მთავარი,სიახლეები

„ქალბატონი სალომე რომ მოსულიყო, ნაკლებს ილაპარაკებდა“ – რეპორტაჟი საკონსტიტუციოდან

03.10.2023 • 13893
„ქალბატონი სალომე რომ მოსულიყო, ნაკლებს ილაპარაკებდა“ – რეპორტაჟი საკონსტიტუციოდან

„არსებობდა კონკრეტული ფაქტორები“, – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსაც კი არ უთხრა მთავრობის წარმომადგენელმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა კონკრეტული მიზეზი: რის გამო უთხრეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უარი ევროპელ ლიდერებთან ვიზიტებზე.

დღეს, 3 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განიხილა. არსებითი განხილვის სხდომა ხვალ კითხვა-პასუხის ეტაპიდან გაგრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლომ 14 ოქტომბრამდე უნდა დადოს თავისი დასკვნა: დაარღვია თუ არა კონსტიტუცია სალომე ზურაბიშვილმა, როცა ის მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპაში მაინც წავიდა. ამის შემდეგ შეუძლია პარლამენტმა იმპიჩმენტის საკითხს კენჭი უყაროს.

„მინდა, ვიცოდე, რა იყო რეალური საფუძველი, როცა პრეზიდენტს უარი უთხარით“, – მთავრობის წარმომადგენელს მიმართა მოსამართლე მანანა კობახიძემ და იქვე დასძინა, რომ ირაკლი კობახიძესაც უსმენდა, როცა აღნიშნა, ეს მთავრობის კონსტიტუციური დისკრეციაა და მთავრობას არ აქვს ვალდებულება ახსნას, რატომ ეუბნება პრეზიდენტს უარს საგარეო ურთიერთობაში წარმომადგენლობაზე.

მთავრობის წარმომადგენელს, ვახტანგ ბაჩიაშვილს დამატებით არაფერი განუმარტავს, მას უხერხულობა უფრო სხვა ნაწილში დაეტყო. მას სხდომაზე მყოფი ირაკლი კობახიძის მიშველებაც დასჭირდა.

„მაგალითად, ტელეფონზე რომ დაურეკოს პრეზიდენტს უცხოელმა კოლეგამ, რა უნდა იყოს პროცედურა, რომ ჯერ ეს თქვენთან უნდა შეთანხმდეს და შემდეგ გადაურეკავს?“ – იკითხა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ.

„პროცედურულ დეტალებში შევდივართ“, – თქვა მთავრობის წარმომადგენელმა, რომელმაც მანამდე მოსამართლეებს განუმარტა, რომ სატელეფონო საუბრებიც, სადაც წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს პრეზიდენტი, მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს.

„მაშინ 2021 და 2022 წლებში რატომ არ მოახდინეთ რეაგირება, როცა პრეზიდენტის ვებგვერდიდანაც ჩანს ეს აქტივობა?“ – მთავრობის წარმომადგენელს მიაჩერდა ისევ მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე.

მოსამართლემ სხვადასხვა სოციალური ქსელიდან რამდენიმე შემთხვევა გაახსენა მთავრობის იურისტს, ვახტანგ ბაჩიაშვილს, საიდანაც ჩანს, რომ პრეზიდენტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან სატელეფონო საუბრები ჰქონდა და მერე ამის შესახებ ფეისბუქშიც დაწერა.

„პრაქტიკაში არის ხარვეზი“, – მთავრობის წარმომადგენელს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე, რაც პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა, მაია კოპალეიშვილმა გააპროტესტა. მან მოსამართლეებს პროცედურის დაცვისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის ინტერესების დამცველების, ყოფილი დეპუტატის – თამარ ჩუგოშვილის და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის – მაია კოპალეიშვილის აქცენტით, საჭიროა კონსტიტუციის ლოგიკაზე მიყოლა და მიჯნის დანახვა, როცა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობას მთავრობის თანხმობა სჭირდება, მაგალითად, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის, ან შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმოების დროს.

პრეზიდენტის ინტერესების დამცველები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ პრეზიდენტი არ განსაზღვრავ საგარეო პოლიტიკას, შედეგზე მთავრობაა პასუხისმგებელი, მაგრამ პრეზიდენტი კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურია და ის წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. „ქართული ოცნების“ მტკიცებით კი, ნებისმიერ ეტაპზე, როცა პრეზიდენტი საქართველოს წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში, ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით, მთავრობასთან უნდა იყოს შეთანხმებული.

„მაგრამ პრეზიდენტი ტყვე არ არის“, – მკაფიოდ დააფიქსირა სხდომაზე პოზიცია მაია კოპალეიშვილმა.

„მაინცა და მაინც თვითმფრინავის აფრენაა პრობლემა და სხვა ქვეყანაში გასვლა? ქვეყნის შიგნით შეხვედრებზეც ხომ წარმოადგენს პრეზიდენტი საქართველოს?“ – იკითხა თამარ ჩუგოშვილმა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აქამდე არასდროს დაუნახავს „ოცნებას“ პრობლემა, როცა იგივე უცხოელ ლიდერებს სალომე ზურაბიშვილი, მაგალითად, თბილისში შეხვდა.

დღევანდელ სხდომაზე არაერთხელ გაჟღერდა ისიც, რომ პრეზიდენტს უცხოეთში ვიზიტებზე მას შემდეგ შეუქმნა მთავრობამ პრობლემა, როცა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ღიად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა.

„კანონს არა აქვს ხარვეზი, მთავრობამ უნდა იცოდეს, როდის არის გამოსაცემი ბრძანება და პრეზიდენტმა მით უმეტეს იცის, ის დიპლომატია“, – ირაკლი კობახიძეს მიმართა მაია კოპალეიშვილმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა.

„ანუ ლაპარაკი მოლაპარაკება არ არის“, – რეპლიკა ჩაურთო დიალოგში მოსამართლე მერაბ ტურავამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

„გეოგრაფიას მნიშვნელობა თუ არ აქვს, მიგაჩნიათ, რომ მთავრობის თანხმობა ყოველთვის სჭირდება პრეზიდენტს?“ – მთავრობის წარმომადგენელს, ვახტანგ ბაჩიაშვილს მიუბრუნდა ისევ მაია კოპალეიშვილი.

საქართველოს მთავრობის განმარტებით, პრეზიდენტს მთავრობის თანხმობის გარეშე არცერთ შემთხვევაში არ შეუძლია საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობა.

„მაგალითად, პრეზიდენტი თანხმობით წავიდა ბრიტანეთში დედოფლის დაკრძალვის ცერემონიალზე, როგორც გავიგეთ, თანხმობა იყო გაცემული“, – მთავრობის წარმომადგენელს ამჯერად თამარ ჩუგოშვილმა მიმართა. – „დავუშვათ, იქ ერთ სივრცეში მოხვდა სხვა სახელმწიფოს მეთაურებთან, მაგრამ მათთან საუბრისთვის მას თანხმობა არ მიუღია. რა ქნას გასვენებაში წასულმა პრეზიდენტმა, არ მიესალმოს?“ – ღიმილი ვეღარ შეიკავა თამარ ჩუგოშვილმა.

„ეს აბსურდია“, – გაბრაზდა მთავრობის წარმომადგენელი.

„აბსურდი თქვენი პოზიციაა“, – ემოცია აღარ დამალა პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა.

„პროტოკოლს ხომ წინასწარ ათანხმებენ?“ – მთავრობის წარმომადგენლისთვის მიშველება ამჯერად მერაბ ტურავამ სცადა. მალევე ირაკლი კობახიძეც გამოჩნდა: „ბრიტანეთში დედოფლის დაკრძალვაზე როცა იყო წასული პრეზიდენტი, მან ასევე ითხოვა პარლამენტის სპიკერთან შეხვედრა…“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„მე სულ სხვა შემთხვევა ვიგულისხმე“, – მოუჭრა ირაკლი კობახიძეს თამარ ჩუგოშვილმა.

„თქვენი წარდგინება იმდენად დაუსაბუთებელია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, წესით არ უნდა მიეღო სასამართლოს არსებითად განსახილველად. თქვენ ვის ეუბნებით, რომ უნდა დაასაბუთოთ, როცა თქვენ არ დაასაბუთეთ?“ – „ოცნების“ ლიდერებს მიმართა მაია კოპალეიშვილმა, თუმცა ირიბად ყოფილ კოლეგებიც გააკრიტიკა – მოსამართლეები.

„ჩვენ ხომ განმწესრიგებელ სხდომაზე არა ვართ… ქალბატონი სალომე რომ მოსულიყო, უფრო ნაკლებს ილაპარაკებდა და ნაკლები ლანძღვა-გინება ექნებოდა ალბათ ამ შემთხვევაში,“ – განაწყენდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის“ არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: