მთავარი,სიახლეები

“დემონსტრანტებზე ძალადობამ სისტემური წამების, არაადამიანური მოპყრობის და დასჯის ფორმა მიიღო” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

07.12.2024
“დემონსტრანტებზე ძალადობამ სისტემური წამების, არაადამიანური მოპყრობის და დასჯის ფორმა მიიღო” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით ფართომასშტაბიანი საპოლიციო ძალადობა, რომლითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თვითორგანიზებულ პროტესტს პასუხობს, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება.

„ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ღიად მხარდაჭერილი სისტემური ძალადობის ეს პრაქტიკა ძალოვანი სისტემის მაღალჩინოსნებისა და მმართველი პარტიის ლიდერების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს ქმნის და დროულ და ქმედით სამართლებრივ და საერთაშორისო რეაგირებას ითხოვს.

გარდა იმისა, რომ ამ დღეების განმავლობაში, საპოლიციო ძალები სრულად უკანონოდ და უსაფუძვლოდ შლიან და არბევენ მშვიდობიან შეკრებებს, ამ პროცესში, ისევე როგორც შეკრების მონაწილეების დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაყვანისას, ჩანს ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის უმძიმესი და მასშტაბური პრაქტიკა,“ – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს, რომ საჯაროდ გავრცელებული ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, პოლიცია და სპეცრაზმი როგორ დაუნდობლად, ხშირ შემთხვევაში ჯგუფურად უსწორდება აქციის მონაწილეებს შეკრების ადგილას, დაკავებისას და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს.

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საპროტესტო აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის 350-ზე მეტი ადმინისტრაციული, ხოლო 28 პირი სისხლის სამართლის წესით.

„ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, 300-ზე მეტი დაკავებული გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, თუმცა, ჯერჯერობით არც ერთი სამართალდამცავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საგამოძიებო უწყებების სისტემურ უმოქმედობაზე და აჩვენებს, რომ სახელმწიფო აპარატი და ინსტიტუციები სრულად პარტიულ ვერტიკალურ კონტროლს ექვემდებარება.

სახალხო დამცველი და სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები ასობით მოქალაქეს შეხვდნენ იზოლატორებსა და კლინიკებში. დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკადაა ნაცემი – მათ მთელს სხეულზე აღენიშნებათ სისხლჩაქცევები, აქვთ  დაზიანებები სახის არეში, ცხვირისა და ყბის მოტეხილობები. ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებიც. სახალხო დამცველის განცხადებით, სახის არეში დაზიანებები იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა,“- ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადების თანახმად, „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაზარალებულები ჰყვებიან, რომ დაკავების შემდეგ ისინი მოათავსეს მიკროავტობუსში, რათა მათზე ძალადობა მედიასაშუალებებს არ დაეფიქსირებინათ. სატრანსპორტო საშუალებაში დაკავებულებს აშიშვლებდნენ, აიძულებდნენ ფეხსაცმლის გახდასა და იზოლატორში ფეხსაცმლის გარეშე შესვლას.

პოლიციის განყოფილებაში მიყვანამდე ამავე მიკროავტობუსში, სადაც ერთდროულად, ბევრი დაკავებული პირი იყო, კარსა და ფანჯრებს კეტავდნენ და შიგნით უშვებდნენ მხუთავ საშუალებებს. მაშინ, როდესაც დახურულ სივრცეში უკვე შეყვანილია ხელბორკილიანი პირი და მისი გაქცევისა თუ ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის შანსი ფაქტობრივად არ არსებობს, სპეციალური საშუალებების გამოყენება გაუმართლებელია და დასჯის მიზნით მათ წამებას უტოლდება. ამასთან, ძალადობა პოლიციის სატრანსპორტო საშუალებებსა და დაკავების იზოლატორებში, რომელიც სრულად ხვდება პოლიციის ექსკლუზიური კონტროლის ქვეშ და რომელსაც თან ახლავს ზემდგომის მიერ ძალადობის შემთხვევის მეთვალყურეობა და შეწყნარება, აჩვენებს, რომ ძალადობა არის არა სპონტანური, არამედ წინასწარ განზრახული და კარგად ორგანიზებული.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჰყვება, რომ ის დარბევის დროს ხალხის დახმარებას ცდილობდა, როცა სამართალდამცავებმა დააკავეს. დაკავების დროს პოლიციელების კორიდორში გაატარეს, დაუწყეს გინება, ცემა და ასე მიიყვანეს მიკროავტობუსამდე, სადაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა დახვდა. სამართალდამცავებმა დახურეს ტრანსპორტის კარი. შემოვარდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები და სასტიკად გაუსწორდნენ თითოეულ დაკავებულს, დააგდეს ძირს, ურტყამდნენ წიხლებს სახეში, ცხვირში, თავსა და ნეკნებში. ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის მონაცვლეობით შემოდიოდა 5-5 კაცი და ჯამში დაახლოებით 50 ადამიანი ძალადობდა თითოეულზე. როგორც აქციის მონაწილე ჰყვება, მიკროავტობუსში მისი ფეხსაცმელი მოეწონათ, ამიტომ გახადეს და წაართვეს.

განსაკუთრებით მძიმეა ის, რომ ძალადობის ამგვარი ფორმები  არ გამოვლენილა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში და ათობით ადამიანი მსგავსი გამოცდილების შესახებ ჰყვება.

დაფიქსირდა წამების მუქარის მძიმე შემთხვევებიც. მაგალითად, ისტორიკოსი ნოდარ აროშინაძე, რომელიც 2 დეკემბრის ღამით დააკავეს, იხსენებს: „გვირტყამდნენ თავში, მანქანა არ დაგვისვაროთო და უსასტიკეს სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით, ოჯახის დაწიოკებით“.

ძალოვნების მიერ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას განსაკუთრებით მკაფიოდ ააშკარავებს შშმ პირზე, არასრულწლოვანებსა და ორსულ ქალზე განხორციელებული სასტიკი ძალადობის ფაქტები. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სმენის არმქონე პირი, რომელიც აქციის მონაწილე არ იყო  და სახლში მიდიოდა, ნიღბიანი ძალოვნების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. გარდა ფიზიკური ძალადობისა, მას აგრეთვე წაართვეს პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი, რომელიც მისთვის ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება იყო. შემაშფოთებელია აგრეთვე ქუთაისის საპროტესტო აქციაზე პოლიციის მხრიდან 14 წლის არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.

28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციები აგრეთვე გამოირჩევა ჟურნალისტებზე ძალადობისა და მათთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტების სიმრავლით. მედიაჩეკერის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან დღემდე მშვიდობიანი აქციების გაშუქებისას მედიისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის 80-ზე მეტ შემთხვევა დაფიქსირდა. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა გურამ როგავას, მარიამ გაფრინდაშვილის, ალექსანდრე ქეშელაშვილის, მინდია გაბოძის, გიორგი ჩაგელიშვილის და მარიამ ნიკურაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევები.

მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს ძალადობის მასშტაბი და სისტემურობა აჩვენებს, რომ ხელისუფლება სრულად არის გასული კონსტიტუციური წესრიგიდან და უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. აშკარაა ისიც, რომ ინსტიტუციონალიზებული და სისტემური ძალადობის მიზანი არა სამართლებრივი წესრიგის დაცვა, არამედ მოქალაქეების დასჯა, დაშინება და პოლიტიკური შურისძიებაა.

იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირები მადლობას უხდიან პოლიციას აქციის სასტიკი დარბევისთვის და სპეციალური საგამოძიებო სამსახური კი მკაფიო მოწოდებასაც კი არ ავრცელებს სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის დაუშვებლობის შესახებ, აშკარაა, რომ პოლიციელთა დანაშაულებრივი ქმედებები ხელისუფლების პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“:

  • დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ადამიანები პატიმრობიდან;
  • შეწყვიტოს მშვიდობიანი მოქალაქეების ფართომასშტაბიანი დევნა, დარბევა, წამება და არაადამიანური მოპყრობა.
  • გააცნობიეროს შექმნილი კრიზისის მასშტაბი და მისი თანმდევი უმძიმესი ადამიანური ფასი და დროულად დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს ასევე მოუწოდებს სახალხო დამცველს:

  • დროულად უზრუნველყოს ძალადობის მასობრივი პრაქტიკისა და შეკრების თავისუფლების ხელყოფის საკითხების დოკუმენტირება და საერთაშორისო სასამართლოებსა და ორგანიზაციებში ადვოკატირება;
  • უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში გაფართოებული მონიტორინგის წარმოება, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების და ექსპერტების მონაწილეობით;
  • მიმართოს წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტს და მოითხოვოს კომიტეტის წევრების ad hoc ვიზიტი წამების და არაადამიანური მოპყრობის ფართომასშტაბიანი პრაქტიკის შესასწავლად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.