვენი სიამაყის და ჩვენი ღირსეული წარმომადგენლის, ბატონ ტარიელ ნაკაიძის მიმართ ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა ყველა მუსლიმის და ეთნიკური უმცირესობის შეურაცხყოფაა.

მინდა იცოდეთ, რომ ამ ადგილას, სადაც ჩვენ მშვიდად ვასრულებთ ღვთისმსახურებას, მისი წვლილი შეუფასებელია. დღეს რომ თავისუფლად შემიძლია საუბარი თქვენთან ამ ტრიბუნიდან, ესეც მისი დამსახურებაა. სრულ სოლიდარობას და გვერდით დგომას ვუცხადებთ ბატონ ტარიელს, რომელიც წლებია უმცირესობების უფლებებს შეუპოვრად იცავს,“ – აღნიშნა მიმართვის დროს თამაზ მგელაძემ.

იმამს ლოცვის დასრულების შემდეგ ჩვენც გავესაუბრეთ. თამაზ მგელაძემ ყურადღება გაამახვილა არა იმაზე, თუ რას უპასუხებდა ვიქტორ ჯაფარიძეს, სოზარ სუბარს ან ირაკლი კობახიძეს, არამედ იმაზე, რომ „ეს ქვეყანა ერთეულების არ არის“ და მოთმინებას იმსახურებს სოლიდარობა სხვა ადამიანებისგან.

„ჩვენ, მუსლიმებს, როგორც ამ ქვეყნის შვილებს, პასუხისმგებლობა გვაქვს გათვითცნობიერებული, მაქსიმალურად ვცდილობთ, თავი შევიკავოთ ისეთი მოწოდებებისგან, რომელიც ადამიანებში აღვიძებს შუღლს და ბოროტებას.

აქ თუ ერთეულებმა შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ეს ქვეყანა ერთეულების არ არის, ეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლოა და მაძლიერებს ის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც გვერდში გვიდგანან, სხვა აღმსარებლობას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ვინც ჩვენს გვერდშია და გვამხნევებს, ეს არის ჩვენგან ასეთი მოთმინების და ასეთი ქმედების ღირსი,“ – აღნიშნა თამაზ მგელაძემ.

იმამის დაკვირვებით, ხელისუფლებას სურს ტალახის სროლით დააკნინოს და საბოლოოდ ყველა გააჩუმოს, ვინც მას აკრიტიკებს:

„ამ შემთხვევაში ტარიელის მიმართ ტალახის სროლის მიზანია ის, რომ რაღაცნაირად დააკნინონ, დააშინონ, რომ აი, მუსლიმების სიტყვა ვერ თქვას, მაგრამ ჩვენ ჩვენს ხმას არ დავაჩაგვრინებთ არავის.

რუსული კანონი ვერ გაიტანეს, მაქსიმალურად ამ საქმეში ჩართული ვიყავით მუსლიმებიც და ვაფიქსირებდით ღია პოზიციას, რომ არა რუსულ კანონს. ჩვენ თავისუფლება გვაქვს, რომელიც ჩვენი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს არ დაგვეშვა, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უმცირესობის ხმის ჩახშობა სცადა ამ ხალხმა,“ – დასძინა თამაზ მგელაძემ.

„ეს ნაბიჯები არის ღიად დაანონსებული რეპრესიები,“ – მიიჩნევს მაკო ღავთაძე, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი. მას არ უკვირს მუსლიმი თემის დამოკიდებულება დღეს, როცა ამ თემის ხმას პარლამენტში მიკროფონს ურტყამენ – მაკო ღავთაძე ახალი მეჩეთის ისტორიას გვახსენებს – ასეულობით მუსლიმი ახლაც ღია ცის ქვეშ ლოცულობს იმიტომ, რომ ბათუმის მერია დემონსტრაციულად არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„მე არ მგონია, რომ ამ სიძულვილმა გაიმარჯვოს. იმედიანად ვარ იმ საზოგადოების სწორი პოზიციის გამო, სწორ მხარეს დგომის გამო, რაც ნამდვილად აჩვენა საზოგადოებამ ბოლო დღეებში და რასაც მუსლიმები აჩვენებენ წლებია,“ – გვიყვება მაკო ღავთაძე, TDI-ის წარმომადგენელი. – „რა თქმა უნდა, ბრაზიც აქვთ ამ ყველაფრის გამო, მაგრამ დინჯად და მოთმინებით მიჰყვებიან ისინი ამ პროცესს.

ესეც კარგი მაგალითია, ვის უწოდებენ მოღალატეს და აგენტს, როდესაც მუსლიმები პირნათლად იცავენ კონსტიტუციას და პატივს სცემენ კანონმდებლობას და მოთმინებით პასუხობენ სრულიად დაუმსახურებელ ჩაგვრას, ცდილობენ, რომ სასამართლოს გზით მიჰყვნენ ამ ყველაფერს,“ – ამბობს მაკო ღავთაძე.

TDI-ის წარმომადგენელი ხაზს უსვამს კიდევ ერთ გარემოებას – ტარიელ ნაკაიძე პირველი ადამიანია ბოლო პერიოდის პარლამენტში, ვინც მუსლიმი თემის ხმაა.

„და არა მხოლოდ მუსლიმების, ის თანაბრად ექომაგება ყველა ჩაგრულ ადამიანს, ეს არის, ფაქტობრივად, ყველა უმცირესობის ხმა პარლამენტში… ეს იყო შეურაცხყოფა არა ტარიელ ნაკაიძის, ამ შემთხვევაში შეურაცხყოფილი და უღირსია ის, ვინც მას მიკროფონი ჩაარტყა, ან კუთხეში დადგომისკენ მოუწოდა.

სახელმწიფომ შექმნა 2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელმაც მოამზადა სახელმწიფო რელიგიური პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც წერია, რომ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, განსაკუთრებით კი, საზღვრისპირა მცხოვრები უმცირესობები, წარმოადგენენ საფრთხეს სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. რამდენი მოქალაქე და ჯგუფია საზღვრისპირა რეგიონებში? ფაქტობრივად, ნახევარ საქართველოზე მეტს ეს იარლიყო მიაკრეს: „საფრთხის შემცველი“. ხელისუფლება ღიად გადავიდა უკვე ამ რიტორიკაზე,“ – გვითხრა მაკო ღავთაძემ.

პარლამენტში მომხდარი ამბის შეფასება აჭარის რეგიონის დეპუტატებსაც ვთხოვეთ. რესან კონცელიძემ და ზაალ მიქელაძემ „ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებები უპასუხოდ დატოვეს.

„არ ვიყავი იმ დღეს მე პარლამენტში, ხულოში ვიყავი. არ უნდა მოხდეს ასეთი დაპირისპირება, არაა მისაღები. მე მიზეზი არ ვიცი, თავი და ბოლო მათი გასარკვევია“, – გვიპასუხა ანზორ ბოლქვაძემ. მას შევახსენეთ, რომ პარლამენტში, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ჩაარტყეს მიკროფონო მუსლიმი თემის დამცველ დეპუტატს და აგენტი უწოდეს.

„არ უნდა მოხდეს თემა და ვინაიდან მოხდა, მათი გასარკვევია,“ – ანზორ ბოლქვაძემ ისევ სცადა პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება ვიწრო, პირად კონფლიქტად წარმოეჩინა, – „რატომ უნდა ჰქონდეთ პიროვნული, მაგინი ერთად იჯდენ, ერთად ლაპარაკობდნენ, ერთ რიგში ზიან… ალბათ დარტყმამდე მოხდა რაღაც, მე ხომ გამომძიებელი არ ვარ? ეს ჩემი საქმე არ არის,“ – გვითხრა დეპუტატმა.

„ის, რაც პარლამენტში მოხდა, არ ვიცი, რამდენად გააზრებული ჰქონდა 9 განდეგილს, მაგრამ როცა მეორე დღეს გამოვიდა ირაკლი კობახიძე და თქვა, კუთხეში უნდა დადგეს ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაცია აქვსო, დავრწმუნდი, რომ ეს უკვე არის სახელმწიფო პოლიტიკა,“ – გვიყვება ხათუნა სამნიძე, პარლამენტის წევრი და „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე.

ხათუნა სამნიძეს ეჭვი აღარ ეპარება, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად შესაძლოა რელიგიური შუღლის გაღვივებაზეც წავიდეს.

„შენც იმავე ქვეყნის ჯაშუში ხარ და კარგად იცი, რომელი ქვეყნისო, მეუბნებოდნენ იმ დღეს. კობახიძის გამოსვლამ კი დამარწმუნა, რომ „ოცნება“ მზადაა, ძალიან სერიოზული თემა ჩამოკიდოს ჰაერში, რასაც ჰქვია რელიგიური შუღლის გაღვივება, კუთხური პრობლემატიკის წინ წამოწევა. „ოცნებამ“ იცის, რომ ეს არ არის თემა, რომელზეც შეიძლება ასე, რეპლიკები ისროლო, თავს დაესხა, კუთხეში დააყენო და ამან თავი არ იჩინოს.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდა ძალიან ახლოსაა რუსულ პროპაგანდასთან. რუსული პროპაგანდა სწორედ რომ შუღლის გაღვივებაა, კუთხური დაპირისპირება, ასე რომ, არა მგონია, ეს გაუაზრებლად ხდებოდეს. ეს რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა.

სადაც დავით-გარეჯი იყო თემა და ადამიანებს ციხეში აგზავნიან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რა თქმა უნდა, შუღლის გაღვივება უნდა იყოს დღის წესრიგში, დღეს თუ არა, ხვალ დასჭირდებათ,“ – გვითხრა ხათუნა სამნიძემ.

„ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი,“ – ტარიელ ნაკაიძის დაკვირვებით, ხელისუფლება მზადაა, ყველაფერზე წავიდეს ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, – „ესენი არიან გაქცეული, შეშინებული და კუთხეში მიმწყვდეულები, საშიშ მდგომარეობაში არიან.

ესენი ხომ ყველაფერს რუსულს აკეთებენ? – ამიტომაც არიან საშიშები. ცდილობენ, დაყონ საზოგადოება და ერთმანეთს დაუპირისპირონ. მე თუ მკითხავთ, მიტინგებზე მეტად, ამ დროს უფრო საშიშია ხელისუფლება. მათ ყველა გზა მოჭრილი აქვთ და იმედი აღარ აქვთ.

ისინი ცემა-ტყეპასაც გააგრძელებენ პარლამენტში, რადგან ლოგიკურად როცა ვინმე საუბრობს, ვერ პასუხობენ, სხვა, ალტერნატიული გზა მათი გადმოსახედიდან აღარ არსებობს, ან მიკროფონი უნდა ჩაგარტყან, ან რამე მსგავსი ქნან.

იქნებ „ოცნების“ შიგნითაც აღმოჩნდეს ვინმე  და თქვას, რომ ეს არ შეიძლება, რადგან ვერ გამაჩუმებენ და ჩემი ხმა არ ჩაიხშობა, დარწმუნებული უნდა იყვნენ. მე სხვა გზა არ მაქვს,“- უთხრა ტარიელ ნაკაიძემ „ბათუმელებს“.

მუსლიმი თემის რეაქცია ტარიელ ნაკაიძისთვის მიკროფონის ჩარტყმასა და მისთვის აგენტის დაძახებაზე

 

29 მოზარდი გააუპატიურეს – პედოფილიის 2022 წლის სტატისტიკა საქართველოში

29 მოზარდი გააუპატიურეს გასულ წელს საქართველოში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 29 არასრულწლოვანი ცნეს დაზარალებულად გაუპატიურების საქმეზე.

სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ [სსკ-ის 137 – 141 მუხლები] დაწყებულ საქმეებზე კი, წლის განმავლობაში სულ 240 არასრულწლოვანია ცნობილი დაზარალებულად.

ეს მუხლები მოზარდებზე სხვადასხვა სახით სექსუალურ ძალადობას გულისხმობს, მათ შორის, გარყვნილი ქმედება, ან ნაადრევი ქორწინება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, 2022 წელს სულ ქვეყანაში სექსუალური ძალადობის 578 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის გახსნილია – 402. ამ სახის დანაშაული 9.06 %-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით.

___

ამ თემაზე:

რას ხატავენ პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები

ერთი ხელით სამშენებლო ამნისტია, მეორე ხელით კონტროლის ახალი წესი – რა ხდება?

ბათუმში ისეთი მშენებლობის შესახებაც ვიცით, რომლის ნებართვაც მერიაში ვერ იპოვეს, სამაგიეროდ „ბათუმელებმა“ იპოვა ამ შენობის ფასადის შეფუთვის შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც ხელი ბათუმის მერმა მოაწერა. 

უკანონოდ აშენების, მიშენება-დაშენების ისტორიები მრავალფეროვანი და მზარდია, ამას ყოველ კვარტალში ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც მოწმობს.

როცა დაჯარიმებული უკანონო მშენებლობას არ წყვეტს, მუნიციპალური ინსპექციის პასუხია, რომ კანონის შესაბამისად აჯარიმებენ, ისევ აჯარიმებენ, შემდეგ გასამმაგებულ ჯარიმას აკისრებენ და შემდეგ ინფორმაციას აღსრულებაში აგზავნიან.

ბევრი მსგავსი მშენებლობა სრულდება კიდეც, მსგავს მაგალითებზე „ბათუმელებმა“ ბევრჯერ დაწერა.

ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ მაჟორიტარებმა აჭარიდან ბათუმში სამშენებლო ამნისტიის თაობაზე კანონპროექტი წარადგინეს და არამხოლოდ უკანონოდ აშენებულების დაკანონება, არამედ დაჯარიმებებზე დაწყებული საქმეების წარმოების შეწყვეტაც კი მოითხოვეს. 

ამ ყველაფრის პარალელურად, ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობის შეჩერების თაობაზე დადგენილების გამოცემის შემდეგ, ამ დადგენილების შესრულების კონტროლის წესი შეიმუშავა და მისი დამტკიცების მოთხოვნით საკრებულოს მიმართა.

ახლი წესის დამტკიცების შემდეგ მუნიციპალური ინსპექცია ვალდებული იქნება მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ამ დადგენილების შესრულების კონტროლის მიზნით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა.

მშენებლობის შემოწმება გულისხმობს მუნიციპალურ ინსპექციაში დასაქმებული პირების მიერ, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებაში მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა-გამოსწორების შემოწმებას.

ინსპექცია ვალდებული იქნება ასევე აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა-რეესტრი, რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეჩერებულ იქნება 2023 წლის 1 აპრილიდან [წესი დამტკიცებას საკრებულო 30 მარტს გეგმავს].

წესის დამტკიცების შემდეგ მუნიციპალური ინსპექცია ვალდებული იქნება საინფორმაციო ბაზის-რეესტრის წარმოების პროცესისთვის გამოყოს პასუხისმგებელი პირები.

შემოწმების პროცესში, აუცილებელია დარღვევის ფოტოებზე დაფიქსირება, გადაღების თარიღის მითითებით. ასევე ინსპექციას დაევალება შეადგინოს დათვალიერების ოქმი, რომელშიც აისახება შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება-აღმოფხვრის ფაქტი.

დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით, რომელსაც ხელს აწერს მუნიციპალურ ინსპექციაში დასაქმებული შესაბამისი პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე.

დათვალიერების ოქმზე შესაძლებელია, ასევე, დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არარსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.

მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექცია იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შესახებ, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, მუნიციპალური ინსპექცია გამოსცემს დადგენილებას „მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

„თავი და ბოლო მათ გაარკვიონ“ – რას ამბობს ნაკაიძისთვის მიკროფონის ჩარტყმაზე ანზორ ბოლქვაძე

„თავი და ბოლო მათი გასარკვევია“ – ანზორ ბოლქვაძე ასე ცდილობს პასუხისმგებლობის აცილებას „ტარიელ ნაკაიძის შემთხვევაზე“. 22 მარტს მუსლიმი თემის დამცველ დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს ზურგში მიკროფონი ჩაარტყეს და თურქეთის აგენტი უწოდეს.

ანზორ ბოლქვაძე ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში. ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში – რესან კონცელიძემ, ასევე ქობულეთის და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა, ზაალ მიქელაძემ „ბათუმელებს“ არ უპასუხეს.

„არ ვიყავი იმ დღეს მე პარლამენტში, ხულოში ვიყავი. არ უნდა მოხდეს ასეთი დაპირისპირება, არაა მისაღები. მე მიზეზი არ ვიცი, თავი და ბოლო მათი გასარკვევია“, – გვიპასუხა ანზორ ბოლქვაძემ. მას შევახსენეთ, რომ პარლამენტში, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჩაარტყეს მიკროფონო მუსლიმი თემის დამცველ დეპუტატს და მას თურქეთის აგენტი უწოდეს.

„არ უნდა მოხდეს თემა და ვინაიდან მოხდა, მათი გასარკვევია,“ – ანზორ ბოლქვაძემ ისევ სცადა პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება ვიწრო პირად კონფლიქტად წარმოეჩინა. – „რატომ უნდა ჰქონდეთ პიროვნული, მაგინი ერთად იჯდენ, ერთად ლაპარაკობდნენ, ერთ რიგში ზიან… ალბათ დარტყმამდე მოხდა რაღაც, მე ხომ გამომძიებელი არ ვარ? ეს ჩემი საქმე არ არის,“ – გვითხრა დეპუტატმა.

„თქვენი საქმე რა არის, მხოლოდ რუსული კანონის მიღება?“ – ვკითხეთ ანზორ ბოლქვაძეს.

„რაც არის ჩემი საქმე, ვიცი, რაზე მეკითხებით, გამოცდები ხომ არ არის?“ – ასეთია ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარის, ანზორ ბოლქვაძის რეაქცია რუსული კანონის მიღებაზე.

ანზორ ბოლქვაძე არც ირაკლი კობახიძის განცხადებებში ხედავს პრობლემას, რომელმაც ტარიელ ნაკაიძეს „მძიმე რეპუტაციის“ ადამიანი უწოდა. დეპუტატს შევახსენეთ, რომ 20 წელია ტარიელ ნაკაიძე მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს. ანზორ ბოლქვაძემ მუსლიმების დაცვა სცადა, თუმცა ვერ ახსნა, რა ლოგიკით არ ეხება მიკროფონის ჩარტყმა, ან უმრავლესობის დეპუტატების გამონათქვამი „მძიმე რეპუტაციასა“ და თურქეთის აგენტობაზე ქართველ მუსლიმებს.

„ქართული ოცნების“ რიტორიკის მსგავსად, ანზორ ბოლქვაძემ სცადა ეს თემაც ჟურნალისტების ინტერპრეტაციისთვის მიეწერა:

„მუსლიმ თემზე საუბარი არ ყოფილა და არ უნდა გამოვიყენოთ ეგ თემა, მუსლიმანებზე შეხება არ ყოფილა საერთოდ, ეს იყო მათი პირადი თემა და გაარკვიონ… მუსლიმანს მისი საქმე აქვს, მუსლიმანს შეცდომა არასდროს დაუშვია არც დაუშვებს,“ – აღნიშნა ანზორ ბოლქვაძემ „ბათუმელებთან“.

აგენტი ხართ და კუთხეში დადექითო, თქვენი ლიდერი ეუბნება, – შევახსენეთ პარლამენტარს.

„იქ მუსლიმანური თემის წამოწევა არ ყოფილა. ამდენი წელია პარლამენტში ვარ, იქ ჩემთვის მუსლიმანობა არავის უხსენებია, ნუ აბრუნებთ თქვენ მაგ თემას სხვანაირად, შურს ნურც თქვენ და ნურც სხვა ნუ ჩამოაგდებს… რა შუაშია ირაკლი კობახიძე? სარწმუნოებაზე შეხების უფლება არც ჟურნალისტს აქვს და არც პარლამენტის წევრს,“ – თქვა ანზორ ბოლქვაძემ და ტელეფონი გაგვითიშა.

