გოგონების ამბოხი – “ბათუმელების” არქივიდან

 

6 წლის ბ. და 18 წლის ლ. გურიაში, ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ. გოგონებზე მითქმა-მოთქმა სოფელში რამდენიმე კვირაა არ წყდება. სამი კვირის წინ როკ-მუსიკაზე და თავისუფლებაზე შეყვარებული გოგონები სახლიდან გაიქცნენ და ახალი, თავისუფალი ცხოვრების დაწყება სხვა ქალაქში სცადეს. 

 

გოგონებს 9 დღის მანძილზე ეძებდნენ მშობლები და პოლიცია. მათი გაუჩინარების შესახებ ბევრი ვერსია გავრცელდა. ადგილობრივი პრესა ანონიმურ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერდა, რომ გოგონები უცნობმა პირებმა გაიტაცეს, სავარაუდოდ სატანისტურ რიტუალზე, თანასოფლელების ერთი ნაწილი გოგონების როკ-მუსიკით გატაცებას სატანისტურ სექტას უკავშირებდა, ერთ-ერთ ვერსიად ისიც დასახელდა, რომ გოგონებს ერთმანეთი უყვარდათ. 

 

მე-9 დღეს სამართალდამცავებმა ისინი ქუთაისში დააკავეს და ოჯახებში დააბრუნეს. გოგონების თქმით, სახლიდან საკუთარი ნებით წავიდნენ და მათი გატაცების ამბავი ჭორია. პოლიციამ ძიება შეწყვიტა, მაგრამ მითქმა-მოთქმა გოგონების შესახებ სოფელში არ წყდება. 
გავრცელებული ინფორმაციების გადამოწმებას “ბათუმელები” გურიის იმ სოფელში შეეცადა, სადაც გოგონები ცხოვრობენ. რადგან ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია, “ბათუმელები”  სოფლისა და მათი ვინაობის დასახელებისაგან, თავს იკავებს. 

 

სასწავლო პროცესი ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა მე-10-კლასელი ბ. სკოლაში არ დადის. “ბათუმელებისა” და 16 წლის გოგონას საუბარი დედის თანხმობითა და თანდასწრებით შედგა.

 

ბ. ამბობს, რომ სოფელში გავრცელებული ხმები სატანურ სექსტასა და გოგოების სიყვარულის შესახებ – ჭორებია: “პრობლემები ოჯახში არ მქონია, ნორმალურად ვცხოვრობდი, იყო რაღაც ჩარჩოები და თითქოს ამ ჩარჩოებიდან წავედი. ოჯახი თავისთავად ჩარჩოა, მიზანი თავისუფლება იყო, მოზარდების პროტესტი… რის მიმართ? ყოველდღიურობის… აქ ყველა დღე ერთნაირია… ამ გაქცევის შემდეგ მოხდებოდა რაღაც ცვლილებები და მთავარი ეს იყო”.  

 

გოგონები სოფლიდან სამარშრუტო მიკროავტობუსით წავიდნენ ქუთაისში, სადაც კვირაზე მეტ ხანს ცხრასართულიანი კორპუსის სხვენზე ცხოვრობდნენ, მეგობრის ბინის თავზე: “იმ გოგოს ძალიან მკაცრი მამა ჰყავდა, მხოლოდ სკოლაში უშვებდა, ცემდა… მამამისს არ უნდა გაეგო, რომ იქ ვიყავით, დილით ჩამოვდიოდით და სკოლაში მივყვებოდით, ბაღში ვისხედით… სხვა ბავშვები გავიცანით, მეტალს უსმენდნენ, საინტერესო ხალხი იყო. უსიამოვნებებიც შეგვხვდა, ჩვენს მიმართ აგრესიულად განწყობილი ადამიანებიც იყვნენ, ვარდისფერი და მწვანე თმებით რომ ივლი ქუჩაში… გამოგიტყდებით, გინებაც იყო, ძირითადად “შავი გაგების” ხალხისგან, მაგრამ ისეთებიც იყვნენ, რომ ამბობდნენ: ვინ გკითხავთ, ამას თავისი ცხოვრება აქვსო”. 

 

სოფელში გვითხრეს, რომ გოგონები ექსცენტრული საქციელითა და უცნაური ჩაცმულობით გამოირჩევიან; `შეიძლებოდა სკოლაში სხვადასხვა ფერის თასმით შეკრული ფეხსაცმელით წასულიყვნენ, შავი მანიკურით, რამდენიმეფერად შეღებილი თმით, ტუჩში გაყრილი “გულაპკით”…”ერთმანეთს თვალებდათხრილ, სისხლიან თოჯინებს ჩუქნიან…” “ლ.-ს ტელეფონში წამების სცენები აქვს ჩაწერილი…”, “ამბობენ, კატებს კლავენო…”  ზოგი კი ფიქრობს, რომ გოგონები თავიანთი საქციელით, უბრალოდ, ყურადღების მიქცევას ცდილობენ: “ჩვეულებრივი ბავშვები არიან, ცოტა თავისებური, ნიჭიერები…”, “არაფერს არ აპროტესტებენ, რაცხას იგონებენ, უბრალოდ ღადაობენ ხალხზე…” 

 

იმ ვერსიას, რომ გოგონები შესაძლოა სატანისტურ რიტუალებს ესწრებიან, არ იზიარებენ მათი თანაკლასელები. “მუსიკაში არიან ღრმად… ბევრ რამეს ამბობენ მაგრამ ყველაფრის არ მჯერა” – გვითხრა ერთ-ერთი გოგონას თანაკლასელმა. 

 

16 წლის ბ. და 18 წლის ლ. მაშინ დამეგობრდნენ, როცა ეს უკანასკნელი ბ.-ს სკოლაში გადავიდა სასწავლებლად. ლ. სხვა ბავშვებს არ ჰგავდა, ავანგარდული ვარცხნილობა, როკ-მუსიკით გატაცება, პირსინგი… ყველაფერი, რაზეც ბ. ოცნებობდა. სოფელში მიიჩნევენ, რომ ბ.-ზე ზეგავლენა ლ.-მ მოახდინა, მაგრამ ბ. ამ აზრს არ ეთანხმება: “ერთი რამ ვიცი, ლ.-ს ჩემთვის ცუდი არ უნდა. იგი ადრეც გაქცეულა სახლიდან მეგობართან ერთად. მიყვებოდა დეტალებს, რა შეემთხვათ. ამბობდა, სადაც არ უნდა წავიდე, ვიღაც ყოველთვის იქნება, ვინც ჩემს შეზღუდვას შეეცდებაო. ვისწავლი, რაღაც პროფესია მექნება, მერე ჩემს გათხოვებას მოინდომებენ და ჩვეულებრივი ცხოვრება მექნებაო. ჩვეულებრივი ცხოვრება არ უნდოდა, არც მე არ მინდა, სიმართლე რომ გითხრათ… 



ჩემს ბავშვობაში აქ მეზობელი მოკვდა, სამოცი წლის იყო. დაკრძალეს და ერთ-ორ კვირაში არავის ახსოვდა მისი არსებობა. მაშინ გადავწყიტე, რომ ასე არ მინდა, მე მინდა ისე ვიცხოვრო, რომ ჩემი სიცოცხლე ახსოვდეთ. არ ვიცი, რამდენად გამომივა, მაგრამ ვეცდები.”

 

ბ. ამბობს, რომ ეს ცხრა დღე განსაკუთრებული იყო, ყოველი დღე მოულოდნელობებით იყო აღსავსე და მხოლოდ იმას ნანობს, რომ მშობლები ანერვიულა: “ჩემთვის ხალხის აზრს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, არავის წინაშე არ მივიჩნევ თავს დამნაშავედ. დედაჩემი მეუბნება, რომ ხალხი ჭორაობს. ვეკითხები – ვინ ჭორაობს? რას წარმოადგენს ეს ხალხი, რა განათლება აქვს, რა იცის? ისაუბრონ თავისნაირ ლენჩებთან. უხერხულია ვიცი, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ასეა. ჩემს მასწავლებელთან მქონდა პრობლემა, “რატომ გინდათ, რომ სხვებისგან განსხვავდებოდეთო?” ვუთხარი, თქვენ მხოლოდ იმიტომ გგონიათ სხვების საქციელი სწორი, რომ ყველა ასე ფიქრობს. შეიძლება ისიც სწორი იყოს, რაც იშვიათია.” 
ბ. ახლა ძირითადად სახლში ზის, კითხულობს, ლექსებს წერს, ოღონდ `პატრიოტიზმსა და სიყვარულზე – არა”, ტელევიზორს იშვიათად უყურებს… ამბობს, მეგობრები ეუბნებიან, რომ მათზე ხელით მიუთითებენ: “შემიძლია ამას არ მივაქციო ყურადღება, იმიტომ, რომ არ მაინტერესებს რას ფიქრობენ. ალბათ სხვა სკოლაში გადავალ, ამ სკოლაში ყოფნაც არ იქნება ჩემთვის პრობლემა… ვისთვის იქნება პრობლემა? შეიძლება საზოგადოებისთვის, ბავშვები, სკოლა, მშობლები… მომავალში რა იქნება, რა პროფესიას ავირჩევ, არ ვიცი. მე არ მაქვს კონკრეტული გეგმა, როგორც სხვა ბავშვებს – “მე ჟურნალისტი გამოვალ”, “მე იურისტი”… მინდა ყველაფერს მოვკიდო ხელი… ძალიან მომწონს ხელოვნება, პოეზია, ხატვა, მუსიკა… “

 

ბ. არ უარყოფს, რომ ზოგჯერ მისი უცნაური საქციელით გამოწვეული თანასოფლელების რეაქცია ართობდა. მისი მოფიქრებულია “სისხლიანი თოჯინას” ამბავიც: “მაღაზიაში ვიყიდეთ თოჯინა, თმა პანკურად გავუკეთეთ, თეთრი კაბა შევუკერეთ, სახლში მორჩენილი წითელი საღებავით დავახატეთ მხეცის ნიშანი, თვალი წამოვთხარეთ და საღებავი ჩავასხით. რომ წამოაყენებდი, თითქოს სისხლი სდიოდა თვალიდან. ამას რომ ვაკეთებდით, რამდენიმე ბავშვი დაგვადგა თავზე, ჯადოს აკეთებთ, სატანები ხართო – გვითხრეს. მეთქი _ კი, სატანა ვარ, აბა რა… როგორც ჩანს, ზოგმა ეს სერიოზულად მიიღო… მერე ლ.- ს ვაჩუქე ეს თოჯინა დაბადების დღეზე, სახლში დაღამებამდე წამოვედით. ასეთი წესია სოფელში, დაღამებამდე სახლში უნდა იყო. სხვანაირად მიუღებელია…” 

 

16 წლის ბ. – ს მეგობრები ამბობენ, რომ სატანისტური სექტის სოფელში არსებობა აბსურდია; “ჩვენც ახლოს ვართ მუსიკასთან და გავიგებდით მაგ ამბავს. ჩვენ პანკ-როკს ვუკრავთ, ლ. მძიმე მეტალს უსმენს. რაც შეეხება სამკაულებს, ეს როკს უკავშირდება. ერთად, უბრალოდ, მუსიკაზე ვსაუბრობდით. ლ.-თან ახლა აღარ გვაქვს ურთიერთობა, უფრო ადრე შევწყვიტეთ, ვიდრე სახლიდან წავიდოდა. არ დატოვა ჩვენზე კაი შთაბეჭდილება… რატომ? ძალიან ჩაკეტილი იყო, ბევრ ტყუილსაც ამბობდა, ბლეფზე მიდიოდა, რაღაც ისტორიებს ყვებოდა, რაც სხვა ადამიანებისგან მქონდა გაგონილი.”

 

18 წლის ლ. სოფლის სკოლაში წელიწადნახევრის წინ გადმოვიდა, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ქალაქიდან. ბავშვები ამბობენ, რომ ლ. – ს მალე სკოლაში მიმბაძველებიც გამოუჩნდნენ, სკოლაში როკ-მუსიკის მოსმენა დაიწყეს, რამდენიმე მოსწავლე ჩაცმულობითაც ბაძავდა. 
“თავისუფალი იყო ძალიან, იმდენად, რომ შეიძლება ამით სხვა შეეწუხებინა. არ აინტერესებდა, შენ რას თხოვდი. სამძიმარზე მივდიოდით, ვთხოვეთ “ბულავკა” არ გაეკეთებინა ტუჩზე, მაგრამ მაინც გაიკეთა” – ამბობს 18 წლის ლ. – ს ყოფილი თანაკლასელი. 

 

“ბათუმელები”  ლ. – ს ოჯახში მაშინ მივიდა, როდესაც გოგონა ფსიქოლოგთან კონსულტაციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. კითხვაზე, რატომ გაუჩნდა ფსიქოლოგთან წასვლის სურვილი, გოგონა პასუხობს: “ყველას ჰგონია, რომ რაღაც ფსიქიკური დარღვევა მაქვს, მე თვითონ დავინტერესდი, იქნებ მართლა ვერ ვარ? ამიტომაც წავედი, მაგრამ ფსიქოლოგმა მითხრა, რომ მე მისი პაციენტი არ ვარ.” 

 

ლ. – ს თქმით, იგი სახლიდან ადრეც გაქცეულა და არც ერთ ჯერზე გაქცევის კონკრეტული მიზეზი არ ჰქონია: “უბრალოდ გადავწყვიტე, რომ 18 წლის ვარ და მოდი ვნახავ, რა შემიძლია. ხომ შეიძლება ადამიანმა საკუთარი თავი გამოსცადოს?! რატომღაც მქონდა სურვილი, მენახა, რას შევძლებდი და რას ვერა, სად “გავიჭედებოდი”… ეს იყო თავისუფლების და ახალი ადამიანების გაცნობის სურვილი…” 

 

გასულ წელს მე-11 კლასის კარნავალზე მოსწავლეებს სთხოვეს ორიგინალური კოსტიუმებით მოსულიყვნენ, ლ. თეთრი კაბით მივიდა, რომელზედაც წითელი ფერის საღებავით წარწერები იყო გაკეთებული და განაცხადა: “ეს მკვლელის სახეა, ასეთები არასოდეს უნდა გავხდეთ”. 
მე-12-კლასელ ლ. – ს ყოფილმა მასწავლებელმა “ბათუმელებთან” აღნიშნა, რომ იგი ნიჭიერი გოგონაა, მაგრამ თავისებური: “ცოტა განსხვავებული ჩაცმულობა ჰქონდა, სამაჯურები, საყურეები, ლითონისა და ტყავის ბევრი სამკაულები… ისეთი პოეტები მოსწონდა, თვითმკვლელობისკენ რომ მიისწრაფვოდენ. ვხედავდი, რომ ამ სამყაროს სხვანაირი თვალით უყურებდა, ლექსებს თვითონაც წერს, სევდიანი, ქაოსური ლექსები აქვს, ვგრძნობდი, რომ ვერ გაუგეს… 

 

ისეთი კარგი ლაპარაკი აქვს, თავისუფალი აზროვნება. მითხრა, რა მოხდა მასწავლებელო, 18 წლის ვარ, არა მაქვს უფლება ჩემი გზა მე ავირჩიოო? ისეთ რაღაცაებს გეტყოდა, ხანდახან დამხევდა ხოლმე უკან. ძლიერი კლასი იყო, უფრო სუსტები რომ ყოფილიყვნენ, მოახვევდა ალბათ თავის აზრებს თავზე. დედა არ მინდა გავხდე, ოჯახი არ მინდა შევქმნაო –  ამ კლასთან ასეთი რამის თქმა როგორ შეიძლებოდა. რომ მიხვდნენ თავისებური იყო, გაერიდა კლასი და მარტო დარჩა. არც ამაზე დარდობდა, რა ვქნა მასწავლებელო, ჩემი გზა მაქვს, ჩემი აზრი გამაჩნია, რა, არ მაქვს ამის უფლებაო?” 

 

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა საკუთარი თავი თანატოლებისაგან განსხვავებულად, ლ. პასუხობს: “არ ვიცი, რას გულისხმობთ ამ სიტყვაში. ადამიანი ადამიანისგან შეიძლება იმით განსხვავდებოდეს, რომ ერთს წითელი ეცვას, მეორეს მწვანე. მე არ მიმაჩნია, რომ ვიღაცისგან იმით გავსხვავდები, რომ უკეთესი ვარ, ან უარესი. ერთნაირი ადამიანები არ არსებობენ”. 

 

რატომ ფიქრობს ხალხი, რომ იგი შესაძლოა სატანურ სექტას უკავშირდებოდეს? ლ. – ს პასუხობს: “ეს სოფელია, მგონი ყველა სოფელი ასეთია. შეიძლება სულ პატარა შემთხვევა მოხდეს და ხალხმა გააზვიადოს. ვიღაცამ სადღაც წაიკითხა, რომ როკი სატანურია, როკ-მუსიკის მსმენელები სატანისტები არიან, ადგა და ეს თვისებები მე მომაწერა. მერე მეორემ სხვა რაღაც დაამატა და ასე აგორდა ამბავი. ის, რომ სადღაც პენსილვანიის შტატში შეიძლება იყოს რაღაც სექტა, იმას არ ნიშნავს, რომ მეც რაღაც საფლავებზე დავდივარ და კატებს ვკლავ… რა სისულელეა…” 
რაც შეეხება მის მობილურ ტელეფონში ჩაწერილ წამების თუ საშინელებათა სცენებს, გოგონა ამბობს, ვერ ხვდება ამაში რას გულისხმობენ: “ალბათ იმას, რომ საშინელებათა ჟანრის კინო მომწონს, ისევე, როგორც ბევრ ადამიანს. მობილურში მქონდა ნაწყვეტები ასეთი ფილმებიდან, პროტესტი არავის გამოუხატავს, პირიქით, მთხოვდნენ, მაყურებინეო”. 

 

ლ. არ ფიქრობს, რომ მან ბ.- ზე გავლენა იქონია. ამბობს, რომ მისი ერთადერთი გავლენა მხოლოდ ს იყო, რომ ბ. – მ “ტოკიო ჰოტელის” მოსმენას თავი დაანება, სხვა მხრივ კი _ “ისეთი ხასიათი აქვს, შენს აზრს თავზე არ მოიხვევს. ყოველთვის საკუთარი აზრი გააჩნია.”
ბ. – ს მსგავსად, ლ. გავრცელებულ ხმებს მათი სიყვარულის შესახებ უარყოფს -“რა სისულელეა”. 

 

ლ. ამბობს, რომ ეკლესიაში ხშირად დადის, თუმცა მისი აქ გამოჩენა ზოგჯერ გაკვირვებას იწვევს: “ერთხელ შევედი და მკითხეს, შენ აქ რა გინდაო? რა მნიშვნელობა აქვს, რა მუსიკას უსმენ ან როგორ გაცვია?! მუსიკის გარეშე რომ ვერ ვძლებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რელიგიური ადამიანი არ ვარ და მუსიკა რწმენას მიცვლის”. 

 

ბ. – ს და ლ. – ს “ჩარჩოების გარღვევის” მცდელობამ მათი ოჯახების რეპუტაციას შეუქმნა საფრთხე. ლ. – ს დედა ამბობს, რომ შესაძლოა გარემოს შეცვლა მოუხდეთ, ბ. – ს საქციელი კი ოჯახის წევრების კრიტიკის საგანია: “ჩემი და მეუბნება, რომ ცხოვრება დავუნგრიე. ამბობს, გარეთ გამოსაყოფი თავი არ მაქვს, სოფელია, ხალხი ლაპარაკობს.. ჩემს მშობლებსაც პრობლემა აქვთ, ბიძაჩემმა – ორ კაცთან როგორ დავჯდე და როგორ ვისაუბროო…” 

 

ლ. და ბ. ახლა ერთმანეთს არ ნახულობენ. ლ. აბიტურიენტია, გამოცდებისთვის ემზადება, უნდა რომ ფსიქოლოგი გახდეს. ბ. მომავალში სხვა სკოლაში გააგრძელებს სწავლას. ამბობს, რომ ერთი სურვილი აქვს: “პირველ რიგში უნდა ვიზრუნო, რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე ავიდე, ბევრი ვისწავლო, რომ ჩემთვის არც ერთი კარი არ იყოს ჩაკეტილი”.  

დეტალები ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ

 

სოფლ ახალშენის რწმუნებულმა, მერაბ მგელაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გაუჩინარებული 16 ივნისს, დაახლოებით 17 საათზე, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველო თურქეთის საზღვარი გადმოკვეთა, შეყვარებულს ტელეფონით სარფიდანვე ესაუბრა. გაუჩინარებულთან კონტაქტი ამის შემდეგ გაწყდა – გაითიშა მისი მობილური ტელეფონიც.

 

შს სამინისტროს ახალგაზრდას გაუჩინარების შესახებ ოჯახმა დღეს მიმართა. შს სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა

გასულ წელის ზაფხულში ახალშენში 17 წლის დარეჯან დიასამიძეც გაუჩინარდა.  მისი პოვნა დღემდე ვერ მოხერხდა.

ქედაში 16 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვენ

 

საჩივრის განხილვას ქედაში ოლქის 11 წევრი ესწრებოდა. სხდომაზე საუბნო კომისიის თავმჯდომარის და მდივნის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა, საკითხს მხარი ყველა წევრმა დაუჭირა. კომისია გაფრთხილებით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ანზორ გოგიტიძე და მანანა ბასილაძე სამომავლოდ ვერც ერთი დონის საარჩევნო კომისიებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდნენ.  

 

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე  ქედაში მხოლოდ ერთი საჩივარი დააიწერა.  საჩივარი, რომელიც ქედაში 16  უბნის შედეგების გაბათილებას მოითხოვს,  „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“  პარტიამ ოლქში გუშინ შეიტანა.

 

რა შედეგებით დასრულდება პარტიის მოთხოვნა,  ხვალ გახდება ცნობილი.  ოლქის თავმჯდომარე ამბობს, რომ საჩივარს სწავლობენ და საკითხზე კომისია იმსჯელებს.

 

ქედაში, 31 საარჩევნო უბნიდან 16 უბნის შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა,  ქედის ოლქს ხუთშაბათს 16 საათისთვის აქვს ჩანიშნული.

 

„არის რიგი დარღვევები უბნებზე, არ გამოდის საერთო ბალანსი, არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის რაოდენობა, დათვლილი ბიულეტენების და ხმების ოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა. შემაჯამებელი ოქმებში არ არის  ნაჩვენები შესწორების ოქმები“ – ამბობს პარტია „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ ქედის გამგებლობის კანდიდატი ზურაბ ავალიანი.

 

აჭარაში 20 წლის ბიჭი დაიკარგა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს  პრესსამსახურის ინფორმაციით, გაუჩინარებული ახალგაზრდის შესახებ ინფორმაცია სამართლადამცავ უწყებაში დღეს მიიღეს. 

 

შს სამინისტრო ამ წუთებში 20 წლის ბიჭს ეძებს. 

ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის სტატისტიკა

 ჯაბა ანანიძის მხარდამჭერი ჟურნალისტების აქცია ბათუმში

“ბათუმელებს” აინტერესებდა, 2005 წლიდან დღემდე პროკურატურაში რამდენ საქმეზე დაიწყო მოკვლევა ან გამოძიება ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე; რამდენმა ჟურნალისტმა მიმართა უწყებას პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე; რამდენ საქმეზე შეწყდა ან დასრულდა ძიება და რამდენ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

რამდენიმე კვირიანი ლოდინის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რედაქციას არასრულყოფილი ინფორმაცია მოაწოდა: კონკრეტულად, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ოფიციალურ წერილით გვწერს, რომ ინფორმაცია პროკურატურაში სსკ-ის 154 მუხლით, 2011 წლიდან მოეპოვებათ. წერილიდან ირკვევა, რომ 2011 წელს ერთ დანაშაულზე დაიწყო ძიება, 2012 წელს -21 დანაშაულზე, ხოლო 2013 წელს – 3 დანაშაულზე. 2012 წელს 6 საქმეზე შეწყდა ძიება, ხოლო 2013 წელს – 7 დანაშაულზე.

 

სსკ-ის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაა, მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით- ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

პროკურატურამ “ბათუმელებს” არც ის ინფორმაცია მოაწოდა, ამ დანაშაულის ჩადენის გამო დაისაჯა თუ არა ვინმე ბოლო 9 წლის განმავლობაში.

განახლებული „შუქურა“ საწვრთნელ შეკრებებს იწყებს

 

გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ღირებულება 20 250 ლარია და  ითვალისწინებს 15 დღის განმავლობაში „შუქურას“ 30 კაციან შემადგენლობის სასტუმროში დაბინავებას სამჯერადი კვებით.  

 

 

სასტუმრო  ქობულეთის ცენტრალურ სტადიონთან არაუმეტეს 500 მეტრის დაშორებით უნდა იმყოფებოდეს.

 

 

„შუქურას“ დირექტორის რევაზ ჩელებაძის თქმით, გუნდის დაკომპლექტება განახლდა, რომელშიც ადგილობრივი მოთამაშეების გარდა შედიან მოთამაშეები ქუთაისიდან, ზუგდიდიდან, თბილისიდან, ასევე რუსეთიდან. მათ კი წვრთნებისთვის შეკრებები სჭირდებათ.

 

 

„ჩვენ არ გაგვაჩნია  ბაზა, სადაც შეკრებაზე ფეხბურთელები იცხოვრებენ. ამიტომ მათი მომზადებისთვის, დაბინევებისთვის, კვების მომსახურებაზე ვაცხადებთ ტენდერს“ – ამბობს რევაზ ჩელებაძე.

 

 

რევაზ ჩელებაძის ინფორმაციით, 2015 წლის ბოლოს  ქობულეთის ცენტრალურ სტადიონზე ფეხბურთელებისთვის ორსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენება იგეგმება. ასევე „შუქურას“ მალე ინტერნეტ სივრცეში საკუთარი პორტალი ექნება, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა.

 

 

ქობულეთის შუქურა 2013-2014 წლის სეზონში პირველი ლიგის A ჯგუფის ჩემპიონი გახდა. განახლებული „შუქურა“  შეკრებების პირველ ეტაპს 20 ივნისს დაიწყებს და ფეხბურთელებს ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშები ჩაუტარდებათ.

პოლიციელის დაჭრისთვის ბრალდებულის ოჯახი პროკურატურას ადანაშაულებს

 

 

„ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას. ცხრა თვეა ვეძებთ სამართალს და ვერ ვიპოვეთ აჭარაში“-  ამბობს პატიმრის დედა ლია ბეჟანიძე.

 

22  წლის არჩილ იმნაძეს პოლიციელ ზურაბ მჟავანაძის მიმართ დანით მიყენებული ჭრილობებით მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. ფაქტი 2013 წლის 18 სექტემბერს მოხდა. პოლიციელ ზურაბ მჟავანაძესთან ერთად კიდევ ერთი პოლიციელი, გიორგი ჯინჭარაძეც დაჭრეს. 

 

 

ოჯახის წევრების განცხადებით, მათ აქვთ არჩილ იმნაძის უდანაშაულობის მტკიცებულებები,მაგრამ იმის გამო, რომ საქმეში პოლიციელები ფიგურირებენ პროკურატურის მხრიდან სათანადო გამოძიება არ მიმდინარეობს.

 

 

არჩილ იმნაძეს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 108-ე მუხლებით, მკლელობის მცდელობითა და განზრახ მკვლელობის შეფარდებით აქვს ბრალი წაყენებული, რაც შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა. მომდევნო სასამრთლო პროცესი 20 ივნისს 14 საათზეა ჩანიშნული.

 

 

 

აჭარაში არჩევნებზე უფრო მეტი კაცი მივიდა, ვიდრე ქალი

აჭარაში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 134 067 ამომრჩეველმა. მათგან 73 220-მა მამაკაცმა და 60 847-მა ქალმა.

ბათუმში ქალებისა და მამაკაცების აქტივობა საარჩევნო უბნებზე თითქმის თანაბარი იყო: საარჩევნო უბანზე მივიდა 24 226 კაცი და 24 154 ქალი.

ქობულეთში არჩევნებზე მივიდა 19 335 მამაკაცი და 13 965 ქალი.

ხელვაჩაურში ხმა მისცა 11 661-მა კაცმა და 7 635-მა ქალმა;

ხულოში – 7788 კაცმა და 6333-მა ქალმა;

ქედაში – 5464 -მა კაცმა და 4743-მა ქალმა;

შუახევის მომაცემები კი ასე გამოიყურება: 4746 კაცი და 4017 ქალი მივიდა არჩევნებზე ხმის მისაცემად. 

ითხოვე პატიება

 

სინამდვილეში მე ვარ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი იმ 60 ადამიანთან ერთად, ვინც აჭარიდან ხელი მოაწერა პარტიის დაფუძნებას…

 

 

მერე კიდევ ერთ „დოკუმენტს“ მოვაწერე ხელი წაკითხვის გარეშე – წერილს ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელშიც საუბარი იყო მურმან დუმბაძესთან, ავთანდილ ბერიძესთან, მედეა ვასაძესა და ალექსანდრე ჩიტიშვილთან დაკავშირებულ ნეპოტიზმზე.

 

 

ამ წერილის „ხელმოწერას“ წინ უსწრებდა დეპუტატ ჯუმბერ კობალაძისა და ბიჭიკო ბოლქვაძის ზარი ჩემს ტელეფონზე, ცხაკაიას ქუჩაზე თბილისის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ აჭარაში მოვლენილი თამაზ თურმანიძის გასაცნობად მიმიწვიეს… რადგან უმაღლეს საბჭოში ფაქტობრივად არაფერს ვაკეთებდი და სულ ოთხჯერ ვიყავი მისული (მითხრეს, როცა დაგვჭირდები, დაგიძახებთო), „ოცნების“ კონფერენციის მომზადებაში ჩავერთე. მთხოვეს პარტიაში მისაღები კანდიდატებისთვის რეკომენდაციები გამეკეთებინა.

 

 

აი, სწორედ კონფერენციის დღეს მოვაწერე წერილს ხელი, რომელიც ასე იწყებოდა: `ბატონო ბიძინა, პარტიის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმელ დამფუძნებელთა უმეტესობა გიდასტურებთ რა პატივისცემას, ვუცხადებთ ნდობას პოლიტსაბჭოს მიერ წარმოდგენილ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე თამაზ თურმანიძის კანდიდატურას. ჩვენ მივესალმებით პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, ვინაიდან ვთვლით, რომ ქვეყნის წარმატების მთავარ ფაქტორს წარმოადგენს საქართველოში იმ პოლიტელიტის არსებობა, ვისაც სიბრძნე, პატრიოტიზმი, კანონმორჩილება, სამართლიანობის სიყვარული არ აძლევს უფლებას მიემხროს ვიწრო ჯგუფურ ინტერესებს“…

 

 

აი აქ შევწყვიტე კითხვა…  

 

 

სხვათა შორის, იმ წერილს მაშინ, ასევე წაკითხვის გარეშე მოაწერა ხელი ავთანდილ დიასამიძემაც, რომელიც ახლა შუახევის გამგებლის მოადგილეა. სკანდალის ატეხის შემდეგ მე და ავთანდილ დიასამიძეს შემოგვთავაზეს – ბრიფინგი გამართეთ და თქვით, „შეცდომაში შეგვიყვანესო“. ავთანდილ დიასამიძემ პატიება ითხოვა და დააწინაურეს…

 

 

სიმართლე უნდა ვთქვა, მაშინ წერილი ბოლომდე რომ წამეკითხა, ხელს ნამდვილად არ მოვაწერდი, მაგრამ წერილის შინაარს მაშინაც ვეთანხმებოდი და ახლაც, ამიტომაც აღარ გავმართე ბრიფინგი პატიების თხოვნით…

 

 

მე გამაგდეს, გავჩუმდი და სახლში ვზივარ შემოსავლის გარეშე, მაგრამ მედეა ვასაძის მხრიდან ჯაბა ანანიძეზე თავდასხმის შემდეგ მაინც მომინდა ხმამაღლა დავსვა კითხვა _ როდემდე შეიძლება ამ ქალბატონისა და მისი მეგობრების გამო ასე ვისჯებოდეთ. რატომ აქვს უფლება, კანონი მხოლოდ მან მოირგოს?!

 

 

თამაზ თურმანიძეზე კი მხოლოდ ერთ წინადადებას ვიტყვი, მას უმაღლეს საბჭოში გაურკვეველი წარმომავლობის პოლიტიკოსს ეძახდნენ. მერე იმდენი მოახერხეს, რომ საარჩევნო სიებიც ერთად შეადგინეს მან და მურმან დუმბაძემ და რაიონებში ხალხსაც თავიანთი შეხედულებით ნიშნავენ თუ ხსნიან.

 

მე შეხვედრა ვერც თამაზ თურმანიძესთან მოვახერხე.

კომისიის წევრებს დამკვირვებლის შეურაცხყოფისთვის ხელფასი დაუქვითეს [ვიდეო]

 

დამკვირვებელმა დათვლის პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა.

 

დამკვირვებლის მიერ გადაღებული ვიდეო „სამართლიანმა არჩევნებმა“ გუშინ გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მიერ დამკვირვებლის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი ბათუმის საარჩევნო ოლქმა გუშინ განიხლილა და # 61 საარჩევნო კომისიის იმ წევრებს, რომლებმაც დამკვირვებელს შეურაცხყოფა მიაყენეს, სრული სამუშაო ხელფასი დაუქვითა. 

 

მადლობის დღე ბათუმის საკრებულოში

 

„ეს 4 წელი ჩიტივით გაფრინდა“ – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა წინა მოწვევის საკრებულოს ერთ-ერთი ბოლო სხდომის გახსნისას. მან მადლობა გადაუხადა საკრებულოს წევრებს მუშაობისათვის, მათ შორის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ნაციონალური მოძრაობის წევრს, გიორგი კირთაძეს. „ჩვენ ბევრს ვკამათობთ, მაგრამ ეს სამუშაო პროცესია,“ – აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

 

საკრებულოს, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გიორგი კირთაძემაც, თუმცა მან  საკრებულოს თავმჯდომარეს უსაყვედურა, რატომ არ ქნა მოწვეული სხდომაზე ბათუმის ყოფილი მერი, ამჟამად უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რობერტ ჩხაიძე. ირაკლი ჩავლეიშვილმა აღნიშნა, რომ ეს გაუგებრობა იყო და ფიქრობდა, რომ გიორგი კირთაძე თავად მოიწვევდა ყოფილ მერს.

 

სხდომას ესწრება ქალაქის ყოფილი მერი ჯემალ ანანიძეც და საკრებულოს ყოფილი და ამჟამინდელი წევრები. ყველა გამომსვლელმა მადლობა გადაუხადა საკრებულოს მუშაობისათვის. საკრებულოს ყოფილმა წევრმა, ამჟამად უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ეკა თარგამაძემ აღნიშნა, რომ ამ მოწვევის საკრებულოს მუშაობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან შეიცვალა ხელისუფლება და შეიცვალა როლები საკრებულოში – ოპოზიციას მოუწია ხელისუფლებაში ყოფნა და პირიქით. „ეს იყო კარგი გაკვეთილი“ – აღნიშნა ეკა თარგამაძე.

 

საკრებულოზე დღეს მემორიალური დაფების განთავსების საკითხი რამდენიმე წუთში ერთხმად მიიღეს და სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

 

შეგახსენებთ, რომ წინა მოწვევის საკრებულო იმუშავებს, სანამ ახალარჩეული საკრებულო მუშაობას არ გადაიბარებს.  

 

როგორი იყო ბათუმის საკრებულოს ოთხი წელი

 

საკრებულომ მუშაობა დაასრულა, რა იყო მისი ძლიერი და სუსტი მხარეები ოთხი წლის განმავლობაში?

 

 

თვითმმართველობის არსიდან გამომდინარე საკრებულო უნდა ყოფილიყო ყველაზე გამჭვირვალე ორგანო. მის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა ყოფილიყო წინასწარ გაწერილი. ყველაზე სუსტი კომპონენტი რაც დაფიქსირდა, ეს არის ანგარიშვალდებულება ამომრჩევლის წინაშე. ფაქტობრივად ვერ ვიხსენებ შემთხვევას, როცა საკრებულოს წევრმა ანგარიშვალდებულება იგრძნო ამომრჩევლის წინაშე და მას ჩააბარა ანგარიში ან მოსახლეობამ მიაწოდა საკრებულოს ინფორმაცია და საქმე გაკეთდა მოსახლეობის სასარგებლოდ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ ახსოვს ერთი შემთხვევა, როცა გიორგი კირთაძემ, როგორც თავმჯდომარემ, წლიური ანგარიში წარმოადგინა. სხვა წევრების ანგარიში ჩვენ არ მოგვისმენია, მაშინ როცა თვითმმართველობის კოდექსი პირდაპირ ითვალისწინებს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. წელიწადში ერთხელ მაინც უნდა წარუდგინოს მოსახლეობას ანგარიში საკრებულოს წევრმა.

 

 

სამი წლის წინ „სამოქალაქო საბჭოს“ გვქონდა მცდელობა ანგარიშების სპეციალური ფორმები დაგვემტკიცებინა იმისთვის, რომ ეს ტრადიცია ჩამოყალიბებულიყო. პარალელურად ეს ანგარიში ვებგვერდზე უნდა გამოექვეყნებინათ. თავმჯდომარე გიორგი კირთაძე იყო, მაგრამ ბოლოს დაამტკიცეს მგონი ანგარიშების წარდგენის მაშინ შემუშავებული ფორმები. იმის თქმა მინდა, რომ ამ მოწვევის საკრებულო გაურბოდა ანგარიშვალდებულების სისტემის დამტკიცებას. როგორც ვიცი, „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ დიდი ძალისხმევა გასწია ამ საკითხის ლობირებისთვის.

 

 

მისასალმებელია ის, რომ ბოლო პერიოდში დაიწყეს სხდომის ვიდეოტრანსლირება, შეგიძლია საკრებულოს ვებგვერდის საშუალებით დაესწრო სხდომას. თუმცა უფრო ადრე რომ მომხდარიყო ეს, უფრო მეტი ეფექტი იქნებოდა ჩართულობის თვალსაზრისით.

 

 

როცა მუშაობის ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ საკრებულო ძალიან სუსტი იყო ბიუჯეტისა და მერიის საქმიანობის კონტროლის თვალსაზრისით: მე არ მახსენდება ფაქტი, როცა საკრებულომ ბიუჯეტის ანგარიში არ დაამტკიცა. ერთი შემთხვევა იყო ბოლოსკენ, როცა ბიუჯეტის განხილვის დროს შეიტანეს ცვლილება პროგრამებში. მიუხედავად იმისა, რომ ზეპირად ამბობდნენ არ მოსწონდათ პროგრამები ან ბიუჯეტი, არ იყო საკმარისი წინააღმდეგობა, რომ ასეთი ფორმით დოკუმენტი არ დამტკიცებულიყო.

 

 

თქვით, რომ  ცალკეული წევრები საერთოდ არ აქტიურობდნენ, დააკონკრეტეთ

 

 

მაგალითად, თავმჯდომარისგან იყო მზაობა, რომ რაღაცები შეცვლილიყო, ცალკეული საკითხების მიმართ უფრო ხისტი ყოფილიყო საკრებულო, მაგრამ საკრებულო იყო ძალიან პასიური. რამდენადაც ვიცი, საკრებულოს აპარატი ორი დღე მუშაობდა მხოლოდ იმისთვის, რომ საკრებულოს წევრები მისულიყვნენ სხდომაზე. ვინც მიდიოდა სხდომაზე, მათგან ზოგიერთს არც კი ჰქონდა პროექტები წაკითხული. საჯარო განხილვების დროს კი საკრებულოს წევრების მობილიზება საკრებულოს აპარატსაც კი უჭირდა. რიგ საკრებულოს წევრებს არ ჰქონდათ პასუხისმგებლობა გათავისებული. შეიძლება ეს იმანაც გამოიწვია, რომ საკრებულოს წევრებმა დაინახეს, რომ მათი აზრი იყი ნაკლებად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა საჯარო შეხვედრა, სადაც მოქალაქეები დაინტერესდნენ, ვინ იყო ის პირი, რომელიც სინამდვილეში  საკრებულოს წევრი იყო. ცნობადები იყვნენ ისინი, ვინც მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.

 

 

თქვენი აზრით, მერიასა და საკრებულოს შორის უფროსუმცროსობის თემა, როგორც განსჯის საგანი, საკრებულოს სისუსტეზე მიანიშნებდა?

 

 

ამ თემას ორი მხარე აქვს. პირველი ის, რომ შეიძლება საკრებულოს მხრიდან არ იყო გამოყენებული კომუნიკაციის ეფექტური გზები. ის, რომ მერია ან რომელიმე სამსახური არ გრძნობს თავს ანგარიშვალდებულად, ეს არის საკრებულოს სისუსტე. ეს ძირითადად ჩანდა სხდომებზე, თუმცა ამის შემდეგ რა გააკეთა საკრებულომ იმისთვის, რომ ფაქტები აღარ გამეორებულიყო, არ ვიცით. მაგალითად, სამსახურს, რომელიც არ გაძლევს დოკუმენტს, შეიძლება შეუჩერო დაფინანსება, გაამკაცრო მისი მუშაობის მონიტორინგი, არ დაუმტკიცო ანგარიში, მაგრამ საკრებულო ამ მექანიზმს არ იყენებდა. გვახსოვს, როცა საკრებულოს წევრი ამბობდა კონკრეტულ პროგრამაზე, რომ ის არ ვარგა და ორი კვირის შემდეგ იმავე პროგრამას შენიშვნების გარეშე ამტკიცებდა საკრებულო.

 

 

 ხშირად საკრებულო ამტკიცებდა შესყიდვების დოკუმენტს ძვირადღირებული ნივთების ჩამონათვალით. ამ ნივთებით სამსახურების ხელმძღვანელები სარგებლობდნენ. ამას რატომ აკეთებდა საკრებულო?

 

 

რეალურად საკრებულოს ერთეულ წევრებს ჰქონდათ გათავისებული, რომ ეს სახელმწიფოს ფულია და არ შეიძლება მისი კომფორტისთვის დახარჯვა. ტელეფონების შეძენისას დოკუმენტში ჩაწერილი იყო კონკრეტული მოდელები, რომლებსაც თანამდებობის პირები ითხოვდნენ და ამის შეძენის აუცილებლობას ვერ ასაბუთებდა მერია. სამსახურის უფროსს უნდა ეს ტელეფონი – ეს არ არის საჭიროების დასაბუთება.

 

 

როდესაც ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ არ აკონტროლებ მას, ანგარიშებს იბარებ ერთხმად და წლის ბოლოს ამბობ, რომ ბიუჯეტი შესრულდა, ეს შემდეგ გავლენას ახდენს საკრებულოს საქმიანობაზე.

 

 

საკრებულო ხშირად უწყობდა ხელს გარკვეული ქონების ერთ ლარად გასხვისებას. შემდეგ ეს ქონება ინვესტორებმა მილიონებად გაყიდეს. შეიძლება რაიმე პასუხისმგებლობაზე საუბარი?

 

 

იმაში, რომ საკრებულომ განკარგვის მიზნით ქონება მთავრობას გადასცეს, ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ როცა ეს ხდება ყოველგვარი მონიტორინგის გარეშე და ვიღებთ სურათს, როცა ქონება იყიდება პირობების შეუსრულებლად, ეს ცუდია.

  

34-ე უბნის შედეგები გაბათილდა

 

ბათილად ცნობის მიზეზად საია შემდეგ არგუმენტებს ასახელებდა:

  1. ამ უბანზე არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესი რამდენჯერმე შეჩერდა. ეს ფაქტი ჩანაწერთა წიგნში არ იყო აღნიშნული.
  2. კომისიის წევრები, ზოგ შემთხვევაში უმრავლესობა, ზოგჯერ კი ყველა კომისიის წევრი უბანს ტოვებდნენ.  საარჩევნო ყუთი მეთვალყურეობის გარეშე რჩებოდა. 
  3. ხმის დათვლის პროცესში  61 ბიულეტენი ბათილად სცნეს, იმიტომ  რომ ბიულეტენზე არ იყო რეგისტრატორის ხელწერა;
  4. რამდენიმე ბიულეტენებზე დამოწმებული ბეჭედი იყო კომისიის თავმჯდომარის და არა კომისიის წევრების.
  5. 61 ბიულეტენიდან, რომელსაც  კომისიის წევრის, ანუ რეგისტრატორის ხელმწერა არ ჰქონდა, 51 შემთხვევაში იყო მოხაზული №41.

 

ეს ფაქტობრივი გარემოებები კი ეჭვს იწვევდა, რომ ბიულეტენები საარჩევნი ყუთში ჩაყარეს.

 

 უბანზე  საიას დმაკვირვებლის  მისვლამდე 6 დამკვირვებელი კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო უბნის გარეთ გაიყვანა – ფაქტს ყველა დამკვირვებელი ადასტურებდა, მათ შორის კომისიის თავმჯდომარე.

 

 

გარეთ გაყვანის მიზეზი კი როგორც  თავმჯდომარე და დამკვირვებლები  განმარტავდნენ, ის იყო, გაერკვიათ, რომელმა დამკვირვებელმდა დარეკა ოქლში და თქვა, რომ უბნიდან გატანილია თავმჯდომარის ბეჭედი.

 

ოლქის თავმჯდომარის თქმით, ყველა კომისიის წევრს  მისცემენ შენიშვნებს, აგრეთვე, კომისიის იმ წევრებს, რომლებსაც ოლქი ნიშნავს, მომდევნო არჩევნებში აღარ მისცემენ მონაწილეობის უფლებას.

 

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმში სამი უბნის გაბათილებას მოითხოვს

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ საარჩევნო დარღვევებზე გაკეთებულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ უბნებზე ყუთში ამომრჩეველთა რაოდენობაზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა.

 

”ოქმების შესაბამისად გვაქვს მტკიცებულება, რომ მოხდა არჩევნების გაყალბება და მოვითხოვთ ამ უბნების ნაწილის ბათილობას”- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ რიგ უბნებზე არ ემთხვეოდა ერთ უბანზე მისულ ამომრჩეველთა რიცხვი მერის, მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებში ხმა მიცემულ ამომრჩეველთა რაოდნობას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ  უბნების ნაწილის ხელმეორედ გადათვლა უნდა მოხდეს.

საია 103-ე უბანთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

 

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 103-ე საარჩევნო უბნის ბიულეტენებს ოლქი გადათვლის და უბანის შედგები არ გაბათილდება. ამ უბანზე დაფიქსირებული ხმების ოდენობას ბათუმი ოლქი ხელახლა გადათვლის.

 

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოლქის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. 

დისციპლინარული სასჯელი 103-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრებს

 

ოლქის გადაწყვეტილებით თავმჯდომარეს და ოთხ მთვლელს ერთი დღის ხელფასი, კომისიის სხვა წევრებს კი 5 დღის ხელფასი ჩამოაკლდებათ.

 

შეგახსენებთ, რომ ამ უბანზე ვერ მოხერხდა ოქმის შედგენა, დათვლილი ბიულეტენების მიხედვით კი რამდენიმე ბიულეტენი, რომელზეც შემოხაზული იყო ერთი საარჩევნო სუბიექტი, მითვლილი იყო სხვა სუბიექტზე.

 

კომისია ამ უბნის ბათლობის საკითხზე მსჯელობს, განიხილება ბიულეტენების ოლქის მიერ გადათვლის და ოლქის მიერ ოქმის შედგენის საკითხიც. ასეთ შემთხვევაში 103-ე უბნის შედგები არ გაბათილდება.

 

ქობულეთის საოლქო კომისია შორტებში ჩაცმული ამომრჩევლის უბნიდან გაძევებას განიხილავს

 

„ადამიანს შეუზღუდეთ ხმის მიცემის უფლება, ამის უფლება თქვენ არ გქონდათ“ – უთხრა ოლქის თავმჯდომარემ კომისიის თავმჯდომარეს, თომა ჯაშს.

სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა, კომისიის 13 წევრიდან ამ გადაწყვეტილებას მხარი მხოლოდ ოთხმა წევრმა არ დაუჭირა. ამ შემთხვევაში კომისია მხოლოდ შენიშვნით შემოიფარგლა. 

 

Another brick in the wall, ანუ რა ხდება სკოლის კედლებს მიღმა

 

„შვარცის ზღაპარში „დრაკონი“ რაინდი ლანცელოტი დრაკონისგან დაპყრობილ ქალაქში ჩადის და იქაური მოსახლეობისგან ესმის – ერთადერთი, რაც დრაკონმა კარგი გააკეთა, ის არის, რომ ბოშები გაასახლა აქედანო… „მაგრამ ბოშები საყვარელი ხალხია“, – გაკვირვებულია ლანცელოტი. „რას ამბობთ, საშინელი ხალხია“, _ პასუხობს არქივარიუსი, – „მართალია, ცხოვრებაში არ მინახავს ბოშა, მაგრამ ჯერ კიდევ სკოლაში გვასწავლეს, რომ უცნაური ხალხია – ხეტიალი სისხლში აქვთ გამჯდარი… ბავშვებს იპარავენ…“ (ქვეყნდება ავტორის თანხმობით).

 

 

მოცემულ პასაჟს, შესაძლებელია, კონტექსტის მიხედვით სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდეს, თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ბოლო ნაწილია, სადაც ზღაპრის ერთ-ერთი გმირი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ სკოლაში ასწავლეს. უდავოა, რომ თითოეული ჩვენგანი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდს სკოლაში ატარებს. სკოლაშივე ვსწავლობთ სამყაროს აღქმას, შევიმეცნებთ და ვაანალიზებთ ჩვენთვის უცნობ მოვლენებს, ვეჩვევით ადამიანებთან ურთიერთობას და რაც მთავარია, გვიყალიბდება გარკვეული ღირებულებათა სისტემა, რომელიც, ვფიქრობ, მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღივით აზის ჩვენს ცნობიერებას. სწორედ ამიტომ, კარგად მესმის ამ გმირის, რომელსაც ეზიზღება ბოშა, თუმცა იგი თვალით არასდროს უნახავს, ისევე როგორც, ჩვენს თანამემამულეებს ეზიზღებათ წიგნები, რომლებიც არასოდეს წაუკითხავთ, ფილმები, რომლებიც არასოდეს უნახავთ, ადამიანები, რომლებსაც პირადად არ იცნობენ, ანუ სძულთ ყველაფერი უცხო, განსხვავებული, რაც მათ მსოფლმხედველობასა და ღირებულებებს არ შეესაბამება. და იცით რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ, სკოლაში ასე გვასწავლეს.

 

 

ჩემი თუ არ გჯერათ, ციფრებს გადავხედოთ. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ევრონებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ მომზადებული კვლევის ფარგლებში საქართველოს 2053 საჯარო სკოლიდან 27 557 დაწყებითი საფეხურის   პედაგოგი გამოიკითხა. ამ კვლევის თანახმად, მასწავლებელთა 46%-ზე მეტი ღიზიანდება, როცა ადამიანები მისთვის გაუგებარ ენაზე საუბრობენ. პედაგოგთა 52%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც არ იცის ქართული ენა, უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა. რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით უფრო მძიმე სურათი იკვეთება, კერძოდ, გამოკითხულ მასწავლებელთა 83.8% მიიჩნევს, რომ არატრადიციული რელიგია (სექტები) საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ხოლო რესპონდენტთა 70%-ზე ოდნავ მეტი ფიქრობს, რომ მართლმადიდებლები პრივილეგირებული უნდა იყვნენ ჩვენს ქვეყანაში. გამოკითხულთა 74.9% მიიჩნევს, რომ სექსუალური უმცირესობები საფრთხეს უქმნიან ქვეყანას და საზოგადოებას, ხოლო 47%-ის აზრით, განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება უნდა იყოს.

 

 

მკითხველი იკითხავს, რა დროს სკოლა და სასკოლო განათლებაა, ისეც ამდენი პრობლემა გვაწუხებსო. არჩევნები კარს მოგვადგა, ეკონომიკა ვერ ვითარდება, სამუშაო ადგილები არ იქმნება, ქმრები ცოლებს კლავენ, ქვეყანა ოკუპირებულია, უმცირესობების უფლებები ირღვევა, ჩრდილოელი დიდი ძმის როგორც განსვენებული, ასევე ჯერ კიდევ ცოცხალ ბელადთა სულები ჩვენი თანამოქალაქეების უგვანო სხეულებში ლამის ნიცშეს ზეკაცივით განსხეულებულები, ამაყად დაიარებიან დედაქალაქის ქუჩებში სამფეროვანი დროშების ფრიალით და ა.შ.

 

 

მაწუხებს, განა არ მაწუხებს? თუმცა, ყველა პრობლემის თავი და თავი მაინც სკოლა მგონია. სკოლა, რომლის მთავარ დანიშნულებად წლიდან წლამდე ერთგვაროვანი, ერთსახოვანი და ერთფეროვანი თაობის უხვად წარმოება ქცეულა. სკოლა, სადაც დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი ღირებულება _ ადამიანი ეზიზღებათ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან რაღაცით განვსხვავდებით. სკოლა, სადაც ჩვენი შვილები იმ იმედით დაგვყავს, რომ თავისუფალ, პასუხისმგებლიან, შემწყნარებელ და ტოლერანტ მოქალაქეებად აღიზრდებიან და შესაბამის ცოდნას შეიძენენ. სინამდვილეში კი…

 

 

სინამდვილეში, საჭიროა თითოეული ჩვენგანის მეტი ჩართულობა, საკუთარი შვილების აღზრდაში აქტიური მონაწილეობა, რაც დილაობით სკოლაში მიყვანითა და საღამოს მიკითხვით არ უნდა შემოიფარგლოს. კარგად უნდა შევიხედოთ სკოლებში და ნანახმა აგვაღელვოს, აღგვაშფოთოს, გაგვაბრაზოს, თუ არადა, უფლება არ გვაქვს სხვა პრობლემებზე ვიწუწუნოთ, რადგან ყველაზე დიდი პრობლემა სკოლაა და მის კედლებს მიღმა არსებული რეალობა.

კანონდარღვევა რეაგირების გარეშე

2014 წლის 11 იანვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უნებართვო ხელყოფისათვის მოქალაქე შოთა გუჯაბიძემ საპატრულო პოლიციას მიმართა რეაგირებისათვის. იგი საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელია, ორგანიზაციის, რომელიც ბათუმში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლაზე, გადარჩენასა და პოპულარიზაციაზე ზრუნავს. როგორც აღმოჩნდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე წმ. ბარბარეს ეკლესიის ფასადზე რემონტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე მიმდინარეობდა, რაც კანონით აკრძალულია. მაშინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განაცხადეს, რომ სააგენტოს სარემონტო სამუშაოების ნებართვა არ გაუცია, ეკლესიის წინამძღვარმა, გიორგი მამალაძემ კი „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ სამუშაოები მეუფე დიმიტრის კურთხევით მიმდინარეობდა.

საპატრულო პოლიციაში კანონდარღვევაზე ინფორმაციის შესვლიდან ექვსი თვის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კანონდარღვევაზე ამ დრომდე მოკვლევა მიმდინარეობს.

კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, აკრძალულია უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის თვითნებური გადაკეთება, გადაადგილება ან დაშლა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს იურისტის, მირზა ცეცხლაძის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ფიზიკური პირი 5 000 ლარით, იურიდიული პირი კი 10 000 ლარით ჯარიმდება. მსგავს შემთხვევებზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს  8 ოქმი აქვს შედგენილი, მათგან სამი – 2014 წელს.

საკულტო ძეგლებზე ზედამხედველობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახორციელებს. შესაბამისი ზომების მიღებაც მათი კომპეტენციაა, თუმცა სააგენტოს ამ დრომდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, წმ. ბარბარეს ეკლესიის უკანონო ხელყოფის გამო არავისთვის მოუთხოვია პასუხი. სააგენტოში ამ დრომდე არ შესულა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების პროექტიც. სააგენტოს პრესსამსახურში კი „ბათუმელებს“ ვერ უპასუხეს კითხვაზე, თუ რატომ არ რეაგირებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უკანონო სახეცვლილებაზე.

„იმ შემთხვევაში, როცა გაფრთხილება, არ არის ეფექტური, ბუნებრივია შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იფიქრონ უფრო მეტი იურიდიული ძალის მქონე ზომის გამოყენებაზე“ – ამბობს სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ადვოკატირების საკითხებზე ხშირად მუშაობს.

კითხვაზე, რამდენად სამართლიანია, როცა კერძო და იურიდიული პირები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფისათვის ჯარიმდებიან, მაშინ როცა სასულიერო პირების დაჯარიმების შემთხვევები არ გვხვდება, სულხან სალაძე პასუხობს, რომ კანონმდებლობასთან მიმართებაში აბსოლუტურად ყველა თანასწორია და კანონი არ აკეთებს რაიმე განსაკუთრებულ დათქმას, საეკლესიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე იქნება დარღვევა სახეზე, თუ საერო მნიშვნელობის ძეგლზე:

„პასუხისმგებლობის მომენტი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დადგეს. რაც შეეხება გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხს, როდესაც შედის შეტყობინება დანაშაულის ნიშნების შესახებ, ეს უკვე არის საგამოძიებო ორგანოებისთვის გამოძიების დაწყების ვალდებულება და არა – უფლება, თუმცა, სამწუხაროდ, კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში ხელისუფლება არ არის თანმიმდევრული. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების ქმედება არ არის ეფექტური და დროული.“

საქართველოს შს სამინისტროს განმარტებით, ჯერ ისევ ძიების პროცესშია 5 მაისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში ეკლესიის ჩამონგრევის შესახებ საქმე, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ორიც დაშავდა. შს სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, გამოძიება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდება. ეკლესიის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით 5 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ხელვაჩაურის გამგეობის ინფორმაციით, ეკლესია უკანონოდ შენდებოდა. მშენებლობა შეთანხმებული არ ყოფილა არც საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ხუროთმოძღვრების ცენტრთან.

ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატის ავტომანქანის გაქურდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 15 ივნისს, ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე, ნუგზარ ჯინჭარაძის კუთვნილი ავტომანქანა „ფოლკსვაგენი“-ს ოთხივე საბურავი მოხსნეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ იური ხ-მ ნაქურდალი საბურავები იმავე მარკის საკუთარ ავტომანქანაზე დააყენა. სამართალდამცველებმა სამივე პირი ბათუმში, მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს. მოპარული საბურავები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით). 

დემოკრატიის ინსტიტუტი უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის გაუქმებას ითხოვს

 

გენო გელაძე, დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
გენო გელაძე, დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

დემოკრატიის ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს აჭარის უმაღლეს საბჭოში არსებული „ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის“  გაუქმების მოთხოვნით. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში 2013 წლის ივნისში ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია’’ შეიქმნა.

ადამიანის უფლებათა დაცვა ძირითადად სამ მიმართულებას მოიცავს: ა) საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება; ბ) კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა/კონტროლი; გ) ადამიანის უფლებების დაცვა პრაქტიკული თვალსაზრისით (სამართლებრივი დახმარება, ადვოკატირება). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ზემოთჩამოთვლილი მიმართულებებიდან არცერთ სფეროში არ გააჩნია უფლებამოსილება.

 

 

ადამიანის უფლებების დაცვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მით უფრო დეპუტატს, თუმცა, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა იქმნება, მას შესაბამისი უფლებამოსილება და ინსტრუმენტები სჭირდება, რაც ამ შემთხვევაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არ გააჩნია. 

 

’’აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის’’ მე-8 მუხლის შესაბამისად: ’’აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობას და ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს’’. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების (თავისი კომპეტენცია) ნუსხაში საერთოდ არ გვხვდება ადამიანის უფლებათა დაცვა, შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში თავისი კომპეტენციის ფარგლებს გარეთ ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის’’ არსებობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის’’ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია (კომისიის დებულების მე-5 მუხლი): ა) ადამიანის უფლებათა საკითხებზე საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და მის განხორციელებაზე მონიტორინგი; ბ) ადამიანის უფლებათა სფეროში პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; გ) ადამიანის უფლებათა საკითხებზე მიღებული საკანონმდებლო აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი.
’’აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად: ’’აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არა აქვს უფლება, ნორმატიული აქტით მოაწესრიგოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული საკითხები’’. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი, სწორედ ადამიანის უფლებებს ეხება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების მოწესრიგების, პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში რაიმე სახის ნორმატიული აქტის მიღების უფლება არ გააჩნია. შესაბამისად კომისიის ’’საქმიანობის ძირითადი მიმართულებების’’ აღსრულება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

 

როგორც ამავე კომისიის დებულებიდან ჩანს, კომისიის ფუნქცია მხოლოდ საკანონმდებლო კუთხით მუშაობაა, მაშინ როცა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში არსებობს სხვა მუდმივმოქმედი კომისიებიც, მათ შორის საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია, რომლებიც თავისი საქმიანობის მიმართულებების მიხედვით, თავისთავად მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის’’ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია.

 

თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის’’ არსებობა და ამ მიზნით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა რაიმე ლოგიკით გამართლებულია, ზუსტად იგივე არგუმენტით ამგვარი კომისია შეიძლება შეიქმნას აჭარის მთავრობაში, სამინისტროებში, საკრებულოში, გამგეობაში, დასუფთავების სამსახურში და ა.შ. საბიუჯეტო დაფინანსებით სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად უნდა იქმნებოდეს.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია’’ უნდა გაუქმდეს.“ – ნათქვამია განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიას დეპუტატი მედეა ვასაძე ხელმძღვანელობს, 2013 წელს მას მოქალაქე დოდო დიასამიძემ უჩივლა. იგი დეპუტატს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. პროკურატურა ამ საქმეს ჯერ ისევ იძიებს.

 

მედეა ვასაძეს ასევე უჩივლა მისმა ყოფილმა თანაშემწემ, სოფიო კობალაძემ.

 

ბოლო, გახმაურებული ინციდენტი კი ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს უკავშირდება. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი მედეა ვასაძე  ჯაბა ანანიძეს საგამოძიებო ფილმის – „უმაღლესი კომფორტით“, ეთერში გასვლის შემდეგ დაუკავშირდა  და უთხრა, რომ მას უახლოეს დღეებში პროკურატურა დაკითხავდა. მან ასევე ჟურნალისტს უთხრა, რომ ქალაქში ხმები დადიოდა მისი „ორიენტაციის შესახებ“.  

 

 აღნიშნულ შემთხვევას ჟურნალისტი აფასებს როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას და შანტაჟის მცდელობას. ჯაბა ანანიძემ ამ ფაქტზე პროკურატურას მიმართა. 

„რა დღეში ხარ, პოემას წერ?“ – ამბავი 30-ე უბნიდან

30-ე საარჩევნო უბანი

კომისიამ კენჭისყრით გამოვლენილი რეგისტრატორი ჩაანაცვლა, მიზეზად კი „თვალის ტკივილი“ დაასახელა. საქართველოს იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა (საია) დასვა კითხვა თუ რა ვადით განხორციელდა ჩანაცვლება? – „ მე რა ვიცი, ორ საათში მოურჩება ამ კაცს თვალი?“- კითხვას კითხვითვე უპასუხა კომისიის თავმჯდომარემ ინგა დიასამიძემ. რის შემდეგაც „საიას“ დამკვირვებელმა მაკა დოლიძემ ჯერ ჩანაწერთა წიგნში შეიტანა ცვლილება, შემდეგ კი საჩივარი დაწერა.

დამკვირვებელმა არასამთავრობო ორგანიზაციიდან – „მომავლის არჩევანი“, საარჩევნო უბნის ეზოში ქალბატონების მობილიზება გააპროტესტა. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „დაინახა ერთ-ერთი ქალბატონი სიებით“. ამ სიების მიხედვით, ის პერიოდულად სატელეფონო ზარებს ახორციელებდა. დამკვირვებელმა მიხეილ ფუტკარაძემ გამოთქვა ეჭვი, რომ ქალბატონები კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ და არა მხოლოდ ამომრჩევლის უბანზე მოსვლას უწევდნენ ორგანიზებას, არამედ ზეწოლას ახდენდნენ ამომრჩევლზე.

ეზოში მობილიზებულებს კომისიის თავმჯდომარე  გაესაუბრა. უბანზე დაბრუნების შემდეგ კი მან განმარტა, რომ „რაც ხდება ეზოში, მას არ ეხება.“

ეზოში მობილიზებული ქალბატონებიდან ერთ-ერთს, დალი ქემოკლიძეს ცეკოს მიერ აკრედიტებული ბიჯი აღმოაჩნდა. ის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრისდან“ იყო აკრედიტებული. კომისიის თავმჯომარემ მასზე თქვა, რომ „ეს ქალი მისი მეზობელია, მაგრამ მან არ იცის ვის ემსახურება ის“, პერიოდულად საარჩევნი უბანზე შესული დალი ქემოკლიძე თავმჯდომარესთან განცალკევებით საუბრობდა. მან „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა.

მოგვიანებით დამკვირვებელმა აღმოაჩინა ისიც, რომ დალი ქემოკლიძე, როგორც დამკვირვებელი ჩანაწერთა წიგნში არ დაუფიქსირებიათ. კომისიის მდივანმა მიზეზად „დამკვირვებელთა შორის ზეპირი შეთანხმება დაასახელა.“

დალი ქემოკლიძის თანხმლები ერთ-ერთი ქალბატონი ვიდეო და ფოტო კამერების დანახვისას ასე რეაგირებდა: „საღამომდე აქ ვიქნები, ლამაზი ვარ და მიღებენ“. ამ ქალბატონებთან პერიოდულად კონტაქტობდნენ საარჩევნო უბნის ეზოს ჭიშკართან მდგომი მამაკაცები, რომლებმაც ფოტოაპარატის დანახვა გააპროტესტეს: „გოგო შენ რას იღებ? ამომრჩეველია მოსული და ნუ იღებ გაიგეე?“. ეს მამაკაცები ეზოში მყოფ ქალებთან ერთად დღის ბოლომდე დარჩნენ.

 

საიას დამკვირვებელმა კიდევ ერთი საჩივარი დღის ბოლოს კენჭისყრით გამოვლენილი მთვლელის ჩანაცვლების გამო დაწერა. ქალბატონმა, რომელსაც კენჭისყრით მთვლელის ფუნქცია ერგო განაცხადა, რომ კარგად ვერ ხედავს. ამასთან, შეუძლოდ იყო და მთვლელის ფუნქციას საკუთარ თავზე ვერ აიღებდა.

საიას დაკვირვებელმა მაკა დოლიძემ კომისიის თავმჯდომარეს მიმართა, რომ „კენჭისყრით გამოვლენილი მთვლელის ჩანაცვლება დარღვევა იყო და ამის გამო საჩივარს დაწერდა.“ კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვეტილების შეთანხმება ოლქის თავმჯდომარესთან ტელეფონით სცადა, თუმცა უარი მიიღო.

უბანზე კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი ბიულეტენების დათვლის პროცედურა გახდა. კომისიამ გადაწყვიტა მაჟორიტარული, პროპორციული და მერების ბიულეტენები ცალ-ცალკე დაეხარისხებინა, ისე რომ გადაწყობისას კომისის წევრები არ აცხადებდნენ შემოხაზული ციფრის შესახებ ინფორმაციას.

საიას დამკვირვებელმა საჩივრის მომზადება დაიწყო, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარე დაუკავშირდა ბათუმის ოლქს და „საიას“ და „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ჩანაცვლება მოთხოვა.

ადგილზე ოლქის თავმჯდომარესთან, კახა ჯაიანთან ერთად დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მივიდნენ, რის შემდეგაც დათვლის პროცედურა გაგრძელდა ისე, როგორც ამას „საიას“ დამკვირვებელი ითხოვდა. კომისიის თავმჯდომარემ კი აღიარა, რომ კომისია არასწორი მეთოდით ითვლიდა.

კამათი ბათუმის #3 საარჩევნო უბანზე [ვიდეო]

 

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ითხოვდა, რამდენიმე ადამიანს ხმამაღლა გამოეცხადებინა მიღებული ხმები დათვლის პროცესში. თავმჯდომარემ დამკვირვებელს მისცა გაფრთხილება, რომ დაატოვებინებდნენ უბანს. კომისიის წევრი უბნიდან გაგდების მუქარით თხოვდა „ბათუმელების“ კორესპოდენტს წაეშალა გადაღებული ვიდეო, ის ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტს არ ჰქონდა გადაღების უფლება, თავმჯდომარეს ეთანხმებოდნენ საიასა და სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებიც, იურისტებთან განხორციელებული ზარის შემდეგ კორესპოდენტს მუშაობაში ხელს აღარ უშლიდნენ.  

 

კამათის ფონზე ხმის დათვლის პროცედურა მძიმედ მიმდინარეობდა, იყო პროცედურულ დარღვევებიც, რაზეც დამკვირვებლები არ რეაგირებდნენ.  

დამკვირვებელს საჩივრის დაწერა და ვიდეოგადაღება შეუზღუდეს [ვიდეო]

 

 

დამკვირვებელმა ვიდეოს გადაღებამდე რამდენჯერმე სცადა დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრის დაწერა, მაგრამ უბანზე არც ერთი საჩივარი არ გაატარეს რეგისტრაციაში. დამკვირვებლის მიმართ იყო სიტყვიერი მუქარაც ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ.

 

 საჩივარს, ხვალ, 17 ივნისს, ხულოს 84-ე ოლქში განიხილავენ. 

ბათუმის მერობის კანდიდატები არჩევნებს აფასებენ

 

 

ალექსანდრე თევზაძე (საარჩევნო ბლოკი არასაპარლამენტო ოპოზიცია):  არსებით პრობლემას ვერ გამოვყოფ, გარდა იმისა, რომ ხალხის აქტიურობა იყო ნაკლები. ამის მიზეზები, ალბათ, კომპლექსურად უნდა ვეძებოთ. დაბალი აქტივობის შედეგი შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობის“  მმართველობის ანარეკლიც და ბოლო ორი წლის განმავლობაში მოსახლეობის იმედგაცრუების შედეგი. ვფიქრობ, ამაზე სამუშაოა, სხვანაირად ჩვენ ვერ ჩამოვაყალიბებთ სახელმწიფოს. 

 

მურმან ბერიძე (ნინო ბურჯანაძეერთიანი ოპოზიცია): ყველაფერი რიგზეა, თუმცა იყო მოსახლეობის მოსყიდვის ფაქტები „ნაციონალებიდან“ და „ოცნებიდან“. ამომრჩევლის აქტივობაც იყო ძალიან დაბალი – 45 პროცენტი მოვიდა ამომრჩევლის, ეს ძალიან ცუდია. 

 

გიორგი დიასამიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა):  ჯერჯერობით პრობლემებზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ მადლობა მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომელიც მოვიდა არჩევნებზე და მხარი დაგვიჭირა. ასევე ვიტყვი, რომ სერიოზული დარღვევები მოხდა ბათუმში, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. აქტივობა ამომრჩევლის გადასაწყვეტია და ვფიქრობ ნაკლები იყო, თუმცა მიზეზები არ ვიცით, ვერ გეტყვით.

 

თეიმურაზ მიქელაძე (დავით თარხანმოურავისაქართველოს პატრიოტთა ალიანსი): მოგვიანებით დარეკეთ, ახლა არასწორი იქნება ჩემი მხრიდან შეფასებები.

 

დურმიშხან შაინიძე (საარჩევნო ბლოკი თვითმმართველობა ხალხს):  რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან იყო ხარვეზები, როგორც პროცესუალური, ასევე უბნებზე იყო აგიტაციის ფაქტები. ველოდებოდი უფრო მეტ ამომრჩეველს, რადგან პირდაპირი წესით მერის პირველი არჩევნები იყო. ველოდი უფრო მეტს თუნდაც იმ ადამიანებისგან, ვინც იმედგაცრუებულია წინა არჩევნებისგან, უნდა მოსულიყო და დაეფიქსირებინა პოზიცია, რადგან სახლში ჯდომით არაფერი არ იცვლება.

 

ჯუმბერ თავართქილაძე (ხალხის პარტია): მნიშვნელოვანი ხარვეზები არ ყოფილა, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ იყო ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები, მაგრამ ამას ვერ მოვსპობთ ჩვენ. კმაყოფილი არ ვარ ამომრჩევლის აქტიურობით. მიზეზი ერთია, ხელისუფლების უუნარობა, რომ დაპირებები არ შეასრულა.

 

 

დავით დიასამიძე (ირაკლი ღლონტირეფორმატორები): ბევრი პრობლემა დავინახე. არათანაბარი მდგომარეობაა საარჩევნო სუბიექტებისთვის შექმნილი. თუმცა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ დამანახვა თუ რა არის ადამიანი და ვინ უნდა იყოს ქალაქის თავკაცი. აქტივობის კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი ამომრჩეველი მოვიდა და გააკეთა არჩევანი და  მე ზოგიერთებივით ავტობუსით ხალხის ზიდვა არ დამჭირვებია და უფულოდ, მოსყიდვის გარეშე ჩავატარე ჩემი არჩევნები.

 

 

მერაბ ხიმშიაშვილი (ერთიანობის დარბაზი): მნიშვნელოვანი პრობლემა ის იყო, რომ ამომრჩევლის აქტიურობა ძალიან დაბალი იყო, მარტივი მიზეზის გამო – ხელისუფლებას ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია, რომ ამომრჩეველი ჩართულიყო საარჩევნო კამპანიაში, რაც მიმაჩნია, რომ  არასახელმწიფოებრივია, რადგან ლეგიტიმაცია უფრო მაღალი უნდა იყოს. ასევე გამოვყოფდი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ზეწოლებსა და იმ სპექტაკლებს, რომელიც ამ ქვეყანაში ტარდება ეგზიტპოლების სახით.

 

 

გოჩა გუგუნავა (სალომე ზურაბიშვილისაქართველოს გზა): აქტივობა დაბალი იყო. მიზეზი ის არის, რომ ამომრჩეველმა ნდობა დაკარგა და ეს იყო ამ არჩევნების შედეგი.

 

 

ნუგზარ ჩხაიძე (საქართველოს ლეიბორისტული პარტია): არჩევნების დღეს დიდი არაფერი დარღვევები არ ყოფილა, მაგრამ მანამდე არათანაბარი პირობები იყო შექმნილი. შედიოდნენ სახლებში „ოცნების“ აგიტატორები და ეკითხებოდნენ ვის აძლევ ხმას, რატომ აძლევ. ეს არის უკვე ამომრჩეველზე ზემოქმედება. ასევე, განცხადებები ღარიბაშვილის, რომ არ დავუშვებთ „ოცნების“ დამარცხებას, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, რადგან წინასწარ გამოაცხადეს, რომ ვიგებთ და დეპრესიაში ჩააგდეს ხალხი, რომ თუ მაინც ეს იგებს, რატომ მივიდე არჩევნებზეო და ბევრმა აარიდა თავი.

 

ეს იყო ეშმაკური ფანდი, დაიწყეს დიდი ხნით ადრე მაიმუნობა. არათანაბარი დრო იყო ეთერში ჩვენთვის დათმობილი. მარტო ერმაკოვი იყო ეთერში. ყველაზე მცირე დრო ჩვენ გვქონდა. სამკაციან მიტინგზე წავიდოდა, მიყვებოდა ტელევიზია, ესეც იყო ფარული რეკლამა.  

 

 

გიორგი ერმაკოვი  („ქართული ოცნება): ნორმალურად ჩატარდა არჩევნები, დემოკრატიულად, მნიშვნელოვან ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. მშვიდ ვითარებაში იყო ყველაფერი და პრობლემები არ დამინავს. ყველა პარტიის წარმომადგენლისა და კანდიდატებისთვის არჩევნებმა ჩაიარა თანასწორ გარემოში. აქტივობა იყო დაბალი, მაგრამ მაინც საკმარისი. პირველად ტარდებოდა ზაფხულში არჩევნები, კლიმატმაც არ შეგვიწყო ხელი, მაგრამ მშვიდ და კარგ გარემოში ჩაიარა არჩევნებმა.   

არჩევნები აჭარაში – არასამთავრობო სექტორის შეფასება

მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის კოორდინატორი ამბობს, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარაში მშვიდი სიტუაცია იყო: „აჭარაში არ დაფიქსირებულა არსებითი ხასიათის დარღვევები, ისეთი, რომელმაც შეიძლება საბოლოო შედეგზე გავლენა იქონიოს, თუმცა იყო ბევრი პროცედურული და ტექნიკური ხასიათის გადაცდომა, დარღვევა, რომელიც დაფიქსირდა საარჩევნო უბნის გახსნიდან დღის ათ საათამდე. ეს ეხებოდა, ვთქვათ, საკონტროლო ფურცლის არადროულად ჩაგდებას, იყო ფაქტი, როცა პირველ მოქალაქეს ისე მიაცემინეს ხმა, რომ არ იყო საკონტროლო ფურცელი ყუთში ჩაგდებული. იყო შემთხვევა, როცა ჩვენი დამკვირვებლები არ შეუშვეს უბნებზე, მაგრამ ჩავრთეთ საოლქო და აღმოიფხვრა ეს პრობლემა.

ძირითადი, რაც ყველაზე თვალშისაცემი იყო, ბათუმის რამდენიმე უბანზე შეინიშნებოდა „ოცნების“ აქტივისტების მობილიზება, იმისათვის, რომ აღერიცხათ რამდენი ადამიანი მივიდა არჩევნებზე. მე არ მინახავს, ისინი ეწეოდნენ  თუ არა პოლიტიკურ აგიტაციას, თუმცა ის, რომ უბანთან ახლოს იდგნენ, არ არის კანონდარღვევა. პრობლემა იყო ის, რომ ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ ახლად ჩამოყალიბებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფაქტობრივად, იყვნენ პოლიტიკური პარტიების სუბიექტები და მათი საქმე იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ აღერიცხათ უბანზე მისული ამომრჩეველი. ეს არის დამატებითი გზა პარტიებისთვის, ჰყავდეთ უფრო მეტი დამკვირვებელი უბანზე, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ჩვენგან განსხვავებით, აკვირდებოდნენ მხოლოდ ამომრჩეველთა რაოდენობას და მათი კვალიფიკაციაც არ იყო ისეთი, რაც მოეთხოვება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს.“

მადონა ბერიძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის აჭარა-გურია-ფოთის რეგიონალური კოორდინატორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარაში მათმა ორგანიზაციამ ძირითადად პროცედურული ხასიათის დარღვევები დააფიქსირა: „ბათუმის მასშტაბით ჩვენ ყველა უბანზე გვყავდა დამკვირვებელი, დაფიქსირდა ისეთი დარღვევები, როგორიც არის: გადასატანი ყუთის სია ამოვიდა ისე, რომ არც ერთ ამომრჩეველს ხელი არ ჰქონდა მოწერილი, ამომრჩეველს კი ხმა  ჰქონდა მიცემული; აგიტაციის ფაქტი დავაფიქსირეთ; ასევე მარკირების გარეშე ხმის მიცემის ფაქტი; ამომრჩეველს ხელი დახვდა სიაში მოწერილი; იყო შემთხვევა, როდესაც საარჩევნო სიაში არ იყო ამომრჩეველი; #21-ე უბანზე ჩვენს დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება; ჩვენმა ორგანიზაციამ ამ დრომდე ბათუმში დაწერა ცხრა საჩივარი და ჩვენ ვითხოვთ დისციპლინურ პასუხისმგებლობას. ასევე, ხაზს გავუსვამ იმას, რომ აქტიურად გამოიკვეთა ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის გაკეთებისა და საჩივრის დაწერის პრობლემა. რატომღაც ყველა საარჩევნო ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ეს დიდი პრობლემაა და ამ უფლებას უზღუდავენ დამკვირვებლებს.

ძირითადად პროცედურული ხასიათის დარღვევებია და ჩვენ ვითხოვთ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენებას იმ ადამიანების, ვის მიმართაც დაფიქსირდა შენიშვნები.“ მადონა ბერიძე ამბობს, რომ თითქმის იმავე ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

გია ქარცივაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საიას აჭარაში 70 საარჩევნო უბნის დამკვირვებელი ჰყავდა:  „ძირითადად იყო ტექნიკური ხასიათის დარღვევები, რაც იყო გამოწვეული საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების არაკომპეტენტურობით. გასულ არჩევნებს რომ შევადაროთ, ძირითადად იმავე ტიპის, ტექნიკური ხასიათის დარღვევებია. არსებითია ის, რომ მომავალი არჩევნებისთვის უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი“-  ამბობს გია ქარცივაძე.

ქართული ოცნების მაჟორიტარები ბათუმის საკრებულოში

 

ირაკლი ჭეიშვილი, თამაზ თურმანიძე, თენგიზ აფხაზავა და ნატალია ზოიძე. კოალიციიდან საკრებულოში შევლენ:  „რესპუბლიკელი“ ზაურ ახვლედიანი, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ – ნინო ბერაძე, კონსერვატიული პარტიიდან -დიმიტრი დარჩია.

 

რაც შეეხება მაჟორიტარებს, საკრებულოში „ოცნება“ ამ დროისთვის  ცხრა მანდატითაა წარმოდგენილი. მეათე  მანდატით თეიმურაზ ყურაშვილი უნდა შესულიყო, თუმცა ამ უბნის შედეგები საოლქო საარჩევნო კომისიამ გააბათილა და საბოლოო შედეგი მეორე ტურის შემდეგ იქნება ცნობილი.

 

„ოცნების“ მაჟორიტარები არიან:  ჯაბა ბერიძე, ლევან კინწურაშვილი, თეიმურაზ ორაგველიძე,  თეიმურაზ ბასილაძე,  ირაკლი ჩავლეიშვილი,  კობა ჩხეიძე,  ვაჟა რამიშვილი,  ლაშა სირაბიძე,  ირაკლი მიქელაძე. 

ვინ რამდენი მანდატით შედის ბათუმის საკრებულოში

 

 

ნინო ბურჯანაძე – გაერთიანებული ოპოზიცია ერთ მანდატს მიიღებს (4071 ხმა) და გიორგი ცინცქილაძე გახდება საკრებულოს წევრი (2459 ხმით),  სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზა“ ერთი მანდატით იქნება წარმოდგენილი (გია კაკაბაძე), „ერთიანობის დარბაზიც“ ერთ მანდატს მიიღებს. ერთიანობის დარბაზი რამაზ სურმანიძით იქნება წარმოდგენილი (2139 ხმა).  

 

ბათუმის საკრებულოში სულ 23 წევრია, აქედან ცხრა მაჟორიტარი „ოცნებიდან“ არის წარმოდგენილი.  „ოცნების“ კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატის თემურ ყურაშვილის მანდატის საკითხი, განმეორებითი ტურის ჩატარების შემდეგ გაირკვევა. ის  ბათუმის 103-ე უბანზე იყრიდა კენჭს, თუმცა უბნის შედეგები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  ბათილად გამოაცხადა. 

 

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

საჩივრები ბათუმის ოლქში

 

ოლქის იურისტის მალხაზ ბოლქვაძის ინფორმაციით „საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებსა და საარჩევნო მოხელეების დისციპლინარულ პასუხისმგებლობას ეხება“

ბათუმის ოლქი საჩივრებს ხვალ განიხილავს. 

103-ე საარჩევნო უბანი გაბათილდება

„სასწაული უნდა მოხდეს რომ ყურაშვილი ვერ გავიდეს, თუმცა, კენჭისყრა განმეორებით მაინც გაიმართება, რადგან უბნის შედეგები დროულად ვერ დაჯამდა. იყო ხელისშეშლა და ქაოსი“-აცხადებს მალხაზ ბოლქვაძე.

მისივე ინფორმაციით, ხვალ ბათუმის 103 საარჩევნო უბანი ბათილად გამოცხადდება.


მალხაზ ბოლქვაძე

თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ქედის მუნიციპალიტეტში

 

 

„მეორე ტური არ ჩატარდება“- აცხადებს საოლქოს თავმჯდომარე.

 

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს  როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ცხრა მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ორ მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ესენი არიან: სილოვან ბერიძე და გენადი არძენაძე. დანარჩენ ოლქებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ. 

 

პროპორციული სიის მონაცემები ჯერ-ჯერობით ოლქში არ არის: „აქ ალბათ სხვანაირი გადაანგარიშებაა საჭირო, ოცნება ლიდერობს, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ და შემდეგ ბურჯანაძის „გაერთიანმებული ოპოციზია“. ოქმები დასაზუსტებელია და შეჯამების შემდეგ, ერთ კვირასი გვექნება საზუსტებული მონაცემები. 

 

 

ქედა

ხულოში მეორე ტური „ქართულ ოცნებასა“ და პატრიოტთა ალიანსს შორის გაიმართება

 

ხულოს ოლქში „ქართული ოცნების“ 9 მაჟორიტარმა გაიმარჯვეს. „ნაციონალების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს ორ ოლქში – დაბა ხულოსა და ხიხაძირში; დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა ორ ოლქში – დეკანაშვილებსა და დიდაჭარაში; ვაშლოვანში გამარჯვება მოიპოვა ნინო ბურჯანაძის კანდიდატმა.

 

პროპორციული სიით „ქართულმა ოცნებამ“ 58%-ი მიიღო და 9 წევრს შეიყვანს საკრებულოში, ნაციონალურ მოძრაობას 3 მანდატი ექნება, 1 მანდატი – თარხან მოურავის პარტიას, 1 ან 2 წარმომადგენელი კი – ნინო ბურჯანაძეს.

 

ხულოს ოლქის თავმჯდომარის ინფორმაციით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 14 152 ამომრჩეველმა; ხულოში სულ 23 915 ამომრჩეველია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

ხელვაჩაურის # 83 საარჩევნო ოლქის შედეგები

 

50 პოცენტით ლიდერობს კოალიცია „ქართული ოცნება“,

 

18, 7 – ნაციონალური მოძრაობა.

 

15, 7 – ნინო ბურჯანაძის „ერთიანი ოპოზიცია“

 

4,7  –  დავით თარხანმოურავის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

 

სხვა პარტიებმა ბარიერი ვერ გადალახეს.

 

რაც შეეხება გამგებლობის კანდიდატს, ლიდერობს კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნადიმ ვარშანიძე.

ამ მონაცემების მიხედვით ხელვაჩაურში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე თურის ჩატარება საჭირო არ იქნება. 

ბათუმში მეორე ტური იქნება

 

მალხაზ ბოლქვაძე: „103 უბნიდან 102 დათვლილია. ამ ერთი უბნის მონაცემები სავარაუდოდ გაუქმდება. საბოლოო შედეგებით გიორგი ერმაკოვს („ქართული ოცნება“) 45,5 აქვს, გორგი დიასამიძეს – 17,5%.

 

ირაკლი ჩავლეიშვილის ინფორმაციით ბათუმში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატმა გაიმარჯვა. რაც შეეხება პოლიტიკურ სუბიექტებს საკრებულოში ექვსი პარტია შედის.

 

Exit mobile version