ქობულეთის მერიის სატენდერო კომისიამ ზღვისპირა პარკის მოწყობაზე გამოცხადებული 10,9-მილიონიანი ტენდერი „მოქალაქეების კოლექტიური განცხადების“ საფუძველზე შეწყვიტა.
ამ განცხადებას ხელს ქობულეთის ზღვისპირა ზოლში მცხოვრები 24 მოქალაქე აწერს და ისინი არსებული „ვიწრო გზის“ გაფართოებას ითხოვენ პლაჟის ხარჯზე.
„დავით აღმაშენებლის გამზირი №325-375-ში მცხოვრებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილია ჩვენი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია, რომლითაც მხოლოდ არსებული 4,5-5 მეტრი სიგანის გზის რეაბილიტაცია ხდება და არა არსებული ვიწრო გზის გაფართოება, რაც ყოვლად დაუშვებელია და არანაირ თანამედროვე სტანდარტებში არ ჯდება. შეუძლებელია ამ ვიწრო გზის რეაბილიტაციით ამ სანაპიროს დაერქვას ბულვარი…. მოსახლეობა ამას არ დავუშვებთ.
ჩვენი მოთხოვნაა არსებული სივრცის გაფართოება პლაჟის მიმართულებით 7-10 მეტრით მაინც, რომ მივიღოთ თანამედროვე სტანდარტების ბულვარი გამიჯნული ზონებით. უნდა მოხდეს შეხვედრა ჩვენთან და ამ საკითხის განხილვა/გადაწყვეტა ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში მოქალაქეები წერენ, რომ მათი „მისამართები აღმაშენებლის გამზირია, მაგრამ რეალურად სახლების, სასტუმროების, შენობა-ნაგებობების უმეტესობა სანაპიროს მიმდებარედ არის განთავსებული და ალბათ, შემდგომში თამარ მეფის სანაპირო ქალაქის ცენტრიდან გაგრძელდება და ჩვენი გადამისამართებაც მოხდება ახალ ქუჩაზე“.
„არსებული ვიწრო ზოლი მოიცავს ფეხით მოსიარულეთა სასეირნო ბილიკს, ველოსიპედებისათვის განკუთვნილ გზას, აგრეთვე ამ ვიწრო გზით ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, კომუნალური მომსახურება მიმდებარედ არსებული სასტუმროებიდან და ტურისტული ობიექტებიდან, სადისტრიბუციო მომსახურება. ასევე მიმდებარე სასტუმროების და სახლების ნაწილს ფაქტობრივად შესასვლელი აქვს ამ არსებული ვიწრო გზიდან… გართულებულია ტრანსპორტის და დამსვენებლების მოძრაობა, ხშირია მიკრო ავარიები, ველოსიპედებით შეჯახება ბავშვებზე, ზოგადად უკმაყოფილება ტურისტებში და ადგილობრივ მოსახლეობაში“, – აღნიშნულია მოქალაქეების განცხადებაში.სატენდერო კომისიის ოქმში დაფიქსირებულია კომისიის თავმჯდომარისა და ერთ-ერთი წევრის პოზიციები, რომლითაც ისინი ემხრობიან ტენდერის შეწყვეტას:
- „კომისიის თავმჯდომარემ დავით ვერულიძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი პროექტის მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაა და სწორედ მათ ინტერესებსა და მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. შესაბამისად, დაუშვებლად მიაჩნია ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება და მიზანშეწონილია გადაიხედოს პროექტი და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით მოხდეს პროექტის შესაძლო ცვლილების/გაფართოების საკითხის განხილვა და ამის შემდგომ განხორციელდეს იგი.
- კომისიის წევრმა, დავით ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ პროექტის დიდი ნაწილი, იქ, სადაც შედარებით ფართო სანაპირო ზოლია, სწორედ ბულვარის გაფართოებას ითვალისწინებს. ვინაიდან მოსახლეობა იმ ნაწილში, სადაც ბულვარის გაფართოება გათვალისწინებული არ არის, პროექტის წინააღმდეგია, შესაძლებელია გაიყოს ეს პროექტი – პირველ ეტაპზე განხორციელდეს ფართო მონაკვეთის გაფართოება, რაც დაგეგმილია და შემდგომ მოსახლეობასთან შეთანხმებით, დაიგეგმოს და საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირდეს პროექტის მეორე ნაწილი.
- კომისიამ მოიწონა აღნიშნული მოსაზრება და აღინიშნა, რომ მიზანშეწონილია შეწყდეს ელექტრონული ტენდერი, დაკორექტირდეს პროექტი და მხოლოდ ამის შემდგომ განხორციელდეს შესყიდვა.“
კომისიამ ტენდერი 2023 წლის 24 ნოემბერს შეწყვიტა. 27 ნოემბერს კი, შტორმმა ქობულეთის ზღვისპირა ზოლი და შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა დააზიანა, დაიტბორა სახლებიც.
რამდენად იქნება შესაძლებელი გზის გაფართოება და პარკის ინფრასტრუქტურის მოწყობა პლაჟის ხარჯზე, ქობულეთის მერიას ჯერ პასუხი არ აქვს, თუმცა ამ საკითხზე პასუხი აქვთ იქვე მცხოვრებ განცხადების ავტორებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ „უკვე ნაწილობრივ მოქმედი ტურისტული, კულტურული, სპორტული საცხოვრებელი ობიექტების განვითარება, ამოქმედება მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტის, რეგიონის და საერთოდ ქვეყნის ეკონომიკის, ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის და პირველ რიგში ამისთვის სასწრაფოდ საჭიროა ინფრასტრუქტურა, სამანქანე გზა ტროტუარებით და განათებით.“
„სანაპირო, პლაჟი გაფართოების საშუალებას იძლევა, ვინაიდან ჩვენს მონაკვეთზე ყველაზე მეტი სიფართის პლაჟია ქობულეთში, დაახლოებით 55-65 მეტრომდე და შესაბამისად ეს ვიწრო გზა და არა ბულვარი გაფართოვდეს 7-10 მეტრომდე და დაემსგავსოს მართლაც ბულვარს გამიჯნული სამანქანე, სასეირნო და მწვანე ზონებით. არანაირი საშიშროება არ არსებობს ზღვის შტორმის დროს დაზიანდეს მომატებული, გაფართოებული ბულვარი, ვინაიდან არსებული ჯებირიდან დაახლოებით 10 მეტრომდეც ვერ აღწევს ზღვის ტალღები.“ – აღნიშნულია მოქალაქეების განცხადებაში.
„ბათუმელები“ ესაუბრა განცხადების ერთ-ერთ ხელმომწერს დიმიტრი ვერულიძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ 27 ნოემბრის შტორმის დროს სანაპიროზე არსებულ გზამდეც კი არ მოუღწევია ტალღებს: „იქ, სადაც ზღვამ სანაპირო დააზიანა, პლაჟის სიგანე არის 10-20 მეტრი და ჩვენი სახლების გასწვრივ კი – 60 მეტრი. ასე, რომ აქ გაფართოება შესაძლებელია. ჩვენი ახირება ეს არ არის. ვითხოვთ, რომ სამანქანე გზა, სასეირნო და ველობილიკები ერთმანეთისგან იყოს გამიჯნული. ანუ, გაკეთდეს სტანდარტების დაცვით, რასაც 7-10 მეტრი ეყოფა და ამის საშუალება აქ არის“.
ქობულეთის მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა ტენდერში მონაწილე კომპანია „ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ საქართველოს ფილიალმა“, რომელსაც ტენდერის შეწყვეტამდე ორი დღით ადრე კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა.
მომჩივანი კომპანია მიიჩნევს, რომ „შემსყიდველის გადაწყვეტილება არის სრულიად უსამართლო და ყოველგვარ სამართლებრივ ნორმას მოკლებული. ტენდერი, რომელიც არის 10 959 000 ლარის, წყდება მხოლოდ იმიტომ, რომ 24 ადამიანს აქვს დაწერილი განცხადება პროექტის ცვლილების მოთხოვნით, ამ 24 ადამიანიდან 11 არის ერთი და იმავე გვარის – „ვერულიძე“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ერთმანეთის ნათესავებმა შეადგინეს განცხადება, დაახლოებით 3-4-მა ოჯახმა და მოითხოვეს პროექტის ცვლილება.“
„შემსყიდველის მსგავსი ქმედება აჩენს უამრავ კითხვას: რატომ არ გააცნო არსებული პროექტი ამ დრომდე მოსახლეობას? თუკი მოსახლეობის ჩართულობა საჭირო იყო პროექტის შედგენისას, რატომ არ მიაღებინა მათ ამ პროექტის დაგეგმვის დროს მონაწილეობა? რატომ არ მოიკითხა, რა სურდა მოსახლეობას?
მაშინ, როდესაც ტენდერი ჩატარდა, „ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ საქართველოს ფილიალმა“ წინადადების წარდგენის ეტაპზე ატვირთული დოკუმენტაციით დააკმაყოფილა სატენდერო მოთხოვნები, სწორედ ამის შემდგომ რატომ დაინტერესდა შემსყიდველი მოსახლეობის აზრით?
კერძოდ, 24 ადამიანის უბრალო განცხადების საფუძველზე რატომ შეწყვიტა ტენდერი მაშინ, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ აქვს იმის შესახებ, რომ მოსახლეობის მოსაზრება სანაპირო ზოლის გაფართოებაზე, არის განხორციელებადი?..“
მომჩივანი მიუთითებს ასევე, რომ ქობულეთის სატენდერო კომისიის „მსგავსი ქმედება რომ ჩაითვალოს კანონიერია, ეს იქნება მაგალითი ყველა შემსყიდველი ორგანოსთვის, თუ როგორ შეიძლება შეწყვიტონ ტენდერი მარტივად, რამდენიმე ადამიანის განცხადების საფუძველზე.“
„პრეტენდენტები ტენდერში მონაწილეობის დროს საკმაოდ დიდ თანხებს და რესურსს ხარჯავენ, ამიტომ არ შეიძლება შემსყიდველი 10 959 000 ლარის ტენდერს წარმოდგენილი მსგავსი განცხადების საფუძველზე წყვეტდეს.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით შემსყიდველს უფლება აქვს, კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
ვინაიდან ზემოაღნიშნული მუხლის არც ერთი მნიშვნელოვანი პირობა შემსყიდველს არ ჰქონდა სახეზე, მას არ ჰქონდა უფლება ტენდერის შეწყვეტის.
ამიტომ ვითხოვთ გაუქმდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N 142/4-ით შემსყიდველის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია საჩივარში.
საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, „ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკი“ 6 თვის წინ, 2023 წლის 25 მაისს არის რეგისტრირებული თბილისში, როგორც კანადური „კორპორაცია ჯეო კონსტრაქშენს ენდ სისტემს ინკის“ საქართველოს ფილიალი. ფილიალის დირექტორია ნათია ნინუა.
„ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ საქართველოს ფილიალი“ ქობულეთის მერიას მომსახურებას 9 მილიონ 530 ათას ლარად სთავაზობდა.
შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში საჩივრის განხილვის თარიღად 2023 წლის 5 დეკემბერია ჩანიშნული.
შეწყვეტილი ტენდერის დეტალები ნახეთ ამ ბმულზე:
უკანონო კაფე ქობულეთის პლაჟზე მერიასთან ახლოს – როგორ მუშაობენ მუნიციპალიტეტში