თბილისში 28 ნოემბერს დაწყებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, პარალელურად სპეცრაზმი მომიტინგეებს წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით და განსაკუთრებული სისასტიკით არბევს და აკავებს. 4 დეკემბერს კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფისებისა და ბინების ჩხრეკის პარალელურად, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებაც დაიწყო.
შსს არ აკონკრეტებს, რამდენი სპეცრაზმელი გამოჰყავს აქციის დროს, ასევე არ აკონკრეტებს, თუ რა სპეციალურ საშუალებებს იყენებს და რა დოზით [მაგალითად, საიას განცხადებით უცნობია, თუ რა არის წყალში ქიმიური გამაღიზიანებლის დასაშვები კონცენტრაციის დონე, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოშობს.]
28 ნოემბრიდან დღემდე პერიოდში, როგორც შესყიდვების პორტალიდან ირკვევა, სპეცრაზმელებისა და სხვა საპოლიციო ძალების კვებისთვის სამინისტრომ 438 ათას 550 ლარი დახარჯა.
მთლიანობაში, ანტირუსულ საპროტესტო აქციებზე გამოყვანილი პოლიციელებისა და სპეცრაზმელების კვებაში კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის აპრილიდან დღემდე პერიოდში ბიუჯეტიდან სულ 1 635 044 ლარი დახარჯა. აქედან:
- პარლამენტის შენობის მიმდებარედ მობილიზებული პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ლანჩისთვის, 2024 წლის აპრილიდან 28 მაისის ჩათვლით პერიოდში – ჯამში 753 744 ლარი;
- 29 მაისიდან 23 ნოემბრამდე პერიოდში – 200 000 ლარი;
- 24-25 ნოემბრის აქციების დროს – 132 750 ლარი [15 000 კომპლექტი ლანჩის ნაკრების შესყიდვაზე];
- 28 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე – 438 550 ლარი [ამ თანხით სამინისტრომ ჯამში 56 890 კომპლექტი ლანჩის ნაკრები შეისყიდა გამარტივებული წესით, ანუ ტენდერის გარეშე. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საჭიროების შემთხვევაში შსს აქციებზე გამოყვანილი პოლიციელებისთვის საკვების შესყიდვას კვლავ გამარტივებული წესით გააგრძელებს, ვიდრე გამოცხადებული ტენდერი არ დასრულდება [ტენდერი კი, სამინისტროს 300 ათასი ლარით აქვს გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება 11 დეკემბერს მთავრდება].
ამ თემაზე: რითი კვებავს შსს აქციის დამშლელ პოლიციელებს
- ცალკე 50 000 ლარი დახარჯა მიმდინარე წლის აპრილიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმაც პატრულის კვებაში. ამჯერად კი, დეპარტამენტს ტენდერის გარეშე ხელშეკრულება 60 000 ლარზე აქვს გაფორმებული.
„მიმდინარე საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ასევე საპროტესტო აქციების მშვიდობიან რეჟიმში ჩატარების უზრუნველყოფის, სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს უხდებათ განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა, რისთვისაც აუცილებლობას წარმოადგენს მათი საველე პირობებში კვებით უზრუნველყოფა.“ – წერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოს.
ამავე თემაზე: თბილისის საპატრულოს ყოფილი უფროსის რჩევა პოლიციელებს: თქვენი უფროსობა პირველი თქვენ ჩაგიშვებს
საპროტესტო აქციები აპრილში „ოცნების“ მიერ პარლამენტში რუსული კანონის ხელმეორედ შეტანის გამო დაიწყო. 28 ოქტომბრიდან მოქალაქეები „ოცნების“ მიერ არჩევნების მიტაცებას და არაკონსტიტუციური პარლამენტის შეკრებას აპროტესტებდნენ. 28 ნოემბრიდან კი, ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. საპროტესტო აქციები გრძელდება.
შსს-ს 3 დეკემბრის განცხადებით, 28 ნოემბრიდან დაწყებულ აქციებზე ადმინისტრაციული ბრალდებით [წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა] დაკავებული იყო 293 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 დეკემბრის დღის მონაცემებით, „მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია სულ 9 პირი. ჩადენილი დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, 16 პირია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. ჩადენილი დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“
„მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციისთვის დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა თანამდებობის პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი,“ – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში რომელიც 5 დეკემბერს გავრცელდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით კი, ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე უწყებას 319 პირის უფლებების დარღვევის შესახებ მიმართეს. უწყების ცნობით, საგამოძიებო ორგანოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოკითხულია 140 პირი, მათ შორის 5 ჟურნალისტი, 42 მოქალაქეს კი ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა [5 დეკემბრის მონაცემები].
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე შსს-ს მიერ გამოყვანილი საპოლიციო ძალების ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს.
____
რა ხდება.
საქართველოში მეცხრე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.
კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.
2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.
საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.
პოლიცია და სპეცრაზმი სასტიკი ძალადობით არბევს აქციებს თბილისში. დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით 23 მოქალაქე [5 დეკემბრის მონაცემებით]. ანტირუსული აქციის მონაწილეები სხვადასხვა მოტეხილობებით და დაზიანებებით კლინიკებში არიან მოთავსებული – არაადამიანური მოპყრობის, წამების მსხვერპლია 300-ზე მეტი ადამიანი.
ამ თემაზე ვრცლად:
ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს – საია