მთავარი,სიახლეები

„ეს არის სიკვდილის წინა გაფართხალება და კატასტროფა“ – უფლებადმცველი ლია მუხაშავრია

24.05.2024 •
„ეს არის სიკვდილის წინა გაფართხალება და კატასტროფა“ – უფლებადმცველი ლია მუხაშავრია

„ბუნებაში არის რაღაც, რასაც ვერ შეძლებ, რომ მოერიო, მაგალითად, გრავიტაციას. დაახლოებით ასეთი ძალა ამოქმედდა საქართველოში. ამ ძალას ვერც ივანიშვილის ხელისუფლება და ვერც რუსეთი ვერ მოერევა,“ – ოპტიმისტური განწყობით დაგვხვდა უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ლანჩხუთის სოფელ შუხუთში, სადაც ის უკვე ბოლო 7 წელია ცხოვრობს და განაგრძობს ადამიანის უფლებების დაცვას ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში.

„ჩემი სოფლის, შუხუთის სახელი ცნობილია სტრასბურგში იმიტომ, რომ აქ ვიღებ კორესპონდენციებს,“ – მწვანე ეზოს მივუყვებით და ქალბატონ ლიას ვეკითხებით: რა აფიქრებინებს, რომ რუსეთი ამჯერადაც ვერ მოერევა საქართველოს? ხეების ჩრდილში ვჩერდებით და ცნობილი უფლებადამცველის პოზიციას ვისმენთ რუსულ კანონზე.

„ადრე იურისტები ვამბობდით, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი, ეს ძალიან ლამაზ ფრაზად ჟღერდა, რომელიც სადღაც დასავლეთში, ამერიკაში მოქმედებს, მაგრამ დღეს ეს ფრაზა მოქმედებს საქართველოში,“ – კატეგორიულია სამართლის ექსპერტი. – „ვფიქრობ, ეს არის სიკვდილის წინა გაფართხალება და კატასტროფა. განსაკუთრებით, კატასტროფა იყო და გულზე მომხვდა ვენეციის კომისიის დასკვნაზე გაკეთებული განცხადებები,“ – გვიყვება ლია მუხაშავრია და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა რუსული კანონის წინააღმდეგ ძალიან ცალსახა იყო.

„ვენეციის კომისია არის უზენაესი ორგანო სამართლებრივი ექსპერტიზის თვალსაზრისით. ვაი მას, ვინც ეს კომისია ასეთად არ წარმოუდგენია… ვის არგუმენტს მოისმენენ „ოცნებაში“, როცა ასეთი უავტორიტეტულესი ორგანოს არ ესმით?“ – კითხულობს ლია მუხაშავრია. ის განმარტავს, რატომ იქნება რუსული კანონი საქართველოს ხელისუფლების ხელში სამართლებრივი იარაღი, ყველა გაჩუმონ და კრიტიკული აზრისგან დაიცალოს ქვეყანა.

„ძალიან დიდი რისკისა და საფრთხის შემცველია ეს კანონი, რადგან ეს გამოიწვევს, ყველა კრიტიკული აზრის მქონე ადამიანის გაჩუმებას. ეს არის ქმედითი სამართლებრივი მექანიზმი გააჩუმონ ყველა: არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები, რიგითი წევრების, მოხალისეების და დამხმარეების ჩათვლით, გააჩუმონ ყველა კრიტიკული და ალტერნატიული მოსაზრების მედია და ჟურნალისტი… ამის შემდეგ რა თავისუფალი სივრცე და დემოკრატია დარჩება ქვეყანაში, მარტივად წარმოსადგენია.

ეს არის სამართლებრივად ქმედითი მექანიზმი შეძვრე ყველას საწოლში, ყველას სამზარეულოში, ყველას სამუშაო ოთახში, ერთადერთი თავში ვერ შეძვრები, მაგრამ აიძულებ და დააშანტაჟებ, გააკეთოს ის, ან არ გააკეთოს, რაც მას [ხელისუფლებას] მიაჩნია სწორად.

არ დარჩება სასიცოცხლო სივრცე, სადაც დარჩება გულანთებული, ნამდვილი პატრიოტი, პროფესიონალი ადამიანი, ყველა იძულებული ვიქნებით წავიდეთ სხვაგან და ვეძებოთ თავშესაფარი,“ – მიიჩნევს ლია მუხაშავრია.

უფლებადამცველის აზრით, თუ „ქართული ოცნება“ პროტესტის ჩახშობას და ევროპისკენ სავალი გზის გადაკეტვას შეძლებს, საქართველოში რუსეთზე ბევრად მძიმე სიტუაცია იქნება.

„რუსი დალევას არაყს და დაივიწყებს თავის დუხჭირ ცხოვრებას, საქართველოს მოქალაქე კი, იძულებული იქნება გადასარჩენი ადგილი მოძებნოს. ეს გამოიწვევს ქვეყნის გაუდაბნოებას, რაც ბევრად საშიშია, ვიდრე რუსეთი,“ – გვიყვება ლია მუხაშავრია და თავის დაკვირვებას გვიზიარებს, როგორც ჩანს, კვლევებითაც იგრძნეს მმართველ პარტიაში, არჩევნებს რომ აგებდნენ და ამიტომაც განიზრახეს ქვეყნის დაცლა თავისუფალი ნების ადამიანებისგან.

„მათ ამოწურეს ყველა შესაძლებლობა აგიტაციის, პროპაგანდის, იძულების,“ – მიიჩნევს ლია მუხაშავრია.

გამორიცხავთ რეპრესიებს, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა წარსულში? – ვეკითხებით უფლებადამცველს.

„არ გამოვრიცხავ, დაწყებულია უკვე, მაგრამ რეპრესიებმა შედეგი არ გამოიღო – გამოვიდნენ ეს ადამიანები დალილავებული თვალებით, გატეხილი ძვლებით და თქვეს, არ გვეშინიაო. პირიქით, ამან უფრო მეტი ადამიანი გამოიყვანა მიტინგზე. თუ ინდივიდუალური რეპრესიები უვარგისია, მასობრივი მით უფრო არ გამოვა,“ – გვითხრა იურისტმა.

ლია მუხაშავრიას აზრით, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს აამოქმედებს, ქვეყანაში არჩევნების გზით შესაძლებელი გახდება ქვეყნის გარუსებისგან გადარჩენა.

„მე ახალგაზრდებს უფრო ვუსმენ, ვიდრე ჩემ თავს და პროგნოზს, იმიტომ, რომ მგონია, უკეთ ხედავენ. ისინი აპირებენ, გააგრძელონ აქციები, გააგრძელონ არჩევნებამდე, ვისაც ჯერ არ ესმის, რა ვითარებაშიც ვართ, იმათაც უნდა გაახილონ თვალი…

ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ახალგაზრდობა, ახალგაზრდობის პოზიცია, რომელიც ძალიან თვალსაჩინოა, მე მათ მივესალმები და ყოველმხრივ მხარს ვუჭერ. როდესაც ქვეყანაში გყავს ასეთი ჯანსაღი მომავალი, იქ ვერაფერს ვერ მიაღწევენ ძალადობრივად…

პოლიტიკოსებსაც მოუწიათ გვერდზე გადგომა, ეს თაობა გზადაგზა ფიქრობს. მგონი, ჯერჯერობით სწორად ფიქრობს, მათ არა აქვთ ჩამოყალიბებული ყველაფერი ბოლომდე, პროცესს მიყვებიან. ეს არის ცოცხალი პროცესი,“ – ასრულებს ლია მუხაშავრია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: