სიახლეები

დემოკრატიის ინსტიტუტი უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის გაუქმებას ითხოვს

17.06.2014 • 1456
დემოკრატიის ინსტიტუტი  უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის გაუქმებას ითხოვს

 

გენო გელაძე, დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
გენო გელაძე, დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

დემოკრატიის ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს აჭარის უმაღლეს საბჭოში არსებული „ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის“  გაუქმების მოთხოვნით. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში 2013 წლის ივნისში ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია’’ შეიქმნა.

ადამიანის უფლებათა დაცვა ძირითადად სამ მიმართულებას მოიცავს: ა) საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება; ბ) კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა/კონტროლი; გ) ადამიანის უფლებების დაცვა პრაქტიკული თვალსაზრისით (სამართლებრივი დახმარება, ადვოკატირება). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ზემოთჩამოთვლილი მიმართულებებიდან არცერთ სფეროში არ გააჩნია უფლებამოსილება.

 

 

ადამიანის უფლებების დაცვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მით უფრო დეპუტატს, თუმცა, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა იქმნება, მას შესაბამისი უფლებამოსილება და ინსტრუმენტები სჭირდება, რაც ამ შემთხვევაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არ გააჩნია. 

 

’’აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის’’ მე-8 მუხლის შესაბამისად: ’’აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობას და ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს’’. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების (თავისი კომპეტენცია) ნუსხაში საერთოდ არ გვხვდება ადამიანის უფლებათა დაცვა, შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში თავისი კომპეტენციის ფარგლებს გარეთ ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის’’ არსებობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის’’ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია (კომისიის დებულების მე-5 მუხლი): ა) ადამიანის უფლებათა საკითხებზე საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და მის განხორციელებაზე მონიტორინგი; ბ) ადამიანის უფლებათა სფეროში პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; გ) ადამიანის უფლებათა საკითხებზე მიღებული საკანონმდებლო აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი.
’’აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად: ’’აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არა აქვს უფლება, ნორმატიული აქტით მოაწესრიგოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული საკითხები’’. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი, სწორედ ადამიანის უფლებებს ეხება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების მოწესრიგების, პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში რაიმე სახის ნორმატიული აქტის მიღების უფლება არ გააჩნია. შესაბამისად კომისიის ’’საქმიანობის ძირითადი მიმართულებების’’ აღსრულება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

 

როგორც ამავე კომისიის დებულებიდან ჩანს, კომისიის ფუნქცია მხოლოდ საკანონმდებლო კუთხით მუშაობაა, მაშინ როცა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში არსებობს სხვა მუდმივმოქმედი კომისიებიც, მათ შორის საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია, რომლებიც თავისი საქმიანობის მიმართულებების მიხედვით, თავისთავად მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის’’ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია.

 

თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის’’ არსებობა და ამ მიზნით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა რაიმე ლოგიკით გამართლებულია, ზუსტად იგივე არგუმენტით ამგვარი კომისია შეიძლება შეიქმნას აჭარის მთავრობაში, სამინისტროებში, საკრებულოში, გამგეობაში, დასუფთავების სამსახურში და ა.შ. საბიუჯეტო დაფინანსებით სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად უნდა იქმნებოდეს.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში’’ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია’’ უნდა გაუქმდეს.“ – ნათქვამია განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიას დეპუტატი მედეა ვასაძე ხელმძღვანელობს, 2013 წელს მას მოქალაქე დოდო დიასამიძემ უჩივლა. იგი დეპუტატს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. პროკურატურა ამ საქმეს ჯერ ისევ იძიებს.

 

მედეა ვასაძეს ასევე უჩივლა მისმა ყოფილმა თანაშემწემ, სოფიო კობალაძემ.

 

ბოლო, გახმაურებული ინციდენტი კი ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს უკავშირდება. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი მედეა ვასაძე  ჯაბა ანანიძეს საგამოძიებო ფილმის – „უმაღლესი კომფორტით“, ეთერში გასვლის შემდეგ დაუკავშირდა  და უთხრა, რომ მას უახლოეს დღეებში პროკურატურა დაკითხავდა. მან ასევე ჟურნალისტს უთხრა, რომ ქალაქში ხმები დადიოდა მისი „ორიენტაციის შესახებ“.  

 

 აღნიშნულ შემთხვევას ჟურნალისტი აფასებს როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას და შანტაჟის მცდელობას. ჯაბა ანანიძემ ამ ფაქტზე პროკურატურას მიმართა. 

გადაბეჭდვის წესი