განათლება,მთავარი,სიახლეები

„ეს არ იქნება არჩევნები, ეს იქნება დანიშვნა“ – დირექტორების წერილი განათლების მინიტრს

09.10.2023 • 3509
„ეს არ იქნება არჩევნები, ეს იქნება დანიშვნა“ – დირექტორების წერილი განათლების მინიტრს

საჯარო სკოლების ერთკანდიდატიან „არჩევნებს“ დირექტორების ნაწილი აპროტესტებს. რამდენიმე მათგანმა სერტიფიცირებული დირექტორების საინიციატივო ჯგუფის სახელით განათლების მინისტრს წერილობით მიმართა, სადაც ისინი დისკრიმინაციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ყველა სერტიფიცირებულ კანდიდატს არ ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

მათი თქმით, პრობლემაა ის, რომ სკოლებს არც არაფერი აქვთ ასარჩევი, რადგან ისედაც თითო კანდიდატია სკოლებში წარდგენილი და ამის ფონზე, სამინისტრო ცალკეულ კადრებს მაინც სკოლის გარეთ ტოვებს.

„ეს არ იქნება არჩევნები, ეს იქნება დანიშვნა“ – ამბობენ დირექტორები წერილში, რომელიც განათლების მინისტრს გაუგზავნეს.

განცხადებას ხელს აწერენ: დავით ფერაძე, ქეთი ცირეკიძე, მარი ქვრივიშვილი, თამილა ხარაბაძე, თამთა კვენეტაძე და ნათია იასაღაშვილი.

„ძალიან დიდია უსამართლობის განცდა, ძალიან მზარდია უკმაყოფილების ფონი.

მთელი სასკოლო საზოგადოება გაოგნებულია სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც მხოლოდ ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებს წარედგინებათ ასარჩევად მხოლოდ ზოგიერთი დირექტორობის კანდიდატი.

თქვენ სამართალმცოდნე ბრძანდებით და მოდი, ვაღიაროთ: ეს არ იქნებ არჩევა, ეს იქნება დანიშვნა.

სამინისტრომ სკოლების უდიდეს უმრავლესობაში მხოლოდ თითო კანდიდატი უნდა წარადგინოს, რაც გამორიცხავს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. არსებობს კონტრპასუხი: შეუძლიათ საერთოდ არ აირჩიონ თუნდაც ის ერთი. მაგრამ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს ასე არაა.

დღევანდელი შინაგანი თვითცენზურული კომპლექსის სიტუაციაში სამინისტროს მხრიდან თითო კანდიდატის წარდგენა მიანიშნებს სამეურვეოს საბჭოებისთვის ირიბ მითითებას, რომ აირჩიონ სწორედ ეს პირები, რადგან არ არჩევა აღიქმება სამინისტროს ნების წინააღმდეგ წასვლად.

ამომრჩეველი ფიქრობს, სამინისტროს რომ ეს კანდიდატი არ სურდეს, არც „გამოგვიგზავნიდა“. კიდევ ერთი მომენტია, რომც დაეშვას პრეცედენტი (და ზოგიერთ სკოლაში ალბათ, ასეც იქნება), რომ სამეურვეო საბჭოებმა შეძლონ შიშის დაძლევა და არ აირჩიონ სამინისტროს წარდგენილი კანდიდატები, მაშინ იყენებთ დისკრეციულ უფლებას და ვინც გნებავთ, მაინც დანიშნავთ“ – ნათქვამია დირექტორების განცხადებაში.

სკოლის დირექტორების აზრით, დისკრიმინაციულად დაირღვა დირექტორობის უფლების მქონე იმ პირთა უფლება, რომელთა ასარჩევად წარდგენის ვალდებულება ჰქონდა სამინისტროს, მაგრამ არსად არ წარადგინეს.

„კიდევ უფრო საგანგაშო სიტუაციაა იმ სკოლებთან მიმართებაში, სადაც დირექტორობის უფლების მქონე საერთოდ არც ერთი კანდიდატი არ წარდგენილა და თანამდებობა უვადოდ შეუნარჩუნდათ დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელ პირებს, მათ შორის ისეთებსაც, ვისაც ამის დოკუმენტური უფლება არ აქვს.

„დაბლოკილებიდან“, განსაკუთრებით მათ, ვინც წელს მიიღო დირექტორობის სერტიფიკატი, ერთი მხრივ, დირექტორობის უფლება მოგვანიჭა სახელმწიფომ და მეორე მხრივ, გადაგვიკეტა უფლების გამოყენება – ვიყოთ არჩეულნი. განა, ეს არ გააჩენდა უსამართლობის განცდას? განა, ლოგიკური არაა შეკითხვა, – „რა დავაშავეთ?“.

ამავდროულად, „უკანდიდატო“ სკოლებსაც წაერთვათ არჩევანის გაკეთების თავისუფლება და შესაძლებლობა“ – წერენ დირექტორები.

მათი თქმით, დირექტორობის უფლების მქონე პირთა ისედაც მცირე კონტინგენტის გამო, არც არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა სკოლას წარუდგინონ ახალი კანდიდატი. ამიტომ მათთვის ალოგიკურია, რატომ არ წარადგინა სამინისტრომ ის კანდიდატები სკოლებში, ვინც მოიპოვა სერტიფიკატი და აქვს უფლება, იყოს არჩეული დირექტორი.

„მაშინ, როცა ზოგიერთ სკოლაში თანამშრომლები მოქმედ დირექტორებს ამხელენ დარღვევებში და იქ მაინც მას მფარველობს ზოგიერთი „ზემდგომი“.

კიდევ ერთი დეტალი, საიდან იცოდა ზოგიერთმა წარდგენილმა კანდიდატმა ჯერ კიდევ თვეების წინ, რომ უეჭველად გახდებოდა დირექტორი და რომ მათ ადგილობრივი მმართველობების დონეზე ლობირებდნენ?

უფრო მეტიც, ისედაც გეცოდინებათ და რა აზრი აქვს დამალვას, სოციალურ ქსელებში საუბარი მიდის იმაზეც, რომ კანდიდატები შეირჩნენ პარტიული ნიშნით და რომ საკმარისი არ იყო ზეპარტიულობა ან არც ერთი პარტიის წევრობა და საჭირო იყო მმართველი პარტიის წევრობა. რომ წარდგენილი და დატოვებული დირექტორები იქნებიან „პარტიული საარჩევნო შტაბების უფროსები“ და ა.შ. არადა, ერთ-ერთ შეხვედრაზე გვითხარით, პარტიულ მიკუთვნებულობას ჩემთვის აზრი არ აქვსო.

ამ უკმაყოფილებისა და მზარდი დაძაბულობის პირობებში უდავოდ ყურადსაღებია ერთი გარემოება – „დაწუნებულთა კასტაში“ ანუ დირექტორებში არის ასეთი განცდა და ამ ეტაპზე ჩვენც ამ პოზიციაზე ვართ და გვაქვს დიდი იმედი, რომ რაც მოხდა, აქედან ბევრი რამ თქვენი გვერდის ავლით მოხდა, რადგან გაუგებარია, რატომ უნდა დაგჭირვებოდათ სამინისტროს იმიჯის შემლახავი ნაბიჯის გადადგმა“ – მიწერეს მინისტრს დირექტორებმა.

განცხადებაზე ხელმომწერი დირექტორები აცხადებენ, რომ მათ შექმნეს საინიციატივო ჯგუფი და დღეს, 9 ოქტომბერს, მინისტრთან შეხვედრას აპირებენ.

„ბათუმელებთან“ საუბარში წერილის ერთ-ერთმა ავტორმა, დავით ფერაძემ დასძინა, რომ თავადაც სერტიფიცირებულია, თუმცა სამინისტრომ იმ სკოლაში, რომელიც მას ჰქონდა მითითებული, არ წარადგინა.

„თბილისის 23-ე სკოლა მქონდა მითითებული, თუმცა არ წარმადგინეს. ვიღაც საჯარო მოხელის ცოლი წარადგინეს, როგორც მე ვიცი.

ზოგადად, რასაც ვაკვირდები, ვინც გარკვეული სამოქალაქო აქტივობებით გამოირჩეოდა, ის კანდიდატები დაბლოკეს. ამიტომ, როცა შევხვდებით დღეს განათლების მინისტრს, ალბათ იქ გაირკვევა, არის ჩვენი აქტივიზმი დაბლოკვის მიზეზი თუ არა“.

მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენენ როგორც მოქმედი დირექტორები, ასევე ის პირები, რომლებმაც ახლახან გაიარეს სერტიფიცირება, თუმცა სამინისტრომ ისინი არც ერთ სკოლაში არ წარადგინა.

_____________

მთავარი ფოტო: ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში მოითხოვენ მოქმედი დირექტორის დატოვებას/facebook

ამავე თემაზე: 

„დირექტორი ვიყავი და არა ოცნების აგიტატორი“ – არჩევნები 1 კანდიდატით და პროტესტი სკოლებში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: