„რომ ჩამოვედი, შვილებს დავურეკე და ვუთხარი, თეატრთან მიდით, ერთი ქალი გელოდებათ-მეთქი, არ იცოდნენ, რომ ჩამოვდიოდი. იმ ღამეს ბავშვებს თვალი არ დაუხუჭავთ. გათენებამდე ასე ვიყავით, ერთი მარჯვნივ იჯდა, მეორე – მარცხნივ, ხელებს არ მიშვებდნენ. ანდრეას ვკითხე, დედა, რატომ არ იძინებ-მეთქი, მეშინია თვალების დახუჭვის, რომ გავახელ და არ დამხვდეო?
მივხვდი, რომ შვილების ეს განცდები არაფრად ღირს. ამიტომ დავბრუნდი ემიგრაციიდან, ეს ჩემი ცხოვრების ჯოჯოხეთური 7 თვე იყო“, – იხსენებს 33 წლის ქალი, ლიკა ჩავლეშვილი, რომელიც ემიგრაციიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა ოზურგეთში. ლიკა ამბობს, რომ ეს მისთვის მძიმე გამოცდილება იყო, რასაც აღარ ისურვებდა.
ემიგრაციაში წასვლამდე სხვადასხვა დროს მუშაობდა ბანკსა და პროფესიულ სასწავლებელში, მაგრამ ლიკას საჭიროებები მას მერე გაიზარდა, რაც ორ შვილთან ერთად მარტო დარჩა. თავიდან ემიგრაციაში მყოფ დას ჩააკითხა საბერძნეთში, რომელიც ავად იყო და ლიკას დახმარება სჭირდებოდა, მერე რახან უკვე საბერძნეთამდე ჩავიდა, გადაწყვიტა, დარჩენილიყო, ემუშავა და ბინის ფული დაეგროვებინა, მას და მის შვილებს სახლი არ ჰქონდათ:
„ბავშვები ბებოსთან მყავდა დატოვებული, 7 თვეს გასტანა ჩემმა ემიგრაციამ. თავიდან ეტლით მოსარგებლე ორ ქალს ვუვლიდი, მხოლოდ სახეს ამოძრავებდნენ, მეტს ვერაფერს გრძნობდნენ. ხელები ვიყავი ამ ქალებისთვის, ღამითაც მათთვის უნდა გამეწია მეთვალყურეობა. ორ დღეში მივხვდი, რომ ვერ გავძლებდი და სხვა სამსახურის ძებნა დავიწყე. მეორე ოჯახში 90 წლის მოხუცი ჰყავდათ. ეტლიდან დღეში 3-4-ჯერ უნდა გადამესვა სკამზე და მერე ისევ გადმომესვა. თუმცა აქ უფრო მარტივი იყო, რუსული ესმოდათ ოჯახში და ვაგებინებდით ერთმანეთს.
შვილები არასდროს დამიტოვებია და გაუსაძლისი აღმოჩნდა ჩემთვის მათი სიშორე. ძალიან ცოტა მქონდა ხელფასი და ბინის ფულს წლები ვერ დავაგროვებდი, ამას მალევე მივხვდი. გამოდიოდა, რომ უნდა ვქცეულიყავი საფულედ, გავგზავნიდი ბავშვებთან ხელფასს, რომელიც თვის ბოლოს აღარ იქნებოდა და ასე დაუსრულებლად. გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი შვილებთან და თუნდაც მხოლოდ ერთი ლუკმა პური გვქონოდა ყოველდღე“, – ამბობს ლიკა.
ლიკა ახლა ოზურგეთში ტორტებსა და ნამცხვრებს აცხობს. შეკვეთა ბლომად აქვს, ყველა ცნობს ოზურგეთში მის ტორტებს. ცხობა დებმა ასწავლეს, წლების წინ სწორედ დებს ეხმარებოდა საკონდიტრო ნაწარმის მომზადებაში და ეს საქმე ასე ისწავლა.
ემიგრაციიდან დაბრუნება რომ გადაწყვიტა, ბევრს ფიქრობდა, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა საქართველოში, რითაც შვილების მოვლა-პატრონობასაც შეძლებდა და სამომავლოდ ბინასაც იყიდდა.
ემიგრანტი დისგან საბერძნეთშივე გაიგო ლიკამ მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაციის შესახებ, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში აპირებდა დაბრუნებას. ამის შემდეგ მას თვითმფრინავის ბილეთი უყიდეს და 1000 ევრო გადასცეს.
დაბრუნებამდე 2 დღით ადრე დაურეკეს მიგრაციის მსოფლიო ორგანიზაციიდან და უთხრეს, რომ მცირე ბიზნესსაც დაუფინანსებდნენ 4000 ლარით:
„იმედი მომეცა, რომ საქართველოში ჩამოსული ხელცარიელი არ ვიქნებოდი, რამეს დავიწყებდი და ბევრად მეტს გამოვიმუშავებდი, ვიდრე ბანკში მუშაობისას მიხდიდნენ საქართველოში.
გრანტით ტექნიკა ვიყიდე: დიდი მაცივარი, მიქსერი, მიკროტალღური და ელექტროღუმელი. პირველი ეტაპისთვის ჩემთვის ეს სრულიად საკმარისი იყო.
პირველ აგვისტოს დავიწყე მუშაობა, 6 თვე მაინც სჭირდება ბიზნესს, რომ ფეხზე დადგეს. მინდა, ჩემი საკონდიტრო კაფე მქონდეს, განვვითარდე და ფეხზე დავდგე“, – ამბობს ყოფილი ემიგრანტი.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია – გაეროს მიგრაციის სააგენტო (IOM) 1993 წლიდან მოქმედებს საქართველოში, 2003 წლიდან კი სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებასა და რეინტეგრაციაში დახმარებას. დღემდე IOM დაეხმარა 8096 დაბრუნებულ მიგრანტს რეინტეგრაციაში (6361 ოჯახს).
ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამით სარგებლობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ ყოფნის დროს აღმოჩნდა მოწყვლად მდგომარეობაში, მაგალითად: არ აქვს ლეგალური სტატუსი ან სამგზავრო დოკუმენტები, გახდა თაღლითობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლი, უარი ეთქვა თავშესაფარზე და/ან არ აქვს თავისი ხარჯებით სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) სამშობლოში ნებაყოფლობითი დაბრუნების და რეინტეგრაციის პროექტი ფინანსება ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ.
ლიკას ფეისბუქგვერდი აქვს: ლიკას ტორტები ოზურგეთში. 5000 გამომწერი ჰყავს – მისი მომხმარებლები არიან ძირითადად. ლიკას, როგორც მარტოხელა დედას, სახელმწიფო უწყებებისთვის დახმარების თხოვნით არასდროს მიუმართავს. მცირე მეწარმედაა დარეგისტრირებული და ასეთ დროს მარტოხელა დედას შეღავათი სახელმწიფოსგან არ აქვს.
საკონდიტროს გახსნასთან ერთად ლიკას მიზანი შვილებისთვის სახლის ყიდვაა. ახლა კი იმ სახლიდანაც უწევს გადასვლა, სადაც დროებით ცხოვრობს. ეს ლიკას ყოფილი მამამთილის სახლია, რომელიც ბანკითაა ნაყიდი, ოჯახმა ბინის ფული ვერ გადაიხადა და არჩიეს გაეყიდათ სახლი, მერე კი ბანკის ვალი გადაეხადათ. ლიკამ და მისმა ორმა შვილმა ახლა სადმე სხვა საცხოვრებელი უნდა იპოვონ, მაგრამ როგორ, ეს ჯერ ლიკამ არ იცის.
„ოზურგეთშიც კი 800, 1000 ლარზე ნაკლებად ქალაქის ცენტრში ბინას ვერ იქირავებ. მე არ მაქვს ჩემი მცირე ბიზნესით ამხელა შემოსავალი, რომ ქირის ფული ვიხადო. სოფლებში სახლის დაქირავება გაცილებით მარტივი და იაფია ან გარეუბანში, მაგრამ ასეთ ადგილებში ვერ ვიმუშავებ, აღარ მომივა შეკვეთები. ბინის დაგირავება ძალიან ძვირია, თითქმის ბინის საფასურს უტოლდება, არ ვიცი, რას ვიზამთ, გაზაფხულზე უნდა დავცალოთ ეს ბინა“, – ამბობს ლიკა.
მას მიაჩნია, რომ სახელმწიფოსგან მეტ მხარდაჭერას უნდა გრძნობდნენ მარტოხელა დედები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თავად დედებს, რომლებსაც ხშირად რცხვენიათ იმაზე საუბრის, რომ მარტოხელა დედები არიან.
ლიკას მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს და ფიქრობს, რომ კაფე-საკონდიტროს გახსნა რომ შეძლოს, კარგად იმუშავებდა:
„10 წელია ვცხოვრობ ოზურგეთში, აქ ბევრი ნაცნობი და მეგობარი მყავს, ერთხელ ფეისბუქზე დავპოსტე, კაფე რომ გავხსნა, ჩემთან ფინჯან ცხელ შოკოლადზე თუ შემოივლიდით-მეთქი, უამრავი გამამხნევებელი კომენტარი ჰქონდა პოსტს, შენ ოღონდ მოინდომე და ყველანი მოვალთო, წერდნენ.
ხშირად წარმომიდგენია, როგორი იქნება ჩემი საკონდიტრო, როგორ დავასაქმებ იქ ჩემს მეგობრებს, ჩემსავით მარტოხელა დედებს და მათაც შევუმსუბუქებ ცხოვრებას. სახლში ტორტების ცხობა არაა მარტივი, მერვე სართულამდე ხელით ამომაქვს ტომრებით ფქვილი, შაქარი, ყველაფერი, კორპუსში ლიფტი არ არის… რთულია, ყოველდღე რომ ასე გიწევს შრომა“, – ამბობს ლიკა.
ყოფილი ემიგრანტი იმ რეალობაზე საუბრობს, რაც ქალებს ემიგრაციაში წასვლასა და მძიმე შრომას აიძულებს:
„იღვიძებენ ქალები დილით და შვილისთვის საჭმელს ვერ ყიდულობენ, გადასახადებს ვერ იხდიან, ნორმალურ განათლებას ვერ აძლევენ შვილებს. მე გამიმართლა, რომ კარგად ვიცი ცხობა და ამ საქმით პატარა ბიზნესი მაქვს, მაგრამ ყველას ხომ არ შეუძლია ასე? ხალხის უმრავლესობა მუშაობს მაღაზიაში გამყიდველად, კონსულტანტად, ბანკებში ოპერატორად, მოლარედ და ა.შ.
ხელფასი ყველგან ძალიან ცოტაა. ბავშვებს სჭირდებათ ექიმი, გამოკვება, ტანსაცმელი, განვითარება, ამ ყველაფერს ქართული ხელფასი ვერ სწვდება. რაღაც უნდა შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში, თორემ ამ ყველაფერს არაფერი ეშველება, სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი მიდის შრომით ემიგრაციაში.
რაღაცით მაინც უნდა დავემსგავსოთ იმ ქვეყნებს, სადაც ეს ხალხი გარბის, ესე იგი, იქ უკეთესია, ხომ? საბერძნეთში ფასებს რომ შევხედე, გავოგნდი, თურმე სად ვცხოვრობთ, როგორ გაგვაქვს თავი თვიდან თვემდე, როგორ ვცხოვრობთ საერთოდ. რა უნდა ვიყიდო მე 800-ლარიანი ხელფასით, როცა მარკეტიდან 2 სავსე პარკით გამოვდივარ და აღარ არის 200, 300 ლარი. ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, ესე იგი, მშიერი ზის ხომ?
ბავშვებს მშობლები ვერ აჭმევენ ხორცს, ყველს, შოკოლადს, ოჯახებისთვის ეს არის ფუფუნება. ევროპაში 4 ევრო ღირს ხორცი, ჩვენთან – 18 ლარი.
უნდა შეიცვალოს სახელმწიფოში მდგომარეობა, თუ ძვირდება პროდუქტი, უნდა გაიზარდოს ხელფასიც. ხელფასი იგივე გვრჩება, პროდუქტი ძვირდება და ძვირდება.
ემიგრაციაში მყოფი ქალების უმრავლესობას საქართველოში მაღალპროცენტიანი სესხები აქვთ ბანკებში, ბევრი სახლის დაკარგვის საფრთხის გამო წავიდა საბერძნეთში მოხუცებთან სამუშაოდ. მიუხედავად ამ რთული ყოფისა, არავინ არ უნდა გაიმეტოს საკუთარი ოჯახის წევრი შრომით ემიგრაციაში გასაშვებად. ყველამ ერთად უნდა გააკეთოს რაღაც. არ უნდა იყოს ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა ყველაფერი. არავინ არავისთვის არ უნდა იქცეს უბრალოდ საფულედ.
რამდენი ადამიანი ვნახე, რომ 15, 20 წელია იქ არიან ისე, რომ ერთხელაც არ ყოფილან საქართველოში. შენც შეეჩვევი – შვილებს სახლს უყიდი და შრომის შედეგს რომ დაინახავ, დამშვიდდებიო, მეუბნებოდნენ. მაგრამ არ მინდოდა შევჩვეოდი ასეთ ყოფას, არ მინდოდა შვილებისთვის უცხო გავმხდარიყავი ბინის სანაცვლოდ“.