მთავარი,სიახლეები

„აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავები და „ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ“ – საია ჟურნალისტზე თავდასხმაზე

06.12.2024 •
„აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავები და „ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ“ – საია ჟურნალისტზე თავდასხმაზე

„სამართალდამცავთა უმოქმედობა არა მარტო პოლიციელების მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობაა, არამედ აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და ე.წ „ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ, რათა ძალადობრივად ჩაახშონ ლეგიტიმური პროტესტი,“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, 6 დეკემბერს, თბილისში გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს ნიღბიანი პირი თავს დაესხა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდასხმის ადგილთან იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელსაც მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ იქ მყოფები მათ რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ, პოლიცია მანქანიდანაც კი არ გადმოსულა. ჟურნალისტს დაზიანებები აქვს სახის არეში მიყენებული.

„მომიტინგეების დამაშინებელი ე.წ „ტიტუშკების რეიდი“ საქართველოში დაიწყო „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციების დროს, როდესაც უცნობი პირები ხვდებოდნენ აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მათი ოჯახის წევრებს სახლებთან ან ქუჩაში, სადაც მათ სასტიკად უსწორდებოდნენ, რასაც ასევე არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება სამართალდამცავი უწყებებისგან. „ტიტუშკების რეიდებს“ ადგილი ჰქონდა, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ პროტესტებზეც,“ – წერს საია.

————

რა ხდება

საქართველოში მეცხრე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო – ადმინისტრაციული წესით ასობით მოქალაქე დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსით კი 23 ადამიანი, რომლებსაც 7 და 9 წლით პატიმრობა ემუქრება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: