მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2 500 ლარით დააჯარიმა იოსებ ხინკილაძე. მან, როგორც თავად ამბობს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ, მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, პოლიციელს მზესუმზირის ნარჩენის ქუჩაში დაყრის გამო შენიშვნა მისცა.
აქციის მონაწილე ბათუმში 3 დეკემბერს დააკავეს. მისი თქმით, მას პოლიციის მანქანაში პოლიციელებმა აგინეს და სცემეს. იოსებ ხინკილაძე მოსამართლემ დღეს, 6 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე დააჯარიმა.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს, მამუკა კახიძეს, აქციაზე მზესუმზირის ჭამის დროს იოსებ ხინკილაძის თანმხლებმა პირმა – რამაზ ქათამაძემ ვიდეო გადაუღო. იოსებ ხინკილაძე გვიყვება, რა მოხდა ვიდეოს გადაღების შემდეგ:
„აქციაზე ვიდექით იმ საღამოსაც და დავინახეთ პოლიციელი, რომელიც მზესუმზირის ნარჩენებს ქუჩაში ყრიდა. თავის შეკავება ვამჯობინეთ, შარი არ ვნახოთ-მეთქი,“ – გვიყვება იოსებ ხინკილაძე. – „მერე ახალგაზრდა ქალი მივიდა პოლიციელთან, ხმა არ მესმოდა, მაგრამ მივხდი, პოლიციელს შენიშვნას აძლევდა, პოლიციელი კი, ისევ ყრიდა ქუჩაში მზესუმზირას.
მერე მე და ჩემი ახლობელიც მივედით, რას ჰგავს თქვენი საქციელი-მეთქი, მივმართე პოლიციელს. მე ეს ვიკითხე მხოლოდ და არანაირი შეურაცხყოფა პოლიციელისთვის არ მიმიყენებია. თუ მივაყენე, დადონ მტკიცებულება. ისიც ვუთხარი, სხვას უნდა აძლევდეთ წესით შენიშვნას და როგორ იქცევით-მეთქი.
დამაკავეს თუ არა, პოლიციის მანქანაში გვერდით მომიჯდა იგივე პოლიციელი, ვისაც შენიშვნა მივეცი. ევროპელი პიდარასტები ხართ ამ აქციაზე ყველაო და შემაგინა. ვუთხარი, რომ დედა ახალი გარდაცვლილი მყავს, ნუ შემაგინებ-მეთქი. საჭესთან ვინც იყო, იმ პოლიციელმა ეს რომ გაიგო ჩემგან, სამმართველოში მისვლამდე მაგინებდა.
მანქანაში პოლიციელმა დამარტყა რამდენჯერმე სახეში, თავ-ყბაში მირტყამდა და მაგინებდა… ტუჩი გახეთქილი მქონდა, სისხლჩაქცევები ექსპერტიზამაც დაადასტურა. ესენი ჯალათები არიან.
მერე სასამართლოში მოვიდა იგივე პოლიციელი და ჩემზე თქვა, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, მონებს გვეძახდა პოლიციელებს, მომვარდა და შუბლი მომადო, ჩხუბს აპირებდა, წინააღმდეგობას გვიწევდაო.
მოსამართლემ კიდევ აქეთ დამაჯარიმა. ესაა სამართალი?“ – კითხულობს მშვიდობიანი აქციის მონაწილე.
„სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, პოლიციელი არ იყო ნეიტრალური მოწმე, ვიდეომტკიცებულება კი, პოლიციას არ წარმოუდგენია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საიას იურისტმა ირმა აბაშიძემ. საია აქციაზე დაკავებულების ინტერესებს იცავს სასამართლოში.
ირმა აბაშიძის თქმით, მოსამართლემ სარეზოლუციო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე განმარტა, რომ აქციაზე დაკავება არ იყო დაკავშირებული გამოხატვის თავისუფლებასთან, მოწმეების [პოლიციელების] ჩვენებებში ცდომილება იყო, მაგრამ თხრობა თანმიმდევრული იყო, დაკავებულს კი, ალკოჰოლის სუნი ჰქონდა, ამიტომაც, მის პოზიციას ვერ გავიზიარებო.
„ოქმის შემდგენმა მხარემ უნდა დაადასტუროს ფაქტის არსებობა, სასამართლომ მტკიცების ტვირთი უნდა შეცვალოს,“ – მიიჩნევს იურისტი ირმა აბაშიძე.
იოსებ ხინკილაძის დაკავებამდე ბათუმის საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს. აქციაზე დაკავებულებს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, აქციის ერთი მონაწილე კი, 2 ათასი ლარით დააჯარიმეს.
აქციაზე დააკავეს არასრულწლოვანიც. მას მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
————
რა ხდება.
საქართველოში მეცხრე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.
კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.
2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.
საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო – ადმინისტრაციული წესით ასობით მოქალაქე დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსით კი 23 ადამიანი, რომლებსაც 7 და 9 წლით პატიმრობა ემუქრება.