„ჩემს შვილებს და შვილიშვილებს უნდათ ევროპა. ევროკავშირში უნდა შევიდეთ, ეს გარდაუვალია“, – ამბობს 64 წლის ზაზა ზაქარაძე. „ბათუმელებთან“. ის იხსენებს ბაბუას, რომელიც სტალინური რეჟიმის მსხვერპლი გახდა.
ზაზას ბაბუა, უსუფ ზაქარაძე 1937 წელში დახვრიტეს. იმ დროს, უსუფ ზაქარაძე სოფელ აჭარისწყალში კომენდატურაში პოლიტიკურ ხელმძღვანელად მუშაობდა.
„უსუფ გაიქეცი, მოდიან“
„ბაბუაჩემი რომ დახვრიტეს, მამაჩემი იყო 3 თვის. ბებიაჩემი კი 22 წლის, რომელსაც დარჩა მისი 4 შვილი და ორი გერი გასაზრდელად.
როგორც გენერლები დახვრიტეს და ყველას ეუბნებოდნენ, რომ თითქოს ინგლისის აგენტები იყვნენ და ასე შემდეგ, ასე დააბრალეს ბაბუაჩემსაც აგენტობა. 58-ე მუხლით გაასამართლეს, ვითომ ხალხის მტერი იყო და სახელმწიფო გადატრიალება უნდოდა.
ბებიას მონათხრობიდან მახსოვს, რომ აჭარისწყალზე ოთხ მეგობართან ერთად ქეიფობდა ბაბუა, როცა მასთან მივიდა ერთი პიროვნება და უთხრა,- „უსუფ გაიქეცი“, დასაპატიმრებლად მოდიანო.
ბაბუაჩემს უთქვამს, მე გასაქცევი არაფერი მაქვსო. ის 4 ძმაკაცი გაიქცა, ბაბუაჩემი კი დაიჭირეს“, – ამბობს ზაზა ზაქარაძე.

37 წელს დახვრეტილი უსუფ ზაქარაძე მეუღლესთან ერთად
ბებიას გადმოცემით, მაშინ ზაფხულის პერიოდი იყო. ბაბუას დახვრეტის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა უსუფის მეუღლეს მისი სისხლიანი პერანგი გაუგზავნეს.
„ბებია ამბობდა, გონიოში ჰყავდათო და, სავარაუდოდ, იქ დახვრიტეს. მაშინ ცხედრებს არ უბრუნებდნენ ოჯახებს, იქვე მარხავდნენ ციხის ეზოში. მით უმეტეს, როცა „ხალხის მტრის“ სახელით ხვრეტდნენ. ჩემი სხვა ნათესავებიც მასეა დაასაფლავეს ციხის ეზოში“, – გვეუბნება ზაზა ზაქარაძე.
მისი თქმით, სოფელში ბაბუა დაფასებული კაცი იყო და მასზე აუგი არავისგან მსმენიაო.
„ყველას შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა, მაგრამ მაშინ დასმენები იყო და ვიღაც-ვიღაცები ყოველთვის ცდილობდნენ „თავის გამოჩენას“.
მე ვიცი, ვინც დაასმინა ბაბუაჩემი. მე და მისი შვილიშვილები კლასელები ვიყავით, ვძმაკაცობდით. მე მაგალითად, ჩემთან ერთად გაზრდილ ძმაკაცს, დასახვრეტად და გადასასახლებლად არ გავიმეტებ“.
- „ხალხის მტრის ცოლი“
„ბებიაჩემის ცხოვრება გაგრძელდა ისე, რომ კოლმეურნეობაში არ ამუშავებდნენ, როგორც „ხალხის მტრის“ მეუღლეს, არც შრომადღეებს უწერდნენ. პატარა ვიყავი, მაგრამ მე ისიც მახსოვს, მაშინდელი სოფლის საბჭოს თავმჯდომარე ბებიაჩემს ქუჩაში რომ შეხვდებოდა ეძახდა – „მოღალატის ცოლიო“.
შემდეგ, როცა წამოვიზარდე, მის შვილებს შევუთვალე, რომ გონიერებისთვის მოეხმო. ბებიაჩემს ისედაც დიდი ტვირთი აქვს წამოკიდებული-მეთქი.
ბებიაჩემი იმასაც ამბობდა, 1954 წლამდე, სანამ სტალინი ცოცხალი იყო, ჩემი სანათესავოც კი ერიდებოდა დღისით ჩემთან გამოჩენასო.
მამაჩემი 8 წლის იყო პურის საცხობში რომ მიიყვანეს სამუშაოდ. 13 წლის ასაკში, 70-კილოიან ფქვილის ტომრებს მოიკიდებდა ზურგზე და ასე შრომობდა. შიმშილით არ კვდებოდნენ, მაგრამ ძლივს გაჰქონდათ თავი.
მამაჩემმა 60 წელი იმუშავა პურის საცხობში, ბოლოს საცხობის გამგე იყო“, – ამბობს ზაზა ზაქარაძე.

ზაზა ზაქარაძე
ზაზას ბაბუას გარდა, სტალინურმა რეპრესიებმა იმსხვერპლეს ბაბუამისის ბიძაშვილებიც. ისინიც დახვრიტეს.
„დედაჩემის დედა, გაგეცინებათ და ნომერ პირველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის მკვიდრი ბიძაშვილი იყო. ხომ იცით ეგ როგორ მოკვდა? ეკლესიას რომ ანგრევდა, ზარი ჩამოვარდა, დაეცა და მოკლა.
არ მგონია გვარი, რომელსაც არ შეხებოდეს 37-38 წლების რეპრესიები“.
- ევროკავშირში უნდა ვიყოთ, ეს გარდაუვალია
„ჭაობში ვიყავით. 30 წელია ვაპირებთ ამ ჭაობიდან ამოსვლას და ვერ ამოვედით. ახალი რაღაც გვინდოდა და თურმე სად ვართ, შემოვბრუნდით და მივდივართ ისევ უკან.
ცოდვაა შვილები, შვილიშვილები…
გვინდა თუ არა, ევროკავშირში უნდა შევიდეთ, ეს გარდაუვალია. ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ევროპა უნდათ. უფროსი შვილიშვილი სწავლას ჩეხეთში აპირებს და თუ ასე გაგრძელდა, ჩეხეთში კი არა, ჩოხატაურში ვეღარ წავა. ასეთი კანონებით, ვინ, სად მიგვიღებს.

მრავალათასიანი საპროტესტო აქცია რუსული კანონის და რუსული მთავრობის წინააღმდეგ. თბილისი, 2024 წელი.
თუ ევროპა გვინდა, ეს ხალხი არ გაჩერდება, ეს ბავშვები არ გაჩერდებიან და იქნება „გამიშვი- დამაკავე“. სხვაგან ვიცით, გადატრიალებაც მოხდა, რევოლუციაც და ცოდვაა ხალხი, დაიღალა. თაობა წავიდა ისე, რომ ამ ქვეყნად არაფერი უნახავს.
შენ კაბინეტში დაჯდე და მე თავში მიკაკუნო, ასე არ გამოვა. არ მივესალმები ამას. ბევრგან ვმუშაობდი და ყოველთვის მქონდა ამაზე დავა, რადგან მე უთანასწორობას ვერ გავუძლებ. რატომ უნდა დამჩაგრო?
ჩემ სტუდენტობაში, ჩემ ახალგაზრდობაში დასმენების გამო შეიძლება კაცს კაცი მოეკლა, შეიძლება კაცს კაცი ეცემა, ან ისეთი რამ გაეკეთებინა დამსმენისთვის, რომ ის ქალაქიდან წასულიყო.
ყველა მოღალატეს და დამსმენს, სხვაც მოღალატე და დამსმენი ჰგონიაო – ნათქვამია და დღეს რომ ვუყურებ (ხელისუფლებას), ესენი უფრო საკუთარი თავის დაცვის მიზნით ლაპარაკობენ.
- ჩრდილოეთს ჯობია დასავლეთი
მოსკოვში ცხოვრობდნენ ჩემი დისშვილები. რაც რეკლამა იყო ნტვ-ზე, 90 პროცენტი მათი გადაღებულია, მაგრამ გამოიქცნენ რუსეთიდან.
მინსკში, ტელევიზიაში ჩემი ახლობლები მუშაობდნენ, ტაილანდში გაიქცნენ და მაინც დაიჭირა ლუკაშენკომ.
რამდენიმე წლის წინ, ჩემი თანამშრომელი იყო წასული მოსკოვში და საახალწლოდ რომ ჩამოვიდა, მითხრა, შუქი მარტო კრემლის ირგვლივ იყოო.
ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობს ასევე კემეროვოში და ის მეუბნება, ქალაქში ვმუშაობთ და საჭმლის ფული გვაქვს, მაგრამ ქალაქს რომ გასცდები, საღორეა იქაურობაო. მარტო იქ კი არა, მთელს რუსეთში მასეა.

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – აქციიდან.
ფოტო: ბათუმელები, ბათუმი/2024
თუ ევროპა გვინდა, ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს და ყველაფერი დალაგდეს. მაგრამ თუ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ჰიმნის მოსმენა გვინდა, „პაჟალუსტა“, მაგრამ ჩრდილოეთს ჯობია დასავლეთი“, – ამბობს ზაზა ზაქარაძე.