ბელარუსებმა ბათუმში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

„ბელარუსია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, 1918 წელს 25 მარტს დაიბადა. ჩვენ არ ვართ რუსები, ბელარუსები ვართ და ვითხოვთ დამოუკიდებლობას“, – გვითხრა სერგეი სამსოუმ, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმს გამოექცა და ბათუმში ცხოვრობს.

დღეს, 25 მარტს, ბელარუსებმა ბათუმში ბელარუსიის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნეს. ბელარუსებმა მსვლელობა მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოაწყვეს.

„ეს არის თავისუფლების დღეს ჩვენთვის, რომელიც წაგვართვეს, ეროვნული თავისუფლების დღე,“ – ამბობს სერგეი სამსოუ.

ხვალ, 26 მარტს, უკრაინელები ბათუმის ცენტრალურ პარკში ამ მოთხოვნით შეიკრიბებიან: დაიბლოკოს რუსეთისა და ბელარუსის მონაწილეობა 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში, უკრაინას ახლა სჭირდება საერთაშორისო საინფორმაციო მხარდაჭერა.

2024 წლის აღწერისთვის საქსტატმა საცხოვრებლების შემოვლა დაიწყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საველე სამუშაოებს იწყებს მოსახლეობის 2024 წლის აღწერისთვის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირველი ეტაპის სამუშაოები მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში  ტარდება და მიზნად ისახავს რუსთავის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულის, ბოლნისის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში არსებული შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიების შედგენას.

„მონაცემთა შეგროვება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, რომლის დროსაც გამოიყენება პლანშეტური კომპიუტერები. პირველი ეტაპის სამუშაოების დროს შეგროვდება ინფორმაცია ქვეყნის შინამეურნეობებისა და მათში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, თითოეული საცხოვრისის მიხედვით, რაც აუცილებელია მოსახლეობის აღწერის ჩასატარებლად.

2023 წლის აპრილიდან შინამეურნეობების წინასწარის სიების შედგენა სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე მთელ ქვეყანას მოიცავს. აღნიშნულ  სამუშაოებში საქსტატის მიერ გადამზადებული 3500-მდე ინტერვიუერი იქნება ჩართული,“ – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იგეგმება, რომლის დროსაც მიიღება დეტალური მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის და მისი შემადგენლობის, ასევე სხვადასხვა სახის დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ,  თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების  მიხედვით.

მოსახლეობის აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 169 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 720]
  • ტანკი – 3 580 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 6 932 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 2 623 ერთეული [+7]
  • MLRS – 520 ერთეული [+9]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 276 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 305 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 291 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 214 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 483 ერთეული [+19]
  • სპეცტექნიკა – 279 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 404 თვითმფრინავი
  • 224 ვერტმფრენი
  • 3 573 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 414 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 399 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 072 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 428 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 114 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

დეპუტატმა ჯაფარიძემ თვითნებურად დაკავებული 1343 კვ.მეტრი მიწა დაირეგისტრირა თბილისთან

2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის თებერვლის ბოლომდე ვიქტორ ჯაფარიძის და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გრძელ ჩამონათვალს კიდევ რამდენიმე დაემატა. ვიქტორ ჯაფარიძე პარლამენტის უმრავლესობის წევრია და „ხალხის ძალას“ წარმოადგენს. ის „უცხოელი აგენტების შესახებ“ რუსული კანონის ერთ-ერთი ავტორია.

ვიქტორ ჯაფარიძე მათ შორის არის, ვინც საქართველოს პარლამენტში კოლეგა დეპუტატებთან საქმეებს არჩევს და ამისთვის ხშირად თავის კოლეგებთან ერთად, გუნდურად „მუშტი-კრივზეც“ არ ამბობს უარს.

22 მარტს, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომაზე კოლეგას, ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა, ზურგიდან და მოულოდნელად.

მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვიქტორ ჯაფარიძე ქონების დაგროვებასა და ფულის კეთებაშიც ისეთივე აქტიურია, როგორც „მუშტი-კრივის“ გამართვაში.

2023 წელს ვიქტორ ჯაფარიძის ქონების გრძელ ჩამონათვალს დაემატა მიწის ნაკვეთი თბილისთან ახლოს, სოფელ დიდგორში. აქ პარლამენტის დეპუტატმა თვითნებურად დაკავებული ნაკვეთი, 1343 კვ.მეტრი სპორადული რეგისტრაციის წესით დაირეგისტრირა.

ამ ნაკვეთის დარეგისტრირებაზე დეპუტატმა საჯარო რეესტრისგან უარი ორჯერ მიიღო. თავდაპირველად რეესტრი წერდა, რომ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მეორე შემთხვევაში კი ადგილზე დათვალიერების ოქმის შესახებ მიუთითებდა – როგორც რეესტრის დოკუმენტებშია აღნიშნული, „სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის დაინტერესებული პირის მიერ 2007 წლის 20 სექტემბრამდე და ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის თარიღისთვის ფლობის ფაქტი“ არ დადასტურდა.

გარდა ამისა, რეესტრი წერდა, რომ მიწის ნაკვეთი თვითნებურად ფლობის ფაქტი მომიჯნავე ნაკვეთების მფლობელებსაც უნდა დაედასტურებინათ, ვიქტორ ჯაფარიძემ კი წარადგინა პირის თანხმობა, რომელიც რეესტრის განმარტებით „არ წარმოადგენდა ბლოკში რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეს.“

საბოლოოდ ვიქტორ ჯაფარიძემ ამ ხარვეზების აღმოფხვრა მოახერხა და 7 თებერვალს მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.

2023 წლის თებერვალში ვიქტორ ჯაფარიძემ სპორადული წესით დაირეგისტრირა ასევე 413 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი მესტიაში.

ვიქტორ ჯაფარიძე სპორადული რეგისტრაციის წესით ითხოვს კიდევ ერთი მიწის ნაკვეთის  დარეგისტრირებას მესტიაში. შესაბამისი განცხადებით მან საჯარო რეესტრს 2022 წლის ნოემბერში მიმართა. რეესტრმა ხარვეზი, კონკრეტულად კი ზედდება დაადგინა – ეს ნაკვეთი დეპუტატს ჯერ არ დაურეგისტრირებია, თუმცა საჯარო რეესტრი დამატებით დოკუმენტების მოძიებას აგრძელებს.

მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ვიქტორ ჯაფარიძეს მესტიაში 1000 კვ.მეტრი მიწა შეუსყიდია. გარდა ამისა, მან მემკვიდრეობით მიიღო 1440 კვ.მეტრი.

საერთო ჯამში ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები მესტიაში ფლობენ რამდენიმე მიწის ნაკვეთს, ჯამში 3 ჰექტარზე მეტ ფართობს. მათი ნაწილი დეპუტატმა მემკვიდრეობით მიიღო.

ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები ფლობენ 11 კომპანიას. ეს კომპანიები იღებენ დაკვეთებს სახელმწიფო სტრუქტურებისგან. ფლობენ ასევე სასტუმროებს მესტიასა და თბილისში.

ვიქტორ ჯაფარიძე არის ტელეკომპანია „პოსტვ“-ის 52 პროცენტის მფლობელი. კომპანიის წილები მან 500 000 ლარად შეისყიდა.

ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები, ასვე მისი კომპანიების პარტნიორები არიან „ოცნების“ მსხვილი შემწირველები.

„ბათუმობა“ სამწლიანი პაუზის შემდეგ – ღონისძიებები ბულვარში გაიმართება

სამწლიანი პაუზის შემდეგ სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ ისევ გაიმართება.

სადღესასწაულო ღონისძიებები ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და კოლონადების მიმდებარედ, 29 აპრილს ჩატარდება.

„ბათუმობა 2023“-ის ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი 202 ათას 196 ლარით გამოაცხადა.

ტენდერის პირობის მიხედვით, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს:

  • საგამოფენო სივრცის (დახლები) მოწყობა; ჯიხურები, შესასვლელი თაღი, მიმართულების ნიშნულები
  • სხვადასხვა სახის ინსტალაცია, ფილმების ჩვენების ორგანიზება, ლიტერატურული კუთხე, ფოტოგამოფენა
  • ბრენდირებული მაისურების და დროშების დამზადება;
  • ელექტროენერგიის წყაროსთან დაკავშირება, ქსელის მოწყობა და გამართული ფუნქციონირება
  • ქეითირინგით უზრუნველყოფა, ტრანსპორტითა და პიროტექნიკური მომსახურება
  • კონფიტი, ლედეკრანი, სცენის ფარდით შეფუთვა; ბანერების და აფიშების ბეჭდვა
  • დიჯეი აპარატურით მომსახურება, სახეზე მოხატვის ორგანიზება და სხვ.

ტენდერში წინადადებების მიღება 31 მარტს დაიწყება და 3 აპრილს დასრულდება.

„ბათუმობა“ ქალაქში ბოლოს 2019 წელს გაიმართა.

„ბათუმობა 2020“, ასევე „ბათუმობა 2021“ კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარდა.

„ბათუმობა“ არ ჩატარდა არც გასულ, 2022 წელს. მაშინ მერიაში განაცხადეს, რომ ღონისძიებების ნაწილი ტურისტული სეზონის გახსნის დღისთვის გადაიტანეს.

_______________

ფოტოზე: „ბათუმობა 2018“. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

სუს-ის ფაილების ყულფში – როგორ დაიმორჩილა საპატრიარქო ივანიშვილმა

„სუს-ის კრებსები აღმოჩნდა საპატრიარქოსთვის ყულფი, რითაც ხელისუფლებამ საბოლოოდ მოთოკა საპატრიარქოს სურვილები, ამბიციები, მისწრაფებები. დღეს გვაქვს დამონებული საპატრიარქო ივანიშვილის მარიონეტული ხელისუფლების მიერ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება და რომელსაც მღვდელმსახურება საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო შეუჩერეს.

ინტერვიუში დეკანოზი საუბრობს, რა მდგომარეობაში ჩააყენა „ქართულმა ოცნებამ“ მართლმადიდებელი ეკლესია.

  • რუსული კანონის ჩავარდნის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“, კერძოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „რუსთაველზე იყო ეკლესიის მაგინებლების აქცია“. თქვენი აზრით, ვინ იდგა რუსთაველზე და თქვენთვის, როგორც მართლმადიდებელი სასულიერო პირისთვის, ვინ არის ეკლესიის მაგინებელი რეალურად დღეს?

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პირველ რიგში, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეკლესიაში არსებული დარღვევების, დანაშაულების, გადაცდომების მხილება ეს არ არის ეკლესიის მტრობა. პირიქით, ეს არის ეკლესიის მოკეთეობა და სიყვარული, რადგან, ესე იგი, ადამიანს სურს, ეკლესიაში იყოს უკეთესი მდგომარეობა.

აი, ეს კლიშე თავისუფლად შეიძლება გამოეყენებინათ, მაგალითად, იმ საეკლესიო პირებსაც, ვისაც უპირისპირდებოდა დავით აღმაშენებელი რუის-ურბნისის კრების დროს და აღმაშენებელსაც ეძახდნენ ალბათ „ეკლესიის მტერს“.

როგორც „ქართლის ცხოვრებაში“ წერია, აღმაშენებლის დროსაც, ღვთის ეკლესია ავაზაკთა ქვაბად იყო გადაქცეული და ღვთის სახლიდან სიწმინდის და სიმართლის ნაცვლად, ყოველგვარი უკეთურება გამოდიოდა.

დღესაც იგივე ხდება, როდესაც ადამიანები ეკლესიაში არსებულ აი, ამ ქვაბ-ავაზაკებს ამხელენ და წუხან იქ არსებულ მდგომარეობაზე. ამდენად, ისრების გადატანა თავისუფლებისთვის მებრძოლი, პროევროპული, ანტირაშისტული განწყობების მქონე, პატრიოტი და ღირსეული მოსახლეობის წინააღმდეგ, რომ თურმე „ეკლესიას ებრძვიან“, რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი სიყალბე.

ჯერ ერთი, ყველამ ვიცით, რომ აქციის მიზნები არ ყოფილა ეკლესიასთან დაკავშირებული, სულ სხვა თემას ეხებოდა, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ირიბად, ეს აქცია მაინც კავშირშია ეკლესიასთან.

  • რა კავშირს ხედავთ თქვენ?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სტალინური პერიოდიდან მოყოლებული იქცა კრემლის პოლიტიკის იარაღად და რუსული აგენტურითაა გავსებული. რა თქმა უნდა, საქართველოს ეკლესიაში გაბატონებულ რუსულ აგენტურას ნამდვილად სურს რუსული კანონის მიღება, ნამდვილად სურთ ქვეყნის პროდასავლური კურსის ჩაშლა და რუსეთის დაბრუნება საქართველოში.

ასეთი ფსევდო-საეკლესიო პირებისთვის ეს აქცია და, ზოგადად, ქართველი ერის ნება, რომ ვიაროთ დასავლეთისკენ, საშიშია. ამიტომ ეს იარლიყი – „ანტიეკლესიური“, სინამდვილეში დღეს პროეკლესიური უფროა, რადგან ეკლესიისთვის უკეთესი გარემო იქნება ევროპულ საქართველოში, ვიდრე არის რუსული გავლენების მქონე საქართველოში.

  • როცა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მან თქვა, რომ ეკლესიის კრიტიკას ტაბუ უნდა მოეხსნას, რომ შეიძლება პატრიარქის კრიტიკა და ასე შემდეგ. ამ კაცის პარტია დღეს ადამიანების სტიგმატიზებას ეწევა სწორედ ეკლესიის სახელით. რაში გამოიხატება რეალურად ეს მტრობა, როგორ ფიქრობთ, თქვენ, როგორც სასულიერო პირი?

პირველ რიგში, დღეს ეკლესიას მტრობენ ის ძალები, ამ შემთხვევაში ვიტყოდი ღიად, რომ ივანიშვილის რუსული ხელისუფლება, რომელიც ცდილობს რუსული გავლენების შენარჩუნებას საქართველოში ზოგადად და მათ შორის ქართულ ეკლესიაში.

ეს არის ყველაზე დიდი მტრობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, რადგან რუსულმა გავლენებმა, კრემლის აგენტურამ, საქართველოს ეკლესია კრიმინალურ დამნაშავეობაში ჩაძირა პირდაპირ. აი, ამ ჭაობიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამოსვლის ერთადერთი გზა და საშუალება არის რუსული გავლენებისგან და ეკლესიაში საბჭოთა დროიდან ჩანერგილი რუსული აგენტურისგან გათავისუფლება.

ყველაზე დიდი ეკლესიური აქტი სწორედ ეს იქნება, ყველაზე პროეკლესიური და ყველაზე მართლმადიდებლური, ყველაზე ქრისტიანული, როცა ეკლესია გათავისუფლდება კრემლის აგენტურისგან.

  • ჩვენ გვახსოვს ე.წ. სუსის ფაილები. თქვენი აზრით, ამ ფარულ ჩანაწერებს იყენებს „ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ ეკლესია საბოლოოდ გაანეიტრალოს?

საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, რა თქმა უნდა, ყველა ხელისუფლება ახორციელებდა ეკლესიაზე თვალთვალს მეტ-ნაკლები დოზით და ყველა ხელისუფლება აგროვებდა კომპრომატებს, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლების გარდა, არავის გამოუტანია ეს მასალები გარეთ.

ერთადერთი, პატარა შემთხვევა იყო, როცა ზვიად გამსახურდიამ დევნილობაში გამოაქვეყნა თბილისიდან წაღებული კგბ-ს კარტოთეკები, სადაც ილია მეორის და ზოგიერთი სასულიერო პირის კგბ-სთან თანამშრომლობა იყო ასახული. მერე დარჩა ეს მასალები ინტერნეტსივრცეში, მაგრამ ეს მაინც იყო მცირე დოზით და პირადი ცხოვრების ამსახველი რაიმე ფაქტი არ ყოფილა.

ივანიშვილის სუს-ის კრებსებმა კი 2021 წელს ეკლესიის მთელი შიდა სამზარეულო გამოფინა, თავისი კორუფციული სქემებით თუ სხვა დარღვევებით.

რა თქმა უნდა, დამოკლეს მახვილივით აქვს ეს კრებსები საპატრიარქოს და მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, მთლიანი მასალები, რაც ხელში აქვს ხელისუფლებას, იქ არის აღნიშნული, რომ სუს-ს ასევე აქვს ვიდეოფაილები ცალკეული მაღალი იერარქების პირადი ცხოვრების შესახებ და ეს ვიდეოფაილები არ გამჟღავნებულა.

ეს არის შანტაჟის კარგი საშუალება. უნდა ვთქვათ ისიც, რომ უშუალოდ პატრიარქის და საპატრიარქოს პირადი შანტაჟი, საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით, არ სჭირდება ივანიშვილს, რადგან შიოლაშვილიც და ივანიშვილიც, ორივე რუსული კადრია და რუსეთიდანაა მოვლენილი საქართველოში.

ეს არის კარგი საშუალება, რომ ცალკეული პირები აქციონ მონებად, ვინც არის საპატრიარქოს მაღალ თანამდებობაზე. კარგი საშუალებაა, ასევე, დააკომპრომატონ, თუკი ვინმე მათთვის არასასურველ ნაბიჯს გადადგამს.

  • ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, არის ეკლესიის დასუსტებისკენ, მისი დაკნინებისკენ მიმართული პოლიტიკა?

ეკლესიის დაცემის და მტრობის ყველაზე დიდი ფორმა არის, როდესაც ხელისუფლება თვალს ადევნებს ეკლესიის შიგნით არსებულ ყველა უწესრიგობას და უბედურებას, მათ შორის, ამორალურ ქმედებებს ეთიკის კუთხით და ხელს აფარებს ამას. სინამდვილეში, ხელისუფლება ხელს უწყობს, რომ უფრო მეტად დაექვემდებაროს და დაემონოს მას და აღმოჩნდეს უფრო დიდი ტყვე.

როდის არის პიროვნება ან ორგანიზაცია თავისუფალი გარემოფაქტორებისგან? როდესაც ის არის მორალურად სუფთა. როდესაც დღეს საპატრიარქოს მორალური და სამართლებრივი მხარე არის უკიდურესად მინუსებში, რა თქმა უნდა, ასეთი ეკლესიაც არის ხელისუფლების ტყვე და ის ყველა მის დაკვეთას შეასრულებს.

ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, გააცნობიეროს საზოგადოებამ ეს ყველაფერი. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე დიდი მტერი მართლმადიდებლობას და მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში ჰყავს რაშისტული ხელისუფლება, ივანიშვილის მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც არა მარტო ხელს აფარებს ეკლესიაში არსებულ დანაშაულებს, არამედ ხელს უწყობს კიდევაც.

ხელს უწყობს არა მხოლოდ დუმილით, არამედ ხელს უწყობს, აი, ამ უღირსი პიროვნებების დაწინაურებასაც. მათ საზოგადოებრივ მაღალ სივრცეებში ყოფნას, რომლებიც მიღებულნი არიან ხელისუფლებაში, მთავრობაში, არიან მინისტრების, პარლამენტარების გვერდით, პრაქტიკულად, ჩვენ გვაქვს დანაშაულებრივი ალიანსი და უნისონი, პუტინის მარიონეტული „ოცნების“ ხელისუფლებას და საპატრიარქოს მაღალჩინოსნებს შორის.

ეს არ არის სულიერება და რწმენასთან არაფერი შეხება არ აქვს. ეს არის რელიგიით და ქრისტიანობით სპეკულაცია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, ფინანსური და ძალაუფლების გაძლიერებისთვის, რაც სულიერების პირველი მტერია.

  •  ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერზე საჭიროა იმ მრევლთან საუბარი, ვინც განიცდის პროპაგანდის გავლენას. გაქვთ ამის რესურსი იმ სასულიერო პირებს, ვინც ღიად საუბრობთ ამაზე?

რეალურად, სულ ორი-სამი სასულიერო პირი ვართ, ვინც ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ. მიზეზი არის ის, რომ ილია მეორესთან არანაირი აზრი არ აქვს პირად ან წერილობით საუბარს, რადგან მას არაფრის შეცვლა არ სურს ეკლესიაში.

მეორე ნაწილი სასულიერო პირებისა, ვინც პროდასავლურადაა განწყობილი და აწუხებთ ქვეყანაში, ეკლესიაში გაბატონებული რუსული გავლენები, შიშის გამო არის ჩუმად. ეშინიათ საეკლესიო სასჯელების – საყვედურის, მღვდელმოქმედების შეჩერება, განკვეთა, თანამდებობრივი დაქვეითება და ასე შემდეგ. ამიტომ იძულებულნი არიან, პირში წყალი ჩაიგუბონ.

  • თქვენ რატომ საუბრობთ, არ გეშინიათ?

მე დამსაჯა ამისთვის საპატრიარქომ 2021 წელს – სოციალურ ქსელში და მედიაში გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო დროებით შემიჩერა მღვდელმსახურების უფლება. ასე, რომ ეს იყო სიგნალი ყველა მღვდლისთვის.

ამიტომ ძალიან ფრთხილად აკრიტიკებს საპატრიარქოს მამა თამაზ ლომიძე და ასევე მამა ზაზა თევზაძე თბილისში. გამომდინარე იქიდან, რომ მე ავირჩიე უკომპრომისო გზა მათი მხილების, ჩემი სასჯელი აღმოჩნდა უფრო მძიმე.

ისინი ელოდებიან ჩემ სინანულს, ქედის მოხრას, მაგრამ მე არ ვაპირებ კომპრომისს, რადგან სასწორზე დგას ეკლესიის მომავალი, მისი მდგომარეობა, თავისი უდიდესი პრობლემებით და სიმართლე, რომელიც აუცილებლად უნდა ითქვას. მეორე მხარეს დევს ჩემი პირადი კომფორტი, ანუ მღვდლობა. მე ავირჩიე პირველი, რომელიც ბევრად მნიშვნელოვანია.

  • 2024-ში არჩევნებია, შეძლებს საზოგადოება ამ პრობლემის გააზრებას და დანახვას, თუ რუსული პროპაგანდა მიაღწევს მიზანს?

სახელისუფლებო მედია თავიდან ბოლომდე ცდილობს ადამიანებისთვის ტვინების გამორეცხვას და ტაბუ აქვს დადებული ყოველგვარ კრიტიკას, ამიტომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი უსმენს მათ.

ჩვენი ათობით მოქალაქე პირდაპირ მოგვევლინა ღიად პრორუსად, მათ შექმნეს პარტიები, ტელევიზიები – „იმედი“, „ობიექტივი“, „ალტ-ინფო“, „პოსტ ტვ“, არიან კულტურის, ხელოვნების სფეროში, სასულიერო იერარქიაში და ეს ზღვა ნაკადი ტვინს ურეცხავს მოსახლეობას.

ამიტომ, ერთადერთი სწორი გზა გვრჩება, რომ კრიტიკულმა მედიამ მაქსიმალურად გააშუქოს ეკლესიაში არსებული პრობლემები.

სუს-ის კრებსების გამოქვეყნების შემდეგ საპატრიარქოს აღარ შესწევს ძალა და არც სურვილი, რომ შეეწინააღმდეგოს „ქართულ ოცნებას“. ფაქტობრივად, სუს-ის კრებსები აღმოჩნდა საპატრიარქოსთვის ყულფი, რითაც ხელისუფლებამ საბოლოოდ მოთოკა და აღვირი გაუკეთა საპატრიარქოს სურვილებს, ამბიციებს, მისწრაფებებს. დღეს გვაქვს დამონებული საპატრიარქო და ივანიშვილის რუსული ხელისუფლება. მთლიანობაში, ეს ორივე ძალა, რა თქმა უნდა, რუსეთის გავლენის და წნეხის ქვეშ იმყოფება.

ბათუმში №11 ხაზზე ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

ორშაბათიდან, №11 სამარშრუტო ხაზზე მოძრავ Zonda-ს მარკის ტრანსპორტს სრულად ჩაანაცვლებს ახალი, ლურჯი ავტობუსები.

ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, „12 ავტობუსი უკვე ქალაქშია, მიმდინარეობს ხაზზე გასასვლელად მოსამზადებელი სამუშაოები.

ავტოპარკის განახლება ეტაპობრივად ხდება და აპრილის თვეში დასრულდება.“

ISUZU-ს ფირმის ახალი ავტობუსები სრულად ჩაანაცვლებს Zonda-ს [ყვითელი] მარკის მოძველებულ ტრანსპორტს ბათუმში.

ახალი ავტობუსები გათვლილია 70 მგზავრზე და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ავტობუსებში ინტეგრირებულია გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები.

11 ნომერი ავტობუსი
ახალი ავტობუსი

მთავარ ფოტოზე №11 ავტობუსი.

ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 25 935-მა მოქალაქემ ითხოვა გასულ წელს

2022 წელს, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 108,5%-ით გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნებში პირველად მოითხოვეს თავშესაფარი.

2022 წელს საქართველოს 25 935-მა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის მიხედვით, საქართველო, 30 ქვეყანას შორის, მე-8 ადგილზეა.

2021 წელს ამ ჩამონათვალში საქართველო მე-11 ადგილზე იყო – 2021 წელს ევროკავშირში თავშესაფარი მოითხოვა საქართველოს 12 440-მა მოქალაქემ.

2022 წლის მონაცემებით, საქართველოს უსწრებენ ბანგლადეში, პაკისტანი, კოლუმბია, თურქეთი, ვენესუელა, ავღანეთი და სირია.

მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება მთლიან მონაცემებშიც. 2022 წელს თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირისთვის არაწევრი ქვეყნების 881 220 მოქალაქეს მიუმართავს, მაშინ, როდესაც ეს მონაცემი 2021 წელს 537 355 იყო.

როგორც ევროსტატის მონაცემები აჩვენებს, საქართველოს უფრო მეტ მოქალაქეს მოუთხოვია ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი [პირველად], ვიდრე ერაყის [25 415], ინდოეთისა [25 400] და უკრაინის [24 720] მოქალაქეებს.

File:F2 Top 30 citizenships of first-time asylum applicants (non-EU citizens), EU, 2021 and 2022 (thousands).png

საქართველოს მაჩვენებელი, გარდა იმისა, რომ უსწრებს ომში მყოფი უკრაინის მაჩვენებელს, გაცილებით აღემატება ამ კატეგორიაში საქართველოს მოქალაქეების 2021 წლის რაოდენობასაც. რიცხვი 12 440-იდან 25 935-მდე, რაც თითქმის 108,5%-იან ზრდას ნიშნავს.

2022 წელს თავშესაფრისთვის მოთხოვნით საქართველოს 7 965 მოქალაქეს მიუმართავს გერმანიისთვის, 3240-ს – იტალიისთვის და 2705-ს ირლანდიისთვის.

ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის მიხედვით პირველ ადგილზე სირიაა, 131 970 მოქალაქით.

2022 წელს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნით ყველაზე ხშირად გერმანიას მიმართავდნენ – 217 735, მას საფრანგეთი მოჰყვება – 137 510 და ესპანეთი – 116 135 აპლიკანტით. 2022 წელს ამ სიაში მეოთხე ადგილი ავსტრიამ დაიკავა, რომელმაც გასულ წელს დაკავებული მეხუთე ადგილი იტალიას გაუცვალა.

ევროკავშირის ქვეყნებში მოთხოვნათა 49.1 სხვადასხვა სახით დააკმაყოფილეს, 50.9%-ს კი უარი ეთქვა.

მიღებულ აპლიკაციათა ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი – 95.7%, დადებითად გადაწყვიტა ესტონეთმა, სადაც სულ 2 940 აპლიკაცია დაფიქსირდა. ესტონეთის შემდეგ მოდის ბულგარეთი და ნიდერლანდები. გერმანიამ კი, სადაც ყველაზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა თავშესაფრის მოთხოვნით, 35%-ს უარი უთხრა.

უარის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროკავშირში კვიპროსს აქვს, აქ 2022 წელს აპლიკანტთა 93.7 პროცენტს – 8 425 მოქალაქეს ეთქვა უარი თავშესაფრის პირველ მოთხოვნაზე, მას მალტა და ხორვატია ჩამორჩებიან 9.1 და 13.7 პროცენტით.

„არ მცალია ახლა მკვლევრების მისაღებად“ – როდის გაიხსნება სამკითხველო დარბაზი აჭარის არქივში?

აჭარის საარქივო სამმართველოში საზღვარგარეთთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის, დოკუმენტების გამოყენებისა და პუბლიკაციის სამსახურში, სამკითხველო დარბაზში მკვლევართა მიღება გასული წლის ნოემბერში შეწყდა და ამ დრომდე არ განახლებულა.

საარქივო სამმართველოს უფროსის ბრძანების თანახმად, მკვლევრების მიღების შეწყვეტის მიზეზი მიწის რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური და სპორადული რეგისტრაცია გახდა.

როდის განაახლებს აჭარის საარქივო სამმართველო მკვლევართა მიღებას? – დღეს, 24 მარტს, „ბათუმელებმა“ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.

„თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს, ჩემთან მოვიდეს“ – გვითხრა საარქივო სამმართველოს უფროსმა, მაია ივანიშვილმა. იგი დაინტერესდა კონკრეტული სახელებით და გვარებით, ვის აწუხებს ეს საკითხი.

„მობრძანდეს ეს ადამიანი და თუ სურვილი აქვს, ჩემგან აიღოს ინფორმაცია და არა ტელევიზიით და პრესით და ა.შ. ჩემთან გაიაროს თემა.

მე მაქვს უფლება, როგორც საარქივო სამმართველოს უფროსს, რომ გადავიყვანო ყველა სამსახური გარკვეულწილად თავის საქმიანობაში, ეს არის კანონით განსაზღვრული. მე არ მცალია ახლა მკვლევრების მისაღებად, იმიტომ, რომ ვარ გადასული ძალიან რთულ პროექტზე, რომელსაც ჰქვია მიწის გაფორმებები და სპორადული გაფორმებები მიწის. ამიტომ დარბაზი დროებით დახურული მაქვს.

თუ რომელიმე მკვლევარს პრობლემა აქვს და პასუხი უნდა გავცე კითხვაზე, მობრძანდეს ჩემთან და მე გავცემ სასიამოვნო, კარგ პასუხს. თუ ვინმე თქვენით აპირებს უნდა და თუ არა გავხსნა დარბაზი, მაშინ პასუხს სხვანაირად გავცემ, იგივე ბრძანებით.

მე ყველანაირად ვცდილობ, მკვლევრებს პრობლემები აღმოვუფხვრა და გავუკეთო საქმე“ – თქვა მაია ივანიშვილმა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას.

მან არ გვიპასუხა კითხვაზე, როდის იგეგმება დარბაზის გახსნა მკვლევრებისთვის და აღნიშნა, რომ „არქივი არ არის ბიბლიოთეკა“:

„სამკითხველო დარბაზი არ არის ჩემთან [ბრძანებაში, რომელიც საარქივო სამმართველოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, მითითებულია სწორედ სამკითხველო დარბაზი], მე ბიბლიოთეკა არა ვარ, სამეცნიერო დარბაზი მაქვს, სადაც შეიძლება გარკვეულწილად მეცნიერების მიღება და მათი მომსახურება. მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ ვახერხებ, დროებით დახურულია, იმისთვის, რომ განვახორციელო პროექტი და ვმუშაობთ ამ თემაზე. ასევე, გვაქვს ღონისძიება – 100 წლის იუბილე და უამრავი საკითხი.

მე არ ვიცი, ამ ადამიანს რა პრობლემა აქვს, მაგრამ ძალიან ნაწყენი ვარ“, – გვითხრა მაია ივანიშვილმა.

აჭარის საარქივო სამმართველო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა. მაია ივანიშვილი სამმართველოს უფროსია 2014 წლიდან.

______________

ფოტოზე: მაია ივანიშვილი, სამკითხველო დარბაზი აჭარის საარქივო სამმართველოში. ფოტო: adjara.gov.ge

კვირას ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა გაიმართება – შესვლა უფასოა

26 მარტს, კვირას, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების გამოფენა გაიმართება.

ბოტანიკური ბაღის ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კამელიების 5 სახეობა: იაპონური, მთის ანუ ევგენოლის, ბადისებრი, ზეთოვანი და ჩინეთის კამელია. ასევე, იაპონური კამელიის 78 ჯიში, მთის ანუ ევგენოლის 18 ჯიში და ბაღში გამოყვანილი 25 ჰიბრიდული ფორმა.

გამოფენა 13:00 საათზე გაიხსნება და 17:00 საათამდე გაგრძელდება.

გამოფენა გაიმართება მთავარ სამარშრუტო გზაზე – ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ ნაწილში.

ბოტანიკური ბაღის ცნობით, 26 მარტს საქართველოს მოქალაქეებისათვის ბაღში შესვლა უფასოა.

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 მარტის 21 საათიდან 25 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით დროგამოშვებით – წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 14 – 19 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 26-27 მარტს აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

Exit mobile version