ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა [ბსუ] ლეონიძის №15-ში, ახალაშენებული სასწავლო კორპუსის ფასადისა და სახურავის რეაბილიტაციაზე ტენდერი 405 ათასი ლარით გამოაცხადა.
აღნიშნული სასწავლო კორპუსის მშენებლობა სამი წლის წინ, 2020 წელს დასრულდა, თუმცა, უნივერსიტეტის ინფორმაციით, შენობაში წყალი ჩადის. სახურავზე საგარანტიო ვადა ვრცელდება, მაგრამ ბსუ-ში ამბობენ, რომ მშენებელ კომპანიას ვერ უკავშირდებიან.
„ახლა პრობლემას მოვაგვარებთ და შემდეგ მთლიანი ხარჯის ასანაზღაურებლად, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს მივმართავთ“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
შენობის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ ჩინური კომპანიის საქართველოს ფილიალს [შპს „ჩაინა ენერჯი ენჯინერინგ გრუპ ნორთვესტ პოვერ კონსტრაქშენ ენჯინერინგ კო-ს საქართველოს ფილიალი“] ბსუ-მ სამსართულიანი სასწავლო კორპუსის მშენებლობის, ღობის მოწყობისა და ვერტიკალური დაგეგმარების სამუშაოებში, ჯამში 2 884 886 ლარი გადაუხადა.
შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით, სახურავზე საგარანტიო ვადა 10 წელი იყო, რომლის ათვლაც საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან, 2020 წლის 10 ივლისიდან დაიწყო.
ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ „საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს გამოვლენილი დეფექტის/ნაკლის აღმოფხვრა, შეკეთება ან შეცვლა.“
ვინაიდან ახალაშენებული კორპუსის სახურავზე საგარანტიო ვადა კიდევ მომდევნო 7 წელი ვრცელდება, რატომ ხარჯავს უნივერსიტეტი მის რეაბილიტაციაზე დამატებით თანხას და რატომ არ ავალდებულებს მშენებელ კომპანიას სახურავის დეფექტის აღმოფხვრას ან/და შეცვლას, როგორც ეს ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული?
ამ შეკითხვით „ბათუმელები“ ბსუ-ს კანცლერს, მერაბ დიასამიძეს დაუკავშირდა.

ბსუ-ს ახალი კორპუსი ლეონიძის ქუჩაზე [უკანა ხედი], რომელიც 2020 წელს დასრულდა და ხელახლა სარეაბილიტაციოა /ფოტო: „ბათუმელები“/16.09.2023
მისივე თქმით, „რახან კომპანია არ ჩანს“, უნივერსიტეტი იძულებულია მოაგვაროს ეს პრობლემა, „დადგინდეს ზარალი, გავხადოთ დათვლადი – რასაც უნივერსიტეტი გაიღებს ამ მიმართულებით და შემდეგ გადავინაცვლოთ სასამართლო დარბაზში. ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ხარჯი, ექსპერტიზა და სხვა, ერთობლივად შეიკვრება, ამის შემდეგ მივმართავთ უკვე სასამართლოს კომპანიის წინააღმდეგ და მოვითხოვთ ზარალის/ხარჯის ანაზღაურებას.“
„ვნახოთ როგორ ჩატარდება ეს ტენდერი – რა ფასი დაფიქსირდება. დამატებითი სარჩელების აუცილებლობა რომ არ გაჩნდეს შემდეგ საქმეში, ჩვენი პოზიციაა, რომ ერთიანი ძალით, სრულად შეკრული დოკუმენტაციით მივმართოთ სასამართლოს.“ – ამბობს კანცლერი.
მერაბ დიასამიძის თქმით, უნივერსიტეტმა წერილი კომპანიას პირველად 2021 წლის 22 მარტს, შემდეგ პირველ აპრილს, 12 ივლისს, ასევე 2022 წლის პირველ დეკემბერს გაუგზავნა. წერილი გაიგზავნა მიმდინარე წელსაც, თუმცა, კომპანიას არცერთი არ ჩაბარდა. კანცლერი ამბობს, რომ წერილები კომპანიას გაუგზავნეს „საქართველოს ფოსტით“ თბილისში, იურიდიულ მისამართზე და გაუგზავნეს ელექტრონული ფოსტითაც. კომპანიასთან დაკავშირება ვერ ხერხდება ვერც ტელეფონის საშუალებით“.
კომპანიასთან დაკავშირება „ბათუმელებმაც“ სცადა, თუმცა, დოკუმენტებში მითითებული ნომერი გამორთულია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 20 ივნისს, შპს „ჩაინა ენერჯი ენჯინერინგ გრუპ ნორთვესტ პოვერ კონსტრაქშენ ენჯინერინგ კო-ს საქართველოს ფილიალმა“ საჯარო რეესტრს დირექტორის ცვლილების მოთხოვნით მიმართა [ამ დროისთვის სარეგისტრაციო წარმოება შეწყვეტილია.]

ბსუ-ს ახალი კორპუსის სახურავი, რომელშიც, უნივერსიტეტის ინფორმაციით წყალი ჩადის და სარეაბილიტაციოა. სახურავს კიდევ 7 წელი აქვს საგარანტიო ვადა, თუმცა ბსუ მშენებელ კომპანიას ვერ უკავშირდება, ამიტომ სახურავს თავისი ხარჯებით შეცვლის / ფოტო ტენდერიდან
ამ ეტაპზე კორპუსს ბრტყელი გადახურვა აქვს. ბსუ-ში კი გადაწყვიტეს, რომ ეს შეცვალონ და შენობა ტრაპეციის ფორმით, თუნუქით გადახურონ.

ნახაზი სარეაბილიტაციო პროექტიდან
ახალი კორპუსის სახურავისა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადების დღიდან არაუმეტეს 90 დღეში უნდა დასრულდეს.
ახალი კორპუსის მშენებლობის დეტალები
ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობის, ღობის მოწყობისა და ვერტიკალური დაგეგმარების სამუშაოებზე ტენდერი ბსუ-მ 2017 წლის 29 დეკემბერს გამოაცხადა.
ტენდერში 8 კომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებულად კი, სატენდერო კომისიამ შპს „ჩაინა ენერჯი ენჯინერინგ გრუპ ნორთვესტ პოვერ კონსტრაქშენ ენჯინერინგ კო-ს საქართველოს ფილიალი“ გამოავლინა, რომელიც მომსახურებას 2,6 მილიონად სთავაზობდა უნივერსიტეტს [ჩინურ კომპანიასთან შედარებით ნაკლები ფასი 2,5 მილიონი ლარი ჰქონდა შეთავაზებული ერთ-ერთ პრეტენდენტს, თუმცა, მას დისკვალიფიკაცია მისცეს].
ბსუ-მ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება 2 660 543 ლარზე, 2018 წლის 21 თებერვალს გააფორმა. სამუშაოები იმავე წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი კომპანიასთან 2020 წლის ივლისში გაფორმდა.
მანამდე ხელშეკრულებაში ცვლილება 7-ჯერ შევიდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა 2 925 235 ლარამდე გაიზარდა, კომპანიას კი, საბოლოოდ, უნივერსიტეტმა ჯამში 2 884 886 ლარი გადაურიცხა.
საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს, თან ახლავს ექსპერტიზის დასკვნაც [შპს „ბათ ექსპერტი“], რომელშიც ხაზგასმულია, რომ ახალი კორპუსის მშენებლობის „სამუშაოები შესრულებულია მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად“.

შპს „ბათ ექსპერტის“ ექსპერტიზის დასკვნა / ამონარიდი შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებიდან
ბსუ-ს ტენდერი 2 957 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.
„ბათუმელების“ მიერ შესყიდვების პორტალზე გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ჩინური კომპანიის ფილიალს, სულ 2 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, ერთში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მას დისკვალიფიკაცია მისცა, მეორე ტენდერი კი, იყო ბსუ-სი, სადაც გამარჯვებულად გამოავლინეს.
ჩინური კომპანიის ფილიალი საქართველოში ბსუ-ს მიერ ტენდერის გამოცხადებამდე 6 თვით ადრეა დარეგისტრირებული.
ამ თემაზე:
ბსუ-ს ახალ კორპუსს ჩინური კომპანია 2,6 მილიონ ლარად ააშენებს