22 წლის მარიამ ნოდიამ მკლავჭიდში უკვე მიაღწია დიდ წარმატებებს. პირველად 18 წლის ასაკში გახდა მსოფლიო ჩემპიონი და მას შემდეგ ევროპის ჩემპიონობაც არაერთგზის მოიპოვა.
სპორტი სულ უყვარდა, თამაშობდა ხელბურთს, ფრენბურთს და ფეხბურთშიც სცადა ბედი, თუმცა, საბოლოოდ არჩევანი მკლავჭიდზე შეაჩერა.
2023 წელს მარიამმა ორივე მკლავით იასპარეზა და ორი ოქრო აიღო მსოფლიო ჩემპიონატზე.
გამოვიდა უფროსი ასაკის კატეგორიაშიც, სადაც მეორე საპრიზო ადგილი აიღო ევროპის ჩემპიონატზე.
„თავიდან საკმაოდ რთული იყო ვარჯიში, რადგან სიმძიმეებთან მიწევდა შეხება, თუმცა შემომძახეს – „მარიამ, არ დანებდე, შეგიძლია!“ და ნელ-ნელა ეს ეტაპიც გადავლახე.
ცხადია, იყო სტერეოტიპული დამოკიდებულებაც: „რატომ მაინც და მაინც მკლავჭიდი?“„რად უნდოდა ეს კაცების სპორტი?“
ისეთი შემთხვევაც მქონია, როცა დარბაზში ვარჯიშის დროს უთქვამთ ბიჭებს გაკვირვებით, „საიდან გაქვს ამხელა ძალა?“- უკვირთ, რომ ვერ მჯობნიან.
„ალბათ ძლიერი ქალების ეშინია, ვინც ასე ლაპარაკობს“ – ხუმრობს მარიამი.
ამბობს, რომ თავიდან რთული იყო ისიც, რომ დარბაზში მხოლოდ ორი გოგო ვარჯიშობდა და დანარჩენი კაცები იყვნენ, მაგრამ ბოლოს ამასაც შეეჩვია.
„ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები არიან, რადგან ძმებიც სპორტსმენები მყავს და არ გაჰკვირვებიათ ჩემი არჩევანი, მაგრამ მეორე დიდი მეგობარი და მასწავლებელი მარინე ფუტკარაძეა, რომელიც 15 წელია პარაჩემპიონია და ყოველთვის გულმოდგინედ მავარჯიშებდა“ – გვეუბნება მარიამი.
მარიამი პირველად მსოფლიო ჩემპიონი 2019 წელს გახდა.
მანამდე იყო წარმატებები ბულგარეთში და მოლდოვაში გამართულ ჩემპიონატებზე, რომელიც დიდი მოტივაცია იყო მარიამისთვის.
მისი თქმით, მკლავჭიდის პოპულარიზაციისთვის ხელვაჩაურში სკოლაც დააარსა, სადაც მწვრთნელადაც მუშაობს.
„რვა გოგონა მყავს ამ ჯგუფში და ძალიან აქტიურად ვარჯიშობენ. 5 ნოემბერს შიდა ჩემპიონატი გვაქვს დაგეგმილი და იმედი მაქვს, რომ ევროპაზეც წავალთ.
ნელ-ნელა იზრდება ბავშვებში მკლავჭიდის მიმართ ინტერესი. სკოლებს შორისაც იმართება ხოლმე შეჯიბრებები. მხვდებიან ბავშვები პარკებში, მოსაცდელებთან რომ ეჯიბრებიან ხოლმე ერთმანეთს და ძალიან მიხარია“ – გვეუბნება მარიამი.
მისი თქმით, მკლავჭიდელების ცნობადობაც გაზრდილია და ბევრმა ბავშვმა იცის მარინე ფუტკარაძის სახელი.
რაც შეეხება მხარდაჭერას, როგორც მარიამი ამბობს, წელს პირველად დააწესა სახელმწიფომ და ფედერაციამ სტიპენდია მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდელებისთვის და იმედოვნებს, რომ ინფრასტრუქტურის საკითხებიც მოგვარდება სამომავლოდ.
„რა თქმა უნდა, ეს სტიპენდიაც სიმბოლურია, დიდი თანხა არ არის, მაგრამ მაინც მოტივაციაა ჩვენთვის.
გვჭირდება ინფრასტრუქტურაც, რადგან არ გვაქვს საკუთარი დარბაზი და იმედია, პირობებიც გაგვიუმჯობესდება“ – ამბობს მარიამი.