მთავარი,სიახლეები

როგორ შეიძლება სასამართლოს „კლანისგან“ გაწმენდა – ვეტინგი

24.10.2023 •
როგორ შეიძლება სასამართლოს „კლანისგან“ გაწმენდა – ვეტინგი

„უნდა გვესმოდეს, რომ არაკორუმპირებული სასამართლო სისტემა გვჭირდება ინვესტიციებისთვის, ეკონომიკისთვის, იმისთვის, რომ მომავალში ხალხი გახდეს ბედნიერი და მდიდარი,“ – ამბობს ლავლი პერლინგი, ესტონელი პოლიტიკოსი და ყოფილი მთავარი პროკურორი.

იგი აქტიურადაა ჩართული მოლდოვასა და უკრაინაში მიმდინარე სასამართლო რეფორმებში, რომლებიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების და ეკონომიკური გადამოწმების გზით სისტემის კორუფციისგან გაწმენდას ისახავს მიზნად.

საქართველოს პარლამენტმა 17 ოქტომბერს დაასრულა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, რაც ევროკომისიის რეკომენდაციებში შედის, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გარეშე ძალაუფლება კვლავაც „კლანის“ ხელშია და ეს არ მიუთითებს სასამართლო რეფორმის მოთხოვნის შესრულებაზე.

ასოცირებული ტრიო – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, წლებია იღებს რეკომენდაციებს სასამართლო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით. სისტემაში არსებული კორუფციული სქემები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ სასამართლო სისტემის კორუფციული კონტროლი სამივე ქვეყნისთვის იდენტური გამოწვევაა.

საქართველოში მსგავს ჯგუფს „კლანის“ სახელით მოიხსენიებენ, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ამ მოვლენას „კორპორატივიზმის“ სახელით შეხვდებით.

ევროკომისიის ბოლო ანგარიშის მიხედვით, კორპორატივიზმთან ბრძოლაში საქართველო ჩამორჩება მოლდოვას და უკრაინას.

სასამართლო სისტემის რეფორმა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე სამივე ქვეყნისთვის აუცილებელ წინაპირობადაა დასახელებული. მთავარი განმასხვავებელი საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს სხვა წევრებს შორის ისაა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, მათ რეფორმის გზაზე ერთჯერადი, გამონაკლისი მექანიზმის სახით ვეტინგის გამოყენება გადაწყვიტეს.

ვეტინგი ერთჯერადი მექანიზმია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სისტემაში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმება და მისი არაკეთილსინდისიერი წევრებისგან გაწმენდა იმგვარად, რომ სასამართლო სისტემამ შემდგომში თავად შეძლოს თვითრეგულირება.

ჰალინა ჩიჟიკი, უკრაინელი ექსპერტი, სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელის (INJR) წევრი თავის ანალიტიკურ ნაშრომში – „სასამართლო მმართველობა გარდამავალი დემოკრატიებში: ნასწავლი გაკვეთილები“ წერს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობის ევროპულმა სტანდარტმა, რაც „მოსამართლეების მიერ მართულ სასამართლოს“ წარმოადგენს, აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში არ იმუშავა.

ჰალინა ჩიჟიკი, უკრაინელი ექსპერტი, სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელის (INJR) წევრი

ჩიჟიკი იქვე აღნიშნავს, რომ თავად ვენეციის კომისიამაც აღიარა, რომ ზოგიერთ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის სტანდარტებმა შესაძლოა შექმნას პარადოქსი:

„დამოუკიდებლობის გარანტიების მინიჭება“ ისეთი მოსამართლეებისათვის, რომლებიც პრაქტიკაში სულაც არ გამოირჩევიან დამოუკიდებლობითა და მიუკერძოებლობით, აყალიბებს კორპორატიულ მიდგომებს, რაც იწვევს ფართოდ გავრცელებულ კორუფციას, პროფესიონალიზმისა და ეფექტიანობის ნაკლებობას“.

ვეტინგმა სისტემა ისე უნდა გაწმინდოს, რომ დამოუკიდებლობის გარანტიების მიცემა სასამართლო დამოუკიდებლობას აძლიერებდეს და არ ქმნიდეს კორპორატივიზმის საფრთხეს. ამ მიზნისთვის, მაგალითად, შესაძლოა, თავად უვადოდ დანიშნული მოსამართლეების სისტემიდან გაშვებაც, თუკი ისინი კეთილსინდისიერების შემოწმებას ვერ გაივლიან. ალბანეთის მაგალითზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი არსებობს, სადაც სასამართლომ მომჩივანი მოსამართლის გათავისუფლება ვეტინგის პროცესში დასაშვებად მიიჩნია.

უკრაინასა და მოლდოვაში ვეტინგის კომისიებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ხდება მოსამართლეთა გავლენის ბოროტად გამოყენების რისკების დაბალანსება.

სისტემა ორივე ქვეყანაში მარტივია – პირველ ეტაპზე სწორედ ის რგოლი მოწმდება, რომელმაც შემდეგში თავად უნდა შექმნას ანგარიშვალდებულების მექანიზმები და მოსამართლეების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხები უნდა გადაწყვიტოს.

შემოწმება მოიცავს კანდიდატთა/მოსამართლეთა ფინანსურ შემოწმებასაც – რამდენად შეესაბამება აღნიშნული პირის და მისი ოჯახის ქონება და ბოლო წლების ხარჯები მის ოფიციალურ შემოსავლებს, ხომ არ რჩება განცდა, რომ ის სხვა გზებით იღებდა შემოსავალს და აგროვებდა ქონებას; გროვდება ინფორმაცია სხვადასხვა ანგარიშიდან; შემოწმებაზე ხშირად გავლენა აქვს ჟურნალისტურ გამოძიებებს კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ და ა.შ.

უკრაინაშიც და მოლდოვაშიც ბევრმა მოსამართლემ თავად დატოვა თანამდებობა და ვეტინგის სისტემაში შესვლაზე უარი თქვა. როგორც ჰალინა ჩიჟიკი გვიხსნის, მათ არ ჰქონდათ შემოწმების გავლის იმედი და გადადგომით აარიდეს თავი ამ პროცესს, ასევე, საპენსიო და სხვა ბენეფიტების დაკარგვას.

პროცესი ხანგრძლივია. ლავლი პერლინგი ამბობს, რომ ჯერ ადრეა ვეტინგის შედეგების შეფასება. ასევე ფიქრობს ჰალინა ჩიჟიკიც, რომელიც შიშობს, რომ საერთაშორისო ექსპერტები ისე კარგად ვერ გაერკვევიან ადგილობრივ სიტუაციაში, როგორც თავად უკრაინელი ექსპერტები სამოქალაქო საზოგადოებიდან. თუმცა, როგორც ის ამბობს, ეს კომპრომისული შეთანხმება იყო.

ლავლი პერლინგი, ესტონელი პოლიტიკოსი და ყოფილი მთავარი პროკურორი

ვეტინგის ეფექტურობის შეფასება რომ ადრეა, ამას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძეც ადასტურებს, თუმცა ყოფილ მოსამართლეს, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო კლანის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დასჯილთა შორის, საქართველოში არსებულ მდგომარეობაში ყველაზე ეფექტურ გამოსავლად მაინც ვეტინგი მიაჩნია:

„დრო შეაფასებს ამ პროცედურის ნაკლოვანებებს. შეიძლება უფრო მეტად დახვეწოს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ახლა ლოდინის შესაძლებლობა – ამის ერთი მიზეზია ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა, რა ფაზაშიც ვიმყოფებით ევროინტეგრაციის გზაზე და მეორე – შიდა ვითარება – რაც სასამართლო სისტემის არსებულ მდგომარეობაში გამოიხატება

ფაქტობრივად, საზოგადოებაში უკვე გაჯერებულია ეს [კლანის არსებობის] აზრი, ყოფილი მოსამართლეები ღიად საუბრობენ ამის შესახებ, მოქმედი მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები ილახება და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ კორპორატივიზმზე ამერიკის მხრიდან მოსამართლეთა კორუფციულ გარიგებაზეა საუბარი და სავიზო სანქციების მექანიზმი იქნა გამოყენებული მაღალი თანამდებობის მოსამართლეების მიმართ. მკვლევრები, ჟურნალისტური გამოძიება ამაზე ძალიან ბევრს საუბრობს.

საერთოდ მორღვეულია ანგარიშვალდებულების მექანიზმი საქართველოს სასამართლო სისტემაში; მოსამართლეებს გასაუბრების დროს რომ ეკითხებიან, ვის წინაშეა მოსამართლე ანგარიშვალდებული, პასუხობენ, რომ არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული; ზოგი პასუხობს, რომ საბჭოს წინაშე, ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ კანონის წინაშეა… ანუ ანგარიშვალდებულების სისტემა და მექანიზმი არ არსებობს და არც არის ამისი კულტურა.

მოსამართლეების მიერ არჩეულმა მოსამართლეების მოდელმა წარმატებით ვერ იმუშავა, იქ სადაც არ არსებობს ანგარიშვალდებულების გამართული სისტემა. ნორმატიულად ჩვენთან არსებობს მოსამართლეთა შეფასების სისტემა, მაგრამ ერთია ის, რომ საერთოდ არც მუშაობს და მეორე – რომც მუშაობდეს, ისევ ამ საბჭოს წევრების და გავლენიანი მოსამართლეების ხელში ხვდება ეს შეფასება, კარგავს ობიექტურობის განცდას და არ იქნება არასოდეს სანდო და მოსამართლის მორჩილების კიდევ ერთ მექანიზმად იქცევა.

ამიტომ ვამბობთ, რომ თუ მრავალი სხვადასხვა აქტორის დასაბუთებული შეფასება იქნება და გარე აქტორებიც მიიღებენ ამაში მონაწილეობას, ეს იქნება უფრო სანდო პროცესი. ანგარიშვალდებულების მექანიზმი, რომელიც თავისი შინაარსით ერთჯერადია, შემდეგ უნდა გაგრძელდეს რაიმე შესაფერისი სისტემით,“ – აღნიშნავს მაია ბაქრაძე.

მაია ბაქრაძე, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

იგი ამჟამად დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრია. მაია ბაქრაძის თქმით, მნიშვნელოვანი გარემოებაა ქვეყნის ზომაც, რის გამოც, ჰალინა ჩიჟიკისგან განსხვავებით, იგი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ სუბიექტებთან ერთად საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა დადებით შედეგს გამოიღებს:

უვადოდ გამწესება მოსამართლეს ვეტინგისგან ვერ დაიცავს. საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებითდამოუკიდებელი იურისტების ჯგუფისგან, ჩვენი მიდგომა იქითკენ იყო მიმართული, რომ, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გადამოწმდეს კეთილსინდისიერების კომპონენტი.

ამაში მოიაზრება კორუფცია, შიდა კავშირები, მაგალითად, ხომ არ არის კლანური, ნეპოტისტური კავშირები? ხომ არ განუხორციელებიათ მოსამართლეზე ზეწოლა? – აი, ეს არის პრიორიტეტულად შესამოწმებელი საქართველოს ფარგლებში: საქართველოს ეს გამოწვევა უდგას და არაერთი წყაროთი დასტურდება ეს, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიებით, ყოფილი მოსამართლეების განცხადებებით, რომ ასეთ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა.

ვეტინგი არ არის ქირურგიული ჩარევა, ეს არის ხელახალი გადამოწმება ფაქტების, დოკუმენტების მეშვეობით, ობიექტური მსაჯულებისაგან შემდგარი კომისიის მიერ.

რასაკვირველია, ეს უნდა მოხდეს მრავალი სუბიექტის, როგორც მოსამართლეების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიის და საერთაშორისო აქტორების ჩართულობით.

საერთაშორისო აქტორების ჩართვას ხშირად ისე აღიქვამენ, რომ თითქოს მათი ჩართვა ადგილობრივების ნაკლები კომპეტენციის გამო ხდება – ეს არ არის ამის განმაპირობებელი. საერთაშორისო სუბიექტის ჩართვა ემსახურება იმას, რომ არ გაჩნდეს კომისიის მიმართ მიკერძოებულობის განცდა.

საქართველო პატარა ქვეყანაა და ყოველთვის არსებობს ასეთი კავშირების დამყარების შესაძლებლობა, საერთაშორისო აქტორებთან კი ასეთი ინდივიდუალური კავშირების დამყარების ალბათობა მინიმალურამდეა დაყვანილი, ამიტომ მათი მონაწილეობა უფრო მეტად სანდოს ხდის კომისიის მუშაობას“.

ჰალინა ჩიჟიკი გვიხსნის, რომ უკრაინაში სასამართლო სისტემის რეფორმის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და მებრძოლი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ სასამართლო სისტემის რეფორმებზე, ამზადებდნენ კვლევებსა და ანგარიშებს, მუდმივად ცდილობდნენ ყურადღების მიქცევას და საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის უფრო მკაცრად მოეთხოვათ რეფორმების შესრულება.

ჰალინა ჩიჟიკიც იხსენებს, რომ ეს არ იყო მარტივი პროცესი, ხშირად ინდივიდუალური პოლიტიკური ფიგურები თუ ჯგუფები ბლოკავდნენ პროცესს, თუმცა საბოლოოდ შესაძლებელი გახდა პროცესის დაძვრა. ახლა მას ყველაზე მეტად ის აშინებს, პროცესი რამდენად წარმატებით ჩაივლის და რამდენად მოახერხებს უკრაინა საომარ მდგომარეობაში სისტემის ბოლომდე გაწმენდას. მას ასევე ეჭვი ეპარება, რომ 4 წელი, რომლის შემდგომაც სასამართლო სისტემამ თავად უნდა განაგრძოს თვითრეგულირება, საკმარისი დროა შედეგის მისაღწევად.

ლავლი პერლინგი, რომელიც მოლდოვისა და უკრაინის რეფორმებში მონაწილეობს, ამბობს, რომ რეფორმის წარმატების მთავარი წინაპირობა პოლიტიკური ნებაა. მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატიებში ქვეყნებს პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები მართავენ, სწორედ ამისთვის ვირჩევთ მათ და მათი პოლიტიკური ნება თუ არ არსებობს, საუკეთესო შემთხვევაში ისე უნდა გაძლიერდეს დაკვეთა და წნეხი ამომრჩევლისგან, რომ ეს ნება გაჩნდეს.

„არასდროს დანებდეთ, მთავარი ესაა. მე, როგორც ყოფილი პროკურორი, რომელიც წლების განმავლობაში ვებრძოდი კორუფციას, ვიტყოდი, რომ კორუფციასთან ბრძოლისთვის აუცილებელია პოლიტიკური ნება, ეფექტური კანონმდებლობა და მოტივირებული მებრძოლები. ეს სამფეხა სკამივითაა და სიმყარისთვის საჭიროა, რომ სამივე ფეხი თანაბარი ზომის იყოს“, – ამბობს ლავლი პერლინგი.

მის პოზიციას პოლიტიკური ნების აუცილებლობაზე იზიარებს მაია ბაქრაძეც და ამბობს, რომ ამ ნებას პოლიტიკურ ხელისუფლებაში ვერ ხედავს, თუმცა სჯერა, რომ ვეტინგის სისტემა წარმატებული იქნებოდა საქართველოში, რადგან თავად სისტემაში არიან მოსამართლეები, რომლებიც დაიღალნენ კლანური მმართველობით და სურთ ამის დასრულება. იგი მიიჩნევს, რომ ასეთი მოსამართლეები იმაზე მეტნი არიან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, რადგან დიდი ნაწილი აქტიურობას სამაგალითო სადამსჯელო ღონისძიებების გამო ერიდება.

რატომ არ აქვს პოლიტიკური ნება საქართველოს ხელისუფლებას და რა არგუმენტებით ეწინააღმდეგებიან ვეტინგის გამოყენებას? – ვკითხეთ ყოფილ მოსამართლეს.

„ვინც ქართულ სასამართლო სისტემაში კორპორატივიზმის პრობლემას არ აღიარებს, ეს არის პოლიტიკური უმრავლესობა და თვითონ სასამართლო სისტემა. მათ გარდა ყველა შიდა და გარე აქტორი ამას აღიარებს. თუ ისინი ამ პრობლემას არ აღიარებენ, რა თქმა უნდა, არც კი განიხილავენ, რომ შემოწმება უნდა მოხდეს.

ზოგადად, სხვა ქვეყნების გამოცდილებით და, სხვათა შორის, ჩვენი ქვეყნის გამოცდილებაც ასეთია, სასამართლოში წარმატებული რეფორმების პერიოდად მიიჩნევა ხელისუფლების არჩევიდან პირველი ორი წელი. ჩვენს სინამდვილეშიც ასეა. სასამართლოში განხორციელებული ცვლილებები ვარდების რევოლუციის შემდეგ პირველ წლებში მოხდა და 2007 წლიდან გაუარესდა მდგომარეობა პოზიტიური არსებითი ცვლილებები 2012-15წლებში გატარდა როდესაც ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო. და 2021 წელს განხორციელებული ცვლილებით თავისივე გაუმჯობესებული რედაქციაც კი გააუქმა უმრავლესობამ.

რაც უფრო დიდი ხნით რჩებიან ხელისუფლებაში, უფრო და უფრო უტკბებათ ხოლმე მორჩილი სასამართლო. ჩვენს სასამართლო სისტემის მმართველ რგოლს სამწუხაროდ მორგებული აქვთ ეს როლი.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვხედავთ, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება? – ვკითხეთ მაია ბაქრაძეს.

„ვეტინგი ჩვენ ვითარებაში ახლა ყველაზე რეალური გამოსავალია. ამას სჭირდება შესაბამისი კანონმდებლობა, კანონმდებლობას კი პოლიტიკური ნება. პოლიტიკურ ნებას სჭირდება ხალხის მხრიდან მისი გამოწვევა.

თუ ხალხს დააინტერესებს ეს საკითხი, გაცილებით მარტივად მივიღებთ შედეგს. თუ არა, მაშინ თვითონ პოლიტიკოსებს უნდა გაუჩნდეთ ეს პოლიტიკური ნება. ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა სყველა მათგანი დამოუკიდებელ სასამართლოზე საუბარს იწყებს მას შემდეგ, რაც კარგავს ძალაუფლებას. ამიტომ ძალაუფლება თუ დანაწილდა, ეს ნებაც უფრო ადვილად გაჩნდება ამბობს ყოფილი მოსამართლე.


გადაბეჭდვის წესი


ასევე: