მთავარი,სიახლეები

„მესაზღვრე ხელს მკრავდა, წადი იომეო“ – უკრაინის მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენ

27.10.2023 • 2241
„მესაზღვრე ხელს მკრავდა, წადი იომეო“ – უკრაინის მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენ

27 წლის ალექსანდრ იურევიჩი დევნილია უკრაინიდან. 2023 წლის ზაფხულიდან ბათუმში ცხოვრობს. ორი კვირის წინ ალექსანდრე ბათუმიდან თურქეთში წავიდა პროდუქტების საყიდლად. ბათუმიდან ხშირად გადადიან თურქეთის საზღვართან მდებარე მაღაზიებში საკვები პროდუქტის საყიდლად და მალევე უკან ბრუნდებიან.

ალექსანდრემ საქართველოდან დაუბრკოლებლად გადალახა საზღვარი თურქეთისკენ, მაგრამ უკან დაბრუნებისას ქართველმა მესაზღვრეებმა აღარ შემოუშვეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ალექსანდრე სამი კვირაა სარფში [თურქეთის მხარეს] ქუჩაში ცხოვრობს და წვიმის დროს მეჩეთს აფარებს ღამით თავს, სძინავს იატაკზე. უკრაინის მოქალაქე ამბობს, რომ ექვსჯერ სცადა საზღვრის გადმოლახვა, მაგრამ ექვსივეჯერ უარი მიიღო.

დოკუმენტში, რომელიც უარის შემდეგ გადასცეს, ნათლად არ ჩანს, რატომ არ უშვებენ მას საქართველოს ტერიტორიაზე. დოკუმენტში მითითებულია, რომ ალექსანდრ იურევიჩი „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.

„ქართველი მესაზღვრე ხელს მკრავდა ზურგზე და მეუბნებოდა, წადი და იომეო უკრაინაში, აქ რა გინდაო. მე ვცდილობდი მისთვის ქართულად ამეხსნა რა ხდებოდა, რუსულადაც ვეუბნებოდი, უკრაინულადაც, ყველაფერს იგებდა, მაგრამ ხელს მკრავდა და მეუბნებოდა უკან წადი, თურქეთშიო.

ვეუბნებოდი, რომ ომი გამოვიარე, ტყვედ ვიყავი რუსეთში და გამათავისუფლეს, უიარაღოს მბომბავდნენ, ვეუბნებოდი მე ჯარისკაცი არ ვარ-მეთქი, მაგრამ წამით არ მისმენდა. კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, არ ვიცი რით დავიმსახურე ასეთი დამოკიდებულება“, – ამბობს ალექსანდრე.

მან არ იცის თურქული ენა და ისევ საზღვართან იცდის, ღამით მეჩეთში სძინავს.

ალექსანდრე ცენტრალური უკრაინიდან, კიროვოგრადიდანაა, კრაპევნიცკის ოლქიდან. სახლი, სადაც ის ცხოვრობდა, რუსმა ოკუპანტებმა გადაწვეს. ჰყვება, რომ ადამიანები გამოიყვანა ხანძრიდან. მერე ტყვედ ჩავარდა ხერსონში და რუსი სამხედროები აიძულებდნენ რუსული პასპორტი აეღო, რაზეც უარი თქვა.

27 წლის კაცი ჰყვება, რომ ტყვედ წაიყვანეს რუსეთში.  იხსენებს, რომ ქალები და კაცები ტყვეობაში ცალ-ცალკე მიჰყავდათ:

„ჩვენ სიახლოვეს დააყენეს  ხერსონში თავიანთი სამხედრო ტექნიკა და ტანკები. ჩვეულებრივ ხალხს აფარებდნენ თავს. აუპატიურებდნენ ქალებს.  ტყვედ ჩავარდნილები არავის გავხსენებივართ, არავის მოვუკითხივართ. უკრაინაში გაძარცვეს პროდუქტის საცავები და ასე გვკვებავდნენ. ვჭამდით ძირითადად ფაფას.

რუსმა ჯარისკაცებმა ტექნიკა ჩვენს სიახლოვეს განალაგეს, ჩვეულებრივ ხალხს შორის იმალებოდნენ, ქალებს აუპატიურებდნენ, გვაწამებდნენ, ,,ხოხლებს“ და ,,ბანდერებს“ გვეძახდნენ, მერე გვთავაზბდნენ რუსული პასპორტების აღებას.

ვინც რუსულ პასპორტზე უარს ამბობდა ყირიმის ხიდის გავლით რუსეთში მიჰყავდათ. ვინც ცდილობდა გაქცეოდა რუს ჯარისკაცებს მათ კლავდნენ. ჩვენ ხერსონიდან 30 ადამიანი წაგვიყვანეს ერთ ჯერზე მანქანით, სადაც 8 ადგილი იყო, ერთმენეთზე დაწყობილები ვიყავით, ქალები ცალკე მიჰყავდათ, კაცები ცალკე.

ამბობდნენ, რომ ვინც პირველი მანქანით წაიყვანეს, ის ხალხი დაცხრილეს. ავტომატიანმა ჯარისკაცმა თავში ჩამარტყა და მითხრა ჩუმად ვმჯდარიყავი. ორი დღე და ღამე მივდიოდით, არ გვაჭმევდნენ, გვცემდნენ რუსი სპეცრაზმელები. გვშიოდა და გვციოდა, მანქანაში ვერ ისუნთქებდი, არც ფანჯრები ჰქონდა მანქანას.

მერე გაგვასამართლეს ექსტრემიზმის და უკრაინა-რუსეთის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, არადა თავად გადაგვიყვანეს რუსეთში. შესაბამისად, ჩემს პასპორტში არ არის რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის დამადასტურებელი ბეჭედი. გასამართლების შემდეგ დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს, 5 წლით აგვიკრძალეს რუსეთში ჩასვლა და მქონდა არჩევანი წავსულიყავი ბელორუსში ან საქართველოში. მე აქ წამოსვლა ვარჩიე“, – ჰყვება ალექსანდრე.

თურქეთის მხარეს დარჩენილი უკრაინის მოქალაქე, რომელიც ბათუმში ცხოვრობს ამბობს, რომ აღარც საკვების ფული აქვს და ერთი ტანსაცმლითაა. ცდილობს იპოვოს სამსახური თურქეთში, მაგრამ ენა არ ესმის.

ალექსანდრე ბათუმში შემდუღებელ ქარხანაში მუშაობდა და მაკლერობასაც ცდილობდა, ბინების ყიდვა-გაყიდვაში ეხმარებოდა მსურველებს. შეშის დახერხვასა და ჩეხვაში ეხმარებოდა ხულოში მცხოვრებლებს.

  • რა შემთხვევაში არ უშვებენ საქართველოს საზღვარზე პირებს

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე პირი იღებს უარს იმ შემთხვევაში, როცა:

  • არ არის წარმოდგენილი საქართველოში შემოსვლისთვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.
  • საქართველოს ვიზის მიღების/საქართველოში შემოსვლის მსურველ უცხოელს აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისთვის დაწესებული ჯარიმა.
  • განმცხადებელმა საქართველოს ვიზის მისაღებად წარადგინა ყალბი ან არასრული მონაცემები/ინფორმაცია/დოკუმენტები.
  • საქართველოს ვიზის მიღების მსურველ უცხოელს არ აქვს სამოგზაურო/ჯანმრთელობის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისა და უკან დაბრუნებისთვის საკმარისი ფინანსური სახსრები.
  • საქართველოს ვიზის მიღების/საქართველოში შემოსვლის მსურველი უცხოელის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.
  • საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია საქართველოს ვიზის მიღების/საქართველოში შემოსვლის მსურველი უცხოელის საქართველოში ყოფნა.
  • არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში ან დაარღვევს შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს.
  • საქართველოს ვიზის მიღების/საქართველოში შემოსვლის მსურველი უცხოელი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.
  • აღარ არსებობს ან ვერ დასტურდება მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც უნდა გაცემულიყო ვიზა.
  • საქართველოს ვიზის მიღების/საქართველოში შემოსვლის მსურველმა უცხოელმა საქართველოში ყოფნისას ჩაიდინა დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ან დაარღვია საქართველოში უცხოელთა ყოფნის წესები.
  • საქართველოს ვიზის მიღების/საქართველოში შემოსვლის მსურველი უცხოელი ბოლო 3 წლის განმავლობაში დაექვემდებარა გაძევებას საქართველოდან, მიუხედავად იმისა, გავრცელდა თუ არა მასზე საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.
  • საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის დაწყების მოთხოვნილი თარიღისათვის საქართველოს ვიზის მიღების/საქართველოში შემოსვლის მსურველს ამოწურული აქვს 90 კალენდარული დღის ვადით საქართველოში ყოფნის უფლება 180-დღიან პერიოდში.
  • საქართველოს ვიზის მისაღებად დოკუმენტები/ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა არასათანადო წესით.
  • არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს

ჩამოთვლილთაგან არცერთი დარღვევა არ ჰქონდა ალექსანდრ იურევიჩს გარდა ერთი, ყველაზე ბუნდოვანი „დარღვევისა“:  არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

მანამ, სანამ ალექსანდრეს საკითხი გაირკვევა, კაცს თურქეთის საზღვართან მეჩეთის იატაკზე უწევს ძილი. აღარ აქვს ფული, საკვები, თბილი სამოსი მოახლოებული გრილი დღეებისთვის და საცხოვრებელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: