უკრაინელები ყველაზე მეტად შეიარაღებულ ძალებს ენდობიან, ზელენსკი მეშვიდე ადგილზეა

უკრაინელები ყველაზე მეტად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ენდობიან. ნდობის რეიტინგში ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მეშვიდე ადგილზეა – ასეთია რაზუმკოვის ცენტრის სოციოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები.

კვლევის თანახმად, უკრაინელების ნდობის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • უკრაინის შეიარაღებულ ძალები – 93%
  • მოხალისეთა ქვედანაყოფები – 85%
  • მოხალისეთა ორგანიზაციები – 84%
  • სახელმწიფო საგანგებო სამსახური – 83%
  • ეროვნული გვარდია – 81%
  • სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური – 76,5%
  • პრეზიდენტი – 72%
  • თავდაცვის სამინისტრო – 71%
  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახური – 66%
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციები – 60,5%
  • ეკლესია – 59%
  • უკრაინის პოლიცია – 57%
  • იმ ქალაქის (სოფლის) ხელმძღვანელი, რომელშიც რესპონდენტი ცხოვრობს – 54%

პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს შორის გამოკითხულები ყველაზე მეტად ენდობიან ზელენსკის (75%), ვიტალი კიმს (64%) და სერგეი პრიტულას (51%).

გამოკითხულთა უმრავლესობა უნდობლობას გამოხატავს პოლიტიკური პარტიების (74%), ჩინოვნიკების (72%), სასამართლო სისტემის (70%), უკრაინის რადას (64%), პროკურატურის (61%), მთავრობის (60%) და ბანკების (59%) მიმართ.

პირისპირ გამოკითხვა ჩატარდა უკრაინის ყველა რეგიონში ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის გარდა. ასევე, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ხარკოვის და ხერსონის რაიონებში – მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს და სადაც საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს.

გამოკითხულ იქნა 18 წლის და მეტი ასაკის 2016 რესპონდენტი.

________________

ფოტოზე: ვალერი ზალუჟნი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

ამავე თემაზე: 

უკრაინის „რკინის გენერალი“ – გმირი, რომელიც ვარსკვლავი არ არის

 

აჭარისწყალზე მე-19 საუკუნეში აგებული ხიდის რეკონსტრუქცია იგეგმება

მდინარე აჭარისწყალზე მდებარე რკინის ხიდის სარეაბილიტაციო პროექტის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა.

აღნიშნული ხიდი, რომელიც დღეს უფუნქციოა, მე-19 საუკუნის დასაწყისშია აგებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

ნაგებობა, რომლის სიგრძე 50,3 მეტრია, საავტომობილო ხიდად არც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შემდეგ განიხილება.

„ის წარმოადგენდა საავტომობილო ხიდს, ცალმხრივი მოძრაობით. მიმდინარე ეტაპზე ფუნქციურად არაა დატვირთული. პროექტის ძირითადი მიზანია არსებული ხიდის ისტორიულ-ტექნიკური ღირებულებების შენარჩუნება; უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ობიექტის აღდგენა-გამაგრება; ახალი ფუნქციით გამოყენება; განახლებული ობიექტის ჩართვა ტურისტულ-სანახაობით ნუსხაში. საინჟინრო ნაგებობა საავტომობილო ხიდად არ განიხილება“ – აღნიშნულია საკონკურსო დავალებაში.

საკონკურსო დავალების მიხედვით:

  • „დამგეგმავმა ძირითადი აქცენტი უნდა გადაიტანოს საინჟინრო ნაგებობის რეაბილიტაცია-აღდგენაზე და ახალი გამოწვევების საფუძველზე მის ფუნქციურ დატვირთვაზე.
  • ობიექტის გეგმარებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრის გეგმარებითი ელემენტები (ადმინისტრირება, პარკირება, საინჟინრო-კომუნალურ ქსელებთან კავშირი და სხვა).
  • საპროექტო ობიექტისათვის ახალი ფუნქციის მინიჭების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დაიგეგმოს საგამოფენო-საინსტალაციო სივრცე, რომელშიც ასახული იქნება აჭარისწყლის სოფლების, ლიგანისა და მაჭახლის ხეობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ღირებულებები და იქნება დროებითი გამოფენებისა და ინსტალაციების მოწყობის შესაძლებლობა.
  • შესაძლებელია დაიგეგმოს გადასახედი ბაქანი.
  • ობიექტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ელექტრომომარაგებით. უნდა დამუშავდეს ღამის მინათებების კონცეფცია.
  • უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა დაიგეგმოს აუცილებელი ღონისძიებები, უნდა აღიჭურვოს ვიდეოკონტროლის სისტემებით. საპროექტო დოკუმეტაცია უნდა დამუშავდეს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სამშენებლო ობიექტის კლასზე წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად.
  • საინჟინრო ნაგებობის ბურჯებს უნდა ჩაუტარდეს კვლევა. საჭიროების შემთხვევაში უნდა დაიგეგმოს მისი გამაგრების ღონისძიებები.
  • გამოკვლეულ უნდა იქნას ლითონის ხიდის სივრცული კონსტრუქციის დეტალების ამტანუნარიანობა და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაიგეგმოს ლითონის ელემენტების შეცვლა-გამაგრება არსებული კონსტრუქციის ხასიათის დაცვით.“

„ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყლის ტერიტორიაზე არსებული ლითონის ხიდის რეკონსტრუქცია – რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე“ აჭარის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში წინადადებების მიღება 2023 წლის 5 ნოემბერს დაიწყება და 10 ნოემბერს დასრულდება.

კონკურსი სამინისტროს 80 ათას 338 ლარით აქვს გამოცხადებული.

პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა მოამზადოს. ამ დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ გაირკვევა, რა სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს ხიდს და რა ფასად.

რკინის ხიდი მდინარე აჭარისწყალზე / ფოტო კულტურული მემკვიდრეობის პორტალიდან

აჭარისწყალზე, რკინის ხიდის გვერდით, შედარებით ახალი სამანქანო ხიდია. ბათუმი-ახალციხის მაგისტრალიდან ამ ხიდზე გადასვლით გზას მაჭახლის ხეობისკენ მივყავართ, სადაც კიდევ ერთი ასეთივე რკინის ხიდი შეგხვდებათ მდინარე მაჭახლისწყალზე.

ეს ხიდიც უფუნქციოა და მასც ძეგლის სტატუსი აქვს.

მაჭახელას რკინის ხიდს და რიყეთის საგზაოს სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მტვერი ევროპის მოედანზე – სამუშაოები წესების დარღვევით მიმდინარეობს

ბათუმში, ევროპის მოედანზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები კანონდარღვევით მიმდინარეობს.

ქალაქის ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილი ორ კვირაზე მეტია პერიოდულად მტვრის ბუღში ეხვევა.

კომპანია, რომელმაც თითქმის მილიონ ნახევრიანი ტენდერი მოიგო, ღია სივრცეში სარემონტო სამუშაოების წარმოების წესებს არღვევს. კერძოდ, საწარმოს ნაცვლად ფილებს ევროპის მოედანზე ამუშავებენ.

ევროპის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა.

სამუშაოებს კომპანია „მონოლითი 2005“ ასრულებს. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და „მონოლითი 2005“-ს შორის გაფორმდა, კომპანიამ ბათუმში ორ ობიექტზე უნდა ჩაატაროს სარეაბილიტაციო სამუშაოები – ევროპის მოედანზე და  აკაკი წერეთლის სკვერში. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 1 444 441 ლარს შეადგენს.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ღია სივრცეში სარემონტო სამუშაოების წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით რეგულირდება. კერძოდ, 152 პრიმა 5 მუხლით.

კანონის თანახმად, ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა), რაც მტვერჩახშობას ვერ უზრუნველყოფს, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.

თუ პირი ან კომპანია იგივე ქმედებას განმეორებით ჩაიდენს, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი − 2 000 ლარით.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს.

დავინტერესდით, ზედამხედველობდა თუ არა საქალაქო სამსახური ტენდერში გამარჯვებულ კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, თუმცა ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურიდან პასუხი ჯერჯერობით პასუხი ვერ მივიღეთ.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, სადაც გვითხრეს, რომ  დარღვევის შესახებ მათთან შეტყობინება არ შესულა. ამასთან, 152-ის მეხუთე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გამოწერის უფლება მუნიციპალიტეტს აქვს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასაც, რომელიც საზედამხედველო ფუნქციას ითავსებს. მუნიციპალური ინსპექციიდან ამ დრომდე კომენტარი არ მიგვიღია. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე უწყება კომენტარს გააკეთებს, ის მასალაში აისახება.

რაც შეეხება თავად კომპანიას, „მონოლითი 2005“-ის დირექტორი მერაბ დოლიძე ადასტურებს, რომ ევროპის მოედანზე ფილები მშრალი წესით იჭრებოდა.

„გამოვასწორეთ უკვე, ხვალიდან აღარ იქნება ეგრე,“ – გვითხრა მერაბ დოლიძემ. კითხვაზე, აქამდე რატომ ხდებოდა, მერაბ დოლიძემ გვიპასუხა:

„თვითონ ფილა და გრანიტი ისეთია, რომ ადგილზე უნდა მოარგო. ეს წყლით საჭრელი რაც არის, იმას ვერ მოიხმარ, ეს არის დაზგა. რესტავრაციის დროს ხდება ცოტა დამტვერიანება. ვერაფერი ვერ მოვუხერხეთ სხვანაირად“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „მონოლითი 2005“ სამუშაოებს დარღვევით აწარმოებს. მსგავსი შემთხვევა იყო გასულ თვეშიც. „მონოლითი 2005“ სამუშაოებს ასრულებდა ბათუმის ბულვარშიც. კომპანია ფილებს მაშინაც მშრალი წესით ამუშავებდა.

ამავე თემაზე:

მტვრის ბუღი ბულვარში – რატომ ჭრიან ფილებს მშრალი წესით

თიბისის განათლების პროგრამა მომავლის პროფესიების შესასწავლად

ტექნოლოგიების საუკუნეში შესაძლებელია, რომ სახლიდან გაუსვლელად დაეუფლო ახალ პროფესიებს და მისწვდე მსოფლიოს სხვადასხვა პროფესიულ მწვერვალებს. ტექნოლოგიური პროგრესის შეუქცევად გზაზე, ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება მცირე ასაკიდანვე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ თიბისი ყველა მე-10 და მე-11 კლასელს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლოს დღეისათვის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ტექნოლოგიური განათლების, სრულად დაფინანსებულ კურსებს სთავაზობს 9 მიმართულებით.

ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნა, ციფრული კომუნიკაცია, გრაფიკული დიზაინი, ვიზუალური კომუნიკაცია – ვიდეოგრაფია და ფოტოგრაფია და UI/UX დიზაინი. ეს იმ კურსების ჩამონათვალია, რომლებსაც დღეიდან სამი თვის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით 650 უფროსკლასელი დაეუფლება.

„თიბისის ინიციატივით შექმნილი ტექნოლოგიური განათლების კურსები ახალ თაობას აძლევს შესაძლებლობას, თეორიულ ცოდნასთან ერთად, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. სამთვიანი დინამიური კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ კი უკვე თავად შეძლებენ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას. კურსები თავდაპირველად სამი მიმართულებით დავიწყეთ, თუმცა ტექნოლოგიების მიმართ ახალი თაობის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, კურსების არჩევანი კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი გავხადეთ. შედეგად, შემოდგომიდან, უფროსკლასელებს, ტექ მიმართულების უკვე 9 კურსს ვთავაზობთ“- ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.

თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა პროექტების მეშვეობით. 2023 წელს კი ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად იქცა.

თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბთან და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან პარტნიორობით.

„ქორწილამდე 4 დღით ადრე შსს-მ წამომიყვანა“ – გოგო, რომელმაც თავი დააღწია ნაადრევ ქორწინებას

ჩინარა კოჯაევა თეთრიწყაროს სოფელ ქოსალარიდან, რომელმაც ორჯერ დააღწია თავი ნაადრევ ქორწინებას და შეძლო თავი დაეღწია ზეწოლისგან, ფეისბუქზე ეხმაურება საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგოს მკვლელობას და ადრეულ ასაკში ქორწინების თემას.

„მეც 14 წლის ასაკში დამნიშნეს.

სკოლიდან დაბრუნებულს, მოულოდნელად სახლში სტუმრები დამხვდნენ, ჩემი ხელის სათხოვნელად იყვნენ მოსულები.

ვინ მომისმინა მაშინ ოჯახში?!

დეპრესიაში რომ ვიყავი, ვის ესმოდა ჩემი ტირილის მიზეზი?!

ჩემგან ვერასდროს გაიგებდით, რომ გათხოვება მინდოდა! ვლაპარაკობდი სწავლაზე, პროფესიის შეძენაზე, ჩემს ოცნებებზე და უცბად ეს ყველაფერი უმნიშვნელო გახდა.

მშობლებიც საზოგადოების მსხვერპლები არიან! მათ ჰგონიათ, რომ როდესაც ათხოვებენ შვილს, ის პატრონს ჩაბარდება და ბედნიერი იქნება.

სინამდვილეში ეგრე არ არის.

ცხოვრება არავის უნდა გადაუწყვიტო ასე! არავის აქვს უფლება, შენ გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება, რომ უნდა შექმნა ოჯახი, რომ უნდა იცხოვრო ადამიანთან, ვინც არც გიყვარს, არც მოგწონს და საერთოდაც გაღიზიანებს!

მე ვერ შევძელი ჩემზე დანიშნულის მოწონება. წარმოიდგინეთ და ეს ვცადე, მაგრამ ვერ… ვცადე იმიტომ, რომ გადაწყვეტილი ამბავი იყო ოჯახის შექმნა.

და განა რა ოჯახი უნდა გამოსულიყო?!

14 წლის რომ ხარ, ეს როგორ უნდა გადაიტანო! ვერ შეძლებ ამ ტვირთის ტარებას! მოკვდები! სულით და ხორცით დაეცემი!

ჩვენ ის გოგოები ვართ, ვისაც ბავშვობას გვართმევენ და უნდათ, რომ ვიღაცის მონები გავხდეთ.

არა! ხმას კიდევ ერთხელ ამოვიღებ! ყოველთვის ვიტყვი, რომ ეს არ შეიძლება! პირველ რიგში მშობლებს მივმართავ – გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას, ნუ იძალადებთ, ნუ გასწირავთ საკუთარ შვილებს უბედურებისთვის!

ჩემი ისტორია იცით, მაშინ ქართული ენის მასწავლებელი დამეხმარა, მაგრამ პოლიციელებმა რომ მითხრეს, მამას 5 წელი ჩასვამდნენ ციხეში, ვერ გავბედე და აღიარებითი ჩვენება ვერ მივეცი.

მამას განემარტა, რომ 18 წლამდე მიუღწეველ პირთან იძულებითი ქორწინება მკაცრად ისჯებოდა და ისიც გაფრთხილდა. მეც იმედი მქონდა, რომ თავი დავაღწიე პრობლემას, მაგრამ უკვე მეორედ, 17 წლის ვიყავი, სულ რაღაც ერთ თვეში ვხდებოდი 18-ის, ქორწილი იმავე ადამიანთან რომ ჩანიშნეს.

ყველაფერი მზად იყო – კაბა, ბეჭდები, სუფრისთვის სურსათი, ბანკიდან ვალები გამოიტანეს ჩემებმა, დაპატიჟებულები იყვნენ სტუმრები.

და მე ისევ თავი დავიცავი!

ქორწილამდე 4 დღით ადრე შსს-ს თანამშრომლებმა წამომიყვანეს ჩემი სოფლიდან, სადაც ადრეულ ასაკში ათხოვებენ გოგოებს.

იქ, ჩვენთან, როდესაც ვხდებით 13-14-15 წლისები, მშობლები წყვეტენ, ვისზე და როდის უნდა გაათხოვონ შვილები.

რა თქმა უნდა, მათი გადაწყვეტილების იქით ვერ წავალთ.

რთულია ძალიან.

რაც წამოვედი ჩემი ოჯახიდან, ძალიან რთული გზა გავიარე. დღემდე ბრძოლაში ვარ, გადარჩენისთვის ვიბრძვი.

ერთდროულად მომიწია იმდენი პრობლემის გადალახვა, ხანდახან არც მჯერა, რომ ეს იმ შეშინებულმა ჩინარამ შეძლო! თითქოს სხვა ადამიანად გადავიქეცი.

ცხრაწლიანი სკოლის დამთავრების მერე განათლების მიღებაში წყვეტა მქონდა.

ოჯახიდან წამოსვლის დროს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თავშესაფრის პროგრამით, სამი წლის მასალა ქართულად ვისწავლე 9 თვის განმავლობაში იმისთვის, რომ ეროვნული გამოცდებისთვის მოვმზადებულიყავი.

პირველ წელს ვერ ჩავაბარე, მაგრამ მეორე წელს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, წელს მესამე კურსზე გადავედი.

ქართული უკვე მართლა ძალიან კარგად ვიცი.

თავისუფლად შემიძლია ჩემი გამოცდილება გავუზიარო სხვა გოგოებს, რომლებიც იმ დროს, როცა მამაჩემი დააკავეს, მწერდნენ, შენი საქციელი გმირობის ტოლფასია, რადგან ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, ვერ შევეწინააღმდეგებით ამხელა პრობლემასო!

გული მისკდებოდა და მისკდება ახლაც, რომ მამაჩემმა ერთი წელი გაატარა ციხეში.

უბრალოდ, მართლა არ ვიცი, რა უნდა მექნა! ვერ შევძელი და ვერ გადავარწმუნე ჩემი ოჯახი და ნათესავები, რომ არ მინდოდა გათხოვება და არ მინდოდა იმ ადამიანზე!

მას მერე იმდენი რამე გადავიტანე! ალბათ ერთ დღესაც ავდგები და წიგნს დავწერ.

მანამდე კი მინდა, რომ ხშირად შევძლო იმ გოგოების მხარდაჭერა, რომლებისთვისაც ჯოჯოხეთი იწყება 12-13 წლის მერე!

მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ!

ჩაუტარეთ ტრენინგები უფროს თაობას ჩვენს თემში, სკოლის მასწავლებლებს…

სოცმუშაკებმა და სამართალდამცველებმა იარონ სოფლებში და გაიგონ სიტუაცია, იქნებ რომელიმე 14 წლის გოგო გაათხოვეს, მოიტაცეს და სადაცაა, მოკლავენ!

გემუდარებით, გადავარჩინოთ ბავშვები!

ვაპირებ, რომ ამ თემაზე სულ უფრო მეტი ვისაუბრო როგორც აქ, სოციალურ სივრცეში, ისე ფიზიკურ გარემოში.

გოგოებო, თუ რამეში დახმარება დაგჭირდებათ, გპირდებით, მარტო არ დაგტოვებთ ამ ჯოჯოხეთში!

საქართველოში, ჩემ გარშემო, უამრავი ადამიანია, ვისაც შეუძლია, რომ თქვენს მხარდაჭერაში ძალა არ დაიშუროს.

აქ ვარ ჩემი გამოცდილებით, გამბედაობით, სირთულეების გადალახვის უნარით და სისუსტითაც, რომელიც ძალიან ადამიანურია და რომლის გამო კიდევ უფრო კარგად მესმის თქვენი.

მზად ვარ ჩავატარო ტრენინგები ყველა რეგიონში და ჩავერთო პროექტებში თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა, მზად ვარ ამ თემაზე ვისაუბრო დაუსრულებლად, მთელი სიცოცხლის მანძილზე და დავეხმარო იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდება, ვისაც კლავენ სულით და ხორცით“ – წერს ჩინარა.

ამავე თემაზე: 

„მთავარია, გაბედოთ“ – როგორ დააღწია თავი 15 წლის გოგომ ნაადრევ ქორწინებას

ქობულეთში 1,4 კილომეტრი ზღვისპირა პარკის მოსაწყობად 11 მილიონია გამოყოფილი

ქობულეთში ზღვისპირა ზოლის 1,4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რაზეც მერიამ ტენდერი 10,9 მილიონი ლარით გამოაცხადა.

ტენდერის ფარგლებში სანაპირო ზოლის, ზღვისპირა პარკის მოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სანაპიროზე, დავით აღმაშენებლის გამზირის 301-ის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და ფიჭვნარში, აღმაშენებლის გამზირის 375ბ-ს მიმდებარედ დასრულდება.

რაც შეეხება აღმაშენებლის გამზირის 375ბ-დან მდინარე ჩოლოქის მიმართულებით პლაჟს, ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ ამ მონაკვეთის კეთილმოწყობა ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება. ფიჭვნარში ამ მონაკვეთის სიგრძე კი [მდინარე ჩოლოქის შესართავამდე], დაახლოებით 3,5 კილომეტრია.

ქობულეთის მერიის მიერ 10 მილიონ 959 ათასი ლარით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 26 ოქტომბერს დაიწყება და 31 ოქტომბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადების მომდევნო დღიდან უნდა დაიწყოს და 510 დღეში დასრულდეს.

ქობულეთი / სარეაბილიტაციო ტერიტორიის არსებული მდგომარეობა და რენდერები პროექტიდან

პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო ტერიტორია მოიცავს დაახლოებით 47 193 კვადრატული მეტრი ფართობის, 1 400 მეტრი სიგრძის ზოლს. არსებულ ტერიტორიაზე გადის მეორეხარისხოვანი ქუჩა და მას აქვს ცენტრალურ ქუჩაზე რამდენიმე გასასვლელი, როგორც საფეხმავლო, ასევე სამანქანო გზა.

გათვალისწინებულია ტერიტორიის სრულად ათვისება და ახალი სამანქანო და საფეხმავლო გზისა და ბილიკის მოწყობა, რისთვისაც არსებულ სამანქანო გზაზე დაგებული ბეტონის დეკორატიული ფილების, ბორდიურების, ბეტონის ფილების, გარე განათების ლამპიონებისა და არსებული ცოკოლის დემონტაჟი მოხდება.

პროექტით დაგეგმილი სამუშაოები:

  • „მოეწყობა ახალი სამანქანო გზა ბეტონის ვიბროდაწნეხილი დეკორატიული ფილებით, საფეხმავლო ბილიკები რკ/ბეტონის ფილაზე დაგებული ბეტონის ვიბროდაწნეხილი დეკორატიული ფილებით, გამწვანებული სივრცეები;
  • გათვალისწინებულია არსებული ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაცია (მოპირკეთება). ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი კიბეები ლითონის მოაჯირებით და პანდუსები შშმ პირთათვის;
  • სამანქანო გზიდან გამოყოფილად მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, მოსასვენებელი სივრცეები სკამებითა და სანაგვე ურნებით;
  • საპროექტო ტერიტორიის სრულ სიგრძეზე მოეწყობა ველობილიკი, ველოპარკინგი დასაჯდომი სივრცით, წყლის დასალევი შადრევანი.
  • საპროექტო სანაპირო ზოლზე მოეწყობა სრულიად ახალი სივრცე „ზღვისპირა პარკი“/„ბულვარი“, რომელიც გამოყოფილი იქნება სამანქანო გზიდან რკ/ბეტონის ცოკოლით, დონეთა სხვაობის გამო მოეწყობა კიბეები და პანდუსები;
  • „ზღვისპირა პარკის“ ნაწილში მოეწყობა გამწვანებული სივრცეები, მოსასვენებელი სივრცეები სხვადასხვა სახის დეკორატიული სკამებით, სანაგვე ურნებით, დეკორატიული პერგოლებით, საბავშვო გასართობი და სავარჯიშო სივრცეებით, ასევე ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა დეკორატიული ქანდაკებები;
  • საფეხმავლო ნაწილში ასევე მოეწყობა უსინათლოთა ბილიკი ბეტონის „ტაქტილური“ ფილებით. „ზღვისპირა პარკის“ ნაწილი ზღვის მხრიდან გამოყოფილია რკ/ბეტონის კედლით;
  • ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა გარე განათების დეკორატიული ლამპიონები, დეკორატიულ სკამებისა და პერგოლების განათება მოხდება ლენტური დიოდური სანათით. ტერიტორია სრულად გამწვანდება.“

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა 5 წელია და მიმწოდებელი პასუხს აგებს საგარანტიო ვადის ფარგლებში ობიექტის შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე. თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში აღმოჩნდება ობიექტის ნორმალური ექსპლუატაციისათვის ხელის შემშლელი ნაკლი, მიმწოდებელი ვალდებულებას იღებს საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას ნაკლი შემსყიდველის მიერ მითითებულ ვადაში.

პრეტენდენტს 2020 წლის პირველი იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის, არანაკლებ 20 მილიონი ლარის ღირებულების პარკის ან/და სკვერის ან/და ბულვარის ან/და მოსასვენებელი სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები. მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 4 მილიონი ლარის სამუშაოები.

ტენდერის მიხედვით სამუშაოები სრულად დაფინანსდება აჭარის ბიუჯეტიდან.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში რეაბილიტირებული 1,4 კილომეტრი მონაკვეთის შემდეგ ქობულეთს მდინარე კინტრიშის შესართავიდან ფიჭვნარამდე მონაკვეთში 8 კილომეტრზე მეტი სიგრძის კეთილმოწყობილი ზღვისპირა ზოლი ექნება – ბილიკებით, გამწვანებით და სხვა საპლაჟე ინფრასტრუქტურით.

თუმცა, ქობულეთის სანაპირო ერთ-ერთი ავარიული უბანია აჭარაში.

ის კი, თუ რა ხდება ქობულეთში, უკვე რეაბილიტირებულ ზოლში, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

უკანონო კაფე ქობულეთის პლაჟზე მერიასთან ახლოს – როგორ მუშაობენ მუნიციპალიტეტში

სექსუალური შევიწროება – სკოლამ მოსწავლეს არ გადასცა დისციპლინური წარმოების მასალები

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR წერს, რომ პერსონალური დაცვის ინსპექტორმა სამართალდამრღვევად ცნო სკოლა, რომელმაც მოსწავლეს არ გადასცა მის მიმართ სექსუალური შევიწროების დისციპლინური წარმოების მასალები.

„ლიკა [სახელი შეცვლილია] ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეა. იგი 2021-2023 წლებში მასწავლებლის მხრიდან იყო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.

შევიწროება გამოიხატებოდა შემდეგ ქმედებებში:

  • გაკვეთილების დროს მხრებზე უკეთებდა მასაჟებს;
  • სკოლის საერთო სივრცეში თითქმის ყველა  შეხვედრის დროს ეხუტებოდა მჭიდროდ;
  • თითქმის ყველა შეხვედრის დროს წელზე ხვევდა ხელს;
  • თითქმის ყველა გაკვეთილზე ეფერებოდა თავზე;
  • თითქმის ყველა გაკვეთილზე ეხებოდა მხრებზე ;
  • ეხებოდა ზურგზე და წრიულად უსვამდა ხელს თითქმის ყველა გაკვეთილზე;
  • თითქმის ყველა გაკვეთილზე  სხეულით უახლოვდებოდა ზედმეტად ახლო მანძილზე“.

როგორც PHR-ი წერს, პერსონალური დაცვის ინსპექტორის ცნობით, არასრულწლოვნის მშობელმა 2023 წლის აპრილში სკოლას შეატყობინა მასწავლებლის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ.

თავდაპირველად სკოლის ადმინისტრაცია შეეცადა, მშობელი დაერწმუნებინა, რომ მასწავლებლის ქცევა მისი ხასიათიდან გამომდინარეობდა და მას არ უნდა ენერვიულა. ამასთან, დირექტორი ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა მშობელზე და დაერწმუნებინა იგი, რომ არ დაეფიქსირებინა საჩივარი მასწავლებლის მიმართ. დირექტორმა მშობელს კითხვაც დაუსვა, რატომ გამორიცხავდა, რომ შევიწროების შესახებ ნაამბობი ბავშვის ფანტაზიის ნაყოფი იყო.

დირექტორის ზეწოლის მიუხედავად, დედამ წერილობით მიმართა სკოლას და მოითხოვა რეაგირება მასწავლებლის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტზე.

სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლე, შესაბამისი კომპეტენციის გარეშე და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აწარმოა სექსუალური შევიწროების გამოკვლევის საქმე და დაუშვა არაერთი შეცდომა. შედეგად, სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დაადგინა მასწავლებლის მხრიდან მხოლოდ ეთიკის წესების დარღვევა და ის გააფრთხილა.

სკოლის არაეფექტური რეაგირების გამო 2023 წლის 17 აგვისტოს PHR-მა ბავშვის უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა.

სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენის მიზნით, ლიკას მშობელმა მოითხოვა დისციპლინური კომიტეტის სხდომის აუდიო ოქმები, თუმცა მოწმეების პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოტივით, სკოლამ მას აუდიო ოქმები არ გადასცა

PHR-მა ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დარღვევის ფაქტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა.  ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ სკოლამ ბავშვისთვის აუდიო ფაილების არგადაცემით დაარღვია მისი უფლება, გაეცნოს მის შესახებ ინფორმაციას. ამასთან დაარღვია მისი საპროცესო უფლებები, რაც ხელს უშლის სასამართლოსთვის მიმართვასა და საკუთარი უფლებების დაცვას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიიჩნია, რომ სხვა პირების პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზანი ვერ გაამართლებს განმცხადებლისთვის მისი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის დაცვა განმცხადებლისა და მესამე პირების ინტერესებს შორის.

შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა  ამ წლის 15 აგვისტოს მიიჩნია, რომ სკოლამ დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და სკოლა მიიჩნია სამართალდამრღვევად.

„აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლეებს სამომავლოდ არ შეეზღუდოთ წვდომა დისციპლინური წარმოების მასალებზე“ – წერს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

როგორ გავზომოთ არტერიული წნევა სწორად – რეკომენდაციები

არტერიული წნევის გაზომვა ერთადერთი საშუალებაა იმის გასაგებად, გაქვთ თუ არა მაღალი წნევა, რადგან არტერიულ წნევას, შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს გამაფრთხილებელი ნიშნები და სიმპტომები, თუმცა, იმისთვის რომ არტერიული წნევის ზუსტი მაჩვენებლები დავადგინოთ, აუცილებელია წესების დაცვა. 

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ კარდიოლოგი ტატო ჯახია ამბობს, რომ არტერიული წნევის მაჩვენებელზე ბევრმა ფაქტორმა შეიძლება იქონიოს გავლენა, მათ შორის არის ფიზიკური დატვირთვა, ემოციური ფონი და საკვები ან სასმელი, რომელიც წნევის გაზომვამდე ცოტა ხნით ადრე მიირთვით. 

„ბევრს ჰგონია, რომ წნევა მუდმივად უნდა იყოს 120/80-ზე, რეალურად კი არტერიული წნევა მუდმივად იცვლება და ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის გულის კუმშვადობა, პერიფერიული არტერიული სისტემის მდგომარეობა და სხვა.

ზოგადად, ორგანიზმი სხვადასხვაგვარად არეგულირებს არტერიულ წნევას, ისე როგორც მას სჭირდება და ეს აბსოლუტურად ნორმალურია.

მაგალითად, ფიზიკური დატვირთვის და სხვადასხვა აქტივობების ფონზე არტერიული წნევა იმატებს, მოსვენებულ მდგომარეობაში იკლებს, ანუ ნორმალიზდება, როცა მოსვენებულ მდგომარეობაში არტერიული წნევა არ ნორმალიზდება, სწორედ ეს არის პრობლემა” – ამბობს კარდიოლოგი.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, CDC, წერს, რომ ნერვიულობამ თავად იმ ფაქტის შესახებ, რომ შეიძლება არტერიული წნევა მაღალი აღმოჩნდეს, შესაძლოა მოამატოს მაჩვენებლები. ამას „თეთრი ხალათის სინდრომი“ ჰქვია. „ყოველი სამი პაციენტიდან ერთს, რომელსაც ექიმის კაბინეტში აღმოაჩნდა მაღალი არტერიული წნევა, შესაძლოა ნორმალური მაჩვენებლები ჰქონდეს კაბინეტს გარეთ გაზომვისას“ – წერს CDC.

ტატო ჯახია ამბობს, რომ არტერიული წნევა, აუცილებლად უნდა იყოს გაზომილი მოსვენებულ მდგომარეობაში:

„არ უნდა მოხდეს წნევის გაზომვა ემოციურ ფონზე, თუ კი რაიმეზე გაღიზიანებული ან აღელვებული ხართ; ასევე, არტერიული წნევის გაზომვას წინ არ უნდა უსწრებდეს ფიზიკური დატვირთვა“. 

არტერიული წნევის ზუსტი მაჩვენებლების დასადგენად CDC გირჩევთ: 

  • არ ჭამოთ და არ დალიოთ არაფერი არტერიული წნევის გაზომვამდე 30 წუთით ადრე; 
  • დარწმუნდით, რომ წნევის გაზომვამდე შარდის ბუშტი ცარიელია; 
  • გაზომვამდე 5 წუთი მაინც მოთავსდით კომფორტულ სკამზე, რომელსაც ზურგით მიეყრდნობით; 
  • ორივე ფეხი გედოთ იატაკზე, არ გადააჯვარედინოთ;
  •  დაასვენეთ წნევის აპარატის მანჟეტიანი მკლავი მაგიდაზე, მკერდის სიმაღლეზე;
  •  დარწმუნდით, რომ არტერიული წნევის მანჟეტი მჭიდროა, მაგრამ არ გიჭერთ. მანჟეტი უნდა დაამაგროთ შიშველ კანზე და არა ტანსაცმელზე; არ ისაუბროთ არტერიული წნევის გაზომვისას.
წყარო: CDC

კარდიოლოგი გირჩევთ, რომ თავიდან წნევა გაიზომოთ ორივე მკლავზე და რომელზეც მეტს აჩვენებს, იმ მკლავზე გააგრძელოთ მუდმივად გაზომვა. გარდა ამისა, [მექანიკური აპარატის გამოყენებისას] არტერიული წნევა უნდა გაიზომოთ სამჯერ და შემდეგ, ამ მაჩვენებლებიდან უნდა გამოიყვანოთ საშუალო მაჩვენებელი.

CDC: თუ მოწიეთ თამბაქო, დალიეთ ალკოჰოლი ან კოფეინის შემცველი სასმელი, ან ივარჯიშეთ არტერიული წნევის გაზომვამდე 30 წუთით ადრე, თქვენი არტერიული წნევის მაჩვენებლები შესაძლოა გამოჩნდეს უფრო მაღალი, ვიდრე რეალურად უნდა იყოს.

ზოგიერთმა მედიკამენტმა, მათ შორის ტკივილგამაყუჩებლებმა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჩათვლით, შეიძლება გაზარდოს არტერიული წნევა.

ამავე თემაზე: 

რა მიიჩნევა მაღალ წნევად და რატომ არის ეს საშიში? – ინტერვიუ კარდიოლოგთან

ხვალიდან ბათუმში გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ოქტომბრის 21 საათიდან 12 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, ღამით ზოგან დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 13-14 ოქტომბერს აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად უნალექო ამინდი ბათუმში 16 ოქტომბრამდე შენარჩუნდება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 283 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820]
  • ტანკი – 4 863 ერთეული [+34]
  • ჯავშანტექნიკა – 9 220 ერთეული [+91]
  • საარტილერიო სისტემა – 6 731 ერთეული [+18]
  • MLRS – 809 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 545 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 316 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 226 ერთეული [+19]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 530 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 145 ერთეული [+20]
  • სპეცტექნიკა – 965 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 488 თვითმფრინავი
  • 250 ვერტმფრენი
  • 7 709 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 496 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 162 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 723 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 14 064 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა ხარკოვის ცენტრს დაარტყა, ნანგრევებში ბავშვის ცხედარი იპოვეს

რა მიიჩნევა მაღალ წნევად და რატომ არის ეს საშიში? – ინტერვიუ კარდიოლოგთან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ჰიპერტენზია [მაღალი არტერიული წნევა] მსოფლიოში ყოველ მესამე ზრდასრულ ადამიანს აწუხებს, თუმცა ჰიპერტენზიის მქონე ადამიანების თითქმის ნახევარმა არ იცის ამის შესახებ.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი ტატო ჯახია ამბობს, რომ მკურნალობის გარეშე ჰიპერტენზიამ შეიძლება ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები გამოიწვიოს, როგორიცაა ინსულტი, გულის შეტევა, გულის უკმარისობა, თირკმლების დაზიანება და სხვა. 

  • ბატონო ტატო, როგორ განისაზღვრება ჰიპერტენზია? 

არტერიული ჰიპერტენზიაა, როცა მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში (და არა ერთჯერადად), ადამიანს აქვს მოსვენებულ მდგომარეობაში მომატებული არტერიული წნევის ციფრები – სისტოლური +140, დიასტოლური +80. 

ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის მიხედვით, ჰიპერტენზიის სამი ხარისხი არსებობს – პირველი ყველაზე მსუბუქია, მესამე – ყველაზე მძიმე. 

I ხარისხის ჰიპერტენზიაა, როდესაც სისტოლური არტერიული წნევა (საწ) არის 140-დან 160-მდე და დიასტოლური არტერიული წნევა (საწ) 80-დან 90-მდე; 

II ხარისხი – სისტოლური 160-დან 180-მდე და დიასტოლური 90-დან 100-მდე; 

III ხარისხი – სისტოლური 180+, დიასტოლური კი 100+;

შესაძლოა მხოლოდ სისტოლური წნევა იყოს მომატებული, მაგრამ დიასტოლური იყოს ნორმის ფარგლებში (საწ ≥140 მმ ვწყ.სვ. და დაწ <90 მმ ვწყ.სვ.) – ეს იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზიაა, რომელიც შეიძლება იყოს I, II, ან III ხარისხის, სისტოლური არტერიული წნევის ციფრების მიხედვით.

წნევა აუცილებლად უნდა იყოს გაზომილი მოსვენებულ მდგომარეობაში; არ უნდა მოხდეს წნევის გაზომვა ემოციურ მდგომარეობაში ან ფიზიკური დატვირთვის ფონზე. 

 

  • რა არის ჰიპერტენზიის რისკფაქტორები?

არტერიული წნევა შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. მეორადია, როდესაც არტერიული წნევის რიცხვები იმატებს სხვა დაავადების გამო, ანუ მაღალი წნევა ვლინდება როგორც სხვა დაავადების სიმპტომი. ასეთი ჰიპერტენზია მთლიანი შემთხვევების დაახლოებით 7-10 პროცენტს შეადგენს. დანარჩენი არის პირველადი, იგივე ესენციური არტერიული ჰიპერტენზია, ანუ როდესაც ადამიანს ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე აქვს მაღალი წნევა.

ჰიპერტენზიის რისკფაქტორებია: ასაკის მატება, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, მაგალითად, არასწორი კვება (მოიცავს მარილის ჭარბი რაოდენობით მიღებას), მავნე ჩვევები (თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება), ადინამიურობა, ანუ ნაკლები ფიზიკური დატვირთვა და მჯდომარე ცხოვრების წესი.

ეს ფაქტორები გამომწვევი და ხელშემწყობია არა მარტო ჰიპერტენზიის, არამედ კიდევ ბევრი სხვა დაავადების.

ჯანმო: საქართველო ევროპის იმ 11 ქვეყანას შორისაა, რომელთაც ჰიპერტენზიის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ. 

  • რატომ არის მარილი მავნე?

მარილის ჭარბი მოხმარება იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას, იმიტომ, რომ მარილის ე.წ. გადამუშავებას სჭირდება დიდი რაოდენობით სითხე, ამიტომ ორგანიზმი ცდილობს, რომ ეს სითხე შეიკავოს და ეს იწვევს ორგანიზმის გადაძაბვას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წნევის მატება. ასევე, ეს ცუდად მოქმედებს ძვალსახსროვან სისტემაზე, თირკმლებზე.

ზოგადი რეკომენდაციების ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი კვების ნაწილში სწორედ ეს არის, რომ მიირთვათ ნაკლებმარილიანი და ნაკლებცხიმიანი საკვები.

  • რას ამბობს ჯანმო საქართველოში ჰიპერტენზიის გავრცელებასა და მკურნალობაზე?

მართალია, ჩვენ უფრო ცუდი შედეგები გვაქვს ამ მხრივ რეგიონში ვიდრე სხვა ქვეყნებს, მაგრამ საერთო ჯამში, სურათი მეტ-ნაკლებად მაინც ერთნაირია ყველგან. 

ასეთი სტატისტიკაა:

ჰიპერტენზიის დიაგნოზი დასმული არის [30-დან 79 წლამდე ასაკის] კაცებში 60%-ში, ქალების 68%-ში. მათგან მკურნალობს კაცების 41%, ქალების – 54%.

ფაქტობრივად, ქალებისა და კაცების ნახევარი, ვისაც დიაგნოსტირებული აქვთ არტერიული ჰიპერტენზია, არ იღებს შესაბამის მკურნალობას. ხოლო იმ ადამიანებს შორის, ვინც მკურნალობს, არ არის მიღწეული არტერიული ჰიპერტენზიის სასურველი რიცხვები, ანუ ვერ ხდება არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლი.

ჯანმოს მიხედვით, საქართველოში მკურნალობის შედეგად ჰიპერტენზიის კონტროლი ხერხდება კაცების 13%-თან და ქალების 21%-თან; იდეაში კატასტროფულ რიცხვებამდე მივდივართ. ჯერ ერთი, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის ნახევარზე მეტს აქვს დიაგნოსტირებული, აქედან დაახლოებით ნახევარი მკურნალობს, როგორც ჩანს, ქალები უფრო დისციპლინირებულები არიან, ცოტა უკეთესი რიცხვებია, მაგრამ საბოლოოდ, დიაგნოსტირებულებიდან საკმაოდ მცირე პროცენტი აღწევს მკურნალობის სამიზნე რიცხვებს. 

  • რატომ არის ჰიპერტენზია საზიანო?

არტერიულ ჰიპერტენზიას შეუძლია ძალიან ბევრი და ძალიან ცუდი დაავადება გამოიწვიოს. საუბარი არ არის ერთჯერ და ორჯერ აწეულ წნევაზე, რა დროსაც შეიძლება რაღაც დაგემართოს [თუმცა ასეც შეიძლება]; ძირითადად, როდესაც ადამიანს აქვს მომატებული არტერიული წნევის ციფრები, და ეს დროში გახანგრძლივებულია, ზიანდება ბევრი ორგანო, მათ შორის თვალები, თავის ტვინი, გული, თირკმლები, ქვემო კიდურები.

ჰიპერტენზია მოქმედებს სისხლძარღვებზე. თამბაქოს მოხმარებისას ყველა ორგანოში ხდება სისხლძარღვების სპაზმი, რაც იწვევს სისხლძარღვების დაზიანებას. იცით, რომ ნებისმიერი ორგანო სისხლძარღვებით მარაგდება, შესაბამისად, ყველა ორგანოს აზიანებს.

მოკლედ და უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, არტერიულმა ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, გულის ინფარქტი, ფილტვის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა, ქვემო კიდურების სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ქრონიკულად მიმდინარეა.

ჯანმო: ჰიპერტენზიის ეფექტური მკურნალობა მოითხოვს რეგულარულ და შეუფერხებელ ფინანსურ წვდომას მედიკამენტებზე. ამჟამად ერთსა და იმავე, ძირითად ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს, სხვადასხვა ქვეყანაში ათი სხვადასხვა ფასი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ ქვეყანაში ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები იხდიან საჭიროზე მაღალ ფასს. 

  • რა დროში შეიძლება ჰიპერტენზიამ დააზიანოს სხვა ორგანოები?

ეს ძალიან ინდივიდუალურია, ვისი ორგანიზმი რამდენს გაუძლებს. ეს ძალიან ცუდი ექსპერიმენტი იქნება, საკუთარ თავს რომ ჩავუტაროთ. შეიძლება ძალიან მალე, 2-3 წელიწადში გამოიწვიოს გართულებები, შეიძლება 10 წელში. ერთი მხრივ ჰიპერტენზია ვერაგი და საშიში დაავადებაა, მაგრამ მეორე მხრივ, მისი კონტროლით შეგვიძლია ეს პრობლემები თავიდან ავიცილოთ.

ანუ ეფექტური მკურნალობის შედეგად არტერიული წნევის ციფრები შეიძლება კონტროლირებული იყოს და ნორმის ფარგლებში მოექცეს, ანუ მიღწეული იქნეს სამიზნე მაჩვენებელი. ასეთ შემთხვევაში ის არ გვაზიანებს.

  • რამ შეიძლება მიგვანიშნოს, რომ მაღალი არტერიული წნევა გვაქვს?

ჯანმრთელმა ადამიამა შესაძლოა წნევის მომატება იგრძნოს თავის ტკივილით, გაბრუებით, ყურებში ხმაურით; თუმცა ეს ნიშნები ყოველთვის არ ახლავს არტერიულ წნევას. 

თუ მაღალ წნევას თან ახლავს ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძლიერი სისუსტის შეგრძნება, მეტყველების გაძნელება, კიდურების ცალმხრივი დაბუჟება, ძალის დაკარგვა, ეს შესაძლოა სერიოზულ მდგომარეობაზე მიანიშნებდეს. მაგალითად, მაღალი წნევის ფონზე შესაძლოა განვითარდეს ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა. ამ დროს აუცილებლად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

  • რას მოიცავს ჰიპერტენზიის მკურნალობა?

პირველ რიგში, თუ ადამიანი აღმოაჩენს, რომ მას ხშირად აქვს მომატებული წნევა, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

არის რაღაც რუტინული გამოკვლევები, ანალიზები, რომლებიც ამ დროს უტარდება პაციენტს, რათა გამოვრიცხოთ მეორადი ჰიპერტენზია, გავიგოთ, ხომ არ არის სხვა თანმხლები დაავადებები, რომლებსაც მკურნალობა სჭირდება და მერე ვნიშნავთ მკურნალობას, იმის მიხედვით, თუ რომელი ხარისხის ჰიპერტენზიაა, რა ასაკისაა პაციენტი, რა თანმხლები დაავადებები აქვს, რომელ რისკჯგუფშია და სხვა.

თუ ახალგაზრდაა პაციენტი და პირველი ხარისხის ჰიპერტენზია აქვს, მოწოდებულია გაიდლაინებით, რომ პირველი 6 თვე შეცვალოს ცხოვრების არაჯანსაღი წესი – შეწყვიტოს მავნე ჩვევები, თუ მწველია, დაანებოს თამბაქოს თავი; იყოს ფიზიკურად აქტიური კვირაში ორ-სამჯერ, ან 30-40-წუთიანი სეირნობა დღეში; თუ აქვს ჭარბი წონა, დაიწყოს კლება, შეზღუდოს მარილის მოხმარება… როგორც წესი, თუ ამ რეკომენდაციებს ასრულებენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ძალიან კარგ შედეგებს იღებენ.

თუ ამის ფონზე მაინც არის მომატებული წნევა, ირთვება მედიკამენტური მკურნალობა.

თუმცა ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებული რეკომენდაცია ეხება ყველა პაციენტს.

თუ II-III ხარისხის ჰიპერტენზიაა, იქ სხვა პრობლემებიც გვაქვს და როგორც წესი, კომბინირებული მკურნალობა მიდის, ერთი აბი აღარ არის მოწოდებული თანამედროვე გაიდლაინით.

მინდა ხაზი გავუსვათ, რომ ეს დაავადება არის ქრონიკული, რაც ნიშნავს, რომ მუდმივი მკურნალობა სჭირდება. მას აქვს ორ და სამთვიანი მკურნალობის კურსი. თუ რაღაც ისეთი ხდება, რომ საჭირო მოიხსნას პრეპარატი, ეს ხდება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და არავითარ შემთხვევაში თვითნებურად, რასაც სამწუხაროდ ხშირად აკეთებენ პაციენტები. 

საშუალოდ 3-6 თვეში ერთხელ საჭიროა კომუნიკაცია კარდიოლოგთან, რადგანაც ამ მკურნალობის ფონზე გარკვეული პარამეტრები მუდმივად გადასამოწმებელია; უნდა მოხდეს სკრინინგი, ხომ არ ზიანდება სხვადასხვა ორგანო, ხომ არ უარესდება მდგომარეობა, როგორია არტერიული წნევის რიცხვები, პულსი და მოხდეს სხვადასხვა ობიექტური მონაცემის შეფასება.

აჭარის სამინისტრო აუქციონზე მანქანებს ყიდის – საწყისი ფასი 10-16 ათასი ლარია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სოფლის მეურნეობისა და აგროსერვის ცენტრის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებს აუქციონზე ყიდის.

ოთხი ავტომანქანა აუქციონზე ერთადერთი პირობით იყიდება – გამარჯვებულმა დაფიქსირებული თანხა დროულად უმდა გადაიხადოს.

ელექტრონული აუქციონები დაწყებულია და 2023 წლის 23 ოქტომბერს დასრულდება.

KIA SORENTO

ავტომანქანა „KIA SORENTO” (სახელმწიფო ნომერი XX-944-XY, გამოშვების წელი: 2010, ს/ნ KNAKU811DB5147885).

  • საწყისი ფასი – 15 000 ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 500 ლარი.

მდგომარეობა – ცუდი. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გამოსულია მწყობრიდან.

MITSUBISHI OUTLANDER 2.4

ავტომანქანა „MITSUBISHI OUTLANDER 2.4” (სახელმწიფო ნომერი CZ-407-ZZ, გამოშვების წელი: 2010, ს/ნ JMYXTCW5WAZ701420)

  • საწყისი ფასი – 16 000 ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 500 ლარი.

მდგომარეობა – ცუდი. ძარას აღენიშნება ექსპლუატაციის პირობებში განვითარებული დაზიანებები კოროზიის, საღებავის აშრევების, ნაკაწრების სახით.

KIA SPORTIJE

ავტომანქანა „KIA SPORTIJE” (სახელმწიფო ნომერი RX-640-XR, გამოშვების წელი: 2012, ს/ნ KNAKPC811DD7374156)

  • საწყისი ფასი – 15 000 ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 500 ლარი.

მდგომარეობა – ცუდი. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გამოსულია მწყობრიდან.

VAZ 21214

ავტომანქანა „VAZ 21214” (გამოშვების წელი 2013, სახ ნომერი GY-233-YG, ს/ნ XTA212140E2157520).

  • საწყისი ფასი – 10 000 ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 250 ლარი.

მდგომარეობა – ცუდი. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გამოსულია მწყობრიდან.

პირობა:

  • საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდრული დღის ვადაში.
  • საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმად განისაზღვროს: მაქსიმალური საპრივატიზებო საფასურის დაფიქსირება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული საწყის საპრივატიზებო თანხას დამატებული არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობა (ქონება პრივატიზირებულად  ითვლება ელექტრონულ აუქციონში საბოლოო თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).

განახლება: სამინისტრომ ეს ავტომანქანები ამჯერად ვერ გაყიდა – აუქციონები არ შედგა.

რუსეთი უკრაინაში ქალაქ ავდიივკას უტევს – მძიმე ბრძოლა გრძელდება

დღეს, 10 ოქტომბერს, დილის 6 საათიდან რუსეთის შეიარაღებული ძალები უტევენ ქალაქ ავდიივკას დონეცკის ოლქში, უკრაინაში.

ავდიივკას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბარაბაში აცხადებს, რუსული ჯარები მასობრივ შეტევებს ახორციელებენ. ქალაქი დილიდან იბომბება ტანკებითა და არტილერიით, მისი თქმით, მძიმე ბრძოლა გრძელდება ქალაქის ჩრდილოეთით.

უკრიანული მედიის ცნობით, დაღუპული ან დაჭრილი მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

უკრაინული გამოცემა, „უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპანტები ზედიზედ მესამე დღეა უტევენ ქალაქს.

ავდიივკაზე თავდასხმის შესახებ წერენ ტელეგრამის პრორუსულ არხებზეც, სადაც აღნიშნავენ, რომ რუსული არმია ახორციელებს უკრაინული პოზიციების ყველაზე მასიურ დაბომბვას ბოლო თვეების განმავლობაში.

„ბანანზე“ 16 წლის ბიჭის დაღუპვის საქმის განხილვა დაიწყო – ბრალდებული ნაფიც მსაჯულებს ითხოვს

10 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 წლის მოზარდის დაღუპვის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

საუბარია ბათუმში 4 ივლისს მომხდარ შემთხვევაზე – 16 წლის ლუკა, რომელიც ზღვაში, კატერზე გამობმული გასაბერი „ბანანით“ გაიყვანეს, გამოძიების ვერსიით, მცურავი საშუალებიდან ზღვაში განზრახ გადააგდეს. ლუკასთან ერთად, პროკურატურის ვერსიით, „ბანანზე“ კიდევ 3 მოზარდი იმყოფებოდა და მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლებაც არ მისცეს.

ამ საქმეზე პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალი მოქალაქე ზურაბ საღინაძეს წარუდგინა. დანაშაულის შეუტყობინებლობას პროკურატურა ამავე საქმეზე ორ პირს ედავება, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ეს პირები კატერზე მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულთან ერთად იყვნენ. ამ ორი პირის საქმე ცალკე განიხილება.

დღეს, 10 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა სთხოვა, რომ საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ.

„ვეთანხმები“ – ხმამაღლა დაეთანხმა ბრალდებული ზურაბ საღინაძე ადვოკატს, როცა მან ითხოვა, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

ადვოკატმა მოსამართლეს ექსპერტიზის ახალი დასკვნებიც აჩვენა, რაც, ადვოკატის მტკიცებით, საკმარისი პირობაა ბრალდებულის მიმართ დევნის შესაწყვეტად.

წინასასამართლო სხდომაზე მსჯელობენ, დასაშვებია თუ არა მხარეების მიერ შეგროვებული და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანუ კანონიერად მოპოვებულია თუ არა.

მეორე საკითხია მტკიცებულებების სადავოობის საკითხი – თუ ბრალდებული, მაგალითად, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს უდავოდ მიიჩნევს, მოსამართლე მოწმეებს სასამართლო დარბაზში ვეღარ მოუსმენს.

ადვოკატებმა, მაგალითად, რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად მიჩნევა მოითხოვეს, მათ შორის, გამომძიებლის მიერ კატერის და „ბანანის“ დათვალიერების ოქმი. სადავოა ის, რომ გამომძიებელმა ნივთმტკიცების სახით მხოლოდ 2 ჟილეტი ამოიღო, საქმეში არსებულ ფოტოებში კი 11 ჟილეტი ჩანს.

„ჩამტარებელი პირის გადასაწყვეტია, ამოიღებს თუ არა კონკრეტულ ნივთს… დათვალიერების ოქმში ნამდვილად აღწერილია ეს ჟილეტები,“ – ადვოკატის შუამდგომლობას კატეგორიულად არ დაეთანხმა პროკურორი თორნიკე გოგეშვილი.

„გამომძიებელი დაიკითხება და მან უნდა ახსნას, რატომ არ ამოიღო დანარჩენი ჟილეტები“, – აღნიშნა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმაც. მან დასაშვებად მიიჩნია ის მტკიცებულებები, რასაც უკანონოდ მიიჩნევდა დაცვის მხარე. კიდევ ერთი ასეთი საკითხი გარდაცვლილი მოზარდის ფეისბუქში საჯაროდ გამოქვეყნებული ფოტოს გამოყენება იყო ამოცნობის ჩატარების დროს.

„ეს არის საჯაროდ გამოქვეყნებული ფოტო… ამ ფოტოს გამოყენებაზე არავის მოსვლია აზრად, მოსამართლისთვის მიემართა,“ – მოსამართლეს გახედა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა. მოსამართლემაც ადვოკატს მიუთითა, რომ მათაც გამოიყენეს სხვისი ფეისბუქპროფილი „ისე, რომ არც წინასწარი თანხმობა არსებობს და არც მოსამართლის განჩინება,“ – აღნიშნა მოსამართლემ და დასძინა, ეს იმიტომ აღვნიშნე, რომ სასამართლო შეჯიბრებითობის პრინციპს იცავსო.

ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტდა, საქმე არსებითად განსახილველად გადაცემულიყო თუ არა, ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა თქვა, რომ პროცესზე ექსპერტიზის ახალი დასკვნებით მივიდა.

„ჩვენი მხრიდან დასმული იყო ექსპერტთან შეკითხვა, ხომ არ არის ინდივიდუალური ფსიქოლოგიური ნიშნები და მახასიათებლები, რომელმაც შესაძლოა ასეთი ანომალიური საქციელი გამოიწვიოს. ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ, ადასტურებს, რომ ბრალდებულს არ აღენიშნება რაიმე ინდივიდუალური, ფსიქოლოგიური ნიშანი, რამაც შესაძლოა ანომალიური ქცევა გამოიწვიოს,“ – ადვოკატმა ექსპერტიზის დასკვნა მანდატურს გადააწოდა და ანიშნა, მოსამართლეს მიაწოდეთო.

„ანომალიურ ქცევაში“ ადვოკატმა ხაზი გაუსვა პროკურატურის ვერსიას, საიდანაც არ ჩანს, რა მოტივაციით შეიძლებოდა ჩამოეგდო ბრალდებულს „ბანანიდან“ ცურვის არმცოდნე მოზარდი ღია ზღვაში ჟილეტის გარეშე.

„ის, რაც ფიქსირდება მტკიცებულებებით, შეუსაბამოა ბრალდებასთან,“ – მოსამართლეს შეხედა ადვოკატმა და საქმეში წარმოდგენილ ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერებსაც გაუსვა ხაზი: კამერის ჩანაწერის მიხედვით, როგორც ადვოკატი ამბობს, „ბანანზე“ ხუთი პირია, პროკურატურის ვერსიით კი, „ბანანზე“ 4 მოზარდი იყო.

რა არის თავად ბრალდებულის ვერსია?

„ბრალდებულის ვერსიაა, რომ ასეთი აღნაგობის მოზარდი მასთან „ბანანზე“ არ ყოფილა, ვინც იყო, ყველა ცურავდა შეუფერხებლად,“ – ეს ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გვითხრა.

ბრალდებული მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მოზარდებს უსაფრთხოების ჟილეტი არ ჩააცვა. ადვოკატმა ასევე გვითხრა, რომ კამერის ჩანაწერებში „ბანანზე“ მყოფი მოზარდების სახეები იდენტიფიცირებადი არ არის.

„ბრალდებული ამბობს, რომ ეს არ იყო არც შეკვეთა და არც დახმარება… მოზარდები ხიდიდან გადახტნენ და მივიდნენ ტივტივასთან, რომელიც სანაპიროდან 50 მეტრშია. ეს ადასტურებს იმას, რომ მათ ცურვა იცოდნენ. ბრალდებულმა მოზარდები უბრალოდ გაასეირნა. გადმოყრა კიდევ არასწორად ნათქვამია – „ბანანზე“ ნებისმიერი გასეირნება გადმოყირავებით სრულდება. ჟილეტები არ ეცვათ და წესით, უნდა ეცვათ,“ – ამბობს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

საქმის მასალებშია იმ მოზარდების ჩვენებები, რომლებიც ნაპირზე უსაფრთხოდ გამოვიდნენ – მათ ამოიცნეს 16 წლის ლუკა, რომელიც იმ დღეს მათთან ერთად „ბანანზე“ იყო.

ექსპერტიზამ ასევე დაადასტურა დაზიანებები ლუკას სხეულზე, თუმცა ადვოკატის თქმით, ექსპერტმა არ გასცა პასუხი კითხვას: როდის შეიძლებოდა მიეღო ეს დაზიანებები ლუკას.

ექსპერტიზის კიდევ ერთი დასკვნის მიხედვით კი, გარდაცვლილი არასრულწლოვნის სხეულში ეთილის სპირტი დაფიქსირდა.

„ჩვენ დავუსვით ექსპერტს შეკითხვა, არის თუ არა ეს კავშირში ალკოჰოლის მიღებასთან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 0.3 ითვლება სიმთვრალედ და ამ შემთხვევაში 0.5 იყო აღმოჩენილი საექსპერტო კვლევების დროს. იმედია, დაკითხვის დროს ექსპერტი ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრებს,“ – აღნიშნა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ადვოკატის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა იმ არგუმენტით, რომ ნაფიცი მსაჯულები კანონის მიხედვით მხოლოდ დასრულებულ დანაშაულებს განიხილავენ, ამ შემთხვევაში კი გამოძიება ბრალდებულს მკვლელობის მცდელობას ედავება.

ადვოკატმა მოსამართლეს შეახსენა, რომ წარდგინებით შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, რადგან თანასწორობის პრინციპი ირღვევა.

„ჩვენ გვაქვს ნდობა საზოგადოების მიმართ, რომ ამ მტკიცებულებებით, რაც არის ამ საქმეში წარმოდგენილი, გამოიტანდა გამამართლებელ განაჩენს,“ – აღნიშნა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

„პრეცედენტი იცით, რომ მსგავსი საქმე ნაფიც მსაჯულებს გადასცეს?“ – ადვოკატს ჰკითხა მოსამართლემ.

„პირიქით ვიცი, როცა პროკურორმა კვალიფიკაცია შეუცვალა საქმეს მცდელობაზე, რომ მსაჯულებს არ განეხილათ“, – უპასუხა მოსამართლეს ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

„ჩვენთან კი ორი საქმეა, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ“ – მიუბრუნდა ადვოკატს მოსამართლე და მერე ადვოკატს ის გაახსენა, როცა ამბობდა, საზოგადოების დაკვეთით მოქმედებდა პროკურატურაო.

„საზოგადოებას შეუძლია დაესწროს ამ პროცესებს, ჟურნალისტებიც დაესწრებიან, მაგრამ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ცივი გონებით,“ – ბოლო სიტყვებზე გააკეთა აქცენტი მოსამართლემ და მხარეებს დაემშვიდობა.

ქონების ეროვნული სააგენტო ბათუმში მიწის ნაკვეთს ყიდის

ქონების ეროვნული სააგენტო ბათუმში, ზღვასთან ახლოს, 1 488 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს ყიდის. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 23 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. ქონების ფასი 365 000 ლარია, ბიჯი – 2 000 ლარი. 

აუქციონის პირობების მიხედვით, გასაყიდი მიწის ნაკვეთიდან 70 კვ.მ და 335 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე გავრცელდება სერვიტუტის უფლება [უძრავი ქონების გამოყენება იმგვარად, რომ პირს უფლება მიეცეს ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აკრძალოს ამ ნაკვეთზე მესაკუთრის მიერ ზოგიერთი მოქმედების განხორციელება]. მეორე მხარეს მომიჯნავე ნაკვეთი კი კერძო საკუთრებაა. 

გასაყიდ მიწის ნაკვეთს ერთ მხარეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ნაკვეთი ესაზღვრება, სადაც ძველი შენობებიც არის.

ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით [და რეესტრის ამონაწერით], გასაყიდი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ბათუმში, დაბა ჩაქვში, ჭავჭავაძის ქუჩა N7-ში [თუმცა, აღსანიშნავია, რომ გასაყიდი ნაკვეთი დღეს მეზღვაურის ქუჩაზე მდებარეობს და ის ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებშია.]

გასაყიდი მიწის ნაკვეთი მონიშნულია ყვითელი ხაზით

სააგენტოს ინფორმაციით გასაყიდი ნაკვეთი მდებარეობს მდინარის [მდინარე ჩაქვისწყალი] სიახლოვეს, ასევე გამანაწილებელ არხთან და ხელოვნურ ტბორთან.

გამყიდველი ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ  ასეთ შემთხვევაში მყიდველის მიერ გასათვალისწინებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი  და  „წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები და აკრძალვები.

ამ მოთხოვნებსა და აკრძალვებს ხშირად მუნიციპალიტეტების მერიები არ ითვალისწინებენ, როცა მშენებლობების ნებართვებს გასცემენ.  „ბათუმელებმა“ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა მასალა მსგავსი მითითებით გაყიდულ მიწის ნაკვეთზე, სადაც შემსყიდველმა კოტეჯები ააშენა.

მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო თანხა გადაიხადოს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

ამავე თემაზე: 

კოტეჯები მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში – ამ ადგილს პერიოდულად წყალი ფარავს

 

 

53 დაღუპული და 5 დაკარგული – სოფელი უკრაინაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შემდეგ

10 ოქტომბრის მონაცემებით, ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53 ადამიანამდე გაიზარდა, მათ შორისაა რვა წლის ბავშვი.

ამის შესახებ უკრაინის პროკურატურა ავრცელებს განცხადებას.

რუსეთის თავდასხმის შედეგად ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. დაღუპულთა ცხედრების იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს. ექსპერტებმა უკვე შეძლეს 49 ცხედრის იდენტიფიცირება, ხუთი ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.

5 ოქტომბერს უკრაინაში, ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაში, რუსეთმა დაბომბა სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზია და კაფე, სადაც ქელეხი იმართებოდა და ათობით ადამიანი იყო თავმოყრილი. უკრაინული მედიის ცნობით, ქელეხზე შეკრებილები რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ჯარისკაცს, ანდრეი კოზირს გლოვობდნენ, როცა შენობას ჭურვი მოხვდა.

დაბომბვისას დაიღუპნენ გარდაცვლილი ჯარისკაცის ცოლი და შვილები.

ფოტო: EPA-EFE/YAKIV LIASHENKO 

ამავე თემაზე: 

რუსეთმა ხარკოვის ცენტრს დაარტყა, ნანგრევებში ბავშვის ცხედარი იპოვეს

სად გაითიშება გაზი ხელვაჩაურში 11-12 ოქტომბერს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 11 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარას გაზის მიწოდება შეუწყდება 16:00 საათიდან.

„სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება განახლდება 18 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.

ასევე, 11 ოქტომბერს 13:00 საათიდან 11 ოქტომბრის 17:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაზმომარაგება შეუწყდება მუსხელიშვილის ქუჩას.

12 ოქტომბერს კი, დილის 11:00 საათიდან 12 ოქტომბრის 14:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაზმომარაგება შეუწყდება სოფელ მახვილაურს და მუსხელიშვილის ქუჩას.

„აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ“ – აცხადებს „სოკარი“.

გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებია.

„სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

 

ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, მაღალ მთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი – ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის 21 საათიდან 11 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა, მაღალმთაში – თოვლჭყაპი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან გაძლიერდება – 17-22 მ.წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 16 – 21 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 12-13 ოქტომბერს აჭარაში გამოიდარებს და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„ჩემს კლასში დაფას ისევე წმენდს ბიჭი, როგორც გოგო“ – როგორია ნინო ფსუტურის გაკვეთილები

„ჩემ დროს გვეუბნებოდნენ – დაფა გაწმინდოს გოგონამ“ ან „გაკვეთილების შემდეგ დარჩნენ გოგონები და დაალაგონ საკლასო ოთახი. თითქოს ძალიან ელემენტარულია ხომ, მაგრამ ასეთი რამ ჩვენს საკლასო ოთახში არ ხდება.

დაფას ისევე წმენდს ბიჭი, როგორც გოგო, ისევე ალაგებს ბიჭი საკლასო ოთახს, როგორც გოგო. დადგმულ აქტივობებს ყოველთვის სჯობს ბავშვებს თანასწორობა რეალურ ცხოვრებაში ვასწავლოთ“ – ამბობს ნინო ფსუტური, გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელიც 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

ის „ბათუმელებთან“ საუბრობს სკოლაზე, კარგი გაკვეთილის მნიშვნელობასა და თანასწორობის საკითხებზე.

„ბავშვობიდან მინდოდა, რომ მასწავლებელი ვყოფილიყავი. ასე მგონია, მასწავლებლობა არ არის პროფესია. ეს სურვილი შენთან ერთად იბადება, რაღაც შინაგანი მდგომარეობაა ადამიანის და შემდეგ იქცევა პროფესიად.

ეს სურვილი ჩემმა მასწავლებლებმა კიდევ უფრო გამიმძაფრეს. განსაკუთრებით კარგი ბიოლოგიის მასწავლებლები მყავდა, ამიტომ გამოვედი მეც ბიოლოგი“- ამბობს ნინო ფსუტური.

მეოთხე კურსიდან სკოლაში ასწავლის და ამბობს, რომ გარკვეული სირთულეების, იმედგაცრუებების თუ დაბრკოლებების გვერდით იყო ბევრი სიხარული და წარმატებაც; განცდა იმის, თუ როგორ შეიძლება მოაგვარო პრობლემა და შექმნა შენი მოსწავლეებისთვის უკეთესი გარემო სკოლაში.

„ყველაზე რთული მაინც ის არის, რომ მასწავლებლობა მუდმივ ცვლილებებს მოითხოვს შენგან.

მაგალითად, ერთი წლის წინ რომ გაკვეთილს ვატარებდი, წელს ისეთ გაკვეთილს ვეღარ ჩავატარებ. მუდმივად უნდა უსმინო მოსწავლეებს, მაჯაზე უნდა გედოს ხელი, რომ მათი სურვილების, მოთხოვნების მიხედვით იცვლებოდეს სწავლის პროცესი“ – ამბობს ნინო ფსუტური.

მისი თქმით, გარკვეულწილად, მოსწავლე თავად გვკარნახობს რა ფორმით მიიღოს შენგან ინფორმაცია, „თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შენ, როგორც მასწავლებელს, გაქვს ჩამოყალიბებული შენი ხედვა, შენი მეთოდები, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინო მოსწავლეთა საჭიროებები და მათი ინტერესებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე მიაწოდო ცოდნა მისთვის საინტერესო ფორმით.

ამიტომ სჭირდება მასწავლებელს მუდმივი განვითარება, სჭირდება მაღალი მიმღებლობა, სიახლეების ძიების უნარი“ – ამბობს ნინო მასწავლებელი.

როგორია კარგი გაკვეთილი? – ვკითხეთ მას.

„გაკვეთილი, სადაც არსებობს გარკვეული წესები, რომელსაც ყველა იცავს. გაკვეთილი, რომელიც არა მხოლოდ ინფორმაციის დამახსოვრებაზე, გაზეპირებაზე, არამედ ამ ინფორმაციის გაანალიზებაზეა ორიენტირებული.

ზოგადად, მე ვცდილობ ბავშვებს ვასწავლო არა მხოლოდ ბიოლოგია, არამედ სხვადასხვა, მნიშვნელოვანი უნარიც შევძინო. მაგალითად, დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ინფორმაციის კრიტიკულად გაანალიზების და დახარისხების უნარი. ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა გაარჩიონ მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია.

არ აქვს მნიშვნელობა, ბიოლოგიას ასწავლი, ქართულს თუ მათემატიკას, მასწავლებელმა, აი, ეს უნარები უნდა განავითარო მოსწავლეებში“- ამბობს ნინო ფსუტური.

ცალკეული პედაგოგების მცდელობების მიუხედავად, სკოლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გაუმართავი ინფრასტრუქტურა და რესურსების სიმწირე რჩება. როგორც ნინო ამბობს, ეს ყველაფერი შესაძლოა სკოლაში კონფლიქტების მიზეზიც კი გახდეს.

„ავიღოთ, მაგალითად, ჯგუფური სამუშაო. ვთქვათ, ვამუშავებთ ტექსტს ან პოსტერს ვამზადებთ. თუ არ გვაქვს იმ რაოდენობის მარკერები, თაბახის ფურცელი ან სხვა საჭირო მასალები, ამან შეიძლება წარმოშვას პატარა უკმაყოფილება ჯგუფში და შესაძლოა უფრო სერიოზულ კონფლიქტშიც კი გადაიზარდოს.

მასწავლებელს სჭირდება მაღალი პროფესიონალიზმი, რომ ეს არ დაუშვას, მოაგვაროს, თუნდაც იმით, რომ რესურსებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს და ადვილად ამოიცნოს ასეთი საშიშროებები. შეეცადოს, რომ ადგილზევე გაანეიტრალოს დაძაბულობა და ეს საკმაოდ რთულია“- ამბობს ნინო ფსუტური.

ნინო ფსუტური

ჩვენ მას რეპეტიტორების საკითხზეც ვესაუბრეთ, რადგან იმის მიუხედავად, რომ სკოლაზე სახელმწიფო საკმაოდ დიდ რესურსებს ხარჯავს, მოსწავლის მშობელს მაინც უწევს მასწავლებლის დაქირავება, იმისთვის, რომ მოსწავლემ კარგი ნიშანი მიიღოს ან ეროვნული გამოცდები ჩააბაროს.

ნინო მიიჩნევს, რომ რეპეტიტორთან მომზადება ცუდ ტრადიციად იქცა, რასაც ხელი გარკვეულწილად მასწავლებლებმა და მშობლებმაც შეუწყვეს.

„არასწორი დამოკიდებულება გაუჩნდათ ბავშვებსაც, რომ შეიძლება რაღაც საგანი სკოლაში არ ისწავლონ და ისწავლონ კერძო მასწავლებელთან. თუმცა ისეთი შემთხვევებიც გვინახავს, ვინც კარგად სწავლობდა სკოლაში და მომზადების გარეშე ჩააბარა.

მასწავლებლის წილიც ძალიან მაღალია იმაში, რომ ბავშვი აღარ სწავლობს. ეს მან უნდა გაუჩინოს ბავშვს მოტივაცია და ისე დაანახოს საგანი, რომ გაუჩნდეს ბავშვს სწავლის მიმართ ინტერესი“ – გვეუბნება ნინო მასწავლებელი.

მასთან ვისაუბრეთ არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზეც, რადგან ნინო ფსუტური არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს ამ მიმართულებით, აქვს ეკოკლუბი და სტარტაპიც, სადაც ბავშვები მეწარმეობას სწავლობენ. მის მოსწავლეებს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ასამდე გარემოსდაცვითი აქტივობა აქვთ განხორციელებული.

ნინო ფსუტურის თქმით, თითოეული პროექტი ბავშვებისგან მოითხოვდა რაღაც კონკრეტული საკითხის გააზრებას, პრობლემის გამოკვეთას და გადაჭრის გზების ძიებას:

„როცა მოსწავლე ამ ყველაფერს რამდენჯერმე გააკეთებს, ის სხვანაირად ფიქრს იწყებს, უვითარდება ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნება. ამიტომ ვამბობ ხოლმე, ბიოლოგიის სწავლებაზე მნიშვნელოვანი ამ უნარების განვითარება მგონია-მეთქი, რადგან შემდეგ სწავლის პროცესიც უადვილდება ბავშვს“.

არაფორმალური განათლება ასევე მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: თანასწორობის საკითხები, ჩაგვრა, ბულინგი ან გამოხატვის თავისუფლება.

ნინო ფსუტური ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს ვასწავლოთ საკუთარი უფლებების დაცვა ისე, რომ არ დაარღვიონ სხვისი უფლება:

„საკუთარი აზრი კი ისე გამოხატონ, არ შეურაცხყონ სხვა. მაგალითად, თუ შენს უბანში არ არის საკმარისი სიმწვანე ან სკვერი, რატომაც არა, უნდა გამოთქვა ამ ყველაფერზე შენი აზრი, ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს საკუთარი პოზიცია იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც მათ ეხებათ.

განსაკუთრებით კი მასწავლებლებს, რადგან შემდეგ ისინი მოდელები ხდებიან ბავშვებისთვის და ბავშვსაც ნორმად მიაჩნია, რომ გააჩნდეს საკუთარი აზრი და შეეძლოს მისი პოზიცია გამოხატოს ხმამაღლა.

თუკი მოსწავლეები დიალოგის გზით შეძლებენ მოაგვარონ ესა თუ ის პრობლემა, ისაუბრონ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ეს გაწვრთნით მათ და გაზრდის მათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასაც“ – ამბობს ნინო ფსუტური.

იგი ამბობს, რომ მისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ადრეული ქორწინების და ორსულობის პრობლემა გოგონებში:

„მე, როგორც ბიოლოგი, ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად მივიჩნევ ამ საკითხს და განსაკუთრებული სიმძაფრით ვშლი ხოლმე ამ საკითხებს ჩემს მოსწავლეებთან.

ბევრს ვმსჯელობთ, განვიხილავთ, თუ რა რისკები ახლავს ნაადრევ ქორწინებას, ორსულობას და რატომ ვამბობთ, რომ დაუშვებელია.

როდესაც ყველა საგნის მასწავლებელი თავის ჭრილში განიხილავს ამ საკითხს, როდესაც სკოლაში არსებული ყველა რგოლი სათანადო ყურადღებას მიაქცევს ამას, როდესაც მასწავლებელი, დამრიგებელი მიხვდება, როდის უნდა ჩართოს განგაშის ზარი, როდის ჩართოს სოციალური მუშაკი ამ პროცესებში და კი არ დამალოს პრობლემა, როგორც ეს ხდება ხოლმე, არამედ სააშკარაოზე გამოიტანოს, ეს იქნება ამ პრობლემების მოგვარების დასაწყისი.

განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში მოეთხოვებათ ეს მასწავლებლებს, სადაც მძაფრად დგას ხოლმე ადრეული ქორწინებების პრობლემა.

გონიერება ამაში გვმართებს სწორედ, რომ დროულად მოხდეს ყველა რგოლის ჩართვა“.

გენდერული თანასწორობის საკითხები, როგორც ნინო ფსუტური გვეუბნება, არ უნდა დარჩეს თეორიული სწავლების დონეზე და ის ყოველდღიური რუტინის ნაწილი უნდა იყოს.

„მაგალითად, ჩემ დროს გვეუბნებოდნენ – დაფა გაწმინდოს გოგონამ ან გაკვეთილების შემდეგ დარჩნენ გოგონები და დაალაგონ საკლასო ოთახი. თითქოს ელემენტარულია ხომ, მაგრამ სწორედ ასეთ ნიუანსებში ჩანს, როგორ ვუყურებთ თანასწორობის საკითხს.

ჩემს საკლასო ოთახში ასეთი რამ არ ხდება.

ერთნაირად წმენდს დაფას როგორც გოგო, ასევე ბიჭი. საკლასო ოთახს ალაგებს როგორც გოგო, ასევე ბიჭი. დადგმულ აქტივობებს ყოველთვის სჯობს ბავშვებს თანასწორობა რეალურ ცხოვრებაში ვასწავლოთ“ – მიიჩნევს ის.

რაც შეეხება ბულინგს, ნინო ფსუტური მიიჩნევს, რომ ყველა სკოლა ერთნაირი ხარისხით ვერ მუშაობს ამ პრობლემაზე და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა ჯერ თავად გაიაზროს როგორ და რა ფორმით უნდა შეეხოს ამ საკითხს, თუნდაც პრევენციისთვის.

„ვფიქრობ, არ შეიძლება ხელაღებით ნებისმიერი ფილმის ჩვენება, მოუმზადებლად ამ ფილმის განხილვა, რაღაც ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომელიც არ არის შეთანხმებული ვთქვათ, ფსიქოლოგთან.

აქაც მნიშვნელოვანია, ხელი კი არ დავაფაროთ პრობლემას იმ მიზნით, რომ სკოლის გარეთ არ გავიდეს ამბავი, უნდა მივიტანოთ ინფორმაცია იმ უწყებებამდე, ვისაც ევალება, რომ ამ პროცესებში ჩაერიოს და გვეყოს გონიერება, დროულად მოვახდინოთ რეაგირება“.

რადგან ნინო ფსუტური გორიდანაა და 2008 წელს რუსეთის აგრესია მის ოჯახსაც შეეხო, მას ვკითხეთ, თუ რას ფიქრობს როგორც მოქალაქე, როგორც მასწავლებელი ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, იმ პოლიტიკაზე, რასაც რუსეთის ან მისი მოქალაქეების მიმართ აწარმოებს ხელისუფლება.

„როცა ვუყურებ რუსეთის ამდენ მოქალაქეს ჩვენი ქალაქების, განსაკუთრებით თბილისის ქუჩებში, ცოტა გამაღიზიანებელია და ეს ხდება იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია მათ მიერ, უკრაინაში კი ომს აწარმოებენ, რომელსაც უდანაშაულო მოსახლეობა ეწირება.

არ მიმაჩნია სწორად, აქ რუსებმა წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი, გახსნან უამრავი კაფე, სადაც ქართულად ფაქტობრივად არავინ გესაუბრება. ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს სახელმწიფო მათ ჩვენს ტერიტორიაზე შემოშვებას, რადგან არ ვიცით ეს ამბავი საბოლოოდ როგორ მოგვიბრუნდება უკან“ – ამბობს ნინო ფსუტური.

ნინო მასწავლებელი, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მსგავსად, მიიჩნევს, რომ ქართული სახელმწიფოს ადგილი ევროპულ სივრცეშია და არა რუსეთთან:

„ჩემი, როგორც მოქალაქის, როგორც მასწავლებლის ოცნებაა, ძალიან მალე გავხდეთ ევროპის ნაწილი, რომლის ნაწილი ჩვენ ბუნებრივადაც ვართ, მაგრამ მალე ვიგრძნოთ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე. საქართველო იმსახურებს, რომ იყოს ძლიერი ევროპული ქვეყანა“.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 283 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +450]
  • ტანკი – 4 829 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 9 129 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 6 713 ერთეული [+7]
  • MLRS – 808 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 544 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 207 ერთეული [+17]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 530 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 125 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 961 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 487 თვითმფრინავი
  • 250 ვერტმფრენი
  • 7 668 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 448 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 161 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 700 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 985 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთისა და ირანის ურთიერთობა ძლიერდება – ბრიტანეთის დაზვერვა

ამ კონფლიქტში რუსეთის სარგებელი იქნება უკრაინის ამბების მეორე პლანზე გადატანა – ინტერვიუ

„პალესტინის შემთხვევაში მონაწილეობს რელიგიური ფაქტორიც. ისლამური სოლიდარობის საკითხი საკმაოდ აქტუალური საკითხია დღეს მთელს მსოფლიოში, კავკასია კი, ამ თვალსაზრისით, არ არის გამონაკლისი,“ – ამბობს აღმოსავლეთმცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე. მას ვესაუბრეთ, როგორ შეიძლება საქართველოზე  აისახოს „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმა ისრაელზე ან რა შეიძლება შეცვალოს ამ კონფლიქტმა რუსეთ-უკრაინის ომში.

  • ბატონო გიორგი, როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე ომი ისრაელში? 

ჯერ ეს ძალიან ახალი მოვლენებია და რთულია ვარაუდის გამოთქმა. ძნელი წარმოსადგენია პირდაპირი სახით აისახოს, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რომელიც ყველაზე გადაუწყვეტელი კონფლიქტების კერაა ბოლო 80 წლის მანძილზე. ეს რეგიონი ჩვენი მეზობელია და გარკვეული გამოძახილი შეიძლება იყოს კავკასიის რეგიონზეც.

პალესტინის შემთხვევაში მონაწილეობს რელიგიური – ისლამური ფაქტორი. ისლამური სოლიდარობის საკითხი საკმაოდ აქტუალური საკითხია დღეს მთელს მსოფლიოში, კავკასია კი, ამ თვალსაზრისით, არ არის გამონაკლისი. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ პალესტინის შემთხვევა საერთო ისლამურ კონტექსტში არ ექცევა.

პალესტინის საკითხი ისლამური სამყაროსათვის საკმაოდ მტკივნეული და გადაუწყვეტელი საკითხია. არაერთი მთავრობა ცდილობს ამ კოზირის გამოყენებას მუსლიმურ ქვეყნებში „კოლექტიური დასავლეთის“ წინააღმდეგ, როგორც მაგალითის იმისა, თუ როგორ უჭერს მხარს დასავლეთი „დამნაშავე ისრაელს“ და იჩაგრება პალესტინა. ეს საკითხი საკმაოდ რთულია, რადგან პალესტინის მოსახლეობა მართლაც იჩაგრება მიზეზთა გამო. ისლამური სახელმწიფო, მაგალითად, ირანი, საერთოდ არ აღიარებს ისრაელის არსებობას. ირანში დაბეჭდილ რუკებზე ისრაელის ტერიტორიას პალესტინა აწერია.

ჩემი აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია, დღეს საერთო არაბული ფრონტი შეიქმნას ისრაელის წინააღმდეგ.

ამ თავდასხმამდე გამოჩნდა იმის კონტურები, რომ საუდის არაბეთი და ისრაელი დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებდნენ… ბოლო ათწლეულების მანძილზე არაბული ქვეყნებისთვის პალესტინის პრობლემა მეორეხარისხოვნად იქცა, ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას.

გიორგი სანიკიძე
  • რა დამოკიდებულება აქვს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე ჩვენს მეზობელ თურქეთს, სადაც ისლამის გავლენა ასევე ძლიერია?

თურქეთ-ისრაელის ურთიერთობა გრძელი ისტორიაა. იყო თბილი, შემდეგ გაცივდა ეს ურთიერთობები. ბოლო პერიოდში შეინიშნება ისევ გარკვეული დათბობა, მაგრამ რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება თურქეთს არ გაუკეთებია ამ კონფლიქტის შესახებ.

  • ჩინეთსაც დღეს, 9 ოქტომბერს მოუწოდა აშშ-ს სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რომ „მხარი დაუჭიროს ისრაელს სასიკვდილო თავდასხმების შემდეგ“.

ჩინეთი საერთოდ თავისებურია ასეთ სიტუაციებთან მიმართებით, ჩინეთი ყოველთვის ცდილობს თვალი ადევნოს მოვლენების განვითარებას, ყოველთვის თავის ეკონომიკურ ინტერესებს ანიჭებს უპირატესობას, მისი საგარეო პოლიტიკა ამ იდეოლოგიური შემადგენლისგან დაცლილია.

  • ამ მოცემულობაში როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიციონირება? 

საქართველოს დამოკიდებულება გამოხატულია უკვე და ეს არის ისრაელის მხარდაჭერა. არც შეიძლება ასე არ იყოს, რადგან მოხდა სახელმწიფოზე ტერორისტული თავდასხმა, რამაც გამოიწვია უდანაშაულო მოსახლეობის უზარმაზარი მსხვერპლი. მგონია, რომ საქართველოზე ამ კონფლიქტის ზეგავლენა მაინც ნაკლები იქნება.

გააჩნია ასევე, რა ფორმას მიიღებს, რა მასშტაბი ექნება კონფლიქტს. სერიოზულ ნაბიჯებს დგამს უკვე ისრაელი.

ისრაელს ყოველთვის სჩვევია ნებისმიერ თავდასხმაზე ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი პასუხის გაცემა: დაბომბვებს რომ თავი დავანებოთ თავი, სხვა ყველა გზა მოსპეს საკვების, ნავთობის, მედიკამენტების მიწოდებისთვის.

საერთოდ ეს კონფლიქტი არის ტალღოვანი და 1948 წლის შემდეგ არ შეწყვეტილა: არის ხან ძლიერი ფორმით, ხან – მიძინებული. შეიძლება ეს სამხედრო ოპერაცია დასრულდეს ასე თუ ისე მოკლე ვადაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონფლიქტი ამოიწურა. პრობლემის გადაწყვეტამდე და მის ამოწურვამდე ძალიან გრძელი გზაა გასავლელი.

ჯერჯერობით გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს. ამ თავდასხმამ კიდევ უფრო შორს გადაწია ამ პრობლემის მოგვარების პერსპექტივა. დაპირისპირება ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო გაღვივდა.

  • რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ომს რუსეთ-უკრაინის ომზე? 

ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ დღევანდელ ვითარებაში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ჰედლაინები ჩაანაცვლა აი, ამ კონფლიქტმა.

  • ეს შეიძლება იყოს რუსეთის სარგებელიც? რა როლი აქვს რუსეთს ამ კონფლიქტში, თქვენი აზრით? 

რუსეთის ინტერესებში შედის მნიშვნელოვანი კონფლიქტის კერა არსებობდეს, გარდა უკრაინაში მისი შეჭრისა. რთული სათქმელია, რამდენად ეხმარება იგი „ჰამასს“.

პუტინის ხელისუფლებას მეტ-ნაკლებად კარგი ურთიერთობა ჰქონდა ისრაელთან ტრადიციულად, თუმცა რუსეთი ასევე ცდილობს, რომ გამოიყენოს ეს სიტუაცია პალესტინელებთან დაკავშირებით.

რუსეთის სარგებელი იქნება დასავლეთის ჩართულობა ამ კონფლიქტში, ასევე უკრაინის ამბების მეორე პლანზე გადატანა. რუსეთ-უკრაინის ომი, ცხადია, უფრო ფართომასშტაბიანია, მაგრამ ისტორიის და ხანგრძლივი ომის თვალსაზრისით, ვერ შეედრება ეს ომი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს.

უფრო ვფიქრობ, რომ ამ კონფლიქტს ტალღოვანი ხასიათი ექნება ისევ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე არ გადაწყდება ამ პრობლემების საფუძველი. ამისთვის კი, ორივე მხარე სერიოზულ დათმობაზე უნდა წავიდეს. 90-იანი წლებიდან დაწყებული, თითქოს ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ მოგვარებულიყო პრობლემა, რათა ბოლოსდაბოლოს პალესტინა სრულყოფილ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა და ამ მოვლენებმა კიდევ უფრო შორს გადასწია პრობლემის მოგვარების პირობა.

პალესტინელებს შორისაც არ არის ერთიანობა დასავლეთ ნაპირზე, სადაც ბევრად უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე ღაზას სექტორში, სადაც „ჰამასია“ ყველაზე პოპულარული ძალა. ამის მიუხედავად მაინც ძალიან ძნელია პალესტინური წინააღმდეგობის რაღაც ერთიან ფრონტზე ლაპარაკი.

ისრაელის პოლიტიკაც საკმაოდ ხისტი გახდა, მითუმეტეს ახლა, როცა სამთავრობო კოალიციაში შედიან ულტრაკონსერვატორი და ულტრანაციონალისტი პარტიები… ის, რომ კონფლიქტი მოუგვარებელი იყო და ნებისმიერი მომენტში რაღაც ფორმით ისევ გაჩაღდებოდა, მოულოდნელი არ იყო, თუმცა ასეთ მასშტაბურ თავდასხმას არავინ ელოდა.

გასაკვირია ის, რომ ისრაელის დაზვერვის ძალები მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება, როგორ მოხდა, რომ ასე შეაღწიეს, ასე თავისუფლად ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე, ეს ჩემთვის გაურკვეველია.

  • ამ კონფლიქტში ვინ რჩება მოგებული ამ ეტაპზე, რა ჩანს ამ გადასახედიდან?

მოგებული არავინ რჩება ამ შემთხვევაში. ისრაელის პასუხი იქნება ძალიან მკაცრი და ხისტი. პრობლემა და კონფლიქტის საფუძველი კი დარჩება, ამის მოგვარება არ მოხდება. იმედი ვიქონიოთ, რომ მსოფლიო დონეზე შეიქმნება შესაძლებლობა, რომ ორივე მხარეს აიძულონ დათმობებზე წასვლა.

ამ კონფლიქტში ბევრი რამ სიმბოლოებზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, პალესტინელებისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობა არის ის, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი უნდა იყოს პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქი, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ მიდის ისრაელი – მან 1980 წლიდან შემოიერთა არაბებით დასახლებული აღმოსავლეთი ნაწილი.

„დილით თქვენ არ ფიქრობთ, როგორი ტროტუარი შეგხვდებათ“ – არქიტექტორი ბათუმიდან

ამბავს 26 წლის არქიტექტორზე სხვა დასაწყისი უნდა ჰქონოდა. თუმცა, რაზეც არ უნდა იყოს კითხვა, პირველივე პასუხს მაინც იქითკენ მივყავართ, რასაც ყველა ვხვდებით, როცა შშმ პირებს ვუსმენთ. საუბრის პირველივე თემა ქალაქის სრულად ადაპტირების საკითხია.

„პრობლემების ერთობლიობაა ქვეყანაში. რთულია, რომელიმე წამოწიო წინ. მაგრამ ყველაფერი, რასაც ვცდილობთ, რისი მოღწევაც გვინდა, ამაზეა დამოკიდებული, ქალაქის სრულად ადაპტირებაზე“ – გვიხსნის ნოდარ ქარცივაძე, ახალგაზრდა არქიტექტორი, რომელიც ეტლით მოსარგებლეა.

ვცდილობ ნოდარს ვუთხრა, რომ ამჯერად სხვა რამეზე მინდა საუბარი, მაგრამ მისი პოზიცია, რომ „სხვა რამ“ ამის გარეშე არ არსებობს და სწორედ ამით უნდა დავიწყოთ, ურყევია:

„რატომ ვახსენე თავიდანვე ინფრასტრუქტურა? ჩვენ ხომ გვაქვს პირველადი დაკმაყოფილების წყაროები, რაც გვაძლევს საშუალებას რაღაც ვაკეთოთ.

თქვენ რომ დილით იღვიძებთ და გარეთ გადიხართ, არ ხვდებით იმ ბარიერს, რასაც ჩვენ. თქვენ არ ფიქრობთ მაღალი ტროტუარი დაგხვდებათ თუ დაბალი. ეს თქვენთვის ბარიერი არ არის. ჩვენ შეიძლება ათეული და ასეული მეტრის ზედმეტად გავლა მოგვიწიოს, რაც დამატებით დროს და ენერგიას მოითხოვს“ – ამბობს ნოდარი, თითქმის მსაყვედურობს და ხმაში სიბრაზეც ეპარება.

ჩვენი საუბრის დროს ვხვდები, რომ ახალგაზრდა არქიტექტორს ქალაქის დაგეგმარებაზე, მის ურბანულ პრობლემებზე ბევრი აქვს ნაფიქრი და სწუხს, რომ არასრულად ადაპტირებული ქუჩები საშუალებას არ აძლევს საქმეზე კონცენტრირდეს:

„გინდა მობილიზებული იყო, საქმე აკეთო, მაგრამ რეალურად მთავარ დროს სხვა რამეში ხარჯავ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. შენ არ გიწევს მარტივ საკითხებზე ფიქრი და შეგიძლია კონცენტრირდე საქმეზე. სხვა კი ამ დროს ფიქრობს, რა მოიმოქმედოს, რომ შემდეგ ქუჩაზე მარტივად გადავიდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“ – ამბობს ნოდარი.

არქიტექტორის თქმით, როცა ამ ქალაქის ადაპტირების საკითხს განვიხილავთ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბათუმი სხვა ქალაქებთან შედარებით მაინც უფრო მეტად ადაპტირებული ქალაქია საქართველოში. მართალია თუ არა, რომ ადაპტირებულ ნაწილშიც მრავლად არის პრობლემები უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო? – ამ კითხვაზე ნოდარი გვპასუხობს, რომ გადასასვლელი ნულოვანი უნდა იყოს, თუმცა ასე არ არის.

ნოდარის თქმით, ბოლო წლებში შშმ პირების საჭიროებებთან მიმართებაში კანონმდებლობა დაიხვეწა, თუმცა საჭიროა აღმასრულებლის გაძლიერება – „სხვანაირად ეს ყველაფერი მხოლოდ ფურცელზე დარჩება.“

„ვინ უნდა გააკონტროლოს? – რა თქმა უნდა სახელმწიფომ. რაც შეხება უკვე ადაპტირებულის უვარგისობას, კომპეტენციის ნაკლებობაა პასუხი, სულ ამასთან მივდივართ“. 

ნოდარის თქმით, მთავარი, რაც ახლა ქვეყანას სჭირდება, ძლიერი ეკონომიკაა:

„ეკონომიკა გვჭირდება ძლიერი, ამაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. 26 წლის ადამიანი უნდა ვითარდებოდეს ყველანაირად და რაღაც ხელოვნური ბარიერები არ უნდა იქმნებოდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი მიმართულება, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. უნდა განვამტკიცოთ ყველაფერი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება.“

ყველა მიმდინარე საკითხით ერთნაირად არ ინტერესდება. ბოლოს აქციაზე რუსული კანონის გასაპროტესტებლად წავიდა, როცა მის მეგობრებს აგენტების დარქმევას უპირებდნენ:

„რუსული კანონი იყო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ამერიკული ანალოგიაო, მაგრამ ასე არ იყო, ეს იყო რუსული. მეც ვიყავი აქციაზე ამ კანონის წინააღმდეგ. ეს ეხებოდა ზუსტად იმ საკითხებს, რაზეც ჩემი მეგობრები მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემატიკის ფარგლებში“.

ამ ადგილზე ასასვლელი მაღალია. ნოდარი ოდნავ ჩამომტვრეულ ბორდიურს პოულობს და ადის, ასე უფრო იოლია. სადაც ჩამომტვრეული არ არის, იქიდან ასვლა შეუძლებელია.

კითხვაზე, რატომ ევროკავშირი? – ნოდარი პასუხობს:

„ევროკავშირში შესვლა მოქალაქეების, თითოეულის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს. აბსოლუტურად ყველას ცხოვრებას. ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ხომ გვინდა. უფრო განათლებულები რომ ვიყოთ და მეტი შესაძლებლობა გვქონდეს, ამიტომ გვინდა ევროკავშირში“.

არქიტექტორთან ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე საუბარს მალე ანაცვლებს საუბარი ბათუმის ურბანულ პოლიტიკაზე, ბათუმში „შემაშინებელი ადგილების არსებობაზე“ .

26 წლის არქიტექტორი ამბობს, რომ რიგი ადგილები ბათუმში ადამიანებს თრგუნავს:

„ბათუმში არის ადგილები, სადაც გავლა შემაშინებელია. იქ გავლისას ითრგუნება ადამიანი და ეს დათრგუნვის მომენტი არის ძალიან მაღალი ინდექსით. არქიტექტურა და დაგეგმარება რას აკეთებს? – ის მოქმედებს ადამიანის ხასიათზე და განწყობაზე. განაშენიანების დაგეგმარებით შეგიძლია იმოქმედო ადამიანის განწყობაზე და ხასიათზე. ის, რომ ქაოსურად იყო ამ დრომდე მიშვებული და ახლაც არის, არის იმის მიზეზი, რომ ითრგუნები და უნდა გახვიდე ამ ადგილიდან, რომ თავი კარგად იგრძნო.

ბათუმში აშენდა კორპუსები, სადაც სხვადასხვა კორპუსში მცხოვრებლებს ბინიდან გაუსვლელად შეუძლიათ ერთმანეთს ყავა გაუცვალონ. ვერ იტყვი, რომ ეს სწორი მაგალითია. არის შენობები, რომლებთანაც ტროტუარი არის 2 ან 3 მეტრი სიგანის – არც ეს არის გამართლებული, არ შეიძლება ასე განვითარდეს ქალაქი და შემდეგ ამ ქალაქს ეწოდოს ჯანსაღი. 

პარკინგის პრობლემა გვაქვს ძალიან მწვავედ. პიკის საათებში საერთოდ შეუძლებელია ქალაქში გადაადგილება. მწვანე საფარის პრობლემაა ძალიან დიდი. საჯარო სივრცეების ნაკლებობაა.

მართალია, სანაპირო ზოლში გვაქვს ბულვარი, გვაქვს რამდენიმე პარკი, მაგრამ ქალაქში საჯარო სივრცეების ნაკლებობაა ხარისხიანი ბაღების და სკვერების სახით“.

ნოდარის თქმით, შშმ პირების მისაწვდომობის საკითხი ავიწყდებათ, როცა ევროპის მოედანზე კონცერტს მართავენ. ხშირად სცენასთან მოსასვლელებზე გადის სცენის აპარატურის კაბელები ყოველგვარი სპეციალური შეფუთვის გარეშე. შეფუთვა ეტლით მოსარგებლეს მასზე გადაადგილების საშუალებას მისცემდა. ნოდარმა ამის თაობაზე ბათუმის მერიას ოფიციალური წერილითაც მიმართა.

ნოდარი ამბობს, რომ არქიტექტორმა ორი ინტერესის თანხვედრა უნდა მოახერხოს, რადგან „დამკვეთი ყოველთვის მართალია“, არქიტექტორმა უნდა შეძლოს, დამკვეთის მოთხოვნასთან ერთად საზოგადოებრივი ინტერესიც გაითვალისწინოს, ხოლო „თუ მას უნდა 15 სართული იქ, სადაც 10 შეიძლება, ეს კანონმა უნდა დაარეგულიროს“.

„ერთ კვირაზე მეტია შუქნიშანი გამორთულია“ – მოქალაქე აეროპორტის დასახლებიდან

„ჩვენს ქუჩაზე სულ დიდი სიჩქარით მოძრაობენ ავტომანქანები, შუქნიშნის გარეშე ძალიან რთულია გადაკვეთო ქუჩა, თანაც, ჩემი შვილი შშმ პირია, როგორ გადავდივარ, არ მკითხოთ,“ – ამბობს მზიური ბალაძე. ის ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ცხოვრობს.

მოქალაქის თქმით, შუქნიშანი აეროპორტის გადასახვევთან დაახლოებით ერთი კვირის წინ გაფუჭდა. მოქალაქეს 112-ში დაურეკავს, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

„ორჯერ დავრეკე 112-ში, დამპირდნენ, რომ გადასცემდნენ ინფორმაციას და მოაგვარებდნენ პრობლემას, მაგრამ არაფერი. ჩვენი დასახლების რწმუნებულსაც ვურეკავდი, იმან საერთოდ არ უპასუხა ტელეფონს.

შუქნიშნის ბოძს, როგორც გავიგე, ავტომანქანა დაეჯახა და მას შემდეგ არის ასე: მხოლოდ ყვითელი ფერია ჩართული. განსაკუთრებით ბავშვებს უჭირთ გადასვლა, ყველა აცილებს ბავშვს მეორე მხარეს, რომ რამე არ მოხდეს,“ – აღნიშნა მზიური ბალაძემ „ბათუმელებთან“.

საკითხზე კომენტარს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრესცენტრში დაგვპირდნენ, თუმცა ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

ახალი პროექტი ქალებისა და შშმ პირების გასაძლიერებლად აჭარაში

თუ აჭარაში ცხოვრობ, ხარ 16 წელზე ზევით ქალი, ან შშმ პირი და ქმნი დეკორატიულ-გამოყენებით ნივთებს, სუვენირებს, ქარგავ ან სხვა ტიპის ხელსაქმით ხარ დაკავებული, შეგიძლია პროექტში ჩაერთო, განვითრდე, საქმე ბიზნესად აქციო და შემოსავლის წყაროზეც იზრუნო.

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა CIPDD-მ, გერმანული ფონდის „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით, დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება აჭარაში მცხოვრები ქალებისა და შშმ პირების გასაძლიერებლად.

პროექტში ჩართვა შეუძლიათ 16 წელზე მეტი ასაკის ქალებს და შშმ პირებს აჭარიდან.

პროექტის მიზანია 16 წლიდან ქალებისა და შშმ პირების ხელშეწყობა მათი უნარების წარმოსაჩენად, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩასართავად, ბიზნესკავშირების დასამყარებლად.

პროექტი დაეხმარება ქალებსა და შშმ პირებს, რომლებიც ხელნაკეთ, სახელოვნებო თუ საყოფაცხოვრებო, დეკორატიულ ნივთებს ქმნიან ან სუვენირებს ამზადებენ.

პროექტი იმუშავებს ორი მიმართულებით:

  • ბენეფიციარებისთვის, რომლებიც უკვე ამზადებენ ხელნაკეთ ნივთებს, შეიქმნება სპეციალური პლატფორმა ინტერნეტში და მომზადდება მარკეტინგული გეგმა მათი ნამუშევრების პოპულარიზაციის და სტაბილური გაყიდვებისთვის.
  • ახალბედა, დამწყები და გამოუცდელი ბენეფიციარებისთვის პროცესში ჩასართავად სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი: მასტერკლასები, ტრენინგები და ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად საჭირო მასალების შეძენა.

თუ რა თემაზე ჩატარდება კონკრეტულად სემინარები, განისაზღვრება ბენეფიციარებთან კომუნიკაციის, კონსულტაციების შემდეგ, რადგან ბენეფიციართა სხვადასხვა ჯგუფს მოსალოდნელია, რომ სხვადასხვა საჭიროება და ინტერესი ექნება.

ორი წლის განმავლობაში მოეწყობა ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვები.

რატომ არის მნიშვნელოვანი აჭარაში მცხოვრები ქალებისა და შშმ პირების საქმიანობის წახალისება და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩასართავად მათთვის ხელშეწყობა? – ამ კითხვას პროექტის რეგიონული კოორდინატორი ასლან ჭანიძე პასუხობს:

„ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში ვეცნობით ბენეფიციარებს და მათ ბაზებს ვადგენთ. ამ საქმიანობისას აღმოჩნდა, რომ ქალებისა და შშმ პირების დიდ ნაწილს უკვე აქვთ თავიანთი ნამუშევრები, თუმცა გაყიდვა დიდი პრობლემაა. ხანდახან გამოფენებზე გააქვთ ნამუშევრები, მაგრამ გამოფენები მხოლოდ დღესასწაულებზე იმართება და გაყიდვების ამ ფორმას მათთვის სტაბილური შემოსავალი არ მოაქვს.

ერთეულები ახერხებენ ნამუშევრების სტაბილურად გაყიდვას, ხანდახან სოციალური ქსელებითაც. ვერც საზღვარგარეთ ხერხდება ხელნაკეთი ნივთების გატანა.

პროგრამა ახალბედებსაც მისცემს შესაძლებლობას, რაღაც ახალი შეისწავლონ. მათ შევთავაზებთ მასტერკლასებს და სწავლებას, მერე კი შექმნილ ნივთებს გავუწევთ პოპულარიზაციას, ბენეფიციარებს გაუჩნდებათ შემოსავლის სტაბილური წყარო.

მარკეტინგული გეგმაც, რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდება, უზრუნველყოფს სტაბილურ გაყიდვებს გამოფენებისგან განსხვავებით.

ჩვენი მიზანია, ასევე, რომ სხვადასხვა ობიექტზე, სასუვენირო მაღაზიებში ტურისტებს მეტწილად ვთავაზობდეთ სხვადასხვა ფასის, შინაარსისა და ფორმის ხელნაკეთ ნივთებს“ – ამბობს ასლან ჭანიძე.

30 წლის მადონა ფალავანდიშვილი ხელნაკეთ ნივთებს ქმნის, ჯვარედინი წესით ქარგავს პორტრეტებს, პეიზაჟებსა და ნატურმორტებს. იმისთვის, რომ მისი ხელსაქმე ფართო საზოგადოებას გააცნოს და სტაბილური შემოსავლის წყაროდ აქციოს, მადონამ გადაწყვიტა პროექტში ჩაერთოს, მასტერკლასებით მეტი ისწავლოს, ნაშრომები სპეციალურ პლატფორმაზე განათავსოს და ამ ყველაფრით მომხმარებლებთან მუდმივი კონტაქტის გზები იპოვოს.

მადონა 30 წლისაა და მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ორი სამსახური აქვს, ფიქრობს, რომ ქალებმა საკუთარი უნარები ბოლომდე უნდა გამოიყენონ. დამატებითი შემოსავალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისა თუ შშმ პირებისთვის.

პროექტი „აჭარაში მცხოვრები ქალების და შშმ პირების  გაძლიერება“ 2025 წლის ივლისამდე გაგრძელდება, თუმცა საქმიანობა არ შეწყდება, რადგან შემუშავებულმა მარკეტინგულმა გეგმამ, ინტერნეტპლატფორმამ და სწავლებებმა სისტემა უნდა შექმნას, რაც პროექტის დასრულების შემდეგ უზრუნველყოფს უწყვეტ ჯაჭვს: ხელსაქმით, ხელნაკეთი ნივთებით დაინტერესებული ბენეფიციარების შეკრებას, მათი ნამუშევრების პლატფორმაზე განთავსებას და გაყიდვას.

სისტემის მართვაში ბენეფიციარები და პირები იქნებიან ჩართული, ვინც დაინტერესებული იქნება პლატფორმამ ფუნქციონირება განაგრძოს და განვითარდეს.

აჭარული ნაქარგები სამარკო ნიშანია, დახედვისთანავე ხვდები, რომ ასე მხოლოდ აჭარაში ქარგავენ. პროექტის მიზანია სწორედ ეს განსხვავებულობა აჩვენოს საქართველოს ფარგლებს გარეთაც და ამ ნიშნით გაუწიოს პოპულარიზაცია ხელსაქმეს, რაც საბოლოოდ აისახება არამხოლოდ ბენეფიციარების, არამედ მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.

ეს არის საცდელი პროექტი აჭარის მასშტაბით, რაც შესაძლოა სამომავლოდ არასამთავრობო ორგანიზაციად, ახალ სისტემად, აიპიდ გადაიქცეს, რის შემდეგაც როგორც დამოუკიდებელ სტრუქტურას, შეეძლება შევიდეს სხვა რეგიონებშიც გარდა აჭარისა და გააერთიანოს ყველა, ვინც საქართველოში ხელნაკეთ ნივთებს ქმნის, ხელსაქმითაა დაკავებული.

16 წელზე მეტი ასაკის ქალებსა და შშმ პირებს აჭარიდან პროექტში მონაწილეობის მისაღებად  ან დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაუკავშირდნენ პროექტის გუნდს ტელეფონის ნომრებზე: 593 30 87 55; 593 30 71 55.

ფოტოზე: მზევინარ ირემაძეს ნამუშევრები

_____________________________

პროექტი – „აჭარაში მცხოვრები ქალების და შშმ პირების გაძლიერება“ – ხორციელდება „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ მიერ [CIPDD] გერმანული ფონდის „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით.

ავარია მახინჯაურში – დაიღუპა 1 ადამიანი, 2 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 9 ოქტომბერს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში.

თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი, სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ავარია მახინჯაურში / 9.10.2023

რას ამბობს განათლების მინისტრი სკოლებში ერთკანდიდატიან „არჩევნებზე“

დღეს, 9 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სკოლის დირექტორების დანიშვნებზე კომენტარი გააკეთა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ინიშნებიან თუ არა დირექტორები პოლიტიკური ნიშნით, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ საჯარო სკოლებში დირექტორების წარდგენა ღიად მიმდინარეობს და ამ პროცესში პოლიტიკური ზეწოლა უარყო.

„კომისიაში არიან როგორც სამინისტროს, ასევე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები და არავის, არც ერთ კონკურსანტს, არც ერთ ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ კონკურსი რაიმე ფორმით არის მიკერძოებული ან არასამართლიანი.

ისმის კითხვები იმის თაობაზე, თუ რატომ არის ერთი კანდიდატი წარდგენილი ბევრ სკოლაში, ეს არ არის სამინისტროს გადაწყვეტილება, იმ სკოლების 71 პროცენტში, სადაც ახლა კონკურსი ტარდება, მხოლოდ ერთ კანდიდატს ჰქონდა განაცხადი შემოტანილი და შესაბამისად, მივიღეთ ასეთი მოცემულობა.

ამიტომ, ვისაც სურვილი ჰქონდა, შეეძლო შემოეტანა განაცხადი.

დირექტორებს ირჩევენ სამეურვეო საბჭოები, ამიტომ გადაწყვეტილება მაინც სკოლების ხელშია“ – ამბობს განათლების მინისტრი.

დღეს, 9 ოქტომბერს, სერტიფიცირებული დირექტორების ნაწილმა წერილობითაც მიმართა გიორგი ამილახვარს, სადაც ისინი ითხოვდნენ განმარტებას, თუ რატომ არ წარადგინეს ის კანდიდატები სკოლებში, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია.

რამდენიმე სკოლაში კი დღესაც იმართება მასწავლებლებისა და მოსწავლეების აქცია, ისინი მოქმედი დირექტორების შენარჩუნებას მოითხოვენ და უნდობლობას უცხადებენ სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატს.

რაც შეეხება დირექტორთა სერტიფიცირებას, კონკურსის მეორე ეტაპის – გასაუბრების შედეგების გამო განათლების მინისტრს 30-მდე კონკურსანტი სასამართლოში უჩივის.

ამავე თემაზე: 

„დირექტორი ვიყავი და არა ოცნების აგიტატორი“ – არჩევნები 1 კანდიდატით და პროტესტი სკოლებში

სკოლაში შესვლას შეძლებენ ბავშვები, რომლებიც 6 წლის გახდებიან 1-ელ დეკემბრამდე – მინისტრი

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, მომავალ, 2024 წელს, სკოლაში შესვლა შეეძლება ყველა ბავშვს, ვისაც 6 წელი შეუსრულდება პირველ დეკემბრამდე.

ხოლო 2025-2026 სასწავლო წლებში პირველ კლასში შევლენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

ამის შესახებ განათლების მინისტრმა დღეს, 9 ოქტომბერს, განაცხადა ბრიფინგზე.

„ეს გადაწყვეტილება არის ნებაყოფლობითი და თუ მშობელი ან მეურვე მიიჩნევს, რომ ამ ასაკში ბავშვი არ არის სასკოლოდ მზად, ბაღებში რჩება ვალდებულება და მშობელს შეუძლია საბავშვო ბაღში დატოვოს ბავშვი და მომდევნო წელს მიიყვანოს სკოლაში“ – თქვა განათლების მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ ცვლილების შეტანის საჭიროება გამოიწვია იმ მშობლების მიმართვიანობამ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ მათ უნდა ჰქონოდათ არჩევანის შესაძლებლობა.

მინისტრის თქმით, ცვლილება შეეხება პირველ დეკემბრამდე დაბადებულ 5 ათასამდე ბავშვს.

რუსეთისა და ირანის ურთიერთობა ძლიერდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური დღეს, 9 ოქტომბერს, რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობაზე წერს.

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ბოლო წლებში რუსეთის პარტნიორობა ირანთან გაძლიერდა და დაჩქარდა რუსეთის უკრაინაში შეჭრით.

„საერთაშორისო იზოლაციამ აიძულა რუსეთი გადაეტანა თავისი საგარეო პოლიტიკური ძალისხმევა ადრე ნაკლებად სასურველი პარტნიორობისკენ დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის მოსაპოვებლად“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთისთვის განკუთვნილი ირანის სამხედრო დახმარება უკრაინასთან ომში მოიცავდა ასობით დრონსა და საარტილერიო საბრძოლო მასალებს. „ირანის უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის შორ მანძილზე დარტყმების კამპანიის ძირითადი ელემენტია უკრაინაში“ – აღნიშნავს დაზვერვა.

აქვე ვკითხულობთ, რომ რუსეთსა და ირანს შორის შეთანხმება გაფართოვდა და მოიცავს უპილოტო საფრენი აპარატების აწყობასა და წარმოებას რუსეთში.

ასევე, გააქტიურდა რუსეთ-ირანის დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირები.

დაზვერვა წერს, რომ ირანის ურთიერთობა რუსეთთან სავარაუდოდ გაღრმავდება დაგეგმილი ფორუმების საშუალებით.

ირანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთმა 2.76 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ირანში 2022-23 წლებში. „ეკონომიკური კავშირები დიდი ალბათობით გაღრმავდება, რადგან რუსეთი სანქციების შერბილებას ცდილობს“ – ასკვნის ბრიტანეთის დაზვერვა.

_____________

ფოტოზე: რუსეთის და ირანის პრეზიდენტები. ფოტო: EPA-EFE/MIKHAEL KLIMENTYEV

ახალ ბულვარში სკეიტპარკს აშენებენ

ბათუმის ახალ ბულვარში სკეიტპარკს ტენდერში გამარჯვებული შპს „ანაგი“ ააშენებს. ბათუმის ბულვარს კომპანიასთან ხელშეკრულება 3,1 მილიონ ლარზე აქვს გაფორმებული.

სამუშაოები უკვე დაწყებულია და ხელშეკრულების მიხედვით 2024 წლის 21 თებერვლამდე უნდა დასრულდეს.

ახალ ბულვარში სკეიტპარკის მშენებლობა დაიწყო / 7.10.2023

ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად თავდაპირველი ტენდერი ბულვარის ადმინისტრაციას 1 291 749 ლარით ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

სკეიტპარკის მოწყობაზე ხელახალი ტენდერი ბათუმის ბულვარმა 3 165 138 ლარით გამოაცხადა, რაც 1,8 მილიონი ლარით მეტი იყო წინა ტენდერის სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით. ბულვარის ადმინისტრაციაში მაშინ გვითხრეს, რომ მიიღეს დამატებითი რეკომენდაციები, მათ შორის მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციისგანაც და პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილება შეიტანეს.

კომპანია „ანაგთან“ ხელშეკრულება ზუსტად იმ თანხით გაფორმდა, რა თანხაც ტენდერში სავარაუდო ღირებულებად იყო დაფიქსირებული – 3 165 138 ლარი. შესყიდვების პორტალის მიხედვით ტენდერში მხოლოდ „ანაგი“ მონაწილეობდა.

გამწვანება სკეიტპარკისთვის შემოღობილ ტერიტორიაზე ახალ ბულვარში / 7.10.2023

სამშენებლო ტერიტორია ახალ ბულვარში, რომელიც დღეს შემოღობილია და მშენებლობა მიმდინარეობს, დაახლოებით 5 ათასი კვადრატული მეტრია. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი კი, გამწვანებულია.

ბულვარის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მშენებლობისთვის შემოსაზღვრული ტერიტორიიდან ნარგავების ნაწილი უკვე გადარგეს და ხე-მცენარეების გადარგვა საჭიროებისამებრ, პროექტის შესაბამისად გაგრძელდება.

ახალ ბულვარში სკეიტპარკის მშენებლობა დაწყებულია / 7.10.2023

უშუალოდ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაში თავის დროზე ბულვარს 106 ათას 200 ლარი აქვს გადახდილი.

ამავე თემაზე:

მფრინავი ბავშვები ბორბლებზე ბათუმის სკეიტპარკიდან [Video]

„ეს არ იქნება არჩევნები, ეს იქნება დანიშვნა“ – დირექტორების წერილი განათლების მინიტრს

საჯარო სკოლების ერთკანდიდატიან „არჩევნებს“ დირექტორების ნაწილი აპროტესტებს. რამდენიმე მათგანმა სერტიფიცირებული დირექტორების საინიციატივო ჯგუფის სახელით განათლების მინისტრს წერილობით მიმართა, სადაც ისინი დისკრიმინაციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ყველა სერტიფიცირებულ კანდიდატს არ ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

მათი თქმით, პრობლემაა ის, რომ სკოლებს არც არაფერი აქვთ ასარჩევი, რადგან ისედაც თითო კანდიდატია სკოლებში წარდგენილი და ამის ფონზე, სამინისტრო ცალკეულ კადრებს მაინც სკოლის გარეთ ტოვებს.

„ეს არ იქნება არჩევნები, ეს იქნება დანიშვნა“ – ამბობენ დირექტორები წერილში, რომელიც განათლების მინისტრს გაუგზავნეს.

განცხადებას ხელს აწერენ: დავით ფერაძე, ქეთი ცირეკიძე, მარი ქვრივიშვილი, თამილა ხარაბაძე, თამთა კვენეტაძე და ნათია იასაღაშვილი.

„ძალიან დიდია უსამართლობის განცდა, ძალიან მზარდია უკმაყოფილების ფონი.

მთელი სასკოლო საზოგადოება გაოგნებულია სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც მხოლოდ ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებს წარედგინებათ ასარჩევად მხოლოდ ზოგიერთი დირექტორობის კანდიდატი.

თქვენ სამართალმცოდნე ბრძანდებით და მოდი, ვაღიაროთ: ეს არ იქნებ არჩევა, ეს იქნება დანიშვნა.

სამინისტრომ სკოლების უდიდეს უმრავლესობაში მხოლოდ თითო კანდიდატი უნდა წარადგინოს, რაც გამორიცხავს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. არსებობს კონტრპასუხი: შეუძლიათ საერთოდ არ აირჩიონ თუნდაც ის ერთი. მაგრამ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს ასე არაა.

დღევანდელი შინაგანი თვითცენზურული კომპლექსის სიტუაციაში სამინისტროს მხრიდან თითო კანდიდატის წარდგენა მიანიშნებს სამეურვეოს საბჭოებისთვის ირიბ მითითებას, რომ აირჩიონ სწორედ ეს პირები, რადგან არ არჩევა აღიქმება სამინისტროს ნების წინააღმდეგ წასვლად.

ამომრჩეველი ფიქრობს, სამინისტროს რომ ეს კანდიდატი არ სურდეს, არც „გამოგვიგზავნიდა“. კიდევ ერთი მომენტია, რომც დაეშვას პრეცედენტი (და ზოგიერთ სკოლაში ალბათ, ასეც იქნება), რომ სამეურვეო საბჭოებმა შეძლონ შიშის დაძლევა და არ აირჩიონ სამინისტროს წარდგენილი კანდიდატები, მაშინ იყენებთ დისკრეციულ უფლებას და ვინც გნებავთ, მაინც დანიშნავთ“ – ნათქვამია დირექტორების განცხადებაში.

სკოლის დირექტორების აზრით, დისკრიმინაციულად დაირღვა დირექტორობის უფლების მქონე იმ პირთა უფლება, რომელთა ასარჩევად წარდგენის ვალდებულება ჰქონდა სამინისტროს, მაგრამ არსად არ წარადგინეს.

„კიდევ უფრო საგანგაშო სიტუაციაა იმ სკოლებთან მიმართებაში, სადაც დირექტორობის უფლების მქონე საერთოდ არც ერთი კანდიდატი არ წარდგენილა და თანამდებობა უვადოდ შეუნარჩუნდათ დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელ პირებს, მათ შორის ისეთებსაც, ვისაც ამის დოკუმენტური უფლება არ აქვს.

„დაბლოკილებიდან“, განსაკუთრებით მათ, ვინც წელს მიიღო დირექტორობის სერტიფიკატი, ერთი მხრივ, დირექტორობის უფლება მოგვანიჭა სახელმწიფომ და მეორე მხრივ, გადაგვიკეტა უფლების გამოყენება – ვიყოთ არჩეულნი. განა, ეს არ გააჩენდა უსამართლობის განცდას? განა, ლოგიკური არაა შეკითხვა, – „რა დავაშავეთ?“.

ამავდროულად, „უკანდიდატო“ სკოლებსაც წაერთვათ არჩევანის გაკეთების თავისუფლება და შესაძლებლობა“ – წერენ დირექტორები.

მათი თქმით, დირექტორობის უფლების მქონე პირთა ისედაც მცირე კონტინგენტის გამო, არც არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა სკოლას წარუდგინონ ახალი კანდიდატი. ამიტომ მათთვის ალოგიკურია, რატომ არ წარადგინა სამინისტრომ ის კანდიდატები სკოლებში, ვინც მოიპოვა სერტიფიკატი და აქვს უფლება, იყოს არჩეული დირექტორი.

„მაშინ, როცა ზოგიერთ სკოლაში თანამშრომლები მოქმედ დირექტორებს ამხელენ დარღვევებში და იქ მაინც მას მფარველობს ზოგიერთი „ზემდგომი“.

კიდევ ერთი დეტალი, საიდან იცოდა ზოგიერთმა წარდგენილმა კანდიდატმა ჯერ კიდევ თვეების წინ, რომ უეჭველად გახდებოდა დირექტორი და რომ მათ ადგილობრივი მმართველობების დონეზე ლობირებდნენ?

უფრო მეტიც, ისედაც გეცოდინებათ და რა აზრი აქვს დამალვას, სოციალურ ქსელებში საუბარი მიდის იმაზეც, რომ კანდიდატები შეირჩნენ პარტიული ნიშნით და რომ საკმარისი არ იყო ზეპარტიულობა ან არც ერთი პარტიის წევრობა და საჭირო იყო მმართველი პარტიის წევრობა. რომ წარდგენილი და დატოვებული დირექტორები იქნებიან „პარტიული საარჩევნო შტაბების უფროსები“ და ა.შ. არადა, ერთ-ერთ შეხვედრაზე გვითხარით, პარტიულ მიკუთვნებულობას ჩემთვის აზრი არ აქვსო.

ამ უკმაყოფილებისა და მზარდი დაძაბულობის პირობებში უდავოდ ყურადსაღებია ერთი გარემოება – „დაწუნებულთა კასტაში“ ანუ დირექტორებში არის ასეთი განცდა და ამ ეტაპზე ჩვენც ამ პოზიციაზე ვართ და გვაქვს დიდი იმედი, რომ რაც მოხდა, აქედან ბევრი რამ თქვენი გვერდის ავლით მოხდა, რადგან გაუგებარია, რატომ უნდა დაგჭირვებოდათ სამინისტროს იმიჯის შემლახავი ნაბიჯის გადადგმა“ – მიწერეს მინისტრს დირექტორებმა.

განცხადებაზე ხელმომწერი დირექტორები აცხადებენ, რომ მათ შექმნეს საინიციატივო ჯგუფი და დღეს, 9 ოქტომბერს, მინისტრთან შეხვედრას აპირებენ.

„ბათუმელებთან“ საუბარში წერილის ერთ-ერთმა ავტორმა, დავით ფერაძემ დასძინა, რომ თავადაც სერტიფიცირებულია, თუმცა სამინისტრომ იმ სკოლაში, რომელიც მას ჰქონდა მითითებული, არ წარადგინა.

„თბილისის 23-ე სკოლა მქონდა მითითებული, თუმცა არ წარმადგინეს. ვიღაც საჯარო მოხელის ცოლი წარადგინეს, როგორც მე ვიცი.

ზოგადად, რასაც ვაკვირდები, ვინც გარკვეული სამოქალაქო აქტივობებით გამოირჩეოდა, ის კანდიდატები დაბლოკეს. ამიტომ, როცა შევხვდებით დღეს განათლების მინისტრს, ალბათ იქ გაირკვევა, არის ჩვენი აქტივიზმი დაბლოკვის მიზეზი თუ არა“.

მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენენ როგორც მოქმედი დირექტორები, ასევე ის პირები, რომლებმაც ახლახან გაიარეს სერტიფიცირება, თუმცა სამინისტრომ ისინი არც ერთ სკოლაში არ წარადგინა.

_____________

მთავარი ფოტო: ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში მოითხოვენ მოქმედი დირექტორის დატოვებას/facebook

ამავე თემაზე: 

„დირექტორი ვიყავი და არა ოცნების აგიტატორი“ – არჩევნები 1 კანდიდატით და პროტესტი სკოლებში

ხაჭაპური ყველაზე ძვირი ბათუმშია – რა პროდუქტი გაძვირდა

ერთი სტანდარტული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ფასი 2023 წლის სექტემბერში 5.88 ლარი იყო. ISET-ის, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „ხაჭაპურის ინდექსის“ მონაცემებით, ხაჭაპურის ინგრედიენტები ყველაზე ძვირი ბათუმშია.

ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება ბათუმში 6.26 ლარს შეადგენს, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 7%-ით აღემატება.

ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი.

ISET-ის მონაცემებით, ფასის ცვლილება, მეტწილად, გასული ოთხი თვის – 2023 წლის ივნისი-სექტემბერი –  განმავლობაში ყველის ფასის 10.6%-იანი ზრდით აიხსნება.

„ტრადიციულად, შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, რძის პროდუქტების ფასები იზრდება, რადგან საჭირო ხდება ცხოველებისთვის საკვები დანამატების მიწოდება.

მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტების ფასებისა და ხაჭაპურის ინდექსის სეზონური ზრდა შეინიშნება, წლიურ ჭრილში ხაჭაპურის საშუალო ფასი 2022 წლის სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით 8.3%-ით დაბალია.

ფასების დინამიკის უფრო დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა, რომ 2022 წლის სექტემბერთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა ყველისა (-13.8%) და ფქვილის (-4.6%) ფასები. აღსანიშნავია, რომ გასული ზაფხულის გვალვამ საქართველოში ყველი და რძის პროდუქტები მნიშვნელოვნად გააძვირა, 2023 წლის იმავე პერიოდში კი, შედარებით ხელსაყრელმა ამინდის პირობებმა ფასების სტაბილიზაციას შეუწყო ხელი. გარდა ამისა, ხორბლის ფასმა 2022 წლის პიკთან შედარებით კლება აჩვენა,“ – აღნიშნულია ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავდროულად, „ხაჭაპურის ინდექსის“ ორი ძირითადი ინგრედიენტის ფასის შემცირებასთან ერთად, ყველა სხვა ინგრედიენტის ფასი წლიურ ჭრილში გაიზარდა: რძე [+3.8%], საფუარი [+10.9%]. კარაქი [+9.9%], კვერცხი [+4.1%].

თბილისში ერთი ხაჭაპურის მომზადება 5.66 ლარი ღირს. ISET-ის ცნობით, ყველაზე ძვირ – ბათუმი და ყველაზე იაფ – თბილისი ქალაქებს შორის ღირებულებაში 0.6 ლარის სხვაობა ტურისტული სეზონით აიხსნება, „რადგან ბათუმთან შედარებით თბილისი ტურისტებისთვის სექტემბრის პირველ ნახევარში ნაკლებად მიმზიდველია“.

რუსეთმა უკრაინას სექტემბერში 500 „შაჰედით“ დაარტყა

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი [SW] 8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს, რომ უკრაინა სერიოზულად უნდა მოემზადოს ზამთარში რუსეთის მხრიდან დრონების ინტენსიური თავდასხმისთვის.

ანალიტიკოსებს მოჰყავთ უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, პოლკოვნიკ იური იგნატის ციტატა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთმა ბოლო პერიოდში გაზარდა ირანული დრონების, „შაჰედების“ დარტყმების სიხშირე.

კერძოდ, იგნატის თქმით, რუსულმა ძალებმა გამოიყენეს 1000 „შაჰედი“ 2023 წლის გაზაფხულ-ზაფხულში და რეკორდული რაოდენობა – 500 დრონი, მხოლოდ ამავე წლის სექტემბერში.

იგნატმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ეტაპობრივად ანაცვლებს საბჭოთა საჰაერო თავდაცვის სისტემებს დასავლეთიდან მოწოდებული სისტემებით და აპირებს ამ სისტემების გამოყენებას უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების, პორტის ინფრასტრუქტურის, მარცვლეულის სილოსებისა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად ზამთარში რუსული დრონების თავდასხმებისგან.

ანალიტიკოსები გეოლოკაციურ კადრებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ უკრაინულმა ძალებმა განაგრძეს კონტრშეტევა ბახმუტის მახლობლად და 8 ოქტომბერს დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში ოდნავ დაწინაურდნენ.

ამავე დროს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები კუპიანსკი-სვატოვო-კრემინას ხაზის გასწვრივ და გავრცელებული ინფორმაციით, წინ წავიდნენ ზოგიერთ რაიონში.

დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში – დაიღუპა 2 ათასზე მეტი ადამიანი

ავღანეთში, ჰერატის პროვინციის სოფლებში, 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა 7 ოქტომბერს.

ბოლო ცნობების თანახმად, მიწისძვრის შედეგად 2 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, სასწრაფო დახმარების ჯგუფები ჯერ ისევ მუშაობენ იმისთვის, რომ ნანგრევებიდან ადამიანები გამოიყვანონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ მინიმუმ 465 სახლი სრულიად განადგურდა მიწისძვრის შედეგად. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა ათობით ოჯახი. დაზარალებულებს სჭირდებათ პირველადი დახმარება.

ავღანელი ბავშვი თავის სახლის ნანგრევებზე. ფოტო: EPA-EFE/SAMIULLAH POPAL

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 282 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350]
  • ტანკი – 4 823 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 9 126 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 6 706 ერთეული [+1]
  • MLRS – 808 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 543 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 190 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 530 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 113 ერთეული [+2]
  • სპეცტექნიკა – 959 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 487 თვითმფრინავი
  • 250 ვერტმფრენი
  • 7 649 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 425 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 161 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 692 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 949 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსებს შეუძლიათ სარაკეტო კრეისერის შეყვანა აფხაზეთში“ – რა საფრთხეა რუსული ბაზა 

შენობების იერსახის შენარჩუნება სავალდებულო არ არის – რა იგეგმება ძველ ბათუმში 200 მილიონად

ბათუმის ისტორიულ უბანში საქართველოს მთავრობას სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აქვს დაგეგმილი, თუმცა, რომელ ობიექტებზე – ამ დრომდე არ აკონკრეტებენ. პროექტით კი, სავალდებულო არ არის ობიექტების არსებული იერსახის შენარჩუნება და „საჭიროების შემთხვევაში“ ის შესაძლოა განაახლონ. სამუშაოებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ძველ ბათუმში „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში“ სამუშაოების ჩატარებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება შპს „საბა კონსტრაქშენთან“ გააფორმა.

სახელშეკრულებო თანხა 200 მილიონი ლარია, საიდანაც 60 მილიონი ლარი კომპანიას ავანსად უკვე გადაურიცხეს.

რა სამუშაოები იგეგმება ძველ ბათუმში და კონკრეტულად რისთვის გადაურიცხეს კონტრაქტორს 60 მილიონი ლარი ავანსად? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ მუნიციპალური განვითარების ფონდს დაუსვა, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ჩვენს ზარებს კომპანია „საბა კონსტრაქშენში“ კი, არ უპასუხეს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ტექნიკური დავალება გულისხმობს კონკრეტული „ლოკაციის ესკიზის/კონცეფციის შემუშავებას, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას და ესკიზისა და პროექტით განსაზღვრული სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას“.

ამასთან:

  • „ლოკაციების რეაბილიტაციის მიზნით ესკიზის შემუშავების დროს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ რეგიონის მახასიათებელი ნიშნებისა და კულტურული თავისებურებების შენარჩუნება/გათვალისწინება და ესკიზში ასახვა, რომელ რეგიონსაც განეკუთვნება წარმოდგენილი ლოკაციები.
  • დავალება არ გულისხმობს ობიექტების არსებული იერსახის სავალდებულოდ შენარჩუნებას.
  • მიმწოდებელი ვალდებულია, ესკიზების მომზადებისას, გაითვალისწინოს სარეაბილიტაციო ობიექტების იერსახის განახლება [საჭიროების შემთხვევაში], ამ ობიექტების ფუნქციური დანიშნულების, ისტორიული ან/და კულტურული თავისებურებების და არქიტექტურის თანამედროვე/ინოვაციური მიდგომების შესაბამისად.“

ძველ ბათუმში კონკრეტულად რომელ ობიექტებს შეეხება მთავრობის პროგრამა, ამ დრომდე არ საჯაროვდება.

„საუბარია ძველ ბათუმზე, თუმცა კონკრეტული ქუჩები და ლოკაციები პროექტირების ეტაპზე დაზუსტდება“ – გვითხრეს დაახლოებით 2 თვის წინ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

განახლება: აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან წერილობითაც გამოითხოვა. ფონდმა კი, პასუხად, მთავრობის განკარგულების [როგორც პროგრამა] და კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლები მოგვაწოდა, სადაც არ არის დეტალური ინფორმაცია, კონკრეტულად რა სამუშაოები უნდა შესრულდეს და რომელ ობიექტებზე – ჩვენს შემთხვევაში – ბათუმში.

  • „ამ ეტაპზე კონტრაქტორი კომპანიის მიერ მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რომლის დასრულების შემდგომ დადგინდება სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტების ნუსხა“ – მოგვწერეს ფონდიდან 2023 წლის 23 ოქტომბერს.

ფონდისგან ასევე ვითხოვდით ინფორმაციას „შეთანხმებულია თუ არა „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამით“ ბათუმში დაგეგმილი სამუშაოები ბათუმის მერიასთან? აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან? საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან? [გთხოვთ მოგვაწოდოთ ამ უწყებების წერილების ასლები, რომლებიც აღნიშნულ პროგრამას ეხება].“

აღნიშნულთან დაკავშირებით ფონდიდან მხოლოდ ეს მოგვწერეს:

  • „გაცნობებთ, რომ სამუშაოები, დადგენილი წესით შეთანხმებულია ყველა შესაბამის უწყებასთან.“

მთავრობის 2023 წლის 20 აპრილის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ პროგრამის ფარგლებში „პროექტ(ებ)ი შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის, ისე – კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.“

მთავრობის 2023 წლის ივლისის განკარგულებით კი, ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტ[ებ]ი „განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტ[ებ]ად“ განისაზღვრა.

ძველი ბათუმი / 8.10.2023

„ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ქალაქ ბათუმში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულებაზე“ ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, მხოლოდ ერთი კომპანია [„საბა კონსტრაქშენ“] მონაწილეობდა.

ტენდერის პირობაში მითითებულია სამუშაოების შესრულების საერთო ვადაც – „ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წელი“, თუმცა გარკვეული სამუშაოებისთვის ცალკე ვადებია განსაზღვრული.

ამავე თემაზე:

რატომ შემოღობეს ბათუმში გმირთა ხეივანი

„დაისაჯონ ზონდერი პოლიციელები, მოვითხოვთ დამოუკიდებელ სასამართლოს“ – აქცია ბათუმში

ბათუმში დღეს, 8 ოქტომბერს, აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა გააპროტესტეს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი კარვების შეზღუდვასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო იმ პოლიციელების დასჯა, „რომლებიც ძალადობენ მოქალაქეებზე და ბოროტად სარგებლობენ თავიანთი უფლებამოსილებით“; ასევე, ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება.

აქცია ბათუმში / 8.10.2023

თავდაპირველად აქციის მონაწილეები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და  მსვლელობით გადაინაცვლეს ჯერ აჭარის უმაღლესი საბჭოს, შემდეგ კი – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან.

„აქ ვარ, რადგან თავად ვარ ზონდერი პოლიციელებისგან დაზარალებული, ნაწამები და სიკვდილისპირას მიყვანილი. ეს ჩაიდინა ხელვაჩაურის პოლიციამ იმის გამო, რომ ვამხილეთ მერი და მისი დამცველი დეპუტატები, რის გამოც მე და ჩემი მეგობარი დაგვაკავეს. ვუერთდებით დღევანდელ ამ პროტესტს ჩვენც და ყველა აქ უნდა იყოს.

სასამართლოსთან ვიყავით პირველად იმიტომ, რომ შეკერილი თუ ჩადებული საქმეების ბოლო კვანძი, რომელიც ამ ქმედებების გამართლებას ახორციელებს, სასამართლოა და გვინდა, რომ სასამართლო იყოს ობიექტური და სამართლიანი“, – გვითხრა აქციის მონაწილემ, თორნიკე ქავთარაძემ.

აქცია ბათუმში / 8.10.2023

„ჩემი პროტესტია, რომ უკანონოდ მეზღუდება საადვოკატო საქმიანობის უფლება. მოგეხსენებათ, დაცვის უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, აირჩიოს ადვოკატი.

ვაპროტესტებთ კანონს კარვების შესახებ, რადგან ნებისმიერ მოქალაქეს აქვს პროტესტის გამოთქმის უფლება კარვით თუ სხვა სახით [რა თქმა უნდა, კანონის ჩარჩოში] და ამ კანონით იზღუდება საქართველოს მოქალაქეების პროტესტის უფლება. მოვითხოვთ, დამნაშავე პოლიციელების დასჯას, რომლებიც ძალადობენ მოქალაქეებზე და იყენებენ მათ უფლებამოსილებას ბოროტად.

ყველა მიღებული უსამართლო კანონი იმის წინაპირობაა, რომ შემდგომში უარესი და კიდევ უფრო უსამართლო კანონი მიიღონ. თუ ჩვენ ახლა ამას არ გავაპროტესტებთ, ხვალ კიდევ უფრო შეზღუდავენ ჩვენს უფლებებს. ეს იქნება პროფესიული საქმიანობის უფლება თუ სხვა“, – გვითხრა ზაზა პაპიძემ, რომელმაც რამდენჯერმე სიტყვითაც მიმართა აქციის მონაწილეებს.

აქციის მონაწილეები ბათუმში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოფისთან / 8.10.2023

„ეს ადამიანები აპროტესტებენ იმას, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში ხელისუფლება უფრო ხშირად და ადვილად ახერხებს დემოკრატიული საზოგადოების საქმიანობის ჩახშობას და ეს არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა აქციაზე თამაზ ბაკურიძემ, ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა.

მონაწილეებმა მორიგი აქციაც დააანონსეს – 2023 წლის 22 ოქტომბერს, დღის 12:00 საათზე, ბათუმის სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებასთან: „გავაპროტესტებთ პატიმრებისადმი უკანონო მოქცევას“.
Exit mobile version