ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე პოლიციამ 4 დეკემბერს თბილისში დააკავა. გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი ბინაც.
„ბათუმელები“ ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურაბ ცეცხლაძეს ესაუბრა და ჰკითხა, თუ დაუკავშირდა ზვიადს და აქვს თუ არა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
„როგორც ადვოკატი მეუბნება, არის მხნედ, კარგად. იყო „კაპეზეში“, წუხელ გადაიყვანეს მე-3 იზოლატორში. დღეს მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმაც.
პირადად მე ვერ შევხვდი, რომ გავესაუბრო, მაგრამ ადვოკატი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი მე რა ინფორმაციასაც მაწვდიან, იმათ ნათქვამს გეუბნებით, რომ არ ყოფილა ფიზიკური ძალადობა, ცემა.
ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ და ველოდებით დღეს ბრალის წარდგენას, როგორც ვიცი, ედავებიან კანონიერი ხელისუფლების დამხობის მცდელობას და ასე შემდეგ, სსკ-ის 225-ე მუხლია, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შემდეგ ალბათ იქნება აღმკვეთი ღონისძიების საკითხი და შევეცდებით, რომ გირაოს საკითხზე ვიმუშაოთ. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ზვიადი და სხვა პირებიც დააკავეს პოლიტიკური ნიშნით, მიზანმიმართულად, ასეთი სასამართლოს და ძალაუფლების პირობებში ნულოვანია იმის შანსი, რომ გირაოს დაგვთანხმდნენ“, – ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე.
მისი თქმით, დაკავებულ ზვიად ცეცხლაძეს ხელი არ მოუწერია ჩხრეკის ოქმზე და მოცემულ მომენტში ის დუმილის უფლებას იყენებს.
ზურაბ ცეცხლაძეს ვკითხეთ, ხომ არ მოახდენს გავლენას ზვიადის დაკავება „დაფიონის“ წევრების აქტიურობაზე და რა განწყობები აქვთ მათ?
„არა, არ მოახდენს. თბილისში, დაქირავებულ ბინაში, სადაც ცხოვრობს ზვიადი, მისი მეგობრები, თანამებრძოლები, ძალიან შემართებით, მედგრად არიან. ზვიადიც მათ შორის. თუ ნახეთ კადრებში სკანდირებდა გაყვანის დროს – „საქართველოს გაუმარჯოს“. ასე რომ, არ მგონია რაიმე დემორალიზაცია გამოიწვიოს სხვა ახალგაზრდების მისმა დაკავებამ.
ვფიქრობ, პირიქით, როცა მიკავშირდებიან, მათ განწყობას ვხედავ, უნდათ იბრძოლონ იმისთვის, რომ ზვიადიც გამოიყვანონ და ქვეყანაც ამ მდგომარეობიდან.
ჩემი, როგორც მშობლის განწყობაც არის ისეთი, რომ მთლიანად მხარს ვუჭერ ზვიადს, ჩემს შვილს, მისი პოზიცია აბსოლუტურად გამართლებულია და სწორი, რადგან დღეს დგას საქართველოს საგარეო კურსის ორიენტაციის საკითხი და ყველა ვალდებულია, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
ამავდროულად ვფიქრობ, რომ ძალაუფლება, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, არის არალეგიტიმური, გამომდინარე იქიდან, რომ მრავალჯერ დაარღვიეს კონსტიტუცია. პარლამენტის სხდომის მოწვევა პრეზიდენტის გარეშე კატეგორიულად მიუღებელი იყო, შესაბამისად, ეს კანონიერი ხელისუფლება არ არის და მოთხოვნა ხელახალი არჩევნების არის ყველაზე სწორი გზა.
თუ ჩვენ კონსტიტუციურ ჩარჩოში არ დავაბრუნეთ ქვეყანა, მაშინ გვექნება ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემა, რაც ქვეყნის სამართლებრივი მომავლისთვისაც არის ძალიან ცუდი.
ამიტომ, სწორია მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ, სწორია პრეზიდენტის ყველა დასმული აქცენტი და ხალხი, რომელიც გამოდის ქუჩაში და იცავს ევროპულ არჩევანს, ესეც აბსოლუტურად სწორი და მისაღებია“ – ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.
ძალოვან უწყებებს, რომლებიც მთელი ერთი კვირა უმოწყალოდ არბევენ დემონსტრანტებს, ხალხი რუსულ მილიციას, „ომონს“ ეძახის და ბანდფორმირებად მოიხსენიებენ. თქვენ, როგორც მშობელმა, როგორც მოქალაქემ, რა შეგიძლიათ თქვათ ამ ხალხის ქმედებაზე, ვინ არიან ისინი და რა შეაჩერებთ მათ?- ვკითხეთ ზურაბ ცეცხლაძეს.
მისი შეფასებით, ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, თუმცა ფაქტობრივ ძალაუფლებას ფლობს და სახელმწიფო ორგანოებს მართავს, აქედან გამომდინარე ყველა მოქმედებაზე თავად არის პასუხისმგებელი.
„ვისაც ჯოხი უჭირავს და მომიტინგეს სცემს, იმას შეიძლება საერთოდ არ აინტერესებდეს ვინ არის მისი ზემდგომი, ათმეთაური, ასმეთაური თუ ვიღაც „ხარება“, მაგრამ მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს არის რუსული წესებით მოქმედი მილიცია.
როგორც რუსეთში მოქმედებდნენ ხალხის დასათრგუნად, ერთი ერთში კოპირებულია და გადმოტანილია ის, რასაც აკეთებენ დღეს საქართველოში.
ამიტომ, იმედი არის ხალხის სურვილში, რომ ჩვენი ქვეყანა თავის ბუნებრივ ოჯახს, – ევროპას დაუბრუნდეს და დარწმუნებული ვარ, რომ დავაღწევთ ამ პრობლემებს თავს, შეიძლება რთულად, მაგრამ დიდი დრო არ დასჭირდება იმას, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება ევროპული მიმართულებით.“-ამბობს ზურა ცეცხლაძე.
_______________
გუშინ, 4 დეკემბერს, პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებში შეიჭრა და ჩხრეკა ჩაატარა. გაჩხრიკეს ზვიად ცეცხლაძის ბინაც თბილისში.
პოლიციამ გაჩხრიკა სხვა სამოქალაქო აქტივისტების ბინებიც.
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ოფისთან დააკავეს პოლიტიკოსი ნიკა გვარამია, რომელიც პოლიციამ ოფისში არ შეუშვა.
გვარამია ცდილობდა შეეჩერებინათ ჩხრეკა და მიეცათ ოფისში შესვლისა და პროცესზე დასწრების უფლება, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა გვარამიას ტერიტორიიდან გაყვანა. ფიზიკური დაპირისპირების დროს გვარამიამ, სავარაუდოდ, გონება დაკარგა.
პოლიციამ პარტია „ახალის“ ოფისთან დააკავა ასევე „გირჩი მეტი თავისუფლებას“ წევრი გელა ხასაია.
მოგვიანებით კი, დააკავეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი ალეკო ელისაშვილიც.
გუშინ მთლიანობაში პოლიციამ ათამდე ადამიანი დააკავა, რამდენიმე სისხლის სამართლის მუხლით. მთლიანობაში, პოლიციელებმა საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ისევ გრძელდება. გაფიცულია ათობით ადამიანი.






