მთავარი,სიახლეები

„ერდოღანი არჩევნებზე შესაძლოა ცარიელზე დატოვონ“ – ინტერვიუ თურქოლოგთან

27.03.2023 • 1921
„ერდოღანი არჩევნებზე შესაძლოა ცარიელზე დატოვონ“ – ინტერვიუ თურქოლოგთან

მიწისძვრა და ეკონომიური კრიზისი – ორ ფაქტორს ასახელებს თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე, რომლის გამოც შესაძლოა ერდოღანმა 14 მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები წააგოს.

თურქოლოგი გვესაუბრება, როგორ გამოჩნდა ის, რომ თურქეთი იგივე პრობლემების წინაშეა, რაც იყო 24 წლის წინ – იზმითის მიწისძვრის დროს. მაშინ მიწისძვრა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც ერდოღანი ხელისუფლებაში მოვიდა.

„ქილიჩდაროღლუსთვის მთავარი ფაქტორია ის, რომ ხალხი ერდოღანით დაიღალა, მისი დაპირება ეკონომიკურ სტაბილურობასა და სხვა, მოკრძალებული დაპირებები მნიშვნელოვნად ეჩვენება ხალხს… ერდოღანს კი, ძველი გზავნილები აქვს, რომ მუსლიმური სუპერძალაა, ახლო აღმოსავლეთის ლიდერი…“-  გვიყვება სანდრო ბაკურაძე.

„ბათუმელებმა“ აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო სანდრო, რამდენად რეალური ხდება თურქეთი ერდოღანის მმართველობის გარეშე? გამოკითხვების მიხედვით, ერდოღანის კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს აქვს უპირატესობა.

დღევანდელი პერსპექტივით და გამოკითხვის ერთი ნაწილის მიხედვით, ეს საკმაოდ რეალურია. ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტორმა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ნამდვილად ვერანაირად ვერ გაართვა თავი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლას.

გარდა ამისა, თურქეთი ძალიან სერიოზული ეკონომიკური კრიზისის პირობებშია, რამაც ხელისუფლების ამომრჩევლებზეც სერიოზული გავლენა მოახდინა. რეალურ პერსპექტივას და პოლიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ეკონომიკური კრიზისი გადაილახოს, ხელისუფლება საკუთარ ამომრჩეველსაც ვერ სთავაზობს.

არის სხვა პრობლემებიც: კორუფცია, პოლარიზაცია და სხვა, მაგრამ თურქეთის ისტორიული და პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, მთავარი ფაქტორი პოლიტიკური ცვლილებებისთვის ყოველთვის ეკონომიკური იყო. როგორც ჩანს, ერდოღანის ხელისუფლებაც ვერ გაექცა ამას.

მიწისძვრამ აჩვენა, რომ ნგრევის მთავარი წყარო მიწისძვრის სიძლიერეზე მეტად იყო ის, რომ ყველა წესების დარღვევით მიმდინარეობდა მშენებლობები, ხელისუფლება კი, ამაზე თვალს ხუჭავდა და აცხადებდა ყოველი არჩევნების წინ ე.წ. სამშენებლო ამნისტიას, რომელიც უკანონოდ და ნებისმიერი სტანდარტის გარეშე აშენებულ მშენებლობას ლეგალიზაციას აძლევდა.

ერდოღანის ხელისუფლებამ 20 წლის განმავლობაში გამოაცხადა 9 სამშენებლო ამნისტია. თურქეთის მმართველი პარტია სამშენებლო ბიზნესთან არის ძალიან გადაჯაჭვული, ისაა მისი შემომწირველი, მხარდამჭერი…

  • როცა ერდოღანი ხელისუფლებაში მოვიდა, მაშინაც აქტუალური იყო მიწისძვრა – 1999 წლის იზმითის მიწისძვრას ვგულისხმობ. 

დიახ და 1999 წლის მიწისძვრის შემთხვევაშიც ზოგადი სურათი იგივე იყო.

მიუხედავად მიწისძვრის მასშტაბებისა, ძირითადი მიზეზი ნგრევისა, მაშინაც იყო უხარისხო მშენებლობები, ხოლო ადამიანები, რომლებიც კონტრაქტორები იყვნენ და პირდაპირ კავშირში უხარისხო მშენებლობებთან, მხოლოდ ერთმა კაცმა მოიხადა სასჯელი, უმეტესობის სასამართლო პროცესი გააჭიანურეს და ხანდაზმულობის ვადა გავიდა. რამდენიმე მათგანი დღეს მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატიც კია.

ერდოღანის ხელისუფლება ერთი-ერთში იმეორებს იმას, რასაც 1999 წლის მიწისძვრის დროს აკეთებდა მოქმედი ხელისუფლება, როცა ვერ ართმევდა თავს სიტუაციას.

  • ეს რას აჩვენებს პოლიტიკურად – თურქეთი 24 წლის შემდეგაც იგივე გამოწვევის წინაშეა?

ფაქტობრივად ასე გამოდის. ერდოღანი კი აცხადებდა, რომ ძველი თურქეთი აღარ არსებობს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველა ის პრობლემა, რაც არსებობდა 1999 წელს, არსად არ წასულა. ჩანს, რომ ეს პრობლემები უფრო მეტად გაძლიერდა კიდეც.

იმ პერიოდის კონიუნქტურიდან გამომდინარე, ერდოღანს ევროკავშირის მხარდაჭერა სჭირდებოდა, მანამდე არსებული სამხედრო ისტებლიშმენტის წინააღმდეგ საბრძოლველად და ინვესტიციების მოსაზიდად. ამ პერიოდში, ისლამისტური ტერორიზმის გაძლიერების ეპოქაში, ერდოღანისეული რიტორიკა, რომ ზომიერ ისლამს ქმნიდნენ, მუსლიმი დემოკრატები იყვნენ და ასე შემდეგ, ბევრი მომხრე გაუჩინა დასავლეთში.

მერე უკვე, როცა ქვეყანაში დაგროვდა უკმაყოფილების ტალღა, ერდოღანს ამის საჭიროება უკვე აღარ ჰქონდა.

  • გამოჩნდა, რომ ერდოღანს შეუძლია რეპრესიების გზით სვლა. თქვენი დაკვირვებით, მოახერხებს ერდოღანი რეპრესიებით ძალაუფლების შენარჩუნებას? 

ჩემი აზრით, ერდოღანს ამის რესურსი ფიზიკურად აქვს, მაგრამ ეკონომიკური კრიზისით და მიწისძვრის შედეგებით იმხელა პოლიტიკური კაპიტალი დაკარგა, რომ საჭირო პოლიტიკური კაპიტალი მას შესაძლოა აღარ ჰქონდეს. ერდოღანი გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს ამისთვის.

დღევანდელი თურქეთი მაინც განსხვავდება 20 წლის წინანდელი თურქეთისგან, ეს ურბანიზებული ქვეყანაა და სხვა დინამიკა მუშაობს, ოპოზიციაც უკვე საკმაოდ კარგადაა ორგანიზებული… გაყალბების მიუხედავად, ერდოღანმა შესაძლოა მაინც ვერ მოახერხოს საარჩევნო წარმატების მოპოვება.

გაყალბების შესაძლებლობა ერთგვარად ორლესული მახვილია ახლა ერდოღანისთვის, რომელიც შესაძლოა არ დამთავრდეს ერდოღანის სასარგებლოდ. ვფიქრობ, კონტრპროდუქტიული იქნება ფართომასშტაბიანი გაყალბება. ერდოღანს ძალიან შეცოტავებული აქვს პოლიტიკური კაპიტალი და ამ მოცემულობაში შესაძლოა კონტრპროდუქტიული იყოს ეს ყველაფერი.

  • რა დაჯგუფებებია და მოძრაობა ერდოღანის გარშემო არსებულ კლანებს შორის? 

ერდოღანის პარტიამ დაკარგა უკვე სერიოზული რაოდენობის „სისხლი“, როცა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ახმედ დავითოღლუ გამოეყვნენ. ამას დაემატა ისიც, რომ ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე ტრადიციულმა ელიტებმა სახელისუფლებო პარტია დატოვეს. ტრადიციული ტომების და გავლენიანი ფიგურების ოპოზიციის მხარეს გადასვლა მნიშვნელოვანი ინდიკატორია: თურქეთის პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ეს ძალები ისტორიულად ყოველთვის ხელისუფლებას, ან ყველაზე პერსპექტიულ პარტიებს უჭერდნენ მხარს. მსგავსი ნიშნები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გარკვეული ცვლილებები არის აქ, თუმცა ჯერ რაიმეს ზუსტად თქმა შეუძლებელია.

  • იმის გათვალისწინებით, თუ როგორ შეძლო ერდოღანმა ბოლო წლებში დემოკრატიის საბოლოო დასუსტება – მედია, სასამართლო, რამდენად არსებობს სამართლიანი არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის რესურსი?

ტექნიკურად ამის რესურსი არსებობს, მაგრამ არსებობს არა იმის გამო, რომ ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ამას, ან რაღაც. უბრალოდ, ოპოზიციის გამარჯვების რეალურობის გათვალისწინებით, შესაძლებელია, ბიუროკრატიულმა აპარატებმა შეამჩნიონ, რომ ერდოღანი ვეღარ ახერხებს სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემობრუნებას და გადამწყვეტ მომენტში უარი თქვან მანიპულაციებზე, ერდოღანი ცარიელზე დატოვონ.

  • რის იმედი აქვს ერდოღანს, თქვენი აზრით? 

ერდოღანის გამოსვლებიდან ჩანს, რომ ის არავის არაფერს აღარ ჰპირდება. მისი დაპირებები არის ძალიან ზოგადი და კონტექსტიდან ამოვარდნილიც კი. მმართველი პოლიტიკური ძალის მთავარი იმედი ისევ და ისევ არის ერდოღანის, როგორც პიროვნების კულტი. მმართველი პოლიტიკური ძალა გათვლას აკეთებს ერდოღანის ფიგურასა და მის პირად ავტორიტეტზე, ფიქრობენ, რომ ეს ისევ იმუშავებს. ამის იქეთ სახელისუფლებო რიტორიკაში რეალური დაპირება ფიზიკურად არ არის.

  • რა ჩანს გამოკითხვებში ამ კუთხით – ისევ ძლიერია ერდოღანის კულტი? 

ჩანს ის, რომ მიწისძვრის დროს ერდოღანმა დაახლოებით 5 %-მდე ნდობა დაკარგა. სხვა ინდიკატორებიც აჩვენებს, რომ მათთვის სასარგებლო სიტუაცია არ არის. ამავე დროს ერდოღანის პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად იყენებს ფსევდოოპოზიციურ სახეებს, ცდილობენ აზრის მანიპულირებას ტვიტერის ინფლუენსერების საშუალებით, თუმცა ჩანს, რომ ესეც საკმაოდ პრობლემურია: სოციალურ მედიას ვინც იყენებს, მისი საკმაოდ დიდი ნაწილი ოპოზიციონერია.

  • ვინ არის ქემალ ქილიჩდაროღლუ, რომელიც წინასაარჩევნოდ შექმნილმა უმსხვილესმა ოპოზიციურმა ალიანსმა დაასახელა კანდიდატად? პოლიტოლოგები საუბრობენ იმაზე, რომ ის საუკეთესო კანდიდატია ქურთებისთვის, მაგრამ აღმსარებლობით ალევიტია, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი. ეს ფაქტორი როგორ მუშაობს დღევანდელ თურქეთში?

ქემალ ქილიჩდაროღლუს კანდიდატობა პრობლემური იყო, რადგან მას არ გააჩნდა იგივე ქარიზმა, ასევე მიიჩნევდნენ, რომ ანკარის მერთან შედარებით ცუდი კანდიდატი იქნებოდა, მაგრამ თურქეთის ოპოზიციური ალიანსის არქიტექტორი და ფაქტობრივი ლიდერი ის იყო.

ქემალ ქილიჩდაროღლუ აღმსარებლობით ალევიტია, წარმოშობით ქურთია, თუმცა თავის იდენტობაზე, როგორც წესი, არ საუბრობს. იგი ცდილობს, რომ საკუთარი წარმოშობის თურქმენულ წარმოშობაზე ისაუბროს მიუხედავად იმისა, რომ ის ეკუთვნის ისტორიული დერსიმის რეგიონს, დღევანდელი თუნჯელის პროვინციას.

ის მოიაზრება არა მილიტარისტულ-ნაციონალისტურ, არამედ სოციალ-დემოკრატებთან დაახლოებულ, ზომიერ პოლიტიკოსად, რაც საშუალებას აძლევს, რომ ქურთებისგან აიღოს ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა.

ქილიჩდაროღლუს კანდიდატურას ვინც იწუნებდა, მათი მთავარი არგუმენტი იყო სწორედ რელიგიური ფაქტორი, ისინი თვლიდნენ, რომ თურქი ამომრჩეველი მას ხმას ამ ფაქტორის გამო არ მისცემდა, თუმცა წინასაარჩევნო გამოკითხვებით ჩანს, რომ თურქი ამომრჩეველი საკმაოდ პრაგმატულია. ის კატეგორია, რომელიც, როგორც წესი, ალევიტს არ მისცემდა ხმას, ისედაც ხელისუფლების ამომრჩეველია და მისი ოპოზიციისკენ გადახრა უტოპიის სფეროა. ოპოზიციის პოტენციური ამომრჩევლისთვის კი, ქილიჩდაროღლუს რელიგია პრობლემა არ არის.

აღარ არის ძველი დრო, შეიცვალა, თუმცა ალევიტების მიმართ მაინც სერიოზული დისკრიმინაცია არსებობს, განსაკუთრებით კი, ერდოღანის პერიოდში გაღრმავდა ეს დისკრიმინაცია – არცერთი ალევიტი გუბერნატორი არ არსებობს არცერთ პროვინციაში, არ არიან პოლიციასა და ჯარში, დაზვერვაში, საჯარო სამსახურშიც კი, ალევიტისთვის ბევრად რთულია დასაქმება, ვიდრე სუნიტებისთვის.

ეს დამოკიდებულება ჯერ კიდევ ოსმალთა იმპერიიდან მოდის – ალევიტები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აღიქმებოდნენ. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ისინი საერთოდ მუსლიმებადაც არ აღიქმებოდნენ, ურჯულოებს უწოდებდნენ…

  • ეს ფაქტორი დღეს რატომ შეიძლება აღარ იყოს ანგარიშგასაწევი სუნიტი მორწმუნეებისთვის, რომლებიც უმრავლესობაში არიან? 

დღევანდელი თურქეთი მკვეთრად ურბანიზებული საზოგადოებაა, სადაც განსხვავებული დინამიკა მოქმედებს და უკვე ყველას ჰყავს ალევიტი მეზობელი, ნაცნობი, გადაჯაჭვულია ბევრი რამ…

ამ ქვეყანაში მთავარ პრობლემად უფრო ეკონომიკური კრიზისი გვევლინება და რელიგიური იდენტობა არც ისე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი ყოფილიყო 20 ან 25 წლის წინ.

  • რა ხედვებით ცდილობს ქილიჩდაროღლუ გაპრეზიდენტებას – არსებითად რა იცვლება თურქეთში, თუ ის პრეზიდენტი გახდება? 

იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი ძალიან რთულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციაშია, ის ცდილობს, რომ ძირითად რეალისტური დაპირებები გააკეთოს. მისი მთავარი დაპირებაა სიტუაციის ნორმალიზება და პოლარიზების დასრულება, ასევე, მაგალითად, ერდოღანის გაურკვეველი ეკონომიკური პოლიტიკის სტანდარტული ეკონომიკური პოლიტიკით ჩანაცვლება და ასე შემდეგ.

პოპულიზმის მხრივ კი, ქილიჩდაროღლუ ძირითადად სირიელი დევნილების დაბრუნებას ახსენებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში თურქეთი მოელაპარაკება სირიის ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ანუ ბაშარ ასადს და ასადთან მოლაპარაკებით მოხდება სიტუაციის ნორმალიზება სირიასთან.

ქილიჩდაროღლისთვის მთავარი ფაქტორია ის, რომ ხალხი ერდოღანით დაიღალა, მისი დაპირება ეკონომიკურ სტაბილურობასა და სხვა, მოკრძალებული დაპირებები მნიშვნელოვნად ეჩვენება ხალხს, მათ წარმოადგინეს მანიფესტიც, თუმცა დეტალური გეგმა, რას როგორ აპირებენ, არ წარმოუდგენიათ.

ერდოღანს კი, ძველი გზავნილები აქვს, რომ მუსლიმური სუპერძალაა, ახლო აღმოსავლეთის ლიდერი, მსოფლიო მასშტაბის ლიდერი.

  • რა სახის საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს ქილიჩდაროღლუს და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას?

ჯერჯერობით რაც ჩანს, დასავლეთი ქილიჩდაროღლუს უჭერს მხარს, რუსული მედიიდან კი ჩანს, რომ რუსეთისთვის ოპტიმალური ვარიანტი ერდოღანის დარჩენაა. გარკვეულ საკითხებს ქილიჩდაროღლუ დიდი ალბათობით არ შეცვლის, მაგალითად, ისიც შეეცდება, რომ დააბალანსოს ურთიერთობა დასავლეთს და რუსეთს შორის.

უნდა ველოდოთ უფრო მეტად დაახლოებას დასავლეთთან, თუმცა ისეც არ უნდა გავიგოთ, რომ თურქეთი უცებ ევროკავშირის სტანდარტების მქონე ქვეყნად გადაიქცევა.

  • რა შეიცვლება თურქეთის პოზიციონირებაში, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში?

არა მგონია, საქართველოსთან ურთიერთობაში რამე სერიოზულად შეიცვალოს, რადგანაც კავკასიაში არსებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია და თურქეთის სიტუაციაც სტატიკური. შეიძლება, შეიცვალოს ის, რომ აღარ ჰქონდეთ მხარდაჭერა ერდოღანთან აფილირებულ ფიგურებს, როგორიც იყო, მაგალითად, გალიფ ოზთურქი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: