მთავარი,სიახლეები

„მხეცურად უსწორდებიან მათ, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო რუსეთის მონა არ გახდეს“ – ლეო ანთაძე

05.12.2024
„მხეცურად უსწორდებიან მათ, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო რუსეთის მონა არ გახდეს“ –  ლეო ანთაძე

„არ მეგონა, თუ 92 წლის ასაკში მომიწევდა თავისუფლებისათვის ბრძოლა“ –  მსახიობი ლეო ანთაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და პროევროპულ პროტესტს მხარს უჭერს.

მსახიობი წერს, რომ როგორ სასტიკადაც არ უნდა გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, მათ ამით ვერ გააჩერებენ და პირიქით, უკურეაქციას მიიღებენ.

„ბათუმელები“ ლეო ანთაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„რით ვერ გაიგო ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ რაც არ უნდა მხეცური, არაადამიანური ქმედება ჩაიდინონ ჩვენი ახალგაზრდების მიმართ, რაც არ უნდა გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალება იხმარონ ამით უკურეაქციას მიაღწევენ.

რა თავგამოდებით, სადისტური ინსტინქტებით, მხეცურად უსწორდებიან ვინც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო რუსეთის მონა არ გახდეს. ვერაფრით ავხსნი ძალოვნების ქმედებას.

რა დედამ გშობათ, რა ოჯახში გაიზარდეთ რომ ორ გროშად ყიდით სამშობლოს. ეტყობა საოცარ ნეტარებას განიცდით, როდესაც 10-12 კაცი ურტყამთ წაქცეულს. თავს იმართლებთ იმით და გაიძახით თუთიყუშებივით წესრიგს ვიცავთო, კანონს ვიცავთო.

შვილები არ გყავთ? გინდათ რომ თქვენმა შვილებმა ჯოჯოხეთში იცხოვრონ? რუსეთთან ყოფნა ხომ ჯოჯოხეთის ტოლფასია! ჩვენმა დიდმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა ბრძანა: “ვისაც რუსეთთან ყოფნა სურს, ის ან ბრიყვია ან ნაძირალა”. დასკვნა თქვენთვის მომინდვია.

გაიხსენეთ შოთა რუსთაველის სიტყვები „სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოვლისა მოსახვეჭელსა“. ოღონდ სახელის მოხვეჭა სამშობლოსადმი თავდადებით, სიკეთის თესვითა და ზრუნვით, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდეს.

არიან ისეთი არაადამიანები, რომლებმაც ბოროტებით გაითქვეს სახელი. ისტორიას დარჩნენ როგორც ნაძირალები და არამზადები, როგორებიც იყვნენ ყორღანაშვილები, ორჯონიკიძეები, ილიას მკვლელები და სხვა.

მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებას  არტემიდეს ტაძარს ცეცხლი წაუკიდა და მთლიანად გადაწვა ჰეროსტრატემ იმ მიზნით, რომ მისი სახელი დარჩენილიყო ისტორიას და მიზანსაც მიაღწია. იგი ისტორიამ შეინახა როგორც სიბოროტის სიმბოლო.

პუტინსაც, ბიძინასაც და მთელ მის ხროვასაც ჰეროსტრატეებად მოიხსენიებს ისტორია.

P.S არ მეგონა თუ 92 წლის ასაკში მომიწევდა თავისუფლებისათვის ბრძოლა. შეუძლოდ ვარ და როგორც კი გამოვკეთდები აუცილებლად შევუერთდები ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდებს. ჩვენს მომავალ ევროპულ საქართველოს!“ – წერს ლეო ანთაძე.

  • რა ხდება

საქართველოში მერვე დღეა უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის დაწყების მიზეზი გახდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შეეჩერებინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“, – თქვა 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

სწორედ კობახიძის ამ განცხადებას მოჰყვა უწყვეტი საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: