მთავარი,სიახლეები

კლინიკებში გამოჰკითხეს აქციაზე დაშავებული 140 პირი, 42-ს ექსპერტიზა ჩაუტარდა – საგამოძიებო

05.12.2024
კლინიკებში გამოჰკითხეს აქციაზე დაშავებული 140 პირი, 42-ს ექსპერტიზა ჩაუტარდა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე  უწყებას 319 პირის უფლებების დარღვევის შესახებ მიმართეს. საგამოძიებო სამსახური იძიებს პოლიციელების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს, ასევე ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევებს.

„სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. სამსახური მუდმივ რეჟიმში განაგრძობს შეტყობინებების მიღებას. თითოეულ შეტყობინებაზე, სამსახურის არსებული რესურსის მაქსიმალური გამოყენებით ხდება სწრაფი სამართლებრივი რეაგირება,“ – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დღეს, 5 დეკემბერს, გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ უწყების ცნობით, საგამოძიებო ორგანოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოკითხულია 140 პირი, მათ შორის 5 ჟურნალისტი, 42 მოქალაქეს კი ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე.

პოლიციელებმა საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

————
  • რა ხდება

საქართველოში მერვე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: