როგორ აფასებენ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს აჭარაში წლების მანძილზე აკვირდებიან? „ბათუმელებმა“ მათ არჩევნების შეფასება 15 ივნისს, ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ სთხოვა.
მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის კოორდინატორი ამბობს, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარაში მშვიდი სიტუაცია იყო: „აჭარაში არ დაფიქსირებულა არსებითი ხასიათის დარღვევები, ისეთი, რომელმაც შეიძლება საბოლოო შედეგზე გავლენა იქონიოს, თუმცა იყო ბევრი პროცედურული და ტექნიკური ხასიათის გადაცდომა, დარღვევა, რომელიც დაფიქსირდა საარჩევნო უბნის გახსნიდან დღის ათ საათამდე. ეს ეხებოდა, ვთქვათ, საკონტროლო ფურცლის არადროულად ჩაგდებას, იყო ფაქტი, როცა პირველ მოქალაქეს ისე მიაცემინეს ხმა, რომ არ იყო საკონტროლო ფურცელი ყუთში ჩაგდებული. იყო შემთხვევა, როცა ჩვენი დამკვირვებლები არ შეუშვეს უბნებზე, მაგრამ ჩავრთეთ საოლქო და აღმოიფხვრა ეს პრობლემა.
ძირითადი, რაც ყველაზე თვალშისაცემი იყო, ბათუმის რამდენიმე უბანზე შეინიშნებოდა „ოცნების“ აქტივისტების მობილიზება, იმისათვის, რომ აღერიცხათ რამდენი ადამიანი მივიდა არჩევნებზე. მე არ მინახავს, ისინი ეწეოდნენ თუ არა პოლიტიკურ აგიტაციას, თუმცა ის, რომ უბანთან ახლოს იდგნენ, არ არის კანონდარღვევა. პრობლემა იყო ის, რომ ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ ახლად ჩამოყალიბებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფაქტობრივად, იყვნენ პოლიტიკური პარტიების სუბიექტები და მათი საქმე იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ აღერიცხათ უბანზე მისული ამომრჩეველი. ეს არის დამატებითი გზა პარტიებისთვის, ჰყავდეთ უფრო მეტი დამკვირვებელი უბანზე, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ჩვენგან განსხვავებით, აკვირდებოდნენ მხოლოდ ამომრჩეველთა რაოდენობას და მათი კვალიფიკაციაც არ იყო ისეთი, რაც მოეთხოვება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს.“
მადონა ბერიძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის აჭარა-გურია-ფოთის რეგიონალური კოორდინატორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარაში მათმა ორგანიზაციამ ძირითადად პროცედურული ხასიათის დარღვევები დააფიქსირა: „ბათუმის მასშტაბით ჩვენ ყველა უბანზე გვყავდა დამკვირვებელი, დაფიქსირდა ისეთი დარღვევები, როგორიც არის: გადასატანი ყუთის სია ამოვიდა ისე, რომ არც ერთ ამომრჩეველს ხელი არ ჰქონდა მოწერილი, ამომრჩეველს კი ხმა ჰქონდა მიცემული; აგიტაციის ფაქტი დავაფიქსირეთ; ასევე მარკირების გარეშე ხმის მიცემის ფაქტი; ამომრჩეველს ხელი დახვდა სიაში მოწერილი; იყო შემთხვევა, როდესაც საარჩევნო სიაში არ იყო ამომრჩეველი; #21-ე უბანზე ჩვენს დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება; ჩვენმა ორგანიზაციამ ამ დრომდე ბათუმში დაწერა ცხრა საჩივარი და ჩვენ ვითხოვთ დისციპლინურ პასუხისმგებლობას. ასევე, ხაზს გავუსვამ იმას, რომ აქტიურად გამოიკვეთა ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის გაკეთებისა და საჩივრის დაწერის პრობლემა. რატომღაც ყველა საარჩევნო ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ეს დიდი პრობლემაა და ამ უფლებას უზღუდავენ დამკვირვებლებს.
ძირითადად პროცედურული ხასიათის დარღვევებია და ჩვენ ვითხოვთ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენებას იმ ადამიანების, ვის მიმართაც დაფიქსირდა შენიშვნები.“ მადონა ბერიძე ამბობს, რომ თითქმის იმავე ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც.
გია ქარცივაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საიას აჭარაში 70 საარჩევნო უბნის დამკვირვებელი ჰყავდა: „ძირითადად იყო ტექნიკური ხასიათის დარღვევები, რაც იყო გამოწვეული საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრების არაკომპეტენტურობით. გასულ არჩევნებს რომ შევადაროთ, ძირითადად იმავე ტიპის, ტექნიკური ხასიათის დარღვევებია. არსებითია ის, რომ მომავალი არჩევნებისთვის უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი“- ამბობს გია ქარცივაძე.