მდინარე აჭარისწყალზე მდებარე რკინის ხიდის სარეაბილიტაციო პროექტის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა.
აღნიშნული ხიდი, რომელიც დღეს უფუნქციოა, მე-19 საუკუნის დასაწყისშია აგებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
ნაგებობა, რომლის სიგრძე 50,3 მეტრია, საავტომობილო ხიდად არც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შემდეგ განიხილება.
„ის წარმოადგენდა საავტომობილო ხიდს, ცალმხრივი მოძრაობით. მიმდინარე ეტაპზე ფუნქციურად არაა დატვირთული. პროექტის ძირითადი მიზანია არსებული ხიდის ისტორიულ-ტექნიკური ღირებულებების შენარჩუნება; უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ობიექტის აღდგენა-გამაგრება; ახალი ფუნქციით გამოყენება; განახლებული ობიექტის ჩართვა ტურისტულ-სანახაობით ნუსხაში. საინჟინრო ნაგებობა საავტომობილო ხიდად არ განიხილება“ – აღნიშნულია საკონკურსო დავალებაში.
საკონკურსო დავალების მიხედვით:
- „დამგეგმავმა ძირითადი აქცენტი უნდა გადაიტანოს საინჟინრო ნაგებობის რეაბილიტაცია-აღდგენაზე და ახალი გამოწვევების საფუძველზე მის ფუნქციურ დატვირთვაზე.
- ობიექტის გეგმარებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრის გეგმარებითი ელემენტები (ადმინისტრირება, პარკირება, საინჟინრო-კომუნალურ ქსელებთან კავშირი და სხვა).
- საპროექტო ობიექტისათვის ახალი ფუნქციის მინიჭების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დაიგეგმოს საგამოფენო-საინსტალაციო სივრცე, რომელშიც ასახული იქნება აჭარისწყლის სოფლების, ლიგანისა და მაჭახლის ხეობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ღირებულებები და იქნება დროებითი გამოფენებისა და ინსტალაციების მოწყობის შესაძლებლობა.
- შესაძლებელია დაიგეგმოს გადასახედი ბაქანი.
- ობიექტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ელექტრომომარაგებით. უნდა დამუშავდეს ღამის მინათებების კონცეფცია.
- უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა დაიგეგმოს აუცილებელი ღონისძიებები, უნდა აღიჭურვოს ვიდეოკონტროლის სისტემებით. საპროექტო დოკუმეტაცია უნდა დამუშავდეს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სამშენებლო ობიექტის კლასზე წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად.
- საინჟინრო ნაგებობის ბურჯებს უნდა ჩაუტარდეს კვლევა. საჭიროების შემთხვევაში უნდა დაიგეგმოს მისი გამაგრების ღონისძიებები.
- გამოკვლეულ უნდა იქნას ლითონის ხიდის სივრცული კონსტრუქციის დეტალების ამტანუნარიანობა და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაიგეგმოს ლითონის ელემენტების შეცვლა-გამაგრება არსებული კონსტრუქციის ხასიათის დაცვით.“
„ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყლის ტერიტორიაზე არსებული ლითონის ხიდის რეკონსტრუქცია – რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე“ აჭარის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში წინადადებების მიღება 2023 წლის 5 ნოემბერს დაიწყება და 10 ნოემბერს დასრულდება.
კონკურსი სამინისტროს 80 ათას 338 ლარით აქვს გამოცხადებული.
პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა მოამზადოს. ამ დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ გაირკვევა, რა სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს ხიდს და რა ფასად.

რკინის ხიდი მდინარე აჭარისწყალზე / ფოტო კულტურული მემკვიდრეობის პორტალიდან
აჭარისწყალზე, რკინის ხიდის გვერდით, შედარებით ახალი სამანქანო ხიდია. ბათუმი-ახალციხის მაგისტრალიდან ამ ხიდზე გადასვლით გზას მაჭახლის ხეობისკენ მივყავართ, სადაც კიდევ ერთი ასეთივე რკინის ხიდი შეგხვდებათ მდინარე მაჭახლისწყალზე.
ეს ხიდიც უფუნქციოა და მასც ძეგლის სტატუსი აქვს.
მაჭახელას რკინის ხიდს და რიყეთის საგზაოს სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა