სიახლეები

თითქოს ვიღაცამ მოსწავლეობა წამართვა – 16 წლის ლიზა უკრაინიდან საქართველოში

20.03.2024 • 4557
თითქოს ვიღაცამ მოსწავლეობა წამართვა – 16 წლის ლიზა უკრაინიდან საქართველოში

„მეთერთმეტე კლასში ვარ. მეშვიდეში ვიყავი, როცა ბოლო გაკვეთილი ჩამიტარდა სკოლაში. მას მერე ჩემს კლასელებს, მასწავლებლებს მხოლოდ ეკრანზე ვხედავ, ონლაინგაკვეთილებზე. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მოზარდობის საუკეთესო წლები წამართვა ვიღაცამ.

2 წელი კოვიდის გამო ვიყავით სახლში ჩაკეტილები. მერე ომი დაიწყო და არავინ იცის, როდის დასრულდება“- ეს 16 წლის ლიზა იუხიმიკის მონათხრობია, რომელმაც დედასთან ერთად დატოვა უკრაინა ომის დაწყებიდან მალევე და საცხოვრებლად ბათუმში ჩამოვიდა.

ზუსტად არ იცის, ექნება თუ არა სკოლის გამოსაშვები საღამო, ნახავს თუ არა სკოლაში ისევ კლასელებს, მაგრამ ზუსტად იცის, სად უნდა გააგრძელოს სწავლა – უკრაინაში.

უკრაინის ბევრ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი აღდგენილია, სწავლა დისტანციურადაცაა შესაძლებელი, მაგრამ ლიზას უკრაინაში დაბრუნება და სწავლის ადგილზე გაგრძელება სურს:

„რთულ დროს მინდა რამით დავეხმარო უკრაინას, რომელმაც გამზარდა, რომელიც ასეთ ომს უძლებს. ხანდახან ვეკითხები საკუთარ თავს: ვინ დაბრუნდება უკრაინაში, თუ არა ჩვენ, ვინ ააშენებს ომის მერე ამ ქვეყანას, თუ არა ჩვენ. მინდა ვისწავლო და ვიმუშაო უკრაინაში, ჩემი მომავალი იქ წარმომიდგენია“ – ამბობს ლიზა.

 

ლიზას ზღვა და ბათუმის ბოტანიკური ბაღი მშობლიურ ქალაქ ოდესას ახსენებს. შავი ზღვის მეორე ნაპირზე ოდესაა, ლიზას იქ კლასელები, ნათესავები და ბებია ჰყავს, რომლებიც ყოველდღე საომარი განგაშის პირობებში ცხოვრობენ უკვე მეორე წელია. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს აგრძელებს.

 

ლიზას კინოს მიმართულება აინტერესებს – ვიდეოგადაღება და მონტაჟი. თავისუფალ დროს ტელეფონით იღებს კადრებს და სხვადასხვა პროგრამას ცდის მხატვრულად დასამონტაჟებლად. ეს საქმე რომ საქართველოში ესწავლა ინგლისურ მიმართულებაზე, არ უფიქრია, რადგან ასეთი პროგრამები საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკმაოდ ძვირია.

 

  • რა უშლით ხელს უკრაინელ აბიტურიენტებს ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად

 

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის დამამთავრებელ, მე-11 კლასში ოცი უკრაინელი მოსწავლე სწავლობს. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ უკრაინაში დაბრუნება სახიფათოა, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტების ერთ ნაწილში სასწავლო პროცესი აღდგენილია. ამიტომ ისინი სწავლის გაგრძელებას პოლონეთში ან სლოვაკეთში გეგმავენ – სლავურ ენათა ოჯახში შემავალი სლოვაკური და პოლონური ენები ძალიან ჰგავს უკრაინულს და აბიტურიენტები ამბობენ, რომ ამ ენების შესწავლა ისე, რომ მერე უნივერსიტეტში შეძლონ სწავლის გაგრძელება, ერთ წელიწადშია შესაძლებელი.

საქართველოში, ქართულენოვან პროგრამებზე რომ შეძლონ სწავლა უკრაინის მოქალაქეებმა, ამისთვის აუცილებელი პირობაა B2 დონეზე ფლობდნენ ქართულ ენას. ამ მოცემულობით უცხოელი აბიტურიენტი შესაძლოა ჩაირიცხოს მისაღებ გამოცდებზე, თუმცა რეალურად ენის ამ ცოდნის დონითაც საკმაოდ რთულია შემდეგ ყველა საუნივერსიტეტო საგნის ქართულ ენაზე სწავლა.

სახელმწიფო უნივერსიტეტებს აქვთ ქართული ენის შემსწავლელი ერთწლიანი მოსამზადებელი კურსი, თუმცა ეს კურსი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ფასიანია.

ბათუმში მცხოვრები დამამთავრებელი კლასის უკრაინელების ერთი ნაწილი ამბობს, რომ მათ შეუძლიათ ინგლისურენოვან პროგრამებზე ისწავლონ, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისურენოვანი პროგრამა მხოლოდ რამდენიმე ფაკულტეტს აქვს. შესაბამისად, პროფესიის არჩევისას საქართველოში უკრაინელ აბიტურიენტებს არჩევანი შეზღუდული აქვთ.

ლიზას ომის რეჟიმში მცხოვრებ უკრაინაში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი. უკრაინაში სურს სწავლის გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნება უსაფრთხო არ იქნება, 16 წლის გოგო ფიქრობს, რომ საკუთარ ქვეყანას უნდა დაეხმაროს, იქ იმუშაოს და იცხოვროს – ომგადახდილი ქვეყნის ასაშენებლად. ლიზა წელს სტუდენტი გახდება.

 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი პროგრამა მხოლოდ სამედიცინო მიმართულებაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, მარინე გიორგაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ 2024 წლის მარტის მონაცემებით უნივერსიტეტში ერთი სტუდენტი უკრაინიდან სწავლობს თურქოლოგიის ფაკულტეტზე, ორი – სლავური ფილოლოგიის მიმართულებაზე და ერთიც – სამედიცინო ფაკულტეტის ინგლისურენოვან პროგრამაზე.

 

  • მზადება მისაღები გამოცდებისთვის

 

ომის დევნილობაში მყოფი ლიზა ყველაფერს დისტანციურად აკეთებს. რეპეტიტორებთანაც დისტანციურად მეცადინეობს, სკოლის გაკვეთილებსაც დისტანციურად ესწრება და უკრაინაში დარჩენილ ბებიასაც ვიდეოთვალით ელაპარაკება.

„ორ საგანში მჭირდება რეპეტიტორი: ისტორიასა და მათემატიკაში, რაშიც, ცხადია, ფულს ვიხდი, ამაში მამა გვეხმარება“.

იმისთვის, რომ ოჯახმა ბინაც იქირაოს ბათუმში და თვიდან თვემდე თავიც ირჩინონ, ლიზას დედას თავდაუზოგავად უწევს მუშაობა. დედა სტომატოლოგია. ომის დაწყებამდე ოდესაში სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა. საქართველოში ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში დასაქმდა:

„დედა სმენადაქვეითებულია. განათლებული ადამიანია, უკრაინაში ჰქონდა საკუთარი საქმე და იქ მისი დიაგნოზი ხელს არ უშლიდა მუშაობაში,  მაგრამ საქართველოში ყველგან გჭირდება ქართული ენის ცოდნა, რაც დედასთვის დიდი ბარიერია. აქ მას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სტომატოლოგად დასაქმდეს.

რთულია საქართველოში თავის გატანა, პროდუქტებიც აქ უკრაინის ფასებთან შედარებით ძალიან ძვირია“ – ამბობს ლიზა.

 

  • „ომმა ჩამკეტა, სოციალური უნარები დამიქვეითა და მიჭირს ხალხთან ურთიერთობა“

 

იზოლირების ოთხმა წელმა ლიზას ცხოვრება და ჩვევები სრულად შეცვალა. სახლიდან თითქმის არ გადის, თუ აუცილებლად არ სჭირდება რამე:

„თითქოს ვიღაცამ მოსწავლეობა წამართვა და ჩამკეტა. საუკეთესო წლები დავკარგე, გამოვტოვე. მე და დედა ვცხოვრობთ ერთად ბათუმში. სახლიდან გასვლის საჭიროებასაც ვერ ვხედავ ხანდახან. ომმა სოციალური უნარები დამიქვეითა და მიჭირს ხალხთან კომუნიკაციის დამყარება.

ვიცი, რომ ეს ომი სასტიკად აისახება უკრაინელებზე, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ტრავმებს დაუტოვებს ჩემს ერს ეს თავდასხმა. ჩემზე კი ასე იმოქმედა“ – გვეუბნება ლიზა.

უკრაინაში მსუბუქი ათლეტიკითა და კრივით იყო დაკავებული. ახლა, ისიც ხანდახან, როცა სცალია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სეირნობს. შავი ზღვისპირას გაშენებული ეს ბაღი მას ყველაზე მეტად ახსენებს მშობლიურ ქალაქს, ოდესას.

ოდესის ბოტანიკურ ბაღში ლიზას ბაბუა მუშაობდა. მთელი ბავშვობა გაატარა ამ ბაღში, რომელიც ბათუმის ბოტანიკური ბაღის მსგავსად ზღვისპირასაა.

ამ ფოტოზე ლიზა ბაბუასთან ერთადაა. ბაბუა ცოცხალი აღარაა, მაგრამ 16 წლის გოგოს ახსოვს როგორ სეირნობდა ბავშვობაში მასთან ერთად ოდესის ბოტანიკურ ბაღში. ბაბუა ამ ბაღში მუშაობდა. „ჩემს კლასელებთან ერთადაც ხშირად დავდიოდი ოდესის ბოტანიკურ ბაღში, აქ უამრავი კარგი მოგონება მაქვს“ – ამბობს ლიზა.

 

ბათუმში, სანაპიროზე სეირნობისას ლიზა შავ ზღვას გაჰყურებს და ბავშვობის ქალაქს იხსენებს:

„სადღაც იქ, ზღვის მეორე მხარეს, ჩემი ოდესაა, ქვიშის პლაჟები, მეგობრები, სკოლა, ჩემი ნათესავები, ბებია… ზღვა მზიან ოდესას და მშვიდ დღეებს მახსენებს“.

ჩაკეტილობის განცდას ლიზას კლასელები უქარვებენ უკრაინიდან. მათ წელს საკლასო ოთახებში დაიწყეს სწავლა. ხშირად ურეკავენ ლიზას. სკოლის ამბებს უყვებიან, ართობენ და ცდილობენ, შორს მყოფ მეგობარს ყველაფერი უამბონ, რაც მათ ირგვლივ ხდება:

„ომში, მუდმივი განგაშის პირობებში ცხოვრობენ ჩემი კლასელები და მაინც პოულობენ დროს დამირეკონ, გამამხნეონ, სკოლის ამბები მხიარულად მომიყვნენ, თითქოს ისევ ის უდარდელი დრო იდგეს. მიყვებიან რაზე იცინეს, რაზე ბრაზობდნენ…

ეს იმდენს ნიშნავს ჩემთვის და ისეთი საყვარლები არიან, როცა ვფიქრობ, რომ ომში ცხოვრობენ და მაინც იმაზე ფიქრობენ, მე არ ვიგრძნო თავი მარტო და გარიყულად“ – ამბობს მეთერთმეტეკლასელი.

ლიზა კლასელებთან ერთად, ოდესაში. მას შემდეგ, რაც მეცხრეკლასელმა ლიზამ რუსული აგრესიის გამო უკრაინა დატოვა და ბათუმში ჩამოვიდა, მისი კლასელები ხშირად ურეკავენ, ცდილობენ გაართონ, სკოლის ამბებს მოუყვნენ და გაახალისონ. პირველი მარტი ლიზას დაბადების დღეა. 24 თებერვალს, როცა ომი დაიწყო ის ოცნებობდა რამდენიმე დღეში დამთავრებლიყო ომი. კლასელებთან ერთად სურდა აღნიშვნა და ტორტის ჩაქრობა. დაბადების დღე კლასელებთან ერთად არ გამოვიდა. ომი მეორე წელია გრძელდება.

 

  • პირველი ბომბი

 

ლიზას ახსოვს, როგორ აფეთქდა მის სახლთან ახლოს პირველი ბომბი. ახსოვს, როგორ დაიწყო ომი. 24 თებერვალს ჩაიცვა, ჩანთა აიღო და სკოლაში წასასვლელად მოემზადა.

„ვერ წახვალ სკოლაში, ომი დაიწყო, რუსეთი დაგვესხა თავს“ – უთხრა დედამ ლიზას და ლიზამაც ქურთუკი გაიხადა, ჩანთა იატაკზე დადო და სკამზე დაჯდა.

ღამით შუქს არ ანთებდნენ, ეშინოდათ რუსული თვითმფრინავებისთვის მარტივ სამიზნედ არ ქცეულიყვნენ. რაც უხაროდათ იყო ის, რომ ბებო მოიყვანეს სახლში და შეეძლოთ ერთად  ყოფილიყვნენ საფრთხის პირისპირ.

პირველი ბომბი რომ აფეთქდა, ლიზა დედასთან და ბებიასთან ერთად სახლის დერეფნისკენ გაიქცა. დივანზე ჩამწკრივდნენ, ძაღლები მიიხუტეს და თავზე პლედი გადაიფარეს:

„ეს ისეთი სევდიანი და თან სასაცილო თავდაცვა იყო! რას გვიშველიდა დაბომბვისას პლედი თავზე? მაგრამ ინსტინქტურად ვიქცეოდით ასე. გვეგონა ამით რამეს ვაკეთებდით ჩვენთვის და ჩვენი ძაღლებისთვის. ამას რომ მივხვდით, პლედის ქვეშ სიმწრის სიცილი წაგვსკდა“ – იხსენებს ლიზა.

ლიზა ოთხი წელია დისტანციურად სწავლობს. ახლა მეთერთმეტე კლასშია. ჩაკეტილობამ ადამიანებთან კონტაქტს გადააჩვია და ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სეირნობს ხშირად. ოდესის ბოტანიკური ბაღიც ბათუმის ბაღის მსგავსად ზღვისპირასაა გაშენებული და აქაურობა მას ომამდელ უზრუნველ დღეებს ახსენებს.

 

დაბომბვები გაგრძელდა. ლიზამ და დედამისმა ოდესის დატოვება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც რუსულმა არმიამ სკოლების დაბომბვაც დაიწყო.

 

  • „ომი არ არის ის, რასაც ჩვენ უნდა შევეგუოთ, ომი უნდა დასრულდეს“

 

ოდესა 2022 წლის ზაფხულში დატოვეს. დედა ლიზას ეუბნებოდა, რომ მხოლოდ ერთი თვით მიდიოდნენ ბათუმში, ზღვაზე დაისვენებდნენ და უკან დაბრუნდებოდნენ. არავის დამშვიდობებია, არც კლასელებს და მეგობრებს, არც კრივის მასწავლებელს.

რატომ ვტოვებთ უკრაინას, თუ ომი ერთ თვეში დამთავრდება? დავრჩეთ და დაველოდოთ! – უმეორებდა ლიზა დედას და ეწინააღმდეგებოდა.

ვნახოთ ბათუმში როგორი პლაჟებია, ხალხი როგორ ცხოვრობს და დავბრუნდეთ – ეუბნებოდა დედა.

„ბებომ ოდესა არ დატოვა. მე და დედა წამოვედით. მეცხრე კლასში ვიყავი ამ დროს. მთელი გზა დედის მუხლებზე მეძინა, თითქმის არაფერს ვჭამდი, არ მინდოდა ქალაქთან გამომშვიდობება და თვალის ოდნავ გახელაც კი. ეს იყო მაშინ ჩემი პროტესტის ფორმა. ვგრძნობდი, რომ დიდი ხნით ვტოვებდით ოდესას, მაგრამ არ მინდოდა ამის დაჯერება.

გზა იყო გრძელი და არ მთავრდებოდა“ – იხსენებს ლიზა ოდესიდან ბათუმში ჩამოსვლის დღეებს.

ამ დღეების შემდეგ ორი წელი გავიდა. ომი არ დასრულებულა. ლიზა ახლა ოდესაში დასაბრუნებლად ემზადება. დედა კეთილ ტყუილს, რომ „კიდევ ერთი თვეც და ომი დამთავრდება“ ლიზას აღარ ეუბნება. ორივემ იცის, რომ ეს ომი მალე არ დასრულდება:

„ბებოს ველაპარაკები ხშირად ვიდეოთვალით, მეგობრებსაც. თითქოს შეეჩვივნენ ომს, რადგან სტრესით დაიღალნენ.

გონებას არ შეუძლია მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრება, რეალობას ეგუება, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივადაა. ეს არ არის ნორმალური. ომი არ არის ის, რასაც ჩვენ უნდა შევეგუოთ, ომი უნდა დასრულდეს“ – ამბობს 16 წლის ლიზა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: