მთავარი,სიახლეები

„ჩემნაირი ქალები რუსეთში 3 ადგილას არიან: ციხეში, კუბოში ან ემიგრაციაში“- ლილი ფულარიანი

05.12.2024
„ჩემნაირი ქალები რუსეთში 3 ადგილას არიან: ციხეში, კუბოში ან ემიგრაციაში“- ლილი ფულარიანი

ლილი ფულარიანი ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალია. ასევე პრემია „კატო მიქელაძის“ ფინალისტი და ილიაუნისა და ჯიპას ყოფილი ლექტორი.

ის სამი წლის წინ თბილისიდან საცხოვრებლად ბაღდათში, სოფელ დიმში გადავიდა, სადაც დასთან ერთად აღადგინა 120 წლის ხის ძველი, მშობლიური ოდა – „ნინოსეული“.

ლილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და რეპრესიებს ეხმაურება.

„ჩემი სტუდენტობის მეგობარი, ლექსო, რომელიც გამოქვეყნებულ სიაშია, მელაპარაკა (იმ სპეცრაზმელების სია იგულისხმება, რომლებიც საპროტესტო აქციების მონაწილეებს სასტიკად არბევენ, სცემენ). მითხრა, რომ ამ ყველაფერთან კავშირი არ აქვს და სულ სხვა საქმეზე მუშაობს.

როცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მექნება, იმ სტატუსსაც ავიღებ და თუ საჭიროდ მივიჩნევ, ბოდიშსაც მოვიხდი.

მეც ძალიან ვწუხვარ, რომ მის ოჯახს ამის გადატანა უწევს. ბავშვების და მეუღლის ფოტოების ფრიალს სასტიკად ვეწინააღმდეგები, მაგრამ, მეტი ბერკეტი მე აღარ დამრჩა. ვეღარაფრით ვეწინააღმდეგები სისტემას, რომელიც ჭორებს მივრცელებს სოფელში (რადგან სხვა სივრცეში ჩემზე ეგ ჭორები მაინც ყველას კიდია).

დირექტორს დიმის სკოლიდან ჩემი გაშვება აიძულა, წინასაარჩევნოდ სოციალურის მოხსნით დაემუქრა და იძულებით წაართვა პირადობები მეზობლებს, გააყალბა არჩევნები ჩემ თვალწინ, ვეღარ მივმართავ პოლიციას, გაუპატიურების მსხვერპლი ქალები როცა მომმართავენ.

ბიბლიოთეკა, სადაც დიმში შეხვედრებს ვაწყობდით, დაანგრიეს და მაღაზიას ხსნიან, ჩემს შეხვედრებზე ვინც დადის, იმათი მანქანის ნომრებს, სახელებს და გვარებს იწერენ და სუს-სს გადასცემენ, სოფლის ტურისტული განვითარებისთვის მოპოვებული გრანტი ადგილობრივი ხელისუფლების გამო უკან დავაბრუნე, მოსწავლეები მეუბნებიან, რომ აქციების მხარდამჭერი სთორების გამოც კი აშინებენ და ამის გამო ოჯახის წევრების სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან.

კრიტიკულად მოაზროვნე მასწავლებლები დღე-დღეზე ელოდებიან სამსახურიდან გაშვებას, მეგობარი ნაცემია, მისი მეგობარი გადარჩება თუ არა, არ ვიცით და ასეთ დროს საჯაროობის გარდა ბერკეტი აღარ დამრჩენია.

ამ დროს მე აღარ ვიცი, რა სჯობს, აღარ მახსოვს რა მისწავლია, აღარ მახსოვს სად ვმუშაობ, აღარ მახსოვს რა ვალდებულებები მაქვს, უბრალოდ მინდა, რომ ცოცხალი გადავრჩე. გადარჩნენ ჩემი მეგობრები, გადარჩეს სახელმწიფო. და ამისთვის ვიბრძვი იმით, რა ბერკეტებიც მაქვს.

დღეს ჩემი ერთადერთი ბერკეტი არის საჯაროობა და საჯაროდ პასუხის მოთხოვნა ყველასთვის, ვინც დღეს ამ სისტემის ტვინი, ხელები ან უბრალოდ საზარბაზნე ხორცია.

რადგან ჩემნაირი ქალები რუსეთში 3 ადგილას არიან: ციხეში, კუბოში ან ემიგრაციაში.

ამის დასასრულებლად კი არსებობს ერთადერთი გზა #გაფიცვა“- წერს ლილი ფულარიანი ფეისბუქში.

_____________

ბათუმში, ისევე როგორ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მერვე დღეა მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია. მოსახლეობა აპროტესტებს „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების განცხადებას, რომ მათ შეაჩერეს ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება, რამაც ხალხის აღშფოთება გამოიწვია.საპროტესტო აქციებზე პოლიცია და სპეცრაზმი სასტიკად არბევს მოქალაქეებს. დაკავებული და ნაცემია 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები.გუშინ პოლიცია შეიჭრა ოპოზიციური კოალიციური პარტიების ოფისებში და ჩხრეკა ჩაატარა. დაკავებულები არიან: ნიკა გვარამია, ალეკო ელისაშვილი და კოალიციის რამდენიმე წევრი.დღეს პოლიციამ თბილისში პროტესტის მონაწილე მსახიობებიც დააკავა.ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: