28 წლის კაცმა 14 წლის ბავშვი გაიტაცა, შემდეგ კი მოკლა. შემთხვევა გუშინ, 6 ოქტომბერს მოხდა საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში.
როგორც ითქვა, ბრალდებული 14 წლის ბავშვს აიძულებდა მისი ცოლი გამხდარიყო.
კანონის შესაბამისად, 14 წლის ბავშვი ვერ იქნება მეუღლე, ცოლი, შესაბამისად, ბავშვის ჯერ გატაცებას და შემდეგ მკვლელობას დამნაშავე მხარეები ჰყავს.
ვის უნდა დაეცვა არასრულწლოვანი და რატომ არ იმოქმედა პოლიციამ მყისიერად ბავშვის გადასარჩენად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ იურისტ, უფლებადამცველ გოგა ხატიაშვილს ესაუბრა, რომელიც ადრე შს სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოსაც ხელმძღვანელობდა.
გოგა ხატიაშვილის თქმით, 14 წლის ბავშვის მკვლელობის საქმემ კარგად აჩვენა სახელმწიფოს უუნარობა – დროულად გამოავლინოს და აღკვეთოს მსგავსი შემთხვევები.
ძალადობის მსხვერპლი გოგონას საქმე, ასევე კარგად აჩვენებს თუ რამდენად სუსტი კოორდინაცია არსებობს სახელმწიფო უწყებებს შორის.
რამდენი დამნაშავე ჰყავს ამ საქმეს და ვინ შეიძლება იყვნენ ეს პირები?
გოგა ხატიაშვილის თქმით, ეს დანაშაული არ შეიძლება მხოლოდ იმ პირის პასუხისმგებლობით შემოიფარგლოს, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა.
„პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირებსაც, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას ბავშვზე ძალადობის შესახებ, ჰქონდათ ვალდებულება, რომ შეტყობინება გაეკეთებინათ პოლიციაში, თუმცა ეს არ გააკეთეს.
ამ პირებში მოვიაზრებ როგორც ბავშვის ოჯახის წევრებს, ასევე მეზობლებს, ახლობლებს და რა თქმა უნდა, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს.
საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს, სკოლას, მანდატურის სამსახურს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, – ყველა იმ პირს, რომლებსაც აქვთ პირდაპირი ვალდებულება, ხელი შეუწყონ ძალადობის ფაქტების გამოვლენას და გადამისამართებას პოლიციაში“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
მისი თქმით, შესაძლებელია გამოიკვეთოს სამსახურებრივი გულგრილობის საკითხიც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ვისაც რეაგირების ვალდებულება აკისრია ასეთ ფაქტებზე. „ამიტომ მთავარია გაირკვეს, იცოდა და თუ არა რეაგირებაზე პასუხისმგებელმა პირმა ამ შემთხვევის შესახებ.
როგორც ვიცით, ბავშვის მკვლელობამდე ამ ამბავს წინ უძღოდა სხვა ტიპის დანაშაული, როგორიც არის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ასევე, გაუპატიურება. თუ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო, მაგალითად შს სამინისტროსთვის, მათ ევალებოდათ რეაგირება“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
მას ვკითხეთ, თუ პოლიციამ განაცხადა, რომ შეტყობინება არ შესულა ბავშვის გატაცებაზე, ეს ათავისუფლებს თუ არა სამართალდამცავებს პასუხისმგებლობისგან.
როგორც გოგა ხატიაშვილი განმარტავს, სამართალდამცავი უწყებების მოქმედებას სხვადასხვა კომპონენტი აქვს.
„პირველი, როგორც წესი, როცა ხდება არასრულწლოვანების თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ქორწინების იძულების მიზნით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჰქონდა ადგილი, თავად არასრულწლოვანი გოგოს მშობლები უკავშირდებიან ხოლმე პოლიციას.
ეს ტენდენცია იყო ადრე, როცა მე ვმუშაობდი შს სამინისტროში. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა გადამოწმდეს, მშობლებმა გააკეთეს თუ არა პოლიციაში შეტყობინება“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
მედიაში გავრცელებულ კომენტარში მოკლული ბავშვის დედა ამბობს, რომ ბრალდებული მას ემუქრებოდა მოკვლით, თუ ის პოლიციას დაუკავშირდებოდა.
თუმცა, კომენტარში ქალი არაფერს ამბობს იმაზე, აცნობა თუ არა მუქარის შესახებ ვინმეს და კონკრეტულად ვის და კიდევ ვინ იცოდა ბავშვის გატაცების და მასზე ძალადობის შესახებ.
გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ რომც არ დაფიქსირებულიყო ეს შეტყობინება პოლიციაში, ეს არ ხსნის პოლიციას პასუხისმგებლობას, რადგან პოლიცია ვალდებულია იმუშაოს ადგილობრივ დონეზე და იქიდან მიიღოს ინფორმაცია.
„ამიტომ არიან უბნის ინსპექტორები, მართლწესრიგის ოფიცრები, რომ მათ ევალებათ ჰქონდეთ წვდომა ასეთ ინფორმაციაზე და ფაქტებზე. ასევე ოპერატიული-სამძებრო საქმიანობა გულისხმობს ოპერატიული ღონისძიების გატარებას დანაშაულის გამოსავლენად და აღსაკვეთად.
ამ სამსახურის ფუნქციაა ცნობების შეგროვება, გასაუბრება და ამის საფუძველზე მოქმედება. ამიტომაც, ადგილობრივ დონეზე თუ პოლიციელი გულისხმიერად და კეთილსინდისიერად იმუშავებს, მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ.
არაერთი შემთხვევა იყო, როცა პოლიციაში არ შემოსულა ოფიციალური შეტყობინება, თუმცა დადგენილა, რომ ადგილობრივმა პოლიციელებმა ყველაფერი იცოდნენ. ამიტომ არ არის სწორი, რომ მაინც და მაინც ოფიციალურ განცხადებას დაელოდოს პოლიცია.
კანონი ამბობს, რომ სამართალდამცავ ორგანოს ევალება ნებისმიერი დანაშაულის შემცველ ფაქტზე მოახდინოს რეაგირება რომელიც მისთვის გახდება ცნობილი და არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით მიიღებს ამ ინფორმაციას“ – გვეუბნება გოგა ხატიაშვილი.
მედიის მიერ მოპოვებული კომენტარებით ირკვევა, რომ ძალადობის მსხვერპლი გოგონა სკოლის მოსწავლე იყო და შესაბამისად, გოგონას გატაცების და მასზე ძალადობის ფაქტი მისთვისაც უნდა ყოფილიყო ცნობილი.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ რაც სწავლა დაიწყო, ბავშვი სკოლაში არ გამოცხადებულა. თუმცა, ადმინისტრაცია დაუკავშირდა ბავშვის დედას.
კანონმდებლობით, კლასის დამრიგებელს აკისრია ვალდებულება, მოიკითხოს და დაადგინოს, თუ რატომ არ ესწრება მოსწავლე გაკვეთილებს. საეჭვო გარემოებების შემთხვევაში კი აცნობოს როგორც პოლიციას ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს.
„2016 წელს გამოცემული მთავრობის დადგენილება სკოლებს ავალდებულებს მოიკვლიონ ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია. დადგენილება მათ აკისრებს ვალდებულებას, რომ პროაქტიულად გამოავლინონ ძალადობის შემთხვევები და გადაამისამართონ შსს-სა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.
თუმცა, პრობლემაა ის, რომ რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირები არ ფლობენ ამ ინფორმაციას და უმეტეს შემთხვევაში, სპეციალისტებს ჰგონიათ, რომ უნდა დაელოდონ როდის მივა მათთან მსხვერპლი და მოუყვება თავისი გასაჭირის შესახებ“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
მისი თქმით, ეს დადგენილება სკოლებს ინსტრუქციასაც აძლევს თუ როგორ უნდა შეძლონ ძალადობის ფაქტების გამოვლენა.
„დადგენილებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ თუ ბავშვი არარეგულარულად დადის სკოლაში, ან საერთოდ არ დადის, ეს არის უკვე ეჭვის გაჩენის საფუძველი, რომ შესაძლოა ბავშვზე ძალადობა ხორციელდება“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
შეიძლება თუ არა დადგეს მშობლის პასუხისმგებლობის საკითხი? – ვკითხეთ მას.
ხატიაშვილის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსი ამბობს, რომ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა და დაფარვა არის დასჯადი.
„ბუნებრივია, ეს სტანდარტი გავრცელდება მშობლებზეც. იმიტომ, რომ მკვლელობამდე ჩადენილია ორი მძიმე დანაშაული, – თავისუფლების უკანონო აღკვეთა და არასრულწლოვანის გაუპატიურება.
როგორც ვრცელდება ინფორმაცია, მოკლული გოგონა ცდილობდა გაქცევას, ამიტომ ასეთი ქცევა ვფიქრობ არ უნდა ყოფილიყო შეუმჩნეველი სხვებისთვისაც.
ეს ხომ ნიშნავს, რომ რაღაც არასასურველი, მოზარდის სურვილის საწინააღმდეგო ხდება?
ამიტომ გაუგებარია, როგორ იყო ეს სხვებისთვის შეუმჩნეველი, თუკი ვინმე იტყვის, რომ ვერ შეამჩნია“ – გვეუბნება გოგა ხატიაშვილი.
საქართველოს პროკურატურა გარკვეულ რეგიონებში და თემებში პერიოდულობით ატარებს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ ტრენინგებს და ცდილობს გაზარდოს მოსახლეობის ცნობიერება ამ თემაზე.
ტრენინგები იმართება როგორც საგანმანათლებლო სფეროს, ასევე თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისთვისაც, თუ როგორ უნდა ამოიცნონ ძალადობა და იქონიონ მყისიერი რეაგირება.
„მხოლოდ ცნობიერების ამაღლებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, რადგან სხვა დამატებითი ღონისძიებების გარეშე, ასეთი კამპანიები იქცევა სიმბოლურ აქტად, რომელიც შედეგს ვერ მოგვცემს.
კამპანიების გარდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ პირებს დაეკისროთ სათანადო პასუხისმგებლობა.
მაგალითად, როცა თეთრიწყაროში ქორწინების იძულების ერთ-ერთ საქმეზე ვმუშაობდი (ჩინარა კოჯაევას საქმე), ბავშვის მამა იქნა პასუხისგებაში მიცემული და ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი ადგილობრივი მოსახლეობისთვის იმის თაობაზე, რომ ასეთი ტიპის ქმედება არის დანაშაული და დამნაშავე დაისჯება.
კანონის აღსრულების ძალაა მნიშვნელოვანი, რადგან ეს უწყობს ხელს ცნობიერების გაზრდასაც და ინფორმირებულობასაც“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
მისი თქმით, ასევე უნდა შეთანხმდეს საზოგადოება, მედია იმაზე, რომ „ცოლი“, „მეუღლე“ არ ვუწოდოთ 14 წლის ბავშვს, რადგან ბავშვი ვერ იქნება ცოლი.
„2018 წლიდან, კანონმდებლობით არასრულწლოვანთან ქორწინება დაუშვებელია. ამიტომ ბავშვზე ძალადობას არ უნდა შევხედოთ როგორც საქორწინო ურთიერთობას, როგორც ოჯახს და ბუნებრივია არ გამოვიყენოთ მსგავსი ტერმინები, რადგან რეალურად ასეთ დროს ჩვენ საქმე გვაქვს დანაშაულთან“-გვეუბნება ის.
გოგა ხატიაშვილის თქმით, ცოტა ხნის წინ, სახალხო დამცველმა ქვემო ქართლში ჩაატარა განწყობების კვლევა, რომელმაც აჩვენა პოლიციელების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სოცმუშაკებს, მასწავლებლების დამოკიდებულება ბავშვთა ქორწინების მიმართ და აღმოჩნდა, რომ მათი უმეტესობა ძალინ სტერეოტიპულად უყურებს ამ საკითხს. განსაკუთრებით – პოლიციელები.
„ისინი ბავშვების გატაცებას აღიქვამენ როგორც ტრადიციას, ამას ხსნიან ადგილობრივების ჩამორჩენილობით ან გაუნათლებლობით და ფიქრობენ, რომ ეს არის მათი ცხოვრების სტილი. განსაკუთრებით ეს ეხება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა.
ამიტომ, პოლიციელები ფიქრობდნენ, რომ ასეთ საკითხებში ჩარევა არ ღირდა, რადგან მოძალადე და მსხვერპლი სამომავლოდ შერიგდებიანო. აი, ასეთი განწყობით მუშაობენ ისინი.
რა ცნობიერება უნდა ავამაღლოთ, თუ სამართალდამცავები ასეთი განწყობით არიან და ძალისხმევას არ იჩენენ, არ რეაგირებენ ბავშვის გატაცებაზე, რადგან ამას არ აღიქვამენ სერიოზულ დანაშაულად.
შს მინისტრი, მისი მოადგილეები ხომ ხედავენ ამ განწყობებს, არა?! ამაზე უნდა ჰქონდეთ მყისიერი რეაგირება. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი ტიპის ფაქტებზე არც ბრიფინგები ტარდება, არც განცხადებები კეთდება და გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ბავშვთა მიმართ ამ ტიპის დანაშაულთან ბრძოლა შსს-თვის პრიორიტეტული აღარ არის“-ამბობს გოგა ხატიაშვილი.
მისი თქმით, მსგავს ფაქტებზე პასუხი უნდა მოეთხოვოთ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სკოლებს და სამართალდამცავებს, ასევე მშობლებს, რომლებიც მხარს არ უჭერენ ძალადობის მსხვერპლ ბავშვს.
„დანაშაულის შეუტყობინებლობის გარდა, ძალიან ხშირად, მშობლები მხარს არ უჭერენ შვილებს, როცა ხდება მათი მოტაცება და რაღაც სტერეოტიპული აზრის გამო, რომ მოტაცებულს სახელი აქვს თურმე გატეხილი და მოძალადესთან უნდა დარჩეს, მსხვერპლს ტოვებენ დამნაშავესთან.
მშობლის ასეთი ქცევა არის ბავშვის მიმართ ძალადობა და ძალადობის ამ ფორმას ჰქვია უგულებელყოფა. ამიტომ, ასეთი მშობლების მიმართ არაერთხელ გამოგვიცია შემაკავებელი ორდერები და აგვიკრძალავს ბავშვთან კომუნიკაცია, მიახლოება რაღაც პერიოდის განმავლობაში, რომ მშობლებს არ მოეხდინათ არასრულწლოვანზე გავლენა და ხელი არ შეეშალათ გამოძიებისთვის“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
მისი თქმით, სახელმწიფო უწყებებს უნდა მოვთხოვოთ, რომ კომპლექსურად იმუშაოს 14 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე და იზრუნოს იმაზე, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდეს, საუკეთესო პრევენცია კი ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემაა, ვინც ვალდებული იყო რეაგირება მოეხდინა ბავშვის გატაცების, მასზე ძალადობის ფაქტზე, თუმცა გულგრილად მოიქცა.