განათლება,მთავარი,სიახლეები

„დირექტორი ვიყავი და არა ოცნების აგიტატორი“ – არჩევნები 1 კანდიდატით და პროტესტი სკოლებში

06.10.2023 • 2202
„დირექტორი ვიყავი და არა ოცნების აგიტატორი“ – არჩევნები 1 კანდიდატით და პროტესტი სკოლებში

განათლების სამინისტრომ იმ საჯარო სკოლების სია გამოაქვეყნა, სადაც ახალ დირექტორებს წარადგენენ.

საქართველოს რამდენიმე სკოლაში უკვე გააპროტესტეს ერთკანდიდატიანი არჩევნები და აქციებიც გამართეს.

„ბათუმელები“ იმ სკოლების დირექტორებს ესაუბრა, სადაც ბავშვები და მასწავლებლები მოქმედ დირექტორებს უჭერენ მხარს და უარს ამბობენ ერთკანდიდატიან არჩევნებში მონაწილეობაზე.

მაგალითად, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა მხარს უჭერს მოქმედ დირექტორს და აქციას აანონსებს მის მხარდასაჭერად.

სკოლას განცხადება ფეისბუქშიც აქვს გამოქვეყნებული, სადაც წერია, რომ მათ აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და სამინისტრო არ უნდა წყვეტდეს ვინ იქნება დირექტორი.

ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე.

„ჯერჯერობით ვასრულებ მოვალეობას, ჩემ საქმეს ვაკეთებ და ველოდებით, რომ დაანონსდება არჩევნები და რა მოხდება ამ არჩევნებზე, არავინ არ იცის. ან დაუჭერს სამეურვეო საბჭო ახალ კანდიდატს მხარს, ან არა.

თუმცა, ამ ეტაპისთვის მასწავლებლები და მოსწავლეები გამოხატავენ თავიანთ პოზიციას და მე მიჭერენ მხარს და აქვთ კითხვები, თუ რატომ არ წარადგინა სამინისტრომ ჩემი კანდიდატურა.

ხომ შეიძლება, რომ ორი კანდიდატი ყოფილიყო წარდგენილი? თუმცა სამინისტრომ სკოლას არ მისცა არჩევანის შესაძლებლობა“, – ამბობს ტარიელ კალანდაძე.

რატომ არ წარადგინა თქვენი კანდიდატურა სამინისტრომ, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? – ვკითხეთ ტარიელ კალანდაძეს. იგი ამბობს, რომ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„ეჭვების და ვარაუდების დონეზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ წარდგენილი კანდიდატი ხათუნა ლომთაძე, რომელიც ამავე სკოლის ქართულის მასწავლებელია, ურეკავს სხვა მასწავლებლებს და ეუბნება, რომ მისი დირექტორად განწესების საკითხი უკვე გადაწყვეტილია, რომ აზრი არ აქვს მათ ვნებათაღელვას. საიდან იცის, რომ უკვე გადაწყვეტილია?!

მე არ მაქვს დაძაბული ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ამიტომ ზუსტად იმასაც ვერ გეტყვით, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო“, – გვეუბნება ტარიელ კალანდაძე.

იგი ამბობს, რომ სხვა სკოლა მითითებული არ ჰქონდა, მხოლოდ ერთი სკოლა მიუთითა არჩევანში.

„მასწავლებლებმა მთხოვეს, რომ რადგან ახლა სკოლები დიდი გამოწვევის წინაშე არიან და ავტორიზაციის პროცესი აქვთ გასავლელი, დავრჩენილიყავი ამ სკოლაში, რადგან დირექტორობის გარდა, მე ვარ ხარისხის მართვის ექსპერტი და სკოლებს ვეხმარები ამ მიმართულებით.

რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი შინაგანი პროტესტი ამ არჩევნების გამო, რადგან ოზურგეთში მხოლოდ ჩემი კანდიდატურა არ წარადგინეს, სხვა ყველა გაუშვეს, მაგრამ მე ვრჩები სკოლაში, მასწავლებელი ვარ და ამ სკოლისთვის მაინც ბევრ რამეს გავაკეთებ“, – გვეუბნება ტარიელ კალანდაძე.

სკოლის დირექტორის არჩევნებს პოლიტიკურს უწოდებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი დიმონ არახამია. მისი აზრით, სამინისტრომ მისი კანდიდატურა მხოლოდ იმიტომ არ წარუდგინა სკოლებს, რომ არჩევნებზე მმართველი პარტიის მითითებებს არ ასრულებდა.

„მე ორჯერ არჩეული დირექტორი ვარ და არ მქონდა ამ სკოლაში წარდგენის უფლება, მაგრამ სხვა სკოლაც მქონდა მითითებული, თუმცა არც იქ წარმადგინეს.

ეს გააპროტესტეს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმაც.

მე სკოლის დირექტორი ვიყავი და არა „ოცნების“ აგიტატორი. ამათ კი უნდოდათ ისეთი დირექტორი, რომელიც თან „ოცნების“ აგიტატორია. მე ყოველთვის ჩემი საკუთარი აზრი მქონდა. საერთოდ არ ვაპირებდი არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ მინდოდა ერთგვარი ტესტი ჩამეტარებინა ხელისუფლებისთვის და ვნახეთ კიდეც, რომ მე მათთვის ვარ მიუღებელი პოლიტიკური ნიშნით.

კანდიდატი, რომელიც ჩემ სკოლაში წარადგინეს, „ოცნების“ მხარდამჭერია – თვითონაც და მისი ოჯახიც და ალბათ ხელისუფლებას ჰგონია, რომ თუ ის იქნება დირექტორი, ყველა მასწავლებელი იმუშავებს მათ სასარგებლოდ. უსამართლობის პიკია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის ღირსება უმთავრესია და არასდროს ვიკადრებ, რომ მასწავლებელს ან მშობელს ვუკარნახო, რომელ პარტიას მისცეს ხმა“, – გვეუბნება დიმონ არახამია.

მისი აზრით, ეს კომუნისტური „არჩევნებია“, სადაც რეალურად არავის აქვს არჩევანის უფლება.

„მაგრამ ჩემთვის მთავარია სკოლა და ბავშვები იყვნენ წარმატებული. მე სამოქალაქოს მასწავლებელი ვარ და ბავშვებს ვასწავლი, რომ საკუთარი აზრი უნდა ჰქონდეთ და თუ უსამართლობას ხედავენ, უნდა გააპროტესტონ. ეს არის ჩემთვის პრიორიტეტი და არა დირექტორობა.

უბრალოდ, გული მწყდება, რომ სხვა სკოლაშიც არ წარმადგინეს და უარი მითხრეს“, – ამბობს დიმონ არახამია.

კიდევ ერთი დირექტორი, რომელიც არცერთ სკოლაში არ წარადგინა სამინისტრომ, სულხან ჯიჯელავაა, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახუთის თემის პირველ სკოლაში მუშაობს.

„მე სერტიფიცირებული დირექტორი ვარ და მხოლოდ ერთი სკოლა მქონდა მითითებული – ის, სადაც ახლა ვმუშაობ.

რატომ არ წარმადგინეს, ვერ გეტყვით. მიზანს და მიზეზს შორის რომ აცდენაა, ფაქტია. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – გვითხრა მან.

ახუთის საჯარო სკოლაში ბავშვები დღეს საგაკვეთილო პროცესს არ დაესწრნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოქმედ დირექტორს უჭერენ მხარს. თუმცა, მიაღწევს თუ არა სკოლა შედეგს, ეს არჩევნების დღეს გამოჩნდება.

რაც შეეხება ბათუმის საჯარო სკოლებს, აქ 16 საჯარო სკოლაშია დირექტორობის კანდიდატი წარდგენილი. თუმცა, როგორც რესურსცენტრში გვეუბნებიან, ფაქტობრივად ყველა სკოლაში უკვე მოქმედი დირექტორის კანდიდატურაა წარდგენილი და არჩევნები აქაც ერთი კანდიდატით წარიმართება.

ქედაში 8 სკოლაში უნდა აირჩიონ ახალი დირექტორი, ქობულეთში – 15 სკოლაში, შუახევში – 7 სკოლაში, ხელვაჩაურში – 18 სკოლაში და ხულოში – 12 სკოლაში.

____________

მთავარ ფოტოზე: საპროტესტო აქცია ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის წინ/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: