სპეცრაზმის ლანჩისთვის 200 ათასი ლარით გამოცხადებული ტენდერი შსს-მ შეწყვიტა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე“ პოლიციელებისთვის ლანჩის შესყიდვაზე შეწყვიტა ტენდერი, რომელიც 200 ათასი ლარით იყო გამოცხადებული.

„ღონისძიებები“ კი თბილისში მიმდინარე ანტირუსული საპროტესტო აქციებია, სადაც სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი გამოჰყავს, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელები.

„ღონისძიება“ ძირითადად დეპუტატების პარლამენტის შენობაში „უსაფრთხოდ“ შესვლა-გამოსვლის უზრუნველყოფით და მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლით შემოიფარგლება.

აპრილ-მაისში სპეცრაზმის ლანჩისთვის სამინისტრომ 665 244 ლარი დაიხარჯა. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი, 515 244 ლარი გამარტივებული წესით. ვინაიდან ტენდერი შეწყდა, აქციები კი გაგრძელდება, შსს-ს ლანჩის შესყიდვა ისევ ტენდერის გარეშე – გამარტივებული წესით მოუწევს.

ამასთან, შსს-ს მიერ გამარტივებულ შესყიდვებზე გაფორმებული ხელშეკრულებები, მიუხედავად კანონმდებლობის მოთხოვნისა, შესყიდვების პორტალზე არ იძებნება. შესაბამისად, უცნობია ვისთან აფორმებს სამინისტრო ხელშეკრულებებს.

სამინისტროდან „ბათუმელებმა“ ამ ხელშეკრულებების ასლები, ოფიციალურად წერილობითაც გამოითხოვა, თუმცა სამინისტრომ ის არ მოგვაწოდა. საჯარო ინფორმაციის გაცემას კი შსს-ს კანონი ავალდებულებს.

შსს, რომელმაც ამ შემთხვევაში კანონი დაარღვია, სავარაუდოდ არც პრემიერ-მინისტრის „თხოვნას“ უწევს ანგარიშს.

„ვთხოვე ყველა მინისტრს და სამთავრობო უწყებას, უპასუხოდ არ დატოვონ მოქალაქეების არცერთი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ“, – ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 3 აპრილს გაავრცელა, როცა რუსული კანონის „გასაპრავებლად“ თავისი მთავრობის „გამჭვირვალობაზე“ დებდა თავს.

სამინისტრომ ტენდერი იმ დროს შეწყვიტა, როცა ის შერჩევა-შეფასების ეტაპზე იყო, ანუ შესყიდვების პორტალზე უკვე ჩანდა მიმწოდებელი, რომელიც ყველაზე დაბალ ფასად სთავაზომდა მომსახურებას.

შსს-მ ტენდერი 2024 წლის 8 მაისს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 20 მაისს დასრულდა, 23 მაისს კი, სამინისტრომ ტენდერი შეწყვიტა.

შეწყვეტის ოქმში აღნიშნულია, რომ მიზეზი ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი იყო, რომლითაც საჭირო გახდა „მომსახურების პრეისკურანტით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების ცვლილება“.

არადა, ტენდერის გამოცხადების ოქმში წერია, რომ „შსს ეკონომიკური დეპარტამენტის შესაბამისი განყოფილების მიერ განხორციელდა ბაზრის შესწავლა და ტექნიკური დოკუმენტაცია გადაეგზავნა 13 (ცამეტი) კომპანიას“. წინადადება წარმოადგინა ერთმა კომპანიამ – პრეისკურანტის ღირებულებით 36,08 ლარი.

ტენდერი, სადაც შესყიდვის სავარაუდო თანხა 200 ათასი ლარი იყო, პრეისკურანტით იყო გამოცხადებული. პრეისკურანტის ღირებულება კი სწორედ 36,08 ლარი იყო.

ტენდერში მონაწილე შპს BF Service-მ სამინისტროს მომსახურება შედარებით ნაკლებ ფასად – პრეისკურანტის ღირებულებით – 34,26 ლარად შესთავაზა.

მომსახურების პრეისკურანტი შეთავაზებული ფასით ტენდერიდან

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მომსახურების პრეისკურანტში არის ლანჩის 3 კომპლექტი სხვადასხვა ფასით. ამ სამი კომპლექტის ჯამური ღირებულება კი იგივეა, რაც პრეისკურანტის ღირებულება, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში 36,08 ლარზე მეტი.

სამინისტროს წინა ტენდერიც 150 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული, სადაც პრეისკურანტის ღირებულება იგივე, 36,08 ლარი იყო. ამ ტენდერში გამარჯვებულმა – შპს „ევროპული საცხობმა“ კი, სამინისტროს მომსახურება პრეისკურანტის ზუსტად იგივე ღირებულებით [36,08 ლარი] შესთავაზა.

უცნობია, მონაწილეობდა თუ არა შეწყვეტილ ტენდერში „ევროპული საცხობი“, თუმცა ფაქტია, რომ BF Service-ს შეთავაზება იყო ყველაზე დაბალი, ვინაიდან შესყიდვების პორტალზე პროგრამულად პირველ რიგში ჩანს ის კომპანია, რომელიც შემსყიდველს მომსახურებას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ BF Service ბაზრის კვლევაში არ მონაწილეობდა, ანუ არ იყო იმ 13 კომპანიას შორის, რომლებსაც, ოქმის მიხედვით, შსს-მ ტექნიკური დოკუმენტაცია გადაუგზავნა.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ხელახალი ტენდერი სამინისტროს 29 მაისის მდგომარეობით ჯერ არ გამოუცხადებია.

შპს BF Service კიდევ ერთ ტენდერში მონაწილეობს, რომელიც შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აქვს გამოცხადებული – „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეების კვებით მომსახურის სახელმწიფო შესყიდვაზე“.

დეპარტამენტის ამ ტენდერში შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 50 ათასი ლარია, ხოლოპრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება აქაც 36,08 ლარი.

აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტის ტენდერის პრეისკურანტით გათვალისწინებული ლანჩის სამივე ნაკრები შსს-ს მიერ შეწყვეტილი ტენდერის პრეისკურანტის იდენტურია.

BF Service-ს შეთავაზება კი ამ შემთხვევაში ზუსტად 36,08 ლარია და კომპანია, როგორც ტენდერში გამარჯვებული, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელშეკრულების დასადებად ჰყავს მიწვეული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება. შესაბამისად, უცნობია ვისთან გააფორმა შსს-მ ხელშეკრულებები ამ პერიოდში.

  • რა პრობლემებია კონკრეტულად და რა დროიდან? ანუ, რატომ არ იძებნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეკრულებები [ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშები] CMR გრაფაში? თუ ეს სამინისტროს გადაწყვეტილებაა, გთხოვთ მოგვაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტის/გადაწყვეტილების ასლი.
  • რა კეთდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად და როდის აღმოიფხვრება ის? – ეს და სხვა ინფორმაცია [მათ შორის კონკრეტული ხელშეკრულებების ასლები] შსს-ს 17 მაისს გამოვითხოვეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

„ბათუმელები“ იმავე დღეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც დაუკავშირდა, თუმცა სააგენტოდან 28 მაისს მხოლოდ ზოგადი პასუხი მოგვწერეს:

„ხელშეკრულებების მოდულში (CMR) გარკვეული ტექნიკური შეფერხების გამო, ამ ეტაპზე ხარვეზებით მუშაობს ზოგიერთი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებულ ცალკეულ ხელშეკრულებებზე წვდომის ფუნქციონალი, რის თაობაზეც, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ხარვეზების იდენტიფიცირების დროიდან ხორციელდება საჭირო ტექნიკური სამუშაოები, რაც მოითხოვს ხანგრძლივი დროის პერიოდს.“

გამოდის, რომ „ხანგრძლივი დროის პერიოდის“ გასვლამდე ვისთან გააფორმა/გააფორმებს ხელშეკრულებებს შსს, უცნობი დარჩება, რადგან არც პორტალზე ჩანს და არც შსს იძლევა.

ამ თემაზე: სპეცრაზმის ლანჩისთვის შსს-მ დამატებით 665 000 დახარჯა – ისინი აქციებს ხშირად არბევენ

თბილისში მიმდინარე ანტირუსული საპროტესტო აქციების გამო, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, პოლიციელებისთვის დამატებით 2 ათასი ცალი ჟილეტის შესყიდვასაც ტენდერის გარეშე გეგმავს. შესყიდვის ღირებულება 140 ათასი ლარია.

ვრცლად: ანტირუსული აქციების გამო შსს პოლიციისთვის დამატებით 2 000 ჟილეტს იყიდის

______________

რა ხდება?

28 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ დაძლია პრეზიდენტის ვეტო და მიიღო რუსული კანონი, რომელიც საქართველოში დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაქრობას უქადის.

კანონის განხილვა-დამტკიცების პერიოდში კი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ანტირუსული საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა. 28 მაისს ორგანიზატორებმა საპროტესტო აქციების გაგრძლება დააანონსეს.

ამ თემაზე:

 

მთავარი ფოტო: ნიღბიანი ძალოვნები პარლამენტის შენობაში და შენობის გარეთ / 28.05.2024

 

 

 

 

რატომ არ სჯიან მოძალადე სპეცრაზმს

„დალეწვა უფრო ერქვა ამას, როგორც ამას თავად ახსენებენ: დავლეწოთო… ხშირად მესმის პარალელი ბელარუსთან. სინამდვილეში, მე კადიროვმა მცემა 9 აპრილის ქუჩაზე…“ – გვიყვება მოქალაქე ლევან ბუდაღაშვილი, რომელსაც სამართალდამცველებმა პროტესტის გამოხატვისთვის 16 აპრილის აქციაზე სცემეს.

არავინ დაუსჯიათ. ლევან ბუდაღაშვილი კი, ისევ საპროტესტო აქციაზეა რუსული კანონის წინააღმდეგ.

აქციაზე სცემეს პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილიც. მოქალაქეებზე ძალადობის სხვა შემთხვევების მსგავსად, გამოძიება დაიწყო, თუმცა არც ამ შემთხვევაში დასჯილა ვინმე. გამოძიებას ამ დრომდე მოქალაქისთვის და არც დეპუტატისთვის დაზარალებულის სტატუსიც არ მიუნიჭებია – მათ საქმეში ჩახედვის საშუალება რომ არ მიეცეთ. დაზარალებულს აქვს უფლება, საქმის მასალებს სრულად გაეცნოს.

გამოძიება გასული წლის მარტშიც დაიწყო, როცა გარუსების წინააღმდეგ და ისევ რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებზე სამართალდამცველებმა იძალადეს. ეს საქმეებიც თაროზე შემოდებული რჩება.

„სპეციალურად გააკეთეს, რომ აი, ჩვენ დეპუტატებსაც ვცემთ, ვისაც კონსტიტუციური გარანტიები აქვთ და თქვენ რას გიზამთ? პოლიციელებს კიდევ თავზე ხელს უსვამენ. ახლა რომ ვინმე დაიჭირონ, დაეშლებათ ეს ძალადობრივი მექანიზმი, რაზეც დგანან. სხვა აღარაფერზე ისინი აღარ დგანან,“ – მიიჩნევს ალეკო ელისაშვილი, პარლამენტის წევრი.

სამართალდამცავი უწყებები სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს დემონსტრანტების დასჯაზე, სასამართლოებიც გადატვირთულობის მიუხედავად, ამ საქმეებს სწრაფად განიხილავენ.

რა ხდება საქმეებში, სადაც პირიქით, სამართალდამცველებმა და სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილების მიმღები პირებმა უნდა აგონ პასუხი?

  • ალეკო ელისაშვილი: „კადრებში ჩანს ეს ხალხი, ვინც მირტყამდა. შერლოკ ჰოლმსი ხომ არ უნდა წამოაყენო საფლავიდან? ნახევარი საათის ამბავია“

„ჩემს შემთხვევაში სახეზე ჩანან ადამიანები, ვინც მირტყამდა. საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს მივწერეთ, გვითხარით, ვინ არიან ეს პოლიციელები და არ მოუწოდებიათ ჯერ ინფორმაციაო, ძალიან სამარცხვინო დღეში არიან,“ – მიიჩნევს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, ალექსანდრე ელისაშვილი.

სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულის შემთხვევებს 2022 წლიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. ამ უწყების პრესცენტრში ვერ გვითხრეს, დაისაჯა თუ არა ერთი სამართალდამცველი მაინც, ვინც საპროტესტო აქციის მონაწილეზე იძალადა? მათ შორის, 2023 წლის მარტის აქციების დარბევის შემდეგ, ან როცა რუსული გემის ბათუმში შემოსვლის დროს აქციაზე პოლიციელებმა მოქალაქეებს სცემეს? გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ შემთხვევებზე დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არავინ დასჯილა. 

ალეკო ელისაშვილს დეპუტატის მანდატი იცავს, თუმცა დეპუტატი 2024 წლის 17 აპრილს სამართალდამცველებმა სასტიკად სცემეს, ნეკნიც ჩაუმტვრიეს და ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პარლამენტის წევრის დაკავებას პარლამენტის თანხმობა სჭირდება.

„უცებ მოვარდნენ,“ – 17 აპრილის თავდასხმას იხსენებს პარლამენტის წევრი. – „მანამდე ვაჟა სირაძესთან [საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი] მქონდა შელაპარაკება, შეურაცხმყოფელი სიტყვა მითხრა და მეც დავუბრუნე. თქვა ეგრევე, შეათრიეთო და უცბად აღმოვჩნდი წიხლების ქვეშ. რაღაც მომენტში გონებაც დამებინდა. ძირს ვეგდე კანცელარიის წინ, პოლიციის კორდონთან. ვისაც არ ეზარებოდა, წიხლებს და მუხლებს მირტყამდა. ერთადერთი, ბათინკებს ვხედავდი, თავში რომ მხვდებოდა…. ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.

ალექსანდრე ელისაშვილი – ფოტო „ნეტგაზეთის“ არქივიდან, 2024 წლის 18 აპრილი

კანცელარიის შენობაში შემათრიეს მალევე. არ მახსოვს, იქ რა ხდებოდა… მანქანაში როცა მსვამდნენ, ნაცემი ვიყავი უკვე. პოლიციის განყოფილებაში წამიყვანეს. იქ ადამიანური გარემო იყო, თუმცა ვეუბნებოდი, დეპუტატი ვარ, იმუნიტეტი მიცავს, როგორ დამაკავეთ, კანონს არღვევთ-მეთქი. ჩემი დაკავების ოქმს ადგენდნენ, რაც სამართლებრივი აბსურდია,“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიება ფორმალობაა:

„კანცელარია ხომ ყველაზე დაცული შენობაა საქართველოში, რამდენი ვიდეო სათვალთვალო კამერაა. ერთი კამერა ამოიღეს მხოლოდ, სადაც არაფერი არ ჩანს საერთოდ. ტვ „პირველის“ კადრებში ჩანს პირდაპირ, ვინც მირტყამს.

ლევან ხაბეიშვილი იმიტომაც ცნეს დაზარალებულად, რომ ის სავარაუდოდ ვერ ამოიცნობს, ვინ ურტყამდა: კადრი, სადაც ჩანს, რომ ხაბეიშვილს ურტყამენ და მათი სახეები ჩანს, სავარაუდოდ არ არსებობს. ჩემს შემთხვევაში კი, 4 ტიპი მირტყამს ფიზიკურად, ზოგს ქუდი აქვს ჩამოფხატული, ზოგს – ნიღაბი, მაგრამ ამოსაცნობი ნიშნები აქვთ, ერთის სახე კი, პირდაპირ ჩანს. ესეც ტელევიზიის ეთერში გავიდა, თორემ ჩემს საქმესაც ჩაფარცხავდნენ.

დამამძიმებელი გარემოებაცაა, რომ წინასწარი შეცნობით დამესხნენ თავს, გამიზნულად მაღალი თანამდებობის პირს, ჯგუფურად. ეს ძალიან მძიმე მუხლია. ამიტომაც, არ სურთ ამის გამოძიება… მაგ ტიპებს საფლავამდე ჩავყვები… რაღაც ღობე-ყორეს რომ ედებიან, რეალურად არანაირი გამოძიება არ მიდის. სანიმუშოდ უნდა დაისაჯონ ესენი, რომ აღარავის აღარ მოუნდეს მშვიდობიან დემონსტრანტს დაავლოს ხელი, სადღაც შეათრიოს და სცემოს.

მცდელობა ჰქონდათ ჩემთან მოლაპარაკებების… ვერ დავაკონკრეტებ, პოლიციელების მხრიდან იყო: შენ ხომ ჯიგარი ხარ, ბიჭებს რაღაც შეეშალათ და ბოდიშს მოგიხდიანო. კატეგორიული უარი ვთქვი,“ – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილს პარლამენტის შენობაშიც დაესხნენ თავს მას შემდეგ, როცა საკომიტეტო განხილვის დროს, 2024 წლის 15 აპრილს, ალეკო ელისაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს ტრიბუნასთან დაარტყა.

„ეს არ გამკვირვებია, რეაქცია იყო, რადგან მე მდინარაძეს დავარტყი. რა თქმა უნდა, ჯგუფური ძალადობა მოაწყვეს, თუმცა უფრო რამდენიმე პირისგან მეწყინა, ერთი მამაჩემისხელაა. გამეტებით შემდგნენ.

შემდეგ რუსთაველზე, აქციაზე ისევ შემათრიეს მოულოდნელად რობოკოპებმა. იქ ერთმა ბიჭმა გადამარჩინა – დღემდე არ ვიცი, ვინ არის. რობოკოპებმა შემათრიეს და ამ გულიანმა ტიპმა ქამარში ჩამავლო ხელი და არ მომეშვა არაფრით, გამომათრია იქიდან. იმ ბიჭს და მეც წიწაკის სპრეი შეგვასხეს, ვეღარ ვსუნთქავდი, მაგრამ მალევე ორმა ბიჭმა იქიდან გამომარბენინა, ნუ გეშინია, გაგიყვანთ სამშვიდობოსო.

მართლაც გამიყვანეს. საწუწუნო არაფერი მაქვს. ტუჩი გამიხეთქეს. ნეკნიც გამიტეხეს, მაგრამ უკვე შეხორცდა, აღარ მტკივა. მე კი არა, გოგოებს ურტყამდნენ, ბავშვებს ჩაუსაფრდნენ. ეს არის ამათი ბოლო ჟამი, ესენი უნდა გავუშვათ რუსეთში,“ – გვითხრა ალეკო ელისაშვილმა.

ადეკვატურად იცავს აქციებზე კონსტიტუციის გარანტირებულ შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, რომელიც ელისაშვილის თანამებრძოლი იყო და მისი მეგობარია? – ესეც ვკითხეთ საუბრის ბოლოს დეპუტატს.

„ვერანაირად ვერ შევაფასებ, მეშვიდე კლასიდან ერთად მოვდივართ და ობიექტურად ვერ შევაფასებ. რა თქმა უნდა, რაღაცას მეც ვისურვებდი უკეთესად, მაგრამ ჩემთვის უპირველესად მეგობარია,“ – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა „ბათუმელებთან“.

  • ვის დაიბარებენ საგამოძიებოში, ხარებას? – მოქალაქე, რომელსაც პოლიციელებმა სცემეს 

„გამომძიებელმა დეტალურად გამომკითხა, შვიდ-საათნახევარი მკითხავდნენ, მაგრამ აზრი არ აქვს, ვის დაიბარებენ, ხარებას? გომელაურს როცა აჩვენეს ჩემზე თავდასხმის ვიდეო, ხარებაზე თქვა, ეს არის ერთ-ერთი ღირსეული ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ საერთოდო,“ – გვიყვება მოქალაქე ლევან ბუდაღაშვილი. მას 2024 წლის 16 აპრილს, საღამოს სცემეს პოლიციელებმა პარლამენტის შენობის უკან მდებარე შესასვლელთან.

მოქალაქე ამბობს, რომ მას უშუალოდ ხარება [შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი] უღებდა ვიდეოს. მასზე ნიღბიანმა პირებმა ხარებას თვალწინ და მისი დავალებით ისე იძალადეს, რომ საბოლოოდ დაკავებული დემონსტრანტი იზოლატორის ნაცვლად, კლინიკაში აღმოჩნდა.

მაშინ, როცა სასამართლოები ერთმანეთის მიყოლებით განიხილავენ საპროტესტო აქციებზე აპრილსა თუ მაისში დაკავებულების საქმეებს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლევან ბუდაღაშვილის საქმე შსს-ს სასამართლოში არ შეუტანია.

სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაზე გამოძიება აქაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. არც ლევან ბუდაღაშვილისთვის მიუნიჭებიათ სტატუსი. მოქალაქე დეპუტატის მსგავსად ეჭვობს, რომ აქაც გამოძიებას არ სურს გამოჩნდეს რეალურად, რა ხდება საქმეში, სადაც, მაგალითად დევს ლევან ბუდაღაშვილის დაკავების კადრები.

„თავის ტვინის შერყევა მქონდა, დაზიანებები სახეზე, დაჟეჟილობა, დაზიანება მხრის და ფეხის…“, – დაზიანების ჩამონათვალს გვაცნობს ლევან ბუდაღაშვილი, რომელიც პროფესიით ფილოლოგია, გერმანიაში ემიგრაციაში იყო და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უმუშევარი დარჩა.

ლევან ბუდაღაშვილი ამბობს, რომ აქციებზეა ახლაც. „კლინიკაში როცა ვიწექი და მერე კიდევ 10 დღე რეაბილიტაციას გავდიოდი, სირცხვილს ვგრძნობდი: ადამიანები გარეთ დგანან და მე სახლში ვიჯექი,“ – დასძენს იგი და შემდეგ დეტალებს იხსენებს, როგორ აღმოჩნდა ხარებას პირისპირ:

ლევან ბუდარაშვილი – ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 2024 წლის 17 აპრილი

„პარლამენტის უკან ვიყავით. პარლამენტის წინ იკრიბებოდნენ და მეც ვაპირებდი ჩასვლას, როცა უცებ 9 აპრილის მხრიდან მოგვაყენეს სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანები. ამ დროს საღამოს 9 საათია, ლაივი ჩავრთე რამდენიმე წუთით,“ – გვიყვება ლევან ბუდაღაშვილი. – „ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან დაიწყო ხალხმა ამოსვლა პარლამენტის უკან, რადგან ჩავთვალეთ, რომ ბევრნი თუ ვიქნებოდით, ვერ დაგვარბევდნენ.

შემდეგ ჭიჭინაძეც ჩაკეტეს და სკვერის მხრიდანაც შემოვარდნენ უცებ შავფორმიანები. ფაქტობრივად ალყაში მოგვაქციეს, როდიონოვსაც არ გაუკეთებია ეს…

ამ დროს ვიღაცამ დაიძახა, ხარებას ბრიგადა მოიყვანესო. არ იყო ჯერ ცნობილი, ვინ იყო ეს ხარება, მაშინ შლიდა ფრთებს… ვიღაც ტიპი მეკითხება, ვინ არის ეს ხარებაო. რა ვიცი, ამათი უფროსი, მაგის დედაც-მეთქი და იმათი მხრიდან აგრესია წამოვიდა…

მე არანაირ დარბევაში არ მოვყოლივარ – მოგვნიშნა ვიღაცამ და სია შეადგინა. ხარებამ დღესაც დაადასტურა, სია გვაქვსო.

ნიღბიანების წინ ვდგავართ და ერთ-ერთი მეუბნება, ჩამოიწიე ნიღაბიო. თეთრი ნიღაბი მეკეთა. ჩამოვიხსენი და ახლა შენც ჩამოიხსენი-მეთქი… დამიჭირეს და ამის კადრებიც არსებობს მედიაში, როგორ ძალადობენ ჩემზე, შემდეგ 9 აპრილის ქუჩის კუთხეში გამიყვანეს და არანორმალურად მირტყამდნენ.

რაღაც დარტყმაზე ვითიშებოდი, შემდეგი დარტყმა მაფხიზლებდა… ქვაფენილზე ვეგდე, როცა ვიღაც ტიპმა წამომაწევინა თავი და ისე ჩამარტყა ფეხი. მახსოვს, იქ ვიღაც გადამეფარა, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო, ვსო, მკვდარია უკვეო…

პატრულის მანქანით უნდა წავეყვანე, ხელბორკილები დამადეს და ამ დროს გაისმა, არ წახვიდეთო. ნიღბიანებმა ალყაში მოაქციეს პატრულის მანქანა. საჭესთან ვინც იყო, მანქანიდან გადავიდა. კაცი, რომელსაც ბენდენა სახეზე არ ეკეთა, ფანჯრიდან ხელს ყოფს, მირტყამს, მაფურთხებს, მაგინებს, მეუბნება, თქვი ვინ ხარ, მამეორებინებს სახელს და გვარს. მერე როცა ვნახე ხარებას კადრები, მივხვდი, რომ ის კაცი ბენდენით ხარება იყო…

სხვა ნიღბიანებიც მირტყამდნენ მანქანაში, ვიდრე ხარება მობილურით მიღებდა,“ – უთხრა ლევან ბუდაღაშვილმა „ბათუმელებს“.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული დემონსტრანტი პოლიციის სამმართველოში გადაუყვანიათ. აქტივისტი ამბობს, რომ რეალურად ისევ აქციაზე დაკავებულებმა გადაარჩინეს, რომლებიც უკვე დაკავებული ჰყავდათ და იქ შეძახილებით დახვდნენ, კლავთ თუ რას შვრებითო… სასწრაფოს ექიმებმა პოლიციელებს უთხრეს, დარბევაში მოჰყვაო. ერთს გაეცინა, მეორე გოგომ, ვერ დავმალავთ ამბავსო, სტაციონარულია, უნდა გადავიყვანოთ კლინიკაშიო,“ – ამბობს ლევან ბუდაღაშვილი.

16 აპრილს მომხდარი ამ ინციდენტის შემდეგ ლევან ბუდაღაშვილისთვის შსს-დან აღარავის დაურეკავს.

„ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ყველასთვის დასანახი იყოს, რა სისასტიკეზეც არიან წამსვლელი. სინამდვილეში შიში დაახლოებით 20 წამს გრძელდება. არ შეიძლება, მთელი ცხოვრება გეშინოდეს. მეორე დღეს რომ ფოტო გამოვაქვეყნე, უკვე ვიცოდი, რომ მარტივია ტკივილის გადატანაც… ჩვენ ახლა რაღაც ზღაპარში ვართ. ზღაპარს კი, ცუდი დასასრული არასდროს აქვს.

მე აპარტიული ვარ, თუმცა პარტიების დონეზე არც განვიხილავ ამ ყველაფერს – ქვეყნის დონეზე განვიხილავ. პარტიების კუთხით ჯენზი ვარ, სხვა ვერაფერში ვეღარ ვეწევი ჯენზის,“ – დაგვემშვიდობა ლევან ბუდაღაშვილი.

  • რომელ პოლიციელებს სჯიან? 

თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის შეჯამებას გადახედავთ, ნახავთ ვისაც სჯიან: ბრალდებულების მესამედი დაცვის პოლიციის თანამშრომელია.

„93 ბრალდებულიდან, სისხლისსამართლებრივი დევნა 57 შემთხვევაში დაიწყო მოქალაქის მიმართ, ხოლო 36 შემთხვევაში – საჯარო მოხელის მიმართ [12 – დაცვის პოლიცია, 9 – შსს სხვა დეპარტამენტი, 7 – შსს კრიმინალური პოლიცია, 4 – სპეციალური პენიტენციური სამსახური, 3 – თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, 1 – საპატრულო] – ვკითხულობთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის სტატისტიკური მონაცემების წლიურ ანგარიშში.

არც ერთი შემთხვევა არ უკავშირდება საპროტესტო აქციებზე ჩადენილ დანაშაულს.

რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, ასევე 2023 წლის მარტში, ან რუსული გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობისთვის ამ დრომდე არავინ დაუსჯიათ. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს სხვადასხვა დანაშაულს, მათ შორის, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას, დევნას, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს, დანაშაულებს, რომელიც ჩადენილია „სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ“.

2023 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს 537 საქმიდან, იმ დანაშაულებზე, რომელსაც ითვალისწინებს ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები, გამოძიება დაიწყო 257 საქმეზე. მითითებული სამართლებრივი ნორმა მოიცავს „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებსაც“ [ სსკ-ის 333-ე მუხლი]. ამ მუხლით იწყებს გამოძიებას ყველაზე ხშირად სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

  • საია-ს იურისტი: დემონსტრანტებს სჯიან, დასჯილი პოლიციელი – არ გვინახავს 

„სახელმწიფოს ინტერესი როცა არსებობს, დემონსტრანტებს სჯიან, მეორე მხარეს კი, როცა პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება ხდება, არცერთი დასჯილი პოლიციელი ჩვენ არ გვინახავს. მკითხველმა შეაფასოს, როგორი სახელმწიფო გამოვდივართ,“ – ამბობს საია-ს ანალიტიკოსი, თამარ ბოჭორიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, რომლებიც აპრილიდან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე – „არა რუსულ კანონს“ დაკავებული ადამიანებს იცავენ, ადმინისტრაციული წესით 200-მდე ადამიანი დააკავეს. გადატვირთული სასამართლოები ამ საქმეებისთვის იცლიან და ყველა შემთხვევაში, რა საქმეც უკვე განიხილეს სასამართლოში, საპროტესტო აქციის მონაწილეებს სამართალდარღვევა დაუდგინეს.

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ 9 სისხლის სამართლის საქმეა დაწყებული.

„ამის საპირწონედ არ გვინახავს სამართალდამცველების წინააღმდეგ წარმოებული საქმისწარმოების შედეგი. მხოლოდ რამდენიმე განცხადებით შემოიფარგლა სამსახური, რომ დაიწყო გამოძიება და ტარდება საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები. რაიმე კონკრეტული შედეგი, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა გამოევლინათ, დღემდე არ ფიქსირდება.

თამარ ბოჭორიშვილი

საიას წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე სახალხო დამცველის განცხადებებიც მოწმობს, რომ იზოლატორებში როცა ხვდებოდნენ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები, მათი დიდი ნაწილი ექვემდებარებოდა არასათანადო მოპყრობას. ასეთი არაერთი შემთხვევაა. მაგალითად, ომბუდსმენი როცა 23 პირს შეხვდა, 22 აღნიშნავდა, რომ იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

არაერთი საჯაროდ გავრცელებული კადრია, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად სპეცრაზმელები მოქალაქეებს. აშკარაა არასათანადო მოპყრობის შემთხვევები…

გვესმის, რომ ასეთ საქმეებს დრო სჭირდება და შეიძლება ორი კვირა არ იყოს საკმარისი, მაგრამ გასული წლის მარტის მოვლენებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა და ერთი შემთხვევის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა.

ტესტია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის ასეთი საქმეები, სადაც სახელმწიფოს სხვაგვარი ინტერესი შეიძლება არსებობდეს. ჩვენი სურვილია, ახლა მაინც ჩააბაროს ობიექტურობის და კეთილსინდისიერების ტესტი ამ უწყებამ. წლების წინ ჩვენი ინიციატივაც იყო, რომ ეს დამოუკიდებელი ორგანო შექმნილიყო, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს. თუმცა, სამწუხაროდ, შედეგები აჩვენებს, რომ არც თუ ისე ეფექტიანი აღმოჩნდა ეს უწყება. პრეტენზიები გვაქვს არა კვალიფიკაციის, არამედ მიუკერძოებლობის და ობიექტურობის ნაწილში.

ეს მოცემულობა მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს არ აქვს ნება, ეს საქმეები გამოიძიოს“, – მიიჩნევს თამარ ბოჭორიშვილი.

  • „ინსპექტორმა ადვოკატს მოუქნია ხელი და ფეხი“ – რა ჩანს სასამართლო ქეისიდან 

უზენაესი სასამართლოს მიერ 2024 წლის თებერვალში მიღებული განჩინების მიხედვით, გ.გ.ს ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულს ერთ-ერთ ადვოკატთან მოუხდა შელაპარაკება, როცა ის საპატიმროდან გამოდიოდა და გ.გ. მას მეტალოდეტექტორით ამოწმებდა.

გ.გ. პენიტენციურ დეპარტამენტში მუშაობდა ინსპექტორის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში სასჯელააღსრულების და დაწესებულებაში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა შედიოდა: დაწესებულებაში შემსვლელების და გამომსვლელების აღრიცხვა, შემოწმება, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

„…კონფლიქტისას, გ. გ-მ საკითხის გასარკვევად, საკუთარი ინიციატივით, ადვოკატი შეიყვანა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთათვის განკუთვნილ მოსასვენებელ ოთახში, იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო მისი ქმედების დაფიქსირება სამეთვალყურეო ვიდეოკამერების მეშვეობით. რამდენიმე წუთის შემდგომ, გ. გ-ი და შ. თ-ძე გამოვიდნენ ზემოხსენებული ოთახიდან, რა დროსაც გ. გ-მა გადაამეტა მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გაემართა შ. თ-ს მიმართულებით, მოუქნია ხელი და ფეხი, რა დროსაც იგი შეაკავეს ზემოხსენებული პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა,“ – აღნიშნული იყო პროკურატურის დადგენილებაში.

სამართალდამცავი ყველა ინსტანციის სასამართლომ გაამართლა. მას არც წინასწარი პატიმრობა მოსწევია: მოსამართლემ ბრალდებული სამართალდამცველი 4 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„დაზარალებულმა ჩვენებაში მიუთითა, რომ რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია გ. გ-ს მიმართ, კერძოდ, როდესაც შეიტყო, რომ გ. გ-ი იყო დაზარალებული წინა ხელისუფლების მიერ აქციების დარბევის დროს, ამის გამო, მას იგი შეეცოდა. შემდეგ მან წაიკითხა გ. გ-ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, სადაც იგი გამოძიებას აწვდის ტყუილ ინფორმაციას, რის გამოც აღშფოთდა. შ. თ-ის განმარტებით [დაზარალებულად ცნობილი ადვოკატი], მიუხედავად ყველაფრისა, ის თანახმაა გ. გ-ის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ, მართალია, გ. გ-ი მიეკუთვნებოდა საჯარო მოხელეს (საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის სუბიექტს), თუმცა ცალსახაა, რომ შ. თ-სა და გ. გ-ს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება არ იყო დაკავშირებული გ. გ-ის საქმიანობასთან.

ამასთან, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ინციდენტი განვითარდა 18:00 საათის შემდეგ. დაზარალებულმა შ. თ-მ დაადასტურა, რომ გ. გ-ი არ შეხებია და რაიმე სახის ფიზიკური ტკივილი არ განუცდია. ასევე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ მომხდარ ფაქტს ხელი არ შეუშლია დაწესებულების საქმიანობისათვის.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის განაჩენების მოტივაციას გამართლებულ გ. გ-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ის ფაქტი, რომ გ. გ-მა ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ჯემალ ლომსაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განაჩენზე გ. გ-ის მიმართ არ იქნეს დაშვებული განსახილველად,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

უფლებადამცველები ვერ იხსენებენ შემთხვევებს უახლოესი წარსულიდან, როცა რომელიმე სამართალდამცველი საპროტესტო აქციის დარბევის, ან დემონსტრანტებზე ძალადობისთვის გაასამართლეს. გამონაკლისი 2019 წლის 20 ივნისია – აქციაზე, სადაც სამართალდამცველების სისასტიკის გამო თვალიც კი დაკარგეს, არცერთი პასუხისმგებელი პირი ამ დრომდე არ დასჯილა.

ამ საქმეზე გამოძიებამ ბრალი მხოლოდ 3 სპეცრაზმელს წარუდგინა: ლევან იმერლიშვილს, გიორგი ესიაშვილს და მინდია ამბარდნიშვილს. მათაც სსკ-ის 333-ე მუხლის მიხედვით წარუდგინეს ბრალი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. საბოლოოდ, მათ, როგორც უფლებადამცველებს ახსოვთ, შარლ მიშელის შეთანხმების ფარგლებში ამნისტია შეეხოთ და საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.

___

2023 წელს გენერალურ პროკურატურას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 88 სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეუწყვეტია. ანგარიშიდან არ ჩანს, რომელი საქმეები იყო ეს, თუმცა ამ ანგარიშიდან ჩანს, რომელი პოლიციელები გაიმეტა სისტემამ დასასჯელად.

მნიშვნელოვანი ამ პოლიციელების სტატუსებია:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალისტი [მესაზღვრე] და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით [სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით]
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლით [მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით], [2023 წლის აგვისტოში, დაზუსტდა ბრალი და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გაგრძელდა სსკ-ის 108 მუხლით – მკვლელობა];
  • სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი. მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით [სამსახურებრივი გულგრილობა];
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი დეტექტივი და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო დანაშაულთა ერთობლიობით – სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით [განზრახ უკანონო დაკავება, ან დაპატიმრება] და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით [სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება] – ამ შემთხვევის შესახებ „ბათუმელები“ 2023 წლის ივნისში წერდა: პოლიციელმა სცემა კურიერს, რომელმაც მის ნათესავ გოგოს ყვავილები მიუტანა. ამ შემთხვევის არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ბრალდებული პოლიციელი 20 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულია.

ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზეც გიამბობთ, სადაც სამართალდამცველს ბრალი წარუდგინეს. ეს ქეისი აჩვენებს, რა შეიძლება მოხდეს სასამართლოში, როცა რიგითი სამართალდამცველის წინააღმდეგ საქმე შედის.

 

ვწუხვართ, რომ ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის პროექტს უკან ვიწვევთ – ფონდი მერიას

დანიურმა ფონდმა ფეა თრიიზ [Fair Trees] დღეს გაავრცელა განცხადება ონის მუნიციპალიტეტში ერთი კონკრეტული პროექტის შეჩერების შესახებ, რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობას უკავშირდება. „ახალი კანონის თანახმად, მოსალოდნელია, რომ დაგვაკისრონ ჯარიმები და შეგვიქმნან ფინანსური სირთულეები. ამ ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის სივრცე აღარ გვრჩება“ – წერს ფონდი პირად ფეისბუქის გვერდზე.

საუბარია სტომატოლოგიურ კლინიკაზე, რომლის სერვისებით რეგიონის ყველა ბავშვი უფასოდ სარგებლობს.

ფონდის ვებგვერდის თანახმად, ფონდი სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ბავშვების ყოველწლიურ სამედიცინო შემოწმებას და ამავდროულად სხვადასხვა სასქრინინგო პროგრამებს ატარებს. გარდა ამისა, ფონდი ადგილობრივ სტუდენტებს უმაღლეს განათლებას უფინანსებს.

ფონდი ცდილობს მდგრადობისა და გარემოს დაცვის საკითხებში მოსახლეობის ცნობიერება აამაღლოს, რის მაგალითადაც იმ ასწლიანი ტყის შენარჩუნება შეიძლება ჩაითვალოს, რომელშიც გირჩის შემგროვებლები სათესლე მასალას აგროვებენ.

ფონდის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დიდი წუხილით გატყობინებთ, რომ ფეა თრიიზ ფონდის მიერ ონის მუნიციპალიტეტის მერიისთვის 2023 წლის 13 დეკემბერს წარდგენილი ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის პროექტის წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა ფეა თრიიზ ფონდის, ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ონის საჯარო სკოლის თანამშრომლობას, ამ ეტაპზე უკან უნდა გავიწვიოთ.

პროექტის გატანის მიზეზი არის საქართველოს მთავრობის მიერ ახლად მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

აღნიშნული კანონი სერიოზულ გამოწვევას უქმნის ჩვენს ორგანიზაციას, რადგან გვავალდებულებს დავრეგისტრირდეთ, როგორც უცხოური ინტერესების მატარებელი. ჩვენი ორგანიზაცია, დაარსების დღიდან, ახორციელებს სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც მიმართულია რაჭის მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებისაკენ. შესაბამისად, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ორგანიზაცია უნდა იყოს უცხოური ინტერესების მატარებელთა რეესტრში.

ახალი კანონის თანახმად, მოსალოდნელია, რომ დაგვაკისრონ ჯარიმები და შეგვიქმნან ფინანსური სირთულეები. ამ ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის სივრცე აღარ გვრჩება. გარდა ამისა, არ შეგვიძლია დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება და ახალ სოციალურ პროექტებში ინვესტირება, მაშინ როცა ჩვენი მიმდინარე პროექტებიც საფრთხის ქვეშ არის ახლად შემოღებული კანონის გამო.

ჩვენი მრავალგზის მცდელობა, რომ შეხვედროდით რაჭ-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ გოჩა ენუქიძეს, რათა განგვეხილა აღნიშნული კანონის უარყოფითი გავლენა რაჭის მოსახლეობაზე, უშედეგოდ დასრულდა. ძალიან ვწუხვართ, რომ რაჭაში მცხოვრები ბავშვები პირველ რიგში დაზარალდნენ ამ კანონის გამო.

დიდი მწუხარებით გვიწევს ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ არსებული სამართლებრივი და მოსალოდნელი ფინანსური შეზღუდვების პირობებში, ჩვენთვის შეუძლებელია პროექტის გაგრძელება. მადლობას გიხდით აქამდე პროექტის მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ, რომ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გადახედილი და გაუქმებული იქნება ახლო მომავალში და ისევ მოგვეცემა ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის პროექტის გარშემო თანამშრომლობის შესაძლებლობა“.

___

„ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა, 28 მაისს მიიღო რუსული კანონი, მოქალაქეების საყოველთაო პროტესტის მიუხედავად. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა დიქტატურა“.

აღნიშნული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოაცხადა სანქციების შემოღების შესახებ. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა კანონის გაწვევაზე.

___

ფოტო: ფონდი ფეა თრიიზ/facebook

„ცოცხალი ვარ, კარგად ვარ“ – 8 წლის დაგვიანებით მოსული წერილი გურიის სოფელში 

„ერთ დღეს, წერილი მოვიდა. ბებიაჩემი ჭიშკართან იდგა და ისე კიოდა, მთელი სოფელი ფეხზე დადგა. მაშინ, რვა წლის შემდეგ გავიგეთ, რომ მამა თურმე ცოცხალი იყო“, – ამბობს ციური ბზეკალავა, სტალინური რეპრესიის მსხვერპლის, ალექსანდრე (ჭოლა) ბზეკალავას შვილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, ტყვედ ჩავარდნის გამო საბჭოთა რეჟიმმა გააციმბირა.

წერილში, რომელიც  წლების შემდეგ მოვიდა სახლში, სულ რამდენიმე სიტყვა ეწერა – „ცოცხალი ვარ, კარგად ვარ“.

„მამაჩემი მანქანათმშენებელი ინჟინერი იყო, ომში მოხალისედ წავიდა, მაგრამ ტყვედ ჩავარდა. თუმცა შემდეგ გამოიპარა იქედან სხვა ტყვეებთან ერთად და პოლონეთის ტერიტორია ფეხით გამოიარეს, ტყე-ტყე დადიოდნენ რომ გადარჩენილიყვნენ და იმალებოდნენ.

საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რომ შემოვიდნენ, მერე აქ დააპატიმრეს და მისჯილი ჰქონდა 15 წელი, რომელიც ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა“, – ამბობს ციური ბზეკალავა, რომელიც ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში ცხოვრობს.

ციური ბზეკალავა

წყაროების მიხედვით, ჭოლა ბზეკალავა, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ  გერმანიის არმიის „ქართულ ნაციონალურ ლეგიონში“ ჩაირიცხა.

„სწორედ ეს გახდა მიზეზი, ჭოლასთვის სამშობლოს მოღალატის იარლიყი მიეწებებინათ და ომის დამთავრებამდე ციმბირში გადაესახლებინათ“, – ამბობს ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი ნონა იმნაძე.

ჭოლასთან ერთად, ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკში 40-მდე ქართველი იმყოფებოდა. მათ შორის იყო „გმირთა ვარამის“ ავტორი, მწერალი ლევან გოთუა, რომელიც თავის მოგონებებში ჯოჯოხეთს უწოდებს იქ გატარებულ წლებს.

ლევან გოთუა, ჭოლა ბზეკალავა და სხვა რეპრესირებულები საკონცენტრაციო ბანაკში

„მამაჩემმა საკონცენტრაციო ბანაკის ექიმს სთხოვა ჩვენთან წერილის გამოგზავნა. ის ტყვეებს მკურნალობდა და შეეხვეწა ამ ექიმს. ასე მოხდა ეს წერილი თბილისში, შემდეგ კი ჩვენამდე მოვიდა.

შემდეგ ის ექიმი ჩვენთან ჩამოვიდა ლანჩხუთში და აქ იყო მთელი სამი თვე ოჯახით.

ომის დასრულებიდან რვა წლის შემდეგ გავიგეთ, რომ მამა ცოცხალი იყო.

ლევან გოთუასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მამას, ბევრი კარგი გვახსოვს ჩვენ მისგან და როცა დედაჩემმა ამ ამბის შემდეგ გადაწყვიტა მამასთან ჩასვლა, ლევან გოთუაც დაეხმარა. 1953 წელი იყო მაშინ.

იმ ბანაკში მამაჩემის სამტრედიელი მეგობარი, ვალიკო ხუჭუაც იმყოფებოდა და მას ჰყავდა საცოლე თამარ წერეთელი. ისიც დედასთან ერთად წავიდა. იქ ვორკუტაში დააქორწინეს და პატიმრები დაპატიჟეს ქორწილში“, – ამბობს ციური ბზეკალავა.

ამბობს, რომ მაშინ ის და მისი და საკმაოდ პატარები იყვნენ და ძალიან განიცდიდნენ ჯერ მამის, შემდეგ კი დედასთან განშორებას.

„დედა გარკვეული ხანი იქ დარჩა მამასთან და ჩვენ ბებია-ბაბუა და მამიდა გვზრდიდა.

რა თქმა უნდა, უსამართლოდ ჰქონდა მისჯილი ამდენი წელი“, – ამბობს ციური ბზეკალავა.

სახლში დაბრუნების შემდეგ, როგორც ციური გვიყვება, მამა მკურნალობას განაგრძობდა. საკონცენტრაციო ბანაკში გატარებულ წლებზე კი იშვიათად საუბრობდა.

„იხსენებდა იმ გაჭირვებას და უბედურებას, რამდენი ხალხი დაიხოცა იქ და როგორ ცუდად ექცეოდნენ პატიმრებს“.

ჭოლა ბზეკალავა მეუღლესთან, თინასთან ერთად.

ციური ბზეკალავა ამბობს, რომ უნივერსიტეტი თბილისში დაასრულა და ისტორიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

„სკოლაში მუშაობის პერიოდში იმაზე ვნერვიულობდი, რომ რუსულის სწავლას უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდა, ვიდრე ქართულის. მე ქართველი ვარ და ვფიქრობ, ქართული წერა-კითხვა და ანბანი უნდა ყოფილიყო სკოლაში პირველი.

არ მომწონდა ეს, იმიტომ რომ ვიცოდი, არ მაღიარებდა (რუსეთი) და გარუსების პოლიტიკა იყო ეს. მე ვფიქრობ, არავითარ შემთხვევაში ქართველი ამას არ გააკეთებს.

მე დღესაც ვასწავლი შვილიშვილებს, რომ ნახონ, გაეცნონ ჩვენს ისტორიას, წაიკითხონ წიგნები და ნახონ, როგორი დამწერლობა გვქონდა და საიდან მოვდივართ“, – ამბობს ციური ბზეკალავა.

„ცოცხალი ვარ, კარგად ვარ“ - წერილი 8 წლის დაგვიანებით

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 მაისის 21 საათიდან 30 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 31 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

„ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით“ – რა უთხრეს დეპუტატს მაღაზიაში

დღეს, 29 მაისს, რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე იმ მაღაზიაში მივიდა, სადაც წუხელ ფორთოხალს სტაცა ხელი და ესროლა აქტივისტს, რომელიც მას აგინებდა – მოღალატეს და ვირთხას ეძახდა.

ჯაფარიძეს ბოდიშის მოხდა და 1 ცალი ფორთოხლის საფასურის გადახდა უნდოდა. ამის შესახებ ფეისბუქში მირანდა ჯობავა წერს, რომელიც აქვეყნებს ვიდეოსაც.

„ბოდიშის მოსახდელად მოვიდა ხალხო, თქვენი ფორთოხალი ვისროლე და უნდა გადავიხადოო. რა ფორთოხალი, თქვენ ჩემს ოთხ შვილს მომავალი წაართვით-მეთქი…“ – წერს მირანდა ჯობავა.

ოთხწუთიან ვიდეოში ასახულია, როგორ უწევენ მაღაზიაში ოპონირებას რუსულ კანონზე დეპუტატ ჯაფარიძეს.

„ერთადერთი, ვისგანაც ვიგებთ, რამდენ ატკატს აკეთებთ, როგორ აკეთებთ ფულს, არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლის დედის ტარებაც თქვენ ახლა გინდათ.

თუ კი ფინანსურ გამჭვირვალობაზეა საუბარი, რა შუაშია უცხოური გავლენა? უცხოური გავლენის წარმომადგენლად რატომ უნდა დავრეგისტრირდე ადამიანი, რომელიც შშმ პირებს ვეხმარები, კიბოიანებს ვეხმარები…“

რამდენიმე წუთის შემდეგ ჯაფარიძემ მაღაზია დატოვა.

„თქვენი ფორთოხალი ვისროლე და ბოდიშის მოსახდელად მოვედი“, – თქვა მან გასვლისას.

„ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით, ჩემს შვილებს თქვენ მომავალი წაართვით“, – უპასუხეს მას მაღაზიაში.

ნახეთ ვიდეო:

______________

რა ხდება?

28 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ დაძლია პრეზიდენტის ვეტო და მიიღო რუსული კანონი, რომელიც საქართველოში დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაქრობას უქადის.

 

 

ნახეთ ვიდეო:


______________

რა ხდება?

28 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ დაძლია პრეზიდენტის ვეტო და მიიღო რუსული კანონი, რომელიც საქართველოში დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაქრობას უქადის.

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 505 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
  • ტანკი – 7 700 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 14 891 ერთეული [+33]
  • საარტილერიო სისტემა – 13 066 ერთეული [+37]
  • MLRS – 1 087 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 815 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 510 ერთეული [+28]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 222 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 17 796 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 2 142 ერთეული [+20]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 605 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 770 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 524 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 191 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 322 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 930 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 093 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

თქვენ გაწირეთ თქვენი შვილები. რად გაქციათ ბიძინა ივანიშვილმა?! – ანი წითლიძის მიმართვა „ოცნებას“

„გახსოვთ, 2012 წელს რა იყო თქვენი მთავარი ლოზუნგი, რომ თურმე ადამიანი იყო მთავარი და რად იქეცით, რად გაქციათ ბიძინა ივანიშვილმა?

გაქციათ იმად, რომ თითოეული თქვენგანი, ვინც ჩუმად არის ახლა, არის ისეთივე მოძალადე, როგორიც არის ხარება და ხარებაა თქვენი ნამდვილი სახე, მოძალადე ხელისუფლების“ – ასე მიმართა დეპუტატმა ანი წითლიძემ დღეს, 28 მაისს, თავისი გამოსვლის დროს „ოცნებას“. მანამდე მან დეპუტატებს სპეცრაზმის ხელმძღვანელის ხმა მოასმენინა, სადაც ის ამბობს, რომ არაკაცებს სცემს, რომელთა სიაც აქვს“. 

ამის შემდეგ ანი წითლიძემ დეპუტატ მერაბ ქვარაიას მიმართა:

„გამობრძანდა და ამ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, ჭკუა დაარიგა, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვიქნებით ჩვენ, უმრავლესობაო.

ბატონო მერაბ, თქვენ ხომ არ გახსოვთ შემთხვევით, რატომ იყავით გასამართლებული? – პენსიის ქურდობის გამო. როდესაც 14-ლარიანი პენსიის გამო 5 ლარს ჰპარავდით მოქალაქეებს, ამიტომ იყავით გასამართლებული. მერე „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა და გამოგიშვათ, როგორც პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ თქვენი კოლექტიური სახე არის სწორედ ეს, თქვენ და თქვენნაირები. ძალიან სწორ ადგილას ხართ, სადაც ხართ“.

ანი წითლიძე რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების მხრიდან მათი შვილების ხსენებაზე რეაქციასაც გამოეხმაურა:

„შვილებზე გაბრაზდით აქ ძალიან და გამწარდით. გეწყინათ?! აგერ, გია ვოლსკის შვილს ამერიკაში უყიდია სახლი. ასევე, თურმე ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში მუშაობს და მინდა გკითხოთ თქვენ ბატონო გია, თქვენც ეთანხმებით, რომ ამერიკა გლობალური ომის პარტიაა? შვილებს, რომ გიხსენებთ და გაბრაზებულები რომ ხართ, თქვენი არჩევანია, თქვენ გაწირეთ თქვენი შვილები იმისთვის, რომ მოღალატის შვილების სტატუსით იარონ. თქვენ გაწირეთ თქვენი შვილები იმისთვის, რომ რუსული რეჟიმის წარმომადგენლების შვილები იყვნენ.

თქვენ გაწირეთ სხვისი შვილები ცემისთვის და ხარებას ჩაუგდეთ ხელში, რომელიც თავპირს ალეწავს ახალგაზრდებს. თქვენი შვილებისთვის არ გინდათ რუსული კანონი და რუსული, მაგრამ სხვისი შვილები ფეხებზე გკიდიათ. ამიტომაც უნდა იცოდეთ, რომ თქვენს შვილებსაც მოეკითხება, თითოეული თქვენგანის შვილს მოეკითხება, ვერ იცხოვრებს ბატონო გია თქვენი შვილი ამერიკაში თუ ამ ქვეყანას დააკარგვინებთ ევროპულ პერსპექტივას. ამიტომ იცოდეთ, რომ თქვენთან ერთად პასუხისმგებლობა დაეკისრებათ თქვენს შვილებსაც.

თქვენ გაწირეთ თქვენი შვილები მოღალატის იარლიყით იარონ.

12 წელი თქვენ თესავდით ზიზღს და სიძულვილს, 12 წელი თქვენ საქართველოს მოქალაქეებს აჯერებდით, რომ ვართ უთავმოყვარეო ერი, 12 წელი თქვენ ებრძოდით ყველაფერს, რასაც ჰქვია ევროპული ინტეგრაცია, ახლა ხომ ნათელია რისთვის მოხვედით 2012 წელს, რომ თქვენი მიზანი არანაირი წარსული შეცდომების გამოსწორება არ იყო.

თქვენი მიზანი, ისე როგორც არასდროს, არის ცხადი – ამ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის დაზიანება და საქართველოს დაბრუნება რუსეთის ორბიტაზე.

12 წელი თქვენ გეგონათ, რომ ქართველი ხალხი არის სულელი, მაგრამ ქართველმა ხალხმა განახათ ძალიან მკაფიოდ, რომ არ დაბრუნდება რუსულ ორბიტაზე და ბოლომდე იბრძოლებს რუსული კანონის წინააღმდეგაც და რუსული ორბიტის წინააღმდეგაც“.

გამოსვლის ბოლოს ანი წითლიძემ მიმართა პარლამენტთან შეკრებილ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს:

„როგორიც არ უნდა იყოს დღეს აი, ამ ადამიანების გადაწყვეტილება, რომლებიც საკუთარ თავს არ ეკუთვნიან და საკუთარი შვილების მომავალსაც სწირავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ასე უთხრა, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი საზოგადოება იმდენად არის თავისუფალი, რამდენადაც შეუძლია ამ თავისუფლების დაცვა.

თქვენ ყველამ ერთად დაანახეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავისუფლების და ჩვენი ევროპული მომავლის დაცვა, საქართველო გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს სახელოვნად.“

დღეს, 28 მაისს, საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო და მიიღო რუსული კანონი.

რუსულ კანონს ხმა 84-მა დეპუტატმა მისცა.

ვეტოს დაძლევის შემდეგ აღარ რჩება არანაირი სამართლებრივი ან პროცედურული ბერკეტი, რაც საქართველოში რუსული კანონის ამოქმედებას ხელს შეუშლის.

კარასინი საქართველოს პარლამენტს აქებს ვეტოს დაძლევისთვის: ეს არის “ხასიათი და სიმწიფე”

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.

„უცხოური აგენტების შესახებ კანონზე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით საქართველოს პარლამენტმა გამოიჩინა ხასიათი და სიმწიფე!“ – წერს კარასინი თავის ტელეგრამ არხზე.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს, 28 მაისს, დაძლია პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო რუსულ კანონზე.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ ხმა 66-მა დეპუტატმა მისცა.

ამის შემდეგ კენჭი ეყარა მანამდე სამი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს, რომელსაც 84-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა და, შესაბამისად, პრეზიდენტის ვეტოც დაიძლია.

რუსული კანონი მიღებულია – „ოცნებამ“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო და მიიღო რუსული კანონი.

რუსულ კანონს ხმა 84-მა დეპუტატმა მისცა.

ვეტოს დაძლევის შემდეგ აღარ რჩება არანაირი სამართლებრივი ან პროცედურული ბერკეტი, რაც საქართველოში რუსული კანონის ამოქმედებას ხელს შეუშლის.

საქართველოში უკვე ორი თვეა იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ. კანონს აპროტესტებენ სტუდენტები, მოსწავლეები, მეცნიერები, ლექტორ-მასწავლებლები, სხვადასხვა პროფესიით ათი ათასობით ადამიანი ითხოვდა კანონის გაწვევას, თუმცა მთავრობამ საზოგადოების ხმა არ გაიგონა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად განაცხადა, რომ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში ისინი დაუწესებენ სანქციებს კანონის მხარდამჭერ პირებსა და მათ ოჯახებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც ძალადობენ კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე.

დასავლელი პარტნიორების განცხადებით, ამ კანონის მიღება საბოლოოდ დახურავს ევროპული მომავლის კარს საქართველოსთვის, რადგან „მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპაში არ არის“.

მსგავსი კანონი რუსეთის ხელისუფლების ხელში იქცა რეპრესიულ იარაღად, რის შედეგადაც ამჟამად რუსეთიდან გამქრალია დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები, გარდა ამისა, ის გამოიყენება ფიზიკური პირების შესაზღუდად და მათზე ზეწოლისთვის.

____________

ფოტოზე: პლაკატი ბათუმში გამართული აქციიდან რუსული კანონის წინააღმდეგ. ფოტო: „ბათუმელები“

ეს კანონი ძალიან ჰგავს ხალხის მტრად გამოცხადების ბოლშევიკურ პრაქტიკას – შალვა შავგულიძე

დღეს, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, შალვა შავგულიძემ რუსული კანონი, რომელზეც ვეტოს დაძლევასაც პარლამენტი განიხილავს, შეადარა ბოლშევიკურ პრაქტიკას, რომელიც საბჭოთა რეჟიმისთვის მიუღებელ პირებს ჯერ რეპუტაციულად ანადგურებდა, შემდეგ კი – ფიზიკურად.

შალვა შავგულიძემ, რომელიც პროფესიით იურისტია, პარლამენტში კიდევ ერთხელ გააჟღერა ის არგუმენტები, რაც რუსულ კანონს საქართველოსთვის მიუღებელს ხდის.

„ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად ვისმენთ, თითქოს მათ ვერ მოისმინეს რეალური არგუმენტები, რატომ ეწინააღმდეგება ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის შესაბამის ნორმებს, რატომ არის რუსული და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.

ეს არგუმენტები ყოველთვის ისმოდა. ისმოდა საპარლამენტო განხილვების დროს, პირადად, მეც ვცდილობდი წარმომედგინა ეს არგუმენტები, ეს არგუმენტები არის წარმოდგენილი ვეტოშიც და ეს არგუმენტები არის ძალიან ჩაშლილად წარმოდგენილი ვენეციის კომისიის დასკვნაში.

რადგან ვისმენთ იგივე პოზიციას – „სად არის არგუმენტები“, შევეცდები ძალიან მოკლედ ვთქვა, რა მანკიერებებს შეიცავს ეს კანონი.

პირველი, ეს არის სტიგმატიზაცია.

კანონი ითხოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ ან მედიამ, თუ მისი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტი არის უცხოური, თავი დაირეგისტრიროს უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციად. ანუ მიიწებოს იარლიყი, სტიგმა, რომ ის საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება.

იარლიყის მიწებება თვითმიზანი ხომ არ არის, რაში სჭირდება ამ კანონს სტიგმის მიწებება?!

იმიტომ, რომ ჯერ ერთი – დაეცეს არასამთავრობო და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების ავტორიტეტი, ანუ ხელისუფლების მაკრიტიკებელი ორგანიზაციების ავტორიტეტი საზოგადოების რაღაც ნაწილში და მეორეც – გამართლებული იქნება რეპრესიები ამ ორგანიზაციების მიმართ, რომ მომავალში, როცა ხელისუფლება დახურავს ამ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, ეს გამართლდეს იმით, რომ თურმე ის უცხოური ძალის ინტერესებს ემსახურებოდა და დახურავდნენ, აბა რა იქნებოდა.

ეს ძალიან ჰგავს ბოლშევიკურ რეპრესიებს, ხალხის მტრად გამოცხადების ბოლშევიკურ პრაქტიკას.

მაშინაც ასე, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, აცხადებდნენ ხალხის მტრად. რატომ აცხადებდნენ? იმიტომ, რომ მერე იმ ხალხის მტერს დახვრეტდა თუ  გაასამართლებდა საბჭოთა ხელისუფლება, ეს გამართლებულიყო ხალხში.

მეორე მანკიერება არის მონიტორინგი.

ანუ, თუ არ დაიბრალებს ორგანიზაცია, რომ არის ხალხის მტერი, მოდით, გამოვიყენოთ ეს ფრაზა, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს შეუძლია ჩაატაროს მონიტორინგი და როგორი ინტენსივობისაა ეს მონიტორინგი?! შეუძლია წელიწადში ორჯერ ჩაატაროს.

მონიტორინგის საფუძველი არის შემდეგი – იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება. მეორე საფუძვლად ობიექტური ინფორმაციაა მითითებული, მაგრამ რა საჭიროა მითითება, თუ გადაწყვეტს იუსტიციის სამინისტრო, შეუძლია ჩაატაროს მონიტორინგი.

თვალსაჩინოებისთვის, შედარება რომ მოვიყვანოთ, სისხლის სამართლის პროცესში გამოძიების დაწყების საფუძველი რომ იყოს გამომძიებლის გადაწყვეტილება. არა ინფორმაცია რაღაც დანაშაულზე, არამედ, აი, გამომძიებელმა გადაწყვიტა და დაიწყო გამოძიება.

ასე უსაფუძვლოდ შეიძლება მონიტორინგის დაწყება.

მონიტორინგის ვადა არ არის განსაზღვრული. [სამინისტროს] შეუძლია 6 თვეში ერთხელ ჩაატაროს და 5 თვე და 29 დღე ატაროს ეს მონიტორინგი.

ახლა როგორი ინტენსივობისაა ეს მონიტორინგი – ყველა დოკუმენტაციაზე წვდომა, მოთხოვნის უფლება აქვთ ყველა სახის ინფორმაციის, არა მარტო დაფინანსებასთან დაკავშირებით, არამედ ნებისმიერი სხვა ინფორმაციის, მათ შორის თანამშრომლების და დაქირავებული, აყვანილი თანამშრომლების პერსონალური მონაცემების და მათ შორის ისეთი განსაკუთრებული ინფორმაციის – როგორიცაა სექსუალური ორიენტაცია, პოლიტიკური მიმართულება და სიმპათიები და ა.შ..

ფაქტიურად ჩაუსახლდება იუსტიციის სამინისტროს მონიტორი ორგანიზაციას და პარალიზებას გაუკეთებს.

მაგრამ საკონტროლო გასროლაც არის დატოვებული იქ. ამ მონიტორინგის შედეგად მთავრობას შეუძლია სანქციების გატარება.

სანქციებია მესამე მანკიერება.

სანქციები არის შემდეგი – თუ აღმოაჩენს იუსტიციის სამინისტრო, რომ კი, დამალა ორგანიზაციამ, არ დაირქვა ხალხის მტერი და ამიტომ მას სახელმწიფო დაარქმევს ასე, ორგანიზაციას რჩება ვალდებულება, თვითაღიარება მოახდინოს და თუ არ მოახდენს – დაჯარიმდება 25 000 ლარით, 10 ათასით…

პირი, რომელიც იქ მუშაობს, თუ არ წარადგენს ყველა პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს დაფინანსებასთან, დაჯარიმდება 5-5 ათასით… ეს არის საკონტროლო გასროლა, აუცილებლად ლიკვიდაციას მოახდენენ.

ანუ ეს კანონი შესაძლებლობას აძლევს ხელისუფლებას მისი მაკონტროლებელი, გამკრიტიკებელი ხმა, არასამთავრობო სექტორის და დამოუკიდებელი მედიის სახით, მოსპოს.

ამიტომ ეწინააღმდეგება ეს კანონი კონსტიტუციის 22-ე მუხლს, გაერთიანების თავისუფლებას, ასევე – გამოხატვის თავისუფლებას, იმიტომ, რომ მედიასაშუალებებს თუ გაანადგურებ, ირღვევა ეს უფლება, ასევე, პირადი ცხოვრების უფლებას, დისკრიმინაციის აკრძალვასაც და საერთოდ, კონსტიტუციის 78-ე მუხლსაც, რომელიც ავალდებულებს ყველა კომპეტენტურ ორგანოს მის კომპეტენციის ფარგლებში გააკეთოს ყველაფერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

და მიზანი რა არის? მიზანი არის ის, რომ კანონი მტრად აცხადებს დასავლეთს“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

პუტინი, სი ძინპინი, ივანიშვილი, ორბანი ან ფიცო კოლექტიური დასავლეთისთვის მიუღებელია – დუგინი

პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი, რომელიც არაერთხელ გამოეხმაურა საქართველოში აგენტების კანონის განხილვის პროცესებსა და კანონთან დაკავშირებულ სახალხო პროტესტებს, საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ პოსტმოდერნის ბანაკი, იგივე „კოლექტიური დასავლეთი და მისი მარიონეტები“ მთელ დედამიწაზე ებრძვიან ტრადიციის ბანაკს. უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ღაზა, ტაივანი და მის ფარგლებს გარეთ. პოსტმოდერნული ბანაკისთვის ტრადიციონალისტი [ნარენდრა] მოდი ისეთივე მიუღებელია, როგორც პუტინი, სი ძინპინი, ორბანი, ფიცო ან ივანიშვილი”.

„მსოფლიოში მხოლოდ ორი ძალა ებრძვის ერთმანეთს – ტრადიცია და პოსტმოდერნიზმი. ტრადიციის ბანაკი მოიცავს ყველა ცივილიზაციას და კულტურას, რომლებიც აღიარებენ სუვერენიტეტსა და იდენტობას. მათი ერთმანეთთან წინააღმდეგობები მეორეხარისხოვანია.

პოსტმოდერნის ბანაკი არის კოლექტიური დასავლეთი და მისი მარიონეტები, ლიბერალური და მემარცხენე-ლიბერალური ქსელები მთელს მსოფლიოში. აქ პირდაპირ და მკაცრად უარყოფილია იდენტობები, ტრადიციული ღირებულებები, კულტურა და სუვერენიტეტი

პოსტმოდერნიზმი შლის ცივილიზაციებს და დასცინის ტრადიციულ კულტურებს – ისტორიას ცვლის გროტესკული თვითნებური ნარატივი და სურვილების მანქანა ან ხელოვნური ინტელექტი იკავებს ადამიანის ადგილს“, – წერს დუგინი.


დუგინი თავიდანვე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მიერ აგენტების კანონის ინიციირებას, როცა მან “ოცნებას” ქმედებები მოუწონა და დაწერა, რომ “საქართველო სწორ გზაზეა”. მოგვიანებით დუგინი აგენტების კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართულ სახალხო პროტესტებს გამოეხმაურა, სადაც 

მოგვიანებით დუგინი თბილისში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა, სადაც პროტესტის მონაწილეებს უცხოელი აგენტები უწოდა: „საქართველო. ასე იციან უცხოურმა აგენტებმა წიხლების ქნევა, როცა მასუვერენიზებელი ხელისუფლება მათ გადათვლითა და რეგისტრაციით ემუქრება … უცხოელი აგენტების ქცევა, რომლებიც პარლამენტის კედლებს აწყდებიან ვნების კვირას, ყველაფერია გარდა ქართულისა“.

„თქვენ გაგაფრთხილათ ლარმა, გაგაფრთხილათ ლონდონის ბირჟამ“ – რომან გოცირიძე

საქართველოს პარლამენტის წევრმა ოპოზიციიდან, რომან გოცირიძემ დღეს, 28 მაისს, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოზე დასაძლევად ხმის მიცემამდე უმრავლესობის წევრებს მიმართა.

გოცირიძემ ხაზი გაუსვა, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ გარდაუვალი იქნება გავლენა ეკონომიკაზე.

„თქვენ დღეს ქვეყნის მიმართულებას ცვლით. დღეს სამართლებრივად გაფორმდება ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტინგზე გაკეთებული განცხადებები, მისი ახალი პროგრამა საქართველოს რუსეთის სივრცეში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

თქვენ ებრძვით მეგობრებს. თქვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გამოაცხადეთ მტრებად და თქვენ გამოაცხადეთ მეგობრად პირსისხლიანი რუსეთის რეჟიმი.

თქვენ დაკარგეთ ყველა მეგობარი, ბოლო მეგობარიც კი, უნგრელი ჩინოვნიკების სახით, როდესაც უნგრეთის წარმომადგენელს საშინელი ცილი დასწამა პრემიერ-მინისტრად წოდებულმა ადამიანმა.

თქვენ გაფრთხილებთ ყველა. გაფრთხილებთ საერთაშორისო თანამეგობრობა, გაფრთხილებენ ახალგაზრდები ქუჩაში, გაგაფრთხილათ ლონდონის ბირჟამ, რომელმაც გითხრათ, რომ ჩამოგენგრევათ ეკონომიკა, თუ კი დაადგებით ღალატის გზას ამ კანონის გაფორმებით.

25 პროცენტით გაუფასურდა ქართული კომპანიის აქციები მაისიდან დღემდე.

თქვენ გაგაფრთხილათ ლარმა, კანონის მიღების დღესვე დაეცა ლარი და 60 მილიონი დოლარის ინტერვენციების განხორციელება მოუწია ეროვნულ ბანკს.

დღესაც გაგაფრთხილებთ ლარი. როგორც კი ამ ღილაკს დააჭერთ ხელს ეს 85 ადამიანი, რომელთაც ელემენტარული ნებელობა არა აქვთ შეეწინააღმდეგონ იმ ერთ ახირებულ და არაადეკვატურ ადამიანს, დარწმუნებული ვარ 100 პროცენტით, რომ ლარის გასაჩერებლად კიდევ ათეულობით მილიონი ლარის დახარჯვა მოუწევს ეროვნულ ბანკს.

თქვენ გაგაფრთხილეს ევროპის 6 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა, ვინ არ გაგაფრთხილათ! ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკში არსებული ცხოველების გარდა ყველანი გაფრთხილებდათ, ალბათ ის ცხოველებიც იტანჯებიან ახლა სირცხვილისაგან.

ათი კაცია საჭირო. 10 ხმა თუ დააკლდება, დღეს ეს ადამიანები გადაირჩენენ საკუთარ რეპუტაციას, შეუძლიათ პატიოსანი სინდისით შევიდნენ ოჯახებში. როცა ხელს დააჭერთ, საკუთარ გულისთქმას დაუგდეთ ყური“ – ასე მიმართა უმრავლესობის წევრებს რომან გოცირიძემ.

 

ვის მკვდარს ტიროდით ირანში? თქვენ საქართველოს წაართვით ყველა მეგობარი – ეკა ხერხეულიძე

„თუ ვინმეს არ უწერია ნათელი მომავალი ისტორიის ფურცლებზე, სწორედ ამ დარბაზში მსხდომი ის ადამიანები ხართ, ვისაც გამოცხადებული ქვეყნის ღალატის ქრონიკა გაქვთ დაანონსებული თქვენი უკვე სამი კენჭისყრით“ – ასე მიმართა დღეს, 28 მაისს, დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას.

დღეს პარლამენტი განიხილავს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს, სხდომაზე გამომსვლელთა განცხადებებიც სწორედ რუსულ კანონს შეეხება, რომელსაც საქართველოში უკვე ორი თვეა აპროტესტებენ მასშტაბური აქციებით.

„თქვენ გგონიათ, რომ ეს ხალხმრავლობა, რომელიც ქუჩაშია, არის წარმავალი. ასე არ არის. საქართველოს ისტორია თქვენი სურვილების მიხედვით არ იწერება.

აქ არის ჩამოყალიბებული ეროვნული მოძრაობა. როდესაც საყოველთაო გაფიცვა ეფუძნება თეატრებში, უმაღლეს სასწავლებლებში პროტესტს, სტუდენტებში, ლექტორ-მასწავლებლებში, მომღერლებში, სპორტსმენებში, ამას აღარ ჰქვია ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანებული პროტესტი. ეს არის ეროვნული მოძრაობა.

უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ღარიბი, თქვენი უმწეო და უმწიფარი პოლიტიკით, როცა ამბობთ, რომ სანქციები არაფერს მოუტანს ქვეყანას და გგონიათ, რომ ჩვენ თურმე ფობია გვაწუხებს და გვეშინია, რომ ვეღარ იფრენთ ამერიკაში, ეს არ არის ჩვენი საწუხარი. ჩვენი საწუხარი გახლავთ საქართველოს მომავალი, რომელსაც დააკარგვინეთ პერსპექტივა და ამდენი მეგობარი, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე შეიძინა ამ ქვეყანამ.

თქვენ წახვედით ირანში და ჰესბოლასთან და ჰამასთან ერთად დადექით სამეგობრო წრეში. ეს არ არის ჩემი ქვეყნის ოცნება და ნატვრა.

ვის მკვდარს ტიროდით ირანში, გამაგებინეთ?! როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ბრძანდებით პოლიტიკურ ასპარეზზე. საქართველოს ყველა მეგობარი წაართვით, ყველა პერსპექტივა მოუკალით და დატოვეთ მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი ომის პარტიის, რუსეთის პირისპირ.

ჩვენი მომავალი გარეთ პასუხს მოგთხოვთ, არა იმიტომ, რომ დღეს დასრულდება აქ პროცესი. არც ერთ შემთხვევაში. დღეს თქვენ თქვენივე განაჩენით საკუთარ თავს დაუწერეთ პოლიტიკური ნეკროლოგი. იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი პოლიტიკური დაისი იქნება და ამას შეეგუეთ“ – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 503 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 460]
  • ტანკი – 7 692 ერთეული [+21]
  • ჯავშანტექნიკა – 14 858 ერთეული [+40]
  • საარტილერიო სისტემა – 13 029 ერთეული [+48]
  • MLRS – 1 085 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 815 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 482 ერთეული [+15]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 221 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 17 740 ერთეული [+46]
  • სპეცტექნიკა – 2 122 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 604 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 739 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 524 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 182 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 322 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 914 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 060 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„უსუფ გაიქეცი, მოდიან“

„ჩემს შვილებს და შვილიშვილებს უნდათ ევროპა. ევროკავშირში უნდა შევიდეთ, ეს გარდაუვალია“, – ამბობს 64 წლის ზაზა ზაქარაძე. „ბათუმელებთან“. ის იხსენებს ბაბუას, რომელიც სტალინური რეჟიმის მსხვერპლი გახდა.

ზაზას ბაბუა, უსუფ ზაქარაძე 1937 წელში დახვრიტეს. იმ დროს, უსუფ ზაქარაძე სოფელ აჭარისწყალში კომენდატურაში პოლიტიკურ ხელმძღვანელად მუშაობდა.

„უსუფ გაიქეცი, მოდიან“

„ბაბუაჩემი რომ დახვრიტეს, მამაჩემი იყო 3 თვის. ბებიაჩემი კი 22 წლის, რომელსაც დარჩა მისი 4 შვილი და ორი გერი გასაზრდელად.

როგორც გენერლები დახვრიტეს და ყველას ეუბნებოდნენ, რომ თითქოს ინგლისის აგენტები იყვნენ და ასე შემდეგ, ასე დააბრალეს ბაბუაჩემსაც აგენტობა. 58-ე მუხლით გაასამართლეს, ვითომ ხალხის მტერი იყო და სახელმწიფო გადატრიალება უნდოდა.

ბებიას მონათხრობიდან მახსოვს, რომ აჭარისწყალზე ოთხ მეგობართან ერთად ქეიფობდა ბაბუა, როცა მასთან მივიდა ერთი პიროვნება და უთხრა,- „უსუფ გაიქეცი“, დასაპატიმრებლად მოდიანო.

ბაბუაჩემს უთქვამს, მე გასაქცევი არაფერი მაქვსო. ის 4 ძმაკაცი გაიქცა, ბაბუაჩემი კი დაიჭირეს“, – ამბობს ზაზა ზაქარაძე.

37 წელს დახვრეტილი უსუფ ზაქარაძე მეუღლესთან ერთად

ბებიას გადმოცემით, მაშინ ზაფხულის პერიოდი იყო. ბაბუას დახვრეტის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა უსუფის მეუღლეს მისი სისხლიანი პერანგი გაუგზავნეს.

„ბებია ამბობდა, გონიოში ჰყავდათო და, სავარაუდოდ, იქ დახვრიტეს. მაშინ ცხედრებს არ უბრუნებდნენ ოჯახებს, იქვე მარხავდნენ ციხის ეზოში. მით უმეტეს, როცა „ხალხის მტრის“ სახელით ხვრეტდნენ. ჩემი სხვა ნათესავებიც მასეა დაასაფლავეს ციხის ეზოში“, – გვეუბნება ზაზა ზაქარაძე.

მისი თქმით, სოფელში ბაბუა დაფასებული კაცი იყო და მასზე აუგი არავისგან მსმენიაო.

„ყველას შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა, მაგრამ მაშინ დასმენები იყო და ვიღაც-ვიღაცები ყოველთვის ცდილობდნენ „თავის გამოჩენას“.

მე ვიცი, ვინც დაასმინა ბაბუაჩემი. მე და მისი შვილიშვილები კლასელები ვიყავით, ვძმაკაცობდით. მე მაგალითად, ჩემთან ერთად გაზრდილ ძმაკაცს, დასახვრეტად და გადასასახლებლად არ გავიმეტებ“.

  • „ხალხის მტრის ცოლი“

„ბებიაჩემის ცხოვრება გაგრძელდა ისე, რომ კოლმეურნეობაში არ ამუშავებდნენ, როგორც „ხალხის მტრის“ მეუღლეს, არც შრომადღეებს უწერდნენ. პატარა ვიყავი, მაგრამ მე ისიც მახსოვს, მაშინდელი სოფლის საბჭოს თავმჯდომარე ბებიაჩემს ქუჩაში რომ შეხვდებოდა ეძახდა – „მოღალატის ცოლიო“.

YouTube video player

შემდეგ, როცა წამოვიზარდე, მის შვილებს შევუთვალე, რომ გონიერებისთვის მოეხმო. ბებიაჩემს ისედაც დიდი ტვირთი აქვს წამოკიდებული-მეთქი.

ბებიაჩემი იმასაც ამბობდა, 1954 წლამდე, სანამ სტალინი ცოცხალი იყო, ჩემი სანათესავოც კი ერიდებოდა დღისით ჩემთან გამოჩენასო.

მამაჩემი 8 წლის იყო პურის საცხობში რომ მიიყვანეს სამუშაოდ. 13 წლის ასაკში, 70-კილოიან ფქვილის ტომრებს მოიკიდებდა ზურგზე და ასე შრომობდა. შიმშილით არ კვდებოდნენ, მაგრამ ძლივს გაჰქონდათ თავი.

მამაჩემმა 60 წელი იმუშავა პურის საცხობში, ბოლოს საცხობის გამგე იყო“, – ამბობს ზაზა ზაქარაძე.

ზაზა ზაქარაძე

ზაზას ბაბუას გარდა, სტალინურმა რეპრესიებმა იმსხვერპლეს ბაბუამისის ბიძაშვილებიც. ისინიც დახვრიტეს.

„დედაჩემის დედა, გაგეცინებათ და ნომერ პირველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის მკვიდრი ბიძაშვილი იყო. ხომ იცით ეგ როგორ მოკვდა? ეკლესიას რომ ანგრევდა, ზარი ჩამოვარდა, დაეცა და მოკლა.

არ მგონია გვარი, რომელსაც არ შეხებოდეს 37-38 წლების რეპრესიები“.

  • ევროკავშირში უნდა ვიყოთ, ეს გარდაუვალია

„ჭაობში ვიყავით. 30 წელია ვაპირებთ ამ ჭაობიდან ამოსვლას და ვერ ამოვედით. ახალი რაღაც გვინდოდა და თურმე სად ვართ, შემოვბრუნდით და მივდივართ ისევ უკან.

ცოდვაა შვილები, შვილიშვილები…

გვინდა თუ არა, ევროკავშირში უნდა შევიდეთ, ეს გარდაუვალია. ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ევროპა უნდათ. უფროსი შვილიშვილი სწავლას ჩეხეთში აპირებს და თუ ასე გაგრძელდა, ჩეხეთში კი არა, ჩოხატაურში ვეღარ წავა. ასეთი კანონებით, ვინ, სად მიგვიღებს.

მრავალათასიანი საპროტესტო აქცია რუსული კანონის და რუსული მთავრობის წინააღმდეგ. თბილისი, 2024 წელი.

თუ ევროპა გვინდა, ეს ხალხი არ გაჩერდება, ეს ბავშვები არ გაჩერდებიან და იქნება „გამიშვი- დამაკავე“. სხვაგან ვიცით, გადატრიალებაც მოხდა, რევოლუციაც და ცოდვაა ხალხი, დაიღალა. თაობა წავიდა ისე, რომ ამ ქვეყნად არაფერი უნახავს.

შენ კაბინეტში დაჯდე და მე თავში მიკაკუნო, ასე არ გამოვა. არ მივესალმები ამას. ბევრგან ვმუშაობდი და ყოველთვის მქონდა ამაზე დავა, რადგან მე უთანასწორობას ვერ გავუძლებ. რატომ უნდა დამჩაგრო?

ჩემ სტუდენტობაში, ჩემ ახალგაზრდობაში დასმენების გამო შეიძლება კაცს კაცი მოეკლა, შეიძლება კაცს კაცი ეცემა, ან ისეთი რამ გაეკეთებინა დამსმენისთვის, რომ ის ქალაქიდან წასულიყო.

ყველა მოღალატეს და დამსმენს, სხვაც მოღალატე და დამსმენი ჰგონიაო – ნათქვამია და დღეს რომ ვუყურებ (ხელისუფლებას), ესენი უფრო საკუთარი თავის დაცვის მიზნით ლაპარაკობენ.

  •  ჩრდილოეთს ჯობია დასავლეთი

მოსკოვში ცხოვრობდნენ ჩემი დისშვილები. რაც რეკლამა იყო ნტვ-ზე, 90 პროცენტი მათი გადაღებულია, მაგრამ გამოიქცნენ რუსეთიდან.

მინსკში, ტელევიზიაში ჩემი ახლობლები მუშაობდნენ, ტაილანდში გაიქცნენ და მაინც დაიჭირა ლუკაშენკომ.

რამდენიმე წლის წინ, ჩემი თანამშრომელი იყო წასული მოსკოვში და საახალწლოდ რომ ჩამოვიდა, მითხრა, შუქი მარტო კრემლის ირგვლივ იყოო.

ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობს ასევე კემეროვოში და ის მეუბნება, ქალაქში ვმუშაობთ და საჭმლის ფული გვაქვს, მაგრამ ქალაქს რომ გასცდები, საღორეა იქაურობაო. მარტო იქ კი არა, მთელს რუსეთში მასეა.

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – აქციიდან.
ფოტო: ბათუმელები, ბათუმი/2024

თუ ევროპა გვინდა, ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს და ყველაფერი დალაგდეს. მაგრამ თუ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ჰიმნის მოსმენა გვინდა, „პაჟალუსტა“, მაგრამ ჩრდილოეთს ჯობია დასავლეთი“, – ამბობს ზაზა ზაქარაძე.

„გურიის მოამბის“ რედაქტორი 26 მაისს გადაღებული ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ გამოკითხვაზე დაიბარეს

გაზეთ „გურიის მოამბის“ რედაქტორი და „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ვლადიმერ მენაბდე კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა.

ლადო მენაბდე ამბობს, რომ გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი გახდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო კონტრ-სნაიპერული შაშხანით, რომელიც მან 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ოზურგეთის ცენტრში გადაიღო სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე და გამოაქვეყნა ხუმრობის ტექსტით.

„მთლად საჩემო! ამერიკული – კონტრსნაიპერული შაშხანა ისვრის 18 სხვადასხვა დანიშნულების ტყვიის სახეობას! გამოიყენება სნაიპერების, ცოცხალი ძალისა და ჯავშანმანქანების წინააღმდეგ. მტერს ანადგურებს სამ კილომეტრზე მეტ მანძილზე. მოკლედ ჩემი სახლიდან მერიის, პოლიციის, სუსისა და პროკურატურის მაღალჩინოსნებს უპრობლემოდ „მოვიკითხავ“. ვხუმრობ თავისთავად“, – დაწერა ვლადიმერ მენაბდემ ფეისბუქზე ფოტოს გამოქვეყნებისას.

მან გვითხრა, რომ სურათზე შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე და იბარებენ თბილისში, გულუას ქუჩაზე, გამოკითხვაზე.

უწყებაში, რომელიც ჟურნალისტმა მიიღო, აღნიშნულია, რომ მას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოს საგამოძიებო განყოფილება იბარებს გამოკითხვაზე.

ვლადიმერ მენაბდე ითხოვს გამოჰკითხონ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. იგი გამოკითხვაზე დაბარებას თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

ივანიშვილის კომპანია განმუხურში ვალდებულებებს აღარ შეასრულებს – კობახიძის განკარგულება 

საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბლექ სი რივიერას“ ნაკისრი ვალდებულებისგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ქვეყნის ბიუჯეტში 500 ათას ლარს გადაიხდის. საუბარია 3 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდს, მისივე ინფორმაციით, ჯამურად, 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

„ბლექ სი რივიერას“ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, რომ ზუგდიდის სოფელ განმუხურში, სახელმწიფოსგან ნაყიდ მიწაზე, აეშენებინა სასტუმრო კომპლექსი [მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა], აემოქმედებინა ის და ამაში 10 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო. კომპანიას ეს ვალდებულება 2021 წელს უნდა შეესრულებინა, თუმცა სასტუმრო ამ დრომდე არ აშენებულა.

ფონდი ინვესტიციის შეჩერების მიზეზად პანდემიასა და უკრაინის ომს ასახელებს. „2019 წლიდან… პრაქტიკულად განულდა ტურისტული დარგის შემოსავლები“ – მოგვწერეს ფონდიდან.

ფონდში ასევე განმარტავენ, რომ „ტურიზმზე მოქმედი გარე ფაქტორების პოზიტიური ცვლილებების შემთხვევაში“, საინვესტიციო ვალდებულება ისევ გახდება აქტუალური, ანუ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ისევ ააშენებენ.

თუმცა, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემდეგ, კომპანიას სასტუმროს აშენების ვალდებულება აღარ ექნება და შეძლებს ქონება ნებისმიერი დანიშნულებით გამოიყენოს.

მთავრობის განკარგულებით, „რივიერას“ ყოველგვარი ვალდებულების გარეშე საკუთრებაში რჩება განმუხურის პლაჟთან [ზღვიდან 50 მეტრში] მდებარე 3 ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ეს ტერიტორია საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 400 მეტრში მდებარეობს.

33 951 კვადრატული მეტრი ტერიტორია და მასზე მდებარე შენობები „ბლექ სი რივიერამ“ სახელმწიფოსგან პირობებიან აუქციონზე 2 266 500 ლარად 2016 წელს იყიდა, შესაბამისად, ერთ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთში 66.7 ლარი გადაიხადა. ქონება სახელმწიფოს 2 263 500 ლარად ჰქონდა გამოტანილი აუქციონზე და ის „რივიერამ“ ერთი ბიჯის [3 000 ლარი] დამატებით იყიდა.

შპს „ბლექ სი რივიერას“ მფლობელია შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, ამ ფონდის 100 პროცენტი წილის მფლობელი კი არის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. ყველა ეს კომპანია „ქართუ ჯგუფის“ შვილობილია.

„ბლექ სი რივიერას“ მიერ ნაყიდი ტერიტორია განმუხურში / ფოტოები 2016 წლის აუქციონიდან

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „შპს „ბლექ სი რივიერას“ საქმიანობის ხელშესაწყობად“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და კომპანიას შორის 2016 წლის 25 აპრილს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში შევიდეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს ხელშეკრულების 4.1.1 მუხლი.

ამავე განკარგულებით, ხელშეკრულებიდან აღნიშნულ მუხლს ამოიღებენ იმ შემთხვევაში, თუ „ბლექ სი რივიერა“ შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის გადახდას.“

„ბათუმელებმა“ მოიძია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და „ბლექ სი რივიერას“ შორის 2016 წლის 25 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

ამ ხელშეკრულებას ხელს აწერს კომპანიის მაშინდელი დირექტორი ირაკლი ქარსელაძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ამჟამინდელი მინისტრი.

ხელშეკრულების 4.1.1 მუხლში კი, სწორედ კომპანიის მიერ აღებული მთავარი ვალდებულებაა გაწერილი.

2016 წლის ხელშეკრულებით კომპანიას მშენებლობის ნებართვის მიღებიდან არაუმეტეს 3 წელში, მაგრამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 5 წელში უნდა აეშენებინა და აემოქმედებინა სასტუმრო კომპლექსი, ანუ შპს „ბლექ სი რივიერას“ ვალდებულება სრულად უნდა შეესრულებინა 2021 წლის 25 აპრილამდე.

„ბათუმელებმა“ მოიპოვა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომლითაც ჩანს, რომ მთავრობამ კომპანიასთან 2016 წელს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილება 2021 წლის სექტემბერშიც შეიტანა და ვალდებულების შესრულების ვადა კომპანიას 3 წლით, 2024 წლის 25 აპრილამდე გადაუვადა.

ცვლილება სწორედ 4.1.1 მუხლში შევიდა, რომელიც შეცვლილ ხელშეკრულებაში შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით კი, თუ კომპანია 500 ათას ლარს გადაიხდის, ამ მუხლს საერთოდ ამოიღებენ ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, ხელშეკრულების სხვა მუხლებიც, რომლებიც ამ ვალდებულების შესრულება-არშესრულებას უკავშირდება [პირგასამტეხლო დაკისრება და სხვა] აზრს კარგავს.

მაგალითად, არსებული ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლით, „ბლექ სი რივიერას“ შეუძლია ქონება „საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდეგ“ სრულად ან ნაწილობრივ გაასხვისოს/გაყიდოს, ოღონდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები გადადის მყიდველზე – სრულად გაყიდვის შემთხვევაში, ხოლო ნაწილობრივ გაყიდვის შემთხვევაში ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი იქნება როგორც „ბლექ სი რივიერა“ ასევე ქონების შემძენი.

შესაბამისად, თუ ვალდებულების მუხლს ამოიღებენ, კომპანიას ქონების გასხვისება თავისუფლად შეეძლება ყოველგვარი პირობის გარეშე.

აქვს თუ არა ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, თუ რატომ გახდა აუცილებელი ხელშეკრულებიდან ზემოთ აღნიშნული მუხლის ამოღება? და გადახდილი აქვს თუ არა კომპანიას საპრივატიზებო თანხა – 2 266 500 ლარი? – ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ბათუმელები“ სააგენტოს დაუკავშირდა.

„დღეის მდგომარეობით კომპანიას სრულიად აქვს გადახდილი უძრავი ქონების საპრივატიზებო ღირებულება – 2 266 500 ლარის ოდენობით. ასევე, კომპანიის მიერ შესრულებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება.

მიმდინარე წელს, შპს „ბლექ სი რივიერამ“ წერილობით მომართა სააგენტოს, სადაც მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი დარჩენილი ვალდებულების გაუქმება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება“, – მოგვწერეს ქონების ეროვნული სააგენტოდან 2024 წლის 23 მაისს.

განმუხური / „ბლექ სი რივიერას“ მიერ სახელმწიფოსგან აუქციონზე შეძენილი ნაკვეთი სატელიტურ ფოტოებზე წლების მიხედვით, სადაც ჩანს, რომ მშენებლობა დაწყებულია.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბლექ სი რივიერას“ ხელშეკრულებაში მითითებულ ნომერზე, თუმცა გვითხრეს, რომ ინფორმაციისთვის „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ დავუკავშირდეთ.

აღნიშნული ფონდი, „ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებისთვის“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით შეიქმნა. თანაინვესტირების ფონდი კი, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წელს.

ფონდის მაშინდელი ინფორმაციით, სასტუმრო განმუხური 5-ვარსკვლავიანი უნდა ყოფილიყო, ჩაიდებოდა ჯამურად 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია და 2028 წელს უნდა დასრულებულიყო:

ვრცლად: თანაინსვესტირების ფონდმა 8 პროექტი ტურიზმის განვითარების თავისსავე ფონდს გადასცა

თანაინვესტირების ფონდის ვებგვერდზე განმუხურის სასტუმროსთან დაკავშირებით გრაფაში – მიმდინარე პროექტები, დღეს ასეთი ინფორმაცია იძებნება:

რატომ გახდა საჭირო აღნიშნული ცვლილების შეტანა ნასყიდობის ხელშეკრულებაში? – ამ კითხვით „ბათუმელები“ თანაინვესტირების ფონდსაც დაუკავშირდა.

„კომპანიას გადახდილი აქვს სრულად 2 266 500 ლარი. ასევე შესრულებული აქვს საინვესტიციო ვალდებულების ფინანსური ნაწილი 10 000 000 ლარის დახარჯვასთან დაკავშირებით შეძენილი ქონების განვითარების მიზნით.

ვადასთან დაკავშირებული საინვესტიციო ვალდებულების გაუქმება მოხდა ჩვენი არგუმენტირებული თხოვნის საფუძველზე, ვადის დაგვიანების მიზეზების განმარტების და არაპროგნოზირებადი სიტუაციის გამო მსოფლიო ტურიზმის სფეროში“, – მოგვწერეს თანაინვესტირების ფონდიდან.

ფონდის არგუმენტები შემდეგია:

  • „მნიშვნელოვნად შეიცვალა ტურიზმის განვითარების ტენდენციები და დინამიკა ქვეყანაში, დაწყებული 2019 წლიდან, როდესაც კოვიდ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო თითქმის 2 წლის განმავლობაში პრაქტიკულად განულდა ტურისტული დარგის შემოსავლები. შესაბამისად, მსოფლიოში მნიშვნელოვნად შენელდა საწარმოო და ლოგისტიკური პროცესები და ასევე მათი ღირებულებები მნიშვნელოვნად, დაახლოებით 30-35%-ით გაიზარდა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ტურიზმის სფეროში ისეთი მნიშვნელოვანი დარგის დინამიკაზე, როგორიც არის მაღალი კლასის ბრენდული სასტუმროების მშენებლობა.
  • 2022 წელს რეგიონში დაწყებულმა ომმა, მნიშვნელოვნად შეცვალა [შეამცირა] ქვეყანაში მაღალ მსყიდველობითუნარიანი სტუმრების მოძრაობის სიხშირე და დინამიკა, ასევე კვლავ მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები მასალების მოწოდების ლოგისტიკურ პროცესებში და ღირებულებებში, რამაც ასევე ნეგატიური გავლენა მოახდინა სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადებზე“, – მოგვწერეს ფონდიდან.

თანაინვესტირების ფონდს ასევე ვკითხეთ ხელშეკრულებიდან 4.1.1 მუხლის ამოღების შემდეგ ხომ არ არის გადაწყვეტილი პროექტის პროფილის შეცვლა და სასტუმროს ნაცვლად სხვა დანიშნულების ობიექტის მშენებლობა? ან კიდევ ხომ არ იგეგმება ამ ტერიტორიის ან მისი ნაწილის გასხვისება?

„აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია აპირებს მაღალი კლასის სასტუმრო დანიშნულების ფუნქციის განვითარებას, ტურიზმის სფეროში და ზოგადად მსოფლიოში ტურიზმის განვითარების ტენდენციების მიხედვით საკუთარი ან/და პარტნიორებთან ერთობლივი რესურსებით და ძალებით.

ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პროექტზე დახარჯულია ინვესტიციის მნიშვნელოვანი ნაწილი [10 000 000 ლარზე მეტი], მისი ფუნქციის რადიკალური ცვლილება ვერ განხორციელდება [ანუ ვერ შეიცვლება საინვესტიციო ვალდებულების თავდაპირველი ფუნქცია, რის მიხედვითაც განხორციელებულია მშენებლობა].

ტურიზმზე მოქმედი გარე ფაქტორების პოზიტიური ცვლილებების [ანუ დადებითი ტენდენციების მდგრადად დაფიქსირების] შემთხვევაში საინვესტიციო ვალდებულებით განსაზღვრული ტურისტული ფუნქცია კვლავ აქტუალური და საინტერესო გახდება რეალიზებისთვის, რასაც თავდაპირველი ინვესტორის გარდა მიმდინარე რეჟიმში მისი ცვლილების შემთხვევაში, არცერთი სხვა ინვესტორი არ/ვერ განახორციელებდა“, – გვწერს თანაინვესტირების ფონდი.

ანაკლია-განმუხურის ხიდი მდინარე ენგურზე /არქივიდან/ფოტო:  მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“


 

რუსეთში ნებისმიერი უცხოური ორგანიზაციის არასასურველად გამოცხადებას განიხილავენ

რუსეთის დუმის კომიტეტმა პირველი მოსმენით რეკომენდაცია გაუწია კანონპროექტის მიღებას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციაში ნებისმიერი უცხოური ორგანიზაციის არასასურველად გამოცხადების შესაძლებლობას, მათ შორის იმ ორგანიზაციებისაც, რომელთა დამფუძნებლები არიან უცხოური სამთავრობო უწყებები. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია, „ტასი“ ავრცელებს.

„ტასი“ წერს, რომ მოქმედი ნორმები საშუალებას იძლევა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არასასურველად იქნეს მიჩნეული მხოლოდ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა; ახალი ნორმები ასევე უშვებს რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველად იქნეს მიჩნეულიებისმიერი უცხოური ორგანიზაციის საქმიანობა, მათ შორის, მათი ვისი დამფუძნებლებიც არიან სამთავრობო უწყებები.

„შემოთავაზებულია ადმინისტრაციული კოდექსის 20.33 მუხლიდან (უცხოური ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, რომლის საქმიანობაც მიჩნეულია არასასურველად რუსეთის ტერიტორიაზე) ამოღებულ იქნას სიტყვა „არასამთავრობო“. ამრიგად, რუსეთში არასასურველად მიჩნეული უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისთვის მოქმედი სანქციები გავრცელდება რუსეთში ნებისმიერი არასასურველი უცხოური ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობაზე, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა” – წერს გამოცემა.

სიახლე არ გავრცელდება საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებზე, რომელთა წევრიც არის რუსეთი და ორგანიზაციებზე, რომლებიც შედიან უცხო სახელმწიფოს სამთავრობო ორგანოების სტრუქტურაში.

რუსეთში არასასურველად მიჩნეული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა ისჯება ფულად ჯარიმებით და რიგ შემთხვევებში – თავისუფლების აღკვეთითაც კი.

__________

ფოტო: EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV

28 მაისს ბათუმში სტუდენტებისა და მოსწავლეების მარში გაიმართება – არა რუსულ კანონს

ხვალ, 28 მაისს, 18 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან ბათუმელი სტუდენტები და მოსწავლეები შეიკრიბებიან, რათა კიდევ ერთხელ გააპროტესტონ რუსული კანონი.

„ახლა თუ თქვენი სურვილით გაჩუმდებით, შემდეგ სხვა გაგაჩუმებთ“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ავრცელებს.

„მოღალატე დეპუტატებმა, შესაძლოა დაძლიონ ვეტო, თუმცა ვერ დაძლევენ ყველაზე დიდ ძალას, ქართველი ხალხის ერთობას.

შენი ვალია, შენი მეგობრების, შვილების, სტუდენტების, ლექტორების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების გვერდით იდგე, იცავდე თაობების სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას და წერდე ისტორიის იმ ფურცლებს, რომელსაც სიამაყით წაუკითხავენ მომავალ თაობებს.

ბათუმელებო, დებო და ძმებო, დადექით ახალგაზრდების გვერდით, იბრძოლეთ, არ დაიღალოთ და არ დაუშვათ, რომ დანებდეთ. თავისუფლებაზე დიდი და ღირებული ქართველთათვის არაფერი ყოფილა, გადადეთ ყველა საქმე, დღეს ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებს.

ბათუმმა ბევრჯერ აჩვენა ძლიერება, ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ქვეყნის გულისცემა ბათუმიდან იწყება, დროა ისევ გავერთიანდეთ და ვაჩვენოთ მსოფლიოს ჩვენი არჩევანი.

კი – ევროპას
არა – რუსეთს“ – წერია განცხადებაში.

აქციას შეუერთდებიან მოსწავლეებიც.

„მოსწავლეების ევროპული გაერთიანება“ მოუწოდებს ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებსა და მოსწავლეთა თვითმმართველობებს, 28 მაისს, 17:00 საათზე, კიდევ ერთხელ შეიკრიბონ 6 მაისის პარკის კოლონადებთან.

„დღეს დუმილი სირცხვილია! იბრძოლეთ თქვენთვის, ჩვენთვის და თავისუფალი მომავლისთვის! იბრძოლეთ ნათელი და ევროპული საქართველოსთვის! შემოუერთდით გაერთიანებული საქართველოს ისტორიის სწორ მხარესა და ნათელ მიზანს!

პროტესტს უერთდებიან (განახლებადი):

ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №3 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №4 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №6 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №7 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №8 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №9 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №10 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №13 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №14 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №16 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №18 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა;
ქალაქ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია;
ქალაქ ბათუმის სკოლა ევრო – 2000“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • რა ხდება? 

საქართველოში მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, ამჟამად პარლამენტი სწორედ ვეტოს დაძლევის საკითხს განიხილავს. „ოცნებას“ ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ „ოცნებამ“ უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ „ოცნებამ“ კანონპროექტი უკან დააბრუნა.

ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა პუტინის რეჟიმი.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 მაისის 21 საათიდან 28 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წამში.ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 29-30 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 30 მაისს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 502 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150]
  • ტანკი – 7 671 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 14 818 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 12 981 ერთეული [+28]
  • MLRS – 1 084 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 815 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 467 ერთეული [+42]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 221 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 17 694 ერთეული [+55]
  • სპეცტექნიკა – 2 118 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 603 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 700 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 524 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 172 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 318 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 887 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 027 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როცა საქართველოს მამაცი ხალხი ქუჩაშია – გამოსვლა ჰამბურგის აქციაზე

გუშინ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართა საქართველოს მხარდამჭერი აქცია, რომელსაც სიტყვით მიმართა კორნელია ბარჩმა [მწვანეთა პარტია]. გთავაზობთ მისი გამოსვლის ტექსტს.

___

ძვირფასო ქართველო, უკრაინელო, ბელარუსო მეგობრებო, ძვირფასო ჰამბურგის მცხოვრებლებო!

კვირების განმავლობაში ათასობით ადამიანი გამოდის საქართველოს ქუჩებში კანონის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს გზას ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

საქართველოს თითქმის მთელი საზოგადოება ამ კანონის წინააღმდეგია, რადგან ხალხი თავის მომავალს, საქართველოს მომავალს, მშვიდობიან, თავისუფალ და კონსტიტუციურ ევროპაში ხედავს. ჩვენ ჰამბურგელები გვერდში ვუდგავართ ამ მამაც ხალხს საქართველოში, რადგან ისინი იცავენ თავისუფალი, დემოკრატიული და კონსტიტუციური ევროპის იდეას.

ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, საბოლოოდ კი კრიტიკულად განწყობილ ნებისმიერ კერძო პირს ემუქრება უცხოეთის აგენტად გამოცხადება. ასევე  მოსალოდნელია LGTBIQ თემის უფლებების შეზღუდვა.

ეს არის კრემლის სტილის კანონი, რომელიც შექმნილია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაყოფისა და საბოლოო განადგურების მიზნით. აქვე მინდა გაგახსენოთ რუსეთი 2012 წელს, როდესაც მიიღეს „რუსეთის აგენტების აქტი“: შეიძლება დღეს უკვე დაგვავიწყდა, რომ 2012 წელს რუსეთში არსებობდა პანკ ჯგუფი სახელწოდებით “Pussy Riot”-ი, რომელიც საჯაროდ და პროვოკაციულად მოუწოდებდა რუსეთს პუტინისგან გათავისუფლებისკენ.

დღეს ამ ჯგუფის წევრები იქ არიან, სადაც პუტინს სურდა – საზღვარგარეთ, ისევე როგორც ბევრი ჟურნალისტი, მხატვარი, მწერალი და რეჟისორი. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ რუსეთიც ევროპის ნაწილია – და იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა იყო რუსეთის აგრესიული ომის მომზადების ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ.

სამოქალაქო საზოგადოების გაყოფა და დასუსტება იყო და არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც ასევე მიმართულია ევროპის სხვა საზოგადოებებისკენ. აქ და ახლა – და განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან ევროპულ არჩევნებამდე.

როგორ მივიდა აქამდე საქართველოს პარლამენტი – ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში ასეთი კანონი რომ მიიღოს? ის, რასაც ჩვენ ამჟამად ვხედავთ საქართველოში, ასევე გვიჩვენებს, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ავტოკრატები ძალაუფლებას იტაცებენ.

ჩვენ ამას მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არ ვხედავთ. ჩვენ მას მთელ მსოფლიოში ვხედავთ. ავტოკრატებს არ აინტერესებთ ის ინსტრუმენტები, რომლითაც ისინი ინარჩუნებენ ძალაუფლებას. მათ არ აინტერესებთ რამდენად არის ეს ადამიანის უფლებების გათელვა. მათ არ აინტერესებთ, რომ ისინი ააქტიურებენ ადამიანის ყველაზე საზიზღარ ინსტინქტებს ან შიშებს.

მემარჯვენე პოპულისტური პარტიები ზუსტად იმავეს აკეთებენ მთელ ევროპაში: ისინი ცდილობენ ძალაუფლების მოპოვებას, შიშისა და დემარკაციის ფანტაზიების გააქტიურებით და საზოგადოების გაყოფით.

გამამხნევებელია, რომ პატარა საქართველო ამჟამად ქუჩაში გამოდის, რათა თავიდან აიცილოს კანონი, რომელიც კარს უხსნის ავტოკრატიულ სტრუქტურებს. დიდებულია ის ფაქტი, რომ ხალხი დგას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარეს, რომელიც ამჟამად საფრთხის ქვეშაა მთელ მსოფლიოში.

პარტიას, რომლის უმრავლესობამაც კანონი ახლახან მიიღო, უცნაურია, „ქართული ოცნება“ ჰქვია. – შესაძლოა, ამიტომაც ჰქვია ასე, რომ ოდესღაც იქ ჩართული ადამიანები ოცნებობდნენ საქართველოში დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და კონსტიტუციურ სისტემაზე. მაგრამ შესაძლოა ეს სახელი უბრალოდ ევფემიზმია ხალხის მისაძინებლად. რა თქმა უნდა, ძნელია ასეთი გეოპოლიტიკური ვითარების მქონე პატარა ქვეყნისთვის – გიგანტური რუსეთის და თურქეთის, ავტოკრატიის გზაზე შემდგარი კიდევ ერთი მეზობლის გვერდით – იმ რეფორმების გატარება, რამაც შეიძლება გიგანტი აღაშფოთოს.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, პატარა საქართველომ იგივე განიცადა, რასაც გაცილებით დიდი უკრაინა განიცდიდა და კიდევ უფრო ბრუტალურად განიცდის: დესტაბილიზაცია სამხედრო ინტერვენციით, ომიც კი. უკრაინა ამჟამად იძულებულია იარაღით დაიცვას ევროპული იდეა, ევროპული ღირებულებები და მას სჭირდება ჩვენი კიდევ უფრო ნათელი მხარდაჭერა!

გამამხნევებელია იმის დანახვა, რომ ადამიანები საქართველოში ასეთ ვითარებაშიც კი, არ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას მიიძინონ, მმართველი პარტიის ქცევის მიუხედავად. ისინი კრეატიული ქმედებებით, გაბედულად გამოდიან ქუჩაში მათი ნამდვილი ოცნებისთვის: ოცნებისთვის, რომ ერთიანი, თავისუფალი და კონსტიტუციური ევროპის ნაწილი გახდნენ.

ფოტო: სოფო თოლორდავა

მეც მაქვს ოცნება. ჩემი ძველი ოცნებაა სამოქალაქო უფლებების მოძრაობა, რომელშიც ყველას აქვს ხმა. მე მჯერა, რომ ეს ოცნება არ იყო მხოლოდ დასავლური ოცნება. მე ვოცნებობ ერთიან ევროპაზე, რომელიც მოიშუშებს თავის ძველ ტრავმებს – მათ შორის აღმოსავლეთად და დასავლეთად გაყოფის ტრავმას. ევროპის შესახებ, რომელსაც ასევე შეუძლია შეხედოს საკუთარი ისტორიის ბნელ მხარეებს.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალი“, რომელმაც სწორედ ეს გააკეთა რუსეთის ისტორიისთვის, იყო უკანასკნელი ორგანიზაცია, რომელიც აკრძალეს უკრაინაზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე.

ევროპის ბნელი მხარეები ასევე მოიცავს საკუთარ კოლონიალურ ისტორიას. წარსულზე მუშაობა კი საყრდენია პუტინის მზაკვრული სტრატეგიის  წინააღმდეგ – გლობალური სამხრეთის სათავეში მოექცეს, ანტიდასავლური უკმაყოფილება რომ გააღრმაოს და ეს საკუთარი იმპერიალიზმის გასაძლიერებლად გამოიყენოს მეზობლების წინააღმდეგ უკრაინაში, ბელორუსსა და საქართველოში.

როცა საქართველოში მამაცი ხალხი ქუჩაში გამოდის ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, მაშინ ისინი იბრძვიან მრავალფეროვანი, სამართლიანი, ჭეშმარიტად დემოკრატიული და მშვიდობიანი ევროპის ოცნებისთვის.

იმედი მაქვს და ვისურვებ, რომ საქართველოში საპროტესტო აქციებს ძალადობით არ ჩაახშობენ და დემოკრატიული მეთოდებით წარიმართება. ჩვენ დიდი ხანია ვდგავართ და კიდევ უფრო დიდხანს ვიდგებით საქართველოს მამაც ხალხის გვერდით.

ჩვენ ასევე ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს ბელარუსიც თავისუფალი იქნება.

ამ ქვეყნების მამაცი ხალხი იბრძვის ჩვენი საერთო მომავლისთვის: მრავალფეროვანი, დემოკრატიული და კონსტიტუციურად ერთიანი ევროპის მომავლისთვის.

გაუმარჯოს უკრაინას, გაუმარჯოს თავისუფალ ბელორუსსა და თავისუფალ საქართველოს.

ჩვენ ერთად ვართ ევროპა!

___

აქცია „არა რუსულ კანონს“ ქალაქ ჰამბურგში გაიმართა We Are Europa და ProFuture Lab Georgia-ს ორგანიზებით.

მთავარი ფოტო: ნათია შენგელიძე

 

ქობულეთელი კაცი, რომელიც სტალინის ბრძანებით დახვრიტეს

1937 წლის 21 ოქტომბერს იოსებ სტალინმა მორიგ 330-კაციან სიას მოაწერა ხელი და ამ სიაში მყოფ ადამიანებს დახვრეტის განაჩენი გამოუტანა.

1937 წელს სტალინურ სიაში მოხვედრა ნიშნავდა, რომ დაგაპატიმრებდნენ, შინსახკომის მიერ წინასწარ შერჩეული სამი კაცი ე.წ. სასამართლოს მოგიწყობდა და დახვრეტას მოგისჯიდა ისე, რომ არც კი ეცდებოდა ბრალი დაედასტურებინა. რეპრესიების განმავლობაში სტალინმა ბევრ ასეთ სიას მოაწერა ხელი, ბევრი ოჯახი გაანადგურა და ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

21 ოქტომბრის სიაში იყო ოსმან მოწყობილი, 38 წლის კაცი, რომელიც საქართველოში საბჭოთა კავშირის დამყარების შემდეგ, ერთგულად ემსახურებოდა სისტემას. იოსებ სტალინი არავის ინდობდა.

  • ოსმან მოწყობილის დახვრეტის და მისი ოჯახის განადგურების ისტორია

ოსმან მოწყობილი 1899 წელს დაიბადა ქობულეთის მაზრაში. მამა, ხულუსი მოწყობილი ქობულეთში შეძლებულ კაცად ითვლებოდა. ჰქონდა დიდი სახლი, ასევე ფლობდა მიწებს ბობოყვათსა და ჯიხანჯურში.

მას შემდეგ, რაც 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა, საქართველოში შეიქმნა რევოლუციური კომიტეტები ე.წ. რევკომები.

ახალგაზრდა ოსმან მოწყობილი ცენტრალური სტატისტიკური ბიუროს პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნა.

1921 წლის 16 ივლისს საქართველოს რევკომის დეკრეტით აჭარა გამოაცხადეს ავტონომიური რესპუბლიკად საქართველოს შემადგენლობაში.

ამავე პერიოდში აჭარაში შეიქმნა სახალხო კომისართა საბჭო, გაუქმდა მეჯლისი და მის ნაცვლად დაარსდა წითელი მეჯლისი.

დოკუმენტებით დგინდება, რომ ოსმან მოწყობილი 1921 წლის დეკემბერში წითელი მეჯლისის მდივნის პოზიციას იკავებდა.

1922 წლის იანვარში აჭარის წითელი მეჯლისი გარდაქმნა აჭარის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტად ე.წ. ცაკ-ად, რომლის თავმჯდომარეც ოსმან მოწყობილი გახდა. ამ თანამდებობაზე ის 1925 წლამდე დარჩა. 1925 წელს გადაიყვანეს აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისრად, მოგვიანებით იყო აჭარის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიის თავმჯდომარე. 1931 წელს თბილისში წავიდა და ეკონომიკის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. 1936 წელს სწავლა დაამთავრა და ბათუმში დაბრუნდა, სადაც აჭარის ვაჭრობის სახალხო კომისრად დანიშნეს.

ოსმან მოწყობილი მოსკოვში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც პოლიტბიუროს წევრებიც ესწრებოდნენ. ფოტო: მოწყობილების საოჯახო ფოტოალბომიდან

ოსმან მოწყობილის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ჩანს, რომ ის იყო კაცი, რომელიც პატიოსნად ემსახურებოდა საბჭოთა სისტემას. წესით რეჟიმს მის ერთგულებაში ეჭვი არ უნდა შეჰპაროდა, თუმცა სტალინი ასე არ ფიქრობდა.

1937 წელს, როცა სტალინმა მასობრივი სისხლიანი რეპრესიები დაიწყო, ოსმან მოწყობილი დააპატიმრეს და დახვრიტეს.

ოსმან მოწყობილის დახვრეტას ხელი თავად იოსებ სტალინმა მოაწერა.

სტალინის ხელმოწერილი 330-კაციანი სია, რომელშიც ოსმან მოწყობილი 204-ე ნომრადაა შეყვანილი. წარწერა ფოტოზე: საქართველოს სსრ – სსრ კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ განსახილველ პირთა სია, 21 ოქტომბერი, 1937 წელი, ხელს აწერს სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი

სტალინის მიერ ხელმოწერილი დასახვრეტთა სია, რომელშიც ოსმან მოწყობილის სახელი მოხვდა საქართველოს 329 მოქალაქესთან ერთად, 1937 წლის 21 ოქტომბრით თარიღდება. ოფიციალურ ბრალში, რომელსაც მოწყობილის დახვრეტის ბრძანება შეიცავს, წერია, რომ „ოსმან მოწყობილს ბრალი ედებოდა მოწამლული სიმინდის თესლის გაყიდვაში, რომელიც არ გაღვივდა“.

საქართველოს სსრ – პირველი კატეგორიის საქმეთა სია. 1924 წელს აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. 1937 წელს მოწყობილი იყო ვაჭრობის მინისტრი. მას ბრალი ედებოდა მოწამლული სიმინდის თესლის გაყიდვაში. მოწყობილი დააკავეს და დახვრიტეს. დაბადებული 1898 წელს, ქობულეთი, აჭარა. დაკავებამდე ეკავა აჭარის ვაჭრობის სახალხო კომისრის თანამდებობა. გაასამართლა სამეულმა 1937 წლის 10 ნოემბერს.

მას შემდეგ, რაც ოსმან მოწყობილი დააპატიმრეს და დახვრიტეს, სტალინური რეპრესიები შეეხო მთელს მის ოჯახს. დააპატიმრეს ოსმანის ძმა ახმედ მოწყობილი. ოსმანის მსგავსად ისიც დახვრიტეს. ასევე დააპატიმრეს ოსმანის უფროსი ძმა მურად მოწყობილი. არქივებში მურადის შესახებ ინფორმაცია ხელმიუწვდომელია – უცნობია დახვრიტეს თუ გადაასახლეს. დაპატიმრების შემდეგ ოჯახს მის შესახებ არაფერი სმენია, მურად მოწყობილი უგზო-უკვლოდ გაქრა.

დააპატიმრეს და დახვრიტეს ოსმანის სიმამრი ედგარ ჟუბერი. ოსმანის სიდედრი, ზოია ბოიკოვა კი გადაასახლეს. ასევე შუა აზიაში გადაასახლეს ოსმან მოწყობილის მეუღლე ვალენტინა კონოკოტინა. ზოია ბოიკოვამ გადასახლებაში ათი წელი გაატარა. ვალენტინა კონოკოტინა კი 1942 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან. ოსმან მოწყობილს ორი შვილი დარჩა – ნელი და ედნანი. დედ-მამის გარეშე დარჩენილი ბავშვები ოსმან მოწყობილის დედინაცვალმა, აიშემ შეიფარა.

დახვრეტის შემდეგ ოჯახმა ოსმან მოწყობილის რეაბილიტაციის ცნობა მიიღო, რითაც მისი უდანაშაულობა დადასტურდა.

ამავე თემაზე: 4 დახვრეტილი და 2 გადასახლებული – ერთი ოჯახის სტალინური რეპრესიების ისტორია

  • მოკლედ სტალინური სიის შესახებ

ცნობილი მითია, თითქოს სტალინმა არ იცოდა უდანაშაულო ხალხის დახვრეტის შესახებ. თუმცა საარქივო დოკუმენტები საპირისპიროს ამტკიცებს. სტალინმა არათუ იცოდა, არამედ ხშირად თავად ადგენდა დასახვრეტთა სიებს და საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდა.

სტალინის მიერ ხელმოწერილი სიების შესახებ, რომლითაც უდანაშაულო ადამიანები სიკვდილით დასაჯეს, პირველად 1956 წელს გახდა ცნობილი ნიკიტა ხრუშოვის მოხსენებიდან, რომელიც მან კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე წაიკითხა. თუმცა ეს სიები ამ მოხსენებიდან კიდევ 50 წელი არ იყო ხელმისაწვდომი მკვლევრებისთვის.

1937 წლის 30 ივლისს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა გამოსცა  ბრძანება №00447. ამ ბრძანების საფუძველზე დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში. შეიქმნა ე.წ. განსაკუთრებული სამეულები (ტროიკა), რომელიც იყო არასასამართლო, არაკონსტიტუციური ორგანო. სამეულებმა ათიათასობით ადამიანს სასამართლოს გარეშე გამოუტანეს დახვრეტის განაჩენი. სწორედ ამ სამეულებისთვის ადგენდა სიას იოსებ სტალინი.

„ენკავედეს“, ანუ შინსახკომის განსაკუთრებულ სამეული იყო სპეციალური ორგანო, რომელიც შექმნა სტალინმა დიდი ტერორის რეპრესიების გატარებისთვის. ეს იყო ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება, რადგან ისეთი არადემოკრატიული კონსტიტუციაც კი, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია, არ ითვალისწინებდა სამეულის არსებობას.

სტალინმა მოსკოვში გამოიძახა ლავრენტი ბერია და დაავალა შეედგინა ყველა იმ ძველი კომუნისტის სია, რომელთაც 1921-31 წლებში რაიმე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი პოზიცია ეკავათ ამიერკავკასიის ფედერაციაში. ამ სიაში შევიდა ცეკას პირველი მდივნები, მათი მოადგილეები, სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი ადამიანები, მათ შორის ქარხნის დირექტორები, სამმართველოს უფროსები და ა.შ.

1937 ოქტომბერში, ლავრენტი ბერიამ მიიღო სტალინისგან თანხმობა იმაზე, რომ ძველ ბოლშევიკთა საქმეები, რომლებიც შედიოდნენ ე.წ. სტალინურ სიებში, წაეყვანა სწორედ სამეულს.

სტალინმა მოინდომა საქართველოს სახელმწიფო და პარტიული აპარატის გაწმენდა 20-იანი წლების ძველი მუშაკებისგან. სტალინმა ამ გზით გაანადგურა ყველა, ვინც მანამდე სისტემას ერთგულად ემსახურებოდა.

ამავე თემაზე:

დასახვრეტთა სიები სტალინის მითითებით დგებოდა – როგორ შექმნა დიქტატორმა რეპრესიული სისტემა

 

საბჭოთა გადმონაშთისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი მენტალობა და მეხსიერებაც – პრეზიდენტის მიმართვა ხალხისადმი 26 მაისს

“დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს, ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, სხვისი დოგმებითა და ბორკილებით; სწორედ ამიტომ მტკიცედ მწამს – საქართველოს ვერავინ და ვერასოდეს დააბრუნებს წარსულში. მჯერა და მინდა, თქვენც დაგარწმუნოთ, რომ არც ჩიხში ვართ შესულნი, არც ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ და არც უიმედობასა და ნიჰილიზმს აქვს ადგილი ჩვენში. ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და გამოსავალიც ჩვენვე უნდა მოვნახოთ,”- ამ სიტყვებით მიმართა 26 მაისი საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა.  პრეზიდენტის სიტყვას „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ:

„მოგმართავთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო, თქვენი უმაღლესი მთავარსარდალი, ვინც იცავთ საქართველოს და მის დამოუკიდებლობას! მოგმართავთ თქვენ, ვინც დღეს დებთ ფიცს და მზად ხართ ემსახუროთ საქართველოს! გამარჯვებული და დაუმარცხებელია ერი, რომელიც ამდენი საუკუნის შემდეგ, ამდენი ომისა და დაპყრობის მცდელობის შემდეგ, დღეს დგას თავისუფალი, ამაყი და უდრეკი!

ეს თქვენი დამსახურება და ჩვენი საერთო მონაპოვარია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვუღალატებთ იმ ადამიანებს, იმ გმირებსა თუ უცნობ ჯარისკაცებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს და მის დამოუკიდებლობას. ჩვენი მუდმივი პასუხისმგებლობაა, რომ მათ მიერ მოპოვებულ და გადმოცემულ საგანძურს, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს გავუფრთხილდეთ და არავის დავუთმოთ!

მივმართავ სრულიად საქართველოს, მოგმართავთ თქვენ და ვიცი რამდენად გტკივათ ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა. ვიცი დღეს რა განცდებითაც მისმენთ, მაშინ როცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ გესახებათ. ნუ მიეცემით უიმედობას, ეს ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა აქამდე თქვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოყვანილია, შენარჩუნებულია და დღეს ჩვენვე უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ!

არაა შემთხვევითი, რომ საქართველოსათვის გადამწყვეტ დროს ქვეყნის პრეზიდენტი იმ ემიგრაციის შვილია, რომელიც იბრძოდა და ამზადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, იმ დამოუკიდებლობას, რომელიც 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. შეიძლება ისიც არ იყოს შემთხვევითი, რომ დღეს ქვეყნის პრეზიდენტი ის ადამიანია, რომელმაც მშვიდობიანად გაიყვანა შემოსული რუსის ჯარები. ჩემი წინაპრებისადა ქვეყნის წინაშე ჩემს ვალდებულებად მივიჩნევ, ყველაფერი გავაკეთო ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ევროპული მომავლისთვის. საქართველოში ჩამოსვლამდე ეს პირობა მივეცი ჩემს თავს და ჩამოსვლის პირველივე დღიდან, სწორედ ეს მიზანი მამოძრავებს. ეს პირობა მოგეცით თქვენ, როდესაც კონსტიტუციაზე დავდე ფიცი. მინდა იცოდეთ, რომ არც ჩემს თავს, არც ჩემს ფიცს და არც ჩემს ხალხს არ ვუღალატებ!

თქვენი ხმა მესმის და ვიცი, რა განცდებითადა რა ემოციებით ხართ. ვიცი, რომ თქვენს გულში შემოპარულია რაღაც გაურკვევლობა, დაბნეულობა, გაურკვევლობა და შიშიც კი. ვიცი, რამდენად აუტანელია ის ფიქრი, რომ რისთვისაც აქამდე, ყველა ერთად ვიბრძოდით, დღეს ვითომცდა ხელიდან გვეცლება, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს!

არ დავუშვებთ! ჩვენ აქ ვართ ადამიანები, ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებულები, ვისაც გვახსოვს საქართველო დამოუკიდებლობამდე და ვისაც სწამდა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის წმინდა მიზანსმივაღწევდით და აქ ხართ ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში დაიბადეთ და ვერც წარმოგიდგენიათ სხვანაირი საქართველო. ვერ წარმოგიდგენიათ სწორედ იმიტომ, რომ ხართ თავისუფალნი, დამოუკიდებელნი და ვერასდროს შეეგუებით მონობას.
დღეს თქვენით და ახალი თაობის შემართებით იბადება ახალი საქართველო და წარმოიქმნება ახალი ენერგია. საქართველომ კიდევ ერთხელ, ისევე, როგორც მრავალჯერ საკუთარ ისტორიაში, გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე – შიშის გარეშე, შურის გარეშე და სიძულვილის გარეშე; ქვეყნის ახალი ენერგია მოდის ახალი სიტყვით, ახალი აღქმით, გამბედაობით, სიყვარულით, ერთობით, ღირსებით და მას ვერაფერი გააჩერებს!

დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს, ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, სხვისი დოგმებითა და ბორკილებით; სწორედ ამიტომ მტკიცედ მწამს – საქართველოს ვერავინ და ვერასოდეს დააბრუნებს წარსულში. მჯერა და მინდა, თქვენც დაგარწმუნოთ, რომ არც ჩიხში ვართ შესულნი, არც ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ და არც უიმედობასა და ნიჰილიზმს აქვს ადგილი ჩვენში. ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და გამოსავალიც ჩვენვე უნდა მოვნახოთ.

მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მისი დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და საგარეო კურსის გარანტი, ვხედავ ჩემს პასუხისმგებლობას ამ გამოსავლის პოვნაში. გამოსავალი არსებობს და ჩვენს თვალწინ ნათლად ჩანს, და რა არის ეს გამოსავალი:

პირველ რიგში, ჩვენი ევროპული გზის გადარჩენა ამ გამოსავლის ქვაკუთხედია. დღეს, როდესაც რუსეთის აჩრდილი თავს გვადგას, ევროპასთან და ამერიკასთან პარტნიორობა და დაახლოება ჩვენი დამოუკიდებლობის, მშვიდობის შენარჩუნების, გაძლიერების ჭეშმარიტი გზაა. ის, ვინც ამ გზას საბოტაჟს უწყობს და აზიანებს, ის ფეხქვეშ თელავს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალს, თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს სრულყოფილ წევრად ქცევის გზას. ევროპული კავშირი არის თავისუფლების სივრცე, სადაც არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა მისი და მისი ხალხის ნების გარეშე, ეს არის გზა ღიაობის, სამართლიანობისა და განვითარების. ეს არის ადგილი, სადაც დაცულია თუნდაც ყველაზე პატარა ერი, მისი ენა, სარწმუნოება, იდენტობა და ტრადიცია.

ეს არის კავშირი, სადაც დაცულია ადამიანი, ოჯახი, მისი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, სოციალური მდგომარეობა, მისი პირადი ცხოვრება, მისი ღირსეული სიბერე, სადაც დაცულია ადამიანის ყველა უფლება.
ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისთვის, არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ, მიდი დაარსებიდან. სამაგიეროდ, რეალური ომის პარტია ერთია და მხოლოდ ერთი, რომელსაც დღეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ვხედავთ – რუსული იმპერიალიზმი. ევროკავშირი კი, გვევლინება, როგორც თავისუფალი ერების გაერთიანება, რომლის წიაღში ჩვენს ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, მშვიდ და დაცულ გარემოში შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საკუთარი თავის განვითარება.

ჩვენ 33 წლის წინ შევუდექით ამ გზას და ამ გზაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას. მხარს გვიჭერდნენ მორალურად, პოლიტიკურად, ფინანსურად და ინსტიტუციურად.

დღეს მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს ვიღაცეები დავარწმუნო იმ ფაქტში, ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი; ხომ ვიცით ვინ წაგვართვა ტერიტორიები, ვინ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობადა ვინ იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და არაღიარების პოლიტიკას; ხომ ვიცით ვინ აკრძალა ქართული ენის სწავლა და ვინ აღიარა და დაიცვა ქართული ანბანი; ხომ ვიცით ვინ დაგვინგრია და ვინ აგვიშენა სკოლები; ხომ ვიცით ვინ გვიჭედავს ეკლესიის კარს და ვინ გვეხმარება ჩვენი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და გადარჩენაში; ხომ ვიცით ვინ დაგვიწუნა და გამოდევნა ქართული ღვინო და ვინ დააფასა და აღიარა საქართველო ღვინის სამშობლოდ; ხომ ვიცით ვისი დახმარებით გახდა ჩვენი ჯარი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი; ვისი დახმარებით გაძლიერდა სოფლის მეურნეობა და კიდევ, ვინ მოთვლის და რა დათვლის, რა დაგვიშავა მტერმა და რა გაგვიკეთა მეგობარმა.

ამიტომ არის, რომ ჩვენს კონსტიტუციაში ასახული საგარეო კურსი ჩვენი უალტერნატივო მომავალია.

გამოსავლის გზის მეორე ქვაკუთხედია სტაბილურობა. ამ რეგიონში და ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენთვის მშვიდობიანი პროცესების გარდა, გამოსავალი არაა. არ არის და ვერ იქნება გამოსავალი რევოლუციების, სახელმწიფო გადატრიალების, დესტრუქციის, ანუ დესტაბილიზაციის გზა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გარეთ ეს ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მტერს და შიგნით – ხელს უწყობს მშვიდობიანი პროცესის დივერსიად წარმოჩენას, დაშინებას, რეპრესიებს და საბოლოოდ, ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებას. სტაბილურობის შენარჩუნების გზა კი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე გადის. არჩევნები დემოკრატიულობის ერთადერთი გზა და ერთადერთი საზომია, არჩევნები დემოკრატიულობის მთავარი ტესტი, რითაც ასევე უნდა შეფასდეს ჩვენი მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამ არჩევნებით ჩვენ მთავარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ან ევროპული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო, ან რუსული ყაიდის, ავტორიტარული და იზოლაციაში მყოფი საქართველო! ასეთ არჩევანს კი სახალხო რეფერენდუმი ჰქვია. სწორედ ამიტომ, მომავალი არჩევნები ამ ქვეყნისთვის იმავე მნიშვნელობის იქნება, როგორიც 1918 წლის არჩევნები, ან 1991 წლის რეფერენდუმი იყო – ანუ ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება! ხალხის ხმამ და ხალხის ნებამ ქართველი ერი ხელახლა უნდა დაბადოს და მას საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა დაუბრუნოს.

ჩვენ ჩვენს თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია ყველაფერი და რომ ჩვენს მომავალს ვერავინ წაგვართმევს! ამ არჩევნებით უნდა ვუპასუხოთ ახალგაზრდების, და არა მხოლოდ მათ მოლოდინს და გავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობების ველი. ისინი ქვეყნიდან წასვლაზე კი არ უნდა ფიქრობდნენ, არამედ იმაზე, რომ ეს მიწა მათია და მათ უნდა დაწერონ ქვეყნის მომავლის ფურცელი.
გამოსავლის გზა გადის ასევე იმაზე, რასაც 33 წლის განმავლობაში ბოლომდე ვერ მივაღწიეთ, ანუ ქვეყნის „განსაბჭოებას“ -ანუ საბჭოთა სისტემის გადმონაშთების ამოძირკვას. უნდა ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც იმ შავბნელ წარსულს ახასიათებდა – იზოლაცია, ომი, არარსებული მტრის ხატი, კონსპირაციები და მათი თეორიები, დაპირისპირება, რეპრესიები, ცენზურა, მოსმენა, დასმენა, ფარული ჩანაწერები, კომპრომატების კორიანტელი, მონობა, ორგულობა, ტყუილი, გაუცხოება, შიში და კონფორმიზმი.

წარსული წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ჩვენი დღევანდელი ამოცანა სწორედ ესაა, რომ გზა გავუხსნათ გათავისუფლებულ მომავალს. ჩვენ დღეს რისი მომსწრენი და მონაწილენიც ვართ სწორედაც, რომ ძველი ეპოქის დასასრული და ახალი ეპოქის დასაწყისია!

წარსულიდან უნდა განვთავისუფლდეთ და გავთავისუფლდეთ ოკუპაციისგან. დეოკუპაციის ერთადერთი მშვიდობიანი და რეალური გზა, აქაც ევროპის გზაა, რომელიც არცერთ ფარულ გარიგებასა და არცერთ ტყუილ დაპირებაზე არ გადის. სამაგიეროდ, ჩვენ რეალურად შეგვიძლია დავპირდეთ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის საზოგადოებას ერთობლივი განვითარების პერსპექტივა, ადამიანის უფლებების რეალური დაცვა და ნამდვილი მშვიდობა სამხედრო ბაზებისა და მობილიზაციის გარეშე.

გათავისუფლდეს უნდა სასამართლო სისტემა – სამართლიანობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩვენი ყველა მოქალაქის მოთხოვნაა. ყველამ ვიცით, რომ სასამართლოს წნეხისა და გავლენებისგან გათავისუფლების გარეშე, ეს ვერ მიიღწევა. ყველამ იცის, რომ სასამართლო ევროპული სახელმწიფოს და მისი სტაბილურობის ძირითადი ქვაკუთხედია.

ევროპული გზა ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის გათავისუფლებაა, კანონმდებლობა და სასამართლო კი, ამ გათავისუფლების იარაღი. თუ არ არსებობს სამართლებრივი სივრცის ნდობა, მაშინ ვერც სტაბილურობა იქნება და ვერც გრძელვადიანი ინიციატივა, თუ ინვესტიცია. სამაგიეროდ, ევროპული კანონმდებლობა იცავს ბიზნესს ყოველგვარი არაკანონიერი, თუ პოლიტიკური ჩარევისგან, აჯანსაღებს მთლიანად ბიზნესგარემოს და იძლევა ახალი პოტენციალის გამოჩენისა და ზრდის შესაძლებლობას. მარტივად რომ ვთქვათ, არავინ დაგიბარებთ თქვენი წილების ვინმესთვის დასათმობად, ან სხვა ხარკის გადასახდელად. გათავისუფლებულ ქართულ ბიზნეს რეალური პოტენციალი გააჩნია ევროპული ბაზრის ასათვისებლად.

სოციალური გარანტიებით უნდათ მოქალქეებს გათავისუფლება – ევროპულ სოციალურ კანონმდებლობასთან დაახლოება საქართველოს მოქალაქისთვის ნიშნავს იმას, რომ მისი პირადი, ოჯახური, სამსახურებრივი და საზოგადოებრივი სივრცე იქნება დაცული, რაც ადამიანის ღირსების დაცვის უპირველესი ნიშანია.

გათავისუფლება უნდა ეხებოდეს საჯარო სამსახურს – თავისუფალი საჯარო სამსახური ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად ემსახურება სახელმწიფოს და არა პირად ინტერესებს, გავლენებსა და პარტიულ დიქტატს. სწორედ ესაა ის, რაც ევროპას უდევს საფუძვლად. მთავრობები, მმართველი პარტიები მიდიან და მოდიან, არავინ ერევა ცალკეული საჯარო მოხელეების საქმიანობაში, არავინ ავალებს, ან უკრძალავს მათ სადმე მისვლას, ან არ მისვლას, რამის თქმას და ა.შ; იცვლება პოლიტიკური სპექტრი, საჯარო მოხელე რჩება და მის ხელშია პოლიტიკის თანმიმდევრულობა, სტაბილურობა და სახელმწიფო, თუ ადმინისტრაციული მეხსიერება. შიშისგან და რევანშიზმისგან გათავისუფლებული საჯარო მოხელე ქვეყნის მომავლის საუკეთესო საყრდენია.

გათავისუფლებული კულტურა არის ასევე ერთ ერთი ნიშანია თავისუფლებისა, რამეთუ თუ არ არის თავისუფლება, არც კულტურა არ არის. ჩვენი კრეატიული შემოქმედებითი ენერგია, რომელიც ყოველთვის ახასიათებდა საქართველოს. თავისუფალი საქართველო დღესაც იპყრობს მსოფლიო სცენას, გალერეებს, ლიტერატურულ სამყაროს. მაგრამ ამ მიმართულებით მას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და მეტი თავისუფლება არა ცენზურა და შევიწროება. ეს არის ის დარგი, რომელშიც საქართველოს ნამდვილად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას და ღირსეულად დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი.

არავინ აღარ და აღარასოდეს არ უნდა ჩართოს თავისუფალი სპორტსმენი პოლიტიკის მორევში. ტოტალიტარული რეჟიმის მახასიათებელია მიითვისოს სპორტსმენების გამარჯვებები, მიისაკუთროს მათი მედლები და წარმატებები და ეს ყველაფერი ვითომცდა მმართველი გუნდის დამსახურება იყოს. ეს მათი გამარჯვება კი არა – სპორტსმენებისა და მათთან ერთად, მთლიანად ქვეყნის გამარჯვებაა, ამიტომ ვიზიარებთ ყველა სიხარულსა და სიამაყეს, როცა ისინი საქართველოს დროშასა და ჰიმნს წარადგენენ მთელი მსოფლიოს წინაშე.

ეს არის გზა გათავისუფლების, რომელიც უთუოდ გასავლელია. და ამ გზას ვერ გავივლით თუ არ შეეხება პოლიტიკურ სივრცეს: საბჭოთა გადმონაშთი სხვა რაა თუ არა ერთპარტიულობა, ერთი პარტიის მიერ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტისა და საჯარო სტრუქტურის მონოპოლია. საბჭოთა გადმონაშთია ბელადის და პარტიის ინტერესებზე სახელმწიფო ინტერესების დაქვემდებარება.

საბჭოთა გადმონაშთისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი მენტალობა და მეხსიერებაც; სწორედ ამ გათავისუფლებულ მეხსიერებაზე უნდა დაშენდეს ჩვენი მომავალი, რათა აღარასდროს დავუშვათ საბჭოთა წარსულის განმეორება. ამ ყველაფრის მთავარი დამცველი კი, თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი აზროვნებაა – წნეხისგან, შიშისგან თავისუფალი – დამოუკიდებელი ადამიანი დამოუკიდებელ ქვეყანაში.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს!“.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 501 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110]
  • ტანკი – 7 662 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 14 803 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 12 953 ერთეული [+24]
  • MLRS – 1 083 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 814 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 357 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 425 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 209 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 17 639 ერთეული [+31]
  • სპეცტექნიკა – 2 111 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 603 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 656 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 524 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 166 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 314 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 860 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 007 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

როიტერსი: პუტინს უკრაინაში ომის გაყინვა არსებული ფრონტის ხაზებში სურს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში ინვესტიციის გაკეთების საუკეთესო შესაძლებლობა

ზღვისპირა ქალაქი ბათუმი უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტურისტებში, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებამ და სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიების გამართვამ განაპირობა. ეს არის კურორტი, სადაც დამსვენებლებს ყველანაირი კომფორტი და მრავალფეროვანი გართობა ელოდებათ. ინფრასტრუქტურის სრულყოფილად განვითარებამ განაპირობა ისიც, რომ ბათუმი ძალიან პრესტიჟული გახდა საცხოვრებლად, უამრავი ადამიანი გადადის თბილისიდან და უცხოელებიც ხშირად ირჩევენ, როგორც ცხოვრებისთვის, ისე ინვესტირებისთვის. ჩვენ მოგიყვებით ევროპული სტანდარტის, მრავალფუნქციური აპარტოტელის შესახებ, რომელსაც ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი ბათუმში Ramada Encore by Wyndham-თან პარტნიორობით აშენებს.

არქის მულტიფუნქციური აპარტოტელი

მულტიფუნქციური, ევროპული სტანდარტის აპარტოტელი არქი რამადა ბათუმი პრესტიჟულ ზღვისპირა კურორტზე, საუკეთესო ადგილას, ახალ ბულვართან, ზღვიდან 150 მეტრში, ინასარიძის ქუჩაზე შენდება. აპარტოტელში აპარტამენტები ბარდება სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. ბინის მეპატრონეებსა თუ დამსვენებლებს ზღვის ულამაზესი ხედები და სრულყოფილი ინფრასტრუქტურა დახვდებათ: ლობი და კონსიერჟის მომსახურება, მრავალფეროვანი რესტორანი, ლაუნჯი და ბარი, საკონფერენციო ოთახები, საბავშო სივრცე, სამორინე, აუზი, ფიტნეს დარბაზი და სპა ზონა, ავტოსადგომი. რამადა ენკორთან პარტნიორობით არქი აშენებს ისეთ აპარტოტელს, რომელიც დასვენების საუკეთესო გამოცდილებას შექმნის და თითოეულ სტუმარს სრული კომფორტით უზრუნველყოფს.

არქი რამადა ბათუმი, როგორც საუკეთესო ინვესტიცია

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ბათუმი ძალიან პრესტიჟული ქალაქი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამსვენებლები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან და სჭირდებათ ბინები ბათუმში. არქი რამადა ბათუმში ინვესტირების საუკეთესო გზაა, რადგან განსაკუთრებულ ნდობას დაიმსახურებს უცხოურ ვიზიტორებში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები დასასვენებლად სწორედ არქის აპარტოტელს აირჩევენ, ამის გარანტი  არქისა და Ramada Encore-ის პარტნიორობაა, რომელიც მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ქსელ ვინდჰემის ბრენდია. რამადა მსოფლიო მასშტაბით 900-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს და მისი სახელი მაღალ ხარისხთან, ბევრ წარმატებულ პროექტთან ასოცირდება. ამასთან ერთად, არქი თავად უზრუნველყოფს დამქირავებლის მოძიებას და აპარტამენტის გაქირავებას, რაც ნიშნავს, რომ აპარტამენტის მეპატრონეებს არ დასჭირდებათ გაქირავებასთან დაკავშირებული დეტალების მოგვარება და დამატებით შემოსავალს დროის დახარჯვის გარეშე, კომფორტულად მიიღებენ.

მშენებლობის ხარისხი

არქი რამადა ბათუმის მშენებლობაში უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა მასალები გამოიყენება. ერთ-ერთი გამორჩეულია გერმანული ბრენდ Ytong-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც შენობაში ტემპერატურას ყველა სეზონზე ინარჩუნებს და 40%-ით ზოგავს ენერგიას. იტონგის ბლოკს ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ხანძარგამძლეობაა, იგი ინტენსიური ცეცხლის ზემოქმედებას 4 საათის განმავლობაში უძლებს. მშენებლობაში ასევე გამოიყენება ჰაიდელბერგცემენტის ბეტონი, რომლის ხარისხიც მუდმივად მოწმდება ლაბორატორიულად, რათა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. აღსანიშნავია გერმანული ხარისხის კაპაროლის საღებავებიც, რომელიც არქის მშენებლობებში აქტიურად გამოიყენება და გამოირჩევა, როგორც ხარისხით, ისე გამძლეობით.

არქი რამადა ბათუმში აპარტამენტის შეძენის პირობები

არქისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბათუმში აპარტამენტის შეძენა დასასვენებლად თუ ინვესტიციისთვის ყველასთვის შესაძლებელი გახადოს. ბათუმში აპარტამენტის შეძენის მსურველებს არქისგან  გადახდის საუკეთესო პირობები ელოდებათ: არანაირი პირველადი შენატანი, 12 წლამდე განვადება, მომხმარებელზე მორგებული გადახდის გრაფიკი. არქის პერსონალური მრჩევლები თითოეულ დაინტერესებულ ადამიანს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან და აპარტამენტის შეძენაში დაეხმარებიან. ხოლო მათთვის, ვისაც აპარტამენტის შეძენა ერთიანი გადახდით სურთ ლიდერ დეველოპერულ კომპანიას სპეციალური ფასდაკლებები აქვს.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ არქის:  2 602 602 ან *6262, ხოლო ვაიბერით/ვოთსაფით: +995 577 69 92 22

რუსეთმა ომში ამ დრომდე ნახევარი მილიონი სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 500 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
  • ტანკი – 7 650 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 14 786 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 12 929 ერთეული [+27]
  • MLRS – 1 082 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 814 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 356 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 414 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 209 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 17 608 ერთეული [+39]
  • სპეცტექნიკა – 2 104 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 603 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 615 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 524 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 156 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 313 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 832 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 987 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

როიტერსი: პუტინს უკრაინაში ომის გაყინვა არსებული ფრონტის ხაზებში სურს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ეს არის სიკვდილის წინა გაფართხალება და კატასტროფა“ – უფლებადმცველი ლია მუხაშავრია

„ბუნებაში არის რაღაც, რასაც ვერ შეძლებ, რომ მოერიო, მაგალითად, გრავიტაციას. დაახლოებით ასეთი ძალა ამოქმედდა საქართველოში. ამ ძალას ვერც ივანიშვილის ხელისუფლება და ვერც რუსეთი ვერ მოერევა,“ – ოპტიმისტური განწყობით დაგვხვდა უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ლანჩხუთის სოფელ შუხუთში, სადაც ის უკვე ბოლო 7 წელია ცხოვრობს და განაგრძობს ადამიანის უფლებების დაცვას ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში.

„ჩემი სოფლის, შუხუთის სახელი ცნობილია სტრასბურგში იმიტომ, რომ აქ ვიღებ კორესპონდენციებს,“ – მწვანე ეზოს მივუყვებით და ქალბატონ ლიას ვეკითხებით: რა აფიქრებინებს, რომ რუსეთი ამჯერადაც ვერ მოერევა საქართველოს? ხეების ჩრდილში ვჩერდებით და ცნობილი უფლებადამცველის პოზიციას ვისმენთ რუსულ კანონზე.

„ადრე იურისტები ვამბობდით, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი, ეს ძალიან ლამაზ ფრაზად ჟღერდა, რომელიც სადღაც დასავლეთში, ამერიკაში მოქმედებს, მაგრამ დღეს ეს ფრაზა მოქმედებს საქართველოში,“ – კატეგორიულია სამართლის ექსპერტი. – „ვფიქრობ, ეს არის სიკვდილის წინა გაფართხალება და კატასტროფა. განსაკუთრებით, კატასტროფა იყო და გულზე მომხვდა ვენეციის კომისიის დასკვნაზე გაკეთებული განცხადებები,“ – გვიყვება ლია მუხაშავრია და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა რუსული კანონის წინააღმდეგ ძალიან ცალსახა იყო.

„ვენეციის კომისია არის უზენაესი ორგანო სამართლებრივი ექსპერტიზის თვალსაზრისით. ვაი მას, ვინც ეს კომისია ასეთად არ წარმოუდგენია… ვის არგუმენტს მოისმენენ „ოცნებაში“, როცა ასეთი უავტორიტეტულესი ორგანოს არ ესმით?“ – კითხულობს ლია მუხაშავრია. ის განმარტავს, რატომ იქნება რუსული კანონი საქართველოს ხელისუფლების ხელში სამართლებრივი იარაღი, ყველა გაჩუმონ და კრიტიკული აზრისგან დაიცალოს ქვეყანა.

„ძალიან დიდი რისკისა და საფრთხის შემცველია ეს კანონი, რადგან ეს გამოიწვევს, ყველა კრიტიკული აზრის მქონე ადამიანის გაჩუმებას. ეს არის ქმედითი სამართლებრივი მექანიზმი გააჩუმონ ყველა: არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები, რიგითი წევრების, მოხალისეების და დამხმარეების ჩათვლით, გააჩუმონ ყველა კრიტიკული და ალტერნატიული მოსაზრების მედია და ჟურნალისტი… ამის შემდეგ რა თავისუფალი სივრცე და დემოკრატია დარჩება ქვეყანაში, მარტივად წარმოსადგენია.

ეს არის სამართლებრივად ქმედითი მექანიზმი შეძვრე ყველას საწოლში, ყველას სამზარეულოში, ყველას სამუშაო ოთახში, ერთადერთი თავში ვერ შეძვრები, მაგრამ აიძულებ და დააშანტაჟებ, გააკეთოს ის, ან არ გააკეთოს, რაც მას [ხელისუფლებას] მიაჩნია სწორად.

არ დარჩება სასიცოცხლო სივრცე, სადაც დარჩება გულანთებული, ნამდვილი პატრიოტი, პროფესიონალი ადამიანი, ყველა იძულებული ვიქნებით წავიდეთ სხვაგან და ვეძებოთ თავშესაფარი,“ – მიიჩნევს ლია მუხაშავრია.

უფლებადამცველის აზრით, თუ „ქართული ოცნება“ პროტესტის ჩახშობას და ევროპისკენ სავალი გზის გადაკეტვას შეძლებს, საქართველოში რუსეთზე ბევრად მძიმე სიტუაცია იქნება.

„რუსი დალევას არაყს და დაივიწყებს თავის დუხჭირ ცხოვრებას, საქართველოს მოქალაქე კი, იძულებული იქნება გადასარჩენი ადგილი მოძებნოს. ეს გამოიწვევს ქვეყნის გაუდაბნოებას, რაც ბევრად საშიშია, ვიდრე რუსეთი,“ – გვიყვება ლია მუხაშავრია და თავის დაკვირვებას გვიზიარებს, როგორც ჩანს, კვლევებითაც იგრძნეს მმართველ პარტიაში, არჩევნებს რომ აგებდნენ და ამიტომაც განიზრახეს ქვეყნის დაცლა თავისუფალი ნების ადამიანებისგან.

„მათ ამოწურეს ყველა შესაძლებლობა აგიტაციის, პროპაგანდის, იძულების,“ – მიიჩნევს ლია მუხაშავრია.

გამორიცხავთ რეპრესიებს, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა წარსულში? – ვეკითხებით უფლებადამცველს.

„არ გამოვრიცხავ, დაწყებულია უკვე, მაგრამ რეპრესიებმა შედეგი არ გამოიღო – გამოვიდნენ ეს ადამიანები დალილავებული თვალებით, გატეხილი ძვლებით და თქვეს, არ გვეშინიაო. პირიქით, ამან უფრო მეტი ადამიანი გამოიყვანა მიტინგზე. თუ ინდივიდუალური რეპრესიები უვარგისია, მასობრივი მით უფრო არ გამოვა,“ – გვითხრა იურისტმა.

„ამ ძალას ვერც ივანიშვილის ხელისუფლება და ვერც რუსეთი ვერ მოერევა“ - უფლებადამცველი ლია მუხაშავრია

ლია მუხაშავრიას აზრით, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს აამოქმედებს, ქვეყანაში არჩევნების გზით შესაძლებელი გახდება ქვეყნის გარუსებისგან გადარჩენა.

„მე ახალგაზრდებს უფრო ვუსმენ, ვიდრე ჩემ თავს და პროგნოზს, იმიტომ, რომ მგონია, უკეთ ხედავენ. ისინი აპირებენ, გააგრძელონ აქციები, გააგრძელონ არჩევნებამდე, ვისაც ჯერ არ ესმის, რა ვითარებაშიც ვართ, იმათაც უნდა გაახილონ თვალი…

ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ახალგაზრდობა, ახალგაზრდობის პოზიცია, რომელიც ძალიან თვალსაჩინოა, მე მათ მივესალმები და ყოველმხრივ მხარს ვუჭერ. როდესაც ქვეყანაში გყავს ასეთი ჯანსაღი მომავალი, იქ ვერაფერს ვერ მიაღწევენ ძალადობრივად…

პოლიტიკოსებსაც მოუწიათ გვერდზე გადგომა, ეს თაობა გზადაგზა ფიქრობს. მგონი, ჯერჯერობით სწორად ფიქრობს, მათ არა აქვთ ჩამოყალიბებული ყველაფერი ბოლომდე, პროცესს მიყვებიან. ეს არის ცოცხალი პროცესი,“ – ასრულებს ლია მუხაშავრია.

რა ღონისძიებებით აღინიშნება 26 მაისი ბათუმში

კვირას, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ბათუმის მერია აქვეყნებს იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რაც 26 მაისს ბათუმში დაგეგმილი.

საზეიმო ღონისძიებები ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

  • 07:00-დან 18:00-მდე – სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა
  • 12:00 – ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ღვინის დეგუსტაცია, საბავშვო კუთხე
  • 12:00 – კულტურის ცენტრის სასულე ორკესტრი
  • 13:00 – ბენდი Catfish
  • 14:00 – ბენდი Bona dea
  • 15:00 – ბენდი „ქართული“ და ტრიო „გოგლაურა“
  • 17:10 – რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა – საქართველოს ჰიმნი
  • 18:00 – ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“, ვაჟთა და ქალთა ვოკალური ანსამბლები.

______________

ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 მაისის 21 საათიდან 25 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 26 და 27 მაისს მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 498 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240]
  • ტანკი – 7 635 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 14 775 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 12 902 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 080 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 813 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 356 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 401 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 209 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 17 569 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 2 101 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 603 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 590 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 524 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 149 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 311 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 802 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 966 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა შეუძლიათ მოსწავლეებს hi app-ის დახმარებით

ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.

გიზიარებთ მარტივ ფუნქციებს, რომლებიც მოსწავლეებს თიბისის hi app-ში დახვდებათ:

  • გადარიცხვა სხვასთან და საკუთარ ანგარიშებს შორის
  • 5გბ ინტერნეტის 1 ლარად ჩართვა
  • მობილური ბალანსის შევსება
  • ბანკომატიდან თანხის QR კოდით განაღდება
  • მათზე მორგებული შეთავაზებების ნახვა.

hi app-ით სარგებლობა უფასოა და ხელმისაწვდომია 18 წლამდე მოზარდებისთვის, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი.

აპის გასააქტიურებლად რამდენიმე გზა არსებობს:

  • მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი, მაგრამ არ არიან მობაილბანკის მომხმარებელი, შეუძლიათ გადმოწერონ hi app და გაიარონ რეგისტრაცია პირადი ნომრით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კანონიერ წარმომადგენელს თიბისისგან გაეგზავნება თანხმობის ფორმა SMS-ის სახით, კანონიერი წარმომადგენლის დასტურის შემდეგ, მოსწავლე მიიღებს hi app-ში შესასვლელ მონაცემებს.
  • თუ მოსწავლე არ არის თიბისის მომხმარებელი, ბარათის შეკვეთის დროს უნდა მიუთითოს, რომ hi app-ის გააქტიურება სურს და მიჰყვეს ინსტრუქციას.
  • იმ შემთხვევაში კი თუ მოსწავლეს აქვს თიბისის მოსწავლის ბარათი და არის მობაილბანკის მომხმარებელი, მაშინ უბრალოდ უნდა გადმოწეროს hi app და შევიდეს აპლიკაციაში საკუთარი მონაცემებით.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვს hi app-ი, გადმოწერე და გაიაქტიურე: https://tbchiapp.onelink.me/kgD3/zhd4a9u8

რადისონ ბლუ ბათუმში ქართული რესტორანი „მედეა“ ახალი ინტერიერითა და განახლებული მენიუთი დაბრუნდა

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, რადისონ ბლუ ბათუმის ქართული რესტორანი „მედეა“ განახლებული ინტერიერითა და მენიუთი ელოდება სტუმრებს. 168-ნომრიანი სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმის არქიტექტურა ცნობილ იტალიელ დიზაინერსა და არქიტექტორს, მიკელე დე ლუკის ეკუთვნის. სასტუმრო სილქ როუდ ჯგუფის ერთ-ერთი წარმატებული დეველოპერული პროექტია, რომელიც ბათუმში 2011 წელს გაიხსნა.

ქართული სამზარეულოს ხასიათი და ტრადიცია კარგად ჩანს „მედეას“ მრავალფეროვან მენიუში. ამასთან, აქ დაგხვდებათ წინანდლის მამულის ღვინოების ფართო არჩევანი. იმისთვის, რომ ბათუმში სასტუმროსა და გარე სტუმრებმა ბოლომდე შეიგრძნონ ავთენტური ქართული გემო, სილქ ჰოსფითალითის ბრენდ შეფმა — ირაკლი ასათიანმა და მისმა გუნდმა  შეფ დავით კომახიძის ხელმძღვანელობით,  საკმაოდ დიდი დრო დაუთმო მენიუს შექმნას.

ირაკლი ასათიანის თქმით, „რესტორანი  “მედეა”-ს განახლება პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მომხმარებლის მოლოდინი არის საკმაოდ მაღალი. სწორედ ამიტომ, მე და ჩემმა გუნდმა დიდი ენერგია დავუთმეთ თითოეულ დეტალს. ჩვენ ვეცადეთ, ყველა ის გემო მოგვეტანა მომხმარებლამდე, რაც ქართულ კულინარიას განსხვავებულს ხდის, თავისი მრავალფეროვნებით და ხასიათით.“

განსხვავებულ კონცეფციას სრულყოფილად აქცევს რესტორნის დიზაინი, რომელიც „Noa Studio”-ს ეკუთვნის. დახვეწილი, ელეგანტური ინტერიერი დახურულ სივრცეში ნათელი და თბილი ფერებით გამოირჩევა. გამწვანებულ ტერასაზე სტუმრების მაქსიმალური კომფორტი და სიმყუდროვე ელოდება. ამ ზონაში კომფორტული მოსასვენებელი სივრცე მოეწყო სტუმრებისთვის. საგულდაგულოდ შერჩეული მცენარეები ზღვასთან კავშირის შეგრძნებას ამძაფრებს და სტუმრებში სასიამოვნო ემოციას აღძრავს.

სასტუმროსა და რესტორნის მართვას ახორციელებს სილქ ჰოსფითალითი.

ვხვდებით რუსეთის და ირანის გარემოცვაში – პრემიერის ირანში ვიზიტზე ფრანგული უნივერსიტეტის პროფესორი

გუშინ, 22 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში, ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და პრეზიდენტის დაღუპვის გამო ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა. მოგვიანებით კი თეირანში გაფრინდა პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიალზე.

ირანული მედიის თანახმად, „ოთხშაბათს ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე დამსწრე უცხოელი მაღალჩინოსანი პირების სიამ ხაზგასმით აჩვენა, რომ თეირანის მცდელობამ შეემსუბუქებინა აშშ-ის სანქციები და გაეუმჯობესებინა ურთიერთობა მეზობლებთან, შედეგები გამოიღო.

ირანი ბევრს მუშაობდა აშშ-ის რიგი სანქციების გასანეიტრალებლად, რომელიც გამკაცრდა როგორც დონალდ ტრამპის, ისე ჯო ბაიდენის დროს. რეგიონის ბევრ ქვეყანას სურს განაგრძოს ირანთან ბიზნესის კეთება ან დიპლომატიური კავშირების ღიად შენარჩუნება, მაშინაც კი, თუ ეს ეწინააღმდეგება ვაშინგტონის სურვილებს“.

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? – პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორის, თორნიკე გორდაძის შეფასებით, „ვხვდებით იმ გარემოცვაში, როგორიც არის რუსეთი და ირანი“.

„რუსეთი და ირანი ერთად იბრძვიან სირიაში, ისინი ებრძვიან დასავლურ ინტერესებს, მათ აქვთ საერთო ინტერესები სხვადასხვა სფეროში, მაგალითად, უკრაინაში მიმდინარე ომში ირანი არის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, რომელიც სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთს.

მაშინ, როცა უკრაინასთან სრულიად გაფუჭებული გვაქვს ურთიერთობა, იმ ფონზე, როცა დასავლეთს ფაქტობრივად ბრალს ვდებთ საქართველოს სუვერენიტეტის შებღალვაში, ვხვდებით იმ გარემოცვაში, როგორიც არის რუსეთი და ირანი.

ეს არის საგარეო პოლიტიკური კურსის მთლიანი შებრუნება“, – ასე ეხმაურება პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე გორდაძე ირანში საქართველოს პრემიერის ვიზიტს.

თორნიკე გორდაძემ ირანში პრემიერის ვიზიტი შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, სრულიად საკმარისი იქნებოდა ირანში პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე საქართველოდან საპარლამენტო დონის დელეგაცია ჩასულიყო.

„გასაგებია, რომ მეზობელი ქვეყანაა და მისამძიმრება ჩვეულებრივი დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილია. შეიძლებოდა საქართველოდან წასულიყო საპარლამენტო დელეგაცია და სავსებით საკმარისი იქნებოდა.

როდესაც ქვეყნის პირველი პირი მიდის იქ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ამას აკეთებენ რაღაცისთვის ხაზის გასასმელად, რომ ჩვენ ახალი, განსაკუთრებული ურთიერთობები გვინდა ამ ქვეყანასთან – ირანთან, რომელიც არის რუსეთ-ირანის ღერძის შემადგენელი,“ – თქვა თორნიკე გორდაძემ.

თორნიკე გორდაძე, პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი

——————————————————————————-

22 მაისს, თეირანში დაუანონსებელ ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძემ თბილისში, ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.

ირანის და საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიალზე ჩავიდნენ ტუნისის და ტაჯიკეთის პრეზიდენტები, კატარის ემირი შეიხი ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი ტამიმი, ერაყის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ შია ალ სუდანი, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

ირანში იმყოფებიან რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, პაკისტანის პრემიერი და ვიცე-პრემიერი, ჩინეთის ვიცე-პრემიერი, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვები.

რაისის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრნენ ასევე „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე და „ჰეზბოლას“ ლიდერის მოადგილე ნაიმ ქასემი. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერები ცერემონიალზე გამოჩნდნენ „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ სკანდირების ფონზე.

ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი 19 მაისს, ვერტმფრენის ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.

იბრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტი 2021 წელს გახდა, რასაც ირანში მოჰყვა რეპრესიების გაძლიერება მოქალაქეთა წინააღმდეგ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდების პროტესტის სასტიკი ჩახშობა, რასაც არაერთი ახალგაზრდის მკვლელობა და სიკვდილით დასჯა ახლდა.

ირანი უკვე მრავალი წელია, საერთაშორისო სანქციების ქვეშაა და მისი ავიაცია უკიდურესად მოძველებულია, რადგან ავიახომალდებისა და მისი ნაწილების მწარმოებლებს აკრძალული აქვთ ამ ქვეყნისთვის რაიმე სახის პროდუქციის მიწოდება.

1 დაღუპული და 5 დაშავებული – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

დღეს, 23 მაისს, ქობულეთის შემოვლითი გზაზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავტობანზე „ადგილზე დაფიქსირდა ერთი გარდაცვლილი, ხუთი დაშავებული კი გადაყვანილია კლინიკაში“.

ამ დროისთვის [14:00 საათი] შემოვლითი გზა გადაკეტილია და ავტოტრანსპორტი ჩაქვის გავლით მოძრაობს.

Exit mobile version