ჟურნალისტ ბექა ყორშიას დაკავებას „მთავარი არხი“ საგანგებო განცხადებით ეხმაურება და ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი.
„დღეს გამთენიისას საპროტესტო აქციაზე გაიტაცეს და დააკავეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია.
“მთავარი არხის” გუნდი დიდი ხანია არის “ქართული ოცნების” ანგარიშსწორების სამიზნე. მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებულად გაზრდილია აგრესია მედიის მიმართ და ღიად, დემონსტრაციული მეთოდებით ხდება ჟურნალისტებზე თავდასხმა. ეგრეთწოდებული სამართალდამცავი ორგანოები მიზანმიმართულად აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მედიის წარმომადგენლებს და ხელს უშლიან პროფესიულ საქმიანობაში.
მოვუწოდებთ ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს “მთავარი არხის” ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია და გამოიძიოს მისი უკანონო დაკავების ფაქტი.
„მთავარი არხის“ გუნდი ასევე სოლიდარობას უცხადებს აქციის დარბევისას დაზარალებულ ყველა მოქალაქესა და კოლეგა ჟურნალისტებს სხვა მედიებიდან. ჩვენ ერთად ვიბრძვით ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, ამ ბრძოლაში ვართ ურყევები და მიზანდასახულები,“ – ნათქვამია „მთავარი არხის“ განცხადებაში.
პროევროპული მასშტაბური დემონსტრაციების მონაწილე, ტელეწამყვანი ბექა ყორშია, 7 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მეგობრები და ახლობლები ყორშიას საათნახევრის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც ისინი ჰყვებიან, ტელეწამყვანი ელბაქიძის აღმართიდან გაქრა და მის დაკავებას უფრო გატაცების სახე ჰქონდა.






