ერთი სტანდარტული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ფასი 2023 წლის სექტემბერში 5.88 ლარი იყო. ISET-ის, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „ხაჭაპურის ინდექსის“ მონაცემებით, ხაჭაპურის ინგრედიენტები ყველაზე ძვირი ბათუმშია.
ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება ბათუმში 6.26 ლარს შეადგენს, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 7%-ით აღემატება.
ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. „ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი.
ISET-ის მონაცემებით, ფასის ცვლილება, მეტწილად, გასული ოთხი თვის – 2023 წლის ივნისი-სექტემბერი – განმავლობაში ყველის ფასის 10.6%-იანი ზრდით აიხსნება.
„ტრადიციულად, შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, რძის პროდუქტების ფასები იზრდება, რადგან საჭირო ხდება ცხოველებისთვის საკვები დანამატების მიწოდება.
მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტების ფასებისა და ხაჭაპურის ინდექსის სეზონური ზრდა შეინიშნება, წლიურ ჭრილში ხაჭაპურის საშუალო ფასი 2022 წლის სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით 8.3%-ით დაბალია.
ფასების დინამიკის უფრო დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა, რომ 2022 წლის სექტემბერთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა ყველისა (-13.8%) და ფქვილის (-4.6%) ფასები. აღსანიშნავია, რომ გასული ზაფხულის გვალვამ საქართველოში ყველი და რძის პროდუქტები მნიშვნელოვნად გააძვირა, 2023 წლის იმავე პერიოდში კი, შედარებით ხელსაყრელმა ამინდის პირობებმა ფასების სტაბილიზაციას შეუწყო ხელი. გარდა ამისა, ხორბლის ფასმა 2022 წლის პიკთან შედარებით კლება აჩვენა,“ – აღნიშნულია ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავდროულად, „ხაჭაპურის ინდექსის“ ორი ძირითადი ინგრედიენტის ფასის შემცირებასთან ერთად, ყველა სხვა ინგრედიენტის ფასი წლიურ ჭრილში გაიზარდა: რძე [+3.8%], საფუარი [+10.9%]. კარაქი [+9.9%], კვერცხი [+4.1%].
თბილისში ერთი ხაჭაპურის მომზადება 5.66 ლარი ღირს. ISET-ის ცნობით, ყველაზე ძვირ – ბათუმი და ყველაზე იაფ – თბილისი ქალაქებს შორის ღირებულებაში 0.6 ლარის სხვაობა ტურისტული სეზონით აიხსნება, „რადგან ბათუმთან შედარებით თბილისი ტურისტებისთვის სექტემბრის პირველ ნახევარში ნაკლებად მიმზიდველია“.