მთავარი,სიახლეები

„მე განრიდებას ვცდილობდი, მაგრამ არჩილმა თმებში მომკიდა ხელი“ – 19 წლის ბიჭს მკვლელობის მცდელობას ედავებიან

28.07.2026
„მე განრიდებას ვცდილობდი, მაგრამ არჩილმა თმებში მომკიდა ხელი“ – 19 წლის ბიჭს მკვლელობის მცდელობას ედავებიან

„კიბეზე როცა ჩამოდიოდით, დანა როდის გაშალეთ?“ – ჩაეკითხა ბრალდებულს პროკურორი ოლღა მერებაშვილი და იმის წარმოჩენა სცადა, რომ დანაშაულის ჩადენის მიზანი თავდასხმა იყო და არა აუცილებელი მოგერიება, როგორც ამას ადვოკატები ამტკიცებენ.

დღეს, 28 ივლისს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მკვლელობის მცდელობის საქმე განიხილა. ამ საქმეში ბრალდებულს, 19 წლის ლაშა გ.-ს პროკურატურა ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას, ასევე, ცივი იარაღის ტარებას ედავება. საუბარია 2025 წლის 12 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე: ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე ერთ-ერთ რესტორანში პირმა ორი ახალგაზრდა დანით დაჭრა.

დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს და გადარჩნენ. მათი ჭრილობები ექსპერტიზამ „სიცოცხლისთვის საშიშად“ შეაფასა. დანით დაპირისპირებამდე რესტორნის მეოთხე სართულზე მდებარე ვერანდაზე ორი სუფრის წევრებს შორის ჩოჩქოლი ატყდა.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეს ჩვენება თავად ბრალდებულმა მისცა.

„ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, როცა საღამოს რესტორანში წავედით,“ – ფეხზე წამოდგა და ისე დაიწყო ამბის მოყოლა ბრალდებულმა. მისი თქმით, მან ორი მაგიდის წევრებს შორის დაწყებულ შელაპარაკებაში სცადა სიტუაციის გარკვევა, მაგრამ უთხრეს „პატარა ხარო“, რაც შეურაცხყოფად მიიღო, შემდეგ კი, იქვე, მისთვის უცნობმა პირმა დაარტყა ხელი.

ბრალდებული მეგობართან – ანრისთან ერთად ტერასას ტოვებს და მეოთხე სართულიდან მესამეზე ჩამოდის.

„ამ დროს კიბეზე ჩემთვის უცნობმა პირმა უკნიდან დამარტყა ფეხი და დავგორდი,“ – აღნიშნა ბრალდებულმა და აღწერა, როგორ იგრძნო, აგრესიულად განწყობილი ადამიანები რომ მოჰყვებოდნენ უკან.

ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირები დავით დ. და არჩილ დ. არიან. ბრალდებული ამბობს, რომ დავით დ.-ს ქალაქიდან მანამდე იცნობდა, მაგრამ ახლო მეგობრობა, ან რაიმე ინტერესი მასთან არ აკავშირებდა. კონფლიქტის დაწყებამდე დაზარალებულად მიჩნეული პირები ერთ-ერთ მაგიდასთან ისხდნენ და დავით დ-ს დღეობას აღნიშნავდნენ.

ბრალდებული ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც კიბეზე დააგორეს და წამოდგა, დანა გაშალა და იქვე მყოფებს მიმართა, არ მომიახლოვდეთო.

„ისმოდა შეურაცხყოფები ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით… დავით დ. აგრესიით იყო განწყობილი, ვუთხარი, რომ დანა მაქვს, არ მომიახლოვდე-მეთქი,“ – ამბობს ბრალდებული. მისი თქმით, დავით დ.-მ ბრალდებულის თანმხლებ პირს – ანრის ხელი დაარტყა, რის შემდეგაც ბრალდებულმა ჩათვალა, რომ მასაც იგივე საფრთხე ელოდა მასზე ფიზიკურად ძლიერი პირისგან და დავით დ.-ს სამჯერ დაარტყა დანა.

კონფლიქტში ერთვება არჩილ დ. რომელიც ასევე დაზარალებულია და იმ დღის იუბილარის, დაზარალებული დავით დ.-ს ნათესავია.

„მე განრიდებას ვცდილობდი, მაგრამ არჩილმა თმებში მომკიდა ხელი, სად გარბიხარო. მე პასუხი არ გამიცია, ავიქნიე ხელი ინსტინქტურად…“ – თქვა ბრალდებულმა.

„ხელი კი არ აიქნიეთ, დანიანი ხელი აიქნიეთ,“ – მიმართა ბრალდებულს პირისპირ მჯდომმა პროკურორმა.

„მე დანა ამოვიღე იმიტომ, რომ შეშინებულიყვნენ…“ – პროკურორს მიუბრუნდა ბრალდებული და დასძინა, რომ დანა საბოლოოდ რესტორნის მეორე სართულზე მის ნაცნობს და ამ რესტორნის მენეჯერს გადასცა, მან წამომაყენა იატაკიდან, რადგან მეორე სართულზეც იძალადეს ჩემზე ფიზიკურად, შემდეგ კი, გავიქეციო.

„თქვენ აქამდე საპროცესო შეთანხმება გაგიფორმდათ ორჯერ. დანას რატომ ატარებდით?“ – ბრალდებულს ჩააცივდა პროკურორი ოლღა მერებაშვილი.

„თავდაცვის მიზნით,“ – ახლობლებით სავსე დარბაზს გამოხედა ბრალდებულმა.

„რას ნიშნავს თავდაცვის მიზნით?“ – ისევ იკითხა პროკურორმა, თუმცა ბრალდებულმა ამჯერად შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. ბრალდებულისვე თქმით, მას კონფლიქტამდე 4 ჭიქა არაყი ჰქონდა დალეული.

„თქვენ დღეს აღნიშნეთ, რომ ფიზიკურად იძალადეს თქვენზე… რატომ უარყავით ეს ექიმთან, ასევე ექსპერტთან?“- ბრალდებულის დაკითხვა განაგრძო პროკურორმა.

„არ მინდოდა [ამის თქმა]“, – პაუზის შემდეგ უპასუხა შეკითხვას ბრალდებულმა.

პროკურორის თქმით, ბრალდებულს აქამდე არ უთქვამს, რომ მასზე ფიზიკურად იძალადეს და ტკივილი განიცადა, თორემ ამ ნაწილზე ცალკე დაიწყებოდა გამოძიება.

ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი ხაზგასმა ამ საქმეში ისაა, რომ ლაშა გ.-ს გარდა ამ კონფლიქტში მონაწილე არცერთი სხვა პირი რაიმე ფორმით შეიარაღებული არ ყოფილა. ასეთ შემთხვევაში კი, სიტუაცია ვერ შეფასდება, როგორც „აუცილებელი მოგერიება“.

„გამოდის, შიშველი ხელებით იყო ეს ხალხი თქვენს წინააღმდეგ,“ – შენიშნა პროკურორმა.

„როცა ადამიანი შენზე ფიზიკურად ძლიერია, როგორ მიხვდები, რა შედეგი ექნება მის მიერ მოქნეულ მუშტს?“ – გაბრაზდა ადვოკატი ნიკოლოზ კანკავა.- „გამოდის, ამაზე უნდა ეფიქრა ლაშას, რამდენად სახიფათო იქნებოდა დავითის მოქნეული ხელი? ან მაშინ უნდა გამოეყენებინა დანა, როცა დაინახავდა, რომ უკვე სიცოცხლის ბოლო ეტაპზე იყო მისი მეგობარი?

თავიდან ბოლომდე ჩანს და ეს დასტურდება ვიდეო კამერების ჩანაწერებითაც, რომ ლაშა ცდილობს სიტუაციას განერიდოს. იმის მიუხედავად, რომ მასზე იძალადეს ტერასაზე და შეურაცხყოფა მიაყენეს, ის გაღწევას ცდილობს. ამ დროს მას მისდევენ, ის თავდაცვის რეჟიმშია,“ – აღნიშნა ადვოკატმა ნიკოლოზ კანკავამ.

ადვოკატების განმარტებით, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა თავდასხმასთან და მით უმეტეს – განზრახ მკვლელობის მცდელობასთან, არამედ აუცილებელ მოგერიებასთან ფარგლებს გადაცილებით. ნიკოლოზ კანკავას თქმით, ლაშა გ. უნდა დაისაჯოს ცივი იარაღის უკანონო ტარების და გამოყენების კუთხით, ასევე სხეულის დაზიანებისთვის და არავითარ შემთხვევაში მკვლელობის მცდელობისთვის.

კიდევ ერთმა ადვოკატმა, ნონა დუმბაძემ კი, ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ბრალდებული და დაზარალებულები ერთმანეთს კარგად არც კი იცნობდნენ. დაზარალებულების, ასევე, სხვა მოწმეების ჩვენებების მიხედვით, არ იკვეთება მოტივი, რის გამოც შეიძლება ბრალდებულს დაზარალებულების მკვლელობის განზრახვა ექნებოდა.

„თქვენი პოზიცია როგორია ბრალდებასთან დაკავშირებით?“ – თავად ბრალდებულს მიმართა პროკურორმა ოლღა მერებაშვილს.

„მე ვაღიარებ დანის ტარებას და მკვლელობის მცდელობას,“ – თქვა ბრალდებულმა, თუმცა იგი ამ დროს ადვოკატმა ნიკოლოზ კანკავამ შეაჩერა. მან ბრალდებულთან კონსულტაცია ითხოვა, რასაც მოსამართლე დაეთანხმა.

„ვაღიარებ დანის ტარებას და დაჭრას,“ – თქვა კონსულტაციის შემდეგ ბრალდებულმა.

„მას ნებაყოფლობით არ შეუწყვეტია ეს ქმედება,“ – დასკვნით სიტყვაში პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა ყურადღება გაამახვილა ექსპერტიზის ჩანაწერზეც, რომლის მიხედვითაც დანით მიყენებული ჭრილობების გამო დაზიანებები „სიცოცხლისთვის საშიში იყო“.

„ეს ადამიანები კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების წყალობით გადაურჩნენ სიკვდილს“, – დასძინა პროკურორმა.

„ვერცერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ ლაშამ ხელი ჰკრა ვინმეს, ან რამე შეურაცხყოფა მიაყენა [ტერასაზე], იქ არსებულ შეხლა-შემოხლაში ლაშას მხრიდან არანაირი აგრესია არ იყო….

[ლაშა და მისი მეგობარი ანრი] გამოდიოდნენ და ამ დროს ისინი დაეწივნენ იმისთვის, რომ მიეყენებინათ შეურაცხყოფა, ეს იყო აგრესიულად განწყობილი ბრბო,“ – აღნიშნა ადვოკატმა ნიკოლოზ კანკავამ და ხაზი გაუსვა იმას, რომ მოწმეთა, მათ შორის, დაზარალებულების ჩვენებების მიხედვით, ვერ ირკვევა, საერთოდ რის გამო დაიწყო ჩხუბი რესტორანში.

ერთ-ერთ დაზარალებულს წინა სხდომაზე მოსამართლისთვის ისიც უთქვამს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა შედეგით დასრულდება სასამართლო განხილვა.

„მე დღეს კი არ გამიცნია ეს ბრალდებული,“ – ბრალდებულის წინა საქმეები შეახსენა მოსამართლეს პროკურორმა, მათ შორის საქმე, სადაც ტაქსის მძღოლები ჰყვებოდნენ, უმოწყალოდ გვცემესო.

„თქვენი ეს არასწორი შეფასებები უნდა გამოასწოროს სასამართლომ,“ – მოსამართლეს შეხედა ისევ ადვოკატმა, ნიკოლოზ კანკავამ.

ამ საქმის არსებითი განხილვა დასრულებულია. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა თქვა, რომ განაჩენს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: