„ოცნების“ მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამოიღებენ ოჯახს, რომლის წევრის შემოსავალი 1250 ლარია ერთი თვის განმავლობაში.
დადგენილებას ხელი ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.
„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარის, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე“ – ვკითხულობთ დადგენილებაში „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“.
სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა საქართველოში, რომლებიც მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული, ამ დროისთვის 180 ათასს აღემატება. ამ ოჯახების წევრთა რაოდენობა კი 700 000-ზე მეტია.
„ოცნებამ“ სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმება წელს დაიწყო, პროცესის დაწყებამდე კი დააანონსა, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ოჯახების წლების განმავლობაში მზარდი სტატისტიკა უნდა შემცირდეს.
ცნობილმა გერმანულმა ავტოკონცერნმა, „მერსედესმა“, შესაძლოა, სამხედრო ტექნიკის წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ Mercedes-Benz Group-ის გენერალურმა დირექტორმა, ოლა კალენიუსმა ისაუბრა ამერიკულ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.
„მსოფლიო სულ უფრო არაპროგნოზირებადი გახდა და, ჩემი აზრით, აშკარაა, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა. თუ ჩვენ შევძლებთ ამ პროცესში პოზიტიური როლის შესრულებას, მზად ვიქნებით ეს გავაკეთოთ“ – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ კონცერნის შესვლა იარაღის წარმოების სფეროში შესაძლებელია, თუ ეს ეკონომიკურად მიზანშეწონილი იქნება.
მან ასევე თქვა, რომ თავდაცვითი ბიზნესი კონცერნის საერთო პორტფელის მხოლოდ მცირე წილი იქნება, თუმცა სწორედ ეს სფერო შეიძლება გახდეს მზარდი ნიშა.
მედიის ცნობით, იარაღის წარმოება შესაძლოა დაიწყოს გერმანულმა „ფოლკსვაგენმაც“.
2025 წლის აპრილში „ფაინენშალ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Volkswagen-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს ისრაელის თავდაცვის კომპანიასთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. გამოცემის ცნობით, მხარეები გეგმავენ Volkswagen-ის ოსნაბრიუკის ქარხნის ხელახალ აღჭურვას ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის, „რკინის გუმბათის“ (Iron Dome) კომპონენტების საწარმოებლად.
მაშინ კომპანიის წარმომადგენელმა „დოიჩე ველეს“ უთხრა, რომ „ფოლკსვაგენის“ მიერ იარაღის წარმოება გამორიცხულია, თუმცა, მისი თქმით, ვინაიდან აღნიშნულ ქარხანაში წარმოების დასრულება 2027 წელს იგეგმება, Volkswagen-ი „აგრძელებს პერსპექტიული ვარიანტების შესწავლას“ და მოლაპარაკებებს აწარმოებს „ბაზრის სხვადასხვა მონაწილესთან“.
___________
მომზადებულია „დოიჩე ველეზე“ დაყრდნობით.
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/RONALD WITTEK
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 19-20 მაისს ოფიციალურ ვიზიტს გამართავს ჩინეთში.
კრემლის ცნობით, შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიწვევის შემდეგ დაიგეგმა და განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და თანამშრომლობის განმტკიცება, თავად ვიზიტი კი ეძღვნება „კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების“ 25 წლისთავს.
კრემლის ცნობით, საუბარი შეეხება მოსკოვსა და პეკინს შორის ეკონომიკისა და სავაჭრო პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობას.
პუტინის ვიზიტი ჩინეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტიდან მოკლე ხანში დაიგეგმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთში 13 მაისს ჩავიდა, დღეს კი, 16 მაისს, კრემლმა პუტინის ჩინეთში ვიზიტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პუტინი ჩინეთში რამდენჯერმე ჩავიდა.
მედიის ცნობით, შესაძლოა, ჩინეთში ჩავიდეს უკრაინის დელეგაციაც. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ ჩინური მხარისგან მიწვევა აქვთ და ამჟამად თარიღი ზუსტდება.
პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.
შემთხვევა თბილისში მოხდა. უწყების ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თითქოსდა მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მოპოვების და საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, დაზარალებულისგან ეტაპობრივად მიიღო 83 000 ლარი, თუმცა შეთანხმებული სამუშაოები არ შეასრულა და დიდი ოდენობით თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა“ – წერს პროკურატურა.
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბათუმის ცენტრალურ პარკში ბავშვის გასეირნება მშობელს სულ მცირე 20 ლარი მაინც უჯდება.
პარკში ერთ ადგილას უფასო საბავშვო მოედანიცაა მოწყობილი, მაგრამ გასართობი ატრაქციონების უმეტესობა 5 ლარი ღირს, ბავშვებს კი ხშირად ატრაქციონით ერთხელ სარგებლობა არ აკმაყოფილებთ და რამდენჯერმე ითხოვენ ხოლმე გასეირნებას ან ახალ ატრაქციონზე გადასვლას.
ყველაზე ძვირი მანქანებით გასეირნება ღირს – 3 წუთი 10 ლარი.
15 მაისს ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზების დახოცვის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას გარემოს დაცვის სამსახური ადასტურებს.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, დეპარტამენტში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გავიდნენ ბათუმში, არდაგანის ტბაზე, სადაც დაფიქსირდა თევზების დახოცვის ფაქტი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა შესაბამისი უწყების მიერ დაწყებულია მოკვლევა.
ეს არ არის არდაგანის ტბაში თევზების დახოცვის პირველი ფაქტი. მსგავსი შემთხვევა ბათუმში წინა წლებშიც დაფიქსირდა, არაერთხელ იყო ტბის დაჭაობების შემთხვევაც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 347 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 937 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 24 574 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 42 133 ერთეული [+48]
MLRS – 1 788 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 381 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 436 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 352 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 293 323 ერთეული [+1 865]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 397 ერთეული [+9]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 96 793 ერთეული [+253]
სპეცტექნიკა – 4 191 ერთეული [+7]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 626 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
ბათუმში უძრავი ქონების ბაზარზე ფასები ისევ მზარდია. ქალაქის ცენტრში და სანაპიროზე ქონებას ძირითადად სარეალიზაციოდ ყიდულობენ, მეორად ზოლში კი, ე.წ. ჭაობის დასახლებასა და სხვა გარეუბნებში – ძირითადად საცხოვრებლად, თუმცა ფასი ამ ზოლშიც გაზრდილია.
საინვესტიციო ფართობების ფასი ზღვის ზოლში 2000 – 3500 დოლარია. აქ ფასი კორპუსის სიმაღლის მიხედვით იზრდება. საცხოვრებელი ბინების ფასი კი მეორად ბაზარზე, ანუ აშენებულ ბინებში, ქალაქის გარეუბნებში 1000 დოლარიდან იწყება. ისევე როგორც ცენტრალურ ნაწილში, გარეუბანშიც ბევრად ძვირია კომერციული ფართობების ფასიც.
უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, საინვესტიციო ბინების მყიდველი ძირითადად უცხოელია, საცხოვრებლად კი ბინებს გარეუბნებში ადგილობრივები ყიდულობენ.
გარდა ამისა გამოიკვეთა ტენდენცია, როცა მცირე ზომის მიწის ნაკვეთების შეძენით ინტერესების ზრდამ ბათუმთან ახლოს მდებარე გასაყიდი მიწის ნაკვეთების ფასიც მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი გაიზარდა 1.კვ.მეტრი მიწის ნაკვეთების ფასი ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლებშიც.
მიწის ნაკვეთების ფასი ბათუმის გარეუბნებში 350 დოლარიდან იწყება, ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლებში კი 60-150 დოლარია.
აეროპორტის უბანში, სადაც სიმაღლის ბარიერი შეუზღუდავია, დეველოპერები ძვირადღირებულ ვილებს ყიდიან. აქ დეველოპერი მომხმარებელს სთავაზობს სახლს საკუთარი პარკინგით და მცირე ზომის ეზოთი ზღვის სანაპიროდან 10-15 წუთის სავალზე. იგივე ტენდენცია შეინიშნება გონიო-კვარიათის დასახლებაში არა სანაპიროზე, უფრო მომაღლო ტერიტორიაზე გამწვანებულ ზოლში, თუმცა ზღვისა და მთის ხედებით.
ვილების ფასი [შავი კარკასი] 160 000 დოლარიდან იწყება და 600 000 დოლარამდე ადის.
უძრავი ქონების სააგენტოების დაკვირვებით, ზრდის ტენდენციასთან ერთად ბათუმის უძრავი ქონების ბაზარს სხვადასხვა დროს სხვადასხვა თავისებურება ახასიათებს. ახლაც შეიძლება რამდენიმე მომენტზე ყურადღების გამახვილება, რაც მოთხოვნის თავისებურებებს გვაჩვენებს.
„პირველად ბაზარზე გაცილებით მაღალფასიანი პროექტებია, ვიდრე მეორად ბაზარზე.
პირველად ბაზარს ვუწოდებთ, როცა დეველოპერები ყიდიან 1 კვ.მეტრს მაღალ ფასად ახალ პროექტებში. ფასის ზრდის მიზეზად ისინი მეტწილად გართულებულ რეგულაციებს, მიწის და მასალების გაძვირებას ასახელებენ. თუმცა მაინც ყიდიან, იქიდან გამომდინარე, რომ აქვთ კარგი პირობები. შიდა უპროცენტო განვადება 10-15-წლიანი, დასრულების შემდეგ იპოთეკით დატვირთვა…
ამ ბაზარზე მყიდველების 80% უცხოელია – თავიანთი კონტაქტებით, გაყიდვების მენეჯერებით, თუ სხვა მარკეტინგული პროგრამებით დეველოპერები ბინებს ძირითადად უცხოელებზე ყიდიან.“
რაც შეეხება მეორად ბაზარს, ამაში იგულისხმება უკვე დიდი ხნის აშენებული კორპუსები. ასეთებიც იყიდება საკმაოდ ძვირად, თუმცა არა იმდენად, რამდენადაც დეველოპერები ყიდიან. აქ ფასები მერყეობს იმის მიხედვით, რამდენად დიდი ხნის აშენებულია კორპუსი, ბინაში ცხოვრობდნენ თუ არა, კორპუსი როგორია, ჩაბარებულია თუ არა.
ჩაუბარებელი კორპუსი საკმაოდ ბევრი გვაქვს ბათუმში, რაც აისახება ფასზეც, რადგან ამას მნიშვნელობას ანიჭებს ბანკი შეფასებისას. ასეთ ბინებს ბანკები დაბალ ფასად აფასებენ, გამყიდველები კი ცდილობენ მაღალ ფასში გაყიდონ, თუმცა უწევთ დაკლება. დაკლება არ ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე იაფია ეს ქონება. უკვე რამდენი თვეა ვაკვირდებით და ზრდის ტენდენცია არ ჩერდება.
თუ შარშან იყიდებოდა, მაგალითად, 50 კვადრატული მეტრი ბინა 70 000 დოლარში, დღეს იგივე ქონება 90 000 დოლარი ღირს“, – გვიხსნის იამზე მალაყმაძე. ის Home ia reality-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია და ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.
უძრავი ქონების სააგენტოების დაკვირვებით, ბოლო დროს, ქონების შეძენით დაინტერესებული პირი, რომელიც ქონებას მეორად ბაზარზე ყიდულობს, ანუ უკვე აშენებულ კორპუსში, ინტერესდება ჩაიბარა თუ არა ეს კორპუსი მერიამ და ამ მხრივ ინტერესი უცხოელმა მყიდველმა გაზარდა:
იამზე მალაყმაძის ინფორმაციით, მომატებულია მოთხოვნა ჩაბარებულ კორპუსებზე:
„არ ვიცი კანონში კარგად ჩაიხედეს, თუ ეს მოთხოვნა უცხოელებმა გაზარდეს და ქართველმა მომხმარებელმაც აიტაცა. ინტერესდებიან, რას ნიშნავს ჩაბარებული და ჩაუბარებელი კორპუსი და რატომ აფასებს ბანკი ჩაბარებულ კორპუსს შედარებით მაღალ ფასად.
თუმცა, ბაზარზე იმდენად დაბალია ჩაბარებული კორპუსების რაოდენობა, ალბათ სულ ხელზე ჩამოსათვლელი იქნება. მაქსიმუმ 10 ჩაბარებულ კორპუსთან მქონია შეხება. დანარჩენი, სხვათა შორის, მაღალი დონის კორპუსებიც კი, ხანგრძლივი ვადით ჩაუბარებელია. მშენებლები ამბობენ: ახლა ჩავაბარებთ, ახლა ჩავაბარებთო, მაგრამ ვერ აბარებენ.
რეალურად არჩაბარება არ ნიშნავს, რომ ვერ გაიყიდება ქონება, საკუთრების უფლებას ხელს არ უშლის ეს. თუმცა ჩაუბარებლობა მაინც ნიშნავს იმას, რომ კორპუსს რეალურად პატრონი არ ჰყავს. რამე რომ მოხდეს, ხშირად მშენებელი ან გაკოტრებულია უკვე, ან დახურული აქვს ის კომპანია და სხვა სახელით ოპერირებს. მერიაც თავისთავად არ იღებს პასუხისმგებლობას“.
იამზე მალაყმაძის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მოთხოვნა გაზრდილია მცირე ზომის ნაკვეთებზე, რომლებიც გამოდგება ინდივიდუალური სახლის ასაშენებლად. ძირითადად 300-500 კვ. მეტრ ნაკვეთებზე მოდის ასეთი ინტერესი.
„ზღვისპირას 1 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის ყველაზე დაბალი ფასი 300 დოლარია, ცოტა მოშორებით – 200. ხელვაჩაურში 60 დოლარიდან იწყება, ახალშენის ტერიტორიაზე სხვა ფასია. ფერიაში, მაგალითად, 150, ზევით 60-50 დოლარში ნახავ, სადღაც 40 დოლარშიც. ფასს განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის რელიეფი და სხვა ფაქტორებიც. თუ რამე იაფად დაიდო, ეგრევე იყიდება.“
უძრავი ქონების სააგენტო „დისქავერის“ წარმომადგენელი, თამთა წურწუმია „ბათუმელებთან“ ბაზარზე ფასების ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ასახელებს მსხვილ პროექტებს და რეკლამას საერთაშორისო ბაზარზე:
„რა თქმა უნდა ფასები იმატებს. შესაძლებელი იყო, რომ აღარ ყოფილიყო მოთხოვნა ტურისტების ოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ ფასები მომატებულია. სანაპიროზე კუნძული შენდება და ამ კუნძულმა კიდევ უფრო გაზარდა ფასები. ყოველი ინვესტიცია, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, ანუ როცა უცხოელი ინვესტორი აბანდებს ქვეყანაში თანხას, ეს უფრო მეტად ზრდის მიწებზე ფასებს, როგორც უძრავ ქონებაზე, ასევე ტურისტულ სეგმენტზეც. შესაბამისად, ფასები გაზრდილია“.
მიწის ნაკვეთების ფასების ზრდასთან დაკავშირებით, თამთა გვეუბნება, რომ ფასები გაიზარდა ისეთ ადგილებშიც, რომლებზეც მოთხოვნა მაღალი არასდროს ყოფილა და არც ახლაა:
„აი, თუნდაც ავიღოთ ურეხი, რომელიც არ არის მოთხოვნადი და არც პრესტიჟულია ამ ეტაპზე – იქ უკვე 150 დოლარიდან იწყება ფასები. თუ გადმოვინაცვლებთ ე.წ. ჭაობის ტერიტორიაზე – ლერმონტოვი, ბაგრატიონი, ჯავახიშვილი, 1 კვ.მეტრის ფასი 1000 დოლარიდან იწყება. გააჩნია პროექტსაც. ბათუმში თითქმის აღარ დარჩა ადგილი, სადაც არ აშენებენ და ათვისებული არ არის მიწა. რაც უფრო მეტი მშენებარე კორპუსია, ფასებიც უფრო მატულობს.
გასაქირავებლად ძირითადი მოთხოვნა მაინც არის „ორბის“ ბინებზე, კორპუსებზე და ზღვის პირველ ზოლზე. ებრაელებისთვის, რომლებიც აქტიურად შემოდიან ბათუმში, რატომღაც პრიორიტეტი არის „ორბი“.
„ორბს“ დიდი რეკლამა აქვს საზღვარგარეთ და სანდოობის მომენტიც უფრო დიდია. თუმცა სხვა სამშენებლო კომპანიებსაც იდეალურად აქვთ აშენებული ზღვის ზოლში კორპუსები, მაგრამ თუ უშუალოდ არ ჩაერთო უძრავი ქონების ოფისი ან სააგენტო, ისე არ ხდება მათი რეალიზაცია“.
„დაუხნავი დარჩა ყანები, არავინ თესავს ყანას, გლეხს აღარ უღირს… ეს პრობლემა მხოლოდ სოფელს არ დაატყდება, ეს დაასუსტებს ქალაქსაც,“ – ამბობს ქობულეთში მცხოვრები დიმა მიქელაძე. მას და კიდევ რამდენიმე მეყანეს ხვნა-თესვაზე ვესაუბრეთ, ვისაც 2026 წელს – არასაარჩევნო წელს – „ოცნების“ მთავრობა აღარ აფინანსებს.
საყანე ფართობები მაისში იხვნება და ითესება. ქობულეთში გვითხრეს, რომ წელს მხოლოდ რამდენიმე ჰექტარი დახნეს საკუთარი სახსრებით და ძვირი დაუჯდათ – საწვავის გაძვირების გამო 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის დახვნა 90 ლარი. ხვნა-თესვის სამუშაო, წესით, თვის ბოლომდე გრძელდება და ჯერ რთულია იმის თქმა, რა საყანე ფართობი დარჩა დაუხნავი.
სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამების ნაწილი, რომელიც სოფლის გაძლიერებასა და გლეხების მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული, გაჩერდა, მათ შორის, თხილის სუბსიდია და საყანე ფართობების ხვნა-თესვა. ფერმერებს არავინ განუმარტა, რატომ გაჩერდა მხარდაჭერის პროგრამები.
მეყანეებს გასული 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით უხნავდნენ საყანე ფართობებს. იმის მიუხედავად, რომ სოფლების დაცლის ტენდენცია გრძელდება, ხოლო ადამიანები ემიგრაციაში მიდიან, ან სეზონურად თურქეთში არჩევენ თხილის კრეფას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყანების ხვნა-თესვის დაფინანსებაც გააუქმა.
„მიმდინარე წელს ნიადაგის უფასო დახვნის ცალკე პროგრამის სახით გაგრძელების მიზანშეწონილობა არ არსებობს,“ – მოგვწერეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, როცა ხვნა-თესვის დაფინანსების გაუქმებაზე შეკითხვა დავსვით: ხომ არ უკავშირდება დაფინანსების გაჩერება იმას, რომ წელს „ოცნებას“ არჩევნები არ ელოდება?
ქობულეთელი მეყანეები უკმაყოფილონი არიან დაფინანსების გაუქმებით, თუმცა მიუთითებენ იმასაც, რომ როცა წინა წლებში ბიუჯეტის დაფინანსებით საყანე ფართობები იხვნებოდა, დახნული ფართობების თითქმის ნახევარი აუთვისებელი რჩებოდა.
„თოხის ხელში დაჭერა ვინმეს აღარ უნდა, ყველას ეზარება მუშაობა, მთავრობის რა ბრალია?“ – გვითხრა რამდენიმე მეყანემ. თუმცა რთული არაა იპოვო მეყანე, ვინც გეტყვის, რომ სინამდვილეში პრობლემას თავად ადგილობრივი მთავრობა ქმნიდა: თუ ქობულეთის მერიის წარმომადგენლები სოფლებში ერთმანეთთან შეთანხმებით იმუშავებდნენ და სათანადო ინფორმაციას შეაგროვებდნენ, ზუსტად იმდენი დაიხვნებოდა, რამდენიც საჭირო იყო.
მეყანეები რასაც ჰყვებიან, ეს აჩვენებს იმასაც, რომ არასწორი მენეჯმენტის გამო, პრაქტიკულად, ტყუილად იხარჯებოდა ბიუჯეტის ფული – იხვნებოდა საყანე ფართობები იმ მასშტაბით, რის მოთხოვნაც არ არსებობდა.
„როცა გვესმის, რომ თურმე მეყანეებს მუშაობა ეზარებათ, ეს, რა თქმა უნდა, არაა სწორი. ეს იყო გამგეობის თემა – ინფორმაცია უნდა შეჯერებულიყო და ყველაფერი რიგზე იქნებოდა… დახვნის შემდეგ ყანაში კიდევ ბევრი ხარჯია, მაგალითად, საყანე ფართობის შეღობვა, მეველე, გამარგვლის ხარჯები, სასუქი, ყველას არ უღირს ეს, ან არ აქვს საშუალება…
არ ვიცი, რატომ გააუქმეს დაფინანსება, მაგრამ ფაქტია, რომ ამით კიდევ უფრო გაუჭირდება სოფელს. ჩემს ოჯახს სულ ჰქონდა ყანა. წელს პირველად ხდება, როცა არ გვექნება ყანა,“ – გვიყვება დიმა მიქელაძე. მას, მაგალითად, „ტოგონის“ სახელით ცნობილ საყანე ფართობში ჰქონდა მიწის ნაკვეთი. მისივე თქმით, „ტოგონი“ წელს სავარაუდოდ სრულიად დაუხნავი დარჩება.
„როგორც ყველა დილას საუზმე უნდა ნებისმიერ ადამიანს, ისე მინდა მეც ყანა დავთესო, მაგრამ წელს დავრჩი, მგონი, უყანოდ,“ – ამბობს ახმედ მიქელაძე „ბათუმელებთან“. – „საყანე ფართობები თითქმის ცარიელია და მარტო 10 კაცისთვის ხომ არ დაითესება ყანა? დათესვას 1000 მეტრზე სულ ცოტა 80 ლარი მაინც უნდა… “
ახმედ მიქელაძე აღნიშნავს, რომ როცა დაუფინანსებლობის გამო მეყანეების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა, საერთო ხარჯი უფრო იზრდება, მაგალითად, შეღობვის, მეველის…
„დაგვიანებულია უკვე, მაგრამ 15 დღე კიდევ მაქვს ხელში. 80 კაცი რომ შევიკრიბოთ, იქნებ სადმე დავთესოთ ყანა,“ – ასრულებს თხრობას ახმედ მიქელაძე.
„სახელმწიფო ხნავდა, ფარცხავდა და ხალხი მაინც არ მუშაობდა, გაზარმაცებულია ხალხი… დაიხვნებოდა 30 ჰექტარი და ნახევარს არ იყენებდა ხალხი,“ – „ოცნების“ მთავრობის გაკრიტიკებას გლეხების პასუხისმგებლობის გააქტიურებას ამჯობინებს ომარ რომანაძე. ის ქობულეთის სოფელ აჭყვისთავში ცხოვრობს.
ომარ რომანაძეს კიდევ ერთ მეყანესთან ერთად დაუხნავს ჯამში 1 ჰექტარი. იგი ამბობს, რომ აჭყვისთავიდან – სადაც 330-მდე ოჯახი ცხოვრობს – დაახლოებით 10-12 ოჯახს ექნება წელს ყანა.
„ეს დაგვიჯდა 900 ლარი. მე თვითონ უნდა გავმარგლო ყანა, მუშას ფიზიკურად ვეღარც კი ნახავ, ყანაში კი არა, თხილის და მანდარინის საკრეფად ვეღარ ვპოულობთ მუშას. ადამიანებს ურჩევნიათ სხვაგან წასვლა, სხვაგან მუშაობა…
ამით რა მოგება მექნება? – არაფერი. ნატურალური, ჩემი ხელით მოყვანილი პროდუქტი მექნება და ესაა. ჩემი ხელის შრომას გამოვრჩები და ესაა. ოჯახისთვის გვინდა ძირითადად, ასევე საქონლისთვის,“ – ამბობს ომარ რომანაძე.
სწორია, როცა დაფინანსება შეგიწყვიტეს არგუმენტით, რომ დახნული ფართობების ნაწილი მთავრობის დაუგეგმავი მუშაობით აუთვისებელი დარჩა? – ვკითხეთ საუბრის ბოლოს მეყანეს.
„ალბათ, ვერ ქნა, არ ქნა, მთავრობამ. არ ვიცი,“ – მოკლე პასუხი არჩია ომარ რომანაძემ.
საქართველოში 266 636 პენსიონერსა და სოციალური შემწეობის მიმღებს აქვს აღებული საპენსიო სესხი.
სესხების მოცულობა ჯამურად 497 მილიონ 790 ათას 386 ლარია.
ინფორმაცია „ლიბერთი ბანკის მიერ“ ეროვნულ ბანკში წარდგენილი 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით გახდა ცნობილი.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სესხის ამღებთა რიცხოვნობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში საპენსიო სესხით 286 877 პენსიონერი და სოციალური შემწეობის მიმღები სარგებლობდა, თუმცა მათზე გაცემული სესხების ჯამური ოდენობა 432 მილიონ 691 ათას 925 ლარი იყო.
2026 წლის მონაცემებით, შემცირებულია სესხის მიმღებთა ოდენობა, ხოლო გაზრდილია საკრედიტო პორტფელის მოცულობა.
„ლიბერთი ბანკის“ მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს საკრედიტო ბარათებით გაცემულ სესხებს – 32.13 %, შემდეგ კი მოდის პენსიონერებსა და სოციალური შემწეობის მიმღებ პირებზე გაცემული სესხები.
კვარტალის შიგნით გაცემულ საპენსიო სესხებზე საშუალო შეწონილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 25.79 %-ია.
ცნობისათვის, პენსიონერები და სოციალური შემწეობის მიმღებები სესხში ყველაზე მაღალ პროცენტს იხდიან.
2023 წლამდე პენსიონერები სესხში 30 %-ზე მეტს იხდიდნენ. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად საპენსიო სესხებზე დაწესდა ზედა ზღვარი – 26%.
აჭარაში 100 წელს გადაცილებული 25 მოქალაქე ცხოვრობს – ასეთია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები.
აჭარაში მცხოვრები ყველაზე უხუცესი მოქალაქე 111 წლის ნაქიფე დავითაძეა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორექეთიდან.
მასზე მასალა „ბათუმელებმა“ 2022 წელს მოამზადა. დედაჩემმა 120 წელი იცოცხლაო – გვითხრა მაშინ ნაქიფე დავითაძემ.
„მუხლები მაწუხებს და ვერ ვიარები, თორემ რომ ვიარებოდე, საქმეს გავაკეთებდი, ცოტ-ცოტას. ახალგაზრდობაში ფერადი ტანსაცმელი მინდოდა, ახლა აღარ მინდა, დედაბერი ვარ. რომ დავბერდი, აღარ ვიცვამ ფერადებს. ათას რამეს ვაკეთებდი, ახლა ვზივარ და ვუყურებ ქვეყანას“ – უთხრა ნაქიფემ „ბათუმელებს“ 2022 წელს. მაშინ იგი 108 წლის იყო.
ნაქიფე 1914 წლის 4 ივლისს დაიბადა. მას 5 შვილი, 19 შვილიშვილი, 43 შვილთაშვილი და შვილთაშვილის შვილები ჰყავს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერის სპეციალური პროგრამა აქვს აჭარაში მცხოვრები, 100 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის. ერთჯერადი დახმარების ფარგლებში მოქალაქეს, რომელიც ასი და მეტი წლისაა, ყოველწლიურად 5 000 ლარი გადაეცემა.
სტატისტიკა აჭარის მაგალითზეც აჩვენებს, რომ 100 წელს გადაცილებულებს შორის უმრავლესობა ქალია.
ძველ ბათუმში ფასადების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. შენობების ნაწილი რამდენიმე ქუჩაზე ისევ ხარაჩოებშია ჩასმული. როგორც ადგილზე გვითხრეს, სამუშაოები შეიძლება წლის ბოლომდე გაგრძელდეს: „აივნები დაგვემატა, სადაც წყალი ჩადიოდა.“ პროექტის მენეჯერი კი დასრულებას სექტემბრის ბოლოს ვარაუდობს.
180 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, ხელშეკრულება 200 მილიონ ლარზეა გაფორმებული. სამუშაოები დიზაინ-ბილდინგის მეთოდით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის სრულდება 12 -სართულიანი კორპუსების მიმდებარედ არსებული ფასადების შეფუთვა ბათუმის დრამატული თეატრის მიმდებარედ. სამუშაოები მიდის ფარნავაზის ქუჩაზეც, ზოგან შენობები შეფუთულია, თუმცა ადგილზე არავინ დაგხვდა.
ძველი ბათუმის რეაბილიტაციაძველი ბათუმის რეაბილიტაცია
კომპანიას რიგ ტერიტორიებზე კონტეინერები ჩაუდგამს, სადაც სასადილო და დასასვენებელი ოთახები მოუწყვია, რიგ ადგილებზე ე.წ. კარავი აქვს გაშლილი, სადაც სამშენებლო მასალებია დალაგებული.
ძველ ბათუმში, რიგ ქუჩებზე დაუსრულებელია ტროტუარებიც. ტროტუარების ნაწილზე კი ნაგვის ურნებია განთავსებული ისე, რომ გავლაში ხელს შეგიშლით.
მიმდინარე სამუშაოები
ადგილზე სამუშაოებს პროექტის მენეჯერი გიორგი უმფრიანი ხელმძღვანელობს, მან გვითხრა, რომ სამუშაოები სექტემბერში უნდა დასრულდეს, იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი ვალდებულებები არ გაჩნდება:
„დასკვნით ეტაპზეა პროექტი, სამუშაოები, რომელიც ახლა დაწყებულია, სექტემბრის ბოლოს დასრულდება. თუ რაიმე დამატებითი შენობები გაჩნდება, ანუ დამატებითი სამუშაოები, არის მაგალითად, მისამართები, რომლებზეც რესტორნების მეპატრონეებმა ითხოვეს ვადის გადაწევა, რომ სეზონი არ ჩავარდეს. ჩვენი მხრიდან ამასთან დაკავშირებით მზაობა არის, ასევე მზაობა არის დამკვეთისგან. არ გვინდა, რომ ხელი შეეშალოთ“.
მან გვიპასუხა ასევე აივნებთან დაკავშირებით, საიდანაც „წალი ჩავიდა“ და როგორც ხელოსნებმა გვითხრეს, ამან დამატებითი სამუშაო გააჩინა.
„აივნებზე იზოლაცია არ იყო გაკეთებული, ეს არ იყო საპროექტო დავალება. საჭირო იქნება იზოლაციის გაკეთება, რომ შემდგომში აღმოიფხვრას ეს პრობლემები – ზოგს კერამოგრანიტი დაგებული აქვს, ზოგს არა აქვს და ეს იწვევს წყლის ჩაჟონვას“.
მიმდინარე სამუშაოები
მიმდინარე სამუშაოები
ძველი ბათუმის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მომზადება და შემდგომში ამ დოკუმენტის საფუძველზე სამუშაოების წარმოება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წელს შეისყიდა.
ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „საბა კონსტრაქშენთან“ 2023 წელს გააფორმეს. ხელშეკრულებას ხელს აწერს დავით ტაბიძე მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი. 2025 წლის ოქტომბერში ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით 300 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავესასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია. ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო.
გამოძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი ბინებისჩხრეკა ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიას, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის და სხვა პირების სახლებში – 20 სხვადასხვა ობიექტზე.
გახმაურებული დაკავებების შემდეგ „ოცნების“ მთავრობაში განაცხადეს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გადაცემული 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პროექტი პრობლემურია. თუმცა, არავის დაუზუსტებია ამ პრობლემურ პროექტებში ხომ არ არის ისტორიული ბათუმის რეაბილიტაციის ან ბათუმში, გმირთა ხეივნის მოწყობის პროექტი.
პროექტის ჩაბარებიდან მეორე წელს, რა მდგომარეობაშია გმირთა ხეივნის ინფრასტრუქტურა, ნახეთ აქ:
ხელშეკრულების მიხედვით 2023 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეისყიდა ძველ ბათუმში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამ დოკუმენტის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება.
პროექტი, რომელშიც ბიუჯეტიდან 200 მილიონი იხარჯება, საჯარო გაცნობისთვის არ გამოუქვეყნებიათ. პროექტს ზედამხედველობას უწევს შპს „სამეცნიერო, საპროექტო-ტექნოლოგიური საწარმო ინდუსტრია“.
თიბისის მობაილბანკის აპრილის განახლებებში საჭირო, საინტერესო და სასარგებლო სიახლეებზე მოგიყვებით, რომლებიც შენს ყოველდღიურ ციფრულ ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგება და ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებს.
სიახლეა ბარათის გაცემის პროცესში. ისედაც ძალიან მარტივი და სწრაფი პროცესი ახლა მეტად პერსონალიზებული გახდა – თუ ფიზიკური ბარათის საჭიროება არ გაქვს, შეკვეთის დროს უკვე შეგიძლია მხოლოდ ციფრული ბარათი აიღო, მაგრამ თუ მომავალში ფიზიკური ბარათიც დაგჭირდება, არც ეგ იქნება პრობლემა – მობაილბანკიდანვე მოითხოვ რომ ციფრულის ანალოგი დაგიმზადონ.
თუ ინვესტიციებით ხართ დაინტერესებული, მომდევნო სიახლე ნამდვილად შენთვისაა. რადგან ინვესტიციების მიმართ ინტერესი ყოველდღე იზრდება, თიბისის მობაილბანკის გუნდი ზრუნავს, რომ ერთ პლატფორმაზე იყოს თავმოყრილი ყველაფერი – შეფასება, რჩევები და უშუალო ყიდვა-გაყიდვაც – მომხმარებლის დროისა და ენერგიის დაზოგვისთვის.
აპრილის განახლებაში, ინვესტიციების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა:
ახალი ანალიტიკური ხელსაწყოები ინვესტიციების პლატფორმაზე – მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს ბაზრის დინამიკას, ნახოს კომპანიების ფინანსური შედეგები, გაეცნოს ანალიტიკოსების შეფასებებს და ეს ყველაფერი ერთ სივრცეში – მობაილბანკში.
დღის ტრენდები – სადაც მომხმარებელი ხედავს, დღის ჭრილში რომელი კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა, რომლების შემცირდა და რომელი აქციები ივაჭრებოდა ყველაზე მეტად;
კომპანიების კვარტალური შედეგებისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ნახვაც მობაილბანკშია შესაძლებელი;
უოლ სტრიტის ანალიტიკოსების შეფასებები, რეკომენდაციები და სამიზნე ფასები – რომელი აქციების ყიდვა-გაყიდვას გვირჩევენ დარგის წამყვანი ექსპერტები.
* გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
მუდმივად განახლებადი თიბისის მობაილბანკი შენთან ერთად ქმნის საუკეთესო ციფრულ გამოცდილებას, რაც კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას ნიშნავს.
დაელოდე მაისის განახლებებს, სადაც კიდევ არაერთი სიახლე და საჭირო ინფორმაცია გელოდება. მანამდე კი, გამოსცადე თიბისის მობაილბანკის შესაძლებლობები: https://app.tbcbank.ge/YiId/31kbj20v
„აქ არავინ გვიცნობს. გთხოვთ, დაწერეთ ჩვენზე, ღვთის სახელით, გთხოვთ“, – ამ შინაარსის შეტყობინებებს ამიდი დღეში რამდენჯერმე აგზავნის „ბათუმელების“ რედაქციაში. ის 43 წლის კაცია, რომელსაც არც მოქალაქეობა აქვს, არც დოკუმენტები და არც სამუშაო. ის ავადმყოფი დედის და საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის.
ამიდი ფოტოებს გვიგზავნის, რითაც გვიზიარებს დედის დიაგნოზს. ამბობს, რომ ჯანმრთელობის გამო არც მას შეუძლია მუშაობა. თავი მოწყალე ადამიანების მხარდაჭერით გააქვთ.
„დედას 4 სხვადასხვა ოპერაცია სჭირდება. ყოველ დღე წნევა აქვს 250-მდე. მეც თავში ძლიერი სპაზმი მაქვს, ყველა ძვალი – მენჯი, ხერხემალი, სახსრები, მუხლები მტკივა. სუსტად ვარ. გამუდმებით სასწრაფოს ვიძახებ. ჯერჯერობით, ექიმები გვშველიან.
მე წარმოშობით უზბეკეთიდან ვარ, დედაჩემი აზერბაიჯანის მოქალაქეა, მაგრამ ჩვენ საბუთები წაგვართვეს. დედას სახელმწიფო პენსიას არ აძლევს, არ გვეხმარებიან. მე ამიდ მამედოვი ვარ, 43 წლის. დედაჩემი, ქალბატონი სევილ მამედოვა კი 64 წლის არის“, – ეს სხვა შეტყობინებაა, რაც ასევე ამიდისგან მივიღეთ.
ამიდი ფიქრობს, რომ თუ მათ შესახებ სტატიას გამოვაქვეყნებთ „ბათუმელებზე“, მოქალაქეები დაეხმარებიან. ეს მათთვის იმას ნიშნავს, რომ ცოტა ხნით მაინც აღარ იქნებიან მშივრები და გადაიხდიან ოთახის მესაკუთრის ვალს, რომელიც ახლა უკვე 1300-მდე ლარია.
გასულ წელს დედა-შვილი თბილისში ცხოვრობდა, სადაც ბინას დღიურად ქირაობდნენ. როგორც ამიდი ამბობს, ბინის ქირას ვერ იხდიდნენ, 2800 ლარი დაუგროვდათ, ამის გამო ბინის მესაკუთრემ სახლიდან გამოაძევა, ხოლო მათი პირადი ნივთები და საბუთები, დაიტოვა. ამიდი ამბობს, რომ პოლიციასაც მიმართა, თუმცა ამაოდ.
სივილ მამედოვას თქმით, გადაუხდელი ქირის გამო, ბინის მეპატრონემ, ვისგანაც თბილისში ბინას ქირაობდა, დაიტოვა ბევრი მნიშვნელოვანი ნივთი, საბუთები და 300-მდე ლარი თანხაც.
ახლა დედა-შვილი ბათუმში დღიურად ქირაობს ბინას და ყოველ დღე ერთი და იგივე საწუხარი და პრობლემა აქვთ – როგორ გადაიხადონ ბინის ფული და როგორ იშოვონ საკვებისთვის საჭირო თანხა?
„2008 წლიდან სახლის გარეშე დავრჩით აზერბაიჯანში, მოატყუეს დედა, 3 000 დოლარად გაყიდა ბინა და ქუჩაში დავრჩით. ვმუშაობდი, მაგრამ ძალიან სუსტი, შერყეული ჯანმრთელობა მაქვს, მიჭირს ფიზიკურად შრომა.
8 წლის წინ საქართველოში ჩამოვედით. ევროპაში, მესამე ქვეყანაში გვინდა წასვლა, არ გვინდა აქ დავრჩეთ და ქუჩაში მოვკვდეთ“, – გვითხრა ამიდმა.
ბათუმში ამიდ და სივილ მამედოვები ისე ჩამოვიდნენ, რომ არანაირი პირადი ნივთი არ ჰქონდათ თან. აუცილებელი, პირველადი ტანსაცმლის შეგროვება შეძლეს, თუმცა ამიდი ამბობს, რომ პრობლემები ამით არ სრულდება.
„ყოველ დღე ქუჩაში ადამიანებს ვუყვები ჩემს ამბავს და დახმარებას ვთხოვ. არაერთმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა ჩამწერა, მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი გულგრილია, არ აინტერესებთ.
ამიდ და სევილ მამედოვების დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
შუახევში, ერთ-ერთ სოფელში დათვის ბელი სახლში შეიპარა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ოჯახმა 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა:
“ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა პატარა სტუმარი უსაფრთხოდ გამოიყვანეს სახლიდან, გამოკვებეს და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურს გადასცეს”.
დღეს, 15 მაისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს მოქალაქეებმა სხვადასხვა მოთხოვნით. მათ შორის იყვნენ ის პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და მთავრობას დახმარებას სთხოვენ.
საუბარია უსახლკაროებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან, მათ შორის, მარტოხელა დედები, შშმ პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები… ეს ადამიანები რამდენიმე წლის განმავლობაში მართავდნენ აქციებს ბათუმის მერიასთან და აჭარის მთავრობასთან, თუმცა წლებია მათი საცხოვრებელი პირობებით, შემოსავლებით ან მოთხოვნის რეალურობით „ოცნების“ მთავრობა არ დაინტერესებულა.
აქციაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა მზევინარ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტიდანაა, სოფელში საცხოვრებელი სახლი და კარ-მიდამო ბანკმა წაართვა და ამის გამო დარჩა უსახლკაროდ:
„მე გულის პრობლემები მაქვს, ამის გამო გამოვიტანე ბანკიდან სესხი, რომ მემკურნალა, მაგრამ სესხი ვეღარ გადავიხადე და სახლი დავკარგე.
ახლა ქალაქში ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში, ქირას ვეღარ ვიხდი, ამიტომ მოვითხოვთ, რომ ის ბინები, რომლებიც სახელმწიფომ თურქ ბიზნესმენს, გალიფ ოზთურქს ააშენებინა, სახელმწიფომ ჩვენ გადმოგვცეს.
15 მაისი, საპროტესტო აქცია ბათუმში15 მაისი, საპროტესტო აქცია ბათუმში
მოქალაქეები მთავრობის სახლის წინ რამდენიმე წუთით გაჩერდნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით და შეჩერდნენ იმ სამშენებლო ობიექტთან, რომლის მესაკუთრეც არის ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი.
უსახლკაროების აქციაზე მყოფი მოქალაქეთაგან რამდენიმე ქობულეთიდანაა. ისინი აცხადებენ, რომ ის მიწები, რომლებიც ქობულეთში გიორგი რამიშვილმა შეისყიდა, მათი მამაპაპისეული მიწებია, მათ ამ საკითხზე არ აქვთ სასამართლო დავა, თუმცა ბიზნესმენს სთხოვენ, მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
„ჩვენს წინაპრებს ჩვენი წონა ოქრო აქვთ ამ მიწებში გადახდილი. გვაქვს იმის დოკუმენტი, რომ ეს მიწები, რომელიც რამიშვილმა იყიდა სახელმწიფოსგან, ჩვენი საკუთრებაა.
ჯერ არ ვაპირებთ სასამართლოში დავას, ვცდილობთ მოლაპარაკებით მოვაგვაროთ ეს საკითხი“-ამბობს დარეჯან ანანიძე.
საპროტესტო აქციაში ეკომიგრანტების ჯგუფიც მონაწილეობდა. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ დააკმაყოფილოს საცხოვრისით.
„ეკომიგრანტი ვარ, „ოცნების“ ქალაქში ვცხოვრობდი ქოხში და შემდეგ ქირით გადამიყვანეს. მყავს შვილები და 6 შვილიშვილი. სამი თვეა ქირის თანხაც არ ჩამოურიცხავთ, ამიტომ გამოვედი“- ამბობს გუგული ხოზრევანიძე.
„ბათუმელები“ აქციის კიდევ ერთ მონაწილეს გაესაუბრა.
„აქციაზე იმიტომ მოვედი, რომ უსახლკარო ვარ, მარტოხელა დედა, ობოლი ბავშვები მყავს, ქირას ვიხდი 800 ლარს და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება დაგვეხმარება ბინით.
ბათუმში ჩამოსვლამდე ქედაში ვცხოვრობდი, ქმარი რომ დამეღუპა, მერე გადმოვედი ქალაქში, 16 წლის ბავშვს უწევს მუშაობა ბაზარში, რომ ქირის ფული გადავიხადოთ“- გვითხრა აქციაში მონაწილე ქალმა.
აქციაზე იმყოფებოდა ნანული ხოზრევანიძეც, ქალი, რომელიც ამბიობს, რომ ძალადობის მსხვერპლია ოჯახის წევრის მხრიდან. „მეუღლე ავად მყავს, გერმა კი სახლიდან ამომწერა, არც სახლში ცხოვრების უფლებას მაძლევს.
მემუქრებიან, მაგრამ ადვოკატის აყვანის საშუალება არ მაქვს და ვერ მივდივარ სასამართლოში. ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ და არ შემიძლია სასამართლოებში სიარული“- გვითხრა მან.
ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს ნუნუ კომახიძეც. „6 წელია აქციებზე დავდივარ და ვითხოვ საცხოვრისს. ავად ვარ, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ვეღარ ვვაჭრობ. მეუღლე აღარ მყავს, არც საკუთრება გამაჩნია“- გვითხრა მან.
აქციის მონაწილე პირები საუბრობენ მძიმე სოციალურ პირობებზე, უბინაობაზე, უმუშევრობასა და შემოსავლების სიმწირეზე, რომელიც არ სწვდება ოჯახების საჭიროებებს.
ზოგიერთი მოქალაქე უსახლკაროდ დარჩენის მიზეზად ასევე ასახელებს ჯანმრთელობის პრობლემებსაც.
აქციაზე იმყოფებოდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც უსახლკარობის გამო თავშესაფარში მოხვდნენ.
„ხულოში ვცხოვრობდი, მეუღლე მყავდა ავად და ამის გამო გამოვიტანე ბანკიდან ფული. ვერ გადავიხადე ვალი და დავკარგე საცხოვრებელი. დავრჩი მარტო და ახლა ვარ თავშესაფარში. მინდა, რომ სახელმწიფომ დამაკმაყოფილოს ბინით, რადგან თავშესაფარშიც არ გვაძლევენ დიდხანს გაჩერების უფლებას“- გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციაზე გამოვიდნენ ეკომიგრანტებიც. ისინი ამბობენ, რომ მთავრობა სთავაზობს, 50 ათას ლარად შეარჩიონ სადმე საცხოვრებელი და ეს თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან:
„სად უნდა მენახა ბინა ამ ფასად?“ – კითხულობს ეკომიგრანტი აკაკი მიქელაძე. ის ამბობს, რომ გეოლოგების დასკვნა აქვს, რომლის მიხედვითაც მის სახლში ცხოვრება საშიშია. აკაკი მიქელაძე შუახევიდანაა.
„ჩემს სახლთან მეწყერი შარშან ჩამოწვა… დასკვნა ისეთი მოგვცეს, რომ იქ საერთოდ არ იცხოვრება. ხელიც მოგვაწერინეს, რომ არ შეიძლება ჩემს სახლში ცხოვრება. გაგვიყვანეს ქირით. დედაჩემიც ბათუმში ჩამოვიყვანე, რადგან ექიმი სჭირდება, მასაჟები, ინსულტი აქვს გადატანილი… ქირას 500 ლარს მე თვითონ ვიხდიდი, 500 ლარს შუახევის მერია მიხდიდა, მაგრამ წელს აპრილის თანხა აღარ ჩაურიცხავთ… არ ვიცი, ალბათ ზაფხული მოვიდა და ადით ისევ სოფელშიო.
სოფელში დავბრუნდით. 4 მცირეწლოვანი შვილით ახლა ისევ ვცხოვრობ სახლში, სადაც ცხოვრება საშიშია… დედაჩემიც ვერ დამყავს ექიმთან. ესეც დიდი პრობლემაა,“ – გვითხრა აკაკი მიქელაძემ.
15 მაისი, საპროტესტო აქცია ბათუმში
ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი აქციიდან:
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ – შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი განვითარების შემდგომ ეტაპზე გადავიდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მის მიერვე, საინვესტიციო ვალდებულებების შესაბამისად შავი ზღვის აკვატორიაში შექმნილი 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრივატიზების პროცესი ეხება მიწის იმ ტერიტორიას, რომელიც კომპანიამ თავად შექმნა, შავი ზღვის აკვატორიაში. დღეისათვის, „ამბასადორი აილენდის“ საპროექტო არეალში უკვე შექმნილი და ექსპლუატაციაში მიღებულია 48 ჰექტარი მიწის ტერიტორია, საიდანაც 28 ჰექტარი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპანიას საკუთრებაში გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს პროექტის განვითარების პროცესში მნიშვნელოვან ეტაპს და კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ეფექტიან თანამშრომლობას მასშტაბური საინვესტიციო პროექტების აღსრულების მიმართულებით.
პროექტის განვითარების სწრაფი დინამიკა საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის მობილიზების ყველაზე მასშტაბურ ლოკაციას წარმოადგენს. ამ ეტაპისთვის, ოთხი ქართული კომპანიის მიერ სხვადასხვა პროექტებში ხორციელდება 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია. კუნძულის ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოები.
„ტერიტორიაზე, რომელიც კომპანიამ თავად შექმნა, საკუთრების უფლების მინიჭება პროექტის განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აძლიერებს პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობას, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მკაფიო სიგნალია, რომ საქართველო მზად არის მასშტაბური და გრძელვადიანი განვითარების პროექტების რეალიზებისთვის,“ – განაცხადა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა
პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ, „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან ფისკალურ და საინვესტიციო ეფექტს შექმნის. შეფასებების მიხედვით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 65 მილიონი აშშ დოლარის საგადასახადო შემოსავლების გენერირებას უზრუნველყოფს. საერთაშორისო კვლევების თანახმად დასაქმდება 20 000- მდე მოქალაქე.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის გამოცდებზე რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 82 ათასს გადააჭარბა.
ცენტრის ინფორმაციით, აქედან 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა.
სამაგისტრო გამოცდებს წელს 10 000-ზე მეტი კანდიდატი ჩააბარებს, ხოლო მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე 29 000 პირია დარეგისტრირებული.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების, დამატების, წაშლის ან გადანაცვლების განხორციელება აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ განათლების რეფორმიდან გამომდინარე, მომავალ სასწავლო წელს საჯარო სკოლებში მე-12 კლასი უქმდება და სკოლას ერთდროულად დაასრულებენ მე-12 და მე-11-კლასელები, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რაოდენობა გაორმაგდება, ეს კი გაზრდის კონკურენციას მისაღებ გამოცდებზე.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მათ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოცდებს 14 000-ზე მეტი აბიტურიენტი არ უნდა აბარებდეს.
„ოცნების“ ხელისუფლებას ასევე ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის“ ფარგლებში, თბილისში სტუდენტების რაოდენობა 60%-მდე შეემცირებინა.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.
2026 წლის 21 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა, რომლითაც მოთხოვნილია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და პარტია „ფედერალისტების“ აკრძალვა.
„პარტიების აკრძალვით იზღუდება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების და მათში გაერთიანებული პირების უფლებები, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციის მიერ მინიჭებული უფლება – განახორციელოს ხელისუფლება.
საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, პოლიტიკური პარტიების თავისუფალი საქმიანობა პლურალიზმისა და დემოკრატიის ფუნდამენტური კომპონენტია.
პარტიათა აკრძალვა დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელი არ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ამავდროულად, არ უნდა არსებობდეს უფრო მსუბუქი საშუალება იმავე მიზნის მისაღწევად.
პარტიის აკრძალვა უკიდურესი და პრაქტიკულად შეუქცევადი ზიანის მიმყენებელი ზომაა, შესაბამისად ეს ზრდის სასამართლოს პასუხისმგებლობას აღნიშნულ დავასთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგენილი სარჩელი არ შეიცავს საჭირო ფაქტობრივ მტკიცებულებებსა და სამართლებრივ არგუმენტებს, რაც შესაძლებელს გახდიდა თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის მოხმობას. კონკრეტული დანაშაულები, ასეთის არსებობის შემთხვევაში კონკრეტულ პირებს უნდა შეერაცხოთ, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება ამართლებდეს ლეგიტიმურ მიზანს. დემოკრატიული კურსიდან მკვეთრი გადახვევის, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევის, ძალადობრივი კანონშემოქმედების, მედიასა და არასამთავრობო სექტორზე მნიშვნელოვანი წნეხისა და რეპრესიების ფონზე, შეუძლებელია თავდაცვისუნარიანმა დემოკრატიამ თავისი დანიშნულება შეასრულოს,“ – აღნიშნულია საიას მიერ მომზადებულ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში.
საია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ოცნება“ თავის სარჩელში ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნას ეყრდნობა, რომლის გაზიარებაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ იქნება სწორი.
საია მოსაზრებაში მიუთითებს „ოცნების“ მიერ პოლიტიკური ძალებისთვის უკვე შექმნილ რეალობაზე:
„სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს არსებითად მძიმე პოლიტიკური კონტექსტის პირობებში, რომელიც ხასიათდება: ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში თავმოყრით, დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპების თანდათანობითი ეროზიით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ავტონომიური სამოქალაქო სივრცეების სისტემური შევიწროებით, ასევე, სამართლებრივი ჩარჩოს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ინსტრუმენტალიზაციით.
2019-2024 წლების პერიოდის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, საქართველო კლასიფიცირდება როგორც ჰიბრიდული პოლიტიკური სისტემა, რომელიც ავტორიტარული მმართველობის მიმართულებით ვითარდება.
ამ გარემოში პარტიის აკრძალვის პროცესის განხილვა სასამართლოსგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს და საერთაშორისო სტანდარტების მკაცრ გათვალისწინებას მოითხოვს.
„პლურალიზმის გარეშე დემოკრატია შეუძლებელია“. სწორედ ამიტომ, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შეფასება არა იზოლირებულად, არამედ იმ პოლიტიკურ/ისტორიული გარემოს გათვალისწინებით, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს დემოკრატიული პრინციპების დაცვისას,“ – ვკითხულობთ მოსაზრებაში.
საია პარალელს ავლებს ბელორუსთან, სადაც მსგავსი მიდგომებით დაასუსტეს და გააქრეს ოპოზიცია:
„ბელარუსში პარტიათა ლიკვიდაცია გამოიწვია ახალი კანონის მიღებამ 2023 წელს, რითაც მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება გაუჩნდათ.
ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ უარი განაცხადა ხელახლა რეგისტრაციაზე, ხოლო ზოგმა არასრული ინფორმაცია წარადგინა. შედეგად, იუსტიციის სამინისტრომ მიმართა უზენაეს სასამართლოს მათი ლიკვიდაციისთვის.
ახალი კანონის ფარგლებში მხოლოდ იმ პარტიების ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდა, რომლებიც პროსახელისუფლებლო იყვნენ.
ამ კანონის ფარგლებში დაიხურა არაერთი პოლიტიკური პარტია, რომლებიც წლებია ბელარუსში ოპერირებდნენ. ბელარუსის სახალხო ფრონტის პარტია, რომელიც 1993 წლიდან ფუნქციონირებს და ქვეყნის უძველეს ოპოზიციას წარმოადგენს, აგრეთვე დაექვემდებარა ლიკვიდაციას.
როგორც პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, ახალი კანონმდებლობის მიზანს წარმოადგენდა „სათამაშო მოედნის გაწმენდა დეკორაციული ორგანიზაციებისგან და იმ პოლიტიკური პარტიებისგან, რომელთა მიზანიც კონსტიტუციური წესწყობილებისთვის ძირის გამოთხრას წარმოადგენდა“.
საყურადღებოა, რომ ბელარუსის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 110 -წევრიან წარმომადგენელთა პალატაში არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი აღარ იყო წარმოდგენილი…“ – ვკითხულობთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო 13 სატვირთო მიკროავტობუსს იყიდის და შიგ რკინის გალიებს ჩაამონტაჟებს.
მიკროავტობუსების შესყიდვაზე სააგენტომ ტენდერი 1,4 მილიონი ლარით გამოაცხადა.
„შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2025 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული.
ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. სააგენტოსთვის ავტობუსების გადაცემის შემდეგ, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველთან შეთანხმებით უნდა უზრუნველყოს საბარგულში სპეციალიზებული გალიების, გვერდებზე და უკანა მხარეს კი საჰაეროების ჩამონტაჟება“ – აღნიშნულია ტენდერში.
სატვირთო მიკროავტობუსი გალიების ჩამონტაჟების შემდეგ / ფოტოები ტენდერიდან
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 10 ივნისს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 1 მილიონ 490 ათას 710 ლარი.
პირობის მიხედვით, მოდიფიცირებული/გადაკეთებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 120 დღეში.
სააგენტო აცხადებს ასევე, რომ „შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა“.
სურსათის სააგენტო მიუსაფარ თუ პატრონიან ძაღლებთან დაკავშირებით სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს. პროგრამებს თუ მათი განხორციელების მექანიზმს კი ხშირად აპროტესტებენ ცხოველთა დამცველები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
„მე აპოლიტიკური ვარ“ – ხშირად ისმის ეს ფრაზა ადამიანებისგან, როცა მათ ესაუბრები არამხოლოდ ქვეყნის საფრთხეზე და პროევროპული გზის ჩაკეტვაზე, არამედ პირად პრობლემაზე, რის გამოც საპროტესტო აქციაზე გამოვიდა.
„ჩვენ აპოლიტიკურები ვართ. ვიძახი, რომ ვინმემ არც ქოცები დაგვიძახოს, არც ნაცები“ – ამ მიმართვით დაიწყო, მაგალითად, ტაქსის მძღოლების 13 მაისის გაფიცვაზე სიტყვით გამოსვლა ტაქსის ერთ-ერთმა მძღოლმა და ორგანიზატორმა, ზურაბ ვასაძემ. ამ აქციაზეც და მანამდეც, როცა ტაქსის მძღოლები ტარიფების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ, მოისმენდით „ოცნების“ მთავრობის კრიტიკას დაჯარიმებაზე. „პარკირების ადგილი არაა, ვერსად გააჩერებ მანქანას, მგზავრს 2 წუთით რომ ველოდებით, 100-100 ლარით გვაჯარიმებენ, ესაა სამართალი?“ – გვეუბნებოდნენ ტაქსის მძღოლები.
მაგალითად, ისევ ტაქსის მძღოლების 21 აპრილის აქციაზე ბათუმში ერთი მძღოლი გვიყვებოდა, რამდენჯერ დააჯარიმეს უსამართლოდ, ამ დროს სხვა მძღოლმა შეაწყვეტინა საუბარი:
„მაგი აქციები გავმართოთ სხვა დროს… ეს გვაწუხებს, მაგრამ ჯერ გვაქვს საუბარი ტარიფებზე“, – აღნიშნა ტაქსის მძღოლმა, რომელსაც იქვე უთხრეს, რომ ჯარიმებიც მათი გადასახდელია.
„რატომ არ გსურთ ისაუბროთ ამ პრობლემაზე – ხელისუფლების კრიტიკას ერიდებით?“ – ჩავეკითხეთ ტაქსის მძღოლს.
„პოლიტიკას არ ვეხები მე“, – მივიღეთ პასუხი.
პოლიტიკა რომ ნებისმიერს ეხება, ეს შევახსენეთ, მაგალითად, კვადროციკლების გამქირავებელს. კვადროციკლების გამქირავებლები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ მას შემდეგ მართავენ აქციებს, როცა მათ ბულვარში მუშაობა უსაფრთხოების არგუმენტით შეუზღუდეს.
კვადროციკლები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან ჩაამწკრივეს პროტესტის ნიშნად. ყოველდღიურად იქვე იმართება პროევროპული საპროტესტო აქცია, მათ შორის, იმ მთავარი გზავნილით, რომ „ოცნების“ მთავრობას ადამიანის უფლებები არ აინტერესებს და საჭიროა სისტემური ცვლილება.
რატომ არ უერთდებიან კვადროციკლის გამქირავებლები პროევროპულ აქციას?
„აპოლიტიკური ვარ და არ მაინტერესებს,“ – კვადროციკლის გამქირავებელმაც ჩათვალა, რომ ეს ფრაზა „ამართლებს“. მას ვუთხარით, რომ პოლიტიკა უკვე შეეხო და, მათ შორის, მისი პრობლემა სწორედ პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ.
აქციის მონაწილეებს ისიც შევახსენეთ, რომ ფრაზა „აპოლიტიკური ვარ“ სინამდვილეში აბსურდია, რადგან შეუძლებელია პოლიტიკური პროცესის მიღმა გაჩერდე, როცა ასე აქტიურად აუარესებს მთავრობას შენს ცხოვრებას.
„ვის რა ჯანდაბად უნდა ჩემი სიმღერა თუ მე მოქალაქე არ ვარ და პოზიცია არ გამაჩნია,“ – წერდა რამდენიმე დღის წინ მუსიკოსი თამარ ჭოხონელიძე. მან ის ხელოვანები გააკრიტიკა, რომლებიც უსამართლობის წინააღმდეგ ხმას არ იღებენ.
„ჩემთვის, მაგალითად, ის მომღერლებიც და საერთოდ ხელოვანები, რომლებიც ახლა ჩირგვებში სხედან და ხმას არ იღებენ უსამართლობის წინააღმდეგ და უბრალოდ არ აღნიშნავენ იმას მაინც, რომ [მათი] შვილის ტოლები ციხეში არიან უსამართლოდ, ამდენი ხანია ვერავინ უმტკიცებს ბრალეულობას და მაინც ციხეში ჰყავთ… აი, ამაზე ხმას რომ არ იღებ და ჩირგვებში ზიხარ და ელოდები როდის მოვა შენი დრო… ვის უნდა ჩემი სიმღერა თუ მე პოზიცია არ მექნება… პოლიტიკა და პოზიცია სხვადასხვა რამეა და ეს ვერ გაიგეს“, – თქვა თამარ ჭოხონელიძემ.
„აპოლიტიკური ვარ“ – რას აჩვენებს ამ ფრაზის გააქტიურება? რასთან გვაქვს საქმე?
„ეს ფრაზა უნდა აღვიქვათ, როგორც იმედგაცრუება, რაც საკმაოდ სამართლიანია… პოლიტიკური პარტიების ადგილას მე ამ სიმპტომს მივიღებდი ძალიან სერიოზულად…,“ – მიიჩნევს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი. ის, პირველ რიგში, პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის ხიდჩატეხილობაზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც მისი დაკვირვებით ეს ფრაზა გამოხატავს.
რა ტიპის საზოგადოება ვხდებით, როცა ეს ფრაზა „აპოლიტიკური ვარ“ ხშირად ჟღერდება?
„მგონი, განსხვავებული მნიშვნელობები დევს ამ ფრაზაში. მაგალითად, ადამიანი გადის აქციაზე, რაღაცას ითხოვს, მაგრამ ამბობს, რომ ეს არ არის აპოლიტიკური პროტესტი. ცხადია, ნებისმიერი პროტესტი, როდესაც გადიხარ ქუჩაში და პოზიციას აფიქსირებ, რაღაცას ითხოვ, მაგალითად, მთავრობისგან, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს აპოლიტიკური. ეს წინააღმდეგობრივი პოზიციაა, მაგრამ, ჩემი აზრით, ადამიანები, სავარაუდოდ, გულისხმობენ პარტიულობას – არ უნდათ, რომ რაიმე ფორმით სხვების აღქმაში დაკავშირებული იყვნენ რომელიმე პარტიასთან.
ეს არის სიფრთხილე ან შიში იმის, რომ დააფიქსირო შენი პოლიტიკური პოზიცია ვიღაცის მხარდასაჭერად, ან წინააღმდეგ. ესეც არაა აპოლიტიკურობა – ვიცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი პროდუქტი საქართველოში ახალი ამბებია. საქართველოში ხალხს აინტერესებს პოლიტიკა.
ზაალ ანდრონიკაშვილი
იმის თქმა, რომ „მე ვარ აპოლიტიკური“, შეიძლება მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ ადამიანი უფრო მთავრობისკენ იხრება, ან ყოველ შემთხვევაში ამის იმედი აქვს – არსებობს ასეთი ქართული სიტყვა „დალაგება“. ეს სიტყვა თავისთავად ცუდს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ის მნიშვნელობა, რომლითაც ეს სიტყვა გამოიყენება, არის ის, რომ აი, „მთავრობასთან დავალაგებთ“
ძალიან ბევრი ფიქრობს ასე: რაღაც შეიძლება „დავალაგოთ“ პირდაპირ მთავრობასთან – მიხვალ და შეეხვეწები, იტყვი – „მე ოპოზიციონერი არა ვარ და მოდი, მე და შენ გავარკვიოთ ეს საქმე“. სინამდვილეში, ეს არის დიდი ილუზია. დიდი გამოცდილება გვაქვს უკვე ამის…
ასეთ რეჟიმს არ აინტერესებს პოლიტიკური კონსოლიდაცია არანაირი ფორმით. მათი გზავნილია: „მოდი, ხელოვნებას და სპორტს ნუ ჩავრევთ პოლიტიკაში“, ან კიდევ „პოლიტიკა არაა სტუდენტების საქმე“, ამ დროს თვითონ ყოველდღიურად ამას აკეთებენ: ხელოვნებასაც, სპორტსაც და ბიზნესსაც იყენებენ იარაღად საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
მაგრამ აქ პრობლემა იმაშია, რომ საერთოდ არავინ არის საქართველოში დაცული, მათ შორის, არც „ოცნების“ მოკავშირე. ამას ჩვენ ვხედავთ.
შეიძლება, მივიდნენ, მაგალითად, კვერცხის მწარმოებელთან და უთხრან – „ფასი დაწიე!“ უკვე იმ ფაზაში ვართ შესულები, როდესაც „ქართული ოცნების“ მომხრეებიც კი და ე.წ. აპოლიტიკურები, რომლებიც აქამდე არანაირად არ ერეოდნენ პოლიტიკურ პროცესში, არ არიან დაცულები რეჟიმის რეპრესიებისგან.
იმ ხალხს, ვინც რუსთაველზე დგას, არ აქვთ პრობლემა პროტესტის გამოხატვის, აქვთ ამისი ენა, საშუალება და ფორმები, ისინი დარჩებიან, მაგრამ ის ხალხი, რომელიც დღეს ამბობს, რომ აპოლიტიკურია, შეიძლება ისე გაქრნენ, მათი მომკითხავიც კი აღარავინ იყოს. ვგულისხმობ გაქრობას თავისუფალი სივრცეებიდან, პროფესიული საქმიანობიდან…
ეს არის ლოგიკა დახურული, ავტორიტარული სისტემის, სადაც პრინციპში შენი თვითიზოლაცია პოლიტიკური სივრცისგან ადრე თუ გვიან იწვევს შენსავე დაზარალებას. ირონიული ამ შემთხვევაში ის არის, რომ ეს ხალხი დღეს მაინც გამოდის ქუჩაში, ანუ პრინციპში სარგებლობს პროტესტის გამოხატვის დემოკრატიული ფორმით, რომელიც დემოკრატიული პოლიტიკის ქვაკუთხედია – სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება. ეს ხალხი ჯერ კიდევ მაინც ამ ინსტრუმენტით სარგებლობს. ეს შინაგანი წინააღმდეგობა სიმპტომია რაღაც სხვა მოვლენის,“ – აღნიშნა ზაალ ანდრონიკაშვილმა „ბათუმელებთან“.
„ოცნებას“ და მსგავს ავტორიტარულ, მავნე რეჟიმებს სურთ, მოქალაქე აღმოჩნდეს პოლიტიკის მიღმა“, – ამბობს პოლიტიკოსი, „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ქობალია. მას რეგიონებში მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრებზე ვესაუბრეთ და ვკითხეთ: რამდენად ხშირად მოისმინეთ პასუხი ადამიანებისგან, რომ ისინი აპოლიტიკურები არიან?
„ეს ბევრჯერ მოვისმინე, მაგრამ ყველაზე მეტად გაოცებული იმით დავრჩი, რომ, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ აპოლიტიკურები არიან, ძალიან კარგად ინფორმირებული არიან პოლიტიკურ პროცესებზე და აქვთ სათანადო ცოდნა. მე ძალიან პოზიტიურად გაოცებული ვიყავი ამ ადამიანების ანალიზის სიღრმესა და განათლების ხარისხში…“, – აჭარის მაღალმთიან სოფლებში მიღებულ შთაბეჭდილებას გვიზიარებს ირაკლი ქობალია.
ირაკლი ქობალია აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს
ირაკლი ქობალია რამდენიმე ფაქტორზე გვესაუბრება, რამაც მისი დაკვირვებით ამ დამოკიდებულების გააქტიურება გამოიწვია: „პოლიტიკა მე არ მეხება, აპოლიტიკური ვარ“.
„პირველი ამის შემადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის არარსებობა ამ სიტყვის ტრადიციული და კლასიკური გაგებით. როდესაც არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობა, შესაბამისად, კვდება ადგილობრივი პოლიტიკა. პრობლემას ქმნის მოცემულობა, როდესაც ქვემოდან ზემოთ არ მოდის ძალაუფლების ვექტორი და ადგილობრივ დონეზე ვერ ქმნი წარმომადგენლობით ორგანოს, რომელსაც აქვს ავტონომია, კომპეტენცია და რესურსები, რომ ეს იდეები გარდაიქმნას გადაწყვეტილებებში, გადაჭრას პრობლემები.
ამას, რა თქმა უნდა, განზრახ აკეთებენ მმართველი ჯგუფები, რომლებიც არიან ძალაუფლებაში სხვადასხვა დროს. ეს „ოცნების“ წინამორბედებსაც ეხება და სამწუხაროდ, ყველაზე უფრო დამახინჯებულ ვერსიას ვუყურებთ ჩვენ დღეს. ვიღაცას შეიძლება გზა გაუკეთონ, ან ჭიშკარი გაუკეთონ, ან რაღაც პრობლემა მოუგვარონ, მაგრამ საერთო ჩარჩო და ლოგიკა არის იმისკენ მიმართული, რომ ეს გამოიყენონ პარტიული ინტერესებისთვის და არა იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილობრივი პოლიტიკა გაძლიერდეს.
სოციალური დახმარება იქნება, დასაქმების პროგრამები თუ სქემები, მთლიანად აგებულია იმაზე, რომ ამ ადამიანებმა, ვინც არიან ბენეფიციარები ამ პროგრამების, თავი იგრძნონ დავალებულად, რომ ხმა მისცენ პარტიას, რომელმაც ეს საქმე გაუკეთა. მიუხედავად იმისა, რომ საბიუჯეტო ფინანსებზე ვსაუბრობთ. საკუთარ აღქმაში ისინი დავალებულები არიან კონკრეტულ პარტიასთან, რომ უნდა იყვნენ ლოიალურები,“ – ამბობს ირაკლი ქობალია. იგი საუბრობს რეალობაზე, როცა მოქალაქეების პრობლემები განსაკუთრებით სოფლებში შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს, თუ მას შესაბამისი მხარდაჭერა არ ექნება და „ოცნების“ მიერ დანიშნული სოფლის თავკაცი აითვალწუნებს.
კიდევ რატომ აწყობს „ოცნებას“ ამ პოზიციის გაძლიერება – „აპოლიტიკურები ვართ?“
„მმართველი პარტია ისე წარმართავს ქვეყანაში პოლიტიკურ ცხოვრებას, რომ მის ოპონენტებს თუ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთა არსებობაც ლეგიტიმურია დემოკრატიულ სისტემაში, წარმოაჩენს მტრებად, მოწინააღმდეგეებად, ძალიან მძიმე ბრალდებებს იყენებს მათ წინააღმდეგ და გამორიცხავს მათთან თანამშრომლობას. მაშინ, როცა ძალაუფლება სრულად კონცენტრირებულია მმართველი ჯგუფის ხელში და ყველა სხვა გამოცხადებულია მიუღებლად, მტრად. ადამიანი ამ ვითარებაში ფიქრობს, რომ არ ითანამშრომლოს იმ სხვა ჯგუფთან, რადგან შეიძლება დახმარება დაკარგოს.
ჩემი აზრით, რაციონალურია სტრატეგია, რასაც ადამიანები ირჩევენ. ისინი ერიდებიან პოლიტიკური ორგანიზების ნებისმიერ ფორმას, რადგან შეიძლება ამან გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი გარიყვა და რისხვა მმართველი პარტიის მხრიდან.
ეს ავტორიტარული რეჟიმის ოცნებაა, რომ ადამიანები მთლიანად ემიჯნებიან პოლიტიკურ პროცესს. აპოლიტიკური ადამიანი არის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მიღმა. ასეთი ადამიანი პრობლემას ვერ შეუქმნის რეჟიმს.
რეალურად დემოკრატიული იდეა იმაზე დგას, რომ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფი ორგანიზდება და შემდეგ ერთმანეთთან კონკურენციაში შედის, რა თქმა უნდა, ცივილური მეთოდებით. შემდეგ არჩევნებით, შეთანხმებით, კონსენსუსით ან კომპრომისით მიიღება გადაწყვეტილებები – ეს არის დემოკრატიული ტრადიცია. ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ ადგილობრივ, თუ ცენტრალურ დონეზე, ამის საპირისპიროა,“ – აღნიშნა ირაკლი ქობალიამ „ბათუმელებთან“.
ირაკლი ქობალია საუბრობს ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც:
„ეს არის ოპოზიციის პრობლემაც – მას უჭირს დაარწმუნოს ადამიანები, რომ სხვაგვარი ქცევა შესაძლებელია, უფრო მეტი პოლიტიკური ჩართულობით და კოლექტიური ორგანიზებით შედეგებზე გასვლა. ჩვენი მიზანიც ისაა, რომ ადამიანებმა დაინახონ პოლიტიკური ძალა, ვისთანაც შეიძლება თანამშრომლობა. მათ უნდა იგრძნონ საკუთარი ძალა, რაც უნდა გამოიყენონ პოლიტიკური ბრძოლისთვის.
ეს მალე ვერ მოხდება, მაგრამ ვიწყებთ იქიდან, სადაც ახლა ვართ.
ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ განზრახვა, რომ ადამიანები პოლიტიკურ პროცესს მიღმა აღმოჩნდნენ. ფიქრობს, რომ მას ეს დაეხმარება დიდი ხნით შეინარჩუნოს ძალაუფლება… ნაწილობრივ მაინც მიაღწია ამას „ოცნებამ“, რადგან აპათია იკითხება ამ ფრაზაში – „აპოლიტიკურები ვართ“. ეს ფრაზა აბსურდია, რადგან ჩვენ ვმოძრაობთ ტრანსპორტით, მოვიხმართ ჯანდაცვას, ჩვენი შვილები დადიან სკოლაში ან უნივერსიტეტში… შესაბამისად, იზოლირება, სრული განკვეთა საზოგადოებიდან არ ხდება.
აპოლიტიკური ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ამბობს, რომ ხმას ფასი არ აქვს, მისი ხმა არსად ისმის და ის გავლენას ვერ ახდენს იმაზე, რომ შეცვალოს თავისი ცხოვრება.
ადამიანები, რომლებიც არიან აპათიაში და უიმედობაში, ძალიან ვიწრო გადმოსახედიდან უყურებენ იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ. სინამდვილეში დემოკრატიულ ვითარებაში ადამიანი, ინდივიდი, ამომრჩეველი არის მთავარი სუბიექტი და მოქმედი პირი“, – უთხრა ირაკლი ქობალიამ „ბათუმელებს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, პოლონეთის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებული პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
სასკოლო ფორმების შესაძენად საჭირო ბაზრის კვლევა თავიდან გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.
„2026 წლის 14 მაისს, ბაზრის კვლევის პროცესში, კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, ბაზრის კვლევით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა,“- წერს განათლების სამინისტრო.
სასკოლო ფორმების შესაძენად ბაზრის კვლევა განათლების სამინისტრომ 3 აპრილს გამოაცხადა.
კვლევა 2026-2027 სასწავლო წლისთვის, საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების 1 801 000 ცალი სასკოლო ფორმის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას ადგენდა.
29 აპრილს სამინისტრო, კონკრეტულად შპს „საგანმანათლებლო რესურსები“, დაჩქარებული წესით ითხოვდა მთავრობისგან 44 900 000 ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვას. თუმცა 14 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ, რომელმაც ბაზრის კვლევისთვის ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, ვერ დააკმაყოფილა სამინისტროს მოთხოვნები და საბოლოოდ უარი თქვა შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე.
სამინისტროს განცხადებით, „საგანმანათლებლო რესურსები“ ბაზრის ახალ კვლევას გამოაცხადებს სასკოლო ფორმების შესყიდვაზე. თუმცა განცხადებაში დაზუსტებული არ არის გამოცხადების თარიღი.
არც ბაზრის კვლევის და არც გამარტივებული შესყიდვის ეტაპზე საჯაროდ არ ჩანს რომელი კომპანია სთავაზობდა სამინისტროს ფორმების შეკერვას და რა ფასად. ტენდერის გარეშე მომსახურების შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად „საგანმანათლებლო რესურსების“ განცხადება შესყიდვების სააგენტოს დღეს, 15 მაისს უნდა განეხილა, თუმცა შესყიდვების პორტალის მიხედვით „საგანმანათლებლო რესურსებმა“ ეს განცხადება 14 მაისს უკან გაიხმო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 346 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 935 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 24 569 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 42 085 ერთეული [+32]
MLRS – 1 788 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 379 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 352 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 291 458 ერთეული [+1 780]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 388 ერთეული [+7]
გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 96 540 ერთეული [+185]
სპეცტექნიკა – 4 184 ერთეული [+1]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 626 ერთეული [+41]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„20 წელია დიაბეტზე ვმუშაობ და მინდა, რომ ეს დაავადება საბოლოოდ დავამარცხოთ“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი ეკატერინე ბერიშვილი-ბერნეი, რომლის ხელმძღვანელობით შექმნილმა სამეცნიერო ჯგუფმა ბიოხელოვნური პანკრეასის შექმნაზე მუშაობა დაასრულა. პროექტს 8 მილიონი ევროთი ევროკავშირი აფინანსებს.
როგორ მიაღწიეს მეცნიერებმა ამ შედეგს და რას შეცვლის მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში ბიოხელოვნური პანკრეასი, თუკი ახალი აღმოჩენა ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების მკურნალობაში საბოლოოდ დაინერგება? – ამ თემაზე ვესაუბრეთ ქართველ მეცნიერს.
ქალბატონო ეკატერინე, ის მიღწევები, რაც თქვენს სამეცნიერო ჯგუფს აქვს დიაბეტის მკურნალობაში, ბევრი ადამიანისთვის გახდება იმედისმომცემი. მოგვიყევით ამ ახალ აღმოჩენაზე, როგორ მიაღწიეთ ამ შედეგს და რა დრო დასჭირდება ამ აღმოჩენის საბოლოოდ დანერგვას?
პანკრეასი არის ორგანო, რომელიც მონაწილეობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში და ასრულებს ენდოკრინულ ფუნქციას, გამოყოფს ინსულინს და არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.
როცა ტიპი 1 დიაბეტი აქვთ ადამიანებს, ინსულინი აღარ გამომუშავდება პანკრეასში და შაქრის დონე სულ მაღალია. მაღალი შაქარი კი აზიანებს ორგანოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და აქედან გამომდინარე, პაციენტებმა ინსულინი უნდა იკეთონ მთელი ცხოვრების მანძილზე.
ჩვენ შევქმენით მინიკონსტრუქცია, ანუ ბიოხელოვნური პანკრეასი, რომელიც თავის თავში მოიცავს იმ უჯრედებს, რომლებიც ინსულინს გამოყოფენ და ამ კონსტრუქციას გადავუნერგავთ ადამიანებს.
კვლევის პროცესში ჩვენ ეს კონსტრუქცია გადავუნერგეთ პატარა თაგვებს, რომლებსაც ჰქონდათ დიაბეტი და მოვარჩინეთ დიაბეტისგან.
მომავლისთვის ველით იმას, რომ ეს მინიორგანო შეითავსებს ადამიანის დაზიანებული ორგანოს ფუნქციას, თავის თავზე აიღებს ინსულინის გამოყოფას შაქრის მატების საპასუხოდ და პაციენტებს აღარ დასჭირდებათ ინსულინის ინექციები.
ანუ დაზიანებული პანკრეასის ადგილს დაიკავებს ეს ახალი ორგანო?
პანკრეასი დარჩება, მას ხელს არავინ ახლებს, ჩვენ ჩავუნერგავთ პატარა კონსტრუქციას პაციენტებს, რომელიც მიღებული იქნება ორგანოების ბიოინჟინერიით და ამ გზით მიღებული ეს მინი ორგანო შეასრულებს ენდოკრინული პანკრეასის ფუნქციას.
რამდენი ხანია რაც ამ სიახლეზე მუშაობს თქვენი სამეცნიერო ჯგუფი და რა პროცესების გავლა მოგიწევთ იქამდე, სანამ ეს პაციენტებისთვის გახდება ხელმისაწვდომი?
დღეისთვის ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მივაწოდებთ საზოგადოებას ინფორმაციას, რომ ადამიანებს არ მივცეთ ფუჭი იმედები და ნაადრევი დასკვნები არ გავაკეთოთ.
ახლა, ამ ეტაპზე, პატარა თაგვები გვყავს მორჩენილი, თუმცა ეს არის ძალიან დიდი მიღწევა დიაბეტის დამარცხებაში, მაგრამ აუცილებელია ამ მეთოდის გადაყვანა მოზრდილ წონაზე. ადამიანი ხომ არ არის 25 გრამი, 60-70 კილოგრამია საშუალოდ, ამიტომ, ჩვენ უნდა გავზარდოთ ზომებში ეს კონსტრუქცია და მეორე ნაწილი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია – კარგად უნდა შევისწავლოთ უსაფრთხოება.
შემდეგ უნდა მივიღოთ სპეციალური მარეგულირებლის ავტორიზაცია ევროპაში. როცა რაიმე ახალი წამალი ამ მეთოდი მუშავდება, ლაბორატორიიდან სანამ პაციენტებამდე მივა, ამას სჭირდება კლინიკური კვლევები. პირველი, მეორე, მესამე ფაზა და ამ ფაზებს სჭირდება თანხები, კვლევა და დრო.
ვერ ვიტყვი, რომ მაგალითად, ამას გავაკეთებთ ხუთ წელიწადში. ის, რაც სამეცნიერო ნაწილს ეხება VANGUARD-ის პროექტზე, რომელშიც მსოფლიოს 6 წამყვანი უნივერსიტეტის სპეციალისტები მონაწილეობენ და რომელმაც ეს მინიორგანო შეიმუშავა, ხუთ-ნახევარი წელი გაგრძელდა, ამ დროში ჩვენ მივაღწიეთ კარგ შედეგს და კმაყოფილი ვართ.
ძალიან ბევრი რამ ჩვენზე, მეცნიერებზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია მარეგულირებელ სააგენტოებზე, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მივიღებთ დაფინანსებას და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ ახლა.
ყოველ შემთხვევაში, იმედი, რომ დიაბეტი დამარცხდება, არსებობს?
იმედი კი არ გაჩნდა, ჩვენ შედეგი გვაქვს და ამ შედეგის გადატანაა საჭირო ლაბორატორიიდან კლინიკურ გამოყენებამდე. ამ გზის დასაწყისში ვართ.
როდესაც ასეთი მიღწევა ჩნდება ჯანდაცვაში, როგორ მუშაობს სისტემა, ვთქვათ, ევროპაში, დაფინანსების მოპოვება მაინც რთულია, თუ უწყობენ ხელს მეცნიერებს?
აქ თუ რაიმე დროში იწელება, მხოლოდ იმიტომ, რომ ზრუნავენ პაციენტის უსაფრთხოებაზე. ახლა უნდა გაკეთდეს იმ კონსტრუქციის პროტოტიპი, რომელიც ჩვენ შევქმენით, ოღონდ აბსოლუტურად გაკონტროლებულ პირობებში.
აქ ჰაერის სისუფთავესაც აკონტროლებენ, ჰაერში არ უნდა იყოს ერთი მტვრის ნაწილაკიც კი, რომელმაც შესაძლოა პოტენციურად რაიმე გავლენა იქონიოს პაციენტზე ან კონსტრუქციაზე.
ის, რაც ინერგება ადამიანში, აბსოლუტურად კონტროლირებად გარემოში უნდა იყოს შექმნილი, ყველა რეაგენტი უნდა იყოს გაკონტროლებული, უნდა ვიცოდეთ საიდან მოდის, რა რისგან არის შექმნილი, რამდენად სერტიფიცირებულია და ასე შემდეგ. ძალიან შრომატევადია ეს პროცესი და ამ ამოცანის სათავეში ვართ ახლა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გზას გავივლით.
როდესაც რაიმე ახალ მოღწევაზეა მედიცინაში საუბარი, იქნება ეს მედიკამენტი თუ რაიმე მეთოდი, ხშირად, ნაკლებად ხელმისაწვდომია რიგითი ადამიანებისთვის. თქვენი პროგნოზი როგორია, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ახალი პანკრეასი ყველა პაციენტისთვის?
არაერთი სტატია მაქვს ამაზე გამოქვეყნებული და ჩემი ინტერესის ერთ-ერთი სფეროა, რომ მეთოდი, რომელიც იქმნება მკურნალობისთვის, უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის და მხოლოდ ელიტებისთვის არ უნდა იყოს განკუთვნილი.
არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მდიდარი ქვეყნებისთვის, რა შემთხვევასაც წავაწყდით, მაგალითად, კოვიდპანდემიის დროს, როცა თავიდან ვაქცინა ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მდიდარი ქვეყნებისთვის და არა ყველასთვის. არ ვარგა ასეთი რამ.
ჯანდაცვა უნდა იყოს უნივერსალური და ნებისმიერ ადამიანს – მდიდარია ის თუ ღარიბი, ერთნაირად უნდა ჰქონდეს წვდომა წამალსა და მკურნალობაზე.
ჩვენი მთავარი მიზანია, ეს ახალი აღმოჩენა დიაბეტის მკურნალობაზე იყოს იმდენად იაფი, რომ ნებისმიერმა სახელმწიფომ შეძლოს მისი შეძენა. როდესაც ინერგება მეთოდი, შემდეგ სახელმწიფო იღებს თავის თავზე მისი შესყიდვის პასუხისმგებლობას, პაციენტის სადარდებელი არ უნდა იყოს ეს საკითხი.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ადამიანის მკურნალობა და ჯანდაცვა.
თუმცა, არადემოკრატიულ ქვეყნებში ნაკლებად ზრუნავენ ადამიანების ჯანმრთელობაზე. იცით ალბათ, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ღამეებს ათენებენ თბილისში კანცელარიასთან, თუმცა სახელმწიფო უარს ეუბნება ბავშვებს წამალზე.
ასეთ შემთხვევაში წამლის ფასსაც არ აქვს ხოლმე მნიშვნელობა, თუმცა მკურნალობას ისეთი ფასი უნდა ჰქონდეს, რომ ჩვენნაირი ქვეყანა უნდა შესწვდეს. ჩვენს შემთხვევაში მილიონებზე არ უნდა იყოს საუბარი. მილიონებს ევროპაშიც კი ვერ გადაიხდიან. რაღაც ზღვარი უნდა არსებობდეს.
რამდენ ადამიანს აქვს ტიპი 1 დიაბეტი მსოფლიოში?
9 მილიონზე მეტ ადამიანს და ძალიან სწრაფად იზრდება ეს რიცხვი ყოველწლიურად. მარტო ევროპაში 2,2 მილიონია. საქართველოს სტატისტიკა ჩემთვის არის რაღაც ენიგმა, რადგან არავინ აქვეყნებს სტატისტიკას.
ვიცი, რომ 1500 ბავშვია ამ ტიპის დიაბეტის მქონე და ესეც იმიტომ ვიცი, რომ ერთი პერიოდი ბავშვებს არ ჰქონდათ გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის აპარატები და ამაზე იყო ერთი ამბავი.
ბიოხელოვნური პანკრეასის ჩასმა ერთხელ მოხდება ადამიანის ორგანიზმში, თუ შეიძლება დასჭირდეს, ვთქვათ, გამოცვლაც? თუ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი?
ამას ვერ გეტყვით, დრო გვაჩვენებს. ჯერჯერობით, ახლა რაც გადავნერგეთ თაგვებში, კარგად მუშაობს და შეცვლა არ გვჭირდება, მაგრამ კლინიკური კვლევები რას გვიჩვენებს, ამის თქმა ნაადრევია.
თაგვების შემდეგ რომელი ეტაპი მოდის, რადგან თქვენ თქვით, რომ უნდა გაზარდოთ კონსტრუქციის მოცულობა?
წესით, ახლა უკვე ლაბორატორიაში უნდა დავიწყოთ ცოტა დიდი ზომის პროტოტიპების შექმნა და იმედი მაქვს, რომ ღორებზე შევძლებთ ამის გაკეთებას. უკვე გვინდა კლინიკური კვლევების დაშვებაც.
როდესაც რაღასაც ვნერგავთ ადამიანის ორგანიზმში, ვიცით, რომ იქ არის იმუნური სისტემა, რომელიც იშორებს ყველანაირ უცხოს, ამიტომ ორგანიზმმა რომ არ მოიცილოს ეს უცხო [კონსტრუქცია], უნდა დავუთრგუნოთ ადამიანს იმუნური სისტემა, რაც იწვევს გვერდით მოვლენებს.
ამიტომაც გვაქვს ასეთი ამოცანა ახლა, რომ ისე გავაუმჯობესოთ კონსტრუქცია, რომ აღარ დაგვჭირდეს იმუნური სისტემის დათრგუნვა პაციენტებში და ეს თუ მოვახერხეთ, მაშინ ნებისმიერ პაციენტს გამოადგება, ვისაც ტიპი 1 დიაბეტი აქვს.
თქვენ გარდა კიდევ რამდენი ადამიანი მუშაობდა ამ კვლევაზე?
VANGUARD-ის პროექტია და ვიმუშავეთ ნახევარი წელიწადი, კონსორციუმი შედგებოდა 6 პარტნიორისგან და ჩვენ გარდა სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული: იმუნოლოგები, დიაბეტოლოგები, გენური ინჟინერიის სპეციალისტები, ასევე ეთიკის სპეციალისტები, რადგან ესეც მნიშვნელოვანია. საკმაოდ სოლიდური ჯგუფი იყო, ევროპის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები გავერთიანდით ერთი პრობლემის ირგვლივ.
კვლევა მიმდინარეობს ჟენევაში და მას ევროკავშირი აფინანსებს.
დიდი ხანია რაც ევროპაში მუშაობთ?
საქართველოში ვმუშაობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ვიყავი სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, შემდეგ გადავედი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და დღემდე ილიას უნივერსიტეტის პროფესორიც ვარ, ჩამოვდივარ ხოლმე და ლექციებსაც ვკითხულობ.
ილიას უნივერსიტეტში რაც ახლა ხდება, „ქართული ოცნების“ ე.წ. რეფორმის ფარგლებში, ამაზე რას ფიქრობთ? უნივერსიტეტის რექტორატისგან გვესმოდა, რომ ხელისუფლების მხრიდან ასეთი უხეში ჩარევები დაანგრევს მეცნიერებას და ზოგადად, განათლების სისტემას, თქვენ თუ ეთანხმებით ამ შეფასებას?
ძალიან ნეგატიურად ვუყურებ ამ ყველაფერს, ცხადია, და რაზეც უნივერსიტეტის რექტორი საუბრობდა, ყველაფერზე ვაწერ ხელს და ვეთანხმები იმაში, რომ ილიაუნის ასეთი ნგრევა იქნება ძალიან დიდი დანაკარგი საქართველოსთვის.
ილიას უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია კავკასიის რეგიონში. სამეცნიერო პოტენციალი, რაც ამ უნივერსიტეტშია და რასაც რუდუნებით აკოწიწებდნენ ამდენი წლის განმავლობაში, ერთი ხელის მოსმით უნდათ რომ დაანგრიონ და როგორ შეიძლება ეს კარგი იყოს.
ნებისმიერი ადამიანისთვის ცხადზე ცხადი უნდა იყოს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.
თქვენ თქვით, რომ ევროკავშირმა დააფინანსა თქვენი კვლევა. საქართველოში ძალიან ცოტა ფული იდება ხოლმე მეცნიერებაში და რაც იყო, ისიც უცხოური დონორების დაფინანსებით კეთდებოდა. ახლა, როცა უცხოური დაფინანსება ფაქტობრივად შეზღუდა და აკრძალა „ოცნებამ“, რა დაემართება სამეცნიერო კვლევებს საქართველოში, თუკი დიდხანს გაგრძელდება იზოლაცია ევროპასთან?
ჩამორჩება საქართველო ყველაფერს და არანაირ რადარზე აღარ იქნება. დასანანია უბრალოდ.
საქართველოს ბაქტერიოფაგი და ფაგები, აშშ-ში და ევროპაშიც ძალიან ცნობილია, ქართველ მეცნიერებს აქვთ იმის პოტენციალი, რომ განვითარდნენ და იმის მაგივრად, რომ ამაზე გავამახვილოთ ყურადღება და კიდევ უფრო გავაძლიეროთ სამეცნიერო კვლევები, ვანგრევთ.
როგორ ფიქრობთ, საქართველოში რომ დარჩენილიყავით, შეძლებდით იმ მიზნის მიღწევას, რასაც ჟენევაში მიაღწიეთ, როგორც მეცნიერმა?
არა მგონია, რადგან ეს პროექტი დაფინანსებული იყო 8 მილიონი ევროთი. საქართველოში ამხელა თანხას არავინ მოგვცემდა კვლევისთვის. ამიტომ ჩვენ კი არ უნდა დავანგრიოთ და გავანადგუროთ ის ინფრასტრუქტურა, რაც ახლა გვაქვს, ამას უნდა დავაშენოთ.
არ შეიძლება გქონდეს ევროპისგან კეთილდღეობა, მაგრამ იზიარებდე რუსულ ღირებულებებსაც. არ გამოდის ასე, არანაირად, შეუთავსებელია ეს ერთმანეთთან.
ამიტომ უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთხელ და სამუდამოდ, რა გვსურს, საით მივდივართ. თუ გადავწყვეტთ, რომ რუსეთში მივდივართ, ისიც უნდა გავიაზროთ, იქ რა გველოდება, რადგან წარსულში გვქონდა უკვე ამის გამოცდილება.
ძალიან ბევრი კარგი მეცნიერია საქართველოში, რომელიც ვერ ახერხებს დღეს დაფინანსების მიღებას, ამიტომ არის ევროპასთან ჩვენი ინტეგრაცია მნიშვნელოვანი, რომ ეს სიკეთეები ჩვენმა ქვეყანამაც მიიღოს.
20 წელია დიაბეტზე ვმუშაობ და მინდა, რომ ეს დაავადება დავამარცხოთ. თუ ამ დაავადებას დავამარცხებ, მაშინ ვიტყვი, რომ ჩემმა შრომამ ნაყოფი გამოიღო.
_______________
ფოტო: შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდი – snf.ch
„გაცნობებთ, რომ თქვენს ინდექსირებულ სესხზე შეიცვალა საპროცენტო განაკვეთი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ დისტანციურ არხებში ან მიმართეთ ფილიალს,“ – მსგავსი შინაარსის შეტყობინება მიიღო საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ, ვისაც სესხები ლარში აქვთ აღებული და ეს სესხები ცვლად საპროცენტო განაკვეთზეა მიბმული.
მათ სესხები გაუძვირდათ.
ამ შეტყობინებებს წინ უსწრებდა საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მიერ 7 მაისს მიღებული გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შესახებ.
რეფინანსირების განაკვეთის მომდევნო განახლების თარიღად სებს 17 ივნისი აქვს მონიშნული.
მარტივად – მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ანუ იგივე რეფინანსირების განაკვეთი, არის საპროცენტო განაკვეთი, რომლითაც ეროვნული ბანკი აძლევს სესხს კომერციულ ბანკებს.
როცა ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ეს ნიშნავს, რომ ბანკებისთვის ძვირდება სესხის აღება, რაც თავის მხრივ, იწვევს იმას, რომ კომერციულ ბანკებში მოსახლეობას უძვირდება სესხის აღება. შედეგად, მცირდება ფულის ხარჯვა და მცირდება ინფლაცია.
რეფინანსირების განაკვეთით ეროვნული ბანკი აკონტროლებს ინფლაციას, ეკონომიკურ ზრდას და ფულის მიმოქცევას ქვეყანაში.
რას შეცვლის რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა და რა გავლენა ექნება ინფლაციაზე?
ეკონომისტები თანხმდებიან, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ყველა სექტორზე ექნება გავლენა. თუმცა ეს არ მოხდება სწრაფად.
„რეფინანსირების განაკვეთის ზრდა იწვევს კომერციული სესხების განაკვეთების და დეპოზიტების სარგებლის იმ ნაწილის ზრდას, რაც მიბმულია ამ განაკვეთზე.
ასევე, რეფინანსირების განაკვეთის ზრდას აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური ეფექტი. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა შემცირების მიმართულებით მოქმედებს ინფლაციაზე, რადგან ამცირებს ფულის მასას.
ეს მექანიზმი ასე მუშაობს – რაც უფრო მაღალია სასესხო განაკვეთი, მით უფრო ნაკლებ ბიზნესს და მოქალაქეს აქვს სესხის აღების სურვილი.
შედეგად, მცირდება მთლიანი ფულის მასა, რადგან ერთი ადამიანის მიერ აღებული სესხის შედეგად დახარჯული ფული მეორე ადამიანის საბანკო ანგარიშზე ხვდება.
განაკვეთის 0.25%-ით გაზრდას 8.25%-მდე არ ექნება დიდი პირდაპირი ეფექტი. ფსიქოლოგიური გავლენა, ამ ეტაპზე, ძნელად გასაანგარიშებელია.
რეფინანსირების განაკვეთის ზრდას ყველა სექტორზე ექნება ერთგვარი ზეგავლენა, ფულის მასის შემცირების და საპროცენტო სარგებლის ზრდიდან გამომდინარე.
სავარაუდოდ, პროპორციულად ყველაზე მეტად ამას იპოთეკური სესხის ამღები მოქალაქეები შეიგრძნობენ.
მთლიანობაში ეს მცირედი ეფექტის მქონეა უკანასკნელ თვეებში განხორციელებულ ელექტროენერგიის ტარიფების და საწვავის ფასის ზრდასთან შედარებით,“ – განმარტავს ეკონომისტი ნიკოლოზ შურღაია „ბათუმელებთან“ საუბრისას.
ნიკოლოზ შურღაია
როგორ ახსნა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება? – სების განმარტებით, საქართველო, მცირე ზომის ღია ტიპის ეკონომიკას წარმოადგენს და საგარეო შოკები მასზე აისახება.
„ჩვენი [ეროვნული ბანკის] მთავარი მანდატი არის ფასების სტაბილურობა. შესაბამისად, ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი არის 3%-იანი სამიზნე მაჩვენებელი და ყოველთვის ეროვნული ბანკი გამოდის ფასების სტაბილურობის მანდატიდან.
შესაბამისად, სწორედ ამას ემსახურებოდა დღევანდელი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც. როგორც მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეფინანსირების განაკვეთი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე გაგვეზარდა,“ – ეს განმარტება ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, თამთა სოფრომაძემ გააკეთა 8 მაისს, მონეტარული ანგარიშის პრეზენტაციისას.
სების წარმომადგენელმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზეზად გლობალური, მსოფლიო ეკონომიკაში არსებული გამოწვევები დაასახელა.
„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი ქმნის მნიშვნელოვან ინფლაციურ წნეხს გლობალურად,“ – თქვა თამთა სოფრომაძემ.
რეფინანსირების განაკვეთი სებმა ბოლოს 2024 წლის მაისში გაზარდა 8%-მდე და 2026 წლის 7 მაისამდე, ორი წლის განმავლობაში უცვლელად ინარჩუნებდა.
7 მაისს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად ეროვნულმა ბანკმა დააანონსა, რომ 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 6.5 % იქნება, ხოლო ინფლაცია 4.9 %.
სახელმწიფო კომპანია „სთარინგ ჯორჯია“ აცხადებს, რომ გასართობ პარკებში [„ციცინათელა“, „მინიატურები“, „დინო“, „მუსიკოსთა“] სეზონის მოსამზადებლად დაგეგმილია კომპლექსური სამუშაოები, რისთვისაც 4,7 მილიონი ლარია საჭირო. კომპანია მომსახურების შესყიდვას ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გეგმავს და თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
„სთარინგ ჯორჯია“ წერს, რომ ის აღნიშნული პარკების ოპერირებასა და განვითარებაზე პასუხისმგებელი კომპანიაა, რომელმაც 2025 წლის დეკემბრიდან სრულად გადაიბარა აღნიშნული პარკების როგორც მიმდინარე, ასევე ახალი ინფრასტრუქტურული ვალდებულებები.
კომპანიის განცხადებით პარკებში დაგეგმილია:
ახალი ატრაქციონების განთავსებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა;
ატრაქციონები წარმოადგენს მაღალი რისკის შემცველ ტექნიკურ კონსტრუქციებს, რომელთა ექსპლუატაცია დაკავშირებულია ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი მონტაჟი და ფუნქციონირება საჭიროებს მთელ რიგ საექსპერტო კვლევებსა და განსაკუთრებული სიზუსტით დაგეგმილ და შესრულებულ საინჟინრო გადაწყვეტილებებს. ასევე, ბეტონის სამუშაოები მოიცავს ინდივიდუალური ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი ბეტონის საძირკვლებისა და კონსტრუქციული ელემენტების მოწყობას;
საინჟინრო კომუნიკაციების [გათბობა-გაგრილება, წყალმომარაგება, წყალარინება, ელექტრომომარაგება და სხვა] განვითარებასა და რეაბილიტაციას;
ტერიტორიის რეაბილიტაციას, მის კეთილმოწყობასა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობას.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ შეადგინა 4 741 240 ლარი“.
„სთარინგ ჯორჯია“ შესყიდვების სააგენტოს ასევე სწერს, რომ „პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ცალკეული სამუშაოების ტექნოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, ეტაპობრივად შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებიდან, არაუმეტეს მიმდინარე წლის 30 სექტემბრისა“.
„შესყიდვის განხორციელება ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის გზით მოითხოვს მნიშვნელოვნად მეტ დროს, რაც მოიცავს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას, გამოცხადებას, მინიმალური ვადების დაცვას, შეფასებასა და ხელშეკრულების გაფორმებას.
აღნიშნული პროცედურების სრული ციკლი არ შეესაბამება პროექტის რეალურ ვადებს და გამოიწვევს ატრაქციონების მონტაჟის გადავადებას, პარკის გახსნის შეფერხებას და დაგეგმილი ღონისძიებების ჩაშლის რისკს“ – წერს „სთარინგ ჯორჯია“.
„ციცინათელა“, „მინიატურები“, „მუსიკოსთა პარკი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში მდებარეობს და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიერაა მოწყობილი. შემდეგ გადასცეს სახელმწიფოს და შესაბამისად, ამ პარკების მოვლა-შენახვაზე ფული ბოლო რამდენიმე წელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება.
რაც შეეხება „დინოს“ [დინოზავრების პარკს] – ასეთი პარკი ბიუჯეტის ფულით სათაფლიაშია მოწყობილი. ოპერირებს თუ არა ამ პარკს „სთარინგ ჯორჯია“, ამის დასაზუსტებლად „ბათუმელები“ კომპანიას დაუკავშირდა, სადაც ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა შემდეგ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხეს. მოგვიანებით კი გვითხრეს, რომ შეკითხვა ელექტრონული ფოსტით გაგვეგზავნა.
სახელმწიფო კომპანიის პასუხს, მიღების შემთხვევაში, აქვე მოგაწვდით.
ინფორმაციისთვის: „სთარინგ ჯორჯიაში“ სამი კომპანიაა შერწყმული: „ბლექ სი არენა ჯორჯია“, „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი“ და „სერვისი – 7“. კომპანიის 100 პროცენტი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის, წილის მმართველი კი საქართველოს კულტურის სამინისტროა. „სთარინგ ჯორჯიას“ დირექტორია თამარ ჩხაიძე.
დღეს, 14 მაისს, „უსინათლოთა კავშირის“ აჭარის ფილიალის ახალი ხელმძღვანელი აირჩიეს.
არჩევნებში სულ 1 კანდიდატი იყო – მარინა სარალიძე.
„უსინათლოთა კავშირიდან“ უკვე გარიცხული და ემიგრაციაში წასული წევრი – ალექსი წეველიძე, ასევე კავშირში დარჩენილი წევრები, რომლებმაც დღეს ჩატარებულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, ამბობენ, რომ არჩევნები უკანონოა, რადგან ორგანიზაციაში „მილიონები მიითვისეს“, ხოლო „დანაშაულის თანამონაწილე პირები სასამართლო პროცესის დასრულებას არ დაელოდნენ“.
უსინათლოთა კავშირის ყოფილი წევრის და სამოქალაქო ორგანიზაციის „უსინათლოთა ხმის“ დამფუძნებლის, ალექსი წეველიძის თქმით, მარინა სარალიძე ამ პოზიციაზე არ უნდა აერჩიათ, რადგან ის სოლიდური ქონების მქონე „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ გამგეობის წევრი იყო 2021-2022 წლებში, როდესაც პროკურატურის ვერსიით კავშირიდან მილიონობით ქონება გაიფლანგა და უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს.
სწორედ ამ მუხლებით [სსკ-ის 182-ე, სსკ-ის 220-ე] წარუდგინეს ბრალი 2023 წელს კავშირის ხელმძღვანელებს: რევაზ მაისურაძეს და სოფიკო ხუციშვილს. ეს ბრალდებულები თანამდებობებს ჩამოაშორეს და გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლო ამ საქმეზე დასკვნით ეტაპზეა და მოსამართლეს განაჩენი ჯერ არ მიუღია.
საქმე ეხება 3 მილიონ 005 189 ლარის უძრავი ქონების, ასევე 452 187 ლარის ღირებულების მოძრავი ქონების გაფლანგვას.
„არჩევნები ჩაატარეს სპეციალურად ქობულეთში, ციხისძირში, რომ იქ ყველა უსინათლო ვერ ჩასულიყო,“ – გვიყვება უსინათლოთა კავშირის წევრი გოჩა ბოლქვაძე, რომელმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ დღევანდელ არჩევნებს ესწრებოდა:
„ჩვენ, ადამიანებმა, რომლებსაც კრიტიკული აზრი გვაქვს და ვაპროტესტებთ ქონების მითვისებას, კანდიდატი არ დავაყენეთ, რადგან არ ღირდა: მათ მობილიზება გაუკეთეს საკუთარ მხარდამჭერებს და ისინი ტრანსპორტით ჩაიყვანეს ქობულეთში. უსინათლოთა კავშირს აქვს ქონება ბათუმშიც. რატომ არ შეიძლებოდა არჩევნები ჩატარებულიყო ბათუმში?
გარდა ამისა, არჩევნებამდე ჩვენ მოვითხოვეთ კავშირის წევრების ბაზა, რომ მათთვის გაგვეგზავნა ინფორმაცია ჩვენი ხედვების შესახებ. ეს ბაზა და საკონტაქტო ინფორმაციაც არ მოგვცეს პერსონალური მონაცემების დაცვის საბაბით.
უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალში დაახლოებით 280 წევრია. დღევანდელ შეხვედრაზე რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 64-მა ადამიანმა. ესენი ყველა სარალიძის მხარდამჭერები იყვნენ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გოჩა ბოლქვაძემ.
კავშირის წევრების ბრალდებებზე საპასუხოდ უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს, მარინა სარალიძეს ტელეფონით დავუკავშირდით. „არ გაძლევთ კომენტარს“ – მხოლოდ ეს გვითხრა მარინა სარალიძემ და ტელეფონი გაგვითიშა.
ციხისძირში უსინათლოთა კავშირის გასაშუქებლად ადგილზე ჩავიდნენ „აჭარა თაიმსი“ და „აჭარის ტელევიზია“, თუმცა მათ შეხვედრის გაშუქების საშუალება კავშირის ადმინისტრაციამ არ მისცა. „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელმა და ჟურნალისტმა, სულხან მესხიძემ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია, როგორ სცადა მარინა სარალიძემ მისთვის ტელეფონის წართმევა და დამტვრევა.
„ინციდენტი არჩევნების პროცესის გაშუქების დროს, ეზოში მოხდა. ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას სულხან მესხიძისთვის ტელეფონის წართმევა და დამტვრევა სცადეს. ადგილზე მყოფი პოლიციელები ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ აგრესიასა და ტელეფონის წართმევის მცდელობას ხედავდნენ, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ,“ – აღნიშნულია „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„…უსინათლოთა კავშირის ცნობილი დავის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში მარინა სარალიძემაც მისცა ჩვენება მოწმის სახით,“- გვიყვება ალექსი წეველიძე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს, – „მარინა სარალიძემ მოსამართლეს უთხრა, ვიზიარებ პასუხისმგებლობასო. თუ იზიარებს, დალოდებოდა მაშინ ის და უსინათლოთა კავშირიც ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილებას, იქნებ გამამტყუნებელი განაჩენი დგება?!
ერთიანად ტარდება ახლა არჩევნები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაჩქარებული წესით, რომ განაჩენის მიღებამდე ახალი თავმჯდომარეც აირჩიონ და გამგეობაც ისე დაკომპლექტდეს, არ დაკარგონ ძალაუფლება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ალექსი წეველიძემ.
ალექსი წეველიძემ ასევე გვაჩვენა პროკურატურის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მილიონობით ქონების გაფლანგვის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე თავად „უსინათლოთა კავშირი“ დაზარალებულადაა ცნობილი.
დღეს, 14 მაისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან სუვენირებით მოვაჭრეების საპროტესტო აქცია გაიმართა.
სუვენირებით მოვაჭრეები ითხოვენ, რომ მერიამ კვლავ მისცეს მათ ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება. მათივე თქმით, მერია მოვაჭრეებს ახალ ბულვარში სთავაზობს სავაჭრო ადგილებს, რასაც ისინი არ თანხმდებიან.
მათი თქმით, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სუვენირებით ვაჭრობის პირობები არ არის.
„შემოგვთავაზეს 30 ობიექტში. 10 ობიექტი ისეთ ადგილზეა, სადაც ტურისტი არ დადის. ბავშვების სასეირნო პარკია იქ და რადგან პლაჟი არ არის, არც დამსვენებელია.
სავაჭრო ჯიხური უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომელიც ჯდება 30 ათას ლარამდე და თან უნდა დაგვაქციონ, რადგან იქ მყიდველი არ იქნება. შტერი უნდა იყო, რომ ამ შემოთავაზებას დათანხმდე.
ვინ აგვყარა კონკრეტულად, ივანიშვილმა თუ ხელისუფლებამ არ ვიცი, მაგრამ ის ბიზნესი წაგვართვეს, რომელიც სავიზიტო ბარათია ჩვენი ქალაქისთვის. დილიდან აქ ვდგავართ, ვფიქრობდით, რომ პატარაძე შეგვხვდებოდა, ვიცით, რომ შენობაშია, მაგრამ არ შეგვხვდა. საიდანღაც გაიპარა“- უთხრა „ბათუმელებს“ ზურაბ ლომთაძემ.
სუვენირებით ვაჭრობდა ირმა ხიმშიაშვილიც.
ის ამბობს, რომ 19 წელია სუვენირებით ვაჭრობს და კარგად იცის, ქალაქის რომელ ტერიტორიაზე იყიდება სუვენირები.
„22 ათასი ლარი უნდა გადავიხადოთ ჯიხურში, ცალკე ამბავია განთავსებაში რომ უნდა გადავიხადოთ კიდევ. თუ ხელისუფლებას სურს, რომ მისი მოქალაქე დაკმაყოფილებული იყოს, პრობლემა მოგვარდება.
გოგებაშვილის ქუჩა გამორიცხეთ – გვეუბნებიან და სხვა ქუჩაზე ვაჭრობა არ არის. ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში და ჩვენც უმუშევრად გვტოვებენ.
წარმოიდგინეთ, სუვენირებსაც ახალ ბულვარში უშვებენ, მოპედებსაც, წვენებით მოვაჭრეებსაც და ვერ დავთანხმდებით ამ შემოთავაზებას. დაუშვებელია. ახალ ბულვარში ორ თვესაც ვერ ვიმუშავებთ და გოგებაშვილის ქუჩაზე ზამთარ-ზაფხულ ვდგავართ.
ივანიშვილთან ჩავედით, მაგრამ… წესით, უნდა ესმოდეთ ხალხის გასაჭირი. მათთვისაც კარგია, რომ დავსაქმდეთ, რადგან ამდენი უმუშევარი ხალხი არ ეყოლებათ.
პატარაძე არ შეგვხვდა და ვინც გამოვიდა, მან შემოგვთავაზა, რომ წავიდეთ, გამოყოფილი ადგილები დავათვალიეროთო, მაგრამ ჩვენ არ დავთანხმდით, რადგან იქ გაყოლა თანხმობას ნიშნავს. ჩვენთვის კი ეს შემოთავაზება მიუღებელია“- ამბობს ირმა ხიმშიაშვილი.
კიდევ ერთი მოვაჭრე ამბობს, რომ უკვე 4 თვე უმუშევარია. ჯიხურის აღებამდე ის სანაოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა.
„ამ ჯიხურების გამო ბანკის ვალები მოვიკიდეთ და წარმოიდგინეთ, რამხელა ზარალია ოთხი თვე გაჩერება. ახლა კი ჩემი პენსია ბანკებსაც არ ჰყოფნის და დავრჩი საერთოდ შემოსავლის გარეშე.
ძალიან დიდ უსამართლობასთან გვაქვს საქმე. ხომ შეიძლება გულთან მიიტანონ ხალხის გასაჭირი. ივანიშვილთანაც ჩავედით [შეკვეთილში] და ალბათ ის შედეგი გვქონდა, რომ ბათუმის მერთან შეხვედრა მოვახერხეთ, მანამდე არ გვხვდებოდა.
ახალი ბულვარის ტერიტორიაზე არ არის სამუშაო ადგილი, ჩვენი თავიდან მოცილება უნდათ ამით. მანდ ისეთი ადგილია, ყოველ ზაფხულს არის შტორმი, ნგრევა-ლეწვა და რატომ წავალთ იქ? გოგებაშვილის ქუჩაზე კი, საბაგიროსთან, მეტ-ნაკლებად გვქონდა მუშაობა“- ამბობს სუვენირებით მოვაჭრე ნონა დავითაძე.
სუვენირებით მოვაჭრეები აქციის გამართვას ხვალ, 15 მაისს, დილიდან აანონსებენ.
ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი აქციიდან:
უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის არჩევნების გაშუქებისას, ონლაინმედია „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი სულხან მესხიძე აგრესიის სამიზნე გახდა – წერს ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი არჩევნების პროცესის გაშუქების დროს ეზოში მოხდა და ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას სულხან მესხიძისთვის ტელეფონის წართმევა და დამტვრევა სცადეს.
ადგილზე მყოფი პოლიციელები ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ აგრესიასა და ტელეფონის წართმევის მცდელობას ხედავდნენ, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.
,,ვიდეოკადრების სრულყოფილად გადაღება ვერ შევძელით, რადგან მობილურის დაზიანების თავიდან არიდების მცდელობისას ჩაწერა შეწყდა.
გარდა ამისა, კენჭისყრის სივრცეში შესვლისა და გადაღების შესაძლებლობა უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებმა არ მოგვცეს“ – წერს „აჭარა თაიმსი“.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჟურნალისტი სულხან მესხიძე პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს სიტყვიერი და ფიზიკური აგრესიის სამიზნე ხდება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ხაჯალია-სუფსის მონაკვეთი მთლიანად ჩაიკეტა. შეზღუდვა 2026 წლის 14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი ორივე მიმართულებით ლანჩხუთი-გრიგოლეთის „ძველ“ გზაზე იმოძრავებს.
ამ დრომდე ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად იყო ჩაკეტილი. დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები გზის პერიოდულ შეკეთებას უკავშირდება [ინფორმაციისთვის: ორი კვირით ნაწილობრივ ჩაიკეტა ქობულეთის შემოვლითი გზაც, რამაც ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან საცობები შექმნა].
„პერიოდული შეკეთების სამუშაოების წარმოების მიზნით, 2026 წლის 14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე ორივე მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში, გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ნიგვზიანის [ხაჯალიის მიმდებარედ] წრიულიდან, ხოლო სამტრედიის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი – სუფსის წრიულიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზით ისარგებლებს“ – წერს დეპარტამენტი.
ახალაშენებული ავტობანის ხაჯალია-სუფსის მონაკვეთი სამი წლის წინ, 2022 წლის დეკემბერში გაიხსნა. ის ევროპის საინვეტიციო ბანკის [EIB] ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მშენებლობაში 113 მილიონი ლარი დაიხარჯა. 2026 წლის მაისში მიმდინარე სამუშაოებში კი, ამჯერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
ხაჯალია-სუფსის ავტობანზე მიმდინარე სამუშაოები / მაისი, 2026 წ. / ფოტო: გზების დეპარტამენტი
„ხაჯალია-სუფსის 8 კმ-იან მონაკვეთზე გზის პერიოდული შეკეთების ფარგლებში მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი და განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 8 მლნ. ლარამდეა“ – წერს გზების დეპარტამენტი.
რატომ გახდა ახალგახსნილ ავტობანზე 8 მილიონი ლარის სამუშაოების ჩატარება საჭირო? – ამ კითხვით „ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, თუმცა დეპარტამენტში გვითხრეს, რომ პასუხის მისაღებად ოფიციალურად, წერილობით უნდა მივმართოთ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გზაზე შეზღუდვა [ჩაიკეტა მხოლოდ ცალი მხარე: ხაჯალია-სუფსის მიმართულება] 2026 წლის 23 აპრილს დაწესდა და გზების დეპარტამენტის მაშინდელი ინფორმაციით, ეს შეზღუდვა 14 ივნისამდე გაგრძელდებოდა.
როგორც მაშინ „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, ერთ-ერთ სახიდე გადასასვლელზე, სავარაუდოდ, გზა ჩაიწია და ეს მონაკვეთი დემონტაჟს და ხელახლა აღდგენას ექვემდებარებოდა, რაც საავტომობილო გზების დეპარტამენტში არ დაგვიდასტურეს.
მთავარ ფოტოზე: სუფსის კვანძი/გრიგოლეთი-ლანჩხუთის „ძველი“ გზა / ფოტო „ბათუმელები“ 2025 წლის არქივიდან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საბოლოო განაჩენი შესაძლოა სტრასბურგში გაასაჩივრონ.
ამის შესახებ ინფორმაცია 13 მაისს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ გაავრცელა.
ჟურნალისტებმა ადვოკატს ჰკითხეს, აქვს თუ არა სუს-ის ყოფილ უფროსს სამართლიანი სასამართლოს იმედი.
„ევროსასამართლოში არამარტო შემაჯამებელ გადაწყვეტილებას წავიღებთ. გარკვეული სახის გადაწყვეტილებები, რაზედაც უარი გვეთქვა, ესეც შესაძლებელია იქნეს გასაჩივრებული.
მათ შორის, იმგვარი სახის ინფორმაცია, როგორიც არის გამამართლებელი მტკიცებულებების დაცვის მხარისათვის დამალვა, რაც ფიზიკურად არ გადმოცემია დაცვის მხარეს,“ – თქვა ლანა ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
13 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
სუს-ის ყოფილ უფროსს ე.წ. ბაგა-ბაღების საქმეზე ასამართლებენ.
13 მაისს მოწმეები დაკითხეს.
სასამართლო პროცესი დახურულია. საჯაროდ მხოლოდ ის ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, რასაც პროცესის დასრულების შემდეგ მხარეები – პროკურატურა და ბრალდებულის ადვოკატები ავრცელებენ ხოლმე.
პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის თქმით, 13 მაისს გამართულ პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო და 5 მოწმე დაიკითხა. პროკურორის მტკიცებით, მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დასტურდება ის პოზიცია, რაც ბრალდებას აქვს.
პროკურორის თქმით, ის მოწმეთა ჩვენებების შინაარსში ვერ შევა, რადგან კიდევ რამდენიმე პირია დასაკითხი.
„ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი როდესაც იყო კახაბერ გვანცელაძე და შესაბამის პოზიციას იკავებდა იმ დროისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი, ამ პერიოდში ხდებოდა სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებისაგან თანხის აღება.
მათ უნდა უზრუნველეყოთ, რომ ტენდერის შესაბამისად მოეხდინათ ბაგა-ბაღების უზრუნველყოფა სხვადასხვა ტექნიკით და შესაბამისად, უკვე მონაწილეობის ფარგლებში, რომ ეს მონაწილეობა განხორციელებულიყო, ეს სქემა შესრულებულიყო, გადმოეცემოდათ მათ თანხა და შესაბამისად ნაწილდებოდა.
ვთქვათ ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი და სხვა ტექნიკა რაც შეიძლება კონკრეტულ ბაღს გააჩნდეს. მეტ დეტალს ვერ ჩავშლი.
ამ საქმეში რომ არ არსებობდეს პირდაპირი მტკიცებულებები, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, პროკურატურა არ წარუდგენდა ბრალს გრიგოლ ლილუაშვილს“, – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
მარიამ ბერძენიშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსის საქმის პროკურორი
ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ ვრცლად ისაუბრა 13 მაისს გამართულ სასამართლო პროცესზე და პროკურორისგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა ჟურნალისტებს.
კერძოდ, ლილუაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ ბაგა-ბაღების სააგენტოს ეპიზოდზე მოწმეების დაკითხვისას ყველა მათგანმა გამორიცხა რაიმე ფორმით ლილუაშვილის მონაწილეობა ამ საქმეში.
„ხუთი მოწმე დაიკითხა. ცალსახად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არცერთ მათგანს ნაცნობობაც კი არ აკავშირებს გრიგოლ ლილუაშვილთან. ცალსახად ხუთივე მათგანმა გამორიცხა ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის რაიმე ფორმით მონაწილეობა იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, რაც წარდგენილი აქვს მას ე.წ. ბაღების ეპიზოდთან მიმართებაში.
არცერთი მოწმის მხრიდან არ დადასტურებულა და არ თქმულა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს რაიმე ფორმით შემხებლობა ან ჩართულობა ჰქონდა ე.წ. ბაღების ეპიზოდთან,“ – თქვა ლანა ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს სრულყოფილად არ გადასცა საქმის მასალები. ეს კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება გახდეს, რის გამოც სუს-ის უფროსის საქმე სტრასბურგში წავა.
ჟურნალისტების კითხვაზე, პროკურატურამ დაუმალა თუ არა დაცვის მხარეს მტკიცებულებები, ადვოკატმა უპასუხა:
„დიახ, დიახ, გამამართლებელი სახის მტკიცებულებებზეა საუბარი.
სრული მოცულობით ჩვენ არ გადმოგვეცა მტკიცებულებები. რასაც შესაბამისი პროცედურების დაცვით, ბუნებრივია, დაცვის მხარე ასაჩივრებს,“ – თქვა ლანა ცერცვაძემ.
ლანა ცერცვაძე, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი
გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს.
სახელმწიფო ბრალდება მას ედავებასისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებას ჯგუფის მიერ.
გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, სუს-ის ყოფილ უფროსს ბრალად ედება ქრთამის აღება პროკურატურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხაშურში ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, იძულებისა და მუქარის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი გერისა და მეუღლის მიმართ.
ბრალდებულმა მეუღლის მიმართ ცივი იარაღის გამოყენებით ასევე განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა და იძულება, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ – წერს შსს.
პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა, 11 პრიმა 150-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.