თიბისის განცხადება დაკავებული თიბისელების მხარდასაჭერად

დღეს, 8 დეკემბერს, თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს – გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

“შეწყვიტეთ ძალადობის წახალისება” – ჟურნალისტების პროტესტი ბათუმში

„შეწყვიტეთ ძალადობის წახალისება“, „მედია მტერი არ არის, მტერი რუსეთია“, „ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობა დაუშვებელია“, „ნუ გეშინიათ კამერის და მიკროფონის, არ კლავს“, „შეწყვიტეთ დეზინფორმაცია“, – ეს იყო ის გზავნილები, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს დღეს ბათუმში საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა ჟურნალისტებმა.

ჟურნალისტებთან ერთად მედიაზე ძალადობა გააპროტესტეს პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

მოგვიანებით ევროპის მოედანზე ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლების პედაგოგები მივიდნენ მედიისთვის მხარდაჭერის გამოსახატად.

„სოლიდარობა ჟურნალისტებს“, „სოლიდარობა ოპერატორებს“, „გამოხატვის თავისუფლება საფრთხეშია“, „სოლიდარობა თავისუფალ მედიას“ – ეწერა პედაგოგების მიერ გაშლილ ბანერებზე, რომლითაც ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

7 დეკემბრის საღამოს, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს. ჟურნალისტსაც და ოპერატორსაც ე.წ. ტიტუშკები სასტიკად გაუსწორდნენ.

ტვ პირველის ჟურნალისტების ინფორმაციით, თავდამსხმელები იყვნენ მმართველ გუნდის ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც დღეს საღამოს სუს-ში მოაბილიზეს პროევროპული მომიტინგეების ცემის მიზნით. მანამდე რამდენიმე სხვა ადამიანმა თქვა, რომ ეს “ტიტუშკები” გამოეკიდნენ ევროკავშირის დროშის მქონე მომიტინგეებს.

სწორედ მათ გადაღებას ცდილობდა ტვ პირველის ჯგუფი, როდესაც მათ თავს დაესხნენ.

საქართველოში პროევროპული აქციები 28 ნოემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლამდე უარს ამბობდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე.

28 ნოემბრიდან დღემდე, 11 დღის განმავლობაში საპროტესტო აქციაზე სცემეს, ხელი შეუშალეს ან სხვადასხვა სახის ზიანი მიაყენეს 80-ზე მეტ ჟურნალისტს.

„მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა“ – ირაკლი კობახიძე

„ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების წარმართვის დროს“, – „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივას აანონსებს.

ნიღბებით აქციაზე მისვლის აკრძალვის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, 8 დეკემბერს გააკეთა.

კობახიძის თქმით, „ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია ჩვენთანაც,  ძალადობის პრევენციისთვის ასეთი კანონის მიღება. ჩვენ ტექნიკურად მოვახერხებთ ისე ყველაფრის ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნეს მიღებული შესაბამისი კანონი, ისე, რომ ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„ნიღბებით დადის ყველა ვისაც არ ეზარება. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ნიღბიანია, შსს-ს უჭირს რეაგირება ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით. ვეღარ ხდება გარჩევა ვინ არის მომიტინგე და ვინ არა,“ – ასე განმარტა ირაკლი კობახიძემ აქციაზე ნიღბით მისვლის აკრძალვის მიზეზი.

„ვეღარ ვითანამშრომლებ კომპანიასთან, რომელმაც მოქალაქეებს გადაუმალა სათვალეები და ნიღბები” – გორგიას თანამშრომელი

„გთხოვთ, ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან და შპს „გორგიას“ მიერ გამოჩენილი მორჩილების გამო რეჟიმისადმი, რაც გამოიხატება ათასობით ცალი პირბადისა და სათვალის გადამალვაში, რის გამოც მე ბოიკოტს ვუცხადებ ამ კომპანიას, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ.

საქართველოს გზა ევროპაშია და ამ გზას ვერცერთი რეჟიმი ვერ შეარყევს,“ – „გორგიას“ თანამშრომელმა მერაბ (გიორგი) რომელაშვილმა ამ შინაარსის განცხადებით დატოვა სამსახური.

გიორგი რომელაშვილმა განცხადება პოსტთან ერთად ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

„ვეღარ ვითანამშრომლებ კომპანიასთან, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს გადაუმალა სათვალეები და ნიღბები, რითაც გასაგუდად და დასაბრმავებლად გაიმეტა ისინი.

მესმის და სრულად ვიაზრებ იმ ფაქტს რომ ამ ნაბიჯით ჩემს ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად შევასუსტებ და შემოსავლის ერთადერთ წყაროს დავკარგავ.

ასევე დავკარგავ ბევრ მეგობარს, რომელიც ამ კომპანიაში შევიძინე, თუმცა რუსთაველზე ძვლებში დამტვრეული მეგობრები უფრო მეტს ნიშნავს ახლა. გავიმარჯვებთ ერთობით! საქართველოს ევროპულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია,“ – წერს გიორგი რომელაშვილი.

„გორგიას“ უკვე ყოფილი თანამშრომელი აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც სავარაუდოდ „გორგიას“ საწყობშია გადაღებული. კადრში ჩანს პირბადეები და სათვალეები.

„ბათუმელები“ ცდილობს „გორგიას“ პრესსამსახურთან დაკავშირებას. მათ კომენტარ მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.

„გავიფიცე! მაქვს განცდა, რომ ჩემი ქვეყანა ვიღაც ნიღბიანმა სადისტებმა მიიტაცეს“- პედაგოგი

ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ზეინაბ შავაძე გაიფიცა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 753 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 460]
  • ტანკი – 9 519 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 19 571 ერთეული [+36]
  • საარტილერიო სისტემა – 21 058 ერთეული [+3]
  • MLRS – 1 253 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 023 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 071 ერთეული [+29]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 857 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 30 965 ერთეული [+17]
  • სპეცტექნიკა – 3 635 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 37 380 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 698 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 497 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 19 145 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 080 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მედია ტერორისა და რეპრესიების წინააღმდეგ – 8 დეკემბერს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

8 დეკემბერს, 15:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები საპროტესტო აქციას გამართავენ.

“მედია გამოდის ტერორისა და რეპრესიების წინააღმდეგ!” – ნათქვამია საპროტესტო აქციის ანონსის ტექსტში.

“მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

შეწყვიტოს მედიაზე თავდასხმა და  ძალადობის წახალისება.

დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებზე, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებზე თავდასხმის ფაქტები!

მისცეს მედიის ყველა წარმომადგენელს უსაფრთხო გარემოში მუშაობის საშუალება”, – ვკითხულობთ ანონსში.

დღეს, 7 დეკემბერს, თბილისში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობის დროს შავნიღბიანი პირები თავს დაესხნენ ტვ პირველის ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს. თავდამსხმელები ორივე მათგანს სასტიკად გაუსწორდნენ.

28 ნოემბრის შემდეგ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ათობით ჟურნალისტი დაშავდა.

 

“დაუყოვნებლივ დაიწყეთ გამოძიება” – სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს

სახალხო დამცველი ეხმიანება ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე შავებში ჩაცმული პირების თავდასხმის ფაქტს.

ლევან იოსელიანი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა.

„ბოლო ერთი საათის განმავლობაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს და ტვ პირველის ჟურნალისტებს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს რუსთაველის მიმდებარედ მობილიზებულ საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება.

სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“დემონსტრანტებზე ძალადობამ სისტემური წამების, არაადამიანური მოპყრობის და დასჯის ფორმა მიიღო” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით ფართომასშტაბიანი საპოლიციო ძალადობა, რომლითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თვითორგანიზებულ პროტესტს პასუხობს, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება.

„ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ღიად მხარდაჭერილი სისტემური ძალადობის ეს პრაქტიკა ძალოვანი სისტემის მაღალჩინოსნებისა და მმართველი პარტიის ლიდერების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს ქმნის და დროულ და ქმედით სამართლებრივ და საერთაშორისო რეაგირებას ითხოვს.

გარდა იმისა, რომ ამ დღეების განმავლობაში, საპოლიციო ძალები სრულად უკანონოდ და უსაფუძვლოდ შლიან და არბევენ მშვიდობიან შეკრებებს, ამ პროცესში, ისევე როგორც შეკრების მონაწილეების დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაყვანისას, ჩანს ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის უმძიმესი და მასშტაბური პრაქტიკა,“ – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს, რომ საჯაროდ გავრცელებული ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, პოლიცია და სპეცრაზმი როგორ დაუნდობლად, ხშირ შემთხვევაში ჯგუფურად უსწორდება აქციის მონაწილეებს შეკრების ადგილას, დაკავებისას და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს.

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საპროტესტო აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის 350-ზე მეტი ადმინისტრაციული, ხოლო 28 პირი სისხლის სამართლის წესით.

„ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, 300-ზე მეტი დაკავებული გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, თუმცა, ჯერჯერობით არც ერთი სამართალდამცავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საგამოძიებო უწყებების სისტემურ უმოქმედობაზე და აჩვენებს, რომ სახელმწიფო აპარატი და ინსტიტუციები სრულად პარტიულ ვერტიკალურ კონტროლს ექვემდებარება.

სახალხო დამცველი და სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები ასობით მოქალაქეს შეხვდნენ იზოლატორებსა და კლინიკებში. დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკადაა ნაცემი – მათ მთელს სხეულზე აღენიშნებათ სისხლჩაქცევები, აქვთ  დაზიანებები სახის არეში, ცხვირისა და ყბის მოტეხილობები. ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებიც. სახალხო დამცველის განცხადებით, სახის არეში დაზიანებები იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა,“- ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადების თანახმად, „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაზარალებულები ჰყვებიან, რომ დაკავების შემდეგ ისინი მოათავსეს მიკროავტობუსში, რათა მათზე ძალადობა მედიასაშუალებებს არ დაეფიქსირებინათ. სატრანსპორტო საშუალებაში დაკავებულებს აშიშვლებდნენ, აიძულებდნენ ფეხსაცმლის გახდასა და იზოლატორში ფეხსაცმლის გარეშე შესვლას.

პოლიციის განყოფილებაში მიყვანამდე ამავე მიკროავტობუსში, სადაც ერთდროულად, ბევრი დაკავებული პირი იყო, კარსა და ფანჯრებს კეტავდნენ და შიგნით უშვებდნენ მხუთავ საშუალებებს. მაშინ, როდესაც დახურულ სივრცეში უკვე შეყვანილია ხელბორკილიანი პირი და მისი გაქცევისა თუ ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის შანსი ფაქტობრივად არ არსებობს, სპეციალური საშუალებების გამოყენება გაუმართლებელია და დასჯის მიზნით მათ წამებას უტოლდება. ამასთან, ძალადობა პოლიციის სატრანსპორტო საშუალებებსა და დაკავების იზოლატორებში, რომელიც სრულად ხვდება პოლიციის ექსკლუზიური კონტროლის ქვეშ და რომელსაც თან ახლავს ზემდგომის მიერ ძალადობის შემთხვევის მეთვალყურეობა და შეწყნარება, აჩვენებს, რომ ძალადობა არის არა სპონტანური, არამედ წინასწარ განზრახული და კარგად ორგანიზებული.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჰყვება, რომ ის დარბევის დროს ხალხის დახმარებას ცდილობდა, როცა სამართალდამცავებმა დააკავეს. დაკავების დროს პოლიციელების კორიდორში გაატარეს, დაუწყეს გინება, ცემა და ასე მიიყვანეს მიკროავტობუსამდე, სადაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა დახვდა. სამართალდამცავებმა დახურეს ტრანსპორტის კარი. შემოვარდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები და სასტიკად გაუსწორდნენ თითოეულ დაკავებულს, დააგდეს ძირს, ურტყამდნენ წიხლებს სახეში, ცხვირში, თავსა და ნეკნებში. ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის მონაცვლეობით შემოდიოდა 5-5 კაცი და ჯამში დაახლოებით 50 ადამიანი ძალადობდა თითოეულზე. როგორც აქციის მონაწილე ჰყვება, მიკროავტობუსში მისი ფეხსაცმელი მოეწონათ, ამიტომ გახადეს და წაართვეს.

განსაკუთრებით მძიმეა ის, რომ ძალადობის ამგვარი ფორმები  არ გამოვლენილა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში და ათობით ადამიანი მსგავსი გამოცდილების შესახებ ჰყვება.

დაფიქსირდა წამების მუქარის მძიმე შემთხვევებიც. მაგალითად, ისტორიკოსი ნოდარ აროშინაძე, რომელიც 2 დეკემბრის ღამით დააკავეს, იხსენებს: „გვირტყამდნენ თავში, მანქანა არ დაგვისვაროთო და უსასტიკეს სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით, ოჯახის დაწიოკებით“.

ძალოვნების მიერ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას განსაკუთრებით მკაფიოდ ააშკარავებს შშმ პირზე, არასრულწლოვანებსა და ორსულ ქალზე განხორციელებული სასტიკი ძალადობის ფაქტები. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სმენის არმქონე პირი, რომელიც აქციის მონაწილე არ იყო  და სახლში მიდიოდა, ნიღბიანი ძალოვნების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. გარდა ფიზიკური ძალადობისა, მას აგრეთვე წაართვეს პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი, რომელიც მისთვის ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება იყო. შემაშფოთებელია აგრეთვე ქუთაისის საპროტესტო აქციაზე პოლიციის მხრიდან 14 წლის არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.

28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციები აგრეთვე გამოირჩევა ჟურნალისტებზე ძალადობისა და მათთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტების სიმრავლით. მედიაჩეკერის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან დღემდე მშვიდობიანი აქციების გაშუქებისას მედიისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის 80-ზე მეტ შემთხვევა დაფიქსირდა. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა გურამ როგავას, მარიამ გაფრინდაშვილის, ალექსანდრე ქეშელაშვილის, მინდია გაბოძის, გიორგი ჩაგელიშვილის და მარიამ ნიკურაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევები.

მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს ძალადობის მასშტაბი და სისტემურობა აჩვენებს, რომ ხელისუფლება სრულად არის გასული კონსტიტუციური წესრიგიდან და უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. აშკარაა ისიც, რომ ინსტიტუციონალიზებული და სისტემური ძალადობის მიზანი არა სამართლებრივი წესრიგის დაცვა, არამედ მოქალაქეების დასჯა, დაშინება და პოლიტიკური შურისძიებაა.

იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირები მადლობას უხდიან პოლიციას აქციის სასტიკი დარბევისთვის და სპეციალური საგამოძიებო სამსახური კი მკაფიო მოწოდებასაც კი არ ავრცელებს სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის დაუშვებლობის შესახებ, აშკარაა, რომ პოლიციელთა დანაშაულებრივი ქმედებები ხელისუფლების პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“:

  • დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ადამიანები პატიმრობიდან;
  • შეწყვიტოს მშვიდობიანი მოქალაქეების ფართომასშტაბიანი დევნა, დარბევა, წამება და არაადამიანური მოპყრობა.
  • გააცნობიეროს შექმნილი კრიზისის მასშტაბი და მისი თანმდევი უმძიმესი ადამიანური ფასი და დროულად დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს ასევე მოუწოდებს სახალხო დამცველს:

  • დროულად უზრუნველყოს ძალადობის მასობრივი პრაქტიკისა და შეკრების თავისუფლების ხელყოფის საკითხების დოკუმენტირება და საერთაშორისო სასამართლოებსა და ორგანიზაციებში ადვოკატირება;
  • უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში გაფართოებული მონიტორინგის წარმოება, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების და ექსპერტების მონაწილეობით;
  • მიმართოს წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტს და მოითხოვოს კომიტეტის წევრების ad hoc ვიზიტი წამების და არაადამიანური მოპყრობის ფართომასშტაბიანი პრაქტიკის შესასწავლად.

“დაკავებულთა ნაწილი მიუთითებს, რომ პოლიცია ჩამორთმეულ ტელეფონებს აღარ უბრუნებს” – იოსელიანი

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 7 დეკემბერს ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებული  34 პირი მოინახულა, რომლებიც თბილისსა და საგარეჯოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან განთავსებული.

„დაკავებულთა ნაწილს აღენიშნებოდათ დაზიანებები და როგორც თავად აცხადებენ, პოლიცია მათზე დაკავებისა და ტრანსპორტირების დროს ძალადობდა. ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს სამართალდამცავთა მხრიდან დაკავებულთა ნივთების დაკარგვის საკითხს, ვინაიდან დაკავებულთა ნაწილი მიუთითებს, რომ პოლიცია დაკავების დროს ჩამორთმეულ ტელეფონებსა და სხვა პირად ნივთებს აღარ უბრუნებს,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ რელიზში.

“დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია” – მთავარი არხი

ჟურნალისტ ბექა ყორშიას დაკავებას „მთავარი არხი“ საგანგებო განცხადებით ეხმაურება და ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი.

„დღეს გამთენიისას საპროტესტო აქციაზე გაიტაცეს და დააკავეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია.

“მთავარი არხის” გუნდი დიდი ხანია არის “ქართული ოცნების” ანგარიშსწორების სამიზნე. მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებულად გაზრდილია აგრესია მედიის მიმართ და ღიად, დემონსტრაციული მეთოდებით ხდება ჟურნალისტებზე თავდასხმა. ეგრეთწოდებული სამართალდამცავი ორგანოები მიზანმიმართულად აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მედიის წარმომადგენლებს და ხელს უშლიან პროფესიულ საქმიანობაში.

მოვუწოდებთ ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს “მთავარი არხის” ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია და გამოიძიოს მისი უკანონო დაკავების ფაქტი.

„მთავარი არხის“ გუნდი ასევე სოლიდარობას უცხადებს აქციის დარბევისას დაზარალებულ ყველა მოქალაქესა და კოლეგა ჟურნალისტებს სხვა მედიებიდან. ჩვენ ერთად ვიბრძვით ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, ამ ბრძოლაში ვართ ურყევები და მიზანდასახულები,“ – ნათქვამია „მთავარი არხის“ განცხადებაში.

პროევროპული მასშტაბური დემონსტრაციების მონაწილე, ტელეწამყვანი ბექა ყორშია, 7 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მეგობრები და ახლობლები ყორშიას საათნახევრის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც ისინი ჰყვებიან, ტელეწამყვანი ელბაქიძის აღმართიდან გაქრა და მის დაკავებას უფრო გატაცების სახე ჰქონდა.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 751 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
  • ტანკი – 9 514 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 19 535 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 21 055 ერთეული [+12]
  • MLRS – 1 253 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 022 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 042 ერთეული [+19]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 857 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 30 948 ერთეული [+49]
  • სპეცტექნიკა – 3 633 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 37 354 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 685 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 497 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 19 085 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 061 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

“ლეგიტიმური პროტესტის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა” – საია

„ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება: ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ,“ – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 6-7 დეკემბრის ღამის მოვლენებს აფასებს.

საია-ს დეტალურად აქვს აღწერილი თუ როგორ განვითარდა მოვლენები 6-7 დეკემბერს.

  • “6 დეკემბერს მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე პოლიციელები კვლავ უკანონოდ ჩხრეკდნენ ადამიანებს. პოლიციელები აცხადებდნენ, რომ ატარებდნენ ზედაპირულ შემოწმებას. მედიის კადრებში აშკარად ჩანს, თუ როგორ არღვევენ პოლიციელები კანონს და აშკარად სცდებიან ზედაპირული შემოწმების ფარგლებს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ზედაპირული შემოწმებაც უნდა ემყარებოდეს კანონით განსაზღვრულ საფუძვლებს. აღნიშნული მიუთითებს, რომ პოლიციელები მასობრივად ასრულებენ უკანონო ბრძანებას დემონსტრანტების დასაშინებლად. უკანონო ჩხრეკის პროცესში დააკავეს რამდენიმე პირი.

მიუხედავად იმისა, რომ 6-7 დეკემბერს აქცია მშვიდობიანი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაიწყო აქციის სრულმასშტაბიანი დარბევა (00:33 საათიდან). სპეცრაზმმა დაიკავა პარლამენტის წინა ტერიტორია (00:40 საათისთვის). ამ დროისთვისაც, საპოლიციო ძალები უსაფუძვლოდ და ძალადობრივად აკავებდნენ აქციის მონაწილეებს.

აღსანიშნავია, რომ, პარლამენტის წინ დარბევის დაწყების შემდგომ რესპუბლიკის მოედანზე ასევე განლაგდა სპეცრაზმი, რომელიც აქციიდან რუსთაველის მეტროსკენ მიმავალ ადამიანებს უსაფუძვლოდ აკავებდა.

მთელი ღამის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 51 დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია.

მეთოდები – მეტროდან ამომავალ პირთა ჩხრეკა, აქციიდან წამოსული მშვიდობიანი ადამიანებისთვის ჩასაფრება – მიზნად ისახავდა მოქალაქეების დაშინებას და მათთვის მშვიდობიანი შეკრების ადგილას მისასვლელად დაბრკოლებების შექმნას.

ასევე, კვლავ ადგილი ჰქონდა აქტიური სპეციალური საშუალებების უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებას. კერძოდ, იყენებდნენ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს, ასევე წიწაკის სპრეისაც.

00:45 საათისთვის, მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიიდან სხვა გასასვლელები დაიკავეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან თარხნიშვილის ქუჩით სანაპიროსკენ გადაინაცვლეს, სადაც მათ უცნობი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები დაუპირისპირდნენ.

კადრებში კარგად ჩანს თავდამსხმელთა სახეები, შესაბამისად მათი იდენტიფიცირება მარტივადაა შესაძლებელი, თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და, ასევე, 2024 წლის აპრილ-მაისში ასეთი დანაშაულებრივი პრაქტიკის გამოყენება, გვარწმუნებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ფიზიკურ დაჯგუფებებთან ალიანსში მოქმედებენ,” – წერს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 6 დეკემბერს აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების დასაშინებლად გამოიყვანეს ე.წ. ტიტუშკები.

“მომიტინგეების დამაშინებელი ე.წ „ტიტუშკების რეიდი“ საქართველოში დაიწყო „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციების დროს, როდესაც უცნობი პირები ხვდებოდნენ აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მათი ოჯახის წევრებს სახლებთან ან ქუჩაში, სადაც მათ სასტიკად უსწორდებოდნენ, რასაც ასევე არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება სამართალდამცავი უწყებებისგან. 6 დეკემბერს ასეთი პირები თავს დაესხნენ “პუბლიკას” ჟურნალისტს, მინდია გაბაძესაც” – წერს საია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევს მონიტორინგს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს.

„მოსახლეობასთან ასეთი მასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე ფეისბუქში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ამირან გამყრელიძის შეფასებით, ცრემლსადენი გაზის და წიწაკის სპრეის ხანგრძლივვადიანი ზემოქმედება უკვალოდ არ ჩაივლის ადამიანების ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

ამირან გამყრელიძის ტექსტ უცვლელად გთავაზობთ:

მივმართავ მათ ვისაც ეს ეხება, დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს!

როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე, მეც ერთ-ერთი, სპეციალობით ექიმი, ბევრის მნახველი და მონაწილე, მათ შორის კრიზისული სიტუაციების, ვაკვირდები მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მთელს საქართველოში, რომელშიც მონაწილეობს ასი ათასობით მოქალაქე, რომლის მსგავსი მასშტაბის არ მახსოვს.

სამწუხაროდ უკვე მე-9 დღეა სახელმწიფო იყენებს, განსაკუთრებით თბილისში, სხვადასხვა ფორმის არაპროპორციულ ძალას და დაპირისპირება უკვე მიუახლოვდა კრიტიკულ ზღვარს. როგორც ექიმი და ათეული წლების განმავლობაში პიროვნება მდგარი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე, ძალიან განვიცდი ასეთ ესკალაციას, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და ამაზე მთელი პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოს დაეკისრება.

პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი ჩვენი მომავალი თაობა, ახალგაზრდობაა და მათზე ხელის აღმართვა დღეს გამოყენებული მეთოდებით, რაც ხდება და გამოიხატება ასობით ადამიანის მიზანმიმართული ტრავმული დაზიანებების გამო ჰოსპიტალიზაციაში, მათ შორის რთული დაზიანებებით და ათასობით ადამიანის ე.წ. ცრემლსადენი გაზით და წიწაკის სპრეით ხანგრძლივ ექსპოზიციაში (მრავალი დღის განმავლობაში ზემოქმედება), არცერთი მსგავსი პროტესტის დროს არ ყოფილა ქვეყანაში ჩემს მეხსიერებაში, თუ არ ჩავთვლით 9 აპრილს, როცა, სამწუხაროდ, იყო გამოყენებული სხვა ტიპის მომწამვლელი ნივთიერება და გვქონდა მსხვერპლი, ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსისგან.

იყო მხოლოდ ერთჯერადი (ერთდღიანი) გამოყენება და დამერწმუნეთ ეს ხანგრძლივვადიანი ზემოქმედება უკვალოდ არ ჩაივლის ექსპოზირებული ადამიანების ჯანმრთელობის თვალსაზრისით, იქნებიან ესენი მშვიდობიანი პროტესტანტები, ახლოში მცხოვრები მოსახლეობა თუ თვითონ სპეცრაზმელები.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგები, სასწრაფო დახმარების თუ საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალი, ყველაფერს აკეთებენ ადამიანთა დროული სამედიცინო დახმარებისთვის, როგორც ყოველთვის და ისტორიულად ასეთი ტიპის კრიზისების დროს სამედიცინო პერსონალი ყოველთვის მოწოდების დონეზეა.

მაგრამ საჭიროა, რომ აქციის მონაწილეებს რეგულარულად მიეწოდოთ სრული ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების დროს ჯანმრთელობის რისკების შესახებ და მათთვის ხელმისაწვდომი იყოს პრევენციული საშუალებები ადგილებზე (სულ მცირე N95 ნიღბები, ფიზიოლოგიური ხსნარი და წყალი კანის ზედაპირისა და სახის სწრაფი დამუშავებისა და ტანსაცმლის დეკონტამინაციისთვის, დაურიგდეს მათ ნაბეჭდი რეკომენდაციები, თუ როგორი პრევენციული ღონისძიებები გაატარონ ამ დროს და სისტემატურად ცხადდებოდეს ეს რადიოთი და სოციალური მედიით. ეს უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა).

თვალს ნუ დავხუჭავთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ის სულ უფრო და უფრო მწვავდება და ნუ შევიყვანთ მას გამოუვალ ჩიხში, საიდანაც გამოსვლა სულ უფრო ძალიან რთული იქნება. კარგად იცით, რომ ეს ახარებს მხოლოდ ერთ ქვეყანას, ჩრდილოელ მეზობელს, რომელსაც მუდმივი ქაოსი უნდა ამ ქვეყანაში და ნუ გავახარებთ მტერს.

ჩვენი ნამდვილი მეგობრები გვთავაზობენ გამოსავლის რეალურ გზებს, რომ ჩვენ კვლავ დავრჩეთ დასავლურ ორბიტაზე და ხელიდან არ გაუშვათ ევრო და ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დარჩენის რეალური შანსი.

ნუ დავუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას ქვეყნის განვითარების ამ გზაჯვარედინზე.

ახალგაზრდობასთან ბრძოლაში ვერასოდეს ვერ და არ უნდა გაიმარჯვოს მამების თაობამ, ეს დიალექტიკის კანონია.

ასეთი კრიზის დროს ძლიერმა უნდა დათმოს და ეს სისუსტის ნიშანი არ იქნება, პირიქით სიბრძნისა და სწორი სტრატეგიული ხედვის.

კრიზისის განმუხტვის გასაღები ჯერ კიდევ თქვენს ხელშია. მოსახლეობასთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია ის ქვეყანას მხოლოდ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ნუ დავუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას და ნუ გავახარებთ მტრებს!“

___

რა ხდება.საქართველოში მეათე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

პოლიცია და სპეცრაზმი სასტიკი ძალადობით არბევს აქციებს თბილისში. დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით 23 მოქალაქე [5 დეკემბრის მონაცემებით].

ანტირუსული აქციის მონაწილეები სხვადასხვა მოტეხილობებით და დაზიანებებით კლინიკებში არიან მოთავსებული – არაადამიანური მოპყრობის, წამების მსხვერპლია 300-ზე მეტი ადამიანი.

ქუთაისში აქციაზე დაკავებული მოზარდი ზესტაფონის იზოლატორში დატოვეს – PHR

გუშინ, 5 დეკემბერს, ქუთაისში დაკავებული არასრულწლოვანი ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არასრულწლოვანის მიმართ პატიმრობის გამოყენებას არ ითვალისწინებს, ამის მიუხედავად ბავშვს არ აქვს შესაძლებლობა, რომ სამართალწარმოების პროცესში იყოს თავისუფლებაში“, – ამბობს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR, რომელიც იცავს საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მოზარდს.

გუშინ, ქუთაისში, პოლიციამ 17 წლის არასრულწლოვანი დააკავა. .-მ დაკავების მომენტში გონება ორჯერ დაკარგა, რაც ნათლად ჩანს ადგილზე გადაღებულ ვიდეო კადრებში. დაკავების შემდეგ, არასრულწლოვანი გადაიყვანეს ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც იმყოფება ამ დრომდე.

PHR-ის იურისტების კითხვაზე, თუ რით არის არასრულწლოვანის დაკავების აუცილებლობა განპირობებული, პოლიციელებს ამ დრომდე არ აქვთ მკაფიო პასუხი.

 

„ეს იყო გაბოროტებული ბრბო, ბიორობოტები“ – აქციაზე ნაცემი კაცი, რომელსაც სხვადასხვა მოტეხილობა აქვს

„პოლიციამ გადაამეტა ძალას მსუბუქი ნათქვამია, უფრო მძიმე სიტყვა უნდა გამოვიყენოთ, ეს იყო ბრბო, რობოკოპებს ეძახიან. ესენი იყვნენ ბიორობოტები, რომლებიც გააბოროტა მთავრობამ. როცა იქ ხვდები, მათ ლაპარაკსაც ისმენ, ისინი არიან გაბოროტებულები, მტრად აღიქვამენ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ აქვს მნიშვნელობა, გოგონებს ისე არ სცემენ როგორც ბიჭებს, მაგრამ… შენ ცუდი ხარ მტერი ხარო – ამ მოტივით მოქმედებენ.

არ ვიცი, სად უჩიჩინებენ ამდენს. ხალხს, რომ ომით აშინებდნენ, აბა ომი გინდათ, რელიგიას წაგვიბილწავენ, ლგბტ პრობლემები შეიქმნება ქვეყანაში, გადაგვარდებიან და შვილებზე უნდა ვიზრუნოთო და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ბადებს შიშს, შიშის ნიადაგზე აკეთებს ადამიანი არჩევანს, ასე გააბოროტეს სპეცრაზმელებიც, რომლებიც განურჩევლად სცემენ ყველას“, – გვიყვება  კიბერუსაფრთხოების ექსპერტი დათო ოქრუაშვილი.

დათო ოქრუაშვილი მათ შორის არის, ვისაც საპროტესტო აქციაზე სცემეს და დააკავეს, შემდეგ კი ხელწერილით გაათავისუფლეს, რადგან მძიმედ იყო დაშავებული და ოპერაცია დასჭირდა, ოპერაციის შემდეგ კი რამდენიმე დღე საავადმყოფოში მოუწია დარჩენა.

დათო ოქრუაშვილი საპროტესტო აქციაზე 28 ნოემბერს გავიდა, როგორც კი გაიგო, რომ „ოცნებამ“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა.

„იმ დღიდანვე გავედი აქციაზე, როცა განაცხადა კობახიძემ, რომ მოლაპარაკებებს ვაჩერებთ. მარტო გავედი, როცა გაბრაზებული ხარ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, მეგობრების ძებნას არ იწყებ. ვიღაც ამბობს, რომ არ სცალია, ეგ მიზეზი არ უნდა გახდეს, რომ არ წახვიდე  და არ გამოხატო შენი პოზიცია.

33 წლის ვარ და მაქვს დღის რუტინა, ამ ყველაფერს ვწყდები, ვანებებ თავს და მივდივარ აქციაზე, ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს ფარავს და უბრალოდ კი არ გადიხარ, ღამის 4 საათამდე იქ ხარ, ბევრია კომფორტის ზონაში გამოკეტილი – ფრჩხილებზეა ჩაწერილი, ან ვარჯიში აქვს.“

დათო ამბობს, რომ საპროტესტო აქციები „თავიდანვე მწვავედ წარიმართა“.

„29 ნოემბერს, პარლამენტის უკან მივედი დაახლოებით ათი საათისთვის, დავდექი აქციის მონაწილეებთან ერთად შემაღლებულ ადგილზე, სადაც მინდა იქ უნდა გავაპროტესტო, ეს არის გამოხატვის თავისუფლება. იქ იყო ფეიერვერკების სროლა, იყო ქვების სროლაც, ეს იყო გაბრაზებული ხალხის ქმედება, რომელსაც მთავრობა არ უსმენს, საკუთარი ხელისუფლება არ უსმენს, ნუ დავარქმევთ ამათ საერთოდ ხელისუფლებას.

12 საათამდე დაიწყო დარბევა, ჭიჭინაძის ქუჩაზე ვიყავი, როცა დაიწყო სპეცრაზმმა მოძრაობა, ჩვენ ნელ-ნელა უკან დავიხიეთ და როცა მივბრუნდით, აღმოჩნდა, რომ ზურგიდან სპეცრაზმის მეორე გუნდი მოდიოდა, ჩვენ მოვექეცით ალყაში.

პატარა ჩასასვლელი იყო დარჩენილი მხოლოდ აქციის მონაწილეებს, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, დავიწყეთ შევჩენკოს ქუჩაზე ჩასვლა. იქ იყვნენ ბიო რობოტები, სხვა გასაქანი არ იყო და იქ დამიჭირეს – დამიწყეს ცემა, არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა, კითხვაც არ დაუსვამთ, პირდაპირ გადავიდნენ ცემაზე, უმოწყალოდ მცემეს, პირველი რამდენიმე დარტყმა ვიგრძენი, მერე უკვე აღარ მტკიოდა, მირტყამდნენ სანამ არ გავითიშე, გონს როცა მოვედი მიმათრევდნენ. 

შევჩენკოს ქუჩაზე მომიწყვეს კორიდორი, სადაც მირტყამდნენ სახეში მუცელში, ყველგან. გაჩხრიკეს, წამართვეს ტელეფონი სახლის და მანქანის გასაღები. არც მაქვს იმედი, რომ ვიპოვი ამ ნივთებს.“

სხვებისგან განსხვავებით დათო ე.წ. მარშუტკაში არ მიუყვანიათ, მას მიუთითეს ადგილი, სადაც უნდა მისულიყო, დათომ მითითებული ადგილიდან გაცლა სცადა, თუმცა უშედეგოდ, ის მაინც დააკავეს:

„მე მანქანაში არ წავუყვანივარ, მიმითითეს, რომ პარლამენტისკენ წავსულიყავი, დავიწყე მოძრაობა და შემდეგ შევუხვიე კამერებისკენ, ვიფიქრე, რომ გავიდოდი, არაფერი დამიშავებია, ამ დროს მეორედ დამიჭირა სპეცრაზმელმა, მაქეთ არა იქით წადიო.

პარლამენტის უკან სპეცრაზმელმა პოლიციასთან მიმიყვანა, ჰკითხეს დაკავებული თუ ვიყავი და უპასუხა არ არის დაკავებული, ნაცემია და მიხედეთო. ამის შემდეგ დამაკავეს, გადამიყვანეს განყოფილებაში, იქ დავკარგე გონება. გონს, რომ მოვედი, თქვეს სასწრაფო დასჭირდებაო, ვიღაც მირტყამდა ფეხს, რა სასწრაფო გინდა გამოფხიზლდიო.“

შემდეგ დათო სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

დათო ოქრუაშვილი საავადმყოფოში კიდევ ერთ დაზარალებულთან ერთად

„საავადმყოფოში გამომყვნენ პოლიციელი და გამომძიებელი და ჩემთან ერთად იყვნენ დილამდე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაც უფრო მძიმედ იყო ნაცემი აქციის მონაწილე, მას უფრო მკაცრად ექცეოდა პოლიცია, თითქოს ამან მაგარი რაღაც დააშავა და ამიტომ გაილახაო.

საავადმყოფოში გადამიღეს კომპიუტერული ტომოგრაფია, სანამ ექიმი ნახავდა და გადაწყვეტდა რაიმეს, ადგილზე დარჩნენ პოლიციელები. ამ პერიოდში გადაამოწმეს ჩემი ისტორია, კამერები, მითხრეს ხელწერილით გაგიშვებთო. მთელი ღამე გაათენეს, დილის ცხრა საათამდე დარჩნენ, შემდეგ ხელწერილი მოამზადეს, სადაც ჩაწერეს, როცა დაგიკავშირდებით გამოცხადდიო.

საავადმყოფოში ჩემს გვერდით იყო ადამიანი, რომელსაც ყბები მოსტეხეს. მე მქონდა თვალის ბადურას ფსკერის მოტეხილობა, ქალა-სარქვლის მოტეხილობა. ექიმმა მითხრა, რომ დაკვირვების ქვეშ უნდა ვიყო, პერიოდულად უნდა შემოწმდეს სისხლჩაქცევა იზრდება თუ მცირდება, თუ გაიზრდება სახიფათოა, ასევე ცხვირის ძვლის მოტეხილობა მაქვს“.“

დათო კიბერუსაფრთხოების ექსპერტია და აუდიტორული საქმიანობით არის დაკავებული.

___

რა ხდება.

საქართველოში მეცხრე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

პოლიცია და სპეცრაზმი სასტიკი ძალადობით არბევს აქციებს თბილისში. დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით 23 მოქალაქე [5 დეკემბრის მონაცემებით].

ანტირუსული აქციის მონაწილეები სხვადასხვა მოტეხილობებით და დაზიანებებით კლინიკებში არიან მოთავსებული – არაადამიანური მოპყრობის, წამების მსხვერპლია 300-ზე მეტი ადამიანი.

„აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავები და „ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ“ – საია ჟურნალისტზე თავდასხმაზე

„სამართალდამცავთა უმოქმედობა არა მარტო პოლიციელების მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობაა, არამედ აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და ე.წ „ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ, რათა ძალადობრივად ჩაახშონ ლეგიტიმური პროტესტი,“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, 6 დეკემბერს, თბილისში გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს ნიღბიანი პირი თავს დაესხა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმის ადგილთან იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელსაც მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ იქ მყოფები მათ რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ, პოლიცია მანქანიდანაც კი არ გადმოსულა. ჟურნალისტს დაზიანებები აქვს სახის არეში მიყენებული.

„მომიტინგეების დამაშინებელი ე.წ „ტიტუშკების რეიდი“ საქართველოში დაიწყო „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციების დროს, როდესაც უცნობი პირები ხვდებოდნენ აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მათი ოჯახის წევრებს სახლებთან ან ქუჩაში, სადაც მათ სასტიკად უსწორდებოდნენ, რასაც ასევე არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება სამართალდამცავი უწყებებისგან. „ტიტუშკების რეიდებს“ ადგილი ჰქონდა, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ პროტესტებზეც,“ – წერს საია.

————

რა ხდება

საქართველოში მეცხრე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო – ადმინისტრაციული წესით ასობით მოქალაქე დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსით კი 23 ადამიანი, რომლებსაც 7 და 9 წლით პატიმრობა ემუქრება.

დღეს, 6 დეკემბერს, ბათუმში აქცია და მუსიკალური პერფორმანსი საღამოს 7 საათზე დაიწყება

დღეს, 6 დეკემბერს, ბათუმში აქცია-პერფორმანსი გაიმართება. საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე საღამოს 7 საათზე დაიწყება. აქციის პარალელურად კი, მუსიკალური პერფორმანსი გაიმართება.

საპროტესტო აქციის მხარდასაჭერად ევროპის მოედანზე გამოვლენ მუსიკოსები: აკე პატარაია, ანრი გუჩმანიძე, გიორგი ფუტკარაძე, თორნიკე აბრამიშვილი, გოგა გორდელაძე. სია განახლებადია.

———

რა ხდება.

საქართველოში მეცხრე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო – ადმინისტრაციული წესით ასობით მოქალაქე დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსით კი 23 ადამიანი, რომლებსაც 7 და 9 წლით პატიმრობა ემუქრება.

„ვკარგავთ ქართული დიპლომების აღიარებას, ევროპასთან ერთობლივ პროგრამებს“ – ლიკა ღლონტი

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს.

წევრობის შეჩერებას ადასტურებს განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიც, რომელიც წერს, რომ „უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე“.

რა საფრთხეებს უქმნის ქართულ განათლების სისტემას ევროპული ხარისხის განათლების სისტემებიდან დისტანცირება, ამ თემაზე „ბათუმელები“ გერმანიის გაცვლის აკადემიური სამსახურის თანამშრომელს, ერაზმუს +ის ყოფილ დირექტორს, ლიკა ღლონტს ესაუბრა.

მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ ვკარგათ წევრობას ევროპულ სტრუქტურებში, რაც ძალიან დამაზიანებელია ჩვენი რეპუტაციისთვის, რომლის აღდგენასაც წლები დასჭირდება.

„რაც მთავარია, ეს დასკვნა დაიდო პოლიტიკური მიზეზების გამო. ახლა ველოდებით ამ დასკვნის ოფიციალურად გამოქვეყნებას.

თუმცა საბჭოს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ვიცით, რომ ეს არის უარყოფითი დასკნა. ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგან ჩვენი 20-წლიანი შრომა წყალშია ჩაყრილი.

წლის დასაწყისში იყო კომისია ჩამოსული და აპრილში დაიწერა დარგობრივი დასკვნა, სადაც ეწერა, რომ ცენტრი არ არის ავტონომიური, დამოუკიდებელი, იმიტომ, რომ ცენტრის დირექტორის თანამდებობას ითავსებდა განათლების მინისტრის მოადგილე და ეს მოხდა ორჯერ ზედიზედ. ერთხელ გია შარვაშიძე ასრულებდა დირექტორის მოვალეობას, მეორედ, თამარ მახარაშვილი, რომელიც ახლაც განათლების მინისტრის მოადგილეა.

მიუხედავად მრავალგზის გაფრთხლებისა და რეკომენდაციისა, რომ ცენტრი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ავტონომიური, სამინისტრომ არ გაითვალისწინა ეს რჩევები და ჩვენი 20-წლიანი მუშაობა და ჩვენი ევროპული განათლების პერსპექტივა შესწირა პოლიტიკურ კონტროლს“, – ამბობს ლიკა ღლონტი.

მას ვკითხეთ, ხომ არ არის ეს იმ პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გასულ წელს, რუსული კანონის შემოღებით დაიწყო?

„მე არ ვიცი, რამდენად მიზანდასახული იყო ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ამ ევროპული ასოციაციიდან გამოვეგდეთ, მაგრამ ამათ რომ ფეხებზე ჰკიდიათ ევროპელი კოლეგების რეკომენდაციები, ეს ფაქტია.

რატომ სჭირდებოდა სამინისტროს ერთ-ერთი მოადგილე ცენტრის დირექტორად? იმიტომ, რომ უნივერსიტეტებზე ჰქონოდა სრული კონტროლი. ეს არის არასწორი გაგება თვითონ განათლების ხარისხის უზრუნველყოფის. იმიტომ, რომ ამ ინსტრუმენტს იყენებს სამინისტრო, როგორც კონტროლის მექანიზმს, ურჩი უნივერსიტეტების დასასჯელად და არა ხარიხის განვითარების მექანიზმად და ეს არის პრობლემა.

ეს სისტემა ასე უცაბედად არ ჩამოიშლება, ჩვენ კი ვკარგავთ პერსპექტივას, ვკარგავთ ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს ევროპასთან, ვკარგავთ ერთობლივ სამეცნიერო პროგრამებს, ქართული დიპლომების აღიარების საკითხი ძალიან გართულდება და გაიწელება დროში, ძალიან გაგვიჭირდება უცხოელი სტუდენტების მოზიდვა საქართველოში, რადგან ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი, თუნდაც ინდოეთიდან რომ ჩამოგვყავდა მედიცინის ფაკულტეტზე სტუდენტები, სწორედ მაგას ვეუბნებოდით, რომ თქვენ ჩამოდიხართ ევროპულ ქვეყანაში და ჩვენი განათლება აღიარებულია ევროპაში. ჩვენი უმაღლესები, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო, საკუთარ ბიუჯეტზე იგრძნობენ ამ გადაწყვეტოლების დამაქცეველ ეფექტს“, – ამბიობს ლიკა ღლონტი.

როგორ შეიძლება ამ პროცესის შეჩერება? – ვკითხეთ ლიკა ღლონტს. მისი თქმით, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ერთი წლის თავზე ცენტრს შეუძლია მიმართოს ევროპის ხარისხის განვითარების ასოციაციას ამ სტრუქტურებში თავიდან გასაწევრიანებლად.

„თუმცა ეს არის მინიმუმ ერთწლიანი პროცედურა, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენი იქედან გამოპანღურების მიზეზი იყო სწორედაც რომ პოლიტიკური გავლენების საკითხი, პოლიტიკური რეჟიმის არსებობა ქვეყანაში, ნაკლებ სავარაუდოა, ჩვენ განვაახლოთ ეს ურთიერთობა და მივიღოთ წევრობა“, – ამბობს ლიკა ღლონტი.

მისი თქმით, ახლა აუცილებელია უნივერსიტეტების სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ და ერთობლივი ბრძოლა ამ ყველაფრის შესაჩერებლად.

„სათითაოდ რომ დარბიან ხარისხის ცენტრში და ასე ცდილობენ თავიანთი საქმეების მოგვარებას, ასე არა. უნდა იყოს აკადემიური სოლიდარობა, ერთიანი ფრონტით უნდა იბრძოლონ ხარისხისთვის.

აქ ზოგიერთი უნივერსიტეტს როგორც ბიზნესერთეულს, ისე უყურებს და არა – განათლების კერას.  თუმცა მე იმედი მაქვს, რომ 20-წლიანმა რეფორმამ თავისი შედეგი გამოიღო, ჩვენ გვყავს უკვე კრიტიკული მასა იმ ახალგაზრდების, რომლებმაც განათლება მიიღეს დასავლეთში, გვყავს ბევრი პროფესორ-მასწავლებელი, რომლებიც დგანან ძალიან სწორ ორიენტირებზე და ძალიან ფართო კონტაქტები აქვთ. ჩვენ ამას ადვილად ვერ დავთმობთ.

ჩვენ ვერ გავხდებით ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია. წარმოუდგენელია ეს, იმიტომ, რომ ამხელა შრომას ასე მარტივად არავინ დათმობს ამ ქვეყანაში“, – ამბობს ლიკა ღლონტი.

განათლების სფეროს წარმომადგენლების პროტესტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 6 დეკემბერს, წერილობით უპასუხა.

ცენტრი წერს, რომ  ENQA-ს და EQAR-ის წევრობის სტატუსის განახლების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი თბილისში შედგა 2023 წლის ოქტომბრის თვეში.

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) სრულად შესაბამისად შეფასდა 11 სტანდარტში, ხოლო ნაწილობრივ შესაბამისად შეფასდა 2 სტანდარტში.

ENQA-ს ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, ცენტრი არც ერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასებულა, როგორც მოთხოვნებთან შეუსაბამო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 5 სტანდარტის შესრულებასთან დაკავშირებით დაუდგინდა საუკეთესო პრაქტიკა.

ENQA-ს ექსპერტების დასკვნის მიღების შემდგომ, ცენტრმა რეგისტრაციის განახლების მიზნით მიმართა EQAR-ს, რომლის გადაწყვეტილებაც ცენტრს ამ ეტაპზე არ ჩაჰბარებია.

თუმცა, წინასწარი, არაოფიციალური მონაცემებით, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე“, – აცხადებს განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

ამავე განცხადებაში ის წერს, რომ „აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია“.

„და ჩვენ მიერ წინსწრებით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია.

ამასთან, დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ყველა ის ძირითადი ხარვეზი, რაზეც შესაძლოა კითხვები ჰქონდეთ EQAR-ის კომიტეტის წევრებს, უკვე აღმოფხვრილი და გამოსწორებულია.

დამატებით, გაცნობებთ, რომ ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებასთან. აღნიშნული ორგანიზაციების წევრობის მოპოვებამდეც, 2019 წლამდეც საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდებოდა, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

რაც შეეხება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ ცენტრის აღიარებას, იგი არანაირად არ უკავშირდება ENQA-ს წევრობას ან EQAR-ში რეგისტრაციას, რადგან ცენტრმა WFME-ის აღიარება მოიპოვა 2018 წელს, ხოლო ENQA-ს სრული წევრის სტატუსი და EQAR-ში რეგისტრაცია განხორციელდა 2019 წელს.

ამასთან, WFME-ის აღიარების მქონე სააგენტოების დიდი ნაწილი არ წარმოადგენს არც ENQA-ს წევრ ორგანიზაციას და არც EQAR-ში არ არიან რეგისტრირებულნი“-წერს ხარისხის ცენტრი.

დღეს განათლების სფეროში არსებული კრიტიკული მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის პასუხად საპროტესტო აქცია გამართეს განათლების სფეროს წარმომადგენლებმა სამინისტროსთან.

ისინი გმობენ იმ ძალადობას, რასაც დღეს ანტიკონსტიტუციური ხელისუფლება ახორციელებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც აპროტესტენს ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილებას, აპროტესტებს „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის რუსუფიკაციის მცდელობას და მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას.

ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები გრძელდება.

438 ათასი ლარი დახარჯა შსს-მ სპეცრაზმელებისა და სხვა პოლიციელების გამოსაკვებად 7 დღეში

თბილისში 28 ნოემბერს დაწყებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, პარალელურად სპეცრაზმი მომიტინგეებს წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით და განსაკუთრებული სისასტიკით არბევს და აკავებს. 4 დეკემბერს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფისებისა და ბინების ჩხრეკის პარალელურად, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებაც დაიწყო.

შსს არ აკონკრეტებს, რამდენი სპეცრაზმელი გამოჰყავს აქციის დროს, ასევე არ აკონკრეტებს, თუ რა სპეციალურ საშუალებებს იყენებს და რა დოზით [მაგალითად, საიას განცხადებით უცნობია, თუ რა არის წყალში ქიმიური გამაღიზიანებლის დასაშვები კონცენტრაციის დონე, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოშობს.]

28 ნოემბრიდან დღემდე პერიოდში, როგორც შესყიდვების პორტალიდან ირკვევა, სპეცრაზმელებისა და სხვა საპოლიციო ძალების კვებისთვის სამინისტრომ 438 ათას 550 ლარი დახარჯა.

მთლიანობაში, ანტირუსულ საპროტესტო აქციებზე გამოყვანილი პოლიციელებისა და სპეცრაზმელების კვებაში კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის აპრილიდან დღემდე პერიოდში ბიუჯეტიდან სულ 1 635 044 ლარი დახარჯა. აქედან:

  • პარლამენტის შენობის მიმდებარედ მობილიზებული პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ლანჩისთვის, 2024 წლის აპრილიდან 28 მაისის ჩათვლით პერიოდში – ჯამში 753 744 ლარი;
  • 29 მაისიდან 23 ნოემბრამდე პერიოდში – 200 000 ლარი;
  • 24-25 ნოემბრის აქციების დროს – 132 750 ლარი [15 000 კომპლექტი ლანჩის ნაკრების შესყიდვაზე];
  • 28 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე – 438 550 ლარი [ამ თანხით სამინისტრომ ჯამში 56 890 კომპლექტი ლანჩის ნაკრები შეისყიდა გამარტივებული წესით, ანუ ტენდერის გარეშე. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საჭიროების შემთხვევაში შსს აქციებზე გამოყვანილი პოლიციელებისთვის საკვების შესყიდვას კვლავ გამარტივებული წესით გააგრძელებს, ვიდრე გამოცხადებული ტენდერი არ დასრულდება [ტენდერი კი, სამინისტროს 300 ათასი ლარით აქვს გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება 11 დეკემბერს მთავრდება].

ამ თემაზე: რითი კვებავს შსს აქციის დამშლელ პოლიციელებს 

  • ცალკე 50 000 ლარი დახარჯა მიმდინარე წლის აპრილიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმაც პატრულის კვებაში. ამჯერად კი, დეპარტამენტს ტენდერის გარეშე ხელშეკრულება 60 000 ლარზე აქვს გაფორმებული.

„მიმდინარე საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ასევე საპროტესტო აქციების მშვიდობიან რეჟიმში ჩატარების უზრუნველყოფის, სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს უხდებათ განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა, რისთვისაც აუცილებლობას წარმოადგენს მათი საველე პირობებში კვებით უზრუნველყოფა.“ – წერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოს.

ამავე თემაზე: თბილისის საპატრულოს ყოფილი უფროსის რჩევა პოლიციელებს: თქვენი უფროსობა პირველი თქვენ ჩაგიშვებს

საპროტესტო აქციები აპრილში „ოცნების“ მიერ პარლამენტში რუსული კანონის ხელმეორედ შეტანის გამო დაიწყო. 28 ოქტომბრიდან მოქალაქეები „ოცნების“ მიერ არჩევნების მიტაცებას და არაკონსტიტუციური პარლამენტის შეკრებას აპროტესტებდნენ. 28 ნოემბრიდან კი, ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. საპროტესტო აქციები გრძელდება.

შსს-ს 3 დეკემბრის განცხადებით, 28 ნოემბრიდან დაწყებულ აქციებზე ადმინისტრაციული ბრალდებით [წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა] დაკავებული იყო 293 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 დეკემბრის დღის მონაცემებით, „მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია სულ 9 პირი. ჩადენილი დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, 16 პირია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. ჩადენილი დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“

„მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციისთვის დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა თანამდებობის პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი,“ – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში რომელიც 5 დეკემბერს გავრცელდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით კი, ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე უწყებას 319 პირის უფლებების დარღვევის შესახებ მიმართეს. უწყების ცნობით, საგამოძიებო ორგანოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოკითხულია 140 პირი, მათ შორის 5 ჟურნალისტი, 42 მოქალაქეს კი ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა [5 დეკემბრის მონაცემები].

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე შსს-ს მიერ გამოყვანილი საპოლიციო ძალების ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს.

____

რა ხდება.

საქართველოში მეცხრე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

პოლიცია და სპეცრაზმი სასტიკი ძალადობით არბევს აქციებს თბილისში. დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით 23 მოქალაქე [5 დეკემბრის მონაცემებით]. ანტირუსული აქციის მონაწილეები სხვადასხვა მოტეხილობებით და დაზიანებებით კლინიკებში არიან მოთავსებული – არაადამიანური მოპყრობის, წამების მსხვერპლია 300-ზე მეტი ადამიანი.

ამ თემაზე ვრცლად:

ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს – საია

„რუსი ოლიგარქის ელჩი“ – ტალინში მცხოვრები ქართველები ბოიკოტს უცხადებენ ელჩს

ესტონეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები კვლავ მოითხოვენ, ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს ზურაბ ხამაშურიძემ თავისი პოზიცია, ეთანხმება თუ ემიჯნება ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ 2028 წლამდე „ქართული ოცნება“ აჩერებს ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

ესტონეთში მცხოვრები ემიგრანტები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ გუშინ, 5 დეკემბერს, ისინი კვლავ მივიდნენ ტალინში საქართველოს საელჩოსთან, თუმცა შენობაში არ შეუშვეს.

„გამოგვაგდეს შენობიდან. მოგვიგზავნეს დაცვა, რომელმაც გვითხრა, „აქ პოლიტიკის ადგილი არ არის“, გარეთ გააპროტესტეთო და შენობაში გაჩერების უფლება არ მოგვცეს.

ტალინში თითქმის უწყვეტად იმართება საპროტესტო აქციები და ეს პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ქვეყანა არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე“, – ამბობს ანანო იაშვილი.

მისი თქმით, ესტონეთში საქართველოს ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს წაუყენეს ულტიმატუმი, ორშაბათამდე დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, თუმცა ის დღემდე დუმს.

„რუსი ოლიგარქის ელჩი“- ამ პლაკატით მივიდნენ ემიგრანტები საქართველოს საელჩოსთან ტალინში.

„არ გამოდის მოქალაქეებთან კონტაქტზე, დუმს და ამ დუმილით გვამცნობს, რომ მხარს უჭერს კობახიძის პოზიციას, რაც არ მოდის ჩვენს ინტერესებთან თანხვედრაში და იმ მიზანთან, რისთვისაც აქ იმყოფება ელჩი.

მხოლოდ კონსულმა დატოვა თანამდებობა, ელჩი კი სამსახურშიც არ დადის, არც სახლში იმყოფება, როგორც გვითხრეს, გადასულია სასტუმროში და იმალება მოქალაქეებისგან“, – ამბობს ანანო იაშვილი.

საპროტესტო აქცია ტალინში, საქართველოს საელჩოსთან.
ფოტო: ლევან ლაგვილავა.

მისი თქმით, ესტონეთში მცხოვრებმა ემიგრანტებმა მიიღეს გადაწყვეტილება ბოიკოტი გამოუცხადონ ელჩს და აღარ მიიღონ მონაწილეობა საელჩოს მიერ გამართულ არც ერთ ღონისძიებაში.

„ჩვენს პროტესტს ექნება უწყვეტი სახე და ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც ექნება ელჩს, მივალთ და გავაპროტესტებთ მის დუმილს“, – ამბობს ანანო.

__________

რა ხდება.

საქართველოში მეცხრე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

პოლიცია და სპეცრაზმი სასტიკი ძალადობით არბევს აქციებს თბილისში. დაკავებულია 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით 23 მოქალაქე [5 დეკემბრის მონაცემებით]. ანტირუსული აქციის მონაწილეები სხვადასხვა მოტეხილობებით და დაზიანებებით კლინიკებში არიან მოთავსებული.

___________

მთავარი ფოტო: ქართველი ემიგრანტების აქცია ესტონეთში საქართველოს საელჩოსთან/ფოტო: ლევან ლაგვილავა.

 

კაცმა პოლიციელს ქუჩაში მზესუმზირას დაყრისთვის შენიშვნა მისცა, ის დააკავეს და 2500 ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2 500 ლარით დააჯარიმა იოსებ ხინკილაძე. მან, როგორც თავად ამბობს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ, მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, პოლიციელს მზესუმზირის ნარჩენის ქუჩაში დაყრის გამო შენიშვნა მისცა.

აქციის მონაწილე ბათუმში 3 დეკემბერს დააკავეს. მისი თქმით, მას პოლიციის მანქანაში პოლიციელებმა აგინეს და სცემეს. იოსებ ხინკილაძე მოსამართლემ დღეს, 6 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე დააჯარიმა.

კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს, მამუკა კახიძეს, აქციაზე მზესუმზირის ჭამის დროს იოსებ ხინკილაძის თანმხლებმა პირმა – რამაზ ქათამაძემ ვიდეო გადაუღო. იოსებ ხინკილაძე გვიყვება, რა მოხდა ვიდეოს გადაღების შემდეგ:

„აქციაზე ვიდექით იმ საღამოსაც და დავინახეთ პოლიციელი, რომელიც მზესუმზირის ნარჩენებს ქუჩაში ყრიდა. თავის შეკავება ვამჯობინეთ, შარი არ ვნახოთ-მეთქი,“ – გვიყვება იოსებ ხინკილაძე. – „მერე ახალგაზრდა ქალი მივიდა პოლიციელთან, ხმა არ მესმოდა, მაგრამ მივხდი, პოლიციელს შენიშვნას აძლევდა, პოლიციელი კი, ისევ ყრიდა ქუჩაში მზესუმზირას.

მერე მე და ჩემი ახლობელიც მივედით, რას ჰგავს თქვენი საქციელი-მეთქი, მივმართე პოლიციელს. მე ეს ვიკითხე მხოლოდ და არანაირი შეურაცხყოფა პოლიციელისთვის არ მიმიყენებია. თუ მივაყენე, დადონ მტკიცებულება. ისიც ვუთხარი, სხვას უნდა აძლევდეთ წესით შენიშვნას და როგორ იქცევით-მეთქი.

დამაკავეს თუ არა, პოლიციის მანქანაში გვერდით მომიჯდა იგივე პოლიციელი, ვისაც შენიშვნა მივეცი. ევროპელი პიდარასტები ხართ ამ აქციაზე ყველაო და შემაგინა. ვუთხარი, რომ დედა ახალი გარდაცვლილი მყავს, ნუ შემაგინებ-მეთქი. საჭესთან ვინც იყო, იმ პოლიციელმა ეს რომ გაიგო ჩემგან, სამმართველოში მისვლამდე მაგინებდა.

მანქანაში პოლიციელმა დამარტყა რამდენჯერმე სახეში, თავ-ყბაში მირტყამდა და მაგინებდა… ტუჩი გახეთქილი მქონდა, სისხლჩაქცევები ექსპერტიზამაც დაადასტურა. ესენი ჯალათები არიან.

კაცმა პოლიციელს ქუჩაში მზესუმზირას დაყრისთვის შენიშვნა მისცა, ის დააკავეს და 2500 ლარით დააჯარიმეს

მერე სასამართლოში მოვიდა იგივე პოლიციელი და ჩემზე თქვა, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, მონებს გვეძახდა პოლიციელებს, მომვარდა და შუბლი მომადო, ჩხუბს აპირებდა, წინააღმდეგობას გვიწევდაო.

მოსამართლემ კიდევ აქეთ დამაჯარიმა. ესაა სამართალი?“ – კითხულობს მშვიდობიანი აქციის მონაწილე.

„სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, პოლიციელი არ იყო ნეიტრალური მოწმე, ვიდეომტკიცებულება კი, პოლიციას არ წარმოუდგენია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საიას იურისტმა ირმა აბაშიძემ. საია აქციაზე დაკავებულების ინტერესებს იცავს სასამართლოში.

ირმა აბაშიძის თქმით, მოსამართლემ სარეზოლუციო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე განმარტა, რომ აქციაზე დაკავება არ იყო დაკავშირებული გამოხატვის თავისუფლებასთან, მოწმეების [პოლიციელების] ჩვენებებში ცდომილება იყო, მაგრამ თხრობა თანმიმდევრული იყო, დაკავებულს კი, ალკოჰოლის სუნი ჰქონდა, ამიტომაც, მის პოზიციას ვერ გავიზიარებო.

„ოქმის შემდგენმა მხარემ უნდა დაადასტუროს ფაქტის არსებობა, სასამართლომ მტკიცების ტვირთი უნდა შეცვალოს,“ – მიიჩნევს იურისტი ირმა აბაშიძე.

იოსებ ხინკილაძის დაკავებამდე ბათუმის საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს. აქციაზე დაკავებულებს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, აქციის ერთი მონაწილე კი, 2 ათასი ლარით დააჯარიმეს.

აქციაზე დააკავეს არასრულწლოვანიც. მას მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

————

რა ხდება.

საქართველოში მეცხრე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო – ადმინისტრაციული წესით ასობით მოქალაქე დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსით კი 23 ადამიანი, რომლებსაც 7 და 9 წლით პატიმრობა ემუქრება.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 დეკემბრის 21 საათიდან 7 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა ღამით 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +14 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 8 და 9 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 750 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 660]
  • ტანკი – 9 514 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 19 518 ერთეული [+46]
  • საარტილერიო სისტემა – 21 043 ერთეული [+20]
  • MLRS – 1 253 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 020 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 023 ერთეული [+46]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 857 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 30 899 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 3 633 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 649 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 37 284 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 19 630 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 497 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 19 032 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 003 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინა გაყინული რუსული აქტივებიდან 50 მილიარდს მიიღებს — ბლინკენი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

საჯარო მოხელეებმა მკაფიოდ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია – აქცია აჭარის განათლების სამინისტროსთან

დღეს, 6 დეკემბერს, აჭარის განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სამინისტროს თანამშრომლებს შენობაში შესვლა და სამუშაო დღის დაწყება  აქციის ფონზე მოუწიათ.

აქციის მონაწილეები სამინისტროს თანამშრომლებისგან ითხოვდნენ გამოეხატათ თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია და მკაფიოდ ეთქვათ, გმობდნენ თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობას. ასევე ეთქვათ, ემიჯნებოდნენ თუ არა „ოცნების“ განცხადებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე.

„ყველა საჯარო მოხელის ვალია თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით,“ – ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

შენობის შესასვლელთან მობილიზებული იყო პოლიცია.

აქცია აჭარის განათლების სამინისტროსთან / 6.12.2024
აქცია აჭარის განათლების სამინისტროსთან / 6.12.2024
აქცია აჭარის განათლების სამინისტროსთან / 6.12.2024
აქცია აჭარის განათლების სამინისტროსთან / 6.12.2024

__________

რა ხდება.

საქართველოში მეცხრე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო – ადმინისტრაციული წესით ასობით მოქალაქე დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსით კი 23 ადამიანი, რომლებსაც 7 და 9 წლით პატიმრობა ემუქრება.

 

 

„ქართველებს მხარი უნდა დავუჭიროთ“ – ევროპარლამენტარი EU-ს მოქმედებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარი თიის როიტენი ევროკავშირს სასწრაფო მოქმედებისკენ მოუწოდებს. „პერსონალური სანქციები პოლიტიკური ლიდერებისა და ივანიშვილის წინააღმდეგ; პროტესტებზე ძალადობისა და რეპრესიების შეჩერება; ახალი, სამართლიანი არჩევნები საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ“, – წერს ევროპარლამენტარი პლატფორმა X-ზე.

ევროპარლამენტში ნიდერლანდების წარმომადგენელი როიტენი ვიდეოსაც ავრცელებს, რომელშიც ამბობს:

„ყოველ საღამოს, ყოველ ღამე, ასობით ათასი ქართველი გამოდის ქუჩებში თავიანთი დემოკრატიის დასაცავად, თავიანთი ევროპული მომავლის დასაცავად. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რუსეთის მძიმე გავლენის ქვეშ მანიპულირებული არჩევნებით მოვიდა და ასევე არის რუსული, უზომოდ მდიდარი ოლიგარქის გავლენის ქვეშ.

მათ გადაწყვიტეს ევროკავშირთან ყველა მოლაპარაკების დაპაუზება, მოსახლეობის 80%-ზე მეტის სურვილის წინააღმდეგ. ჯერ კიდევ სანამ ოფიციალური ან ეგზიტპოლის შედეგები გახდებოდა ცნობილი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისგან მილოცვა მიიღეს. ისინი არც კი ცდილობენ არჩევნების გაყალბების დაფარვას.

ჩვენ ქართველებს მხარი უნდა დავუჭიროთ და ეს ნიშნავს მიზანმიმართულ სანქციებს „ქართული ოცნების“ მეთაურების წინააღმდეგ. ახალ და სამართლიან არჩევნებს. დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობას უნდა დაესვას წერტილი. დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ.

არასრულწლოვანი დააკავეს ქუთაისში აქციაზე, ერთი კი კლინიკაშია გადაყვანილი

ქუთაისში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ არასრულწლოვანი ბიჭი დააკავა.

პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, რომ ბიჭი უგონოდ წევს ქვაფენილზე, თუმცა პოლიციელები მაინც ცდილობდნენ მის დაკავებას.

როგორც აქციაზე მყოფმა თვითმხილველმა „ბათუმელებს“ უთხრა, არასრულწლოვანი ბიჭი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

„დედა მივიდა დაკავების ადგილას, სოციალური მუშაკიც მივა. ადმინისტრაციულით არის გადაყვანილი.

გაწევ-გამოწევის დროს ეს ბავშვი ცუდად გახდა, ორჯერ წაუვიდა გული. ამ ჭყლეტაში მოყვა მეორე ბიჭიც, რომელიც დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი“, – გვითხრა თვითმხილველმა.

__________

რა ხდება.

საქართველოში მერვე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

„ჩემნაირი ქალები რუსეთში 3 ადგილას არიან: ციხეში, კუბოში ან ემიგრაციაში“- ლილი ფულარიანი

ლილი ფულარიანი ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალია. ასევე პრემია „კატო მიქელაძის“ ფინალისტი და ილიაუნისა და ჯიპას ყოფილი ლექტორი.

ის სამი წლის წინ თბილისიდან საცხოვრებლად ბაღდათში, სოფელ დიმში გადავიდა, სადაც დასთან ერთად აღადგინა 120 წლის ხის ძველი, მშობლიური ოდა – „ნინოსეული“.

ლილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და რეპრესიებს ეხმაურება.

„ჩემი სტუდენტობის მეგობარი, ლექსო, რომელიც გამოქვეყნებულ სიაშია, მელაპარაკა (იმ სპეცრაზმელების სია იგულისხმება, რომლებიც საპროტესტო აქციების მონაწილეებს სასტიკად არბევენ, სცემენ). მითხრა, რომ ამ ყველაფერთან კავშირი არ აქვს და სულ სხვა საქმეზე მუშაობს.

როცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მექნება, იმ სტატუსსაც ავიღებ და თუ საჭიროდ მივიჩნევ, ბოდიშსაც მოვიხდი.

მეც ძალიან ვწუხვარ, რომ მის ოჯახს ამის გადატანა უწევს. ბავშვების და მეუღლის ფოტოების ფრიალს სასტიკად ვეწინააღმდეგები, მაგრამ, მეტი ბერკეტი მე აღარ დამრჩა. ვეღარაფრით ვეწინააღმდეგები სისტემას, რომელიც ჭორებს მივრცელებს სოფელში (რადგან სხვა სივრცეში ჩემზე ეგ ჭორები მაინც ყველას კიდია).

დირექტორს დიმის სკოლიდან ჩემი გაშვება აიძულა, წინასაარჩევნოდ სოციალურის მოხსნით დაემუქრა და იძულებით წაართვა პირადობები მეზობლებს, გააყალბა არჩევნები ჩემ თვალწინ, ვეღარ მივმართავ პოლიციას, გაუპატიურების მსხვერპლი ქალები როცა მომმართავენ.

ბიბლიოთეკა, სადაც დიმში შეხვედრებს ვაწყობდით, დაანგრიეს და მაღაზიას ხსნიან, ჩემს შეხვედრებზე ვინც დადის, იმათი მანქანის ნომრებს, სახელებს და გვარებს იწერენ და სუს-სს გადასცემენ, სოფლის ტურისტული განვითარებისთვის მოპოვებული გრანტი ადგილობრივი ხელისუფლების გამო უკან დავაბრუნე, მოსწავლეები მეუბნებიან, რომ აქციების მხარდამჭერი სთორების გამოც კი აშინებენ და ამის გამო ოჯახის წევრების სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან.

კრიტიკულად მოაზროვნე მასწავლებლები დღე-დღეზე ელოდებიან სამსახურიდან გაშვებას, მეგობარი ნაცემია, მისი მეგობარი გადარჩება თუ არა, არ ვიცით და ასეთ დროს საჯაროობის გარდა ბერკეტი აღარ დამრჩენია.

ამ დროს მე აღარ ვიცი, რა სჯობს, აღარ მახსოვს რა მისწავლია, აღარ მახსოვს სად ვმუშაობ, აღარ მახსოვს რა ვალდებულებები მაქვს, უბრალოდ მინდა, რომ ცოცხალი გადავრჩე. გადარჩნენ ჩემი მეგობრები, გადარჩეს სახელმწიფო. და ამისთვის ვიბრძვი იმით, რა ბერკეტებიც მაქვს.

დღეს ჩემი ერთადერთი ბერკეტი არის საჯაროობა და საჯაროდ პასუხის მოთხოვნა ყველასთვის, ვინც დღეს ამ სისტემის ტვინი, ხელები ან უბრალოდ საზარბაზნე ხორცია.

რადგან ჩემნაირი ქალები რუსეთში 3 ადგილას არიან: ციხეში, კუბოში ან ემიგრაციაში.

ამის დასასრულებლად კი არსებობს ერთადერთი გზა #გაფიცვა“- წერს ლილი ფულარიანი ფეისბუქში.

_____________

ბათუმში, ისევე როგორ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მერვე დღეა მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია. მოსახლეობა აპროტესტებს „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების განცხადებას, რომ მათ შეაჩერეს ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება, რამაც ხალხის აღშფოთება გამოიწვია.საპროტესტო აქციებზე პოლიცია და სპეცრაზმი სასტიკად არბევს მოქალაქეებს. დაკავებული და ნაცემია 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები.გუშინ პოლიცია შეიჭრა ოპოზიციური კოალიციური პარტიების ოფისებში და ჩხრეკა ჩაატარა. დაკავებულები არიან: ნიკა გვარამია, ალეკო ელისაშვილი და კოალიციის რამდენიმე წევრი.დღეს პოლიციამ თბილისში პროტესტის მონაწილე მსახიობებიც დააკავა.ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები გრძელდება.

„მხეცურად უსწორდებიან მათ, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო რუსეთის მონა არ გახდეს“ – ლეო ანთაძე

„არ მეგონა, თუ 92 წლის ასაკში მომიწევდა თავისუფლებისათვის ბრძოლა“ –  მსახიობი ლეო ანთაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და პროევროპულ პროტესტს მხარს უჭერს.

მსახიობი წერს, რომ როგორ სასტიკადაც არ უნდა გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, მათ ამით ვერ გააჩერებენ და პირიქით, უკურეაქციას მიიღებენ.

„ბათუმელები“ ლეო ანთაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„რით ვერ გაიგო ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ რაც არ უნდა მხეცური, არაადამიანური ქმედება ჩაიდინონ ჩვენი ახალგაზრდების მიმართ, რაც არ უნდა გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალება იხმარონ ამით უკურეაქციას მიაღწევენ.

რა თავგამოდებით, სადისტური ინსტინქტებით, მხეცურად უსწორდებიან ვინც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო რუსეთის მონა არ გახდეს. ვერაფრით ავხსნი ძალოვნების ქმედებას.

რა დედამ გშობათ, რა ოჯახში გაიზარდეთ რომ ორ გროშად ყიდით სამშობლოს. ეტყობა საოცარ ნეტარებას განიცდით, როდესაც 10-12 კაცი ურტყამთ წაქცეულს. თავს იმართლებთ იმით და გაიძახით თუთიყუშებივით წესრიგს ვიცავთო, კანონს ვიცავთო.

შვილები არ გყავთ? გინდათ რომ თქვენმა შვილებმა ჯოჯოხეთში იცხოვრონ? რუსეთთან ყოფნა ხომ ჯოჯოხეთის ტოლფასია! ჩვენმა დიდმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა ბრძანა: “ვისაც რუსეთთან ყოფნა სურს, ის ან ბრიყვია ან ნაძირალა”. დასკვნა თქვენთვის მომინდვია.

გაიხსენეთ შოთა რუსთაველის სიტყვები „სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოვლისა მოსახვეჭელსა“. ოღონდ სახელის მოხვეჭა სამშობლოსადმი თავდადებით, სიკეთის თესვითა და ზრუნვით, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდეს.

არიან ისეთი არაადამიანები, რომლებმაც ბოროტებით გაითქვეს სახელი. ისტორიას დარჩნენ როგორც ნაძირალები და არამზადები, როგორებიც იყვნენ ყორღანაშვილები, ორჯონიკიძეები, ილიას მკვლელები და სხვა.

მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებას  არტემიდეს ტაძარს ცეცხლი წაუკიდა და მთლიანად გადაწვა ჰეროსტრატემ იმ მიზნით, რომ მისი სახელი დარჩენილიყო ისტორიას და მიზანსაც მიაღწია. იგი ისტორიამ შეინახა როგორც სიბოროტის სიმბოლო.

პუტინსაც, ბიძინასაც და მთელ მის ხროვასაც ჰეროსტრატეებად მოიხსენიებს ისტორია.

P.S არ მეგონა თუ 92 წლის ასაკში მომიწევდა თავისუფლებისათვის ბრძოლა. შეუძლოდ ვარ და როგორც კი გამოვკეთდები აუცილებლად შევუერთდები ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდებს. ჩვენს მომავალ ევროპულ საქართველოს!“ – წერს ლეო ანთაძე.

  • რა ხდება

საქართველოში მერვე დღეა უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის დაწყების მიზეზი გახდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შეეჩერებინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“, – თქვა 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

სწორედ კობახიძის ამ განცხადებას მოჰყვა უწყვეტი საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

„გადაიღეთ ფოტო გემებიდან ბანერით და მხარი დაუჭირეთ პროტესტს“ – მეზღვაურების მიმართვა მეზღვაურებისადმი

ქართველი მეზღვაურები საქართველოში მიმდინარე პროევროპულ პროტესტს ეხმიანებიან და მხარდაჭერას უცხადებენ.

“საქართველოს ძახილი ჩვენამდეც აღწევს!”  – მეზღვაურთა ერთი ჯგუფი განცხადებას ფეისბუქზე ავრცელებს და წერს, რომ მეზღვაურები თავს ვალდებულად თვლიან ხმა ამოიღონ „სამშობლოს ევროპული მომავლის დასაცავად“ და  იმ უსამართლო და არაადამიანური ქმედებების დასაგმობად, რომელიც თბილისის ქუჩებში ხდება.

„დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენ, ქართველი მეზღვაურები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ვიმყოფებით, ვერ დავრჩებით გულგრილები იმ ყველაფერზე, რაც საქართველოში ხდება. ჩვენი ყოველდღიური შრომა არა მხოლოდ ჩვენი ოჯახების, არამედ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობას ემსახურება!

მოვუწოდებ ყველა მეზღვაურს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, შეუერთდეს საქართველოში მიმდინარე მშვიდობიან პროტესტს და გამოხატოს თავისი პოზიცია! გავერთიანდეთ და ერთიანი ძალებით ვებრძოლოთ უსამართლობას!

გთავაზობთ, გადავიღოთ  ფოტო ან ვიდეო გემებიდან, ბანერებით ხელში და გავავრცელოთ ისინი სოციალურ ქსელებში, ამ ფორმით შევუერთდეთ საქართველოში მიმდინარე პროტესტს და დავაფიქსიროთ ჩვენი  მოქალაქეობრივი პოზიცია.

ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი  იბრძვის თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის!

სამშობლოსთვის ერთად, ჩვენ ვართ საქართველო,“ – წერენ მეზღვაურები.

  • რა ხდება

საქართველოში მერვე დღეა უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი გახდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შეეჩერებინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“, – თქვა 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

სწორედ კობახიძის ამ განცხადებას მოჰყვა უწყვეტი საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პოლიციის სისასტიკე მტკიცე საერთაშორისო რეაგირებას მოითხოვს -GCRT აქციის მონაწილეების ცემაზე

ერთად წამების წინააღმდეგ კონსორციუმი [GCRT] რომელიც აერთიანებს წამების წინააღმდეგ მებრძოლ ექვს წამყვან ორგანიზაციას საერთაშორისო დონეზე, ავრცელებს განცხადებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პოლიციის უპრეცედენტო სისასტიკე მტკიცე საერთაშორისო რეაგირებას მოითხოვს.

  • განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

საქართველოს ქალაქებში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის უპრეცედენტო სისასტიკე დაუყოვნებლივ უნდა იყოს შეჩერებული. საერთაშორისო საზოგადოებამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს, რათა გამოიძიოს და პასუხისმგებლობა დააკისროს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებათა დარღვევებზე.

ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, ქართული პოლიცია აქციის მონაწილეების მიმართ იყენებდა რეზინის ტყვიებს, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს. ბევრ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლებს არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და მომიტინგეებს გაფრთხილების გარეშე ესხმოდნენ თავს.

დაზარალებულთა ნაწილმა მიიღო დამწვრობები, სავარაუდოდ, წყლის ჭავლში გახსნილი ქიმიური გამაღიზიანებლების შედეგად. ადგილობრივი უფლებადამცველების ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეები ალყაში მოაქცია და დაშლის ნაცვლად მათ პირდაპირ ფიზიკურად გაუსწორდა.

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კოალიციამ დაადასტურა ათობით მშვიდობიანი მომიტინგის სასტიკი ცემა ნიღბიანი პოლიციელების მიერ მაშინ, როდესაც ისინი პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე იყვნენ შეკრებილნი.

პოლიციელები მომიტინგეებს ძალის გამოყენებით აგდებდნენ მიწაზე, ურტყამდნენ ხელებითა და ხელკეტებით, მათ შორის თავისა და სხეულის არეში. დაფიქსირებულია ჯგუფურად ცემის მრავალი შემთხვევა, ასევე მიწაზე მწოლიარე ადამიანების ფიზიკური შეურაცხყოფა.

წყაროების მიხედვით, ცემის ფაქტები გრძელდებოდა როგორც წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაყვანისას, ასევე დაკავების დროს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს 156 დაკავებული, რომელთაგან 124-მა (80%) განაცხადა, რომ განიცადა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 ნოემბრის აქციების დაწყებიდან დღემდე, 27 მომიტინგე და 16 პოლიციელი იქნა საავადმყოფოში
გადაყვანილი. თუმცა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების თანახმად, რომლებზეც ასახულია როგორ უსწორდება პოლიცია მომიტინგეებს ფიზიკურად, დაშავებულების რეალური რაოდენობა შესაძლოა უფრო მაღალი იყოს.

ასობით ადამიანი იქნა დაკავებული. დაკავებულთა ადვოკატების თქმით, პოლიციის დაკავების ადგილებიდან ადამიანები გამოდიან მოტეხილობებით, სახისა და თვალბუდეების დაზიანებებით, ღია ჭრილობებით და ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის შედეგად მიღებული მძიმე მოწამვლით.

მრავალმხრივი ჩვენებები მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლები მიზანმიმართულად უთვალთვალებდნენ და უტევდნენ ჟურნალისტებს, რომლებიც ცდილობდნენ გაეშუქებინათ აქციების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები. პოლიციის მიერ, 50-ზე მეტი ჟურნალისტი იქნა ფიზიკურად დაშავებული, ასევე მათი აღჭურვილობის დაზიანების შედეგად, შეფერხდა მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელება.

წამება აკრძალულია საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით, ასევე გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციისა და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის რატიფიკაციით.

პროტესტები მოყვა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების”, გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეეჩერებინა 2028 წლამდე. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ევროკავშირის პარლამენტმა შეაფასა როგორც “არც თავისუფალი, არც სამართლიანი“, ხოლო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ((OSCE) შეფასებით, დაფიქსირდა „ზეწოლის და პარტიით ორგანიზებული შანტაჟის კლიმატი არჩევნების წინ და არჩევნების პერიოდში“.

მიმდინარე წლის მაისში, წამების წინააღმდეგ გაერთიანებულმა კოალიციამ (UATC) და მისმა წევრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ შეწყვიტოს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, გამოიძიოს წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება და უზრუნველყოს კომპენსაცია ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის.

მას შემდეგ UATC-ს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ მსგავსი გამოძიებები განახორციელა. UATC უჭერს მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მოწოდებებს შსს მინისტრის მიმართ, რათა მან დაარწმუნოს შეკრების თავისუფლების პატივისცემა საპროტესტო აქციების დროს, შეაჩეროს წამება, არასათანადო მოპყრობა და სხვა ძალადობრივი ანგარიშსწორება მომიტინგეების მიმართ, უზრუნველყოს დაზარალებულების სრული კომპენსაცია, უზრუნველყოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება და დააკისროს ყველა პოლიციელს ატაროს გამჭვირვალე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, რათა უზრუნველყოფილი იყოს პასუხისმგებლობის დაკისრება.

ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ყველა ბრალდება წამებასა და სხვა არასათანადო მოპყრობაზე, რომელიც მიმართული იყო მომიტინგეების და დაკავებული პირების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ, და შედეგები გადაეცეს პროკურატურას შესაბამისი დევნისთვის. ბოლოს, მოვუწოდებთ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, ევროკავშირს, OSCE-სა და ევროპის საბჭოს, იმოქმედონ სასწრაფოდ, რათა დაიცვან მომიტინგეები, გამოიძიონ დარღვევები და პასუხისმგებლობა დააკისრონ დამნაშავე პირებს, რომლებიც ახორციელებენ დანაშაულს და ადამიანის უფლებების დარღვევებს. ეს უნდა მოიცავდეს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მხარდაჭერას, დამოუკიდებელ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა გამოძიებებს და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებზე ზეწოლას.

___

კოალიციის შესახებ: „United Against Torture Consortium” აერთიანებს ექვს წამყვან წამების წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციას (IRCT, OMCT, FIACAT, APT, Omega Research Foundation
და REDRESS)) და თანამშრომლობს 200-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან 100-ზე მეტ ქვეყანაში, რათა გაძლიეროს და გააფართოოს წამების წინააღმდეგ მოძრაობა. პროექტი დაფინანსებულია ევრო კავშირის მიერ. განცხადება გამოცემულია IRCT, OMCT, Omega Research Foundation და Redress ორგანიზაციები მიერ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
● OMCT: მარია კვიცინსკაია mkv@omct.org
● IRCT: ასგერ კიაერიუმ akj@irct.org

„მხარს ვუჭერ ზვიადს, ჩემს შვილს“ – რას ამბობს 19 წლის სტუდენტის მამა, რომელსაც 9 წლით პატიმრობა ელის

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე პოლიციამ 4 დეკემბერს თბილისში დააკავა. გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი ბინაც.

„ბათუმელები“ ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურაბ ცეცხლაძეს ესაუბრა და ჰკითხა, თუ დაუკავშირდა ზვიადს და აქვს თუ არა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„როგორც ადვოკატი მეუბნება, არის მხნედ, კარგად. იყო „კაპეზეში“, წუხელ გადაიყვანეს მე-3 იზოლატორში. დღეს მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმაც.

პირადად მე ვერ შევხვდი, რომ გავესაუბრო, მაგრამ ადვოკატი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი მე რა ინფორმაციასაც მაწვდიან, იმათ ნათქვამს გეუბნებით, რომ არ ყოფილა ფიზიკური ძალადობა, ცემა.

ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ და ველოდებით დღეს ბრალის წარდგენას, როგორც ვიცი, ედავებიან კანონიერი ხელისუფლების დამხობის მცდელობას და ასე შემდეგ, სსკ-ის 225-ე მუხლია, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შემდეგ ალბათ იქნება აღმკვეთი ღონისძიების საკითხი და შევეცდებით, რომ გირაოს საკითხზე ვიმუშაოთ. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ზვიადი და სხვა პირებიც დააკავეს პოლიტიკური ნიშნით, მიზანმიმართულად, ასეთი სასამართლოს და ძალაუფლების პირობებში ნულოვანია იმის შანსი, რომ გირაოს დაგვთანხმდნენ“, – ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე.

მისი თქმით, დაკავებულ ზვიად ცეცხლაძეს ხელი არ მოუწერია ჩხრეკის ოქმზე და მოცემულ მომენტში ის დუმილის უფლებას იყენებს.

ზურაბ ცეცხლაძეს ვკითხეთ, ხომ არ მოახდენს გავლენას ზვიადის დაკავება „დაფიონის“ წევრების აქტიურობაზე და რა განწყობები აქვთ მათ?

„არა, არ მოახდენს. თბილისში, დაქირავებულ ბინაში, სადაც ცხოვრობს ზვიადი, მისი მეგობრები, თანამებრძოლები, ძალიან შემართებით, მედგრად არიან. ზვიადიც მათ შორის. თუ ნახეთ კადრებში სკანდირებდა გაყვანის დროს – „საქართველოს გაუმარჯოს“. ასე რომ, არ მგონია რაიმე დემორალიზაცია გამოიწვიოს სხვა ახალგაზრდების მისმა დაკავებამ.

ვფიქრობ, პირიქით, როცა მიკავშირდებიან, მათ განწყობას ვხედავ, უნდათ იბრძოლონ იმისთვის, რომ ზვიადიც გამოიყვანონ და ქვეყანაც ამ მდგომარეობიდან.

ჩემი, როგორც მშობლის განწყობაც არის ისეთი, რომ მთლიანად მხარს ვუჭერ ზვიადს, ჩემს შვილს, მისი პოზიცია აბსოლუტურად გამართლებულია და სწორი, რადგან დღეს დგას საქართველოს საგარეო კურსის ორიენტაციის საკითხი და ყველა ვალდებულია, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

ამავდროულად ვფიქრობ, რომ ძალაუფლება, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, არის არალეგიტიმური, გამომდინარე იქიდან, რომ მრავალჯერ დაარღვიეს კონსტიტუცია. პარლამენტის სხდომის მოწვევა პრეზიდენტის გარეშე კატეგორიულად მიუღებელი იყო, შესაბამისად, ეს კანონიერი ხელისუფლება არ არის და მოთხოვნა ხელახალი არჩევნების არის ყველაზე სწორი გზა.

თუ ჩვენ კონსტიტუციურ ჩარჩოში არ დავაბრუნეთ ქვეყანა, მაშინ გვექნება ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემა, რაც ქვეყნის სამართლებრივი მომავლისთვისაც არის ძალიან ცუდი.

ამიტომ, სწორია მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ, სწორია პრეზიდენტის ყველა დასმული აქცენტი და ხალხი, რომელიც გამოდის ქუჩაში და იცავს ევროპულ არჩევანს, ესეც აბსოლუტურად სწორი და მისაღებია“ – ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.

ძალოვან უწყებებს, რომლებიც მთელი ერთი კვირა უმოწყალოდ არბევენ დემონსტრანტებს, ხალხი რუსულ მილიციას, „ომონს“ ეძახის და ბანდფორმირებად მოიხსენიებენ. თქვენ, როგორც მშობელმა, როგორც მოქალაქემ, რა შეგიძლიათ თქვათ ამ ხალხის ქმედებაზე, ვინ არიან ისინი და რა შეაჩერებთ მათ?- ვკითხეთ ზურაბ ცეცხლაძეს.

მისი შეფასებით, ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, თუმცა ფაქტობრივ ძალაუფლებას ფლობს და სახელმწიფო ორგანოებს მართავს, აქედან გამომდინარე ყველა მოქმედებაზე თავად არის პასუხისმგებელი.

„ვისაც ჯოხი უჭირავს და მომიტინგეს სცემს, იმას შეიძლება საერთოდ არ აინტერესებდეს  ვინ არის მისი ზემდგომი, ათმეთაური, ასმეთაური თუ ვიღაც „ხარება“, მაგრამ მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს არის რუსული წესებით მოქმედი მილიცია.

როგორც რუსეთში მოქმედებდნენ ხალხის დასათრგუნად, ერთი ერთში კოპირებულია და გადმოტანილია ის, რასაც აკეთებენ დღეს საქართველოში.

ამიტომ, იმედი არის ხალხის სურვილში, რომ ჩვენი ქვეყანა თავის ბუნებრივ ოჯახს, – ევროპას დაუბრუნდეს და დარწმუნებული ვარ, რომ დავაღწევთ ამ პრობლემებს თავს, შეიძლება რთულად, მაგრამ დიდი დრო არ დასჭირდება იმას, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება ევროპული მიმართულებით.“-ამბობს ზურა ცეცხლაძე.

_______________

გუშინ, 4 დეკემბერს, პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებში შეიჭრა და ჩხრეკა ჩაატარა. გაჩხრიკეს ზვიად ცეცხლაძის ბინაც თბილისში.

პოლიციამ გაჩხრიკა სხვა სამოქალაქო აქტივისტების ბინებიც.

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ოფისთან დააკავეს პოლიტიკოსი ნიკა გვარამია, რომელიც პოლიციამ ოფისში არ შეუშვა.

გვარამია ცდილობდა შეეჩერებინათ ჩხრეკა და მიეცათ ოფისში შესვლისა და პროცესზე დასწრების უფლება, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა გვარამიას ტერიტორიიდან გაყვანა. ფიზიკური დაპირისპირების დროს გვარამიამ, სავარაუდოდ, გონება დაკარგა.

პოლიციამ პარტია „ახალის“ ოფისთან დააკავა ასევე „გირჩი მეტი თავისუფლებას“  წევრი გელა ხასაია.

მოგვიანებით კი, დააკავეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი ალეკო ელისაშვილიც.

გუშინ მთლიანობაში პოლიციამ ათამდე ადამიანი დააკავა, რამდენიმე სისხლის სამართლის მუხლით.  მთლიანობაში, პოლიციელებმა საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ისევ გრძელდება. გაფიცულია ათობით ადამიანი.

საპროტესტო აქცია ბათუმში 6 საათზე განახლდება

საპროტესტო აქცია ბათუმში დღეს, 5 დეკემბერს, საღამოს 6 საათიდან განახლდება. ანტირუსული აქციის მონაწილეები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან შეიკრიბებიან, რომლის შემდეგაც საპროტესტო მსვლელობა დაიწყება.

საპროტესტო აქცია საღამოს 7 საათიდან ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაგრძელდება.

საპროტესტო აქციები საქართველოში მერვე დღეა გრძელდება.

————
  • რა ხდება

საქართველოში მერვე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

სისხლის სამართლით დაკავებულია 18 პირი – დამატებითი რეპრესიები ამოქმედდა | საია

საქართველოს იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 5 დეკემბრის მონაცემებით, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 18 პირი.

საიას განმარტებით 4 დეკემბერს, ლეგიტიმური პროტესტის მე-7 დღეს, რეპრესიის დამატებითი საშუალებები ამოქმედდა. კერძოდ, ძალადობრივად, ღირსების შემლახავად აკავებდნენ და ჩხრეკდნენ პირების საცხოვრებელ ადგილებსა და ოფისებს, რაც მიზნად ისახავს, ადამიანების დაშინების გზით ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას.

პარალელურ რეჟიმში ჩხრეკა დაიწყეს ოპოზიციური პარტიების, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ენმ-ის“ და „გირჩი-დროას“ ოფისებში. ოფისებიდან გამოიტანეს ფიზიოლოგიური ხსნარები, ნიღბები, ჩაფხუტები. სამართალდამცავები ასევე შევიდნენ ახალგაზრდული მოძრაობა „ნაბიჯის“ ოფისში.“

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე [ნივთის დაზიანება ან განადგურება] და 353-ე პრიმა [პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა] მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი.

ასევე, 8 პირია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე [ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა] და 239-ე პრიმა სისხლის სამართლის წესით ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება მუხლებით; ხოლო აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

საია სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირების საქმეებს სასამართლოში დააკვირდება.

  • რა ხდება

საქართველოში მერვე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

კლინიკებში გამოჰკითხეს აქციაზე დაშავებული 140 პირი, 42-ს ექსპერტიზა ჩაუტარდა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე  უწყებას 319 პირის უფლებების დარღვევის შესახებ მიმართეს. საგამოძიებო სამსახური იძიებს პოლიციელების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს, ასევე ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევებს.

„სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. სამსახური მუდმივ რეჟიმში განაგრძობს შეტყობინებების მიღებას. თითოეულ შეტყობინებაზე, სამსახურის არსებული რესურსის მაქსიმალური გამოყენებით ხდება სწრაფი სამართლებრივი რეაგირება,“ – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დღეს, 5 დეკემბერს, გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ უწყების ცნობით, საგამოძიებო ორგანოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოკითხულია 140 პირი, მათ შორის 5 ჟურნალისტი, 42 მოქალაქეს კი ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე.

პოლიციელებმა საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

————
  • რა ხდება

საქართველოში მერვე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

„მირტყამდნენ მთელი რუსული სიბოროტით“ – რას ჰყვება ბათუმში დაკავებული ლადო თოდაძე

„მირტყამდნენ ყველგან გამწარებით, მთელი რუსული სიბოროტით – თავში, სახეში, მხრებზე, ფეხებში.

ჰუდი წამომაფარეს და ქვევიდან კასტეტიანი ხელით, მთელი ძალით ამომცხო. სახე სულ დამისისხლიანდა. თვალს ვერ ვახელდი.

წაქცევა უნდოდათ, ვერ წამაქციეს. დაჩოქება უნდოდათ და ისე გაყვანა, ვერ შეძლეს“, – ასე აღწერს ლადო თოდაძე სპეცრაზმის მიერ მის დაკავებას ბათუმში, საპროტესტო აქციის დროს.

ის ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ გუშინ, 4 დეკემბერს გაათავისუფლეს.

ლადოს „ბათუმელები“ ესაუბრა და ჰკითხა, როგორია ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხომ არ იქონია ამ ძალადობრივმა დაკავებამ მის ბრძოლისუნარიანობაზე გავლენა?

„სანამ დამაკავებდნენ, რაღაც ჩოჩქოლი ატყდა აქციაზე, თურმე ვიღაც შეიწოვეს სპეცრაზმელებმა და ერთი ქალი ცუდად გახდა ამის გამო. როგორც გავიგე, იმ ქალის შვილი იყო. გული წაუვიდა ქალს და სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

ჩვენ გვინდოდა არ გაგვეტანებინა ეს დაკავებული პოლიციისთვის და ამ დროს დამაკავეს მეც.  დაკავების პროცესში მირტყეს სახეში, ყველგან, შუბლი გადამეხსნა.

დაკავების შემდეგ პატრულმა გადამიყვანა. ბათუმია მაინც, საახლობლო აღმოჩნდა და პირველადი დახმარება იმ ადამიანებმა გამიწიეს, შემდეგ უკეთ გვეპყრობოდნენ, როგორც ბათუმში, ასევე ფოთში.

რა შემიძლია ვთქვა, ვფიქრობ, ნიღბიანები ყველაზე ცუდი ადამიანები არიან და ის ვიცი, რომ ძალიან ცუდ დღეში ვართ.

თუ ყველა არ ჩაერთო, თუ თითოეულმა ადამიანმა არ გაიაზრა, რომ ჩვენი ქვეყანა ხელიდან გვეცლება, ისე არაფერი გამოვა“, – ამბობს ლადო თოდაძე.

იმის მიუხედავად, რომ პოლიციელები სასტიკად მოექცნენ, ლადო ამბობს, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

„აქციაზე გავალ. სპეცრაზმს ალბათ მოვერიდები, რადგან შეუძლიათ ისევ დამაკავონ, თუმცა ჩემი პროტესტი გაგრძელდება“, – ამბობს ლადო თოდაძე.

ბათუმში ანტირუსულ აქციაზე 30 ნოემბერს 9 ადამიანი დააკავეს. აქედან ერთი არასრულწლოვანი იყო და სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილებით გამოუშვა, ერთი 2000 ლარით დააჯარიმეს, ხუთი ადამიანი კი ადმინისტრაციული მუხლით, ხუთდღიან პატიმრობაში დატოვეს. მათ შორის იყო ლადო თოდაძეც.

ბათუმში, ისევე როგორ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მერვე დღეა მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია. მოსახლეობა აპროტესტებს „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების განცხადებას, რომ მათ შეაჩერეს ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება, რამაც ხალხის აღშფოთება გამოიწვია.

საპროტესტო აქციებზე პოლიცია და სპეცრაზმი სასტიკად არბევს მოქალაქეებს. დაკავებული და ნაცემია 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები.

გუშინ პოლიცია შეიჭრა ოპოზიციური კოალიციური პარტიების ოფისებში და ჩხრეკა ჩაატარა. დაკავებულები არიან: ნიკა გვარამია, ალეკო ელისაშვილი და კოალიციის რამდენიმე წევრი.

ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები გრძელდება.

Exit mobile version