მთავარი,სიახლეები

„რუსებს შეუძლიათ სარაკეტო კრეისერის შეყვანა აფხაზეთში“ – რა საფრთხეა რუსული ბაზა 

06.10.2023 •
„რუსებს შეუძლიათ სარაკეტო კრეისერის შეყვანა აფხაზეთში“ – რა საფრთხეა რუსული ბაზა 

„რუსებს შეუძლიათ სარაკეტო კრეისერის შეყვანა. შესაძლებელია, ასევე გააღრმაონ ფსკერი,“ – გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე გვიყვება, რამდენი მიმართულებით შეიძლება შექმნას საფრთხე რუსულმა ბაზამ ოჩამჩირეში.

გადამდგარი გენერლის აზრით, რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ბაზის მოწყობა, პირველ რიგში, პოლიტიკური გზავნილის გამოსაკვეთად სურს: „არსადაც არ მივდივარო“.

ვახტანგ კაპანაძის აზრით, გადამწყვეტი მოქმედებები უკრაინაში გაზაფხულზე დაიწყება, მანამდე კი, მხარეები ზამთრის კამპანიისთვის ემზადებიან. გადამდგარი გენერალი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, ახლა უკრაინამ ოპერატიული პაუზა აიღოს და მთავარი აქცენტი დრონებზე გაკეთდეს. „ყველაზე მეტი წარმატება უკრაინელებს კონტრშეტევის დროს დრონების გამოყენებით ჰქონდათ,“ – დასძენს ის.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • მეორე დღეა ხარკოვის ოლქი რუსეთის სამიზნეა. მხოლოდ გუშინდელი დაბომბვების შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა. დაიწყეს რუსებმა კონტრშეტევა ამ მიმართულებით?

ეს არ არის ფართომასშტაბიანი შეტევა, გააქტიურებაა, უფრო მოსამზადებელი, მაფორმირებელი სტადია, თუმცა ხარკოვის მიმართულებაზე რუსები მცირე, ლოკალური მასშტაბით ახორციელებენ შეტევებს.

გააქტიურება არ ნიშნავს იმას, რომ მალე შეტევა დაიწყება. ეხლა ორივე მხარე ემზადება ზამთრის კამპანიისთვის. ამიტომაც, შემოდგომაზე იქნება შედარებით სტაბილურობა ფრონტზე. მე ისევ მიმაჩნია, რომ ძირითადი, გადამწყვეტი მოქმედებები, თუ მანამდე რამე მნიშვნელოვანი არ მოხდა, იქნება მომავალი წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში.

გარდა ამისა, რუსები კუპიანსკი-სვატოვოს მიმართულებაზე გააქტიურებით ცდილობენ განმუხტონ ის წნეხი, რაც აქვთ სამხრეთ მიმართულებაზე – აიძულონ უკრაინელები, ყურადღება დაუთმონ ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებასაც. ეს ნიშნავს ძალების გაყოფასა და გადანაწილებას.

  • რა სახის წარმატება აქვთ სამხრეთით უკრაინელებს? 

ლოკალური წარმატება აქვთ –  8 კილომეტრი გაათავისუფლეს უკრაინელებმა, უზრუნველყოფის ზოლში შეჭრილი არიან და ცდილობენ მის გაფართოებას. რობოტინოს მიმართულებაზე უტევენ უკრაინელები, ვერბოვოს მიმართულებაზე – რუსები. შემხვედრი შეტაკებებია ბევრი, თუმცა მასშტაბი არ არის დიდი.

უკრაინელები ცდილობენ, მცირე ზომის დანაყოფებით, მოწინავე, მოიერიშე რაზმის ფუნქციებით განახორციელონ შეტევა, რუსებიც მცირე რაზმებით ცდილობენ უკრაინელების მიერ დაკავებული პოზიციების უკან დაბრუნებას.

სამწუხაროდ, უკრაინელები უახლოვდებიან ე.წ. „კულმინაციის წერტილს“. ამ რესურსებით, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გადამწყვეტ წარმატებასა და წინსვლას. უკრაინამ უნდა აიღოს ოპერატიული პაუზა, რათა გადაახალისონ, გეგმებს გადახედონ, რეზერვები შემოიყვანა… უკრაინას შეუძლია, შეამციროს აქტიურობა და გარკვეულწილად გადავიდეს დაცვის ფაზაში, ან დაკავებული ტერიტორიის მოწყობის ფაზაში. შესაძლოა, ამ დროს გადახედონ მეთოდებსა და ტაქტიკას, ძალებსა და საშუალებებს, ასევე კუმულაცია დადგეს იმ დახმარების, რომელსაც იღებს უკრაინა დასავლეთიდან.

  • ეს მეტ საშუალებას არ მისცემს რუსეთს გააქტიურდეს იგივე ხარკოვის მიმართულებაზე? 

იქნება საავიაციო დარტყმები რუსეთიდან, საჰაერო დარტყმები, მაგრამ რუსეთს არ აქვს იმის ძალა, რომ ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელოს.

  • რატომ, ისიც უახლოვდება კულმინაციის წერტილს? 

არა, რუსეთი თავდაცვაშია. რუსეთისთვის კულმინაციის წერტილია იქნება მომენტი, როცა ის ვეღარ გააგრძელებს დაცვას. იმის გამო, რომ უკრაინა გაჩერდა, არ ნიშნავს იმას, რომ რუსები აუცილებლად დაიწყებენ შეტევას. რუსეთი, რა თქმა უნდა, განაგრძობს პოზიციების გამაგრებას, იქნება ცალკეული, ლოკალური შეტაკებები, თუმცა არა მგონია, შემოდგომაზე მნიშვნელოვანი ოპერაციები დაიწყოს.

მოცემულობა უკრაინის ლანდშაფტის ამ მონაკვეთის ბრძოლის ველზე ახლა ასეთია: სამხედრო ერთეულის გადაადგილების დაფიქსირებას სჭირდება 3-5 წუთი. იგივე დრო სჭირდება ასევე კოორდინატების გადაცემას და ცეცხლის გამოძახებას. სადღაც 10 წუთი გაქვს სიცოცხლისუნარიანობა, ვიდრე მოხვდები საცეცხლე ზემოქმედების ქვეშ. ქარსაცავიდან ქარსაცავ ზოლში უნდა შეაღწიო, რომ დაიმალო – გააკეთო პოზიცია თავდაცვისთვის, ან შეტევისთვის მოემზადო.

შემდეგ უნდა განაგრძო ბრძოლა შემდეგი ქარსაცავისთვის. ამ ტერიტორიებს იყენებს ახლა ორივე მხარე, რათა მოაწყოს თავდაცვა, ან გადაადგილდეს ფარულად და შეტევისთვის მოემზადოს. მალე ფოთოლს დაყრის ხეები, წვიმები დაიწყება და გადაადგილება გართულდება – ეს, რა თქმა უნდა, გაართულებს ვითარებას, განსაკუთრებით შეტევაში მყოფებისთვის.

ჩემი აზრით, მოსაფიქრებელია ახალი ტაქტიკა, რადგან ასეთ დროს ასეთი რესურსების ხარჯვა… მესმის, რომ უკრაინელებისთვის თითოეული მეტრი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსებთან შეჯიბრი ადამიანური რესურსებით, ტექნოლოგიურად გადამწყვეტი უპირატესობის გარეშე, არასწორია. ომმა მიიღო გაჭიანურებული, პირველი მსოფლიო ომის საომარი მოქმედებების ხასიათი.

  • თქვენ რა ტაქტიკას არჩევდით უკრაინის ადგილზე? 

ჩემი აზრით, უკრაინამ თავისი ძალისხმევა უნდა მიმართოს დრონების რაოდენობის, ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდაზე. დრონების გამოყენება ყველაზე კარგად გამოსდის უკრაინას.

არ ვიცი ზუსტი ოპერატიული მონაცემები. შესაძლებელია, შტაბში აქვთ მონაცემები, რომ, მაგალითად, რობოტინოდან მარიუპოლამდე რუსების თავდაცვა დემორალიზებულია და გაქცეულები არიან პოზიციებიდან. მე ვმსჯელობ ღია წყაროებზე დაყრდნობით და იმ ტემპზე დაკვირვებით, რასაც ახლა ვუყურებ. მე ავიღებდი ოპერატიული პაუზას და მოვემზადებოდი, გავამაგრებდი დაკავებულ ტერიტორიებს, გავააქტიურებდი დივერსიული ჯგუფების მოქმედებას და მაქსიმალურ აქცენტს სპეცოპერაციებზე გადავიტანდი.

რაც მთავარია: გავაძლიერებდი დრონებით ზემოქმედებას მოწინააღმდეგეზე, რადგან ყველაზე მეტი წარმატება უკრაინელებს კონტრშეტევის დროს დრონების გამოყენებით ჰქონდათ.

  • თქვენი შეფასებით, რამდენად ეფექტურად იყენებენ უკრაინელები დასავლეთიდან მიწოდებულ სამხედრო აღჭურვილობას? 

ტანკებს იყენებენ უკრაინელები, როგორც მოიერიშე საცეცხლე საშუალებას, როგორც მეორე მსოფლიო ომში იყო მოიერიშე ქვემეხები – მიყვებოდა ქვეითებს და მხარს უჭერდა. ყველა ტანკი ფეთქდება, არ არსებობს ისეთი ტანკი, რომ არ აფეთქდეს, მით უმეტეს, ნაღმზე. არ მახსოვს, რამდენი „ლეოპარდი“ აუფეთქეს რუსებმა უკრაინელებს, მაგრამ ვიცი ზუსტად, რომ 4 „ლეოპარდი“ დაეკარგათ, რასაც ჰქვია აუნაზღაურებელი ზარალი, დანარჩენი, ყველა „ლეოპარდის“ გარემონტება არის შესაძლებელი.

რაც მთავარია: ყველა ეკიპაჟი ცოცხალი გადარჩა. დასავლურმა ტექნიკამ ეს უპირატესობაც აჩვენა, რომ ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვნად ფასობს. სიცოცხლისუნარიანობა გააჩნია ეკიპაჟს იგივე „ბრედლიში“: რუსებმა რამდენიმე მათგანი ააფეთქეს, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები გადარჩნენ.

იგივე „აბრაამსი“ შექმნილი იყო ცივი ომის პერიოდში საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ საბრძოლველად. ტანკი შეიძლება იყოს განკუთვნილი გარღვევისთვის და ტანკების საწინააღმდეგოდ. სატრანშეო ბრძოლაში კი, იმდენად ეფექტური არ არის საჰაერო მხარდაჭერის გარეშე.

მეორეცაა: ამ ვითარებაში მათი გამოყენება შესაბამისი საინჟინრო მოსამზადებელი სამუშაოებისა და გამნაღმელი ტექნიკის თანხლების გარეშე დანაღმულ ველებზე არ მიმაჩნია სწორად. მთლიანობაში, უკრაინელები სწორად იყენებენ ამ ტექნიკას. მოცემულობაა და მთავარი გამოწვევა ისევ არის ის, რომ უკრაინელებს, როგორც იცით, არ გააჩნიათ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკმარისი შესაძლებლობები.

  • რამდენიმე თვეში უკრაინა მიიღეს F16-ებს. შესაძლებელია, მაშინვე ჩართონ ეს თვითმფრინავები საომარ მოქმედებაში? რამდენად აქვს უკრაინას მზად შესაბამისი ადამიანური რესურსი, ასევე ინფრასტრუქტურა?

მიმდინარეობს პერსონალის მომზადება კარგა ხანია. ვერ გეტყვით, რამდენად არის უკრაინაში მომზადებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა. F 16 მსუბუქი გამანადგურებელია, მრავალფუნქციური, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რაოდენობას.

როგორც ვიცი,  მომავალი წლის დასაწყისში 6 ერთეულს აძლევენ უკრაინას, ამ რაოდენობით შეიძლება გააძლიერო საჰაერო თავდაცვა, მაგალითად, სტრატეგიულ ქალაქებში. თითოეულ თვითმფრინავს აქვს საბრძოლო დატვირთვა რამდენჯერ შეიძლება აფრინდეს, მაგალითად, დღის განმავლობაში მაქსიმუმ. ორი საბრძოლო გაფრენა შეუძლია ერთ მფრინავს.

  • რამდენად ლოგიკურია ვარაუდი, რომ რუსეთს შეიძლება შეუმცირდეს ომის დაფინანსების წყარო, როგორიცაა გაზის და ნავთობის ექსპორტი დასავლეთში? 

ჯერჯერობით არ ჩანს ეს. ამ ეტაპზე არ გამოჩნდა სანქციების ეფექტი ისეთი, რომ რუსეთის სამხედრო მრეწველობაზე რაოდენობრივი თვალსაზრისით ასახულიყო, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოეხდინა. რუსეთი ტექნოლოგიურად საჭირო ელემენტებს ჩინეთიდან იღებს დიდი ალბათობით, საბჭოთა კალიბრის იარაღის საწარმოებლად კი, აგერ, ჩრდილოეთ კორეა არის მზად.

რუსეთს აწყობს ამ ეტაპზე დაკმაყოფილდეს იმით, რაც მიიღო და ეს გაყიდოს შიდა აუდიტორიაზე, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების სერიოზული გამარჯვება. 2008 წლიდან ემზადებოდა რუსეთი ამისთვის, შეიარაღებული ძალების ორი რეფორმა ჩაატარეს და რაც მოამზადეს, გამოჩნდა უკრაინაში.

  • ზელენსკი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუსეთი ეძებს შეიარაღებული კონფლიქტის გაყინვის გზებს „არა იმიტომ, რომ მას მშვიდობა სურს, არამედ იმიტომ, რომ სამხედრო პოტენციალის აღდგენა სჭირდება“. ზელენსკი ვარაუდობს, რომ 2028 წელს რუსეთი კვლავ დაიწყებს შეტევას.

თუ უკრაინა გაჩერდა და არაფერს გააკეთებს სომხეთივით ყარაბაღში, მაშინ, რა თქმა უნდა, გაძლიერდება რუსეთი. არ უნდა მისცენ რუსეთს გაძლიერების საშუალება. გაყინული კონფლიქტიც არ ნიშნავს იმას, რომ იქ არ ხდება კონკრეტული მოქმედებები და ძირგამომთხრელი საქმიანობა. გაყინული კონფლიქტი იყო, მაგალითად, ავღანეთში და გაიმარჯვეს ავღანელებმა.

უკრაინას სჭირდება დრო, რომ ჯარი გარდაქმნას იგივე დასავლეთიდან მიღებული ტექნიკის ინტეგრაციისთვის. დღეს რა ტექნიკაც შედის უკრაინაში, იხარჯება ბრძოლაში. უკრაინას სჭირდება თავდაცვის სისტემის გარდაქმნა, ამოსუნთქვა და მომზადება. უკრაინისთვის დახმარება უნდა იყოს უფრო სისტემატური და გეგმაზომიერი – რაც საჭიროა, ის უნდა მისცენ და არა – რაც ზედმეტობაში აქვთ.

  • აშკარაა რუსეთის პოლიტიკური განაცხადი შავ ზღვაზე, როცა ის ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსებას აანონსებს. თქვენი შეფასებით, რა სახის საფრთხეებს ქმნის ეს სიახლე სამხედრო თვალსაზრისით საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თავად ოკუპირებული აფხაზეთისთვის? 

არ ვიცი, რა ზომის ბაზა იქნება ეს, თუმცა რუსებს დღეს-დღეისობით შეუძლიათ სარაკეტო კრეისერის შეყვანა. 2009-ში რუსებმა გააღრმავეს ამ ნავმისადგომის ფორვატერი 9 მეტრამდე და 10 000 ტონიანი ხომალდის შეყვანა შეუძლიათ. ამ წყალწყვის ხომალდი არც ყავს უკვე რუსებს შავ ზღვაში, რაც ჰყავს, ყველას შეუძლია შევიდეს.

თუმცა აქამდეც შეეძლოთ იქ შესვლა, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა უარს არ იტყოდა, ცხადია, თუნდაც რეიდზე დამდგარიყო. ხომალდი არის პლატფორმა, რომელიც არის სავსე სადაზვერვო, ჰაერსაწინააღმდეგო და საცეცხლე დარტყმის შესაძლებლობებით. ამით საქართველოსთვის მნიშვნელოვნად იზრდება საფრთხე, რაც მუდმივად დამოკლეს მახვილივით იქნება დაკიდებული. თუ იქ რამდენიმე ხომალდი შემოვა, ჩათვალეთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო საფრთხე საქართველოსთვის.

აფხაზებისთვის ეს არის, ერთის მხრივ, დაცულობის მეტი შეგრძნება, მეორეს მხრივ კი, თუ მოეწყო ეს რუსული სამხედრო ბაზა, წარმოიდგინეთ, რამდენი რუსი ეროვნების მომსახურე პერსონალი იქნება იქ, მათი ოჯახის წევრები, რა შენობები და ნაგებობები მოეწყობა მათთვის, აფხაზები ამას სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.

რუსეთი აქედან სომხეთსაც შეიძლება მისწვდეს. თანაც, კასპიის ზღვაშიც თავისი ფლოტილია აქვს. რუსეთს აქამდეც შეეძლო შესულიყო ხომალდით ოჩამჩირეში და აქედან გაეშვა რაკეტა, მაგრამ ახლა ამას აქვს უფრო კაპიტალური ხასიათი, ეს არის უფრო იმის ჩვენება, რომ არსადაც არ მიდის ამიერკავკასიიდან. ეს იქნება რუსეთის მეორე „საზღვარგარეთული“ ბაზა სირიის შემდეგ.

კიდევ ერთი ფაქტორია: რუსეთმა აქ შეიძლება შემოიყვანოს ხომალდები, რომელიც კონკრეტული მომენტისთვის არ სჭირდება ყირიმთან. უკრაინისთვის ამით საფრთხე არ გაიზრდება, მაგრამ რუსული ხომალდები აქ უფრო დაფარულად იქნებიან.

  • დაზვერვა ახსენეთ – რუსული ბაზა ოჩამჩირეში რამდენად ზრდის საფრთხეს საქართველოსთვის ამ კუთხით? 

რა თქმა უნდა, იქნება რადიოელექტრონული დაზვერვის და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და ეფექტურადაც შეიძლება ეს გამოიყენონ. ნუ დაგვავიწყდება, რომ სულ რაღაც 35 კილომეტრია ოჩამჩირიდან ადმინისტრაციულ საზღვრამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: