მთავარი,სიახლეები

რატომ არ იაფდება პროდუქტები, როცა რუსები საქართველოს ტოვებენ? – ეკონომისტის მოსაზრება

20.03.2024 •
რატომ არ იაფდება პროდუქტები, როცა რუსები საქართველოს ტოვებენ? – ეკონომისტის მოსაზრება

რატომ არ იაფდება საკვები პროდუქტები საქართველოში, როცა რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტოვებენ? სურსათის ფასების მკვეთრად გაზრდის დროს ვისმენდით არგუმენტს, რომ საქართველოში რუსეთის ათასობით მოქალაქე შემოდის, მოთხოვნა გაიზარდა და ესაა ფასების მატების მიზეზი.

როდის გაიაფდება საკვები პროდუქტები საქართველოში? – „ბათუმელები“ სოსო ბერიკაშვილს ესაუბრა. ის კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანია.

  • ბატონო სოსო, რატომ არ იაფდება საკვები პროდუქტები საქართველოში, როცა მოთხოვნა შემცირდა და რუსი მიგრანტების ნაწილმა ქვეყანა დატოვა? ასევე ეროვნული ბანკის მონაცემებით, კარგი ეკონომიკური პარამეტრები გვაქვს. 

ეს რთული საკითხია. კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები რომ გვაქვს, ეს აისახა იმაზე, რომ ფასები აღარ ძვირდება. ეს ადრე თუ გვიან უნდა აისახოს იმაზეც, რომ ხელფასები გაიზარდოს. ადამიანების შემოსავლები უნდა გაიზარდოს იმისთვის, რომ მათი ცხოვრება გაუმჯობესდეს. როცა სხვა ფაქტორებით იყო გაზრდილი ფასი, მაგალითად, ზეთზე, ვნახეთ, რომ ზეთი გაიაფდა, ოღონდ ეს დამოკიდებულია რეალიზატორების კეთილსინდისიერებაზეც, როცა ისინი ფასს არ აკლებენ, ან აქციის ფარგლებში გვთავაზობენ ფასდაკლებებს. სინამდვილეში კი, ნამდვილად ბევრად უფრო იაფად ყიდულობენ ზეთს.

ბოლო თვეებში გვაქვს სიტუაცია, როცა გასული წლის განმავლობაში ინფლაცია სამიზნე ნიშნულთან ახლოს იყო. ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ინფლაცია უნდა იყოს 3 %, ახლოს 3 %-თან. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ფასები უნდა იზრდებოდეს 3 %-ით. ფასების ზრდა სტაბილურად და დაბალი პროცენტით, არის კარგი.

ჩვენი პრობლემა ის არის, რომ მაღალი ინფლაცია გვქონდა: სწრაფად გაიზარდა ფასები და ამას ვერ მოჰყვა შემოსავლების ზრდა იგივე ტემპით. ფასები მაღალია შვეიცარიაშიც, მაგალითად, მაგრამ ადამიანები იქ კარგად ცხოვრობენ, რადგან შემოსავლებიც მაღალი აქვთ. ჩვენთან კი, იმის თქმაც რთულია, რამდენად შეიძლება გაიზარდოს შემოსავლები.

თუ სტაბილური ეკონომიკური ზრდა გვექნება და კარგი ეკონომიკური პარამეტრები, ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ცხოვრების დონე უნდა გაიზარდოს. მთავარი პრობლემა საქართველოში ის არის, რომ შემოსავლები ვერ მიჰყვება ზრდას.

სოსო ბერიკაშვილი

ჩვენთვის საკვების ფასებია მთავარი პრობლემა. მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ღარიბია. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი შემოსავლის ძალიან დიდი ნაწილი მიდის საკვებზე.

საკვების ფასი როცა იზრდება სწრაფად, საშუალო ინფლაცია გაცილებით მძიმედ აწვება მოსახლეობას, ვიდრე ეს ეკონომიკური პარამეტრებით ჩანს. ვიღაც ამბობს, რომ აი, არა უშავს 10 პროცენტი ევროპასაც ჰქონდა ფასების ზრდა, მაგრამ ევროპის ქვეყნებში ამდენი გაჭირვებული არ არის, იქ სამომხმარებლო კალათაში სხვანაირი გადანაწილებაა – საკვებზე დიდი ხარჯი არ აქვთ.

ამიტომაც არის შემდეგ ამხელა უკმაყოფილება ხალხში, როცა ხელისუფლება ამბობს: ჩვენ კარგი ეკონომიკური პარამეტრები გვაქვს, რაც თავისთავად არ არის ტყუილი, მაგრამ ხალხის გაღიზიანება ძალიან სამართლიანია ყოველთვის: რაღაცას ყიდულობდა ერთი წლის წინ და ახლა იგივეს ვეღარ ყიდულობს. მას რაც არ უნდა უთხრა, რომ ჩვენ კარგი ეკონომიკური პარამეტრები გვაქვს, გაბრაზდება.

  • არ უნდა ველოდეთ ფასების კლებას უახლოეს პერიოდშიც და იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რომ საკვებ პროდუქტებსა თუ რესტორნებზე მოთხოვნა ისევ მცირდება? 

სურსათს და რესტორანს რაც შეეხება, ერთეული შემთხვევების გარდა, მართლაც არაა ფასები შემცირებული. მწარმოებელს ყოველთვის უნდა, რაც შეიძლება მეტად გაყიდოს პროდუქცია. როცა გაჩნდა მოთხოვნა, მათ მიეცათ ფასების ზრდის შესაძლებლობა. განსაკუთრებით რესტორნებში ჩანს, როგორ გაიზარდა ეს ფასები. ფასის ზრდის მიზეზი, მაგალითად, რომ ყოფილიყო საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა, როგორც პრაქტიკაში ხდება: როცა ფასი იკლებს, ძნელად, მაგრამ ჩვენთანაც იკლებს ფასი – ამ შემთხვევაში კი, მიზეზი იყო გაზრდილი მოთხოვნა.

თუ მკვეთრად შემცირდება ეს მოთხოვნა, იქ შეიძლება გაიაფდეს ფასი, როგორც გაიაფდა, მაგალითად, ბინის ქირა. ის არაადეკვატურად გაზრდილი ფასები, რაც მხოლოდ იმიტომ გაჩნდა, რომ მოთხოვნა გაიზარდა, აღარ არის იგივე. შეიძლება იმდენად არ დაიწია, რამდენადაც გაიზარდა, მაგრამ შემცირდა.

ეკონომიკური ზრდა ტყუილი კი არ არის, მართლაც არსებობს. პრობლემა ისაა: ეკონომიკური ზრდა რამდენად აისახება ყველაზე. ადრე თუ გვიან აისახება, მაგრამ თუ ბიზნესები, აქტივები ვიწრო ჯგუფის ხელშია, მათთვის გაიზრდება ეს შემოსავლები. არაპირდაპირ ეს ზრდა რაღაც მომენტში სხვებზეც აისახება, რადგან იქ ხალხია დასაქმებული, რომელსაც ნათესავები ჰყავს, იმ ხალხს თუ გაეზრდება შემოსავალი, მეტის ყიდვა შეეძლება. თუ მეტის ყიდვა შეეძლება, ის იშოვის მეტს, ვინც რაღაცას ყიდის.

  • სხვა ფაქტორები როგორ იმოქმედებს ფასებზე, მაგალითად, „წითელი ზღვის კრიზისი“? ცნობილია, რომ ამ კრიზისის გამო ჩინეთიდან წამოსული პროდუქტების ტრანსპორტირება გაძვირდა.

„წითელი ზღვის კრიზისი“ ფასების მატებას გამოიწვევს მთელ მსოფლიოში, თუმცა ეს ჩვენთვის ნამდვილად არის შესაძლებლობა, გააქტიურდეს საუბარი „სამხრეთის კორიდორის“ პროექტთან დაკავშირებით. ეს ისეთი პროექტია, რაც მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

  • თუმცა ეს კრიზისი ნაკლებად ეხება საკვებ პროდუქტებს. 

არაპირდაპირ შეიძლება აისახოს სურსათის ფასზეც. მაგალითად, ტექნიკას თუ ყიდულობ იმისთვის, რომ კონკრეტული საკვები პროდუქტი აწარმოო, შემდეგ ამ პროდუქტის ფასიც გაიზრდება. ასე მუშაობს ინფლაცია – ერთი რაღაცის გაძვირება, მაგალითად, როცა ბენზინი ძვირდება, შემდეგ ყველაფერი ძვირდება, რადგან ყველაფერს ტრანსპორტირება სჭირდება.

  • წელს საარჩევნო წელია, თან არამხოლოდ საქართველოში. ეს როგორ აისახება ფასებზე? 

საქართველოში განსაკუთრებით ხარჯვა იმატებს საარჩევნო წელს, რამაც შეიძლება წაახალისოს ფასების ზრდა.

საარჩევნო წელს ხალხში უფრო მეტი თანხა ჩნდება და მოთხოვნაც იზრდება. რთულია პროგნოზის გაკეთება, რადგან საქართველოში ფასებზე ძირითადად გარე ფაქტორები მოქმედებს.

მე ნაკლებად ველოდები ფასების კლებას, თუმცა ზრდაც ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის, ცალკეულ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, რაღაც შეიძლება გაიაფდეს, რაღაც – გაძვირდეს,  მაგალითად, შოკოლადი, რადგან კაკაოს ფასი რეკორდულ ნიშნულზეა მსოფლიო ბაზარზე. თუმცა შოკოლადი ის პროდუქტია, რაც ნაკლებად აწუხებს საქართველოს მოსახლეობას, აქ ბევრად უფრო მწვავე პრობლემები აქვს ხალხს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: