დანიურმა ფონდმა ფეა თრიიზ [Fair Trees] დღეს გაავრცელა განცხადება ონის მუნიციპალიტეტში ერთი კონკრეტული პროექტის შეჩერების შესახებ, რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობას უკავშირდება. „ახალი კანონის თანახმად, მოსალოდნელია, რომ დაგვაკისრონ ჯარიმები და შეგვიქმნან ფინანსური სირთულეები. ამ ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის სივრცე აღარ გვრჩება“ – წერს ფონდი პირად ფეისბუქის გვერდზე.
საუბარია სტომატოლოგიურ კლინიკაზე, რომლის სერვისებით რეგიონის ყველა ბავშვი უფასოდ სარგებლობს.
ფონდის ვებგვერდის თანახმად, ფონდი სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ბავშვების ყოველწლიურ სამედიცინო შემოწმებას და ამავდროულად სხვადასხვა სასქრინინგო პროგრამებს ატარებს. გარდა ამისა, ფონდი ადგილობრივ სტუდენტებს უმაღლეს განათლებას უფინანსებს.
ფონდი ცდილობს მდგრადობისა და გარემოს დაცვის საკითხებში მოსახლეობის ცნობიერება აამაღლოს, რის მაგალითადაც იმ ასწლიანი ტყის შენარჩუნება შეიძლება ჩაითვალოს, რომელშიც გირჩის შემგროვებლები სათესლე მასალას აგროვებენ.
ფონდის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„დიდი წუხილით გატყობინებთ, რომ ფეა თრიიზ ფონდის მიერ ონის მუნიციპალიტეტის მერიისთვის 2023 წლის 13 დეკემბერს წარდგენილი ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის პროექტის წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა ფეა თრიიზ ფონდის, ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ონის საჯარო სკოლის თანამშრომლობას, ამ ეტაპზე უკან უნდა გავიწვიოთ.
პროექტის გატანის მიზეზი არის საქართველოს მთავრობის მიერ ახლად მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
აღნიშნული კანონი სერიოზულ გამოწვევას უქმნის ჩვენს ორგანიზაციას, რადგან გვავალდებულებს დავრეგისტრირდეთ, როგორც უცხოური ინტერესების მატარებელი. ჩვენი ორგანიზაცია, დაარსების დღიდან, ახორციელებს სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც მიმართულია რაჭის მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებისაკენ. შესაბამისად, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ორგანიზაცია უნდა იყოს უცხოური ინტერესების მატარებელთა რეესტრში.
ახალი კანონის თანახმად, მოსალოდნელია, რომ დაგვაკისრონ ჯარიმები და შეგვიქმნან ფინანსური სირთულეები. ამ ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის სივრცე აღარ გვრჩება. გარდა ამისა, არ შეგვიძლია დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება და ახალ სოციალურ პროექტებში ინვესტირება, მაშინ როცა ჩვენი მიმდინარე პროექტებიც საფრთხის ქვეშ არის ახლად შემოღებული კანონის გამო.
ჩვენი მრავალგზის მცდელობა, რომ შეხვედროდით რაჭ-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ გოჩა ენუქიძეს, რათა განგვეხილა აღნიშნული კანონის უარყოფითი გავლენა რაჭის მოსახლეობაზე, უშედეგოდ დასრულდა. ძალიან ვწუხვართ, რომ რაჭაში მცხოვრები ბავშვები პირველ რიგში დაზარალდნენ ამ კანონის გამო.
დიდი მწუხარებით გვიწევს ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ არსებული სამართლებრივი და მოსალოდნელი ფინანსური შეზღუდვების პირობებში, ჩვენთვის შეუძლებელია პროექტის გაგრძელება. მადლობას გიხდით აქამდე პროექტის მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ, რომ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გადახედილი და გაუქმებული იქნება ახლო მომავალში და ისევ მოგვეცემა ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის პროექტის გარშემო თანამშრომლობის შესაძლებლობა“.
___
„ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა, 28 მაისს მიიღო რუსული კანონი, მოქალაქეების საყოველთაო პროტესტის მიუხედავად. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა დიქტატურა“.
აღნიშნული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოაცხადა სანქციების შემოღების შესახებ. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა კანონის გაწვევაზე.
___
ფოტო: ფონდი ფეა თრიიზ/facebook