მთავარი,სიახლეები

„მირტყამდნენ მთელი რუსული სიბოროტით“ – რას ჰყვება ბათუმში დაკავებული ლადო თოდაძე

05.12.2024
„მირტყამდნენ მთელი რუსული სიბოროტით“ – რას ჰყვება ბათუმში დაკავებული ლადო თოდაძე

„მირტყამდნენ ყველგან გამწარებით, მთელი რუსული სიბოროტით – თავში, სახეში, მხრებზე, ფეხებში.

ჰუდი წამომაფარეს და ქვევიდან კასტეტიანი ხელით, მთელი ძალით ამომცხო. სახე სულ დამისისხლიანდა. თვალს ვერ ვახელდი.

წაქცევა უნდოდათ, ვერ წამაქციეს. დაჩოქება უნდოდათ და ისე გაყვანა, ვერ შეძლეს“, – ასე აღწერს ლადო თოდაძე სპეცრაზმის მიერ მის დაკავებას ბათუმში, საპროტესტო აქციის დროს.

ის ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ გუშინ, 4 დეკემბერს გაათავისუფლეს.

ლადოს „ბათუმელები“ ესაუბრა და ჰკითხა, როგორია ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხომ არ იქონია ამ ძალადობრივმა დაკავებამ მის ბრძოლისუნარიანობაზე გავლენა?

„სანამ დამაკავებდნენ, რაღაც ჩოჩქოლი ატყდა აქციაზე, თურმე ვიღაც შეიწოვეს სპეცრაზმელებმა და ერთი ქალი ცუდად გახდა ამის გამო. როგორც გავიგე, იმ ქალის შვილი იყო. გული წაუვიდა ქალს და სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

ჩვენ გვინდოდა არ გაგვეტანებინა ეს დაკავებული პოლიციისთვის და ამ დროს დამაკავეს მეც.  დაკავების პროცესში მირტყეს სახეში, ყველგან, შუბლი გადამეხსნა.

დაკავების შემდეგ პატრულმა გადამიყვანა. ბათუმია მაინც, საახლობლო აღმოჩნდა და პირველადი დახმარება იმ ადამიანებმა გამიწიეს, შემდეგ უკეთ გვეპყრობოდნენ, როგორც ბათუმში, ასევე ფოთში.

რა შემიძლია ვთქვა, ვფიქრობ, ნიღბიანები ყველაზე ცუდი ადამიანები არიან და ის ვიცი, რომ ძალიან ცუდ დღეში ვართ.

თუ ყველა არ ჩაერთო, თუ თითოეულმა ადამიანმა არ გაიაზრა, რომ ჩვენი ქვეყანა ხელიდან გვეცლება, ისე არაფერი გამოვა“, – ამბობს ლადო თოდაძე.

იმის მიუხედავად, რომ პოლიციელები სასტიკად მოექცნენ, ლადო ამბობს, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

„აქციაზე გავალ. სპეცრაზმს ალბათ მოვერიდები, რადგან შეუძლიათ ისევ დამაკავონ, თუმცა ჩემი პროტესტი გაგრძელდება“, – ამბობს ლადო თოდაძე.

ბათუმში ანტირუსულ აქციაზე 30 ნოემბერს 9 ადამიანი დააკავეს. აქედან ერთი არასრულწლოვანი იყო და სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილებით გამოუშვა, ერთი 2000 ლარით დააჯარიმეს, ხუთი ადამიანი კი ადმინისტრაციული მუხლით, ხუთდღიან პატიმრობაში დატოვეს. მათ შორის იყო ლადო თოდაძეც.

ბათუმში, ისევე როგორ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მერვე დღეა მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია. მოსახლეობა აპროტესტებს „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების განცხადებას, რომ მათ შეაჩერეს ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება, რამაც ხალხის აღშფოთება გამოიწვია.

საპროტესტო აქციებზე პოლიცია და სპეცრაზმი სასტიკად არბევს მოქალაქეებს. დაკავებული და ნაცემია 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები.

გუშინ პოლიცია შეიჭრა ოპოზიციური კოალიციური პარტიების ოფისებში და ჩხრეკა ჩაატარა. დაკავებულები არიან: ნიკა გვარამია, ალეკო ელისაშვილი და კოალიციის რამდენიმე წევრი.

ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: